მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ დანებდნენ
ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ 1998 წლის 22 ოქტომბერს (რუს.) დაიბეჭდა მოკლე სტატია 17 წლის მეტ ტაპიოს შესახებ, რომელიც დიდ ხანს ებრძოდა კიბოს. ამ სტატიის სათაური ასეთი იყო: „ის არ დანებდა“. როდესაც მეტი გარდაიცვალა (1998 წლის 19 აპრილს), ის სტატია დასაბეჭდად მზადდებოდა.
სტატიაში ციტირებული იყო აუდიოკასეტაზე ჩაწერილი მეტის საუბრის ნაწყვეტი, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა კრების შეხვედრაზე მოისმინეს და რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა აღმძვრელი. აი ზოგი მათგანის აზრები.
დისერიმ, სრული დროით მსახურმა ოცი წლის კანადელმა ქალიშვილმა, მოგვწერა, როგორ იმოქმედა მასზე და მასთან ერთად მსახურ დაზე სტატიამ იმის შესახებ, თუ რაოდენ ძლიერ უყვარდა მეტს იეჰოვა: «ცრემლები ვერ შევიკავეთ. კარგა ხანს ვერ ვწყვეტდით ტირილს. . . მართლაც, ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მეტისგან იმის სწავლა შეგვიძლია, რომ „რისი კეთებაც ძალგვიძს, დღეს ვაკეთოთ! . . . და რაც უნდა მოხდეს, არ შევწყვიტოთ იეჰოვაზე ქადაგება!“».
კენტუკში (აშშ) მცხოვრებმა ერინმა მოგვწერა: „ამ სტატიამ ამატირა. მე 16 წლის ჯანმრთელი ქალიშვილი ვარ და მინდა, სანამ შემიძლია, მთელი ძალით ვემსახურო იეჰოვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მეტი აღდგება, ვუთხრა, რამდენად გამამხნევა მისმა მაგალითმა“. 15 წლის ტეხასელმა გოგონამ, მარიამ, კი მოგვწერა: „გადაწყვეტილი მაქვს, სანამ ჯანმრთელი ვარ, მთელი ძალებით ვემსახურო იეჰოვას. მეტის რჩევა ძალიან დამეხმარა“.
სამხრეთ კაროლინელმა (აშშ) გოგონამ, ჯესიკამ, კი გაგვიზიარა: „მე 13 წლის ვარ. ჩემთვის ძალზე გამამხნევებელი იყო იმის დანახვა, რომ ამ ახალგაზრდას ასეთი ძლიერი ერთგულება და სიყვარული გააჩნდა იეჰოვას მიმართ. მისი ამბის წაკითხვამ დამანახვა, რამხელა კურთხევაა ჯანმრთელობა. მისი სახელი იმ დებისა და ძმების სახელების სიას მივამატე, ვისთანაც ახალ ქვეყნიერებაში შეხვედრის იმედი მაქვს“.
სან-სევერინო მარკეში (იტალია) მცხოვრებმა ქალიშვილმა, სარამ, მოგვწერა: „ამ სტატიამ ამატირა. მეც 17 წლის, მეტის თანატოლი, ვარ. ჯანმრთელობა კარგი მაქვს და ჩემი სურვილია, არასოდეს შევწყვიტო იეჰოვაზე ქადაგება, როგორც ამას მეტი აკეთებდა, მაშინაც კი, როცა ძალიან უჭირდა. გმადლობთ მსგავსი სტატიებისთვის; ისინი აღგვძრავს, საუკეთესო შევწიროთ იეჰოვას, იქნება ეს დრო თუ ენერგია (ეკლესიასტე 12:1).
მკვდრეთით აღდგომის იმედით გაძლიერებულები
დღეს ყველა, როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმული, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს განიცდის. 19 წლის ქალიშვილმა, ჰეიდიმ, აღნიშნა: „ბოლო ორ კვირაში ორი ძალიან ახლობელი ადამიანი დამეღუპა და ერთადერთი, რაც ამ ტკივილის გადატანაში დამეხმარა, მკვდრეთით აღდგომისას მათთან შეხვედრის იმედი იყო.
ვამაყობ მეტით, რადგან მიუხედავად ასეთი ძლიერი ავადმყოფობისა, განაგრძობდა ქადაგებას. ის ნამვდილად კარგი მაგალითია ყველასთვის; მთელი გულით ველი მკვდრეთით აღდგომისას მის გულში ჩაკვრას“.
ერთმა დედამ, სახელად ნენსიმ, კი მოგვწერა: „თვალცრემლიანი ვკითხულობდი ამ სტატიას. ჩვენი გოგონა, რეიჩელი, 1996 წლის 11 იანვარს, მეტის მონათვლამდე ორი დღით ადრე, ტვინის კიბოთი დაიღუპა. რეიჩელი მხოლოდ 6 წლის იყო, მაგრამ მეტის მსგავსად, არ ნებდებოდა და ყოველთვის ცდილობდა, იეჰოვასთვის ესიამოვნებინა.
რა დიდებული დღე იქნება, როდესაც იეჰოვა გვაკურთხებს და ჩვენს გოგონას ჯანმრთელს გვანახებს, მაშინ ის სრულად გაიხარებს თავისი ბავშვობით. იაიროსის და მისი ცოლის მსგავსად, ჩვენც უსაზღვროდ გავიხარებთ და ‘დიდად გაგვიკვირდება’ (მარკოზი 5:42)“.
ჯორჯიის შტატში (აშშ) მცხოვრებმა შენონმა მოგვწერა: „ამ შემთხვევამ დამანახვა, რომ, მიუხედავად ავადმყოფობისა, შეგვიძლია მტკიცედ დავიკავოთ იეჰოვას მხარე. ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი და არც ახლა მჭირს რამე სერიოზული, მაგრამ ამ სტატიას მოგვიანებით კიდევ არაერთხელ წავიკითხავ.
ვფიქრობ, მეტის მშობლებს მკვდრეთით აღდგომის იმედი ანუგეშებთ. 1995 წელს მეც მომიკვდა საყვარელი ადამიანი, ბებია. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვიცნობ იეჰოვას და ჩემს საყვარელ ადამინებთან ხელახლა შეხვედრის იმედი მაქვს“.
ესპანელმა ახალგაზრდამ მოგვწერა: „მე და ჩემს ოთხ დას მშობლებმა გვასწავლეს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანულ კრებებზე დასწრება. ამ შემთხვევამ კი დამანახვა, რომ არ უნდა დავუშვათ კრების შეხვედრებზე დასწრების გაუფასურება. მინდა შევაქო მეტის მშობლები, რომ შეძლეს ასეთი კარგი სულიერი განათლების მიცემა შვილისთვის. ისინი ყველასთვის კარგ მაგალითს წარმოადგენენ. მსურს იცოდნენ, რომ მიუხედავად ასეთი დანაკარგის გადატანის სირთულისა, იეჰოვა ყოველთვის მათთან იქნება.
იმედი მაქვს, მეტს ახალ ქვეყნიერებაში შევხვდები და მსურს ვუთხრა, რომ ძალიან კარგი მაგალითი იყო ჩვენთვის და ყოველთვის გვახსოვდა. იეჰოვა ცოცხლების ღმერთია და მეტიც ჩემს დაიკოსთან ერთად, რომელიც ოთხი წლის წინათ დაიღუპა, ახლა ერთსა და იმავე ადგილას — იეჰოვას მეხსიერებაშია (ლუკა 20:38). მეტი, ჩემი დაიკო ევა და ღმერთის სხვა ერთგული მსახურები იქ არიან. იეჰოვა დიდებული ღმერთია, ის არასოდეს მიგვატოვებს“.
მკვდრეთით აღდგომის იმედი ნამდვილად დიდებული რამ არის. დავაფასოთ ის და იმით გამოვავლინოთ მადლიერება ამ მშვენიერი დანაპირებისთვის, რომ ყოველდღე გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი, სწორედ ისე, როგორც ამას მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, აკეთებდა.
[სურათი 24 გვერდზე]
დისერი
[სურათი 24 გვერდზე]
ერინი
[სურათი 24 გვერდზე]
მარია
[სურათი 24 გვერდზე]
ჯესიკა
[სურათი 25 გვერდზე]
სარა
[სურათი 25 გვერდზე]
ჰეიდი
[სურათი 25 გვერდზე]
ნენსი თავის მეუღლესთან და გოგონასთან, რეიჩელთან, ერთად
[სურათი 25 გვერდზე]
შენონი