საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
    • უსამართლოდ დაპატიმრებულნი

      იმ კანონის თანახმად 1989 წლის ბოლოსა და 1990 წლის დასაწყისში ქრისტიანი იეჰოვას მოწმეების საბერძნეთის „ცენტრალური კრების“ მიერ დანიშნულმა მსახურებმა, დიმიტრიოს ცირლისმა და ტიმოთეიოს კულუმბასმა თავიანთ სამხედრო კომისარიატებში შეიტანეს განცხადებები სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. განცხადებებს თან დაურთეს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ისინი აქტიური რელიგიური მსახურები იყვნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ის განცხადებები არ მიიღეს ვითომ იმის საფუძველზე, რომ იეჰოვას მოწმეები არ მიეკუთვნებოდნენ „ცნობილ რელიგიას“.

      ძმები ცირლისი და კულუმბასი გადასცეს სამხედრო მომზადების შესაბამის ნაწილებს, დააკავეს, ბრალი დასდეს დაუმორჩილებლობაში და დაატუსაღეს. ამავე დროს, ეროვნული დაცვის გენერალურმა სამმართველომ არ მიიღო მათი განცხადებები, რომლებიც კომისარიატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა. სამხედრო ორგანოებმა არგუმენტად გამოიყენეს ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეტყობინება, რომ იეჰოვას მოწმეების სარწმუნოება არ წარმოადგენს აღიარებულ რელიგიას! ეს ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე სამოქალაქო სასამართლოს დადგენილებებს, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად წარმოადგენენ ცნობილ რელიგიას.

      სამხედრო სასამართლომ კი, თავის მხრივ, ცირლისი და კულუმბასი დაადანაშაულა დაუმორჩილებლობაში და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ორმა ძმამ ეს გადაწყვეტილებები სამხედრო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო საჩივრის განხილვა სამჯერ გადაიდო. და მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის კანონი მომჩივნებს დროებით ათავისუფლებს, სამხედრო სააპელაციო სასამართლომ ყველა შემთხვევაში უარი თქვა მომჩივნების ციხიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაცემაზე.

      ამავე დროს, სხვა საქმის განხილვისას, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა ეროვნული დაცვის გენერალური სამმართველოს გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად მიეკუთვნებიან ცნობილ რელიგიას.

      თხუთმეტი თვის განმავლობაში ცირლისსა და კულუმბასს მოუწიათ ავლონის სამხედრო ციხეში ყოფნა, რომლის დროსაც მათ და სხვა მოწმეებს უკიდურესად არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. იმ დროის ანგარიში მოიხსენიებდა „ციხის ბინძურ პირობებს, რომელშიც ცხოვრობდნენ [იეჰოვას მოწმე პატიმრები]; გაფუჭებულ ხორცსა და თაგვების კუდებს, რომლებიც საჭმელში ხვდებოდათ; მონახულების საათების შემცირებას ადმინისტრაციის პირადი ჟინით; მრავალი პატიმრით გადატენილ საკნებში უადგილობასა და უფრო სასტიკ მოპყრობას, რაც მათ გადახდათ, როგორც სინდისის გამო დაპატიმრებულებს“.

      საბოლოოდ, სამხედრო სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ძმები ცირლისი და კულუმბასი, მაგრამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ ევალებოდა მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დაპატიმრებისთვის, რადგან „ეს დაპატიმრება მოხდა მომჩივნების დიდი დაუდევრობის გამო“. ამან წამოჭრა სამართლიანი კითხვები იურიდიულ წრეებში: „ვინ იყო პასუხისმგებელი ამ დიდი დაუდევრობისთვის? მოწმეები თუ სამხედრო სასამართლოები?“

      ძმები მაშინვე გამოუშვეს ციხიდან და, ბოლოს, გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან რელიგიურ მსახურებად ყოფნის საფუძველზე. გათავისუფლების შემდეგ საერთაშორისო ამნისტიამ გამოაცხადა, რომ სიხარულით შეხვდა დიმიტრიოს ცირლისისა და ტიმოთეიოს კულუმბასის გათავისუფლებას, და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში იეჰოვას მოწმეებს აღარ გამოიძახებდნენ სამხედრო მსახურებისთვის საბერძნეთის კანონით გათვალისწინებული პირობების თანახმად. მაგრამ ეს იმედები მალე გაცრუვდა.

  • ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
    • აპელაციით მიმართვა ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში

      გამართლებისა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რელიგიური დისკრიმინაციის სამივე მსხვერპლმა, ეთიკიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად იგრძნო, მიემართათ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში. საჩივრის საფუძველი იყო მათი უსამართლოდ დაპატიმრება, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა, და ის სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვა-წამება, რომელიც მათ გამოიარეს, აგრეთვე დიდი მორალური და სოციალური ზარალი, რომელიც გამოიწვია მათი თავისუფლების რამდენჯერმე აღკვეთამ დიდი ხნით. ამ მიზეზებით ისინი მოითხოვდნენ კანონიერ, სათანადო ფულად კომპენსაციას.

      ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ცირლისისა და კულუმბასის შემთხვევაში შეილახა მათი უფლებები თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათი დაპატიმრება იყო არაკანონიერი, მათ აქვთ უფლება ფულადი კომპენსაციის მიღებაზე და ტრიბუნალზე მათი საქმის მოსმენის დროს მიკერძოებას ჰქონდა ადგილი. კომისიამ მსგავსი დასკვნა გამოიტანა გიორგიადისის საქმეში.

      უსამართლობა გამოსწორებულია

      საქმის განხილვა დაინიშნა 1997 წლის 21 იანვარს. სასამართლოს დარბაზში შეკრებილთა შორის იყვნენ: ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები, ჟურნალისტები და იეჰოვას მრავალი მოწმე საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან.

      ბ-მა პანოს ბიცახისმა, მოწმეების ადვოკატმა, ილაპარაკა „საბერძნეთის ხელისუფლების უდრეკ და ჯიუტ პოზიციაზე, არ აღიაროს ერთი რელიგიური უმცირესობის არსებობა“, კერძოდ კი იეჰოვას მოწმეების არსებობა. მან დაგმო საბერძნეთის ზემდგომი ორგანოების მოქმედება იმის გამო, რომ თავიანთი ოფიციალური თვალსაზრისი მოწმეების შესახებ ჩამოიყალიბეს მათი მთავარი ოპონენტის — ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის — შეხედულებებზე! მან განაგრძო: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“ მან აგრეთვე ისაუბრა „გარკვეული რელიგიური ჯგუფის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, რაც აბსურდული ჩანს, თუ გესმის, რომ ასეთი მოქმედება პირდაპირ, აშკარად და უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგება კანონიერებას, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს რამდენიმე ათეულ გადაწყვეტილებას“.

      საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაამტკიცა საბერძნეთის ზემდგომი ორგანოების მიკერძოებული პოზიცია და განაცხადა: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბერძნეთის თითქმის მთელი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ამის შედეგი ისაა, რომ ამ ეკლესიის ორგანიზაცია, მისი მსახურების სტატუსი და ეკლესიაში მათი როლი საკმაოდ ცნობილია. . . იეჰოვას მოწმეების ეკლესიის მსახურთა სტატუსი კი ბოლომდე ცნობილი არაა“. ეს იყო საბერძნეთში რელიგიური უმცირესობებისადმი ცუდი მოპყრობის მართლაც აღმაშფოთებელი აღიარება.

      დაცულია რელიგიური თავისუფლება

      სასამართლო განაჩენი გამოცხადდა 29 მაისს. სასამართლო პალატის პრეზიდენტმა, ბ-მა როლფ რუსდალმა, გადაწყვეტილება წაიკითხა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლომ ერთხმად გამოაცხადა, რომ საბერძნეთმა დაარღვია ევროპის კონვენციის მე-5 და მე-6 პუნქტები. მან აგრეთვე გადასცა მომჩივნებს დაახლოებით 72 000 ამერიკული დოლარი კომპენსაციისა და ხარჯებისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებაში ჩართული იყო საყურადღებო არგუმენტები რელიგიური თავისუფლების სასარგებლოდ.

      სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო ორგანოებმა აღმაშფოთებლად უგულებელყვეს“ ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები აღიარებული არიან „ცნობილ რელიგიად“ საბერძნეთში, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილებების თანახმად. შემდეგ ის ამბობდა: «სათანადო ორგანოების დაჟინებულობას, არ ეღიარებინათ იეჰოვას მოწმეები „ცნობილ რელიგიად“, და თავისუფლებასთან დაკავშირებით მომჩივნების უფლებების მიმართ უპატივცემლობას დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდა, თუ შევადარებთ იმ მოქმედებასთან, როცა ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს ათავისუფლებენ“.

      ეს შემთხვევა ფართოდ გახმაურდა საბერძნეთის საინფორმაციო საშუალებებში. „ათენის ახალმა ამბებმა“ (Athens News) განაცხადა: „ე[ვროპის] სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მოთხოვნით მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთი“. მიღებული გადაწყვეტილება საქმეში „ცირლისი, კულუმბასი და გიორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ იძლევა იმედს, რომ საბერძნეთის სახელმწიფო თავის კანონმდებლობას შეუსაბამებს ევროპის სასამართლოს განაჩენს და შედეგად იეჰოვას მოწმეებს საბერძნეთში ექნებათ რელიგიური თავისუფლება, ადმინისტრაციის, სამხედრო აპარატის ან ეკლესიის ჩარევის გარეშე. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი განაჩენია, რომელიც ევროპის სასამართლომ საბერძნეთის სასამართლო სისტემის წინააღმდეგ გამოიტანა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებითa.

      იეჰოვას მოწმეები აფასებენ თავიანთ თავისუფლებას და ცდილობენ მის გამოყენებას ღვთის მსახურებაში და სხვებისთვის დახმარების აღმოჩენაში. სამმა რელიგიურმა მსახურმა მოწმემ თავიანთი სარჩელი ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში შეიტანა არა მატერიალური გამორჩენის მიზნით, არამედ მხოლოდ მორალური და ეთიკური მიზნებით. ამიტომ სამივემ გადაწყვიტა, მათთვის გადაცემული კომპენსაცია სრულიად გამოეყენებინათ იეჰოვას მოწმეების საგანმანათლებლო საქმის წინ წასაწევად.

  • ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
    • ტიმოთეიოს და ნავსიკა კულუმბასები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება