-
ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
-
-
ახალი დავალება, ახალი ენა
ჩემს ნათესავებს, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობდნენ, დროთა განმავლობაში ასაკი მოემატათ და ჯანმრთელობა შეერყათ. მათ სრული დროით მსახურების შეწყვეტა არასოდეს უთხოვიათ და არასოდეს უთქვამთ, რომ დავბრუნებოდი ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ცხოვრებას და მათზე მეზრუნა. მიუხედავად ამისა, ბევრი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს ოჯახთან ახლოს მემსახურა. პასუხისმგებელი ძმები სიყვარულით დამთანხმდნენ და იტალიაში დამნიშნეს. ნათესავებმა მითხრეს, რომ ხარჯებს ისინი დაფარავდნენ. იტალიაში მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო.
კვლავ მომიწია ახალი ენის, იტალიურის, შესწავლა. პირველად ქალაქ ფოჯაში დამნიშნეს. მოგვიანებით კი გადავედი ნეაპოლში, სადაც უფრო დიდი საჭიროება იყო. ვმსახურობდი ნეაპოლის ყველაზე ლამაზ ნაწილში, პოსილიპოში. ეს საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, სადაც მხოლოდ სამეფოს ერთი მაუწყებელი იყო. იქ მსახურება ძალიან მომეწონა. იეჰოვას დახმარებით ბიბლიის ბევრი შესწავლა დავიწყე. დროთა განმავლობაში ამ ტერიტორიაზე დიდი კრება ჩამოყალიბდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან ბიბლიის შესწავლა პირველად დაიწყო ერთმა ქალმა ოთხ შვილთან ერთად. ის და მისი ორი ქალიშვილი დღესაც იეჰოვას მოწმეები არიან. ბიბლიის შესწავლას ასევე ვატარებდი დაქორწინებულ წყვილთან, რომელთაც პატარა გოგონა ჰყავდათ. მთელი ოჯახი სულიერად გაიზარდა. ისინი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლნენ. მათი ქალიშვილი იეჰოვას ერთგულ მსახურზე დაქორწინდა და ისინი მთელი გულით ემსახურებიან ღმერთს. როდესაც ერთ დიდ ოჯახში ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რა დიდი ძალა აქვს ღვთის სიტყვას. რამდენიმე ბიბლიური მუხლის წაკითხვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ღმერთი არ იწონებს თაყვანისცემისას გამოსახულებების გამოყენებას, დედამ შესწავლის დამთავრებასაც კი არ დაუცადა, დაუყოვნებლივ გავიდა და, რაც კი სახლში ხატები ჰქონდათ, ყველა გადაყარა!
საფრთხეში ზღვაზე
იტალიიდან საბერძნეთში, ან პირიქით, ყოველთვის გემით ვმგზავრობდი. ზღვით მგზავრობა ჩვეულებრივ ძალიან სასიამოვნო იყო. მაგრამ 1971 წლის ზაფხულში არასასიამოვნო რამ შეგვემთხვა. იტალიაში ვბრუნდებოდი გემით „ელეანა“. 28 აგვისტოს, დილით ადრე, გემის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო ყველაფერს და მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ. ქალებს გული მისდიოდათ, ბავშვები ტიროდნენ, კაცები კი პროტესტის ნიშნად იმუქრებოდნენ. ხალხი გემბანის ყოველ მხარეს მაშველი ნავებისკენ გარბოდა. მაგრამ იქ არ იყო საკმარისი მაშველი ჟილეტი და მაშველი ნავების ზღვაში ჩასაშვები მოწყობილობა მწყობრიდან იყო გამოსული. არც მე მქონდა მაშველი ჟილეტი, მაგრამ ალი ისე სწრაფად მოედო ყველაფერს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შემეძლო, ზღვაში გადახტომა იყო.
როგორც კი ზღვაში აღმოვჩნდი, დავინახე ერთი ქალი, რომელიც წყალზე ტივტივებდა. მას მაშველი ჟილეტი ჰქონდა. როგორც ჩანდა, მან ცურვა არ იცოდა. ხელი ჩავავლე მას მკლავში და შორს გავიყვანე გემიდან, რომელიც იძირებოდა. ზღვის ღელვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ამიტომ იმის მცდელობამ, რომ არ ჩავძირულიყავი, ძალები გამომაცალა. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ იეჰოვას ვთხოვდი გაბედულებას, რამაც ძალები შემმატა. გამახსენდა პავლე მოციქული, რომელმაც გემის დაღუპვა გადაიტანა (საქმეები, თავი 27).
ხელი ჩემი თანამგზავრისთვის მქონდა ჩაჭიდებული და ოთხი საათის განმავლობაში ვებრძოდი ტალღებს; ძალები რომ მომეცემოდა, ვცურავდი, თან დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავდი. ბოლოს პატარა ნავი მოგვიახლოვდა. მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი თანამგზავრი უკვე მკვდარი იყო. ქალაქ ბარს (იტალია) რომ მივუახლოვდით, საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც პირველი დახმარება აღმომიჩინეს. საავადმყოფოში რამდენიმე დღე დავრჩი. მრავალი მოწმე მოდიოდა ჩემს მოსანახულებლად, რომელთაც მთელი გულით მოჰქონდათ ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მათ მიერ გამოვლენილმა ქრისტიანულმა სიყვარულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, ვინც ჩემს პალატაში იწვაb.
გამოჯანმრთელების შემდეგ რომში დამნიშნეს. მთხოვეს, რომ ქალაქის ცენტრში საქმიან უბანზე მექადაგა, რასაც იეჰოვას დახმარებით ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. იტალიაში ოცი წელი ვიმსახურე და იქაური ხალხი ძალიან შემიყვარდა.
უკან დაბრუნება
დროთა განმავლობაში არიადნასა და მისი მეუღლის ჯანმრთელობა გაუარესდა. ვფიქრობდი, ახლოს რომ მეცხოვრა, რაღაცით მაინც შევძლებდი ჩემდამი მათ მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთისთვის სამაგიეროს გადახდას. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გამიჭირდა იტალიის დატოვება.
-
-
ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
-
-
[სურათი 11 გვერდზე]
იტალია, 70-იანი წლების დასაწყისი.
-