-
განსხვავებული ტყუპებიბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 17
განსხვავებული ტყუპები
ეს ბიჭები ძმები არიან, მაგრამ სულ არ ჰგვანან ერთმანეთს. იცი მათი სახელები? მონადირე ბიჭს ესავი ჰქვია, მწყემსს კი — იაკობი.
ესავი და იაკობი ისაკისა და რებეკას ტყუპი შვილები იყვნენ. ისაკს ძალიან უყვარდა ესავი, რადგან ის კარგი მონადირე იყო და სახლში ნანადირევი მოჰქონდა; რებეკას კი იაკობი უფრო უყვარდა, რადგან ის მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო.
მათი პაპა აბრაამი ჯერაც ცოცხალი იყო. წარმოიდგინე, რა გაფაციცებით უსმენდა იაკობი აბრაამს, როცა ის იეჰოვაზე უყვებოდა. აბრაამი 175 წლის ასაკში მოკვდა. ამ დროს ტყუპები 15 წლისანი იყვნენ.
ესავი 40 წლისა იყო, როცა ორი ქანაანელი ქალი მოიყვანა ცოლად. ამან ისაკი და რებეკა ძალიან დაამწუხრა, რადგან ეს ქალები იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს.
ერთ დღეს ესავი ძალიან განაწყენდა იაკობზე. დადგა დრო, როცა ისაკს უფროსი ვაჟი უნდა ეკურთხებინა. ესავი უფროსი იყო, ამიტომ მამისგან კურთხევას მოელოდა. თუმცა კურთხევის მიღების უფლება მან უკვე თავის ძმას, იაკობს, შეჭამანდში გაუცვალა. გარდა ამისა, ბიჭების დაბადებისას ღმერთმა თქვა, რომ კურთხევას იაკობი მიიღებდა. ეს ასეც მოხდა. ისაკმა იაკობი აკურთხა.
ეს რომ ესავმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ის იმდენად იყო განრისხებული, რომ იაკობს მოკვლას უპირებდა. რებეკა ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა, ამიტომ თავის ქმარს, ისაკს უთხრა: ‘საშინელება იქნება, თუ იაკობიც ქანაანელ ქალს მოიყვანს ცოლად’.
ისაკმა დაუძახა იაკობს და უთხრა: ‘არ შეირთო ცოლად ქანაანელი ქალი. წადი ხარანში, პაპაშენ ბეთუელის სახლში და მისი ვაჟის, ლაბანის ქალიშვილი მოიყვანე ცოლად’.
იაკობმა დაუჯერა მამას და დაადგა ხარანისკენ მიმავალ გრძელ გზას.
-
-
იაკობი ხარანშიბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 18
იაკობი ხარანში
იცი, ვინ არიან ეს კაცები, ვისაც იაკობი ელაპარაკება? ისინი მწყემსები არიან. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ იაკობი მათ ჭასთან შეხვდა და ჰკითხა: ‘საიდანა ხართ?’
‘ხარანიდან’, — მიუგეს მათ.
‘იცნობთ ლაბანს?’ — ჰკითხა იაკობმა.
‘დიახ, — უპასუხეს მათ. — აი მისი ქალიშვილი რახელი ცხვარს მოერეკება’. ხედავ სურათზე რახელს?
როდესაც რახელი მამამისის, ლაბანის, ცხვართან ერთად მივიდა ჭასთან, იაკობმა ლოდი გადააგორა, რომ ცხვარს წყალი დაელია. მერე რახელს აკოცა და უთხრა, ვინც იყო. რახელი გახარებული დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის მამას, ლაბანს მოუყვა.
ლაბანს ძალიან გაუხარდა, რომ იაკობი მასთან დარჩა. ერთხელ იაკობმა რახელის ხელი სთხოვა ლაბანს. ლაბანი სიხარულით დასთანხმდა. თუმცა იაკობს უთხრა, რომ რახელის გულისთვის შვიდი წელი უნდა ემსახურა. იაკობს ძალიან უყვარდა რახელი და უარი არ უთქვამს. მაგრამ იცი, რა მოხდა ქორწილის დღეს?
ლაბანმა რახელის ნაცვლად იაკობს უფროსი ქალიშვილი, ლეა მიათხოვა. როცა იაკობი დათანხმდა, ლაბანისთვის კიდევ შვიდი წელი ემსახურა, ლაბანმა რახელიც მიათხოვა. მაშინ ღმერთი არ კრძალავდა მრავალცოლიანობას. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დღეს კაცს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს.
-
-
იაკობის დიდი ოჯახიბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 19
იაკობის დიდი ოჯახი
შეხედე ამ დიდ ოჯახს! ეს იაკობის 12 ვაჟია. მას ქალიშვილებიც ჰყავს. იცი იაკობის შვილების სახელები? მოდი დავიმახსოვროთ ზოგიერთი მათგანი.
ლეას ეყოლა რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა. რახელი ძალიან განიცდიდა, რომ შვილები არ ჰყავდა. ამიტომ მან იაკობს თავისი მხევალი, ბილჰა მისცა, რომელმაც ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი გაუჩინა. ლეამაც მისცა იაკობს თავისი მხევალი ზილფა, რომელმაც გადი და აშერი გაუჩინა მას. მოგვიანებით ლეას ორი ვაჟი, ისაქარი და ზებულონი შეეძინა.
ბოლოს რახელსაც ეყოლა შვილი და მას იოსები დაარქვა. მოგვიანებით ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ იოსების შესახებ, რომელიც ცნობილი ადამიანი გახდა. იაკობს ეს თერთმეტი ვაჟი რახელის მამის, ლაბანის სახლში ცხოვრებისას შეეძინა.
იაკობს ქალიშვილებიც ჰყავდა, მაგრამ ბიბლიაში მხოლოდ ერთის სახელია მოხსენიებული. მას დინა ერქვა.
დადგა დრო, როცა იაკობმა ლაბანისგან წასვლა და ქანაანში დაბრუნება გადაწყვიტა. ის თავისი დიდი ოჯახითა და ცხვარ-ძროხით გრძელ გზას დაადგა.
რახელს მეორე ვაჟი მოგვიანებით ქანაანში შეეძინა. ეს გზაში მოხდა. რახელს მშობიარობა გაურთულდა და გადაჰყვა მას, ბავშვი კი გადარჩა. იაკობმა მას ბენიამინი დაარქვა.
კარგი იქნება, თუ იაკობის 12 ვაჟის სახელებს დავიმახსოვრებთ, რადგან ისრაელი ერი მათგან წარმოიშვა. ისრაელის 12 ტომი იაკობის 10 ვაჟისა და იოსების 2 ვაჟის სახელს ატარებდა. იაკობის ძეების დაბადების შემდეგ ისაკმა დიდხანს იცოცხლა და, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ შვილიშვილებს მოესწრო. ახლა ვნახოთ, რა დაემართა მის ერთ შვილიშვილს, დინას.
-