საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დედამიწა — მხოლოდ გამოსაცდელი ადგილია?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
    • დედამიწა — მხოლოდ გამოსაცდელი ადგილია?

      რამხელა შვებაა! ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სტუდენტმა, რომელიც ორი მომქანცველი კვირის განმავლობაში გამოცდებს აბარებდა, საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწია. მას უკვე შეეძლო ისეთ სამუშაოზე ემუშავა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.

      მრავალი ადამიანი მსგავსი სახით უყურებს დედამიწაზე ცხოვრებას. მათთვის ის გამოცდას ჰგავს, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. მისი „ჩამბარებლები“ უფრო უკეთეს, რომელიმე სახის საიქიო ცხოვრებას მიაღწევენ. მართლაც სამწუხარო იქნებოდა, რომ თანამედროვე ცხოვრება — რომელიც მრავალი ადამიანისთვის მხოლოდ უბრალო არსებობაა — ყოფილიყო ის საუკეთესო, რისი მოლოდინიც ადამიანებს საერთოდ შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ იობმა, ერთ-ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჯანმრთელად და მატერიალურ კეთილდღეობაში გაატარა, აღნიშნა: „კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით“ (იობი 14:1).

      „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ბევრის აზრს ირეკლავს, როდესაც აღნიშნავს: „ზეციერი დიდება ადამიანთათვის ღვთის მიერ გამზადებული ხვედრია . . . ადამიანის ბედნიერება ზეციერი ნეტარების ქონაზეა დამოკიდებული“. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ შეერთებულ შტატებში „ქრისტეს ეკლესიის“ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ რესპოდენტთა 87 პროცენტს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავა.

      მრავალი არაქრისტიანიც იმედოვნებს სიკვდილის შემდეგ დედამიწის დატოვებასა და უკეთეს ადგილზე გადასვლას. მაგალითად, მუსლიმანებს იმედი აქვთ, რომ ზეციერ სამოთხეში წავლენ. ჩინეთსა და იაპონიაში ბუდიზმის „წმინდა ქვეყნის“ სექტების წევრებს სწამთ, რომ „ამიტაბჰას“, „უსაზღვრო სინათლის [ღვთაების] ბუდას სახელის“ გაუთავებლად გამეორებით „წმინდა ქვეყანაში, ანუ დასავლეთ სამოთხეში, ხელახლა იშვებიან, სადაც უსაზღვროდ ბედნიერად იცხოვრებენ“.

      საინტერესოა, რომ ბიბლია, წმინდა წიგნი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად ითარგმნება და ვრცელდება, არ წარმოგვიდგენს დედამიწას ისეთ ადგილად, საიდანაც გაქცევაა საჭირო და რომელიც რაღაც მიზნისკენ მიმავალი კიბის ერთ საფეხურს წარმოადგენს. მაგალითად, მასში ნათქვამია: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია იესოს მიერ წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5).

      გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ჩვენი დედამიწა არის დროებითი სამკვიდრო, სადაც სიკვდილი იმქვეყნიური ნეტარების კარებს გვიხსნის. თუ ეს ასეა, მაშინ სიკვდილი მართლაც რომ კურთხევა ყოფილა. მაგრამ თვლიან ადამიანები სიკვდილს კურთხევად თუ ისინი ამქვეყნიური სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობენ? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, თუ ადამიანს ნორმალური ჯანმრთელობა აქვს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სიკვდილი არ სურს.

      მიუხედავად ამისა, ვინაიდან დღეს დედამიწა ბოროტებითა და ტანჯვა-წვალებით არის სავსე, მრავალი ზეცას ჯერ კიდევ იმ ერთადერთ ადგილად მიიჩნევს, სადაც ნამდვილ სიმშვიდესა და ბედნიერებას ჰპოვებს. არის ზეცა მხოლოდ ნეტარების ადგილი და არის ის აბსოლუტურად დაცული ბოროტებისა და უსიამოვნებისგან? ნუთუ ზეციერ სამფლობელოში ცხოვრების ერთადერთი პერსპექტივა მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა? ამ კითხვებზე ბიბლიის პასუხებმა შეიძლება გაგაოცოთ. გთხოვთ განაგრძოთ კითხვა.

  • მარადიული ბედნიერება — ზეცაში თუ დედამიწაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
    • მარადიული ბედნიერება — ზეცაში თუ დედამიწაზე?

      არის თქვენი ბედნიერება უშუალოდ იმაზე დამოკიდებული, თუ სად იცხოვრებთ? ადამიანთა უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ ბედნიერება ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა კარგი ჯანმრთელობა, სიცოცხლის აზრის ქონა და სხვებთან კარგი ურთიერთობები. ბიბლიური იგავი ამას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი“ (იგავნი 15:17).

      მაგრამ, სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა სიძულვილის, ძალადობისა და ბოროტების სხვა ფორმების ფაქტებით. რა შეიძლება ითქვას ზეცაზე ანუ სულიერ სფეროზე, სადაც სიკვდილის შემდეგ წასვლას მრავალი იმედოვნებს? იყო ის ყოველთვის ნეტარების ან სიმშვიდის ადგილი და არასოდეს არაფერს დაურღვევია ეს სიმშვიდე, როგორც ამას საერთოდ ვარაუდობენ?

      ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი ზეცაში მკვიდრობს სხვა მილიონობით სულიერ ქმნილებასთან ერთად, რომლებსაც ანგელოზები ეწოდებათ (მათე 18:10; გამოცხადება 5:11). ისინი ‘ღვთისშვილებად’ არიან წოდებულნი (იობი 38:4, 7). ადამიანების მსგავსად, მათაც აქვთ ნების თავისუფლება; ისინი რობოტები არ არიან. ამიტომ გამოდის, რომ მათაც შეუძლიათ აირჩიონ, როგორ მოიქცნენ — სწორად თუ არასწორად. ირჩევდნენ თუ არა ანგელოზები არასწორი მოქმედების გზას? შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ ათასობით წლის წინათ საკმაოდ ბევრი ანგელოზი სწორედ ასე მოიქცა — მათ ღვთის წინაშე შესცოდეს, მის წინააღმდეგ აჯანყდნენ! (იუდა 6).

      აჯანყება ზეცაში

      ცოდვის შემოტანა სულიერ სფეროში განაპირობა ერთი ანგელოზის აჯანყებამ, რომელსაც სატანა (მოწინააღმდეგე) და ეშმაკი (ცილისმწამებელი) ეწოდა. ამ ერთ დროს მორჩილმა ანგელოზმა თვითონ არჩია, არასწორად მოქცეულიყო და ნების თავისუფლება ამგვარად გამოეყენებინა. მისმა მოქმედებამ კი იმდენად გამხრწნელი გავლენა იქონია სულიერ ქმნილებებზე, რომ ნოეს დროს მომხდარი წარღვნის წინა პერიოდში, მრავალი მათგანი შეუერთდა მას ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში (დაბადება 6:2; 2 პეტრე 2:4).

      ეს ზნედაცემული ანგელოზები მაშინვე არ იქნენ განდევნილი ზეციდან. მათ იქ ყოფნას ღმერთი ათასობით წლის განმავლობაში იტანდა. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვები მაინც ჰქონდათa. მაგრამ, როდესაც ამ ბოროტი ანგელოზების მიმართ ღვთის მიერ შემწყნარებლობის გამოვლენის ჟამი ამოიწურა, ისინი „გადმოყრილ იქნენ“ ზეციდან, რათა საბოლოოდ განადგურებულიყვნენ. მაშინ ზეცაში გაისმა ხმა: „იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ!“ (გამოცხადება 12:7—12). როგორც ჩანს, ერთგული ანგელოზები დიდად ხარობდნენ იმით, რომ საბოლოოდ ზეცა გათავისუფლდა ამ საზიზღარი შფოთისთავებისგან!

      ასეთი, ბევრისთვის უცნობი, დეტალების განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტი მშვიდობის არსებობა მანამ, სანამ გონიერი ქმნილებები უგულებელყოფენ ღვთის რჯულსა და პრინციპებს (ესაია 57:20, 21; იერემია 14:19, 20). მეორე მხრივ, როდესაც ყველა ემორჩილება ღვთის რჯულს, მშვიდობა მეფობს (ფსალმუნი 118:165; ესაია 48:17, 18, აქ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება