-
გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავისაგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
დავიბადე 1926 წელს საბერძნეთის პატარა სოფელ კარიცაში. შრომისმოყვარე მშობლები მყავდა. რვა დედმამიშვილს შორის მე მეშვიდე ვიყავი.
ჩემს დაბადებამდე ერთი წლით ადრე ჩემს მშობლებს უქადაგა იოანის პაპარიზოსმა, რომელიც გულანთებული და ლაპარაკის მოყვარული ბიბლიის მკვლევარი იყო (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). წმინდა წერილებზე იოანისის ლოგიკურმა მსჯელობამ ჩემს მშობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ მათ ჩვენს სოფელში ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. დედაჩემს იეჰოვა ღმერთის მიმართ ურყევი რწმენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა, ის ხელიდან არ უშვებდა სხვებთან თავის რწმენაზე საუბრის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მამაჩემმა სხვების არასრულყოფილებაზე გაამახვილა ყურადღება და ნელ-ნელა შეწყვიტა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება.
მე და ჩემი და-ძმები პატივს ვცემდით ბიბლიას, მაგრამ თამაშსა და გართობას ვიყავით გადაყოლილები. 1939 წელს, როცა ევროპა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, ჩვენს სოფელში მომხდარმა ამბავმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ბიძაშვილი, 20 წლის ნიკოლას სარასი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, ახალი მონათლული იყო, როცა საბერძნეთის ჯარში გაიწვიეს. ნიკოლასმა გაბედულად განუცხადა სამხედრო პირებს: „ვერ ვიბრძოლებ, რადგან მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ“. ის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ამბავმა გაგვაოგნა!
საბედნიეროდ, როცა 1941 წლის დასაწყისში მოკავშირეთა ჯარი მცირე ხნით შევიდა საბერძნეთში, ნიკოლასი გაათავისუფლეს საპატიმროდან. კარიცაში დაბრუნებულ ნიკოლასს ჩემმა უფროსმა ძმამ ილიასმა ბიბლიის შესახებ ბევრი კითხვა დაუსვა. მე გულისყურით ვუსმენდი მათ. შედეგად, მე, ილიასმა და ჩემმა უმცროსმა დამ ეფმორფიამ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და კრების ყველა შეხვედრას ვესწრებოდით. მომდევნო წელს სამივემ მივუძღვენით თავი იეჰოვას და მოვინათლეთ. მოგვიანებით ჩვენი და-ძმებიდან კიდევ ოთხი გახდა იეჰოვას ერთგული მოწმე.
1942 წელს კარიცის კრებაში 15—25 წლამდე ასაკის ცხრა ახალგაზრდა იყო. ყველამ ვიცოდით, რომ მძიმე განსაცდელებს შევხვდებოდით. ამიტომ სულიერად რომ გავძლიერებულიყავით, ერთად ვიკრიბებოდით ბიბლიის შესასწავლად, ვმღეროდით ჩვენს სიმღერებს და ვლოცულობდით. ამან რწმენა განგვიმტკიცა.
დემეტრიოსი თავის მეგობრებთან ერთად კარიცაში
სამოქალაქო ომი
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს კომუნისტები აუჯანყდნენ საბერძნეთის მთავრობას, რის გამოც სამოქალაქო ომი გაჩაღდა. კომუნისტი პარტიზანები სოფლებში დათარეშობდნენ და აიძულებდნენ სოფლის მცხოვრებთ, მათ რიგებს შეერთებოდნენ. ჩვენი სოფლიდან მათ სამი ახალგაზრდა გაგვიტაცეს — მე, ილიასი და ანტონიო სუკარისი. ვემუდარებოდით, რომ გავეშვით, რადგან ქრისტიანები ვიყავით და ნეიტრალური პოზიცია გვეკავა. მაგრამ მათ გვაიძულეს, ოლიმპის მთაზე გავყოლოდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 12 საათის სავალზე იყო.
-