-
„ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
„ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“
„მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“ (რომაელთა 12:13).
1. რა არის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება და საიდან ჩანს ეს?
დღეს, გვიან ღამით უცნობი უბნის უდაბურ ქუჩაზე სიარული შეიძლება შემაძრწუნებელი იყოს. მაგრამ სწორედ ასეთივე დაძაბულობის გამომწვევი, შეიძლება, უამრავ ხალხში ყოფნა იყოს, სადაც არც არავის იცნობ, არც არავინ გიცნობს. ნამდვილად, ადამიანის ბუნებისგან განუყრელად მასში დევს მოთხოვნილება, რომ მასზე იზრუნონ, რომ სასურველი და საყვარელი იყოს. არავის სურს, ისე ეპყრობოდნენ, როგორც უცხოს ან გარეშე პირს.
2. როგორ იზრუნა იეჰოვამ ჩვენს მოთხოვნილებაზე მეგობრულ ურთიერთობასთან დაკავშირებით?
2 იეჰოვა ღმერთს, ყოველივეს შემოქმედს, ესმის, რომ ადამიანს მეგობრული ურთიერთობის მოთხოვნილება აქვს. როგორც თავისი ქმნილების, ადამიანის, კონსტრუქტორმა, ღმერთმა თავიდანვე იცოდა, რომ „არ ვარგა ადამის [კაცისა, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] მარტოდ ყოფნა“ და იზრუნა ამაზე (დაბადება 2:18, 21, 22). ბიბლია სავსეა ადამიანებისადმი იეჰოვასა და მისი მსახურების გულკეთილობის გამომხატველი საქმეების მაგალითებით. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ვისწავლოთ, თუ როგორ ‘ვესწრაფოთ სტუმართმოყვარეობას’ სხვების სიხარულისა და, როგორც მათი, ასევე ჩვენი სიამოვნებისთვის (რომაელთა 12:13).
სიყვარული უცხოებისადმი
3. ახსენი სტუმართმოყვარეობის ძირითადი მნიშვნელობა.
3 ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა ‘სტუმართმოყვარეობა’ ითარგმნა ბერძნული ორფუძიანი სიტყვიდან „ფი·ლო·ქსე·ნიʹა“, რომლის ფუძეების მნიშვნელობები არის „სიყვარული“ და „უცხო“. ამრიგად, თავისი არსით სტუმართმოყვარეობა ნიშნავს „სიყვარულს უცხოებისადმი“. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა ან თავაზიანობის საკითხი არ არის. ეს პიროვნების გრძნობებსა და კეთილგანწყობილებას ეხება. ჯეიმზ სტრონგის ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ზმნა „ფი·ლეʹო“ ნიშნავს „მეგობრად ყოფნას (სიყვარულს [პიროვნებისადმი ან ობიექტისადმი]), ესე იგი კეთილგანწყობილებას, (რომელიც აღნიშნავს პირად სიყვარულს, როგორც ნაზ დამოკიდებულებას ან გრძნობას)“ (Exhaustive Concordance of the Bible). ამიტომ, ზემოხსენებული განმარტების თანახმად, სტუმართმოყვარეობა აღემატება პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს, რომელიც, შესაძლოა, მოვალეობის გრძნობიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ, ეს ნამდვილი სიყვარულის, კეთილგანწყობილებისა და მეგობრობის გამოხატულებაა.
4. ვის მიმართ უნდა ვლინდებოდეს სტუმართმოყვარეობა?
4 ამ სიყვარულისა და კეთილგანწყობილების მიღების ობიექტი „უცხო პირია“ (ბერძნულად „ქსეʹნოს“). ვინ შეიძლება იყოს ეს? კვლავ სტრონგის ნაშრომი (Concordance) სიტყვა „ქსეʹნოს“-ს განსაზღვრავს, როგორც „უცხო პირს (სიტყვასიტყვით, უცხოს ან, ფიგურალურად, ახალგაცნობილს); სტუმრის ან (პირიქით) უცხო პირის გაგებით“. ამრიგად, ბიბლიაში მოყვანილი სტუმართმოყვარეობა ირეკლავს გულკეთილობას საყვარელი პიროვნებისადმი ან, შეიძლება, სრულიად უცნობზეც კი გავრცელდეს. იესო განმარტავდა: „თუ თქვენ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათე 5:46, 47). ნამდვილი სტუმართმოყვარეობა ძლევს წინასწარშექმნილი ცუდი აზრებითა და შიშით გამოწვეულ განხეთქილებასა და დისკრიმინაციას.
იეჰოვა, სრულყოფილი მასპინძელი
5, 6. ა) რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა: ‘თქვენი ზეციერი მამა სრულყოფილია’? ბ) რაში გამოიხატება იეჰოვას დიდსულოვნება?
5 ზემოთ ციტირებულის თანახმად, ერთმანეთისადმი ადამიანების არასაკმარისი სიყვარულის გამოვლენაზე მითითების შემდეგ იესომ ასეთი შენიშვნა დაამატა: „იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). რასაკვირველია, იეჰოვა ყოველმხრივ სრულყოფილია (მეორე რჯული 32:4). მაგრამ იესო იეჰოვას სრულყოფილების ერთ განსაკუთრებულ მხარეს აშუქებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე თქვა: „[ღმერთს] თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45). როცა საქმე გულკეთილობას ეხება, იეჰოვამ არ იცის მიკერძოება.
6 რადგან იეჰოვა შემოქმედია, ის ყველაფრის პატრონია. „ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან“, — ამბობს იეჰოვა (ფსალმუნი 49:10, 11). მიუხედავად ამისა, ის არაფერს მალავს ეგოისტურად. თავისი დიდსულოვნებით ის ყველაფრით უზრუნველყოფს თავის ყველა ქმნილებას. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16).
7. რის სწავლა შეგვიძლია უცხოებისა და გაჭირვებულებისადმი იეჰოვას მოპყრობიდან?
7 იეჰოვა აძლევს ადამიანებს, რაც სჭირდებათ — იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც არ იცნობენ მას, რომლებიც უცხოები არიან მისთვის. ქალაქ ლისტრაში მცხოვრებ კერპთაყვანისმცემლებს პავლემ და ბარნაბამ შეახსენეს, რომ იეჰოვა ‘ყოველთვის მოწმობდა საკუთარ თავზე, ზეციდან იძლეოდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით ავსებდა გულებს’ (საქმეები 14:17). გაჭირვებულებისადმი იეჰოვა განსაკუთრებით კეთილი და დიდსულოვანია (მეორე რჯული 10:17, 18). ჩვენ უამრავის სწავლა შეგვიძლია იეჰოვასგან სხვებისადმი გულკეთილობისა და დიდსულოვნების — სტუმართმოყვარეობის — გამოვლენაში.
8. როგორ ავლენს იეჰოვა დიდსულოვნებას ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით?
8 თავისი ქმნილებების მატერიალური საჭიროებებით უხვად დაკმაყოფილების გარდა, იეჰოვა მათ სულიერ საჭიროებებზეც ზრუნავს. მანამდეც კი, სანამ შევიგნებდით, რომ სულიერად საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, იეჰოვამ ყველაზე კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის. რომაელთა 5:8, 10-ში ვკითხულობთ: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. . . მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით“. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას აძლევს ცოდვილ კაცობრიობას, რომ ჩვენს ზეციერ მამასთან ბედნიერი ოჯახური ურთიერთობა შეიძინოს (რომაელთა 8:20, 21). იეჰოვამ აგრეთვე იზრუნა სათანადო ხელმძღვანელობითა და დარიგებით ჩვენს უზრუნველყოფაზე, რათა ჩვენი ცოდვიანობისა და არასრულყოფილების მიუხედავად, ცხოვრებაში წარმატება გვქონოდა (ფსალმუნი 118:105; 2 ტიმოთე 3:16).
9, 10. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა სრულყოფილი მასპინძელია? ბ) როგორ უნდა მიბაძონ იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ამ საკითხში?
9 ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა ნამდვილად მრავალმხრივ სრულყოფილი მასპინძელია. მას ყურადღებიდან არ რჩება გაჭირვებული, საწყალი და უბრალო ადამიანი. ის ნამდვილ ინტერესსა და ზრუნვას ავლენს უცხოებისადმი, თავისი მტრებისადმიც კი, და არ ეძებს მატერიალურ გასამრჯელოს. განა ყოველივე ამაში არ წარმოადგენს ის სრულყოფილი მასპინძლის საუკეთესო მაგალითს?
10 როგორც ასეთი სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და დიდსულოვნების ღმერთს, იეჰოვას სურს, რომ თაყვანისმცემლებმა მას მიბაძონ. ჩვენ მთელ ბიბლიაში ვხედავთ ამ გულკეთილობის გამომხატველი თვისების შესანიშნავ მაგალითებს. ერთ-ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს, რომ „ძველ ისრაელში სტუმართმოყვარეობა მხოლოდ კარგი მანერების საკითხი კი არ იყო, არამედ ზნეობრივი ნორმა. დაღლილი მგზავრის შეხვედრის და უცხო პირის მიღების ბიბლიური ადათები იყო საწყისი, რომლისგანაც სტუმართმოყვარეობა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადავიდა იუდაურ ტრადიციაში არსებულ დიდად დასაფასებელ თვისებაში“ (Encyclopaedia Judaica). რომელიმე ეროვნების ან ეთნიკური ჯგუფის დამახასიათებელი თვისების გარდა, სტუმართმოყვარეობა იეჰოვას ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს უნდა ახასიათებდეს.
ანგელოზების მასპინძელი
11. რომელი შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენებს, რომ სტუმართმოყვარეობას მოულოდნელი კურთხევები მოაქვს? (აგრეთვე იხილე დაბადება 19:1–3; მსაჯულნი 13:11–16).
11 სტუმართმოყვარეობის გამომხატველი ყველაზე ცნობილი ბიბლიური ჩანაწერებიდან ერთ-ერთი არის ხებრონის მახლობლად, მამრეს მუხნართან, დაბანაკებული აბრაამისა და სარას შემთხვევა (დაბადება 18:1–10; 23:19). უეჭველია, მოციქული პავლე ამ შემთხვევას გულისხმობდა, როცა დარიგებას იძლეოდა: „სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ“ (ებრაელთა 13:2). ამ შემთხვევის შესწავლა დაგვეხმარება, დავინახოთ, რომ სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ადათის ან აღზრდის საკითხი არ არის. პირიქით, ეს ღვთაებრივი თვისებაა, რომელსაც სასწაულებრივი კურთხევები მოაქვს.
12. როგორ გამოავლინა აბრაამმა სიყვარული უცხოებისადმი?
12 დაბადების 18:1, 2 მიუთითებს, რომ სტუმრები უცნობი და მოულოდნელი იყვნენ აბრაამისთვის, უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს სამი უცნობი მამაკაცი გამვლელები იყვნენ. ზოგი კომენტატორის თანახმად, აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორის არსებული ადათის მიხედვით, უცხო ქვეყანაში მგზავრი, ნაცნობიც რომ არ ჰყოლოდა, სამართლიანად მოელოდა სტუმართმოყვარეობას. მაგრამ აბრაამი არ დალოდებია, რომ უცხო მამაკაცებს ეს უფლება გამოეყენებინათ; მან თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. აბრაამი „გაიქცა“ ამ უცხო მამაკაცების შესახვედრად, რომლებიც შორიახლო იყვნენ — და ყოველივე ეს „დღის პაპანაქებაში“ და 99 წლის ასაკში! განა ეს არ ცხადყოფს, რატომ მოიყვანა პავლემ მისაბაძ მაგალითად აბრაამი? სწორედ ეს არის სტუმართმოყვარეობის არსი — სიყვარული უცხოებისადმი, ზრუნვა მათ საჭიროებებზე. ეს დადებითი თვისებაა.
13. რატომ ‘სცა დაბლად თაყვანი’ აბრაამმა სტუმრებს?
13 ცნობა აგრეთვე გვატყობინებს, რომ უცხო მამაკაცებთან შეხვედრისას აბრაამმა „დაბლად თაყვანისცა“. თაყვანისცემა სრულიად უცნობებისადმი? თაყვანისცემა, რომელიც აბრაამმა გამოავლინა, საპატიო სტუმართან ან მაღალი თანამდებობის პირთან მისალმების ფორმა იყო, რომელიც არ უნდა გვეშლებოდეს თაყვანისცემასთან, მხოლოდ ღმერთი რომ იმსახურებს (შეადარე საქმეები 10:25, 26; გამოცხადება 19:10). მხოლოდ თავის დაკვრით კი არა, არამედ თაყვანისცემით, „დაბლად“ თაყვანისცემით, აბრაამმა წარჩინებული პირების შესაფერისი პატივი სცა ამ უცხო მამაკაცებს. ის დიდი, შეძლებული პატრიარქალური ოჯახის თავი იყო, მაგრამ ეს უცნობი მამაკაცები მან საკუთარ თავზე უფრო დიდი პატივისცემის ღირსად ჩათვალა. რამდენად განსხვავდება ეს უცხო პირებისადმი ჩვეული ეჭვიანობისგან, ფრთხილი დამოკიდებულებისგან! აბრაამმა ნამდვილად გამოავლინა ამ მტკიცების მნიშვნელობა: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10).
14. რა ძალისხმევა და მსხვერპლი შედიოდა უცხო მამაკაცებისადმი აბრაამის სტუმართმოყვარეობაში?
14 ცნობის დანარჩენი ნაწილი გვიჩვენებს, რომ აბრაამს გულწრფელი გრძნობები ამოძრავებდა. თვით საჭმელიც საგანგებო იყო. დიდ ოჯახშიც კი, რომელსაც მრავალი შინაური ცხოველი ჰყავს, „ჩვილი და საღი ხბო“ არ არის ყოველდღიური საჭმელი. იმ მხარეში გაბატონებულ ადათებთან დაკავშირებით თავის ნაშრომში ჯონ კიტოსი აღნიშნავს: „რამე დღესასწაულის ან უცხო პირის ჩამოსვლის შემთხვევის გარდა, ადამიანები არასდროს რთავენ საკუთარ თავს ნებას, რომ განცხრომაში იცხოვრონ; უამრავი ფარისა და ჯოგის მფლობელებიც კი ხორცს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჭამენ“ (Daily Bible Illustrations). თბილი ჰავა არ იძლეოდა ხრწნადი საკვების შენახვის საშუალებას, ამიტომ ასეთი კერძის მოსამზადებლად ყველაფერი მაშინვე უნდა გაკეთებულიყო. არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მოკლე ცნობაში სისწრაფის აღმნიშვნელი სიტყვები რამდენჯერმე ჩნდება და აბრაამი, სიტყვასიტყვით, „გაიქცა“ კერძის მოსამზადებლად! (დაბადება 18:6–8).
15. აბრაამის მაგალითის მიხედვით როგორი სათანადო თვალსაზრისი უნდა გვქონდეს გამასპინძლებაზე სტუმართმოყვარეობის გამოვლენისას?
15 მაგრამ დიდი ნადიმის მოწყობის მიზანი, უბრალოდ, ვიღაცაზე შთაბეჭდილების მოხდენა არ არის. თუმცა კერძის მოსამზადებლად და შესათავაზებლად აბრაამმა და სარამ არაფერი დაზოგეს, დაუკვირდი, როგორ მოიხსენია ის აბრაამმა ცოტა ხნით ადრე: „მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. პურს [პურის ნატეხს, აქ] გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ“ (დაბადება 18:4, 5). ეს ‘პურის ნატეხი’ ნასუქ ხბოდ და გამტკიცული ფქვილით გამომცხვარ ხმიადებად, ერბოდ და რძედ — მეფის შესაფერის ნადიმად — იქცა. რა არის ამ შემთხვევის არსი? სტუმართმოყვარეობის გამოვლენის დროს მნიშვნელოვანი, ანუ ხაზგასასმელი, არ არის, რამდენად მდიდრული საჭმელ-სასმელი ან რამდენად გულმოდგინედ მოფიქრებული საღამო და სხვა რამ იქნება შეთავაზებული. სტუმართმოყვარეობა არ არის დამოკიდებული ძვირფასი საგნების შეთავაზების შესაძლებლობაზე. პირიქით, ის დაფუძნებულია სხვების კეთილდღეობისთვის გულწრფელ ზრუნვასა და, შეძლებისდაგვარად, სხვებისთვის კეთილის გაკეთების სურვილზე. „უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი“, — ამბობს ბიბლიური იგავი, რომელშიც გულწრფელი სტუმართმოყვარეობის სწორი გაგება დევს (იგავნი 15:17).
16. როგორ გამოავლინა აბრაამმა მადლიერება სულიერი საკითხებისთვის იმით, რაც სტუმრებისთვის გააკეთა?
16 მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ მთელ ამ შემთხვევას სულიერი მხარეც ჰქონდა. აბრაამი, რაღაცნაირად, მიხვდა, რომ ეს სტუმრები იეჰოვას მაცნეები იყვნენ. ეს ჩანს სიტყვებიდან, რომლებითაც მათ მიმართა: „ბატონო [იეჰოვა, აქ], თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს“a (დაბადება 18:3; შეადარე გამოსვლა 33:20). აბრაამმა არ იცოდა წინასწარ, ცნობა ჰქონდათ მისთვის იეჰოვასგან, თუ, უბრალოდ, ჩაივლიდნენ. მიუხედავად ამისა, მას ესმოდა, რომ იეჰოვას განზრახვა სრულდებოდა. ამ პირებს იეჰოვამ რაღაც დავალება მისცა. თუ აბრაამი ამ საქმეში წვლილის შეტანას შეძლებდა, ეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. მას ესმოდა, რომ იეჰოვას მსახურები საუკეთესოს იმსახურებდნენ და ის, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოზე ზრუნავდა. მას ან კიდევ სხვას ასე მოქმედება სულიერ კურთხევას მოუტანდა. როგორც აღმოჩნდა, თავიანთი გულწრფელი სტუმართმოყვარეობისთვის აბრაამი და სარა დიდად იყვნენ კურთხეული (დაბადება 18:9–15; 21:1, 2).
სტუმართმოყვარე ხალხი
17. რას ითხოვდა იეჰოვა ისრაელებისგან მათ შორის მცხოვრებ უცხო პირებსა და გაჭირვებულებთან დაკავშირებით?
17 აბრაამისგან წარმოშობილ ერს არ უნდა დავიწყებოდა მისი შესანიშნავი მაგალითი. იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონი მათ შორის მცხოვრები უცხოებისადმი სტუმართმოყვარეობას ითვალისწინებდა. „როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:34). მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოევლინათ ადამიანებისადმი, რომლებსაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და დაუფიქრებლად არ უნდა შეექციათ ზურგი. როცა იეჰოვა უხვი მოსავლით აკურთხებდა, როცა ზეიმებით გაიხარებდნენ, როცა თავიანთი შრომისგან შაბათ წელს დაისვენებდნენ და სხვა შემთხვევებში, მათ უნდა ხსომებოდათ ნაკლებად წარმატებულები — ქვრივ-ობლები და მდგმურები (მეორე რჯული 16:9–14; 24:19–21; 26:12, 13).
18. რამდენად მნიშვნელოვანია სტუმართმოყვარეობა იეჰოვას კეთილგანწყობილებისა და კურთხევების მისაღებად?
18 სხვებისადმი, განსაკუთრებით კი გაჭირვებულებისადმი, გულკეთილობის, დიდსულოვნებისა და სტუმართმოყვარეობის დიდი მნიშვნელობის დანახვა შეგვიძლია ისრაელებისადმი იეჰოვას მოპყრობაში, როცა უგულებელყვეს ამ თვისებების გამოვლენა. იეჰოვამ ნათელყო, რომ უცხოებისა და გაჭირვებულებისადმი გულკეთილობა და დიდსულოვნება იმ მოთხოვნებს შორისაა, რომლებიც მისმა ხალხმა ხანგრძლივი კურთხევების მისაღებად უნდა შეასრულოს (ფსალმუნი 81:2, 3; ესაია 1:17; იერემია 7:5–7; ეზეკიელი 22:7; ზაქარია 7:9–11). როცა ამ და სხვა მოთხოვნებს ერი გულმოდგინედ ასრულებდა, ის წარმატებული იყო და მატერიალური და სულიერი სიუხვით ტკბებოდა. როცა ისრაელები საკუთარ ეგოისტურ საქმეებში ჩაიძირნენ და გაჭირვებულებისადმი ამ კეთილი თვისებების გამოვლენა უგულებელყვეს, მათ იეჰოვას მსჯავრდადება დაიმსახურეს და, საბოლოოდ, მათ მკაცრი განაჩენი დაატყდათ (მეორე რჯული 27:19; 28:15, 45).
19. რა უნდა განვიხილოთ შემდეგში?
19 მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და დავინახოთ, ვცხოვრობთ თუ არა ისე, როგორც იეჰოვა მოელის! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, თუ მხედველობაში მივიღებთ ქვეყნიერების ეგოიზმსა და განხეთქილების სულს. როგორ შეგვიძლია ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენა ამ დაყოფილ ქვეყნიერებაში? ეს საკითხი განიხილება მომდევნო სტატიაში.
-
-
ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა დაყოფილ ქვეყნიერებაშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა დაყოფილ ქვეყნიერებაში
„ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 8).
1. რომელი ყველაზე სანატრელი ძღვენი უბოძა შემოქმედმა კაცობრიობას?
„არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს; ეს ყოველივე ახლავს მას მის საშრომელში დღენი მისნი, ღმერთმა რომ უბოძა მზისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 8:15). ამ სიტყვებით ძველი დროის ებრაელი ეკლესიასტე გვეუბნება, რომ იეჰოვა ღმერთს მხოლოდ თავისი ქმნილებების, ადამიანების, სიხარულისა და ბედნიერების დანახვა კი არ სურს, არამედ საამისოდ საშუალებებსაც აძლევს. კაცობრიობის მთელი ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების საერთო სურვილი არის მხიარულება და სასიამოვნოდ დროს გატარება.
2. ა) რა მხრივ იყენებს ბოროტად კაცობრიობა იმას, რაც იეჰოვამ მისთვის განიზრახა? ბ) რა არის ამის შედეგი?
2 დღეს ჩვენ ჰედონისტურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ადამიანებს სიამოვნება და დროს ტარება იტაცებს. უმრავლესობა ‘თავმოყვარე და უფრო სიამეთა მოყვარული’ ხდება, ვიდრე ღვთის, როგორც ბიბლია წინასწარმეტყველებს (2 ტიმოთე 3:1–4). ეს, რასაკვირველია, იეჰოვა ღმერთის მიზნის აღმაშფოთებელი გამრუდებაა. როცა დროს ტარება მთავარი საკითხი ხდება ან როცა სურვილების დაკმაყოფილება ერთადერთ მიზნად იქცევა, არ არსებობს ნამდვილი კმაყოფილება და ‘ყველაფერი ამაო და ქარის დევნა ხდება’ (ეკლესიასტე 1:14; 2:11). ამის შედეგად, ქვეყნიერება სავსეა მარტოხელა და იმედგაცრუებული ადამიანებით, რომლებიც, თავის მხრივ, საზოგადოებაში მრავალ პრობლემას იწვევენ (იგავნი 18:1, [აქ]). ადამიანები ერთმანეთისადმი ეჭვიანები და რასობრივად, ეთნიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად დაყოფილები ხდებიან.
3. როგორ შეგვიძლია ნამდვილი სიხარულისა და კმაყოფილების მოპოვება?
3 რამდენად განსხვავებული მდგომარეობა იქნებოდა, თუ ადამიანები სხვების მიმართ იეჰოვას მოპყრობას — სიკეთეს, დიდსულოვნებას, სტუმართმოყვარეობას მიბაძავდნენ! იეჰოვამ ნათელყო, რომ ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების მცდელობას არ წარმოადგენს. პირიქით, საიდუმლო ასეთია: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ნამდვილი სიხარულისა და კმაყოფილების მოსაპოვებლად ჩვენ უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები და უთანხმოებები, რომლებიც, შესაძლოა, ჩარჩოებში გვაქცევენ. და ურთიერთობას უნდა ვამყარებდეთ მათთან, ვინც ჩვენთან ერთად იეჰოვას ემსახურება. აუცილებელია, მივყვეთ რჩევას: „ამიტომ გვმართებს ასეთების [სტუმართმოყვარედ, აქ] მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 8). ღირსეულებისადმი, შეძლებისდაგვარად, სტუმართმოყვარეობის გამოვლენა სასარგებლოა ორი მხრივ — ის სასარგებლოა, როგორც გამცემთათვის, ასევე მიმღებთათვის. მაშ, ვინ არის ღირსეულებს შორის, რომლებიც ‘სტუმართმოყვარედ უნდა მივიღოთ’?
‘მიხედე ქვრივ-ობლებს’
4. რა ცვლილება ჩანს ოჯახის სტრუქტურაში იეჰოვას ხალხს შორისაც კი?
4 მტკიცე ოჯახები და ბედნიერი ქორწინებები დღეს იშვიათობაა. მსოფლიო მასშტაბით განქორწინებისა და მარტოხელა დედების მზარდმა რიცხვმა უკიდურესად შეცვალა ტრადიციული ოჯახი. ამის შედეგად, მრავალი, ვინც ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეების რიგებს უერთდება, დანგრეული ოჯახებიდან არის. ისინი მეუღლესთან განქორწინებულები ან დაშორებულები არიან, ან ერთმშობლიან ოჯახში ცხოვრობენ. გარდა ამისა, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ჭეშმარიტებამ, რომელიც მან ადამიანებს ასწავლა, მრავალი ოჯახი გაყო (მათე 10:34–37; ლუკა 12:51–53).
5. რა თქვა იესომ, რაც შეიძლება გამხნევების წყარო იყოს მათთვის, რომლებიც დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ?
5 ჩვენ გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ახლები მტკიცედ იცავენ ჭეშმარიტებას და ხშირად, იესოს გამამხნევებელი დაპირებით ვანუგეშებთ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე“ (მარკოზი 10:29, 30).
6. როგორ შეგვიძლია გავხდეთ „ძმები და დები, დედები და შვილები“ ‘ქვრივ-ობლებისთვის’, რომლებიც ჩვენ შორის არიან?
6 მაგრამ, ვინ არიან ეს „ძმები და დები, დედები და შვილები“? სამეფო დარბაზში იმ ადამიანთა დიდი რიცხვის, ხშირად, ასის ან მეტის, მხოლოდ დანახვა, რომლებიც საკუთარ თავს და-ძმებს უწოდებენ, ავტომატურად ვერ აგრძნობინებს ადამიანს, რომ ეს მისი ძმები, დები, დედები და შვილები არიან. განვიხილოთ ასეთი საკითხი: მოწაფე იაკობი გვახსენებს, რომ იეჰოვასთვის მოსაწონი თაყვანისცემის შესასრულებლად, ‘ქვრივ-ობლებს უნდა მივხედოთ მათ გასაჭირში და შეურყვნელად დავიცვათ თავი წუთისოფლისაგან’ (იაკობი 1:27). ეს ნიშნავს, რომ ნება არ უნდა დავრთოთ ეკონომიკური წარმატებით გამოწვეულ სიამაყესა და კლასობრივი უპირატესობის ქვეყნიურ პოზიციას, ‘ქვრივ-ობლებს’ ჩვენი თანაგრძნობის კარები მიუხუროს, არამედ ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ, რომ მათდამიც გამოვავლინოთ ჩვენი მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა.
7. ა) რა არის ‘ქვრივ-ობლებისადმი’ სტუმართმოყვარეობის ნამდვილი მიზანი? ბ) აგრეთვე ვის შეუძლია ქრისტიანულ სტუმართმოყვარეობაში მონაწილეობის მიღება?
7 ‘ქვრივ-ობლებისადმი’ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა, შესაძლოა, ყოველთვის არ ეხება მათი მატერიალური ნაკლებობის ანაზღაურებას. სავალდებულო არ არის, რომ მარტოხელა მშობლები ან რელიგიურად დაყოფილი ოჯახები ფინანსურ სირთულეებს განიცდიდნენ. მაგრამ სასარგებლო ურთიერთობა, ოჯახური ატმოსფერო, განსხვავებული ასაკის ადამიანებთან მეგობრობა და კარგი სულიერი საკითხების გაზიარება — ყოველივე ეს ცხოვრების დიდად დასაფასებელი მხარეებია. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ გულმოდგინედ მოწყობილი საღამო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ სიყვარულითა და ერთობით გამსჭვალული სულისკვეთება, რამდენად შესანიშნავია, რომ დროდადრო ‘ქვრივ-ობლებსაც‘ კი შეუძლიათ თანაქრისტიანებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში მონაწილეობის მიღება (მესამე მეფეთა 17:8–16).
არიან ჩვენ შორის უცხოელები?
8. რა ცვლილება ჩანს იეჰოვას მოწმეთა მრავალ კრებაში?
8 ჩვენ მოსახლეობის მასიური მიგრაციის დროს ვცხოვრობთ. „მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც არ არიან, ხოლო 23 მილიონი ადამიანი იძულებულია, საკუთარ ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი შეცვალოს“, — ამბობს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ჟურნალი (World Press Review). ამის პირდაპირ შედეგად, მრავალ რაიონში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, იეჰოვას ხალხის კრებები, რომლებიც ერთ დროს, უმთავრესად, ერთი რასის ან ეროვნების ხალხისგან შედგებოდა, ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხისგან შედგება. შესაძლოა, იგივე შენს კრებაშიც ხდება. მაგრამ, როგორ უნდა ვუყურებდეთ „გარეშე პირებს“ და „უცხოელებს“, როგორც მათ, შეიძლება, ქვეყნიერება უწოდებს, რომელთა ენა, ჩვევები და ცხოვრების სტილი შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენისგან?
9. რომელი სერიოზული შეცდომა შეიძლება დავუშვათ „გარეშე პირებსა“ და „უცხოელებზე“ თვალსაზრისის გამო, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში მოდიან?
9 უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა დავრთოთ ნება ქსენოფობიურ მიდრეკილებებს, გვაფიქრებინონ, რომ რაღაცით ჩვენ უფრო ვიმსახურებთ ჭეშმარიტების ცოდნის უპირატესობას, ვიდრე ისინი, რომლებიც უცხო ან, ეგრეთ წოდებული, წარმართული ქვეყნიდან მოვიდნენ; არც ის უნდა ვიფიქროთ, თითქოს ახალმოსულები სამეფო დარბაზსა და სხვა ქონებას ხელყოფენ. პირველი საუკუნის იუდეველი ქრისტიანებისთვის, რომლებსაც ასეთი თვალსაზრისი ჰქონდათ, მოციქულ პავლეს შეხსენება მოუწია, რომ სინამდვილეში ღირსეული არავინ იყო; ღვთის მიერ გამოვლენილმა დაუმსახურებელმა სიკეთემ ნებისმიერს მისცა შესაძლებლობა, რომ ხსნა მოეპოვებინა (რომაელთა 3:9–12, 23, 24). უნდა გვიხაროდეს, რომ დღეს ღვთის მიერ გამოვლენილი დაუმსახურებელი სიკეთე აღწევს მრავალ ადამიანს, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა კეთილი ცნობის მოსასმენად (1 ტიმოთე 2:4). როგორ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ, რომ მათდამი ჩვენი სიყვარული გულწრფელია?
10. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ, რომ გულწრფელი სტუმართმოყვარეები ვართ „უცხოელებისადმი“, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობენ?
10 ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ პავლეს რჩევას: „მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად“ (რომაელთა 15:7). იმის შეგნებით, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ან განსხვავებული წარმოშობის მქონე ადამიანებს, ხშირად, არა აქვთ ხელსაყრელი პირობები, შეძლებისდაგვარად, გულკეთილები და მზრუნველები უნდა ვიყოთ მათდამი. ჩვენ შეგვიძლია გულთბილად მივიღოთ ისინი, თითოეულს მოვეპყროთ ‘როგორც მკვიდრს’ და ‘გვიყვარდეს, როგორც ჩვენი თავი’ (ლევიანნი 19:34). შეიძლება, ეს იოლი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას, თუ გვემახსოვრება რჩევა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2).
გაუზიარეთ წმინდანებს
11, 12. რა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იეჰოვას ზოგიერთ მსახურს ა) ძველ ისრაელში ბ) პირველ საუკუნეში?
11 მათ შორის, ვინც მართლაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და სტუმართმოყვარეობას, არიან ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის გულმოდგინედ მშრომელი მოწიფული ქრისტიანები. მღვდლებისა და ლევიანებისთვის ძველ ისრაელში იეჰოვამ განსაკუთრებული წესები დაადგინა (რიცხვნი 18:25–29). აგრეთვე პირველ საუკუნეში ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, ეზრუნათ მათზე, ვინც მათ სასიკეთოდ განსაკუთრებულ მოვალეობას ასრულებდა. იოანეს მესამე წერილი მე-5-დან მე-8 მუხლის ჩათვლით ადრინდელ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარულის მჭიდრო კავშირის წარმოდგენას გვაძლევს.
12 ხანში შესული მოციქული იოანე დიდად აფასებდა გულკეთილობასა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც გაიოზმა კრების მოსანახულებლად გაგზავნილი მგზავრი ძმებისადმი გამოავლინა. ეს ძმები — მათ შორის დიმიტრი, — როგორც ჩანს, წერილის მიმტანი — ადრე უცხოები ან უცნობები იყვნენ გაიოზისთვის. მაგრამ ისინი სტუმართმოყვარედ იქნენ მიღებული, „ვინაიდან [ღვთის] სახელის გულისათვის წავიდნენ“. ამას იოანე ასე გამოთქვამს: „ამიტომ გვმართებს ასეთების [სტუმართმოყვარედ, აქ] მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 1, 7, 8).
13. დღეს ჩვენ შორის მყოფთაგან, განსაკუთრებით, ვინ არიან იმის ღირსნი, რომ ‘სტუმართმოყვარედ მივიღოთ’?
13 დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში მრავალი გაბედულად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს მთელი საძმოსთვის. ამათში შედიან მიმომსვლელი ზედამხედველები, რომლებიც კრებების აღსაშენებლად კვირიდან კვირამდე არ ზოგავენ თავიანთ დროსა და ენერგიას; მისიონერები, რომლებმაც თავიანთი ოჯახები და მეგობრები დატოვეს, რათა უცხო ქვეყნებში ექადაგათ; ბეთელის სახლის ან ფილიალების მსახურები, რომლებიც მსოფლიო სამქადაგებლო სამსახურის მხარდასაჭერად ნებაყოფლობით სთავაზობენ თავიანთ მსახურებას; და პიონერულ მსახურებაში მონაწილეები, რომლებიც თავიანთი დროისა და ენერგიის უმეტეს ნაწილს სამქადაგებლო მსახურებას უთმობენ. არსებითად, გულმოდგინე შრომისთვის ყველას, ამათ, საკუთარი დიდება და გამორჩენა კი არა, არამედ ქრისტიანული ძმობისა და იეჰოვასადმი სიყვარული ამოძრავებთ. ისინი იმსახურებენ, რომ მივბაძოთ მათ მთელი სულით თავდადებისთვის და იმის ღირსნი არიან, რომ ‘სტუმართმოყვარედ მივიღოთ’.
14. ა) როგორ ხდება, რომ უკეთესი ქრისტიანები ვხდებით ერთგული პირებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისას? ბ) რატომ თქვა იესომ, რომ მარიამმა „უკეთესი წილი“ ამოირჩია?
14 მოციქული იოანე გვითითებს, რომ ‘ასეთების სტუმართმოყვარედ მიღებისას’ ჩვენ ‘ჭეშმარიტების თანამშრომელნი ვხდებით’. გარკვეული გაგებით, ამის შედეგად, უკეთესი ქრისტიანები ვხდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტიანული სამსახური თანამორწმუნეებისთვის კეთილის კეთებას შეიცავს (იგავნი 3:27, 28; 1 იოანე 3:18). სხვა ჯილდოც არსებობს. როცა მარიამმა და მართამ იესო თავიანთ სახლში მიიღეს, მისთვის ‘ბევრი რამის’ მომზადებით მართას კარგი გამასპინძლება სურდა. მარიამმა სხვაგვარად გამოავლინა სტუმართმოყვარეობა. ის „იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას“ და იესომ შეაქო მარიამი ‘უკეთესი წილის’ ამორჩევისთვის (ლუკა 10:38–42). მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირებთან საუბრები და განხილვები, ხშირად, მეგობრულ წრეში გატარებული საღამოს ყველაზე საინტერესო მომენტებია (რომაელთა 1:11, 12).
განსაკუთრებული შემთხვევების დროს
15. რომელი განსაკუთრებული შემთხვევები შეიძლება იყოს სასიხარულო იეჰოვას ხალხისთვის?
15 თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები საყოველთაოდ ცნობილ წეს-ჩვეულებებს არ მიჰყვებიან და ქვეყნიურ დღესასწაულებსა და ზეიმებს არ იცავენ, არსებობს შემთხვევები, როცა ისინი ხარობენ ერთად შეკრებით. მაგალითად, კანაში ქრისტე ქორწილს დაესწრო და თავისი პირველი სასწაულის მოხდენით იმ წვეულების სიხარულს თავისი წვლილი შეჰმატა (იოანე 2:1–11). მსგავსად ამისა, დღეს, მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევებისას, ერთად შეკრებილი იეჰოვას ხალხი მხიარულად ატარებს დროს და სათანადო ზეიმობა და მხიარულება მრავალს მატებს ასეთ შემთხვევებს. მაგრამ რა არის სათანადო?
16. განსაკუთრებულ შეხვედრებზეც კი რა ნორმები გვაქვს სათანადო ქცევისთვის?
16 ბიბლიის შესწავლით ვიგებთ, თუ რა არის ქრისტიანების ქცევის სათანადო და ამას ყოველთვის მივყვებით (რომაელთა 13:12–14; გალატელთა 5:19–21; ეფესელთა 5:3–5). საზოგადოებაში ქორწილთან თუ სხვა მრავალ მიზეზთან დაკავშირებული შეხვედრები არ გვაძლევს საფუძველს, რომ მივატოვოთ ქრისტიანული ნორმები ან გავაკეთოთ ის, რასაც, ჩვეულებრივ, არ ვაკეთებთ; არც გვავალდებულებს, მივყვეთ ქვეყნის ყველა წესს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ წესებისგან მრავალი დაფუძნებულია ცრუ რელიგიურ ჩვევებსა თუ ცრურწმენაზე, ხოლო სხვები ეხება ქცევას, რომელიც, აშკარად, მიუღებელია ქრისტიანებისთვის (1 პეტრე 4:3, 4).
17. ა) რომელი მხარეები ცხადყოფს, რომ ქორწილს კანაში კარგი ორგანიზება და სათანადო ზედამხედველობა გაუწიეს? ბ) რა მიუთითებს, რომ იესომ მოიწონა ეს შემთხვევა?
17 იოანეს 2:1–11-ის წაკითხვისას არ გაგვიჭირდება იმის დანახვა, რომ ეს სასიხარულო წვეულება საგულდაგულოდ იყო მოწყობილი და რომ იქ სტუმრების საკმაოდ დიდი რიცხვი ესწრებოდა. ამიტომ, იესო და მისი მოწაფეები ‘მიწვეული’ სტუმრები იყვნენ; ისინი მოულოდნელი სტუმრები არ იყვნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათგან, რამდენიმე მასპინძლის ნათესავი იყო. ჩვენ აგრეთვე ვხედავთ, რომ იქ იყვნენ ‘მსახურები’ და ‘გამრიგე’, რომელიც მომსახურებასა და სხვა საქმეებს ხელმძღვანელობდა. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ამ წვეულებას კარგ ორგანიზებასა და სათანადო ზედამხედველობას უწევდნენ. ბოლოს ჩანაწერი გვამცნობს, რომ იმით, რაც ზეიმზე მოახდინა იესომ „გამოავლინა თავისი დიდება“. ამოარჩევდა კი ის ამ წვეულებას ამის გასაკეთებლად, ეს წვეულება რომ ხმაურიანი და უკონტროლო ყოფილიყო? უეჭველია, არა.
18. რას უნდა მიექციოს სერიოზული ყურადღება საზოგადოებაში ნებისმიერ შეხვედრასთან დაკავშირებით?
18 მაშ, რა შეიძლება ითქვას ისეთი განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ, რომელზეც მასპინძლობა შეიძლება ჩვენ გავწიოთ? უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმართმოყვარულად სხვების მიღების მიზანი ის არის, რომ ყველა „ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“. ამრიგად, არ არის საკმარისი, რომ შემთხვევას „მოწმეების“ შეხვედრის სახელი მივაკუთვნოთ. შეიძლება ასეთი კითხვა დაისვას: „მოწმობს თუ არა ეს ნამდვილად, თუ ვინ ვართ და რა გვწამს?“ ასეთ შემთხვევებს არასდროს უნდა ვთვლიდეთ შესაძლებლობად, დავინახოთ, თუ რამდენად შორს მივდივართ ქვეყნიური საქმეების მიბაძვაში, ‘ხორციელი გულისთქმის, თვალთა გულისთქმისა და ცხოვრების სიამაყის’ აყოლაში (1 იოანე 2:15, 16). პირიქით, ამ შემთხვევებმა სათანადოდ უნდა აირეკლოს ჩვენი, როგორც იეჰოვას მოწმეების როლი, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, იეჰოვას განადიდებს (მათე 5:16; 1 კორინთელთა 10:31–33).
‘იყავით სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე’
19. რატომ უნდა ვიყოთ „ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე“?
19 რადგან მსოფლიო პირობები კვლავ უარესდება და ხალხი ადრინდელზე უფრო დაყოფილი ხდება, ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავამტკიცოთ ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის არსებული მჭიდრო კავშირი (კოლასელთა 3:14). ამ მიზნისთვის უნდა გვქონდეს „გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი“, რისკენაც პეტრე მოგვიწოდებდა. შემდეგ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მან დაამატა: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე“ (1 პეტრე 4:7–9). გვსურს თუ არა გამოვიჩინოთ ინიციატივა ჩვენი ძმებისადმი სტუმართმოყვარეობაში და შევეცადოთ, ვიყოთ კეთილები და თავაზიანები? თუ ვწუწუნებთ, როცა ასეთი შესაძლებლობა ჩნდება? თუ დიახ, ჩვენ ვაუქმებთ შესაძლებელ სიხარულს და აგრეთვე კეთილის კეთებისთვის ბედნიერების ჯილდოს ვკარგავთ (იგავნი 3:27; საქმეები 20:35).
20. რა კურთხევები მოგველის, თუ ამ დაყოფილ მსოფლიოში სტუმართმოყვარეები ვართ?
20 თანაქრისტიანებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ერთმანეთისადმი სიკეთე და სტუმართმოყვარეობა უსასრულო კურთხევებს მოგვიტანს (მათე 10:40–42). ასეთ ადამიანებს იეჰოვა დაჰპირდა, რომ ‘მათზე გაშლიდა თავის კარავს. რომ აღარ მოშივდებოდათ, აღარც მოსწყურდებოდათ’. იეჰოვას კარავში ყოფნა, მისი დაცვითა და სტუმართმოყვარეობით, გახარებაა (გამოცხადება 7:15, 16; ესაია 25:6). დიახ, ახლო მომავალში ჩვენ გვაქს პერსპექტივა, მარადიულად დავტკბეთ იეჰოვას სტუმართმოყვარეობით (ფსალმუნი 26:4; 60:4, 5).
-