საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
    • დაპატიმრება და გათავისუფლება

      იეჰოვას მოწმეების სხვა დანიშნულ რელიგიურ მსახურს მოუწია ცოტაოდენ განსხვავებული წვალების ატანა იმავე მიზეზის გამო. 1991 წლის 11 სექტემბერს ანასტასიოს გიორგიადისმა ისეთივე შინაარსის განცხადება შეიტანა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. გამწვევმა პუნქტმა ექვსი დღის შემდეგ შეატყობინა, რომ მისი განცხადება უარყოფილ იქნა ისევ იმის გამო, რომ ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი არ აღიარებს იეჰოვას მოწმეებს ცნობილ რელიგიად. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დადგენილებები გამოსცა ცირლისისა და კულუმბასის საქმესთან დაკავშირებით!

      ეროვნული დაცვის გენერალური სამმართველოს წერილობით პასუხში ნათქვამი იყო: „ადმინისტრაცია მივიდა უარყოფით გადაწყვეტილებამდე [გიორგიადისის] განცხადებასთან დაკავშირებით, რაც დაფუძნებული იყო საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის ავტორიტეტულ თვალსაზრისზე, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენენ ცნობილ რელიგიას“ (კურსივი ჩვენია).

      20 იანვარს გიორგიადისი მივიდა ნავპლიონის სასწავლო ნაწილში, სადაც დაუყოვნებლივ ჩასვეს გამოსასწორებელ საკანში. მოგვიანებით ის ავლონის სამხედრო ციხეში გადაიყვანეს.

      1992 წლის 16 მარტს ათენის სამხედრო სასამართლომ გაამართლა გიორგიადისი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საბერძნეთში სამხედრო სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად ცნობილ რელიგიად აღიარა. ავლონის სამხედრო ციხის უფროსმა მაშინვე გაათავისუფლა ის, მაგრამ უბრძანა 4 აპრილს ისევ გამოცხადებულიყო მოვალეობის მოსახდელად ნავპლიონის გამწვევ პუნქტში. იმ დღეს გიორგიადისმა ისევ განაცხადა უარი ჯარში წასვლაზე და მას ისევ დასდეს ბრალი დაუმორჩილებლობაში, მეორედ დააპატიმრეს და საქმე სასამართლოს გადასცეს.

      1992 წლის 8 მაისს ათენის სამხედრო სასამართლომ გაამართლა ის ამ ახალი ბრალდებისგან, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მას არავითარი კომპენსირება არ გადაეხდებოდა დაპატიმრებისთვის. გიორგიადისი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ავლონის სამხედრო ციხიდან, მაგრამ ებრძანა მესამედ გამოცხადებულიყო 1992 წლის 22 მაისს მოვალეობის მოსახდელად ნავპლიონის გამწვევ პუნქტში. მან ისევ უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე და ამჯერად ის მესამედ დაადანაშაულეს დაუმორჩილებლობაში და დაატუსაღეს.

      1992 წლის 7 ივლისს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1991 წლის სექტემბრის განაჩენი იმის საფუძველზე, რომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად მიეკუთვნებიან ცნობილ რელიგიას. საბოლოოდ, 1992 წლის 27 ივლისს გიორგიადისი გაათავისუფლეს თესალონიკის სამხედრო ციხიდან. თესალონიკის სამხედრო სასამართლომ 1992 წლის 10 სექტემბერს გაამართლა ის, მაგრამ თქვა, რომ გიორგიადისს არ მიეცემოდა ფულადი კომპენსაცია, რადგან, როგორც ამბობდნენ, მისი დაპატიმრების მიზეზი ისევ ‘მისი დიდი დაუდევრობა’ იყო.

      ფართო გამოხმაურება

      გიორგიადისის საქმესთან დაკავშირებულ განხილვაში ევროპის პარლამენტმა განაცხადა: „ეს სიტუაცია წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ მსახურთა დისკრიმინაციას, რაც შეეხება თანასწორუფლებიან მოპყრობას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს“.

      1992 წლის თებერვალში საერთაშორისო ამნისტიამ განაცხადა, რომ „მისი აზრით, [ანასტასიოს გიორგიადისი] დაპატიმრებული იყო მხოლოდ დისკრიმინაციის გამო, რომელიც სამხედრო წარმომადგენლებს ჰქონდათ იეჰოვას მოწმე მსახურთა მიმართ, და ის მოითხოვს მის, როგორც სინდისის გამო პატიმრის, დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას“.

      გიორგიადისის საქმის ერთ-ერთი განხილვის მონაწილე სამხედრო პროკურორიც კი აღძრული იყო, რომ ეთქვა: „საზოგადოების კულტურული განვითარების დონე ვლინდება იმაში, თუ როგორ უმკლავდება გარკვეულ სიტუაციებს, რომლებიც მის მოქალაქეებს ეხებათ. თუ აქ, საბერძნეთში, გვსურს, რომ ჩვენი კულტურული განვითარება შეესაბამებოდეს ევროპის სტანდარტებს, და თუ გვსურს წინსვლა, ჩვენ უნდა მივყვეთ საერთაშორისო წესებს და მოვიცილოთ მიკერძოება. მოქალაქეების პიროვნული უფლებების პატივისცემა წარმოადგენს იმ მხარეს, რომელშიც ეს ყველაზე აშკარად ვლინდება. მაგრამ, სინამდვილეში, მომხდარი მოვლენები და ადმინისტრაციის ტაქტიკა ნათლად ავლენს მიკერძოებას და რელიგიურ მოუთმენლობას, რომელიც გაბატონებულია მცირე რელიგიების წინააღმდეგ. ეს საქმეც, რომელსაც განვიხილავთ, აღმაშფოთებელია“.

      იენ უაიტი, ევროპის პარლამენტის წევრი ბრისტოლიდან (ინგლისი), წერდა: „ის აზრი, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგია არ მიეკუთვნება ‘ცნობილ რელიგიებს’, ამ ოლქში მრავალ ადამიანში გამოიწვევდა ღიმილს. მართალია, მათი რაოდენობა შედარებით მცირეა, მაგრამ მოწმეებს ძალიან კარგად იცნობენ ამ სახელმწიფოში, რადგან ისინი ხშირად დადიან კარდაკარ“. საბერძნეთში 26 000-ზე მეტი მოწმე ქადაგებს და ამიტომ შეუძლებელია, ისინი ‘უცნობი რელიგიის’ სახელს ატარებდნენ!

      ევროპის პარლამენტის ათმა წევრმა ჯგუფური წერილი დაწერა, სადაც გამოხატული იყო მათი აღშფოთება გიორგიადისის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნული იყო, რომ ისინი „ძალიან განცვიფრებულები არიან და გული შესტკივათ“ საბერძნეთში ადამიანთა უფლებების ამგვარი შელახვის გამო.

      აპელაციით მიმართვა ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში

      გამართლებისა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რელიგიური დისკრიმინაციის სამივე მსხვერპლმა, ეთიკიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად იგრძნო, მიემართათ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში. საჩივრის საფუძველი იყო მათი უსამართლოდ დაპატიმრება, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა, და ის სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვა-წამება, რომელიც მათ გამოიარეს, აგრეთვე დიდი მორალური და სოციალური ზარალი, რომელიც გამოიწვია მათი თავისუფლების რამდენჯერმე აღკვეთამ დიდი ხნით. ამ მიზეზებით ისინი მოითხოვდნენ კანონიერ, სათანადო ფულად კომპენსაციას.

      ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ცირლისისა და კულუმბასის შემთხვევაში შეილახა მათი უფლებები თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათი დაპატიმრება იყო არაკანონიერი, მათ აქვთ უფლება ფულადი კომპენსაციის მიღებაზე და ტრიბუნალზე მათი საქმის მოსმენის დროს მიკერძოებას ჰქონდა ადგილი. კომისიამ მსგავსი დასკვნა გამოიტანა გიორგიადისის საქმეში.

      უსამართლობა გამოსწორებულია

      საქმის განხილვა დაინიშნა 1997 წლის 21 იანვარს. სასამართლოს დარბაზში შეკრებილთა შორის იყვნენ: ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები, ჟურნალისტები და იეჰოვას მრავალი მოწმე საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან.

      ბ-მა პანოს ბიცახისმა, მოწმეების ადვოკატმა, ილაპარაკა „საბერძნეთის ხელისუფლების უდრეკ და ჯიუტ პოზიციაზე, არ აღიაროს ერთი რელიგიური უმცირესობის არსებობა“, კერძოდ კი იეჰოვას მოწმეების არსებობა. მან დაგმო საბერძნეთის ზემდგომი ორგანოების მოქმედება იმის გამო, რომ თავიანთი ოფიციალური თვალსაზრისი მოწმეების შესახებ ჩამოიყალიბეს მათი მთავარი ოპონენტის — ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის — შეხედულებებზე! მან განაგრძო: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“ მან აგრეთვე ისაუბრა „გარკვეული რელიგიური ჯგუფის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, რაც აბსურდული ჩანს, თუ გესმის, რომ ასეთი მოქმედება პირდაპირ, აშკარად და უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგება კანონიერებას, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს რამდენიმე ათეულ გადაწყვეტილებას“.

      საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაამტკიცა საბერძნეთის ზემდგომი ორგანოების მიკერძოებული პოზიცია და განაცხადა: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბერძნეთის თითქმის მთელი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ამის შედეგი ისაა, რომ ამ ეკლესიის ორგანიზაცია, მისი მსახურების სტატუსი და ეკლესიაში მათი როლი საკმაოდ ცნობილია. . . იეჰოვას მოწმეების ეკლესიის მსახურთა სტატუსი კი ბოლომდე ცნობილი არაა“. ეს იყო საბერძნეთში რელიგიური უმცირესობებისადმი ცუდი მოპყრობის მართლაც აღმაშფოთებელი აღიარება.

      დაცულია რელიგიური თავისუფლება

      სასამართლო განაჩენი გამოცხადდა 29 მაისს. სასამართლო პალატის პრეზიდენტმა, ბ-მა როლფ რუსდალმა, გადაწყვეტილება წაიკითხა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლომ ერთხმად გამოაცხადა, რომ საბერძნეთმა დაარღვია ევროპის კონვენციის მე-5 და მე-6 პუნქტები. მან აგრეთვე გადასცა მომჩივნებს დაახლოებით 72 000 ამერიკული დოლარი კომპენსაციისა და ხარჯებისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებაში ჩართული იყო საყურადღებო არგუმენტები რელიგიური თავისუფლების სასარგებლოდ.

      სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო ორგანოებმა აღმაშფოთებლად უგულებელყვეს“ ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები აღიარებული არიან „ცნობილ რელიგიად“ საბერძნეთში, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილებების თანახმად. შემდეგ ის ამბობდა: «სათანადო ორგანოების დაჟინებულობას, არ ეღიარებინათ იეჰოვას მოწმეები „ცნობილ რელიგიად“, და თავისუფლებასთან დაკავშირებით მომჩივნების უფლებების მიმართ უპატივცემლობას დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდა, თუ შევადარებთ იმ მოქმედებასთან, როცა ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს ათავისუფლებენ“.

      ეს შემთხვევა ფართოდ გახმაურდა საბერძნეთის საინფორმაციო საშუალებებში. „ათენის ახალმა ამბებმა“ (Athens News) განაცხადა: „ე[ვროპის] სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მოთხოვნით მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთი“. მიღებული გადაწყვეტილება საქმეში „ცირლისი, კულუმბასი და გიორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ იძლევა იმედს, რომ საბერძნეთის სახელმწიფო თავის კანონმდებლობას შეუსაბამებს ევროპის სასამართლოს განაჩენს და შედეგად იეჰოვას მოწმეებს საბერძნეთში ექნებათ რელიგიური თავისუფლება, ადმინისტრაციის, სამხედრო აპარატის ან ეკლესიის ჩარევის გარეშე. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი განაჩენია, რომელიც ევროპის სასამართლომ საბერძნეთის სასამართლო სისტემის წინააღმდეგ გამოიტანა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებითa.

      იეჰოვას მოწმეები აფასებენ თავიანთ თავისუფლებას და ცდილობენ მის გამოყენებას ღვთის მსახურებაში და სხვებისთვის დახმარების აღმოჩენაში. სამმა რელიგიურმა მსახურმა მოწმემ თავიანთი სარჩელი ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში შეიტანა არა მატერიალური გამორჩენის მიზნით, არამედ მხოლოდ მორალური და ეთიკური მიზნებით. ამიტომ სამივემ გადაწყვიტა, მათთვის გადაცემული კომპენსაცია სრულიად გამოეყენებინათ იეჰოვას მოწმეების საგანმანათლებლო საქმის წინ წასაწევად.

  • ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
    • ანასტასიოს და კულა გიორგიადისები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება