-
მეფე ნათელს ჰფენს სამეფოს რაობასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
სამეფო კრებს თავის მიწიერ ქვეშევრდომებს
14, 15. რომელ ოთხ ჯგუფზე იყო საუბარი წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“?
14 ერთგულ ქრისტიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, ვინ იყო გამოცხადების 7:9—14-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“. ამიტომ, ვიდრე ქრისტე მათ ამ ჯგუფის ვინაობას გაუმჟღავნებდა, გასაკვირი არ არის, რომ მათი შეხედულება საკმაოდ შორს იყო იმ ჭეშმარიტებისგან, რომელიც დღეს ვიცით და ვაფასებთ.
15 წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“, რომელიც 1917 წელს გამოიცა, ნათქვამი იყო: „ორი ჯგუფი ზეციერ ხსნას დაიმკვიდრებს, ორიც — მიწიერს“. ვინ შედიოდა სხვადასხვა იმედის მქონე ამ ოთხ ჯგუფში? პირველ ჯგუფში შედიოდა 144 000, რომელიც ქრისტესთან ერთად იმეფებდა, მეორეში — „უამრავი ხალხი“. იმ დროს ეგონათ, რომ „უამრავი ხალხი“ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლს წარმოადგენდა. მცირე რწმენის გამო ისინი ღვთისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ, რის გამოც ისინი ზეცაში შედარებით დაბალ მდგომარეობას დაიკავებდნენ. მესამე ჯგუფს დედამიწაზე ცხოვრების მოიმედენი შეადგენდნენ, კერძოდ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, მაგალითად, აბრაამი, მოსე და სხვები, ხოლო მეოთხე ჯგუფში შედიოდა მთელი კაცობრიობა, რომელსაც მესამე ჯგუფი უხელმძღვანელებდა.
16. როგორ გამოანათა სულიერმა სინათლემ 1923 და 1932 წლებში?
16 როგორ მიიყვანა წმინდა სულმა ქრისტეს მიმდევრები ამ საკითხის სწორ გაგებამდე? ეს მოხდა თანდათანობით, სულიერი სინათლის ეტაპობრივი გამონათებით. ჯერ კიდევ 1923 წელს „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება მახვილდებოდა იმ ერთ ჯგუფზე, რომელსაც არ ჰქონდა ზეციერი მოწოდება და რომელიც ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე იცხოვრებდა. 1932 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ საუბარი იყო იონადაბზე (იეჰონადაბი), რომელიც მხარში ედგა ღვთის მიერ ისრაელის ცხებულ მეფე იეჰუს ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლაში (2 მეფ. 10:15—17). ჟურნალში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ თანამედროვე ეპოქაში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც იონადაბი განასახიერებდა, და რომ იეჰოვა ამ ჯგუფს არმაგედონში გადაარჩენდა და კვლავ დედამიწაზე აცხოვრებდა.
17. ა) როგორ გამობრწყინდა სულიერი სინათლე 1935 წელს? ბ) როგორ იმოქმედა ერთგულ ქრისტიანებზე „უამრავი ხალხის“ ვინაობის გაგებამ? (იხ. ჩარჩო „ყველამ შვებით ამოისუნთქა“).
17 სულიერი სინათლე 1935 წელს გამობრწყინდა. ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესზე „უამრავი ხალხი“ გაიგივებულ იქნა მიწიერ კლასთან, იმ ცხვრებთან, რომლებიც იესომ ცხვრებისა და თხების შესახებ თავის იგავში მოიხსენია (მათ. 25:33—40). „უამრავი ხალხი“ „სხვა ცხვარს“ შორის იქნებოდა. იესომ მათზე თქვა: „ისინიც უნდა მოვიყვანო“ (იოან. 10:16). მომხსენებელმა ჯ. ფ. რუტერფორდმა აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ ყველა, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ!“. იქ მსხდომთა ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა. „შეხედეთ, აი უამრავი ხალხი!“ — განაცხადა რუტერფორდმა. ყველა, ვინც მიხვდა, თუ ვის რისი იმედი ჰქონდა, აღფრთოვანებული დარჩა.
-