საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დროები და ვადები იეჰოვას ხელშია
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
    • დროები და ვადები იეჰოვას ხელშია

      „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ (საქმეები 1:7).

      1. რა პასუხი გასცა იესომ მოწაფეებს დროსთან დაკავშირებულ კითხვებზე?

      რა შეიძლება იყოს იმაზე ბუნებრივი ადამიანისთვის, „რომელიც კვნესის და მოთქვამს“ ქრისტიანულ სამყაროსა და მთელ დედამიწაზე „ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“, რომ აინტერესებდეს, როდის შეიცვლება ეს ბოროტი სისტემა ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით? (ეზეკიელი 9:4; 2 პეტრე 3:13). სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა იესოს დროსთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები (მათე 24:3; საქმეები 1:6). მაგრამ იესოს ისეთი პასუხი არ გაუცია მათთვის, რომლის საშუალებითაც დროის გამოთვლას შეძლებდნენ. ერთხელ მან უთხრა ნიშანი, რომელიც მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა, სხვა დროს კი უთხრა, რომ ‘მათი საქმე არ იყო, სცოდნოდათ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით’ (საქმეები 1:7).

      2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესომ ყოველთვის არ იცოდა, თუ როდის აქვს მამამისს დაგეგმილი ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული მოვლენების შესრულება?

      2 თუმცა იესო იეჰოვას მხოლოდშობილი ძეა, მანაც კი არ იცის ყოველთვის მამამისის მიერ გარკვეული მოვლენებისთვის დადგენილი დრო. უკანასკნელი დღეების შესახებ წინასწარმეტყველებისას მან თავმდაბლურად აღიარა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36). იესო მზად იყო, მოთმინებით დალოდებოდა ვიდრე მამა არ გაუმხელდა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად მოქმედების დაწყების ზუსტ დროსa.

      3. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე იესოს მიერ გაცემული პასუხებიდან?

      3 ღვთის განზრახვების შესრულების დროსთან დაკავშირებულ კითხვებზე იესოს მიერ გაცემული პასუხებიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, რომ იეჰოვას აქვს განრიგი; და მეორე, რომ მხოლოდ ის ადგენს დროებს და მისი მსახურები არ უნდა მოელოდნენ, რომ წინასწარ ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ მისი დროების ან ვადების შესახებ.

      იეჰოვას დროები და ვადები

      4. რა მნიშვნელობები აქვს საქმეების 1:7-ში ‘დროებად’ და ‘ვადებად’ გადმოთარგმნილ ბერძნულ სიტყვებს?

      4 რა იგულისხმება „დროებსა“ და „ვადებში“? იესოს სიტყვებში, რომლებიც ჩაწერილია საქმეების 1:7-ში, მოცემულია დროის ორი გაგება. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დროები“, ნიშნავს „დროს, ხანგრძლივობის გაგებით“, დროის შუალედს (ხანგრძლივს ან ხანმოკლეს). „ვადები“ გადმოთარგმნილია სიტყვიდან, რომელიც მიუთითებს დანიშნულ დროზე, დროის კონკრეტულ მონაკვეთზე ანუ პერიოდზე, რომელიც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ამ ორი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობის შესახებ უ. ე. ვაინი აღნიშნავს: «საქმეების 1:7-ში „მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ როგორც დროები („ქრონოს“) — გარკვეული პერიოდის ხანგრძლივობა, ისე „ვადები“ („კაიროს“) — გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელიც ამა თუ იმ მოვლენებით ხასიათდება».

      5. როდის გაუმხილა იეჰოვამ ნოეს თავისი განზრახვა გახრწნილი წუთისოფლის განადგურების შესახებ და რომელ ორ მისიას ასრულებდა ნოე?

      5 წარღვნის წინ ღმერთმა ადამიანებისა და ურჩი ხორცშესხმული ანგელოზებისგან შემდგარი გახრწნილი წუთისოფლისთვის 120-წლიანი პერიოდი გამოიყო (დაბადება 6:1–3). იმ დროს ღვთისმოშიში ნოე 480 წლის იყო (დაბადება 7:6). მას შვილები არ ჰყავდა და ასე გაგრძელდა 20 წელი (დაბადება 5:32, აქ). ღმერთმა თავისი განზრახვა დედამიწიდან ბოროტების მოშორებასთან დაკავშირებით ნოეს საკმაოდ მოგვიანებით გაუმხილა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შვილები დავაჟკაცდნენ და დაქორწინდნენ (დაბადება 6:9–13, 18). მაშინაც კი, როცა ნოეს ორი მისია ეკისრა — კიდობნის აშენება და თავის თანამედროვეთათვის ქადაგება — იეჰოვას მისთვის არ გაუმხელია თავისი გეგმა დროსთან დაკავშირებით (დაბადება 6:14; 2 პეტრე 2:5).

      6. ა) როგორ ცხადყო ნოემ, რომ დროსთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე ღვთის ხელში დატოვა? ბ) როგორ შეგვიძლია ნოეს მივბაძოთ?

      6 ათობით წლის — შესაძლოა ნახევარი საუკუნის — განმავლობაში ‘ნოე ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ღმერთმა დაარიგა’. ნოე „რწმენით“ მოიქცა ამგვარად, ისე რომ არ იცოდა ზუსტი თარიღი (დაბადება 6:22; ებრაელთა 11:7). იეჰოვას მანამდე არ გაუმხელია ნოესთვის ზუსტი თარიღი, სანამ წარღვნამდე მხოლოდ ერთი კვირა არ დარჩა (დაბადება 7:1–5). იეჰოვაზე მთლიანად მინდობამ და მისადმი რწმენამ შეაძლებინა ნოეს, დროის საკითხი ბოლომდე ღვთის ხელში დაეტოვებინა. რამდენად მადლიერი იქნებოდა ნოე, როდესაც წარღვნის დროს იეჰოვას დაცვას გრძნობდა და როდესაც მოგვიანებით კიდობნიდან განწმენდილ დედამიწაზე გადმოაბიჯა! არ უნდა გამოვავლინოთ ასეთივე რწმენა ღვთისადმი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი გადარჩენის იმედი ჩვენც გვაქვს?

      7, 8. ა) როგორ გაჩნდნენ ერები და მსოფლიო მპყრობელები? ბ) როგორ ‘აწესებდა იეჰოვა დროებსა და საზღვრებს ადამიანთა დასასახლებლად’?

      7 წარღვნის შემდეგ ნოეს შთამომავალთა უმრავლესობამ შეწყვიტა იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. ერთ ადგილზე დარჩენის მიზნით მათ ცრუ თაყვანისმცემლობისთვის ქალაქისა და გოდლის მშენებლობა წამოიწყეს. იეჰოვამ დაინახა, რომ დრო იყო ჩარეულიყო მათ საქმეებში. აურია მათ ენა და „გაფანტა ისინი უფალმა იქიდან [ბაბილონიდან] მთელს დედამიწის ზურგზე“ (დაბადება 11:4, 8, 9). მოგვიანებით ენათა ჯგუფები ერებად ჩამოყალიბდა, რომელთაგან ზოგიერთები იპყრობდნენ სხვებს და რეგიონალური და მსოფლიო მპყრობელებიც კი ხდებოდნენ (დაბადება 10:32).

      8 ზოგჯერ ღმერთი თავისი განზრახვის შესაბამისად ადგენდა სახელმწიფო საზღვრებს და იმას, თუ როდის რომელი ერი ყოფილიყო სხვებზე გაბატონებული ან მსოფლიო მპყრობელი (დაბადება 15:13, 14, 18–21; გამოსვლა 23:31; მეორე რჯული 2:17–22; დანიელი 8:5–7, 20, 21). ამ გაგებით ლაპარაკობდა მოციქული პავლე იეჰოვას მიერ დადგენილ დროებსა და ვადებზე, როდესაც ათენში ბერძენ სწავლულებს მიმართავდა: ‘ღმერთმა, შემოქმედმა სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა. . . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები’ (საქმეები 17:24, 26).

      9. როგორ ცვლის იეჰოვა „დრო-ჟამს“ მეფეებთან დაკავშირებით?

      9 ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვაა მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიზეზი. მაგრამ თუ ეს საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად, მას შეუძლია ჩაერიოს. ამგვარად, წინასწარმეტყველმა დანიელმა, რომელიც იმდროინდელი მსოფლიო მპყრობელის, ბაბილონის, დამხობისა და მის ადგილზე მიდია-სპარსეთის მოსვლის მოწმე უნდა ყოფილიყო, იეჰოვას შესახებ თქვა: „იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ — ცოდნას“ (დანიელი 2:21; ესაია 44:24—45:7).

      „ახლოვდებოდა. . . ჟამი“

      10, 11. ა) რამდენი ხნით ადრე დაადგინა იეჰოვამ მონობიდან აბრაამის შთამომავლების გათავისუფლების დრო? ბ) საიდან ვხვდებით, რომ ისრაელებმა ზუსტად არ იცოდნენ, თუ როდის გათავისუფლდებოდნენ?

      10 იეჰოვამ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე დაადგინა მსოფლიო მპყრობელის, ეგვიპტის მეფის დამცირებისა და აბრაამის შთამომავლობის მონობიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი. ღმერთმა აბრაამს გაუმხილა თავისი განზრახვა და დაჰპირდა: „იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან“ (დაბადება 15:13, 14). სტეფანემ, როდესაც სინედრიონის წინაშე მოკლედ მოყვა ისრაელის ისტორია, ამ 400-წლიანი პერიოდის შესახებ აღნიშნა: „როდესაც ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიპტეში და მრავლდებოდა, ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს“ (საქმეები 7:6, 17, 18).

      11 ამ ახალმა ფარაონმა ისრაელები მონებად აქცია. თუმცა მოსეს ჯერ არ ჰქონდა „დაბადება“ დაწერილი, დასაშვებია, რომ იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირება ზეპირი გადაცემით ან ხელნაწერების საშუალებით ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ისრაელებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია, რომ გამოეთვალათ ჩაგვრიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი. ღმერთმა იცოდა, თუ როდის გაათავისუფლებდა მათ, მაგრამ ტანჯულმა ისრაელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი“ (გამოსვლა 2:23–25).

      12. როგორ ცხადყო სტეფანემ, რომ მოსე იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს წინ უსწრებდა?

      12 ისრაელებმა რომ გათავისუფლების ზუსტი დრო არ იცოდნენ, სტეფანეს მონაყოლიდანაც ჩანს. მოსეს შესახებ მან აღნიშნა: „როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების მონახულება. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი. ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ“ (საქმეები 7:23–25). მოცემულ შემთხვევაში მოსე ღვთის მიერ დანიშნულ დროზე 40 წლით ადრე მოქმედებდა. სტეფანემ აღნიშნა, რომ მოსეს 40 წელი უნდა მოეცადა, სანამ ღმერთი ‘მისი ხელით იხსნიდა ისრაელიანებს’ (საქმეები 7:30–36).

      13. რით ჰგავს ჩვენი მდგომარეობა ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლების წინანდელ მდგომარეობას?

      13 თუმცა „ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი“ და ამის ზუსტი თარიღი ღვთის მიერ იყო დადგენილი, მოსესა და მთელ ისრაელს რწმენა უნდა გამოევლინათ. ისინი იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს უნდა დალოდებოდნენ რადგან, როგორც ჩანს, მათ არ შეეძლოთ დროის წინასწარ გამოთვლა. ჩვენც გვაქვს იმის დამაჯერებელი მტკიცება, რომ თანამედროვე ბოროტი სისტემისგან ჩვენი ხსნის დრო ახლოვდება. ვიცით, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1–5). ამიტომ არ უნდა გამოვავლინოთ რწმენა და ველოდოთ იეჰოვას დიდი დღისთვის მის მიერ დანიშნულ სათანადო დროს? (2 პეტრე 3:11–13). მაშინ, მოსესა და ისრაელების მსგავსად, იეჰოვას განსადიდებლად ჩვენც მთელი გულით ვიმღერებთ გათავისუფლების დიდებულ სიმღერას (გამოსვლა 15:1–19).

      ‘როცა მოვიდა დრო’

      14, 15. საიდან ვიცით, რომ ღმერთს დადგენილი ჰქონდა დრო, თუ როდის უნდა მოსულიყო მისი ძე დედამიწაზე და რას ადევნებდნენ თვალყურს წინასწარმეტყველები და თვით ანგელოზებიც კი?

      14 იეჰოვას განსაზღვრული დრო ჰქონდა დანიშნული, თუ როდის უნდა მოვლინებოდა მესიად დედამიწას მისი მხოლოდშობილი ძე. პავლე წერდა: „როცა მოვიდა აღვსება დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს“ (გალატელთა 4:4). ეს იყო ღვთის დანაპირების შესრულება თესლის გამოგზავნის შესახებ, ‘რომელსაც დაემორჩილებოდნენ ხალხები’ (დაბადება 3:15; 49:10, „ხუმაში [თორა] ქართულ ენაზე“).

      15 ღვთის წინასწარმეტყველები და თვით ანგელოზებიც კი თვალყურს ადევნებდნენ ‘ვადებს’, როდესაც მესია უნდა გამოჩენილიყო დედამიწაზე, რომელიც მთელ ცოდვილ კაცობრიობას მოუტანდა ხსნას. „ამ ხსნისთვის, — წერდა პეტრე, — იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას. . . რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები“ (1 პეტრე 1:1–5, 10–12).

      16, 17. ა) რომელი წინასწარმეტყველების საშუალებით დაეხმარა იეჰოვა პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებს, რომ მესიის მოლოდინი ჰქონოდათ? ბ) რა გავლენა იქონია დანიელის წინასწარმეტყველებამ იუდეველებზე მესიის მოსვლის მოლოდინთან დაკავშირებით?

      16 წინასწარმეტყველ დანიელის — მტკიცე რწმენის მქონე მამაკაცის — მეშვეობით იეჰოვამ მოგვცა ცნობა, რომელშიც ‘სამოცდაათი შვიდეულის’ შესახებ წინასწარმეტყველებაც შედის. ამ წინასწარმეტყველების წყალობით პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა იცოდნენ, რომ აღთქმული მესიის გამოჩენის დრო ახლოვდებოდა. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე“ (დანიელი 9:24, 25). იუდაიზმის, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, რომ აქ მოხსენიებულ ‘შვიდეულებში’ თითოეული დღე წელიწადს ნიშნავს. დანიელის 9:25-ში მოხსენიებული 69 „შვიდეული“ (483 წელი) დაიწყო ძვ. წ. 455 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ (ართახშასთამ) ნეემია ‘იერუსალიმის აღდგენისა და აშენების’ უფლებით აღჭურვა (ნეემია 2:1–8). ეს ‘შვიდეულები’ დასრულდა 483 წლის შემდეგ — ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო მოინათლა და სულიწმიდით ცხების შედეგად მესია, ანუ ქრისტე, გახდა (მათე 3:13–17).

      17 ცნობილი არ არის, ზუსტად იცოდნენ თუ არა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა საიდან იწყებოდა 483 წლის ათვლა, მაგრამ, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო მსახურება „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო“ (ლუკა 3:15). ბიბლიის ზოგი მკვლევარი ამ მოლოდინს დანიელის წინასწარმეტყველებას უკავშირებს. ამ მუხლის კომენტარში მეთიუ ჰენრი წერდა: „აქედან ვიგებთ. . . თუ რა დასკვნებს აკეთებდა ხალხი იოანეს მსახურებისა და ნათლობიდან მესიის შესახებ და, რომ მათი აზრით, [იესო] მალე მოვიდოდა. . . დანიელის 70 შვიდეული მაშინ სრულდებოდა“. ბაკუეს, ვიგურუსა და ბრაზაკის ავტორობით გამოსულ ერთ-ერთ ფრანგულ ნაშრომში ნათქვამია: „ხალხმა იცოდა, რომ დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები სამოცდაათი წელიწად კვირა იწურებოდა; [ამიტომ] არავის გაჰკვირვებია იოანე ნათლისმცემლისგან ღვთის სამეფოს მოახლოების შესახებ ცნობის მოსმენა“ (Manuel Biblique). იუდეველი სწავლული აბბა ჰილელსილვერი წერდა, რომ იმ დღეებში „პოპულარული ქრონოლოგიის“ თანახმად, „მესიას ახ. წ. პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში მოელოდნენ“.

      მოვლენები და არა დროის გამოთვლა

      18. მაშინ, როდესაც დანიელის წინასწარმეტყველება იუდეველებს იმ დროის განსაზღვრაში დაეხმარა, თუ როდის იყო მოსალოდნელი მესიის გამოჩენა, რამ დაადასტურა ყველაზე მეტად, რომ იესო მესია იყო?

      18 მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგია, შეიძლება, დაეხმარა იუდეველ ხალხს, ზოგადი წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ როდის გამოჩნდებოდა მესია, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ის ვერ დაეხმარა მათ უმეტესობას იმაში დარწმუნებაში, რომ იესო მესია იყო. სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლის წინ იესომ მოწაფეებს ჰკითხა: «„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები — ელიაო, სხვები კი, — ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო» (ლუკა 9:18, 19). არ არსებობს არანაირი ცნობა, რომ იესოს იმის დასამტკიცებლად, რომ მესია იყო, სიმბოლური შვიდეულების შესახებ წინასწარმეტყველება გამოეყენებინოს. მაგრამ ერთხელ მან თქვა: „მე. . . მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია; რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა“ (იოანე 5:36). იესო რომ ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია იყო, ამას ადასტურებდა მისი ქადაგება, სასწაულები და მოვლენები, რომლებიც მის სიკვდილს სდევდა თან (სასწაულებრივი სიბნელე, ტაძრის კრეტსაბმელის გახევა და მიწისძვრა), და არა რომელიმე ქრონოლოგიური მონაცემები (მათე 27:45, 51, 54; იოანე 7:31; საქმეები 2:22).

      19. ა) საიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ ქრისტიანებს, რომ იერუსალიმი მალე განადგურდებოდა? ბ) რატომ სჭირდებოდათ ადრინდელ ქრისტიანებს დიდი რწმენა იერუსალიმიდან გაქცევის შემდეგაც?

      19 მსგავსად ამისა, იესოს სიკვდილის შემდეგ ადრინდელ ქრისტიანებსაც არაფერი ჰქონდათ იუდეველთა სისტემის მომავალი აღსასრულის დროის გამოსათვლელად. მართალია, სიმბოლური შვიდეულების შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული იყო იმ სისტემის განადგურება (დანიელი 9:26ბ, 27ბ). მაგრამ ეს ‘სამოცდაათი შვიდეულის’ (ძვ. წ. 455—ახ. წ. 36 წწ.) დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც წარმართები გახდნენ პირველად იესოს მიმდევრები, ესე იგი ახ. წ. 36 წლიდან, ქრისტიანები უკვე გასცდნენ დანიელის მე-9 თავში მოცემულ ქრონოლოგიას. მათთვის მოვლენებს და არა ქრონოლოგიას უნდა ეჩვენებინა, რომ იუდეველთა სისტემა მალე მოისპობოდა. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებმა მოვლენებმა უმაღლეს წერტილამდე მიღწევა ახ. წ. 66 წლიდან იწყო, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს შეუტიეს და შემდეგ უკან დაიხიეს. ამან ერთგულ და დაკვირვებულ ქრისტიანებს იერუსალიმიდან და იუდეიდან ‘მთებში გახიზვნის’ შესაძლებლობა მისცა (ლუკა 21:20–22). ამ ადრინდელ ქრისტიანებს არავითარი ქრონოლოგიური მაჩვენებლები არ ჰქონდათ და არ იცოდნენ, თუ როდის განადგურდებოდა იერუსალიმი. რამხელა რწმენა სჭირდებოდათ მათ, რომ დაეტოვებინათ სახლ-კარი, სახელოსნოები და არ შესულიყვნენ იერუსალიმში დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, იმ დრომდე, სანამ ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარები არ დაბრუნდნენ და არ გაანადგურეს იუდეველთა სისტემა! (ლუკა 19:41–44).

      20. ა) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მაგალითები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      20 ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მთელი გულდაჯერებით უნდა დავტოვოთ იეჰოვას ხელში დროები და ვადები. ჩვენი რწმენა, რომ აღსასრულის დროს ვცხოვრობთ და ახლოვდება ხსნა, უბრალოდ ქრონოლოგიურ გამოთვლებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო არ არის რწმენის გამოვლენა და ყურადღებით ყოფნა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველები ამაღელვებელი მოვლენების იმედით მოლოდინი. სწორედ ეს იქნება მომდევნო სტატიის თემა.

  • „იმედით“ ლოდინი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
    • „იმედით“ ლოდინი

      „ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას“ (რომაელთა 8:19).

      1. რა მსგავსებაა დღევანდელი და პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობებს შორის?

      ჭეშმარიტ ქრისტიანთა დღევანდელი მდგომარეობა პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობას ჰგავს. იმ დღეებში იეჰოვას მსახურებს წინასწარმეტყველება დაეხმარა მესიის გამოჩენის დროის გაგებაში (დანიელი 9:24–26). იმავე წინასწარმეტყველებაში იერუსალიმის განადგურებაზეცაა ლაპარაკი, მაგრამ ქრისტიანებისთვის კონკრეტული არაფერი იყო მითითებული ქალაქის განადგურების ზუსტ დროსთან დაკავშირებით (დანიელი 9:26ბ, 27). ღვთის ნებით წინასწარმეტყველებამ ბიბლიის მე-19 საუკუნის გულწრფელ მკვლევარებშიც გააღვიძა მოლოდინის გრძნობა. დანიელის 4:22-დან [ძვო] ‘შვიდი ჟამისა’ და ‘წარმართთა ჟამის’ ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად, ისინი მოელოდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს მიიღებდა სამეფო ძალაუფლებას (ლუკა 21:24; ეზეკიელი 21:30–32). თუმცა დანიელის წიგნი მრავალ წინასწარმეტყველებას შეიცავს, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიბლიის თანამედროვე მკვლევარებმა ზუსტად გამოთვალონ, როდის განადგურდება მთლიანად სატანის სისტემა (დანიელი 2:31–44; 8:23–25; 11:36, 44, 45). მაგრამ ეს მალე მოხდება, რადგან ჩვენ ახლა ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4)a.

      სიფხიზლე ქრისტეს თანდასწრების პერიოდში

      2, 3. ა) რა არის იმის უდიდესი დამადასტურებელი, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ? ბ) რა ცხადყოფს, რომ ქრისტიანები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ იესო ქრისტეს თანდასწრების პერიოდში?

      2 მართალია, წინასწარმეტყველებამ 1914 წელს ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით აღჭურვამდე ქრისტიანებში მოლოდინის გრძნობა წარმოშვა, მაგრამ ქრისტემ თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის დამახასიათებელ ‘ნიშნად’ მოვლენები მოიყვანა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მისი თანდასწრების დაწყების შემდეგ უნდა მომხდარიყო. ისეთი მოვლენები როგორიცაა: ომები, შიმშილი, მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობის გამრავლება, ქრისტიანების დევნა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგება, იმის უდიდეს დადასტურებას წარმოადგენს, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ (მათე 24:3–14; ლუკა 21:10, 11).

      3 მაგრამ სიკვდილის წინ იესოს მიერ მოწაფეებისთვის მიცემული რჩევის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ‘ფრთხილად ყოფილიყვნენ და ეფხიზლათ’ (მარკოზი 13:33, 37; ლუკა 21:36). ამ დარიგების კონტექსტის გულმოდგინე წაკითხვა ცხადყოფს, რომ ქრისტე უმთავრესად თავისი თანდასწრების დაწყების აღმნიშვნელი ნიშნის მიმართ ფხიზლად ყოფნაზე არ ლაპარაკობდა. პირიქით, მან ჭეშმარიტ მოწაფეებს დაავალა, ფხიზლად ყოფილიყვნენ მისი თანდასწრების განმავლობაში. რატომ უნდა ეფხიზლათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?

      4. რა მიზანს მოემსახურებოდა იესოს მიერ მოცემული ნიშანი?

      4 იესომ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება თქვა პასუხად კითხვაზე: «როდის მოხდება ეს [მოვლენები, რომლებსაც იუდეველთა სისტემის განადგურება მოჰყვება] და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?» (მათე 24:3). ნაწინასწარმეტყველები ნიშანი მხოლოდ იესოს თანდასწრების განმსაზღვრელი კი არ იქნებოდა, არამედ იმ მოვლენებისაც, რომლებსაც თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრული მოჰყვებოდა.

      5. როგორ აჩვენა იესომ, რომ სულიერი თანდასწრების მიუხედავად, მისი ‘მოსვლა’ ჯერ კიდევ წინ იქნებოდა?

      5 იესომ აღნიშნა, რომ ‘თანდასწრების’ (ბერძნულად „პაროუსია“) დროს ის ძალითა და დიდებით მოვიდოდა. ასეთ ‘მოსვლასთან’ დაკავშირებით (რომელიც გადმოიცემა ბერძნული სიტყვის „ერქომაის“ სხვადასხვა ფორმით), მან განაცხადა: „მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. . . ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ [იესო] კარზეა მომდგარი. . . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. . . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:30, 32, 33, 42, 44).

      რისთვის მოდის იესო?

      6. როგორ მოხდება ‘დიდი ბაბილონის’ განადგურება?

      6 მიუხედავად იმისა, რომ 1914 წლიდან მიმდინარეობს იესო ქრისტეს, როგორც მეფის, თანდასწრება, მან ბოროტებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე, სისტემები და ცალკეული ადამიანები უნდა გაასამართლოს (შეადარეთ 2 კორინთელთა 5:10). მალე იეჰოვა პოლიტიკურ მმართველებს აღძრავს, გაანადგურონ „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია (გამოცხადება 17:4, 5, 16, 17). მოციქულმა პავლემ კონკრეტულად აღნიშნა, რომ იესო ქრისტე გაანადგურებს ‘ურჯულოების კაცს’ — ქრისტიანული სამყაროს განდგომილ სამღვდელოებას, ‘დიდი ბაბილონის’ კარგად ცნობილ ნაწილს. ის წერდა: „გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გამოცხადებით“ (2 თესალონიკელთა 2:3, 8).

      7. რა სამსჯავროს მოაწყობს ძე კაცისა, როდესაც დიდებით მოვა?

      7 ახლო მომავალში ქრისტე ადამიანებს იმის საფუძველზე განსჯის, თუ როგორ ეპყრობიან ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფ მის ძმებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ. . . მეფე მიუგებს მათ [ცხვრებს] პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. . . წავლენ ესენი [თხები] საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25:31–46).

      8. როგორ აღწერს პავლე ქრისტეს მოსვლას უღვთო წუთისოფლისთვის გამოტანილი საბოლოო განაჩენის სისრულეში მოსაყვანად?

      8 როგორც ცხვრებისა და თხების შესახებ იგავშია ნაჩვენები, იესო სისრულეში მოიყვანს მთელი უღვთო წუთისოფლისთვის გამოტანილ საბოლოო განაჩენს. პავლე ტანჯულ თანამორწმუნეებს არწმუნებდა: «განსვენება [„მოსვენება“ აფ] ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი სიძლიერის დიდებისგან. როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის» (2 თესალონიკელთა 1:7–10). ნუთუ ამ ამაღელვებელმა მოვლენებმა, რომლებიც მოგველის, არ უნდა აღგვძრას, გამოვავლინოთ რწმენა და ფხიზლად დავხვდეთ ქრისტეს მოსვლას?

      მთელი გულით ველოდოთ ქრისტეს გამოცხადებას

      9, 10. რატომ ელოდებიან მთელი გულით ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი ცხებულები იესო ქრისტეს გამოცხადებას?

      9 ‘უფალ იესოს ციდან გამოცხადებისას’ ბოროტები განადგურდებიან, ხოლო მართლები დაჯილდოვდებიან. ქრისტეს ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, შეიძლება ქრისტეს გამოცხადებამდე იტანჯებიან, მაგრამ ისინი ხარობენ თავიანთი დიდებული ზეციერი იმედით. ცხებულ ქრისტიანებს მოციქულმა პეტრემ მისწერა: „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას“ (1 პეტრე 4:13).

      10 ცხებულები გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, შეინარჩუნონ ერთგულება, ვიდრე ქრისტე ‘შეკრებს მათ თავისთან’, ‘რათა გამოჩნდეს მათი ნაცადი რწმენა ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას’ (2 თესალონიკელთა 2:1; 1 პეტრე 1:7). ასეთ ერთგულ, სულითშობილ ქრისტიანებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას: „ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, — ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში“ (1 კორინთელთა 1:6, 7).

      11. რას აკეთებენ ცხებული ქრისტიანები იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში?

      11 ცხებულთა დარჩენილი ნაწილი იზიარებს პავლეს აზრს, რომელმაც დაწერა: „ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ“ (რომაელთა 8:18). მათ რწმენის შესანარჩუნებლად არ სჭირდებათ დროის გამოთვლა. ისინი იეჰოვას მსახურებით არიან დაკავებული, რითაც თავიანთ მეგობარ ‘სხვა ცხვრებს’ შესანიშნავ მაგალითს აძლევენ (იოანე 10:16). ცხებულებმა იციან, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა და მიჰყვებიან პეტრეს რჩევას: „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ“ (1 პეტრე 1:13).

      „ქმნილება იმედით მოელის“

      12, 13. როგორ გახდა ქმნილება ‘ხრწნილების მონა’ და რა სწყურიათ სხვა ცხვრებს?

      12 არსებობს თუ არა რაღაც, რასაც სხვა ცხვრებიც იმედით მოელიან? უეჭველად. პავლემ მას შემდეგ, რაც აღნიშნა იეჰოვას სულითშობილი ‘შვილების’, ზეციერ სამეფოში ‘ქრისტეს თანამემკვიდრეების’, დიდებული იმედის შესახებ, თქვა: „ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:14–21; 2 ტიმოთე 2:10–12).

      13 ადამის ცოდვის გამო ყველა მისი შთამომავალი ‘ხრწნილებას დაემონა’ და ცოდვისა და სიკვდილის მონობაში დაიბადა. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ამ მონობისგან დახსნა (ფსალმუნი 48:8; რომაელთა 5:12, 21). ო, როგორ სწყურიათ სხვა ცხვრებს ‘ხრწნილების მონობისგან გათავისუფლება’! მაგრამ ამის მოხდენამდე იეჰოვას დროებისა და ვადების შესაბამისად გარკვეული მოვლენები უნდა განვითარდეს.

      14. რას ნიშნავს ‘ღვთის შვილთა გამოცხადება’ და როგორ მოჰყვება მას კაცობრიობის ‘ხრწნილების მონობისგან გათავისუფლება’?

      14 ჯერ უნდა ‘გამოცხადდეს’ ცხებულ „ღვთის შვილთა“ დარჩენილი ნაწილი. რას ნიშნავს ეს? ღვთის მიერ დანიშნულ დროს, სხვა ცხვრებისთვის ნათელი გახდება, რომ ცხებულებს საბოლოოდ ‘დაესვათ ბეჭედი’ და ქრისტესთან ერთად მეფობის დიდებით შეიმოსნენ (გამოცხადება 7:2–4). მკვდრეთით აღდგენილი ‘ღვთის შვილები’ მაშინაც ‘გამოცხადდებიან’, როდესაც ქრისტესთან ერთად სატანის ბოროტი სისტემის განადგურებაში მიიღებენ მონაწილეობას (გამოცხადება 2:26, 27; 19:14, 15). შემდეგ, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში, ისინი კვლავ ‘გამოცხადდებიან’ როგორც სამღვდელოება, რომელიც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან გამომდინარე სარგებლობის ‘ქმნილებისათვის’ გადამცემი არხი იქნებიან. ამას შედეგად ‘ხრწნილების მონობისგან’ კაცობრიობის ‘გათავისუფლება’ და საბოლოოდ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებაში’ შესვლა მოჰყვება (რომაელთა 8:21; გამოცხადება 20:5; 22:1, 2). განა გასაკვირია, რომ ასეთი დიდებული მომავლის მისაღებად სხვა ცხვრები ‘იმედით მოელიან ღვთის შვილთა გამოცხადებას’? (რომაელთა 8:19).

      იეჰოვას სულგრძელობა გადარჩენას ნიშნავს

      15. რა არ უნდა დაგვავიწყდეს არასოდეს იეჰოვას მიერ ამა თუ იმ მოვლენებისთვის გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით?

      15 იეჰოვაა დროის მეუფე. ამა თუ იმ მოვლენისთვის მის მიერ გამოყოფილი დრო ყოველთვის საუკეთესოა. მოვლენები შეიძლება ყოველთვის ისე არ წარიმართოს, როგორც პირადად ჩვენ მოველით, მაგრამ შეგვიძლია აბსოლუტურად ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება (იესო ნავეს ძე 23:14). მან ესა თუ ის მოვლენა შეიძლება იმაზე დიდხანს დაუშვას, ვიდრე ამას მრავალი მოელის. მაგრამ მოდი ვეცადოთ, ჩავწვდეთ მის გზებს და ჩვენც აღვფრთოვანდეთ მისი სიბრძნით. პავლე წერდა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?“ (რომაელთა 11:33, 34).

      16. ვისთვისაა სარგებლობის მომტანი იეჰოვას სულგრძელობა?

      16 პეტრე წერდა: «საყვარელნო, რაკი ამას [ძველი „ცისა“ და „მიწის“ განადგურებას და მათ შეცვლას ღვთის მიერ აღთქმული „ახალი ცითა“ და „ახალი მიწით“] ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშე, და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად». იეჰოვას სულგრძელობა შესაძლებლობას აძლევს მილიონებს, რომ გადარჩნენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღეს’, რომელიც „ქურდივით“ მოულოდნელად მოვა (2 პეტრე 3:9–15). მისი სულგრძელობა თითოეულ ჩვენგანსაც შესაძლებლობას გვაძლევს, ‘შიშითა და ძრწოლით ვიღწვოდეთ საკუთარი თავის სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12). იესომ თქვა, რომ უნდა ‘ვიფრთხილოთ’ და ‘ყოველჟამს ვიფხიზლოთ’, თუ გვინდა, რომ „კაცის ძის წინაშე“ მისთვის მოსაწონად და წარმატებით ‘წარვსდგეთ’ მის სამსჯავროზე (ლუკა 21:34–36; მათე 25:31–33).

      მოთმინებით ლოდინი

      17. მოციქულ პავლეს რომელი სიტყვები უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს?

      17 პავლე სულიერ ძმებს მოუწოდებდა, ეყურათ ‘არა ხილულისთვის, არამედ უხილავისთვის’ (2 კორინთელთა 4:16–18). მას სურდა, რომ არაფერს დაებინდა მათ თვალთაგან მათთვის განკუთვნილი ზეციერი ჯილდო. ცხებული ქრისტიანები ვართ თუ სხვა ცხვრები, დაე ყოველთვის გვახსოვდეს მომავლის შესანიშნავი იმედი და არ მოვდუნდეთ! ‘მოთმინებით ველოდოთ’, რათა დავამტკიცოთ, რომ „მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (რომაელთა 8:25; ებრაელთა 10:39).

      18. რატომ შეგვიძლია გულდაჯერებით დავტოვოთ იეჰოვას ხელში დროები და ვადები?

      18 ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებით დავტოვოთ დროები და ვადები იეჰოვას ხელში. მისი აღთქმების შესრულება „არ დაბრკოლდება“ და დანიშნულ დროს მოხდება (აბაკუმი 2:3). მანამდე კი პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევა ჩვენთვის დამატებით მნიშვნელობას იძენს. მან თქვა: „გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით. იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ. . . აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:1–5).

      19. რის გაკეთების ჟამია ჯერ კიდევ იეჰოვას ხალხისთვის და რატომ?

      19 საქმე ეხება როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მოყვასის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. პავლე წერდა: „გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16). ამ ბოროტი წუთისოფლის არსებობის ჟამი იწურება. როდესაც იმედით ველოდებით მომავალ ამაღელვებელ მოვლენებს, დაე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მის მიერ დანიშნული დროებისა და ვადების მიხედვით იეჰოვას ხალხისთვის ჯერ კიდევ არის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების ჟამი. ეს საქმიანობა ღვთის მოსაწონად უნდა შესრულდეს. იესოს ნათქვამის თანახმად, „მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება