საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავი
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
    • შიშის კუნძული

      მაკრონისოსი უდაბური, გახრიოკებული და კლდოვანი კუნძულია, სადაც ჩრდილს ვერ იპოვი. ის ათენიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ატიკას სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. კუნძულის სიგრძე სულ რაღაც 13 კილომეტრია, ხოლო მისი ყველაზე განიერი ნაწილი — 500 მეტრი. მიუხედავად ამისა, 1947—1958 წლებში ამ კუნძულზე 100 000-ზე მეტმა პატიმარმა მოიხადა სასჯელი; მათ შორის იყვნენ კომუნისტი აქტივისტები, კომუნისტობაში ეჭვმიტანილები, მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლები და ათობით ერთგული იეჰოვას მოწმე.

      1949 წლის დასაწყისში, ამ კუნძულზე ჩემი გადასახლების დროს, პატიმრები რამდენიმე ბანაკად დაგვყვეს. მე მოვხვდი ბანაკში, სადაც მკაცრი რეჟიმი არ იყო. ამ ბანაკში რამდენიმე ასეული ადამიანი ვიყავით. ათკაციან ბრეზენტის კარავში დაახლოებით 40 კაცს პირდაპირ მიწაზე გვეძინა. აყროლებულ წყალს ვსვამდით და ძირითადად ოსპითა და ბადრიჯნით ვიკვებებოდით. გამუდმებული ქარი და მტვერი ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა. საბედნიეროდ, ჩვენ არ გვიწევდა ლოდების წინ და უკან თრევა. წამების ამ სადისტურმა მეთოდმა ბევრი პატიმარი ფიზიკურად და ემოციურად გატეხა.

      დემეტრიოს სარასი და სხვა დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეები კუნძულ მაკრონისოსზე

      სხვა გადასახლებულ თანაქრისტიანებთან ერთად კუნძულ მაკრონისოსზე

      ერთხელ სანაპიროზე სხვა ბანაკებიდან რამდენიმე იეჰოვას მოწმეს შევხვდი. ამ შეხვედრამ ძალიან გაგვახარა. ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით ერთმანეთთან შესახვედრად, თუმცა დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით, რომ არავის შევემჩნიეთ. აგრეთვე ჩუმ-ჩუმად ვქადაგებდით სხვა პატიმრებთან, რომელთაგან ზოგი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. გულმხურვალე ლოცვასთან ერთად ძმებთან შეხვედრა და ქადაგება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.

      „გავარვარებულ ღუმელში“

      ჩემი „გამოსწორების“ ათთვიანი მცდელობის შემდეგ ზედამხედველებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, სამხედრო ფორმა ჩამეცვა. მე უარი ვთქვი, ამიტომ მათ ბანაკის მეთაურთან მიმათრიეს. მეთაურს ფურცელი მივაწოდე, რომელზეც ეწერა: „მე მხოლოდ ქრისტეს ჯარისკაცი მინდა ვიყო“. დამუქრების შემდეგ მეთაურმა თავის მოადგილეს, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს გადამცა, რომელსაც ყველა რეგალია ერთად ჰქონდა ასხმული. როდესაც მის შეკითხვებს ბიბლიიდან გაბედულად ვუპასუხე, გაბრაზებულმა დაიღრიალა: „მომაშორეთ ეს ფანატიკოსი!“.

      მეორე დილით ჯარისკაცები ისევ მაიძულებდნენ, ფორმა ჩამეცვა. მე კვლავ უარზე ვიყავი, ამიტომ მუშტებითა და ჯოხით მცემეს. ბოლოს ბანაკის ლაზარეთში წამიყვანეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ძვალი მთელი მქონდა, შემდეგ კი ისევ ჩემს კარავში მიმათრიეს. ორი თვის მანძილზე ეს ყოველდღე მეორდებოდა.

      ვინაიდან კომპრომისზე არ წავედი, იმედგაცრუებულმა ჯარისკაცებმა ახალ ხერხს მიმართეს. ხელები ზურგს უკან შემიკრეს და ფეხის გულებზე გამეტებით მირტყეს თოკი. აუტანელი ტკივილის მიუხედავად, ვფიქრობდი იესოს სიტყვებზე: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ [და] გდევნიან . . . იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12). როცა მეგონა, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გონება დავკარგე.

      გონზე გაყინულ საკანში მოვედი, სადაც არც პური მქონდა, არც წყალი და არც საბანი. მიუხედავად ამისა, თავს მშვიდად ვგრძნობდი. როგორც ბიბლიაში წერია, „ღვთის მშვიდობამ“ დაიცვა ჩემი გული და გონება (ფილ. 4:7). მეორე დღეს ერთმა კეთილმა ჯარისკაცმა პური, წყალი და პალტო მომცა. სხვა ჯარისკაცმა კი თავისი დღიური ულუფა დამითმო. ამ და სხვა შემთხვევებმა მაგრძნობინა, რომ იეჰოვა სათუთად ზრუნავდა ჩემზე.

      ვინაიდან გამოუსწორებელ მეამბოხედ მთვლიდნენ, ათენში სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარმადგინეს. სამი წლით მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა იაროსის კუნძულზე, რომელიც მაკრონისოსის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

  • გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავი
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება