-
უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
მუდამ თავშესაფრის ძიებაში
საბრინაa მარტოხელა დედაა და ცხოვრობს ნიუ–იორკის ერთ–ერთ ღარიბ რაიონში, ჰარლემში. მეათე კლასის დამთავრების შემდეგ იგი სკოლიდან გამოვიდა. ამჟამად საბრინა სამ პატარა ბავშვთან — ათი თვის, სამი წლის და ათი წლის ვაჟებთან — ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ქალაქის მერიის მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის გამოყოფილ ამ თავშესაფარში მას ერთოთახიანი ბინა აქვს. მერია ასეთი საცხოვრებლით იმ ადამიანებს უზრუნველყოფს, რომლებსაც სხვაგან არსად არ აქვთ წასასვლელი.
საბრინა დედის ბინიდან ათი წლის წინ წამოვიდა. მას შემდეგ თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხან ნათესავებთან და ხან მეგობრებთან ცხოვრობდა. ხოლო როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა, მერიის მიერ გამოყოფილ საერთო საცხოვრებელს აფარებდა თავს. საბრინა ამბობს: „დროდადრო ვმუშაობდი, უმეტესწილად თმების დაწვნით ვშოულობდი ფულს. მაგრამ ძირითადად სახელმწიფოს ფულადი დახმარებით გამქონდა თავი“.
პარადოქსია, მაგრამ — როგორც ჟურნალ „მშობლებშია“ მოთხრობილი — საბრინას პრობლემები მაშინ დაეწყო, როცა მან კარგი სამსახური იშოვა. მან სასტუმროში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და იმდენ ფულს იღებდა, რომ სახელმწიფომ დახმარება შეუწყვიტა. მაგრამ ეს თანხა მას მაინც არ ყოფნიდა ყველაფერზე — ბინაზე, საჭმელზე, ჩაცმაზე, ტრანსპორტზე და ბავშვის მოვლაზე. შედეგად, მას უჭირდა ქირის გადახდა და პატრონმა ბინა დაატოვებინა. ბოლოს საბრინა სამსახურიდანაც წამოვიდა და მიმართა უკიდურესი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ დროებით თავშესაფარს, სადაც დღემდე ცხოვრობს.
„ამ ყოველივემ ბავშვებზეც გადაიარა, — ამბობს საბრინა. — უფროსმა ვაჟმა უკვე სამი სკოლა გამოიცვალა. ის ახლა მეხუთე კლასში უნდა იყოს, მაგრამ ერთი წლით ჩამორჩა . . . სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა გვიწევდა“. ახლა საბრინა სახელმწიფო დახმარების ფარგლებში ბინის მისაღებად თავის რიგს ელოდება.
მათ, ვისაც საერთოდ არსად არა აქვს წასასვლელი, საბრინა შეიძლება იღბლიან ადამიანად ჩათვალონ. მაგრამ ასეთ თავშესაფარში ცხოვრება ყველა უსახლკაროსთვის იოლი გამოსავალი არ არის. პოლონეთის სოციალური დახმარების კომიტეტის მონაცემებით, ზოგს „აშინებს თავშესაფრებში არსებული დისციპლინა და წესები“ და არ სურს ასეთი დახმარების მიღება. მაგალითად, უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებთაგან მოითხოვება მუშაობა და თავის შეკავება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან. ამისთვის კი ყველა არ არის მზად. ამიტომ მძინარე უსახლკარო ადამიანების ნახვა შეიძლება მატარებლის სადგურებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, სარდაფებში, პარკებში დადგმულ სკამებზე, ხიდების ქვეშ ან სამრეწველო რაიონებში — გააჩნია, წელიწადის რა დროა. ასეთი სურათის დანახვა მსოფლიოში ყველგან შეიძლება.
ერთ წიგნში, რომელიც ამ საკითხს ეძღვნება, ჩამოთვლილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც იწვევს პოლონეთში უსახლკარო ადამიანთა რიცხვის ზრდას. ამ ფაქტორებს შორისაა სამუშაოს დაკარგვა, ვალები და ოჯახური პრობლემები. ხშირად საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი ხანდაზმულები, შრომისუუნარო და აივ–ით ინფიცირებული ადამიანები. ბევრ უსახლკარო ადამიანს გონებრივი ან ფსიქიკური პრობლემები აქვს. ზოგს მავნე ჩვევები აქვს, მაგალითად ალკოჰოლსაა მიძალებული. რაც შეეხება უსახლკარო ქალების უმეტესობას, ზოგმა ქმარი მიატოვა, ზოგიც ქმარს გამოექცა, სხვები სახლიდან გამოაგდეს. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი სხეულით ვაჭრობენ. როგორც ჩანს, თითოეული შემთხვევის უკან მწარე წარსული დგას.
მდგომარეობის მსხვერპლნი
სოცეკონომისტი სტანისლავა გოლინოვსკა ამბობს: „აქ [პოლონეთში] უსახლკარობა არავის აურჩევია . . . ეს არის ცხოვრებაში ამა თუ იმ წარუმატებლობის შედეგი, რომელმაც ადამიანი ფსიქოლოგიურად გატეხა და სიცოცხლის სურვილის დაუკარგა“. როგორც ჩანს, უსახლკარობა იმ ადამიანთა ხვედრი ხდება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო პრობლემების წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ. მაგალითად, ზოგს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახლი გაპარტახებული ხვდება. სხვებს იძულებით ატოვებინებენ სახლებს. ბევრი საკუთარ ჭერს სტიქიური უბედურების შედეგად კარგავსb.
პოლონეთში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, უსახლკარო ადამიანთაგან თითქმის ნახევარს ერთ დროს ოჯახი ჰქონდა და მეუღლეებთან ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ხშირად ოჯახში მათ პრობლემები ჰქონდათ. მათგან უმრავლესობა ან გამოაგდეს, ან აუტანელი პირობების გამო იძულებული გახდა, წამოსულიყო სახლიდან. მხოლოდ 14–მა პროცენტმა დატოვა საკუთარი ჭერი ნებაყოფლობით.
თავშესაფარში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ ზოგი კვლავ ახერხებს ფეხზე დადგომას და საკუთარი საცხოვრებლის შოვნას. მაგრამ სხვებისთვის ამ პრობლემის გადაჭრა გაცილებით რთულია. მათთვის უსახლკარობა მუდმივ პრობლემად რჩება და ნაწილობრივ ამის მიზეზია ფსიქიკური ან ფიზიკური ავადმყოფობა, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და მუშაობის სურვილის, მუშაობისთვის საჭირო ჩვევების, ან სათანადო განათლების არქონა. შეერთებულ შტატებში უსახლკარო ადამიანთა დაახლოებით 30 პროცენტი „მოგზაურობს“ — ერთ–ერთი არაკომერციული ორგანიზაციის სიტყვებით თუ ვიტყვით — „უსახლკარობის სისტემაში“, რომელიც მოიცავს თავშესაფრებს, სამკურნალო დაწესებულებებს და, სამწუხაროდ, ციხეებსაც კი. როგორც ამბობენ, ამ პრობლემისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 90 პროცენტი სწორედ ასეთი უსახლკარო ადამიანების შენახვას ხმარდება.
-
-
უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
უკიდურესი სიღარიბის შედეგები
ინდოეთის დიდ ქალაქებში ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში. ჯერ კიდევ ძველი მონაცემებით, მარტო მუმბაიში (ბომბეიში) დაახლოებით 250 000 კაცი ცხოვრობდა ქუჩაში. მათი ერთადერთი თავშესაფარი შეიძლება ბოძებსა და მიმდებარე ნაგებობებს შორის გადაჭიმული ბრეზენტი იყოს. რატომ არიან ისინი აქ, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქგარეთ შედარებით ხელმისაწვდომ ბინებში იცხოვრონ? იმიტომ რომ ისინი ქალაქის ცენტრთან ახლოს მუშაობენ — წვრილ მოვაჭრეებად, გარე მოვაჭრეებად და რიქშებად, ან გადაყრილ ნივთებს აგროვებენ. «მათ სხვა გზა არა აქვთ, — ნათქვამია პუბლიკაციაში „უსახლკარობასთან ბრძოლის მეთოდები“. — მათ, უბრალოდ, სიღარიბე აიძულებთ, ბინის ქირაში გადასახდელი ფულით ლუკმაპური იყიდონ».
იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დაახლოებით 2 300 მამაკაცის, ქალისა და ბავშვის თავშესაფარი რკინიგზის სადგურია. მათ ბაქნებზე ღია ცის ქვეშ ან კარტონებისგან აწყობილ „ოთახებში“ სძინავთ, ქვეშაგებად კი დაძონძილი საბნები აქვთ. უმრავლესობა არსად მუშაობს და სამუშაოს შოვნის იმედიც გადაწურული აქვს. მთელ ქალაქში მსგავს პირობებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. წყალი, ტუალეტი და ელექტრობა მათთვის ფუფუნებაა. ასეთი პირობები კი ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას.
ზემოხსენებული და სხვა მრავალი უსახლკარო ადამიანის მდგომარეობის მარტივი მიზეზი უკიდურესი სიღარიბეა.
-