საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოერიდეთ ურწმუნოებას
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • მოერიდეთ ურწმუნოებას

      „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელთა 3:12).

      1. რა შემზარავ რეალობაზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ებრაელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიწერილი სიტყვები?

      რა შემზარავი აზრია — ადამიანებს, რომლებსაც ერთ დროს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდათ, შეიძლებოდა განვითარებოდათ „ბოროტი. . . გული“ და ‘განდგომოდნენ ცოცხალ ღმერთს’! რამდენად გამომაფხიზლებელი სიტყვებია! პავლე ამ სიტყვებით მიმართავდა არა ურწმუნოებს, არამედ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე იეჰოვას მიუძღვნეს.

      2. რა კითხვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

      2 როგორ შეიძლებოდა, რომ მსგავს სულიერად კურთხეულ მდგომარეობაში ვინმეს ოდესმე „ბოროტი და ურწმუნო გული“ განევითარებინა? მართლაც, როგორ შეიძლებოდა, რომ ადამიანი, რომელმაც ღვთის სიყვარული და მადლი იგემა, განდგომოდა ღმერთს? და შეიძლებოდა თუ არა, ეს რომელიმე ჩვენგანს შემთხვეოდა? ეს აზრები გამომაფხიზლებელია და გვავალდებულებს გავიგოთ, თუ რა არის ამ გაფრთხილების მიზეზი (1 კორინთელთა 10:11).

      რისთვის იყო საჭირო ასე მკაცრი დარიგება?

      3. აღწერეთ პირველ საუკუნეში იერუსალიმსა და მის შემოგარენში არსებული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენდა ქრისტიანებზე.

      3 როგორც ჩანს, პავლემ ეს წერილი იუდეაში მყოფ ქრისტიანებს ახ. წ. 61 წელს მისწერა. ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ეს იყო დრო, როდესაც „იერუსალიმსა და მთელ მის პროვინციებში ვერც ერთი საღად მოაზროვნე, პატიოსანი ადამიანი ვერ იპოვიდა მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ეს იყო უკანონობისა და ძალადობის დრო, რომელიც გამოწვეული იყო რომაელთა ჯარების სისასტიკით, მათი მოწინააღმდეგე იუდეველი ფანატიკოსების გამომწვევი გულადობითა და ქურდების ბოროტმოქმედებით, რომლებიც არსებული არეულობით სარგებლობდნენ. ყოველივე ეს ძალიან ართულებდა ქრისტიანების ცხოვრებას, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა არ ჩარეულიყვნენ მსგავს საქმეებში (1 ტიმოთე 2:1, 2). ნეიტრალური პოზიციის გამო ზოგი მათ საზოგადოებისთვის უვარგისებად და მეამბოხეებადაც კი მიიჩნევდა. ქრისტიანებს ხშირად ცუდად ეპყრობოდნენ, ხოლო ბევრმა მათგანმა დიდი დანაკარგი განიცადა (ებრაელთა 10:32–34).

      4. რა რელიგიური ხასიათის გავლენას განიცდიდნენ ებრაელი ქრისტიანები?

      4 ებრაელი ქრისტიანები რელიგიური ხასიათის ინტენსიურ გავლენასაც განიცდიდნენ. იესოს ერთგული მოწაფეების გულმოდგინებამ და, შედეგად, ქრისტიანული კრებების სწრაფმა ზრდამ იუდეველთა, განსაკუთრებით კი რელიგიურ წინამძღოლთა, შური და რისხვა გამოიწვია. ისინი არაფრის წინაშე არ იხევდნენ უკან და ყოველნაირად ავიწროებდნენ და დევნიდნენ იესო ქრისტეს მიმდევრებსa (საქმეები 6:8–14; 21:27–30; 23:12, 13; 24:1–9). მაშინაც კი, თუ ზოგი ქრისტიანი დევნას გადაურჩებოდა, მაინც იუდეველთა აბუჩად აგდებისა და დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ქრისტიანობას გუშინ წარმოქმნილ რელიგიად მიიჩნევდნენ და სძულდათ, რადგან ის არ გამოირჩეოდა იუდაიზმისმაგვარი ბრწყინვალებით, არ ჰქონდა ტაძარი, არ ჰყავდა სამღვდელოება, არ ჰქონდა არავითარი ზეიმი, არც მსხვერპლშეწირვა და სხვა მსგავსი რამეები. მათი წინამძღოლიც კი, იესო, ბოროტმოქმედივით მოკლეს. თავის რელიგიას რომ მიჰყოლოდა, ქრისტიანს რწმენა, ვაჟკაცობა და ამტანობა ესაჭიროებოდა.

      5. რატომ იყო მნიშვნელოვანი სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება იუდეაში მყოფი ქრისტიანებისთვის?

      5 ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იუდეაში მცხოვრები ქრისტიანი ებრაელები თავიანთი ერისთვის გადამწყვეტ ისტორიულ პერიოდში ცხოვრობდნენ. მრავალი რამ, რაც მათმა უფალმა, იესო ქრისტემ, იუდეველთა სისტემის აღსასრულის აღმნიშვნელად მოიყვანა, უკვე შესრულდა. აღსასრული შორს არ იყო. გადარჩენისთვის საჭირო იყო, რომ ქრისტიანებს სულიერი სიფხიზლე შეენარჩუნებინათ და მზად ყოფილიყვნენ, ‘მთებისთვის მიეშურებინათ’ (მათე 24:6, 15, 16). ექნებოდათ მათ ისეთი რწმენა და სიმტკიცე, რომელიც საჭირო იყო იესოს მითითებისამებრ დაუყოვნებელი მოქმედებისთვის? ამ მხრივ, როგორც ჩანს, ეჭვები გაჩნდა.

      6. რა სჭირდებოდათ აუცილებლად იუდეაში მყოფ ქრისტიანებს?

      6 იუდეველთა მთელი სისტემის განადგურებამდე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ებრაელი ქრისტიანები აშკარა სირთულეებს აწყდებოდნენ როგორც კრების შიგნით, ისე გარეთ. მათ გამხნევება სჭირდებოდათ. მაგრამ, გარდა ამისა, მათ რჩევა და მითითებაც სჭირდებოდათ, რათა დაენახათ, რომ მათ მიერ არჩეული კურსი სწორი იყო და ამაოდ არ იტანჯებოდნენ და იტანდნენ სირთულეებს. საბედნიეროდ, პავლემ იზრუნა პრობლების გადაჭრაზე და დახმარება აღმოუჩინა მათ.

      7. რატომ უნდა დაგვაინტერესოს, თუ რა მისწერა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს?

      7 პავლეს წერილი ებრაელ ქრისტიანთა მიმართ ჩვენთვისაც ძალზე საინტერესო უნდა იყოს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც ძალიან ჰგავს მათსას. ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით სატანის წუთისოფლის გავლენას (1 იოანე 5:19). ჩვენ თვალწინ სრულდება იესოსა და მისი მოციქულების წინასწარმეტყველება უკანასკნელი დღეებისა და „წუთისოფლის აღსასრულის“ შესახებ (მათე 24:3–14;2 პეტრე 3:3, 4; 2 ტიმოთე 3:1–5; გამოცხადება 6:1–8). ყველაფერზე მეტად საჭიროა შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე, რათა ‘შეგვეძლოს ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა’ (ლუკა 21:36).

      მოსეზე დიდი

      8. რისკენ მოუწოდებდა პავლე თანამორწმუნეებს, ებრაელთა 3:1-ის თანახმად?

      8 პავლე თავის წერილში ერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიხსენიებს: „დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს“ (ებრაელთა 3:1). „დაკვირვება“ ნიშნავს „ნათლად დანახვას. . . ბოლომდე გაგებას, გულდასმით აწონ-დაწონას“ („ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ [Expository Dictionary of Old and New Testament Words]). ამგვარად, პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ყოველი ღონე ეხმარათ, რათა ნამდვილად დაეფასებინათ რწმენასა და ხსნაში იესოს როლი. ეს განამტკიცებდა მათ გადაწყვეტილებას — მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. მაშ, რა როლი შეასრულა იესომ და რატომ უნდა ‘დავუკვირდეთ’ მას?

      9. რატომ ლაპარაკობდა პავლე იესოზე, როგორც „მოციქულსა“ და ‘მღვდელმთავარზე’?

      9 პავლემ იესოს ‘მოციქული’ და ‘მღვდელმთავარი’ უწოდა. „მოციქული“ არის პიროვნება, ვისაც აგზავნიან, და აქ ის კაცობრიობასთან ღვთის მიერ კავშირის დასამყარებლად გამოსაყენებელ საშუალებაზე მიუთითებს. „მღვდელმთავარი“ არის ის, ვისი მეშვეობითაც ადამიანები ღმერთს მიმართავენ. ეს ორი საშუალება ძალზე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და იესო წარმოადგენს ამ ორივეს განსახიერებას. ის არის ზეციდან ადამიანებისთვის ღვთის შესახებ ჭეშმარიტების სასწავლებლად გამოგზავნილი (იოანე 1:18; 3:16; 14:6). იესო არის დანიშნული მღვდელმთავრადაც იეჰოვას სულიერ ტაძარში, რომელიც ცოდვების მიტევების მიზანს ემსახურება (ებრაელთა 4:14, 15; 1 იოანე 2:1, 2). თუ ნამდვილად ვაფასებთ კურთხევებს, რომლებიც შეიძლება იესოს მეშვეობით მივიღოთ, გვექნება გამბედაობა და ვიქნებით გადაწყვეტილებით აღსავსე — შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა.

      10. ა) როგორ დაეხმარა პავლე ებრაელ ქრისტიანებს, დაენახათ ქრისტიანობის იუდაიზმზე უპირატესობა? ბ) რა საყოველთაოდ გავრცელებული ჭეშმარიტება მოჰყავს პავლეს თავისი სიტყვების გასაძლიერებლად?

      10 ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად პავლე იესოს მოსეს ადარებს, რომელსაც იუდეველები წინაპრებს შორის უდიდეს წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ. თუ ებრაელი ქრისტიანები მთელი გულით ჩაეჭიდებოდნენ იმ ფაქტს, რომ იესო უფრო დიდი იყო, ვიდრე მოსე, მაშინ იუდაიზმზე ქრისტიანობის უპირატესობაში ეჭვის არავითარი მიზეზი არ ექნებოდათ. პავლე მიუთითებს, რომ, თუმცა მოსე ღვთის „სახლის“ — ისრაელი ერის, ანუ კრების, — ჩაბარების ღირსად ჩაითვალა, ის მხოლოდ ერთგული მსახური იყო (რიცხვნი 12:7). მეორე მხრივ, იესო იყო ძე, სახლის ბატონი (1 კორინთელთა 11:3; ებრაელთა 3:2, 3, 5). თავისი სიტყვების გასაძლიერებლად პავლეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება მოჰყავს: „ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). არავინ გახდიდა საკამათოს იმ საკითხს, რომ ღმერთი ყველაზე დიდია, ვინაიდან ის არის ყოველივეს მშენებელი ანუ შემოქმედი. ამიტომ ლოგიკურია, რომ, ვინაიდან იესო ღვთის თანამშრომელი იყო, ის ყველა სხვა დანარჩენ ქმნილებაზე, მათ შორის მოსეზე დიდიც უნდა ყოფილიყო (იგავნი 8:30; კოლასელთა 1:15–17).

      11, 12. რის ‘ბოლომდე მტკიცედ შენახვისკენ’ მოუწოდებდა პავლე ებრაელ ქრისტიანებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი რჩევის მიყოლა?

      11 მართლაც, ებრაელ ქრისტიანებს უაღრესად საპატიო მდგომარეობა ეჭირათ. პავლემ შეახსენა, რომ ისინი ‘ზეციური მოწოდების ზიარნი’ იყვნენ და ეს პატივი იმ ყველაფერზე მეტად უნდა დაეფასებინათ, რასაც იუდეველთა სისტემა სთავაზობდა (ებრაელთა 3:1). პავლეს სიტყვებს ცხებულ ქრისტიანებში მადლიერების გრძნობა უნდა აღეძრა იმისათვის, რომ ახალი მემკვიდრეობის მიმღებთა შორის იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ დანანებოდათ თავიანთი იუდაური მემკვიდრეობა (ფილიპელთა 3:8). პავლემ მოუწოდა მათ ჩასჭიდებოდნენ ამ უპირატესობას, ჩვეულებრივად არ ჩაეთვალათ ის. მან თქვა: „ქრისტე — [ერთგული იყო] როგორც ძე მის [ღვთის] სახლში. ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და იმედის სიამაყეს“ (ებრაელთა 3:6).

      12 დიახ, ებრაელი ქრისტიანები იუდეველთა სისტემის კარს მომდგარი აღსასრულის დროს რომ გადარჩენილიყვნენ, საჭირო იყო, ‘ბოლომდე მტკიცედ შეენახათ’ ღვთის მიერ ბოძებული იმედი. იმავეს გაკეთება გვმართებს დღეს ჩვენც, თუ გვსურს, რომ გადავრჩეთ ამ სისტემის აღსასრულისას (მათე 24:13). არ უნდა დავუშვათ, რომ ცხოვრებისეულმა საზრუნავმა, ხალხის აპათიურმა განწყობილებამ ან ჩვენმა არასრულყოფილმა მიდრეკილებებმა შეარყიოს ღვთის აღთქმებისადმი ჩვენი რწმენა (ლუკა 21:16–19). იმის გასაგებად, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის განმტკიცება, ყურადღება მივაპყროთ პავლეს შემდგომ სიტყვებს.

      „ნუ გაიქვავებთ გულებს“

      13. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს და როგორ გამოიყენა 94-ე ფსალმუნი?

      13 ებრაელი ქრისტიანების საპატიო მდგომარეობის განხილვის შემდეგ პავლემ ისინი გააფრთხილა: «როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს“» (ებრაელთა 3:7, 8). ამ შემთხვევაში პავლე ციტირებდა 94-ე ფსალმუნიდან და ამიტომ შეეძლო ეთქვა: „სულიწმიდა ამბობს“b (ფსალმუნი 94:7, 8; გამოსვლა 17:1–7). საღვთო წერილი ხომ სულიწმიდის მეშვეობითაა ღვთის მიერ შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16).

      14. როგორ გამოეხმაურნენ ისრაელები ყოველივე იმას, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა, და რატომ?

      14 ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელებს წილად ხვდათ დიდი პატივი, იეჰოვასთან კავშირში შესულიყვნენ (გამოსვლა 19:4, 5; 24:7, 8). ნაცვლად იმისა, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ ყოველივე იმისათვის, რაც ღმერთმა მათთვის გააკეთა, მალე მოჯანყე სული გამოავლინეს (რიცხვნი 13:25—14:10). როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? პავლემ შემდეგი მიზეზი მოიყვანა: მათი გულების გაქვავებით. მაგრამ როგორ შეიძლება ღვთის სიტყვისადმი მგრძნობიარე და ყურადღებიანი გული გაქვავდეს? და რა უნდა გავაკეთოთ, ეს რომ არ მოგვივიდეს?

      15. ა) როგორ ისმოდა და ისმის ‘ღვთის ხმა’ წარსულში და დღეს? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ‘ღვთის ხმასთან’ დაკავშირებით?

      15 პავლემ გაფრთხილება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როცა მოისმენთ მის ხმას“. ღმერთი თავის ხალხს ადრე მოსესა და წინასწარმეტყველების მეშვეობით ელაპარაკებოდა. შემდეგ იეჰოვა მათ თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ელაპარაკა (ებრაელთა 1:1, 2). დღეს ჩვენ დასრულებული სახით გვაქვს ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, წმინდა ბიბლია. გვყავს აგრეთვე „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც იესომ სულიერი ‘საზრდოთი დროულად’ უზრუნველსაყოფად დანიშნა (მათე 24:45–47). ამგვარად, ღმერთი კვლავ განაგრძობს ლაპარაკს. მაგრამ ვუსმენთ ჩვენ? მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ ჩაცმულობასა და ვარცხნილობასთან ან გართობასა და მუსიკასთან დაკავშირებულ რჩევებზე? ‘გვესმის’ ანუ ვამახვილებთ ყურადღებას და ვასრულებთ მოსმენილს? თუ ჩვევაში გვაქვს გავამართლოთ ჩვენი საქციელი ან არ მივიღოთ მოცემული რჩევა, გულის გაქვავების ძნელად შესამჩნევ საფრთხეში ვიგდებთ თავს.

      16. რომელ ერთ გზას დაასახელებდით, რითაც შეიძლება გული გაგვიქვავდეს?

      16 გულები შეიძლება იმანაც გაგვიქვაოს, თუ არ ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებაც შეგვიძლია და რაც უნდა გავაკეთოთ (იაკობი 4:17). მიუხედავად ყველაფრისა, რაც იეჰოვამ ისრაელებისთვის გააკეთა, მათ არ გამოავლინეს რწმენა, აუჯანყდნენ მოსეს, ირჩიეს ქანაანის შესახებ ცუდი ცნობის მომტანებისთვის მოესმინათ და არ უნდოდათ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა (რიცხვნი 14:1–4). ამიტომ იეჰოვამ მათ გამოუცხადა, რომ 40 წელს იხეტიალებდნენ უდაბნოში, ხოლო ეს დრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ იმ თაობის ურწმუნო წევრები დახოცილიყვნენ. ღმერთი განრისხდა მათზე და თქვა: „‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში’“ (ებრაელთა 3:9–11). ვხედავთ ამაში ჩვენთვის გაკვეთილს?

      გაკვეთილი ჩვენთვის

      17. რატომ გამოავლინეს ისრაელებმა ურწმუნოება, მიუხედავად იმისა, რომ დაინახეს იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები და მოისმინეს მისი სიტყვები?

      17 ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელების თაობამ საკუთარი თვალით იხილა და საკუთარი ყურით მოისმინა იეჰოვას დიდებული საქმეები და სიტყვები. მიუხედავად ამისა, მაინც არ სწამდათ, რომ ღმერთს შეეძლო მშვიდობიანად შეეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. რატომ? „ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა“, — თქვა იეჰოვამ. მათ იცოდნენ, თუ რა თქვა და რა გააკეთა იეჰოვამ, მაგრამ არ განივითარეს ნდობა მისი უნარისადმი, რომ შეეძლო მათზე ზრუნვა. ისინი იმდენად იყვნენ შეპყრობილი პირად მოთხოვნილებებსა და სურვილებზე ზრუნვით, რომ ნაკლებად ფიქრობდნენ ღვთის გზებსა და განზრახვებზე. დიახ, მათ არ ჰქონდათ ღვთის აღთქმისადმი რწმენა.

      18. პავლეს სიტყვების თანახმად, როგორი მოქმედების შედეგად ხდება ‘გული ბოროტი და ურწმუნო’?

      18 ებრაელებისთვის მიწერილი შემდეგი სიტყვები ჩვენთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელთა 3:12). პავლე საქმის არსს ძირისძირამდე ჩასწვდა და მიუთითა, რომ ‘ბოროტი და ურწმუნო გული ცოცხალი ღვთისგან განდგომის’ შედეგია. თავის წერილში, ცოტა ზემოთ, ის უყურადღებობის გამო ‘გადახვევაზე’ ლაპარაკობდა (ებრაელთა 2:1). მაგრამ ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „განდგომა“, ნიშნავს „ჩამოშორებას“ და „განდგომილების“ მონათესავე სიტყვაა. ის მიუთითებს განზრახ, შეგნებულად, წინააღმდეგობის გაწევაზე, მიტოვებასა და განზე გადგომაზე, რომელშიც სიძულვილის ელემენტებია გარეული.

      19. როგორ შეიძლება რჩევის უგულებელყოფამ სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.

      19 ამიტომ აქედან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ, თუ ‘არ მოვისმენთ მის ხმას’ — უგულებელვყოფთ რჩევას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ერთგული მონის კლასის მეშვეობით გვაძლევს — ძალიან მალე გული გაგვიქვავდება, უგრძნობი გაგვიხდება. მაგალითად, დაუქორწინებელი წყვილი შეიძლება გასცდა მიზანშეწონილი ურთიერთობის ფარგლებს. მაგრამ რა, თუ ისინი, უბრალოდ, საერთოდ უგულებელყოფენ ამ ფაქტს? იქნებიან ისინი იმისგან დაცული, რომ არ გაიმეორებენ მსგავს მოქმედებას, თუ ასეთი დამოკიდებულება მათ იმავეს გამეორებას გაუადვილებს? მსგავსად ამისა, როდესაც მონის კლასი გვირჩევს, გონივრულად ამოვირჩიოთ მუსიკა, გართობა და სხვა მსგავსი რამ, მადლიერებით ვიღებთ თუ არა ამ რჩევას და, სადაც აუცილებელია, ვახდენთ თუ არა საჭირო ცვლილებებს? პავლე მოგვიწოდებდა: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25). ამ რჩევის მიუხედავად, ზოგი დაუდევრად ეკიდება ქრისტიანულ შეხვედრებს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ზოგიერთი შეხვედრის გაცდენა ან რომელიმე შეხვედრის საერთოდ გამორიცხვა უმნიშვნელოა.

      20. რატომ არის ბიბლიურ რჩევაზე დადებითად გამოხმაურება მნიშვნელოვანი?

      20 თუ დადებითად არ ვეხმაურებით იეჰოვას „ხმას“, რომელიც ნათლად არის გადმოცემული საღვთო წერილსა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში, მალე ‘ცოცხალი ღმვთისგან განდგომილთა’ შორის აღმოვჩნდებით. რჩევის პასიური უგულებელყოფა ადვილად შეიძლება ამ რჩევის აქტიურ დამცირებაში, გაკრიტიკებასა და უკუგდებაში გადაიზარდოს. თუ ამას არ გავაკონტროლებთ, შედეგად „ბოროტი და ურწმუნო გული“ გვექნება, მისი გამოჯანსაღება კი, ჩვეულებრივ, ძალზე რთულია (შეადარეთ ეფესელთა 4:19). მართებულად შენიშნა იერემიამ: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ამიტომ პავლე ებრაელ თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: «შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით» (ებრაელთა 3:13).

      21. რისკენ მოგვიწოდებენ ყველას და რა მომავალი გველის?

      21 რა ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით დღესაც გველაპარაკება! ჩვენ მადლიერები ვართ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ კვლავაც გვეხმარება, ‘ბოლომდე მტკიცედ დავიცვათ რწმენის საწყისი’ (ებრაელთა 3:14). ახლა გვაქვს იმის დრო, რომ გამოვეხმაუროთ ღვთის სიყვარულსა და ხელმძღვანელობას. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას კიდევ ერთი შესანიშნავი აღთქმით — მის სიმშვიდეში შესვლით — ვისარგებლებთ (ებრაელთა 4:3, 10). ეს არის საკითხი, რომელზეც პავლე შემდგომ ელაპარაკა ებრაელ ქრისტიანებს და რომელიც მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • შეხვედით ღვთის სიმშვიდეში?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • შეხვედით ღვთის სიმშვიდეში?

      „ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან“ (ებრაელთა 4:10).

      1. რატომ არის დასვენება ასე სასურველი?

      სიმშვიდე. რა სასიამოვნო და საუცხოო სიტყვაა! დღეს, როდესაც სწრაფი ტემპების მქონე, დაძაბულ წუთისოფელში ვცხოვრობთ, უმეტესობა ჩვენგანი იმ აზრისაა, რომ დასვენება ძალზე სასურველია. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები შეიძლება ყოველდღიური საზრუნავით ქანცგაწყვეტილები ვიყოთ. მათთვის, ვინც ფიზიკურად შეზღუდული ან დაავადებულია, ყოველი დღე ბრძოლას წარმოადგენს. როგორც საღვთო წერილი აღნიშნავს, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). ადამიანი, რომელიც ისვენებს, სულაც არ არის ზარმაცი. დასვენება საჭიროა და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

      2. რა დროიდან ისვენებს ღმერთი?

      2 თვითონ იეჰოვა ღმერთიც ისვენებს. წიგნში „დაბადება“ ვკითხულობთ: „გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“. იეჰოვამ „მეშვიდე დღეს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, ვინაიდან მის მიერ შთაგონებულ ცნობაში შემდგომ ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი“ (დაბადება 2:1–3).

      დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან

      3. რა არ შეიძლება, იყოს ღვთის დასვენების მიზეზი?

      3 რატომ დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“? რა თქმა უნდა, ის არ დაღლილა. იეჰოვა ‘ძალამოსილია’ და „არ იღლება და არ იქანცება“ (ესაია 40:26, 28). ღმერთს დასვენება არც შესვენების ან ჩვეული ტემპის შეცვლისთვის სჭირდება, ვინაიდან იესომ გვითხრა: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“ (იოანე 5:17). „ღმერთი არის სული“ და არ არის შეზღუდული ორგანიზმში არსებული ციკლებითა და ფიზიკური ქმნილებების მოთხოვნილებებით (იოანე 4:24).

      4. რით განსხვავდებოდა ‘მეშვიდე დღე’ წინა ექვსისგან?

      4 როგორ შეგვიძლია გარკვეულწილად ჩავწვდეთ „მეშვიდე დღეს“ ღვთის დასვენების მიზეზს? თუმცა ღმერთს დიდი სიამოვნება მოჰგვარა ექვსი ხანგრძლივი შემოქმედებითი ‘დღის‘ განმავლობაში შესრულებულმა სამუშაომ, მან განსაკუთრებით ‘მეშვიდე დღე’ აკურთხა და ‘წმინდად’ გამოაცხადა. ერთ-ერთი ლექსიკონი „წმინდას“ შემდეგნაირად განმარტავს: „მხოლოდ (ღვთისთვის ან რაიმე რელიგიური მიზნისთვის) მიძღვნილი ან შესაფერისი“ (Concise Oxford Dictionary). ამგვარად, იეჰოვას მიერ ‘მეშვიდე დღის’ კურთხევა და წმინდად გამოცხადება მიუთითებს, რომ ეს დღე და ამ დროს ‘დასვენება’ როგორღაც დაკავშირებული უნდა იყოს იეჰოვას წმინდა ნებასა და განზრახვებთან და არა მის რაიმე პირად საჭიროებასთან. რა კავშირია ეს?

      5. რა მოიყვანა მოქმედებაში ღმერთმა პირველი ექვსი შემოქმედებითი ‘დღის’ განმავლობაში?

      5 წინა ექვსი შემოქმედებითი ‘დღის’ განმავლობაში ღმერთმა შექმნა და მოქმედებაში მოიყვანა ყველა ციკლი და კანონი, რომლებიც მართავს დედამიწასა და ყველაფერს მის გარშემო. დღეს მეცნიერები სწავლობენ, თუ რა შესანიშნავადაა ყოველივე ეს მოწყობილი. ‘მეექვსე დღის’ მიწურულს ღმერთმა შექმნა პირველი წყვილი და „ედემში, აღმოსავლეთში“, დაასახლა ისინი. ბოლოს ღმერთმა შემდეგი წინასწარმეტყველური სიტყვებით გამოაცხადა თავისი განზრახვა ადამიანთა ოჯახებსა და დედამიწასთან დაკავშირებით: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28, 31; 2:8).

      6. ა) რას გრძნობდა ღმერთი ‘მეექვსე დღის’ მიწურულს თავის შემოქმედებით ნამუშევართან დაკავშირებით? ბ) რა გაგებით არის ‘მეშვიდე დღე’ წმინდა?

      6 ‘მეექვსე [შემოქმედებითი] დღის’ მიწურულს, ცნობის თანახმად, „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღმერთი თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი იყო. ამგვარად, მან დაისვენა, ანუ გაჩერდა, და დედამიწასთან დაკავშირებით არ განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა. იმ დროს სამოთხის სრულყოფილი და საუცხოო ბაღი მხოლოდ პატარა ტერიტორიას იკავებდა და დედამიწაზეც მხოლოდ ორი ადამიანი სახლობდა. დედამიწისა და ადამიანთა ოჯახების მიმართ ღვთის განზრახვის შესრულებას დრო სჭირდებოდა. ამ მიზნისთვის მან გამოყო ‘მეშვიდე დღე’, რაც წინა ექვსი ‘დღის’ განმავლობაში შექმნილ ყველა ქმნილებას მისი წმინდა ნების თანახმად განვითარების საშუალებას მისცემდა (შეადარეთ ეფესელთა 1:11). ‘მეშვიდე დღის’ მიწურულისთვის მთელი დედამიწა სრულყოფილ ადამიანთა ოჯახებით დასახლებული სამოთხე იქნება (ესაია 45:18). ‘მეშვიდე დღე’ გამოყოფილი, ანუ მიძღვნილია, დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ ღვთის ნების შესასრულებლად. ამ გაგებით არის ის ‘წმინდა’.

      7. ა) რა მხრივ დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“? ბ) როგორ წარიმართება მოვლენები ‘მეშვიდე დღის’ დასასრულისთვის?

      7 ამგვარად, ღმერთმა „მეშვიდე დღეს“ დაისვენა თავისი შემოქმედებითი საქმეებისგან. ასე ვთქვათ, ის განზე გადგა და საშუალება მისცა მოქმედებაში მოყვანილ სისტემას, აღებული კურსით განეგრძო გზა. ის აბსოლუტურად არის დარწმუნებული, რომ ‘მეშვიდე დღის’ ბოლოსთვის ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თავად განიზრახა. დაბრკოლებებიც რომ გაჩნდეს, გადაილახება. ღვთის ნების ბოლომდე შესრულებას მთელ მორჩილ კაცობრიობაზე კეთილისმყოფელი გავლენა ექნება. ვერაფერი დააბრკოლებს ამას, რადგან ღმერთმა აკურთხა ‘მეშვიდე დღე’ და „წმიდაჰყო“ იგი. რა დიდებული პერსპექტივაა მორჩილი კაცობრიობისთვის!

      ისრაელები ვერ შევიდნენ ღვთის სიმშვიდეში

      8. როდის და როგორ დაიწყეს ისრაელებმა შაბათის დაცვა?

      8 ებრაელ ერს იეჰოვამ დაუდგინა მუშაობისა და დასვენების ნორმები. სინაის მთაზე რჯულის მიცემამდეც კი ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს უთხრა: „გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს; ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს“. შედეგად, „უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს“ (გამოსვლა 16:22–30).

      9. რატომ იყო ისრაელებისთვის შაბათის შესახებ კანონი სასიამოვნო ცვლილება?

      9 ეს ღონისძიება ახალი იყო ისრაელებისთვის, რომლებიც სულ ახლახან გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელები და სხვა ხალხებიც დროს 5—10 დღიან პერიოდებად ყოფდნენ, საეჭვოა, რომ დამონებული ისრალებისთვის ნებადართული ყოფილიყო, ჰქონოდათ დასვენების დღე (შეადარეთ გამოსვლა 5:1–9). ამიტომ გონივრულია დავასკვნათ, რომ ებრაელი ხალხი დიდი სიამოვნებით შეხვდა ამ ცვლილებას. ისინი შაბათის შესახებ მოთხოვნას ტვირთად ან შეზღუდვად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ, ალბათ, სიამოვნებით იცავდნენ მას. ღმერთმა მოგვიანებით ისრაელებს უთხრა, რომ შაბათ დღეს მათთვის ეგვიპტეში მონობა და მისგან გათავისუფლება უნდა შეეხსენებინა (მეორე რჯული 5:15).

      10, 11. ა) რის მიღება შეეძლოთ ისრაელებს მორჩილების გამოვლენის შემთხვევაში? ბ) რატომ ვერ შევიდნენ ისრაელები ღვთის სიმშვიდეში?

      10 თუ ეგვიპტიდან მოსესთან ერთად გამოსული ისრაელები მორჩილებას გამოავლენდნენ, შევიდოდნენ აღთქმულ ‘ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინებოდა თაფლი და რძე’ (გამოსვლა 3:8). იქ ისინი ნამდვილად დაისვენებდნენ არა მარტო შაბათს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში (მეორე რჯული 12:9, 10). მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მათ შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო“ (ებრაელთა 3:16–19).

      11 რა მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენთვის! იეჰოვასადმი რწმენის უქონლობის გამო იმ მოდგმამ ვერ მიიღო აღთქმული სიმშვიდე. ნაცვლად ამისა, ისინი უდაბნოში დაიხოცნენ. მათ ვერ დაინახეს, რომ, როგორც აბრაამის შთამომავლები, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ღვთის ნებასთან — ეკურთხებინა დედამიწის ყველა ერი (დაბადება 17:7, 8; 22:18). ღვთის ნების შესაბამისად მოქმედების ნაცვლად, ისინი თავიანთი მწიერი საქმეებითა და ეგოისტური სურვილებით იყვნენ შეპყრობილი. დაე ნურასოდეს ავიღებთ მსგავს კურსს! (1 კორინთელთა 10:6, 10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება