-
გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავისაგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
1939 წელს, როცა ევროპა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, ჩვენს სოფელში მომხდარმა ამბავმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ბიძაშვილი, 20 წლის ნიკოლას სარასი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, ახალი მონათლული იყო, როცა საბერძნეთის ჯარში გაიწვიეს. ნიკოლასმა გაბედულად განუცხადა სამხედრო პირებს: „ვერ ვიბრძოლებ, რადგან მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ“. ის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ამბავმა გაგვაოგნა!
საბედნიეროდ, როცა 1941 წლის დასაწყისში მოკავშირეთა ჯარი მცირე ხნით შევიდა საბერძნეთში, ნიკოლასი გაათავისუფლეს საპატიმროდან.
-
-
გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავისაგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
სამოქალაქო ომი
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს კომუნისტები აუჯანყდნენ საბერძნეთის მთავრობას, რის გამოც სამოქალაქო ომი გაჩაღდა. კომუნისტი პარტიზანები სოფლებში დათარეშობდნენ და აიძულებდნენ სოფლის მცხოვრებთ, მათ რიგებს შეერთებოდნენ. ჩვენი სოფლიდან მათ სამი ახალგაზრდა გაგვიტაცეს — მე, ილიასი და ანტონიო სუკარისი. ვემუდარებოდით, რომ გავეშვით, რადგან ქრისტიანები ვიყავით და ნეიტრალური პოზიცია გვეკავა. მაგრამ მათ გვაიძულეს, ოლიმპის მთაზე გავყოლოდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 12 საათის სავალზე იყო.
ამის შემდეგ მალევე კომუნისტმა ოფიცერმა გვიბრძანა, პარტიზანებთან ერთად წავსულიყავით სათარეშოდ. როცა ავუხსენით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იარაღს მოყვასის წინააღმდეგ არ იღებდნენ, განრისხებულმა ოფიცერმა გენერალთან მიგვათრია. გენერალსაც იგივე გავუმეორეთ, ამიტომ მან გვითხრა: „მაშინ წაიყვანეთ ჯორი და დაჭრილები საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეთ“.
„მთავრობის ჯარისკაცებმა რომ დაგვიჭირონ, მებრძოლებად არ ჩაგვთვლიან?!“ — ვკითხეთ ჩვენ. „მაშინ ფრონტი საკვებით მოამარაგეთ“, — გვითხრა მან. „მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ოფიცერი ჯორით დაგვინახავს და ფრონტზე იარაღის მიტანას დაგვავალებს?!“. გენერალი ჩაფიქრდა. ბოლოს გვითხრა: „მაშინ ცხვარი მწყემსეთ! დარჩით მთაში და მოუარეთ ფარებს!“.
ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ცხვრის მწყემსვით არაფერი დაშავდებოდა და ეს სამოქალაქო ომის მხარდაჭერაში არ ჩაგვეთვლებოდა. ერთი წლის შემდეგ ილიასს, როგორც უფროს ვაჟს, სახლში დაბრუნების უფლება მისცეს, რათა ჩვენს დაქვრივებულ დედაზე ეზრუნა. ანტონიო ავად გახდა და გაუშვეს, მე კი ისევ ტყვეობაში დავრჩი.
ამასობაში საბერძნეთის ჯარმა კომუნისტები საგრძნობლად შეავიწროვა. ის ჯგუფი, რომლის ტყვეც ვიყავი, შეეცადა, მთების გავლით მეზობელ ალბანეთში გადასულიყო. მოულოდნელად საზღვართან ახლოს მთავრობის ჯარისკაცებმა ალყაში მოგვაქციეს. პარტიზანები პანიკაში ჩაცვივდნენ და გაიქცნენ. მე წაქცეული ხის უკან დავიმალე. სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც დასაწყისში მოვიხსენიე.
როდესაც ჯარისკაცებს ვუთხარი, რომ კომუნისტების ტყვე ვიყავი, მათ სამხედრო ბანაკში დასაკითხად გადამიყვანეს ვერიასთან ახლოს, რომელიც ბიბლიურ დროში ბერეას სახელით იყო ცნობილი. მათ მიბრძანეს, სანგრები გამეთხარა, მაგრამ, როცა უარი ვთქვი, მეთაურმა ბრძანა, კუნძულ მაკრონისოსზე გადავეყვანე კატორღაში, რის გაგონებაც შიშის ზარს სცემდა ყველას.
შიშის კუნძული
მაკრონისოსი უდაბური, გახრიოკებული და კლდოვანი კუნძულია, სადაც ჩრდილს ვერ იპოვი. ის ათენიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ატიკას სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. კუნძულის სიგრძე სულ რაღაც 13 კილომეტრია, ხოლო მისი ყველაზე განიერი ნაწილი — 500 მეტრი. მიუხედავად ამისა, 1947—1958 წლებში ამ კუნძულზე 100 000-ზე მეტმა პატიმარმა მოიხადა სასჯელი; მათ შორის იყვნენ კომუნისტი აქტივისტები, კომუნისტობაში ეჭვმიტანილები, მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლები და ათობით ერთგული იეჰოვას მოწმე.
1949 წლის დასაწყისში, ამ კუნძულზე ჩემი გადასახლების დროს, პატიმრები რამდენიმე ბანაკად დაგვყვეს. მე მოვხვდი ბანაკში, სადაც მკაცრი რეჟიმი არ იყო. ამ ბანაკში რამდენიმე ასეული ადამიანი ვიყავით. ათკაციან ბრეზენტის კარავში დაახლოებით 40 კაცს პირდაპირ მიწაზე გვეძინა. აყროლებულ წყალს ვსვამდით და ძირითადად ოსპითა და ბადრიჯნით ვიკვებებოდით. გამუდმებული ქარი და მტვერი ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა. საბედნიეროდ, ჩვენ არ გვიწევდა ლოდების წინ და უკან თრევა. წამების ამ სადისტურმა მეთოდმა ბევრი პატიმარი ფიზიკურად და ემოციურად გატეხა.
სხვა გადასახლებულ თანაქრისტიანებთან ერთად კუნძულ მაკრონისოსზე
ერთხელ სანაპიროზე სხვა ბანაკებიდან რამდენიმე იეჰოვას მოწმეს შევხვდი. ამ შეხვედრამ ძალიან გაგვახარა. ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით ერთმანეთთან შესახვედრად, თუმცა დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით, რომ არავის შევემჩნიეთ. აგრეთვე ჩუმ-ჩუმად ვქადაგებდით სხვა პატიმრებთან, რომელთაგან ზოგი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. გულმხურვალე ლოცვასთან ერთად ძმებთან შეხვედრა და ქადაგება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.
„გავარვარებულ ღუმელში“
ჩემი „გამოსწორების“ ათთვიანი მცდელობის შემდეგ ზედამხედველებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, სამხედრო ფორმა ჩამეცვა. მე უარი ვთქვი, ამიტომ მათ ბანაკის მეთაურთან მიმათრიეს. მეთაურს ფურცელი მივაწოდე, რომელზეც ეწერა: „მე მხოლოდ ქრისტეს ჯარისკაცი მინდა ვიყო“. დამუქრების შემდეგ მეთაურმა თავის მოადგილეს, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს გადამცა, რომელსაც ყველა რეგალია ერთად ჰქონდა ასხმული. როდესაც მის შეკითხვებს ბიბლიიდან გაბედულად ვუპასუხე, გაბრაზებულმა დაიღრიალა: „მომაშორეთ ეს ფანატიკოსი!“.
მეორე დილით ჯარისკაცები ისევ მაიძულებდნენ, ფორმა ჩამეცვა. მე კვლავ უარზე ვიყავი, ამიტომ მუშტებითა და ჯოხით მცემეს. ბოლოს ბანაკის ლაზარეთში წამიყვანეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ძვალი მთელი მქონდა, შემდეგ კი ისევ ჩემს კარავში მიმათრიეს. ორი თვის მანძილზე ეს ყოველდღე მეორდებოდა.
ვინაიდან კომპრომისზე არ წავედი, იმედგაცრუებულმა ჯარისკაცებმა ახალ ხერხს მიმართეს. ხელები ზურგს უკან შემიკრეს და ფეხის გულებზე გამეტებით მირტყეს თოკი. აუტანელი ტკივილის მიუხედავად, ვფიქრობდი იესოს სიტყვებზე: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ [და] გდევნიან . . . იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12). როცა მეგონა, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გონება დავკარგე.
გონზე გაყინულ საკანში მოვედი, სადაც არც პური მქონდა, არც წყალი და არც საბანი. მიუხედავად ამისა, თავს მშვიდად ვგრძნობდი. როგორც ბიბლიაში წერია, „ღვთის მშვიდობამ“ დაიცვა ჩემი გული და გონება (ფილ. 4:7). მეორე დღეს ერთმა კეთილმა ჯარისკაცმა პური, წყალი და პალტო მომცა. სხვა ჯარისკაცმა კი თავისი დღიური ულუფა დამითმო. ამ და სხვა შემთხვევებმა მაგრძნობინა, რომ იეჰოვა სათუთად ზრუნავდა ჩემზე.
ვინაიდან გამოუსწორებელ მეამბოხედ მთვლიდნენ, ათენში სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარმადგინეს. სამი წლით მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა იაროსის კუნძულზე, რომელიც მაკრონისოსის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.
„სანდო ხალხი ხართ“
იაროსის ციხე წითელი აგურით ნაშენი დიდი ციხესიმაგრე იყო, სადაც 5 000-ზე მეტი პოლიტპატიმარი იხდიდა სასჯელს. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ამ ციხეში ჩემ გარდა კიდევ ექვსი იეჰოვას მოწმე იყო. მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, შვიდივე ფარულად ვიკრიბებოდით ბიბლიის შესასწავლად. გარედან ჩუმად გვაწვდიდნენ „საგუშაგო კოშკს“, რომლის ასლებსაც შესწავლისთვის ხელით ვამზადებდით.
ერთ დღესაც ასე შეკრებილებს ბადრაგი დაგვადგა თავზე და ლიტერატურა წაგვართვა. ყველანი ციხის ზედამხედველის მოადგილესთან დაგვიბარეს. გვეგონა, რომ პატიმრობას გაგვიხანგრძლივებდნენ. მაგრამ მან გვითხრა: „კარგად ვიცით, ვინცა ხართ და პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. ვიცით, რომ სანდო ხალხი ხართ. ახლა წადით და იმუშავეთ!“. ზოგიერთს მან სამუშაოც შეგვიმსუბუქა. გული მადლიერებით გვქონდა სავსე. ჩვენმა ერთგულებამ ციხეშიც კი განადიდა იეჰოვა.
ჩვენს სიმტკიცეს სხვა კარგი შედეგებიც მოჰყვა. ერთმა პატიმარმა, რომელიც მათემატიკის პროფესორი იყო და ჩვენს კარგ საქციელს აკვირდებოდა, ჩვენი რწმენის შესახებ კითხვები დაგვისვა. ისიც ჩვენთან ერთად გაათავისუფლეს ციხიდან 1951 წლის დასაწყისში. მოგვიანებით ის მოინათლა და სრული დროით მსახურება დაიწყო.
-