საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • [ჩარჩო 27 გვერდზე]

      მაკრონისოსი — კუნძული, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა

      ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1947—1957 წლებში, მაკრონისოსის ხრიოკ და უდაბურ კუნძულზე 100 000-ზე მეტმა პატიმარმა მოიხადა სასჯელი. ამ პატიმართა შორის იყო იეჰოვას მრავალი ერთგული მოწმე, რომლებიც ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე ნეიტრალური პოზიციის გამო მოხვდნენ იქ. ჩვეულებრივ, მათი გადასახლება ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების წაქეზებით ხდებოდა ხოლმე. ეს სასულიერო პირები იეჰოვას მოწმეებს კომუნისტობაში სდებდნენ ბრალს, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო.

      მაკრონისოსის კუნძულზე გატარებული გამოსასწორებელი ზომების შესახებ ერთ-ერთი ბერძნული ენციკლოპედია წერს: „[იქ არსებული] საშინელი წამების მეთოდები . . . ცივილიზებული ერისთვის ყოვლად მიუღებელი საცხოვრებელი პირობები და პატიმრებისადმი საოცრად დამამცირებელი დამოკიდებულება . . . სამარცხვინო ლაქად ატყვია საბერძნეთის ისტორიას“ (Papyros Larousse Britannica).

      ზოგ მოწმეს ემუქრებოდნენ, რომ თუ თავის მრწამსზე უარს არ იტყოდა, თავისუფლებას ვერ ეღირსებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები ღვთის ერთგულები დარჩნენ. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის წყალობით ზოგმა პოლიტპატიმარმაც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება.

      [სურათი 27 გვერდზე]

      მინოს კოკინაკისი (მარჯვნიდან მესამე) და მე (მარცხნიდან მეოთხე) გადასახლებაში, კუნძულ მაკრონისოსზე.

  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • გავიგეთ, რომ მალე უდაბურ კუნძულ მაკრონისოსზე (საბერძნეთი) უნდა გავეგზავნეთ. ეს კუნძული ატიკის ნაპირთან მდებარეობდა. მხოლოდ მაკრონისოსის ხსენებაც კი ადამიანს შიშის ზარს სცემდა, რადგან იქ არსებულ ბანაკში პატიმრებს აწამებდნენ და მონურად ამუშავებდნენ. გზად პირეოსში შევჩერდით. იქ გემთან ჩვენი თანამორწმუნეები მოვიდნენ და გადაგვეხვივნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელებზე ბორკილები გვქონდა დადებული, ამ შეხვედრამ მაინც გაგვამხნევა (საქმეები 28:14, 15).

      მაკრონისოსზე ცხოვრება კოშმარი იყო. დილიდან დაღამებამდე ჯარისკაცები პატიმრებს საშინლად ეპყრობოდნენ. იმ პატიმრებიდან, რომლებიც მოწმეები არ იყვნენ, ბევრი გაგიჟდა, ბევრიც მოკვდა და მრავალი დაინვალიდდა. მთელი ღამის განმავლობაში გვესმოდა იმ ტყვეთა ყვირილი და კვნესა, რომლებსაც აწამებდნენ. მდგომარეობას ისიც მიმძიმებდა, რომ ცივ ღამეებში ჩემი თხელი საბანი აღარ მათბობდა.

      თანდათანობით ბანაკში იეჰოვას მოწმეები ყველამ გაიცნო, რადგან ყოველ დილას, სიის ამოკითხვისას, აღნიშნავდნენ, ვინ იყვნენ ისინი. ამგვარად არაერთხელ გვეძლეოდა სხვებისთვის ქადაგების შესაძლებლობა. ერთხელაც, წილად მხვდა პატივი, მომენათლა პოლიტპატიმარი, რომელმაც სულიერად იმდენად წაიწია წინ, რომ სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნა.

      გადასახლებაში ყოფნისას ყოველთვის ვწერდი წერილებს ჩემს ძვირფას მეუღლეს, თუმცა მისგან პასუხი არასოდეს მიმიღია. მიუხედავად ამისა, წერილებში ყოველთვის დიდ სითბოს ვდებდი; მეუღლეს ვანუგეშებდი და ვარწმუნებდი, რომ ეს უსიამოვნო შემთხვევა მხოლოდ დროებითი იყო და ჩვენ კვლავ ბედნიერები ვიქნებოდით.

      დროთა განმავლობაში ძმები კიდევ ჩამოიყვანეს და ბანაკში მოწმეთა რაოდენობა გაიზარდა. მე კანტორაში ვმუშაობდი, რამაც ბანაკის სამხედრო ზედამხედველის გაცნობის საშუალება მომცა. ის მოწმეების მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი. ამიტომაც გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ათენის ოფისიდან ჩვენი ლიტერატურის მიღება.

      — შეუძლებელია, — თქვა მან, — მაგრამ რას იტყოდი იმაზე, რომ თქვენს თანამორწმუნეებს შეეკრათ თქვენთვის ამანათი და ჩემს სახელზე გამოეგზავნათ?

      გაოცებისგან ენა ჩამივარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვტვირთეთ შემოსული გემი. პოლიციელი ბანაკის სამხედრო ზედამხედველს მიესალმა და უთხრა:

      — უფროსო, თქვენს სახელზე ამანათია.

      — რა ამანათი? — იკითხა მან.

      სწორედ ამ დროს საუბარს მეც შევესწარი და ბანაკის სამხედრო ზედამხედველს გადავულაპარაკე:

      — ეს, ალბათ, ის ამანათია, თქვენი ბრძანებით თქვენს სახელზე ჩვენთვის რომ გამოგზავნეს.

      აი, ასეთი საშუალება გამოიყენა იეჰოვამ, ჩვენთვის სულიერი საზრდოს მოსაწოდებლად.

      მოულოდნელი კურთხევა და კვლავ გაჭირვება

      1950 წლის მიწურულს გამათავისუფლეს. სახლში დაუძლურებული, ფერმიხდილი, გაძვალტყავებული ვბრუნდებოდი და არ ვიცოდი, მიმიღებდნენ თუ არა ოჯახში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება