ჩვენ კეთილ ცნობას ვქადაგებთ
1 რა შესანიშნავი პატივი გვხვდა წილად — ვიყოთ ‘სიკეთის მახარებლები’! (რომ. 10:15). ჩვენ გამომაცოცხლებელი ცნობა უნდა გავუზიაროთ აფორიაქებულ და სასოწარკვეთილებაში მყოფ ხალხს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ იმის დანახვაში, რომ ‘სიკეთეს ვახარებთ’ (ეს. 52:7).
2 მოამზადე დადებითი ცნობა. მსახურებისას ჩვენი საუბარი ჯანსაღ ზეგავლენას იქონიებს, თუ ყურადღებას გავამახვილებთ რაიმე კარგზე. ამიტომ შესავლის მომზადებისა და გასავრცელებელი ლიტერატურის გადახედვისას ჩვენი ცნობის დადებითი მხარეები უნდა გამოვყოთ. თუ ბიბლიაზე დაფუძნებულ იმედს სრული დარწმუნებულობითა და ენთუზიაზმით ვუზიარებთ სხვებს, შეგვიძლია გამამხნევებელი შედეგების მოლოდინი გვქონდეს (იგავ. 25:11).
3 თუმცა ჩვენ თანავუგრძნობთ ხალხს, როდესაც გვიზიარებენ, თუ როგორ მოქმედებს მათზე მსოფლიო პირობები, რომლებიც სულ უფრო უარესდება, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანთა პრობლემების გადაჭრის რეალურ საშუალებაზე — ღვთის სამეფოზე. იეჰოვას მომავალი „შურისგების დღის“ შესახებ საუბრის დროსაც კი საჭიროა დავანახვოთ მოსაუბრეს, რომ ეს ცნობა, სინამდვილეში, „გლახაკთათვის სახარებლად“ არის (ეს. 61:1, 2). შეგვიძლია დავამშვიდოთ მსმენელები, რომ ყოველივე, რასაც იეჰოვა აკეთებს, საბოლოოდ უდიდეს ბედნიერებასა და საუკეთესო შედეგს მოიტანს.
4 ნამდვილი სიხარულით გადაეცი ჭეშმარიტება. როცა ხალხი ჩვენი სახის გამომეტყველებაში სიხარულს ხედავს, ხმის ტონში კი — დარწმუნებულობას, უფრო მეტად გვისმენენ. თუ ოპტიმიზმს ვირეკლავთ, მსმენელები შენიშნავენ, რომ ‘იმედში ვხარობთ’ (რომ. 12:12). ამგვარად, ისინი შეიძლება უფრო გამოეხმაურონ კეთილ ცნობას. რასაკვირველია, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ ყოველთვის დადებითი, სიხარულის გამომხატველი განწყობილება გამოვავლინოთ ჩვენი მსახურების ნებისმიერ სფეროში.
5 როგორც კეთილი ცნობის მსახურები, ჩვენ ცნობის უწყებაზე ბევრად მეტს ვაკეთებთ. ქადაგებით ნამდვილ იმედს ვუზიარებთ სხვებს უკეთესი ცხოვრების შესახებ აწმყოშიც და მომავალშიც (1 ტიმ. 4:8). ვინმესთან საუბრისას ჩვენს დადებით განწყობილებას ჩვენი ნათქვამი აირეკლავს, ეს კი ხალხს კეთილი ცნობის მიღებაში დაეხმარება. მოდი ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, და გულწრფელი ადამიანები წავახალისოთ, ჩაეჭიდონ აღმაფრთოვანებელ კეთილ ცნობას, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ!