საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
    • იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!

      „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38).

      1. რა გვეხმარება ღვთის ნების შესრულების შეუპოვრად გაგრძელებაში?

      როდესაც იეჰოვას მსახურად ჩვენი მონათვლის დღეს ვიხსენებთ — მნიშვნელობა არა აქვს, ეს იყო მხოლოდ რამდენიმე თუ მრავალი წლის წინათ — შესაძლოა, ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ეს მოვლენა გუშინ მოხდა. იეჰოვას განდიდებამ, მისადმი მიძღვნის შემდეგ, უმთავრესი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მოვივაჭრეთ ჟამი, რათა ადამიანებს დავხმარებოდით და გვეუწყებინა სამეფოს შესახებ ცნობა, რომელსაც ისინი შეიძლება დადებითად გამოხმაურებოდნენ და, ამგვარად, იეჰოვასთვის სიხარულით მსახურება ჩვენი ცხოვრების უმთავრეს და განუყოფელ ნაწილად იქცა (ეფესელთა 5:15, 16). დღესაც, როდესაც დაკავებული ვართ და ‘ვუხვობთ უფლის საქმეში’, ვატყობთ, რომ დრო სწრაფად გადის (1 კორინთელთა 15:58). თუმცა სირთულეებს ვაწყდებით, სიხარული, რომელიც იეჰოვას ნების შესრულებას მოაქვს, მსახურების შეუპოვრად გაგრძელებისკენ აღგვძრავს (ნეემია 8:10).

      2. რა გვმატებს სიხარულს მკის ფიგურალურ საქმიანობაში მონაწილეობისას?

      2 ჩვენ, როგორც ქრისტიანები, მკის ფიგურალური საქმიანობით ვართ დაკავებული. იესო ქრისტემ მარადიული სიცოცხლისთვის ადამიანთა შეგროვება მკას შეადარა (იოანე 4:35—38). ვინაიდან მკის ამ საქმიანობაში ვმონაწილეობთ, გაგვამხნევებს იმ სიხარულზე დაფიქრება, რომელსაც ადრინდელი ქრისტიანი მომკელები ავლენდნენ. განვიხილავთ სამ ფაქტორს, რომლებიც მკის დღევანდელ საქმიანობაში მონაწილეობისას სიხარულს გვმატებს. ესენია: 1) იმედის ცნობა, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ; 2) ჩვენ მიერ ადამიანთა ნაყოფიერი ძებნა და 3) ჩვენი, როგორც მომკელების, მშვიდობიანი განწყობა.

      მომკელებად წარგზავნილები

      3. რა ანიჭებდა სიხარულს იესოს ადრინდელ მიმდევრებს?

      3 ახ. წ. 33 წელს ადრინდელი მომკელების, განსაკუთრებით კი იესოს 11 ერთგული მოციქულის, ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს დიდი ცვლილება მოხდა, როდესაც ისინი მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან შესახვედრად გალილეაში მდებარე ერთ-ერთ მთაზე ავიდნენ (მათე 28:16). ამ მოვლენას, შესაძლოა, ‘ხუთასზე მეტი ძმა’ ესწრებოდა (1 კორინთელთა 15:6). მათ განუწყვეტლივ ჩაესმოდათ იესოს დანაბარები — დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). სასტიკი დევნის მიუხედავად, მკის საქმიანობაში მონაწილეობას მათთვის დიდი სიხარული მოჰქონდა, ვინაიდან ხედავდნენ, როგორ ყალიბდებოდა ქრისტეს მიმდევართა კრებები სხვადასხვა ადგილას. დროთა განმავლობაში ‘სახარება ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში’ (კოლასელთა 1:23; საქმეები 1:8; 16:5).

      4. რა მდგომარეობა იყო, როდესაც ქრისტემ თავისი მოწაფეები წარგზავნა?

      4 გალილეაში მსახურების პირველ დღეებში იესომ თავისი 12 მოციქული მოიხმო და, უმთავრესად, იმ მიზნით წარგზავნა, რომ ‘ცათა სასუფევლის მოახლოება’ ეუწყებინათ (მათე 10:1—7). იესო თავადაც დადიოდა „[გალილეის] ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას“. იესოს ებრალებოდა ხალხის ბრბო, „ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:35, 36). შემდეგ, შინაგანად შეძრულმა იესომ, თავის მოწაფეებს მიმართა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს [იეჰოვა ღმერთს], რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38). მკაში მონაწილე მომკელებზე მოთხოვნილება იესომ ამნაირადვე შეაფასა იუდეაშიც; ამ დროს მას დედამიწაზე მსახურების ექვსი თვეღა დარჩენოდა (ლუკა 10:2). ორივე შემთხვევაში, მან მომკელებად წარგზავნა თავისი მიმდევრები (მათე 10:5; ლუკა 10:3).

      იმედის ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ

      5. რა ცნობას ვაუწყებთ?

      5 როგორც იეჰოვას თანამედროვე მსახურები, ჩვენ სიხარულით ვეხმაურებით მოწვევას მკაში მონაწილეობის მისაღებად. დიდი სიხარულის მომნიჭებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ იმედის ცნობა მიგვაქვს სასოწარკვეთილ და გულდამძიმებულ ადამიანებთან. ისე როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოწაფეებს, რაოდენ სასიამოვნოა, რომ ჩვენც გვაქვს უპირატესობა, ვაუწყოთ კეთილი ცნობა — იმედის ნამდვილი ცნობა — ‘დაუძლურებულთ და უმწყემსო ცხვარივით დაფანტულთ’!

      6. რა საქმიანობაში იყვნენ ჩაბმული მოციქულები პირველ საუკუნეში?

      6 პირველი საუკუნის შუა ხანებისთვის მოციქული პავლე კეთილი ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული და მკის საქმიანობაში მისი მოღვაწეობა უთუოდ ნაყოფიერი იყო; ამის დასტურად დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილი მისივე სიტყვები შეგვიძლია მოვიყვანოთ: «გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას [„კეთილ ცნობას“, აქ], რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ» (1 კორინთელთა 15:1). მოციქულები და სხვა ადრინდელი ქრისტიანები მუხლჩაუხრელად მკიდნენ. თუმცა ბიბლია არ გვატყობინებს, რამდენი მოციქული დარჩა ცოცხალი იმ ღირსშესანიშნავი მოვლენების შემდეგ, რომელთა კულმინაციური წერტილი ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურება იყო, ჩვენ ვიცით, რომ ამ ამბებიდან 25 წლის შემდეგ მოციქული იოანე ჯერ კიდევ ქადაგებდა (გამოცხადება 1:9).

      7, 8. იმედის რა ცნობას აუწყებენ იეჰოვას მოწმეები დღეს, ვიდრე ოდესმე უწინ, გადაუდებლობის უფრო მეტი გრძნობით?

      7 ამ მოვლენებს მოჰყვა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების, განდგომილი „ურჯულოების კაცის“, ბატონობის პერიოდი, რომელმაც საუკუნეები გასტანა (2 თესალონიკელთა 2:3). მაგრამ XIX საუკუნის მიწურულს, მათ, ვინც თავდაპირველი ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, იმედის ცნობის ქადაგება დაიწყეს; ეს იმედის ცნობა სამეფოს შესახებ იუწყებოდა. პირველი გამოცემიდან (1879 წლის ივლისი) მოყოლებული, ამ ჟურნალის სათაური თავდაპირველად შეიცავდა სიტყვებს: „იესოს თანდასწრების მაცნე“, შემდეგ „ქრისტეს სამეფოს მაცნე“ და ბოლოს „იუწყება იეჰოვას სამეფოს“.

      8 ღვთის ზეციერი სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს, 1914 წელს დამყარდა. ჩვენ დღეს უფრო მეტი გადაუდებლობის გრძნობით ვაუწყებთ იმედის ცნობას, ვიდრე ოდესმე უწინ. რატომ? იმიტომ რომ იმ კურთხევებში, რომელთაც ღვთის სამეფო მოიტანს, თანამედროვე ბოროტი სისტემის მოახლოებული განადგურებაც შედის (დანიელი 2:44). განა შეიძლება ამაზე უკეთესი ცნობა არსებობდეს? და განა შეუძლია რამეს, იმაზე დიდი სიხარული მოგვგვაროს, რასაც „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე სამეფოს შესახებ უწყებაში მონაწილეობა გვანიჭებს? (მათე 24:21; მარკოზი 13:10).

      ძებნა, რომელსაც ნაყოფი მოაქვს

      9. რა მითითება მისცა იესომ თავის მოწაფეებს და როგორ რეაგირებდა ხალხი სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენისას?

      9 ჩვენთვის, მომკელებისთვის, სიხარულის მომტანი სხვა ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ მიერ იმ ადამიანთა ძებნას, რომლებიც მოწაფეები ხდებიან და მკის საქმიანობაში გვიერთდებიან, ნაყოფი მოაქვს. ახ. წ. 31, 32 წლებში იესომ მითითება მისცა თავის მოწაფეებს: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული“ (მათე 10:11). ყველა ადამიანი როდი იყო ღირსეული, როგორც ეს სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენისას მათი რეაგირებიდან ჩანდა. მიუხედავად ამისა, იესოს მოწაფეები დაუცხრომლად ქადაგებდნენ კეთილ ცნობას ყველგან, სადაც კი ხალხი იყო.

      10. როგორ ეძებდა პავლე ღირსეულებს?

      10 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღირსეულთა ძებნა ახალი ძალებით განახლდა. პავლე ელაპარაკებოდა იუდეველებს თავიანთ სინაგოგებში და მათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა ათენის მოედანზე. როდესაც მან ამ ბერძნული ქალაქის არეოპაგში იქადაგა, „ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს — მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად“. სადაც უნდა წასულიყო, პავლე სამაგალითო იყო „საჯაროდ თუ კარდაკარ“ (აქ) ქადაგებაში (საქმეები 17:17, 34; 20:20).

      11. რა მეთოდებს იყენებდნენ წლების წინათ სამქადაგებლო მსახურებაში?

      11 XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ცხებულმა ქრისტიანებმა გაბედულად დაიწყეს ღირსეულთა ძებნა. სტატიაში „საქადაგებლად ცხებულები“, რომელიც ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკის“ 1881 წლის ივლის-აგვისტოს გამოცემაში დაიბეჭდა, ნათქვამი იყო: „მიმდინარეობს ქადაგება ‘თვინიერთათვის’ — მათთვის, ვინც მზად არის და ძალუძს კიდეც მოსმენა — ქრისტეს თანამემკვიდრეთათვის, რათა აღაშენონ ქრისტეს სხეული“. ღვთის სამკალში მომუშავენი ხშირად ხვდებოდნენ წირვიდან მომავალ ადამიანებს და სთავაზობდნენ ბიბლიური ცნობების შემცველ ტრაქტატებს, რომლებიც ღირსეულთა გულების აღსაძრავად იყო განკუთვნილი. ქადაგების ამ მეთოდის ეფექტურობის გულმოდგინე გადასინჯვის შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ 1903 წლის 15 მაისის გამოშვება მკაში მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ ტრაქტატები გაევრცელებინათ „კარდაკარ, კვირა დღეს, დილაობით“.

      12. როგორ გავხადეთ უფრო ეფექტური ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა? მოიყვანეთ მაგალითი.

      12 უკანასკნელ წლებში ჩვენ გავაფართოეთ მსახურება და ახლა ადამიანებს სახლგარეთაც ვაკითხავთ. ამას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო და გართობა-დასვენების მიზნით ხალხი, ჩვეულებრივ, იმ დროს არ არის სახლში, როდესაც ჩვენ მივაკითხავთ. ინგლისში, როდესაც ერთმა მოწმემ და მისმა პარტნიორმა შენიშნეს, რომ ზღვის სანაპიროზე დღის გატარების შემდეგ ავტობუსით რეგულარულად მიემგზავრებოდა ხალხი, გამბედაობა მოიკრიბეს და ავტობუსებში ასვლა და მგზავრებისთვის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზება დაიწყეს. ერთ თვეში მათ 229 ჟურნალი გაავრცელეს. ისინი ამბობენ: „ჩვენ არ გვაშინებს ქადაგება ზღვის სანაპიროზე ან საქმიან ტერიტორიაზე, ანდა სხვა რაიმე სირთულე, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ, იმიტომ რომ ვიცით, იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან არის“. მათ იპოვეს ადამიანი, ვისაც რეგულარულად აწვდიან ჟურნალებს, დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და ორივე დამხმარე პიონერად მსახურობს.

      13. ზოგან რა ცვლილების მოხდენაა საჭირო ჩვენს მსახურებაში?

      13 დღეს, როდესაც ღირსეულთა ძებნა გრძელდება, ზოგან შეიძლება საჭირო იყოს ჩვენი მსახურების გულდასმით გადასინჯვა. თუმცა ბევრი მოწმე კარდაკარ, ჩვეულებისამებრ, კვირა დილით ქადაგებდა, ისინი მიხვდნენ, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე მობინადრეთათვის დილაადრიანად მიკითხება ნაკლებად შედეგიანია, ვინაიდან მათ შეიძლება ეძინოთ. ბევრმა მოწმემ შეცვალა თავისი განრიგი და ახლა უფრო მოგვიანებით, შესაძლოა, ქრისტიანული შეხვედრების შემდეგ, მიდის ღირსეულთა მოსაძებნად. ასეთი ძებნა მართლაც რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გასულ წელს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 2,3 პროცენტით გაიზარდა. ეს პატივს მიაგებს სამკლის უფალს და სიხარულით გვივსებს გულებს.

      შეინარჩუნეთ მშვიდობა მკაში მონაწილეობისას

      14. როგორ დამოკიდებულებას ვავლენთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას, და რატომ?

      14 ჩვენი სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ის მშვიდობიანი განწყობაა, რომელსაც მკაში მონაწილეობისას ვავლენთ. „სახლში შესვლისას, — თქვა იესომ, — მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას“ (მათე 10:12, 13). ებრაული მისალმება და მისი შესატყვისი ბიბლიურ ბერძნულში, ორივე ასეთ აზრს გადმოსცემს: „ხელი მოგემართოთ“. ასეთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენც, როდესაც კეთილი ცნობის ქადაგებისას ხალხს მივმართავთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან სამეფოს შესახებ ცნობას. და, თუ მართლაც ასე მოხდება და ისინი მოინანიებენ ცოდვებს, მიატოვებენ ცხოვრების უწინდელ გზას და შეასრულებენ ღვთის ნებას, მათ ღმერთთან შერიგების შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ღმერთთან მშვიდობის აღდგენა კი მარადიული სიცოცხლისკენ ხსნის გზას (იოანე 17:3; საქმეები 3:19; 13:38, 48; 2 კორინთელთა 5:18—20).

      15. როგორ შევძლებთ მშვიდობიანი განწყობის შენარჩუნებას, როდესაც სამქადაგებლო მსახურებისას არაკეთილსასურველად გვეხმაურებიან?

      15 როგორ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, როდესაც უარყოფითად გვეხმაურებიან? იესომ თქვა: „თუ [სახლი] არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (მათე 10:13). 70 მოწაფის გაგზავნის შესახებ ლუკას მონათხრობში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (ლუკა 10:6). როდესაც ხალხს კეთილ ცნობას ვუზიარებთ, ამის გაკეთება თავაზიანად და მშვიდობიანად გვმართებს. თუ მობინადრე გულგრილობას ავლენს, გვსაყვედურობს ან უხეშად მოგვმართავს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მშვიდობიანი ცნობა ‘ჩვენვე გვიბრუნდება’; და მათი მხრიდან ვერანაირი ასეთი საქციელი ვერ წაგვართმევს სიხარულს — იეჰოვას სულიწმიდის ნაყოფს (გალატელთა 5:22, 23).

      მომკელთა მიერ დასახული შესანიშნავი მიზანი

      16, 17. ა) რა არის ჩვენი მიზანი განმეორებითი მონახულებებისას? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ბიბლიურ კითხვებზე პასუხის მიღება სურს?

      16 ჩვენ, როგორც მომკელებს, უსაზღვროდ გვიხარია, რომ მარადიული სიცოცხლისთვის ადამიანთა შეგროვებაში ვიღებთ მონაწილეობას. და განუზომელია ჩვენი სიხარული, როდესაც ადამიანი, რომელსაც ვუქადაგეთ, დადებითად გვეხმაურება, უფრო მეტის გაგება სურს და, ამგვარად, „მშვიდობის ძე“ ხდება! შესაძლოა, მას უამრავ კითხვაზე სურს ბიბლიიდან პასუხების მიღება და ვატყობთ, რომ ერთ მონახულებაზე ყველა მათგანზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებთ. ვინაიდან პირველი მონახულების გაჭიანურება, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი, რის გაკეთება შეგვიძლია? ჯერ კიდევ დაახლოებით 60 წლის წინათ მოწმეებს გარკვეული მიზნის დასახვას ურჩევდნენ; შეგვიძლია ჩვენც დავისახოთ ასეთი მიზანი.

      17 „იეჰოვას ყველა მოწმე უნდა იყოს მზად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად“, — ნათქვამი იყო 1937—1941 წლებში დაბეჭდილ სახელმძღვანელო ბროშურათა სერიის, „სწავლების ნიმუში“, მესამე გამოცემაში. შემდეგ გრძელდებოდა: „[სამეფოს] ყველა მაუწყებელი გულმოდგინედ უნდა ცდილობდეს იმ სათნო ადამიანებისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევას, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობით ინტერესდებიან. საჭიროა მათი განმეორებით მონახულება, მათ სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა. . . და შემდეგ შესწავლის დაწყება. . . რაც შეიძლება მალე, რამდენადაც ეს თქვენი მხრიდან იქნება შესაძლებელი“. დიახ, ჩვენი მიზანი განმეორებითი მონახულებებისას ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყება და მისი რეგულარულად ჩატარებააa. დაინტერესებული ადამიანისადმი მეგობრული დამოკიდებულება და მათდამი სიყვარული კარგად მომზადებისკენ და წარმატებული შესწავლის ჩატარებისკენ აღგვძრავს.

      18. როგორ შეგვიძლია იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში დავეხმაროთ ახლებს?

      18 წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნებისა“ და ისეთი ბროშურების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? “, ბიბლიის ეფექტური საშინაო შესწავლების ჩატარება შეგვიძლია და, ამგვარად, ახლად დაინტერესებულებს მოწაფეებად გახდომაში დავეხმარებით. როდესაც ვცდილობთ, დიდებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს, მივბაძოთ, მოსალოდნელია, რომ ბიბლიის შემსწავლელებიც ისწავლიან და მოგვბაძავენ მშვიდ საქციელსა და სიხარულში, გულწრფელობასა და იეჰოვას პრინციპებისა და ხელმძღვანელობისადმი ჩვენს პატივისცემაში. როდესაც ახლად დაინტერესებულებს ვეხმარებით და პასუხს ვცემთ მათ შეკითხვებს, მოდი ყველანაირად შევეცადოთ ისიც ვასწავლოთ, თუ თავად როგორ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც მათ მიმართავს შეკითხვებით (2 ტიმოთე 2:1, 2; 1 პეტრე 2:21). ჩვენ, ფიგურალურ მკაში მონაწილე მომკელებს, ნამდვილად გვაქვს სიხარულის საფუძველი, ვინაიდან გასულ სამსახურებრივ წელს, საშუალოდ, ბიბლიის 4 766 631 საშინაო შესწავლა ტარდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო უშუალოდ იმ მომკელთა შორის ყოფნაა, რომლებიც ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ.

      სიხარულით განაგრძეთ მკაში მონაწილეობა

      19. დედამიწაზე იესოს მსახურებისას და ამ დროიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ რატომ ჰქონდათ მომკელებს სიხარულის საფუძვლიანი მიზეზები?

      19 დედამიწაზე იესოს მსახურებისას და ამ დროიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მომკელებს სიხარულის, მართლაც რომ, საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. იმ დროს კეთილ ცნობას ბევრი გამოეხმაურა დადებითად. განსაკუთრებით დიდი სიხარული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სუფევდა; ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 3 000-მდე ადამიანმა ყურად იღო პეტრეს შეგონება, მიიღო იეჰოვას სულიწმიდა და ღვთის ერს, სულიერ ისრაელს შეუერთდა. მართლაც, მათი რიცხვი და, ამასთან ერთად, სიხარულიც განუწყვეტლივ მატულობდა, რადგან „უფალი მათ დღითიდღე სძენდა დახსნილთ“ (საქმეები 2:37—41, 46, 47; გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9).

      20. რა გვანიჭებს დღეს უსაზღვრო სიხარულს მკაში მონაწილეობისას?

      20 იმ დროს სრულდებოდა ესაიას წინასწარმეტყველება: „შენ [იეჰოვა] გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას“ (ესაია 9:2). თუმცა ვხედავთ, რომ ამ ‘გამრავლებული ხალხის’ ანუ ცხებულთა შეკრება, ფაქტობრივად, დასრულდა, უსაზღვრო სიხარულს გვანიჭებს სხვა მომკელთა რიცხვის ყოველწლიური ზრდის ხილვა (ფსალმუნი 4:8; ზაქარია 8:23; იოანე 10:16).

      21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 ჩვენ, უდავოდ, საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ სიხარულით განვაგრძოთ მკაში მონაწილეობა. იმედის ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, ღირსეულ ადამიანთა ძებნა და ჩვენი მშვიდობიანი განწყობა — ყველა ეს ფაქტორი სიხარულს გვანიჭებს, როგორც მომკელებს. მაგრამ სხვა მრავალ ადამიანს ეს ყველაფერი ჩვენდამი მტრულად განაწყობს. მოციქული იოანე სწორედ ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ის დაპატიმრებული იყო კუნძულ პატმოსზე „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ (გამოცხადება 1:9). მაშ, როგორ შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება, როდესაც გვდევნიან ან წინააღმდეგობას ვაწყდებით? რა დაგვეხმარება იმ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებასთან გამკლავებაში, რომელსაც ქადაგებისას მრავალი ადამიანი ავლენს ჩვენდამი? შევეცდებით, მომდევნო სტატიაში საღვთო წერილის საფუძველზე გავცეთ პასუხი ამ შეკითხვებს.

      [სქოლიოები]

      a თავდაპირველად შესწავლები ტარდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფებს შეეძლოთ თავმოყრა. მაგრამ მალე შესწავლების ჩატარება ცალკეულ ადამიანებთან და ოჯახებთანაც დაიწყეს (იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვ. 574 [ინგლ.]; გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ).

  • შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა!
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
    • შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა!

      „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“ (ფსალმუნი 125:5).

      1. რატომ უნდა ‘ვევედროთ სამკლის უფალს’ დღეს, რომ „წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“?

      გალილეაში მესამე სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა“ (მათე 9:37). იგივე მდგომარეობა იყო იუდეაშიც (ლუკა 10:2). რადგან ეს ყველაფერი დაახლოებით 2000 წლის წინათ ხდებოდა, გვებადება კითხვა: დღეს რა სიტუაციაა ამ მხრივ? გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას 6 000 000-ზე მეტი მოწმე შეუპოვრად განაგრძობდა მკის ფიგურალურ საქმიანობაში მონაწილეობას მსოფლიოს ექვს მილიარდ ადამიანს შორის, რომელთაგან მრავალნი „დაუძლურებულნი და დაფანტულნი“ არიან, როგორც „უმწყემსო ცხვარი“. ამიტომ, იესოს მოწოდება — „ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ — დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინათ (მათე 9:36, 38).

      2. რით ვიქცევთ ხალხის ყურადღებას?

      2 იეჰოვა ღმერთს, სამკლის უფალს, უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩვენი თხოვნა უფრო მეტი მუშაკის წარმოგზავნის შესახებ. და რაოდენ დიდ სიხარულს გვანიჭებს მონაწილეობა მკის ამ საქმიანობაში, რომელსაც ღმერთი ხელმძღვანელობს! თუმცა სხვადასხვა ერთან შედარებით ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში ჩვენი ენთუზიაზმი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გვაქცევს. მრავალ ქვეყანაში ხშირად მოგვიხსენიებს მასმედია. თუ რომელიმე სატელევიზიო წარმოდგენაში კარზე ზარს რეკავენ, შესაძლოა ასეთი სიტყვები მოისმინოთ: იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ. დიახ, ჩვენი, როგორც ფიგურალურ მკაში მონაწილე მუშაკების, ქრისტიანული მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი XXI საუკუნეში.

      3. ა) საიდან ვიცით, რომ პირველ საუკუნეში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობამ ყურადღება მიიქცია? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ ჩვენს მსახურებაში?

      3 ქვეყნიერებას არც პირველ საუკუნეში დარჩენია შეუმჩნეველი სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა, და კეთილი ცნობის მაუწყებლებს დევნიდა. ეს კარგად იცოდა პავლე მოციქულმა და ამიტომ დაწერა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან [მოციქულები] სანახაობად გავხდით წუთისოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვის“ (1 კორინთელთა 4:9). მსგავსად ამისა, დევნის მიუხედავად, ჩვენი, როგორც სამეფოს მაუწყებლების, შეუპოვრობის გამო მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღებას ვიქცევთ და ყოველივე ეს დიდმნიშვნელოვანია ანგელოზებისთვის. გამოცხადების 14:6-ში ნათქვამია: „ვიხილე [მე, მოციქულმა იოანემ] სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“. დიახ, ანგელოზები მხარს გვიჭერენ ჩვენს მსახურებაში — მკის საქმიანობაში! (ებრაელთა 1:13, 14).

      „ყველასგან მოძულებულნი“

      4, 5. ა) რის შესახებ გააფრთხილა იესომ თავისი მოწაფეები? ბ) რატომ არიან ღვთის დღევანდელი მსახურები „ყველასგან მოძულებულნი“?

      4 როდესაც იესომ თავისი მოციქულები მომკელებად წარგზავნა, მათ ყურად იღეს თავიანთი მოძღვრის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყვნენ «გონიერნი [„ფრთხილნი“, აქ], როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი». გარდა ამისა, იესომ უთხრა მათ: „მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. . . ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:16—22).

      5 დღეს ჩვენ „ყველასგან მოძულებულნი“ იმიტომ ვართ, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში“, სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია, ხოლო ის ღვთისა და მისი ხალხის უდიდესი მტერია (1 იოანე 5:19). ჩვენი მტრები ხედავენ ჩვენს სულიერ კეთილდღეობას, მაგრამ უარყოფენ, რომ ეს იეჰოვას დამსახურებაა; მოწინააღმდეგენი ხედავენ ჩვენს ბედნიერებით გაბრწყინებულ, მომღიმარ სახეებს, როდესაც სიხარულით ვმონაწილეობთ მკაში; მათ აოცებთ ჩვენი ერთიანობა! სინამდვილეში, შეიძლება ჩვენი ერთიანობის უხალისოდ აღიარებაც მოუწიოთ, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ხედავენ, რომ იეჰოვას იქაური მოწმეებიც იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც მათ სამშობლოში, საიდანაც თავად ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ თავის დროზე იეჰოვა, რომელიც ჩვენი მხარდამჭერი და ერთიანობის სულისჩამდგმელია, თვით ჩვენი მტრებისთვისაც გახდება ცნობილი (ეზეკიელი 38:10—12, 23).

      6. რაში ვართ დარწმუნებული, როდესაც მკის საქმიანობაში ვმონაწილეობთ, მაგრამ რა კითხვა გვებადება?

      6 სამკლის უფალმა თავის ძეს, იესო ქრისტეს, მისცა „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). ამგვარად, იეჰოვა იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობს მკის საქმიანობას, რომელიც ზეციერი ანგელოზებისა და დედამიწაზე მცხოვრები ცხებული „ერთგული და გონიერი მონის“ დახმარებით ხორციელდება (მათე 24:45—47; გამოცხადება 14:6, 7). მაგრამ, როგორ შეგვიძლია მტრების წინააღმდეგობას გავუმკლავდეთ და, ყოველივეს მიუხედავად, სიხარულიც შევინარჩუნოთ, როდესაც მკაში მონაწილეობის შეუპოვრად გაგრძელებას ვცდილობთ?

      7. როგორი განწყობილების შენარჩუნებას უნდა ვცდილობდეთ, როდესაც გვეწინააღმდეგებიან ან გვდევნიან?

      7 როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდებით ან აშკარად გვდევნიან, მოდი ღმერთს მივმართოთ დახმარებისთვის, რათა შევძლოთ ისეთი განწყობილების შენარჩუნება, როგორიც პავლეს ჰქონდა. მან დაწერა: „გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ. სახელს გვიტეხენ — ვეფერებით“ (1 კორინთელთა 4:12, 13). ასეთი განწყობილება და საჯარო მსახურებისას ტაქტიანობის გამოვლენა ზოგჯერ ჩვენს მოწინააღმდეგეებს თვალსაზრისს უცვლის.

      8. როგორ გვანუგეშებს იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 10:28-შია ჩაწერილი?

      8 თვით სიკვდილის შიშსაც კი არ ძალუძს ჩვენში მკის საქმიანობაში გამოვლენილი ენთუზიაზმის ჩახშობა. უშიშრად ვაუწყებთ სამეფოს შესახებ ცნობას და ამას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაუფარავად და საჯაროდ ვაკეთებთ. ჩვენთვის გამამხნევებელი და მანუგეშებელია იესოს სიტყვები: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28). ვიცით, რომ ჩვენი ზეციერი მამა სიცოცხლის მბოძებელია. ის კურთხევებს არ იშურებს მათთვის, ვინც უმწიკვლობას ინარჩუნებს და ერთგულად და შეუპოვრად განაგრძობს მკაში მონაწილეობის მიღებას.

      სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა

      9. როგორ ეხმაურებოდა ზოგი ეზეკიელის სიტყვებს, და როგორ მეორდება იგივე დღეს?

      9 როდესაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ‘მოჯანყე ხალხს’ — ისრაელისა და იუდას სამეფოებს — გაბედულად აუწყებდა იეჰოვას ცნობებს, ზოგი ადამიანი სიამოვნებით უსმენდა მას (ეზეკიელი 2:3). „აჰა, — ამბობდა იეჰოვა, — სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის, ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი“ (ეზეკიელი 33:32). თუმცა მათ მოსწონდათ ეზეკიელის სიტყვები, არ იქცეოდნენ მათ თანახმად. რა სიტუაციაა დღეს ამ მხრივ? როდესაც ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახურნი გაბედულად აუწყებენ იეჰოვას ცნობებს, ზოგს სიამოვნებს იმ კურთხევების შესახებ მოსმენა, რომელთაც სამეფო მოიტანს, მაგრამ ისინი მადლიერებით არ ეხმაურებიან ამ ცნობას; არ ხდებიან მოწაფეები და არ უერთდებიან მათ მკის საქმიანობაში.

      10, 11. რა გაკეთდა XX საუკუნის პირველ ნახევარში იმისათვის, რომ გაცხადებულიყო სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა, და რა შედეგები მოიტანა ამან?

      10 მეორე მხრივ, მრავალი დადებითად გამოეხმაურა მკის საქმიანობას და თავისი წვლილი შეიტანეს ღვთის ცნობების გაცხადებაში. მაგალითად, 1922—1928 წლებში ქრისტიანული კონგრესების სერიათა მსვლელობისას ცნობები სატანის ბოროტი სისტემის განკითხვის შესახებ დაუფარავად ცხადდებოდა. ამ კონგრესებზე წარმოთქმულ საჯარო მხილებებს რადიოსადგურები გადასცემდნენ. შემდგომ კი ღვთის ხალხმა ამ მხილებების მილიონობით დაბეჭდილი ეგზემპლარი გაავრცელა.

      11 XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს ქადაგების ახალ საშუალებას — საინფორმაციო მსვლელობებს — მიმართეს. თავდაპირველად იეჰოვას ხალხი დაატარებდა პლაკატებს, რომლებიც საზოგადოებას საჯარო მოხსენებების შესახებ ამცნობდა. მოგვიანებით დაჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ასეთი მოწოდებების წაკითხვა შეიძლებოდა: „რელიგია სატყუარა და ყალთაბანდობაა“ და „ემსახურეთ ღმერთს და მეფე ქრისტეს“. როდესაც ისინი ქუჩებს მიუყვებოდნენ, გამვლელთა ყურადღებას იქცევდნენ. „ამან დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ იეჰოვას მოწმეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყვნენ და მათ გამბედაობა შემატებოდათ“, — თქვა ერთმა ძმამ, რომელიც ლონდონის (ინგლისი) ხალხმრავალ ქუჩებში რეგულარულად მონაწილეობდა ამგვარ ქადაგებაში.

      12. ღვთის სამსჯავროს ცნობების გარდა, კიდევ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს მსახურებაში, და ერთობლივად ვინ ქადაგებს დღეს კეთილ ცნობას?

      12 როდესაც ღვთის სამსჯავროს ცნობებს ვაცხადებთ, ყურადღებას სამეფოს შესახებ ცნობაში მოცემულ კურთხევებზეც ვამახვილებთ. მთელი დედამიწის ზურგზე გაბედულად ქადაგება ღირსეულთა მოძებნაში გვეხმარება (მათე 10:11). ცხებულთა კლასის დარჩენილი ნაწილის უმრავლესობა XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში გამოეხმაურა მომკელთა სიმბოლური ბუკის ხმას. შემდეგ, 1935 წელს გამართულ კონგრესზე, შესანიშნავი სიახლე გახდა ცნობილი „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ ბედნიერი მომავლის შესახებ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). მათ ყურად იღეს ღვთის სამსჯავროს ცნობები და ცხებულებს შეუერთდნენ სიცოცხლის გადამრჩენი კეთილი ცნობის ქადაგებაში.

      13, 14. ა) როგორ გვანუგეშებს ფსალმუნის 125:5, 6? ბ) თუ თესვასა და მორწყვას განვაგრძობთ, რა მოჰყვება ამას შედეგად?

      13 ღვთის სამკალში მომუშავეთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დევნიან, მეტად მანუგეშებელია ფსალმუნის 125:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი“. თესვისა და მომკის შესახებ ფსალმუნმომღერლის სიტყვები ძველი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელის დარჩენილ ნაწილზე იეჰოვას მზრუნველობისა და მის მიერ მათი კურთხევის თვალსაჩინო მაგალითია. ისინი უსაზღვროდ ბედნიერნი იყვნენ მონობიდან გათავისუფლების გამო, მაგრამ შესაძლოა ტირილით თესავდნენ თესლს თავიანთი 70-წლიანი გადასახლების პერიოდში უპატრონოდ მიგდებულ, გავერანებულ მიწაზე. როგორც უნდა ყოფილიყო, მათ, ვინც შეუპოვრად განაგრძო თესვა და საამშენებლო სამუშაოები, თავიანთი შრომის ნაყოფი და კმაყოფილება მოიმკეს.

      14 ჩვენც შეიძლება ვტიროდეთ, როდესაც განსაცდელში ვიმყოფებით ან როცა ჩვენ, ან ჩვენი თანამორწმუნეები, ‘სიმართლისათვის ვიტანჯებით’ (1 პეტრე 3:14). მკაში მონაწილეობისას თავდაპირველად შეიძლება დუხჭირი დრო დაგვიდგეს, რადგან, მსახურებაში ჩვენი მცდელობების მიუხედავად, თითქოსდა არაფერი გამოგვდის. მაგრამ, თუ თესვასა და მორწყვას განვაგრძობთ, ღმერთი გაზრდის, და ხშირად შედეგი ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს (1 კორინთელთა 3:6). ამის თვალსაჩინო მაგალითია შედეგები, რომლებიც ჩვენ მიერ ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას მოაქვს.

      15. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ რამდენად სასარგებლოა ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენება მკის საქმიანობაში.

      15 განვიხილოთ ერთი მამაკაცის, სახელად ჯიმის, შემთხვევა. როდესაც დედა გარდაეცვალა, ჯიმიმ მის პირად ნივთებში აღმოაჩინა წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.)a. მან დიდი ინტერესით წაიკითხა ეს წიგნი. ერთხელ მას ქუჩაში იეჰოვას მოწმე გაესაუბრა. ისინი საუბრის შემდგომში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ამას კი შედეგად ჯიმისთან ბიბლიის შესწავლის დაწყება მოჰყვა. მან სწრაფად წაიწია წინ სულიერად, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ნასწავლი თავისი ოჯახის სხვა წევრებს გაუზიარა. შედეგად, მისი და-ძმა იეჰოვას მოწმე გახდა, ჯიმის კი მოგვიანებით ლონდონის ბეთელში მოხალისედ, სრული დროით, მსახურების უპირატესობა ხვდა წილად.

      დევნის მიუხედავად სიხარულით აღსავსენი

      16. ა) რატომ აღმოჩნდა მკის საქმიანობა წარმატებული? ბ) რა გაფრთხილება მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებდა კეთილი ცნობა ოჯახებზე, და მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორ უნდა მოვეპყროთ ადამიანებს?

      16 რატომ აღმოჩნდა მკის საქმიანობა ასე წარმატებული? იმიტომ რომ ცხებულმა ქრისტიანებმა და მათმა თანამსახურებმა ყურად იღეს იესოს მითითება: „რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ“ (მათე 10:27). მაგრამ სიძნელეებსაც უნდა მოველოდეთ, ვინაიდან იესომ გაგვაფრთხილა: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ“. შემდეგ იესომ დასძინა: „ნუ გგონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (მათე 10:21, 34). იესოს ოჯახების გათიშვა არ განუზრახავს, მაგრამ ხანდახან თავად კეთილი ცნობა იწვევდა ამას. იგივე შეიძლება ითქვას ღვთის დღევანდელ მსახურებზეც. როდესაც ოჯახებს ვინახულებთ, ჩვენი მიზანი ის არ არის, რომ განხეთქილება გამოვიწვიოთ; ჩვენი სურვილია, ყველა ჩაეჭიდოს კეთილ ცნობას. ამიტომ ვცდილობთ, თავაზიანად და თანაგრძნობით მოვეპყროთ ოჯახის ყველა წევრს, რაც ჩვენს ცნობას მიმზიდველს ხდის „საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად განწყობილთათვის“ (საქმეები 13:48, აქ).

      17. როგორ გამოირჩევიან სხვებისგან ისინი, ვინც ღვთის უზენაესობას უჭერს მხარს, და რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?

      17 სამეფოს შესახებ ცნობა სხვებისგან განასხვავებს მათ, ვინც მხარს უჭერს ღვთის უზენაესობას. მაგალითად, ვნახოთ როგორ გამოირჩეოდნენ ჩვენი თანამორწმუნეები იმით, რომ ნაცისტურ გერმანიაში ‘კეისარს კეისრისას აძლევდნენ, ხოლო ღვთისას — ღმერთს’ (ლუკა 20:25). ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების რელიგიური წინამძღოლებისა და ნომინალური ქრისტიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები არ მიდიოდნენ კომპრომისზე და უარს ამბობდნენ ბიბლიური პრინციპების დარღვევაზე (ესაია 2:4; მათე 4:10; იოანე 17:16). ავტორმა წიგნისა „ნაცისტური სახელმწიფო და ახალი რელიგიები“, პროფესორმა კრისტინ კინგმა შენიშნა: „[ნაცისტური] მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების წინააღმდეგ ვერ გახდა ვერაფერს; მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მათგანი მოკლეს, მათი საქმიანობა წინ მიიწევდა და 1945 წლის მაისში იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობა კვლავაც აქტიური იყო, მაშინ როცა ნაციონალურმა სოციალიზმმა კრახი განიცადა“.

      18. დევნის მიუხედავად, რა განწყობილებას ავლენს იეჰოვას ხალხი?

      18 განწყობილება, რომელსაც იეჰოვას ხალხი დევნის დროს ავლენს, მართლაც რომ, მრავლისმეტყველია. ქვეყნიური ხელისუფლების წარმომადგენლებზე შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენმა რწმენამ, მაგრამ ისინი გაკვირვებას ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, რომ გულში არანაირ ღვარძლსა და ბოროტებას არ ვატარებთ. მაგალითად, ჰოლოკაუსტს გადარჩენილი მოწმეები ხშირად გამოხატავენ სიხარულსა და კმაყოფილებას იმის გახსენებისას, რაც თავს გადახდათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვამ მათ „აღმატებული ძლიერება“ უბოძა (2 კორინთელთა 4:7). ჩვენ შორის მყოფ სულით ცხებულებს სწამთ, რომ მათი ‘სახელები ცაში დაიწერა’ (ლუკა 10:20, სსგ). მათი მოთმინება წარმოშობს იმედს, რომელიც არ არის გამაწბილებელი; იმავეში არიან დარწმუნებული ის ერთგული მომკელებიც, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ (რომაელთა 5:4, 5).

      შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა

      19. რა ეფექტური მეთოდები გამოიყენება ქრისტიანულ მსახურებაში?

      19 კიდევ რამდენ ხანს დაგვრთავს იეჰოვა ფიგურალურ მკაში მონაწილეობის ნებას, ამას დრო გვიჩვენებს. ამასობაში კი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მომკელებს მუშაობის განსაკუთრებული მეთოდები აქვთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქადაგების ნაცადი და სანდო მეთოდების გამოსაყენებლად ჩვენ მიერ გამოვლენილი მოწადინება და შეუპოვრობა შედეგიანი იქნება. პავლემ უთხრა თანაქრისტიანებს: „გევედრებით: მომბაძეთ მე“ (1 კორინთელთა 4:16, სსგ). როდესაც პავლე მილეტში ეფესოელ უხუცესებს შეხვდა, შეახსენა, რომ არაფერი დაუშურებია მათთვის სასწავლებლად „საჯაროდ თუ კარდაკარ“ (საქმეები 20:20, აქ, 21). პავლეს თანამსახურ ტიმოთეს ნასწავლი ჰქონდა მოციქულის მეთოდები და ამიტომაც შეეძლო, კორინთელებისთვისაც ესწავლებინა ისინი (1 კორინთელთა 4:17). ღმერთმა აკურთხა პავლეს სწავლების მეთოდები და აკურთხებს ჩვენს შეუპოვრობასაც, რომელსაც ვავლენთ კეთილი ცნობის ქადაგებისას საჯაროდ თუ კარდაკარ, განმეორებითი მონახულებებისა თუ ბიბლიის საშინაო შესწავლის დროს და ყველგან, სადაც კი ხალხს ვხვდებით (საქმეები 17:17).

      20. როგორ ახსნა იესომ, რომ უხვი სულიერი მოსავალი მზად იყო ასაღებად და როგორ მოხდა, რომ ამ უკანასკნელ წლებშიც უხვი მოსავლის ასაღებად გაიხსნა გზები?

      20 ახ. წ. 30 წელს სიქარში სამარიელ ქალთან ქადაგების შემდეგ იესომ სულიერი მკის შესახებ ისაუბრა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ“ (იოანე 4:34—36). იესომ, ალბათ, წინდაწინვე განჭვრიტა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მის შეხვედრას სამარიელ ქალთან, ვინაიდან ამ ქალის დამოწმების საფუძველზე მრავალმა ირწმუნა იგი (იოანე 4:39). უკანასკნელ წლებში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე მრავალმა ქვეყანამ მოხსნა შეზღუდვები ან კანონიერად აღიარა ისინი და, ამგვარად, ახალი ყანების მოსამკელად გაიხსნა გზები. შედეგი კი ის არის, რომ ამჟამად უხვი სულიერი მოსავლის აღება მიმდინარეობს. ვინაიდან სიხარულით განვაგრძობთ სულიერ მკაში მონაწილეობას, უხვ კურთხევებს ვიღებთ მთელი დედამიწის ზურგზე.

      21. რატომ გვაქვს იმის საფუძველი, რომ, როგორც სიხარულით აღსავსე მომკელებმა, შეუპოვრად განვაგრძოთ მკა?

      21 როდესაც მოსავალი შემოდის და მზად არის ასაღებად, მუშებმა სასწრაფოდ უნდა მიაშურონ ბაღ-მინდვრებს. ახლა მათ იმის დრო აღარა აქვთ, რომ გულხელდაკრეფილი ისხდნენ — დაუღალავად უნდა გაისარჯონ. დღეს ჩვენც მუხლჩაუხრელად და მუდამ გადაუდებლობის გრძნობით გვმართებს მუშაობა, ვინაიდან ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). დიახ, განსაცდელებსაც ვაწყდებით, მაგრამ დღეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა უფრო დიდ მოსავალს ვიმკით, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ, ეს არის სიხარულის დღე (ესაია 9:2). მაშ, როგორც სიხარულით აღსავსე მომკელებმა, მოდი შეუპოვრად განვაგრძოთ მკა!

      [სქოლიოები]

      a გამოცემულია და ვრცელდება იეჰოვას მოწმეთა მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება