საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაა ჩემი წილი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
    • იეჰოვაა ჩემი წილი

      „მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20).

      1, 2. ა) რის თქმა შეიძლება ლევიანების შესახებ სამკვიდროსთან დაკავშირებით? ბ) რაში დაარწმუნა იეჰოვამ ლევიანები?

      მას შემდეგ, რაც ისრაელებმა აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, იესო ნავეს ძემ ამ მიწის განაწილება დაიწყო. ამას ის მღვდელმთავარ ელეაზართან და ტომების თავკაცებთან ერთად აკეთებდა (რიცხ. 34:13—29). სხვა ტომებისგან განსხვავებით, ლევიანებს სამკვიდრო არ მიუღიათ (იეს. 14:1—5). რატომ დარჩა ლევის ტომი აღთქმულ მიწაზე სამკვიდროს, ანუ წილის, გარეშე? მხედველობიდან გამორჩათ ისინი?

      2 ამ კითხვებზე პასუხი ლევიანებისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს. იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მიტოვებული არ იყვნენ, იეჰოვამ მათ უთხრა: „მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20). რა საოცარი სიტყვებია: „მე ვარ შენი წილი“! როგორ იგრძნობდით თავს, იეჰოვას პირადად თქვენთვის რომ ეთქვა ეს? ალბათ, იფიქრებდით: „განა ვიმსახურებ ყოვლისშემძლისგან ასეთ პატივს?“ ან სულაც: „განა შეიძლება იეჰოვა დღეს მცხოვრები რომელიმე არასრულყოფილი ქრისტიანის წილი იყოს?“ ეს კითხვები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გეხებათ როგორც თქვენ, ისე თქვენს საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს გამოთქმა. ეს დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს დღეს მცხოვრები ქრისტიანების წილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ღმერთი შეიძლება გახდეს პირადად თქვენი წილი, იმისდა მიუხედავად, ზეციერი მოწოდება გაქვთ თუ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი.

      იეჰოვა ზრუნავს ლევიანებზე

      3. როგორ გამოაცალკევა იეჰოვამ ლევიანები თავისი მსახურებისთვის?

      3 ისრაელებისთვის კანონთა კრებულის მიცემამდე თითოეული ოჯახის თავი ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თავის ოჯახში. კანონის მიცემისას, ღმერთმა ლევიანები სრული დროით მღვდლებად და მათ დამხმარეებად დანიშნა. როგორ მოხდა ეს? ეგვიპტეში პირმშოების განადგურებისას ღმერთმა ისრაელთა პირმშოები განწმინდა, ანუ გამოაცალკევა, როგორც თავისი საკუთრება. შემდეგ იეჰოვამ მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილება: „ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან . . . ყოველი პირმშოს ნაცვლად“. აღრიცხვისას აღმოჩნდა, რომ ისრაელების პირმშოთა რაოდენობა აღემატებოდა ლევიანთა რაოდენობას. ამიტომ ყოველ მეტ პირმშოზე იეჰოვამ გამოსასყიდის გადახდა მოითხოვა (რიცხ. 3:11—13, 41, 46, 47). ამგვარად ლევიანებს შეეძლოთ ისრაელის ღვთის მსახურებისას თავიანთი მოვალეობის შესრულება.

      4, 5. ა) რას ნიშნავდა ლევიანებისთვის, რომ ღმერთი იყო მათი წილი? ბ) როგორ ზრუნავდა ღმერთი ლევიანებზე?

      4 რას ნიშნავდა ეს დანიშნულება ლევიანებისთვის? იეჰოვას სიტყვების თანახმად, ის იმ გაგებით იქნებოდა მათი წილი, რომ სამკვიდროს მიღების ნაცვლად, მისდამი მსახურების ფასდაუდებელი პატივი ექნებოდათ. „იეჰოვას მღვდლობა“ იყო მათი სამკვიდრო (იეს. 18:7). რიცხვების 18:20-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ ისინი არ დარჩენილან მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე (წაიკითხეთ რიცხვების 18:19, 21, 24 ). ლევიანებს ეძლეოდათ „ყოველი მეათედი ისრაელში, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებენ“. მათთვის ისრაელებს უნდა მიეცათ შინაური ცხოველების ნამატის და აღებული მოსავლის 10 პროცენტი. თავის მხრივ, მღვდლებისთვის ლევიანებსაც უნდა გაეღოთ მიღებული მეათედიდან მეათედი, „საუკეთესო შესაწირავი“a (რიცხ. 18:25—29). მღვდლებს აგრეთვე ეძლეოდათ „ყოველი წმინდა შესაწირავი“, რომელიც ისრაელებს თაყვანისცემის ადგილას ღმერთთან მოჰქონდათ. ამგვარად, მღვდლებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ერწმუნათ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე.

      5 როგორც ჩანს, მოსეს კანონი ლევიანებისთვის მეორე მეათედსაც ითვალისწინებდა. ამ მეათედს ისრაელები გადადებდნენ ხოლმე ყოველწლიურ დღესასწაულებზე აუცილებელი ხარჯების დასაფარავად (კან. 14:22—27). მაგრამ შვიდწლიანი პერიოდის ყოველ მესამე და მეექვსე წელს ამ მეათედს ისრაელები ღარიბებსა და ლევიანებს აძლევდნენ. რატომ ეძლეოდათ ეს მეათედი ლევიანებსაც? იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ „არც წილი . . . და არც სამკვიდრო“ (კან. 14:28, 29).

      6. სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო ისრაელში?

      6 შეიძლება ფიქრობთ, სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო. ღმერთმა იზრუნა მათზე. მან ლევიანებს 48 ქალაქი და მათ გარშემო მდებარე საძოვრები მისცა. მათში ექვსი თავშესაფარი ქალაქიც შედიოდა (რიცხ. 35:6—8). ასე რომ, ლევიანებს ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი, სადაც შეეძლოთ წასულიყვნენ მაშინ, როცა საწმინდარში არ მსახურობდნენ. იეჰოვა ყოველმხრივ უზრუნველყოფდა თავის მსახურებს. როგორ შეეძლოთ ლევიანებს ყველასთვის დაენახვებინათ, რომ იეჰოვა იყო მათი წილი? ნდობის გამოვლენით, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, იზრუნოს თავის მსახურებზე.

      7. რა მოითხოვებოდა ლევიანებისგან, იეჰოვა რომ მათი წილი ყოფილიყო?

      7 კანონი არ ითვალისწინებდა არანაირ სასჯელს, თუ ისრაელები არ გაიღებდნენ მეათედს. მაგრამ ამ საკითხისადმი ისრაელების გულგრილი დამოკიდებულება, უარყოფითად აისახებოდა მღვდლებისა და ლევიანების მსახურებაზე. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნეემიას დღეებში მცხოვრები ლევიანები. იმის ნაცვლად, რომ ემსახურათ, მათ მინდვრებში უწევდათ მუშაობა (წაიკითხეთ ნეემიას 13:10). ცხადია, ლევის ტომის მატერიალური უზრუნველყოფა, ისრაელი ერის სულიერ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მღვდლებსა და ლევიანებს უნდა გამოევლინათ რწმენა იეჰოვასადმი, რომ ის იზრუნებდა მათზე.

      ლევიანები, რომლებისთვისაც იეჰოვა იყო წილი

      8. აღწერეთ, რას განიცდიდა ლევიანი ასაფი.

      8 ლევიანებისთვის, როგორც ტომისთვის, იეჰოვა იყო წილი. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეული ლევიანებიც იყენებდნენ ფრაზას „იეჰოვაა ჩემი წილი“, როდესაც ღვთისადმი ერთგულებასა და ნდობას გამოხატავდნენ (გოდ. 3:24). ერთ-ერთი ასეთი ლევიანი მგალობელი და საგალობლების დამწერი იყო. ჩვენ მას ასაფად მოვიხსენიებთ, თუმცა ის შეიძლება ყოფილიყო ასაფის სახლის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მეფე დავითის დროს მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა (1 მატ. 6:31—43). 73-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, რომ ასაფი (ან მისი რომელიმე შთამომავალი) საგონებელში იყო ჩავარდნილი და შურდა იმ ბოროტი ადამიანების, რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. მან ისიც კი თქვა: „ფუჭად განვიწმინდე გული და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით“. ასაფს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა, თუ რა დიდი პატივი იყო ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება; მან ვერ დააფასა, რომ იეჰოვა იყო მისი წილი. ასაფი ძალიან განიცდიდა, „სანამ არ მივიდა ღვთის დიდებულ საწმინდარში“ (ფსალმ. 73:2, 3, 12, 13, 17).

      9, 10. რატომ შეეძლო ასაფს ეთქვა, რომ ღმერთია მისი „წილი მარადიულად“?

      9 საწმინდარში ასაფმა ყველაფერს ღვთის თვალით შეხედა. შეიძლება მსგავსი რამ თქვენც განგიცდიათ. შესაძლოა, გარკვეულ მომენტში თქვენც ვერ დააფასეთ სათანადოდ ღვთის მსახურების პატივი და იმაზე დაიწყეთ ფიქრი, თუ რა გაკლდათ მატერიალურად. მაგრამ ბიბლიის შესწავლითა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით, ყველაფერს იეჰოვას თვალით დაუწყეთ ყურება. ასაფმა გაიგო, საბოლოოდ რა ელოდა ბოროტებს. ის დაფიქრდა თავის მდგომარეობაზე და მიხვდა, რომ იეჰოვა ჩასჭიდებდა ხელს და წაუძღვებოდა. ამგვარად ასაფს შეეძლო იეჰოვასთვის ეთქვა: „შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე“ (ფსალმ. 73:23, 25). მაშინ მოიხსენია მან იეჰოვა თავის წილად (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:26 ). ფსალმუნმომღერლისთვის „სხეულსა და გულს“ შეიძლება ემტყუნა, მაგრამ ღმერთი იქნებოდა მისი „წილი მარადიულად“. ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ეხსომებოდა ის, როგორც მეგობარი. ღმერთი არასდროს დაივიწყებდა მის ერთგულ მსახურებას (ეკლ. 7:1). რამდენად გამამხნევებელი იქნებოდა ეს ასაფისთვის! ის მღეროდა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28).

      10 ასაფისთვის ის, რომ იეჰოვა მისი წილი იყო, უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფა, რომელსაც, როგორც ლევიანი, იღებდა. ასაფი ძირითადად ყურადღებას იეჰოვას მსახურებასა და მასთან ურთიერთობაზე, უზენაესთან მეგობრობაზე, ამახვილებდა (იაკ. 2:21—23). ასეთი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ფსალმუნმომღერალს იეჰოვასადმი რწმენა უნდა განემტკიცებინა და მას მინდობოდა. ასაფი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ, თუ ღვთის ნორმების თანახმად იცხოვრებდა, იეჰოვა დააჯილდოვებდა მას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყოვლისშემძლე თქვენც ასევე გაკურთხებთ.

      11. რა აინტერესებდა იერემიას და როგორ მიიღო თავის კითხვაზე პასუხი?

      11 წინასწარმეტყველი იერემია კიდევ ერთი ლევიანი იყო, რომელიც იეჰოვას თავის წილად თვლიდა. განვიხილოთ, რას გულისხმობდა ის. იერემია ცხოვრობდა იერუსალიმის მახლობლად მდებარე ლევიანების ქალაქ ანათოთში (იერ. 1:1). ერთხელ იერემია საგონებელში ჩავარდა, რატომ იყვნენ ბოროტები წარმატებული იმ დროს, როცა მართლები იტანჯებოდნენ? (იერ. 12:1). იერუსალიმსა და იუდაში განვითარებული მოვლენების შემხედვარე, იერემია ჩიოდა. მან იცოდა, რომ იეჰოვა სამართლიანია. იერემიას კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა იმით, თუ რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მისი მეშვეობით და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი, ვინც იეჰოვას მითითებებს დაემორჩილებოდნენ, ნადავლად თავიანთ სულს მიიღებდნენ. ბოროტები კი, რომლებიც ერთი შეხედვით წარმატებული ჩანდნენ, იეჰოვას გაფრთხილებას უგულებელყოფდნენ და დაისჯებოდნენ (იერ. 21:9).

      12, 13. ა) რამ აღძრა იერემია ეთქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“ და რაში იყო დარწმუნებული ის? ბ) რატომ უნდა განევითარებინა ყველა ისრაელს ისეთივე აზროვნება, როგორიც იერემიას ჰქონდა?

      12 მოგვიანებით, როდესაც იერემია თავის გაპარტახებულ სამშობლოს უყურებდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს წყვდიადში დადიოდა. თითქოს იეჰოვამ ის „დიდი ხნის მკვდარივით“ დასვა (გოდ. 1:1, 16; 3:6). იერემიამ თავნება ისრაელებს უთხრა, დაბრუნებოდნენ თავიანთ ზეციერ მამას, მაგრამ მათი ბოროტება იმდენად დიდი იყო, რომ ღმერთმა იერუსალიმისა და იუდას განადგურება დაუშვა. ამან იერემიას დიდი ტკივილი მიაყენა, თუმცა ის უდანაშაულო იყო. ამ უბედურებების მიუხედავად, მას ახსოვდა იეჰოვას გულმოწყალება. ჩვენ „არ გვეღება ბოლო“, — თქვა იერემიამ. მართლაც, იეჰოვას წყალობა „ყოველ დილით ახლდება“! იერემიამ მაშინ თქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“. მან განაგრძო იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურება (წაიკითხეთ გოდების 3:22—24 ).

      13 ისრაელებს სამშობლო 70 წლის განმავლობაში ექნებოდათ დაკარგული. იერუსალიმი კი განადგურებული იქნებოდა (იერ. 25:11). მაგრამ იერემიას სიტყვები, „იეჰოვაა ჩემი წილი“ იმაზე მიუთითებდა, რომ წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო ღვთის გულმოწყალებაში, რაც საფუძველს აძლევდა, დალოდებოდა მას. ისრაელის ყველა ტომმა დაკარგა თავისი სამკვიდრო, ამიტომ მათაც სჭირდებოდათ ისეთივე აზროვნების განვითარება, როგორიც წინასწარმეტყველს ჰქონდა. იეჰოვა იყო მათი ერთადერთი იმედი. 70 წლის შემდეგ ღვთის ხალხი სამშობლოში დაბრუნდა და მათ კვლავ მიეცათ ღვთის მსახურების შესაძლებლობა (2 მატ. 36:20—23).

      სხვებსაც შეეძლოთ იეჰოვა თავიანთ წილად გაეხადათ

      14, 15. ლევიანების გარდა, კიდევ ვინ თვლიდა იეჰოვას თავის წილად და რატომ?

      14 ასაფიც და იერემიაც ლევის ტომიდან იყვნენ. ნიშნავდა ეს იმას, რომ მხოლოდ ლევიანებს შეეძლოთ იეჰოვასთვის მსახურება? რა თქმა უნდა, არა. ახალგაზრდა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, იეჰოვას უწოდა „ჩემი წილი ცოცხალთა ქვეყანაში“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 142:1, 5 ). იმ დროისთვის, როდესაც დავითმა ეს ფსალმუნი დაწერა, არათუ სასახლეში, სახლშიც კი არ იმყოფებოდა. ის თავის მტრებს გამოქვაბულში ემალებოდა. დავითმა, სულ მცირე, ორჯერ შეაფარა თავი გამოქვაბულს; ერთხელ ადულამის მახლობლად, მეორეჯერ კი ენ-გედის უდაბნოში. სავსებით დასაშვებია, რომ 142-ე ფსალმუნი ერთ-ერთ ამ გამოქვაბულში დაეწერა.

      15 თუ ეს ფსალმუნი მართლა გამოქვაბულში დაწერა, ამის მიზეზი ის იყო, რომ მას მეფე საული მოსაკლავად დასდევდა. დავითი ამ დროს მიუვალ გამოქვაბულში იმალებოდა (1 სამ. 22:1, 4). ამ მივარდნილ ადგილას ის თავს ეულად გრძნობდა და გვერდით არ ეგულებოდა მეგობარი, რომელიც დაიცავდა (ფსალმ. 142:4). სწორედ ამ დროს მოუხმო დავითმა ღმერთს.

      16, 17. ა) რატომ იყო დავითი გულდამძიმებული? ბ) ვისთვის შეეძლო დავითს დახმარებისთვის მიემართა?

      16 იმ დროისთვის, როდესაც დავითმა 142-ე ფსალმუნი დაწერა, შესაძლოა, გაიგო, რა მოუვიდა მღვდელმთავარ ახიმელექს. შურიანმა მეფე საულმა ის და მისი ოჯახი ამოხოცა იმის გამო, რომ ახიმელექი დაეხმარა დავითს, თუმცა არ იცოდა, რომ ის საულს გაურბოდა (1 სამ. 22:11, 18, 19). დავითი მათ სიკვდილში თავს დამნაშავედ გრძნობდა. თითქოს მან მოკლა მღვდელი, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა. დავითის ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენც იგრძნობდით თავს დამნაშავედ? დავითის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მას ერთი წამით მოსვენებაც კი არ ჰქონდა, ვინაიდან საული გამუდმებით დევნიდა.

      17 ახიმელექის მოკვლიდან მალევე მოკვდა წინასწარმეტყველი სამუელი, რომელმაც დავითი მომავალ მეფედ სცხო (1 სამ. 25:1). ამან დავითს კიდევ უფრო დაუმძიმა გული. მაგრამ მან იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის. მისი ერთადერთი იმედი იეჰოვა იყო. მართალია, დავითს ლევიანად მსახურების პატივი არ ჰქონია, მაგრამ ის ცხებული იყო სხვა სახის მსახურებისთვის — დავითი ღვთის ხალხის მეფე უნდა გამხდარიყო (1 სამ. 16:1, 13). ასე რომ, დავითმა გული გადმოუღვარა იეჰოვას და ხელმძღვანელობას მისგან ელოდა. როდესაც იეჰოვას მსახურებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ, ის თქვენი წილიც და თავშესაფარიც იქნება.

      18. ამ სტატიაში მოხსენიებულმა ღვთის მსახურებმა, როგორ ცხადყვეს, რომ იეჰოვას მიიჩნევდნენ თავიანთ წილად?

      18 ამ სტატიაში განხილული ღვთის ყველა მსახური იეჰოვას თავის წილად იმ გაგებით მიიჩნევდა, რომ მის მიერ დაკისრებულ ამა თუ იმ დავალებას ასრულებდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე. ლევიანებიც და ისრაელის სხვა ტომების წარმომადგენლებიც, მაგალითად დავითი, იეჰოვას თავიანთ წილად მიიჩნევდნენ. როგორ შეიძლება იეჰოვა თქვენი წილიც გახდეს? ამ საკითხს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

      [სქოლიო]

      a მღვდლების უზრუნველყოფის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, ტომი 2, გვერდი 684 (ინგლ.).

  • არის იეჰოვა თქვენი წილი?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
    • არის იეჰოვა თქვენი წილი?

      „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33).

      1, 2. ა) ვინ იგულისხმება გალატელების 6:16-ში მოხსენიებულ „ღვთის ისრაელში“? ბ) ვინ იგულისხმება მათეს 19:28-ში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“?

      ვინ გასენდებათ, როდესაც ბიბლიაში სიტყვა „ისრაელს“ ხვდებით? ისაკის ვაჟი იაკობი ხომ არა, რომელსაც ისრაელი დაერქვა? თუ მისი შთამომავლები, ძველი ისრაელი? ან იქნებ სულიერი ისრაელი, ანუ „ღვთის ისრაელი“, 144 000 წმინდა სულით ცხებული, რომლებიც ზეცაში მეფეები და მღვდლები იქნებიან? (გალ. 6:16; გამოცხ. 7:4; 21:12). ბიბლია ისრაელს სხვა მხრივაც მოიხსენიებს, როდესაც მათეს 19:28-ში ისრაელის 12 ტომზე საუბრობს.

      2 იესომ თქვა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“. ამ მუხლში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“ იგულისხმება ისინი, ვისაც იესოს ცხებული მოწაფეები გაასამართლებენ და, ვისაც სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. 144 000 ცხებული მათი მღვდლები იქნებიან.

      3, 4. რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ ერთგული ცხებულები?

      3 ძველ დროს მცხოვრები მღვდლებისა და ლევიანების მსგავსად, დღეს ცხებული ქრისტიანები ღვთის მსახურებას ძალიან აფასებენ (რიცხ. 18:20). ცხებულები არ მოელიან, რომ დედამიწაზე მათ გარკვეული ტერიტორია მიეცემათ საკუთრებად. ისინი იესო ქრისტესთან ერთად ზეცაში მღვდლებად მსახურებასა და მეფობას ელიან. ცხებულები განაგრძობენ ღვთის მსახურებას ზეცაში, როგორც გამოცხადების 4:10, 11-შია აღნიშნული (ეზეკ. 44:28).

      4 დედამიწაზე ცხებულები თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ იეჰოვაა მათი წილი. მათთვის უმთავრესი ღვთისთვის მსახურებაა. ისინი რწმენას ავლენენ ქრისტეს გამოსასყიდისადმი და მიჰყვებიან მას, რითაც მტკიცდებიან თავიანთ „მოწოდებასა და რჩეულობაში“ (2 პეტ. 1:10). ცხებულებს განსხვავებული მდგომარეობა და შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ ამის გამო თავს არ იმართლებენ და ცოტას არ მსახურობენ. პირიქით, ისინი პირველ ადგილზე აყენებენ ღვთის მსახურებას და აკეთებენ ყველაფერს, რის ძალაც შესწევთ. ისინი შესანიშნავ მაგალითს აძლევენ ყველას, ვისაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ.

      5. როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს ყველა ქრისტიანის წილი და რატომ არის ეს რთული?

      5 ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, უნდა უარვყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ წამების ბოძი და გავყვეთ ქრისტეს (მათ. 16:24). მილიონები, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებას იმედოვნებენ, სწორედ ასე სცემენ ღმერთს თაყვანს და მიჰყვებიან ქრისტეს. ისინი მცირედს არ სჯერდებიან მაშინ, როცა მეტის გაკეთება შეუძლიათ. მრავალმა გაიმარტივა ცხოვრება და პიონერად მსახურება დაიწყო. ზოგი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე პიონერად მსახურობს. სხვები კი, თუმცა პიონერად ვერ მსახურობენ, მსახურებაში ძალისხმევას არ იშურებენ. ასეთები ჰგვანან ერთგულ მარიამს, რომელმაც იესოს სურნელოვანი ზეთი სცხო. იესომ მარიამის შესახებ თქვა: „მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა . . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“ (მარ. 14:6—8). ადვილი არ არის, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. მაგრამ საჭიროა ძალ-ღონე არ დავიშუროთ და იეჰოვაზე ვიყოთ მინდობილი. განვიხილოთ, რა ოთხი სახით შეგვიძლია ამის გაკეთება.

      უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო

      6. ა) როგორ ცხადყოფენ ისინი, ვინც ღმერთს არ ემსახურებიან, რომ მათ წილი მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ? ბ) რატომ არის უკეთესი, გვქონდეს ისეთივე შეხედულება, როგორიც დავითს ჰქონდა?

      6 იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, უპირველესად ეძებათ სამეფო და ღვთის სიმართლე. ისინი, ვინც ღმერთს არ ემსახურებიან, საკუთარ ინტერესებს აყენებენ პირველ ადგილზე, როგორც „ქვეყნიერების ხალხი, ვისაც წილი აქვს ამ ცხოვრებაში“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 17:1, 13—15 ). ეს ადამიანები არად აგდებენ თავიანთ შემოქმედს და საკუთარ თავს კომფორტული ცხოვრების მოწყობას, შვილების აღზრდასა და მათთვის მემკვიდრეობის დატოვებას უძღვნიან. მათ წილი მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ. მათგან განსხვავებით, დავითს უნდოდა, იეჰოვას თვალში „კარგი სახელი“ ჰქონოდა. მოგვიანებით კი მისი ვაჟი სოლომონი ყველას ურჩევდა, რომ ამისკენ ესწრაფათ (ეკლ. 7:1). ასაფის მსგავსად, დავითიც იეჰოვასთან მეგობრობას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა, ვიდრე საკუთარი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას. ის სიამოვნებით დადიოდა ღმერთთან ერთად. დღესაც, მრავალი ქრისტიანი სამსახურზე მაღლა ღვთის მსახურებას აყენებს.

      7. როგორ აკურთხა ღმერთმა ერთი ძმა იმის გამო, რომ სამეფო პირველ ადგილზე დააყენა?

      7 განვიხილოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები უხუცესისა და სამი შვილის მამის, ჟან-კლოდის, შემთხვევა. იქ სამუშაოს შოვნა არც ისე ადვილია, და ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამსახური არ დაკარგოს. ერთხელ, საწარმოს უფროსმა ჟან-კლოდს უთხრა, რომ ამიერიდან ის იმუშავებდა საღამოს შვიდის ნახევრიდან, მთელი ღამის განმავლობაში, კვირაში შვიდივე დღე. ჟან-კლოდმა უფროსს აუხსნა, რომ მატერიალური უზრუნველყოფის გარდა, მას ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზეც უნდა ეზრუნა. აგრეთვე უთხრა, რომ მას კრებაშიც გარკვეული პასუხისმგებლობები ჰქონდა. რა პასუხი გასცა უფროსმა? „თუ გაგიმართლა, და სამუშაო გაქვს, სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო. მათ შორის ცოლი, შვილები თუ პრობლემები. ცხოვრება სამსახურს უნდა მიუძღვნა და სხვას არაფერს სამსახურის გარდა. ასე რომ, აირჩიე — ან შენი რელიგია, ან სამსახური“. პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით? ჟან-კლოდს ესმოდა, სამსახური რომც დაეკარგა ღმერთი არ მიატოვებდა მას. ღვთის მსახურებაში მას კვლავაც ბევრი ექნებოდა გასაკეთებელი, ხოლო მისი ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში იეჰოვა დაეხმარებოდა. ამგვარად, ჟან-კლოდი შუა კვირაში კრების შეხვედრაზე წავიდა. კრების შემდეგ ის სამსახურში წასასვლელად გაემზადა, თუმცა არ იცოდა დატოვებდნენ თუ არა იქ. სწორედ ამ დროს დაურეკეს მას და შეატყობინეს, რომ ის კი არა, თურმე მისი უფროსი დაუთხოვიათ.

      8, 9. როგორ მივბაძოთ მღვდლებსა და ლევიანებს, რომლებიც იეჰოვას თავიანთ წილად მიიჩნევდნენ?

      8 ზოგი, ვინც სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, შეიძლება ფიქრობდა: „როგორ ვიზრუნო ოჯახზე?“ (1 ტიმ. 5:8). იმისდა მიუხედავად, შეხვედრიხართ თუ არა მსგავს პრობლემას, ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდან იცით, რომ თუ იეჰოვა თქვენი წილი იქნება და მის მსახურებას უძვირფასეს განძად მიიჩნევთ, იმედი არასდროს გაგიცრუვდებათ. როდესაც თავის მოწაფეებს ურჩია, „უპირველესად სამეფო ეძებათ“, იესომ ისინი დაარწმუნა, რომ „სხვა დანარჩენი“ — საჭმელი, სასმელი და ჩასაცმელი — შეემატებოდათ (მათ. 6:33).

      9 კვლავ გავიხსენოთ ლევიანები. მათ არ მიუღიათ სამკვიდრო აღთქმულ მიწაზე. ვინაიდან ისინი წმინდა მსახურებას პირველ ადგილზე აყენებდნენ, მატერიალური უზრუნველყოფის საკითხში უნდა მინდობოდნენ იეჰოვას, რომელმაც მათ უთხრა: „მე ვარ თქვენი წილი“ (რიცხ. 18:20). ჩვენ არ ვმსახურობთ პირდაპირი გაგებით ტაძარში მღვდლებად და ლევიანებად, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ მათ სულისკვეთებას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე. რაც უფრო ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო უნდა მივენდოთ ღმერთს (გამოცხ. 13:17).

      ეძებეთ ღვთის სიმართლე

      10, 11. როგორ მიენდო ზოგი იეჰოვას, როცა საქმე სამუშაოს ეხებოდა? მოიყვანეთ მაგალითი.

      10 იესომ თავის მოწაფეებს აგრეთვე მოუწოდა, უპირველესად ეძებათ ღვთის სიმართლე (მათ. 6:33). ეს იმას ნიშნავს, რომ სწორისა და არასწორის შესახებ ადამიანურ შეხედულებებზე მაღლა იეჰოვას ნორმები დავაყენოთ (წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9 ). ქრისტიანად გახდომამდე ბევრი თამბაქოს მოყვანითა და ვაჭრობით იყო დაკავებული. ზოგი ასწავლიდა სამხედრო საქმეს ან აწარმოებდა და ყიდდა საომარ იარაღს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ უმეტესობამ სამუშაო შეიცვალა და ნათელი გახადა, რომ მზად იყო მოსანათლად (ეს. 2:4; 2 კორ. 7:1; გალ. 5:14).

      11 განვიხილოთ ენდრიუს შემთხვევა. როდესაც მან და მისმა მეუღლემ იეჰოვას შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს მისთვის ემსახურათ. ენდრიუს ძალიან მოსწონდა თავისი სამსახური, მაგრამ თავი დაანება მას. რატომ? იმიტომ, რომ მისი სამუშაო სამხედრო სამსახურთან იყო დაკავშირებული, ენდრიუს კი ღვთის სიმართლის პირველ ადგილზე დაყენება სურდა. სამსახურიდან წამოსვლისას ენდრიუს ჰყავდა ორი შვილი, არ ჰქონდა არანაირი შემოსავალი და დანაზოგი მხოლოდ რამდენიმე თვეს ეყოფოდათ. ადამიანური თვალსაზრისით, ის ყოველგვარი „სამკვიდროს“ გარეშე დარჩა. ის ღმერთზე იყო მინდობილი და ეძებდა სხვა სამუშაოს. მას და მის ოჯახს, როდესაც წარსულს იხსენებენ, დარწმუნებით შეუძლიათ თქვან, რომ იეჰოვას ხელი მოკლე არ არის (ეს. 59:1). ენდრიუმ და მისმა მეუღლემ ცხოვრება გაიმარტივეს და სრული დროით მსახურება დაიწყეს. ენდრიუმ თქვა: „მართალია, იყო დრო, როცა ფინანსურად გვიჭირდა, გვქონდა ბინის, ჯანმრთელობისა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა . . . დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მსახურება ყველაზე საპატიო და შეუდარებელი საქმეა“a (ეკლ. 12:13).

      12. რა თვისებაა საჭირო, რომ ღვთის ნორმები პირველ ადგილზე დავაყენოთ? მოიყვანეთ ადგილობრივი მაგალითი.

      12 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათ. 17:20). მზად ხართ იეჰოვას ნორმები პირველ ადგილზე დააყენოთ, მაშინაც კი, თუ ეს პრობლემებს შეგიქმნით? თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, დაელაპარაკეთ კრების წევრებს. მათ მიერ მოყოლილი შემთხვევები რწმენას განგიმტკიცებთ.

      დააფასეთ ყველაფერი, რითაც იეჰოვა უზრუნველგყოფთ

      13. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როდესაც იეჰოვას მსახურებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ?

      13 თუ იეჰოვას მსახურებას ძალიან აფასებთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისევე იზრუნებს თქვენს ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ლევიანებზე ზრუნავდა. იფიქრეთ დავითის მაგალითზე. გამოქვაბულში ყოფნის დროსაც კი ის იეჰოვაზე იყო დაიმედებული. ჩვენც შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას მაშინაც კი, როცა მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ. გაიხსენეთ, როდესაც ასაფი „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ მივიდა, უკეთ ჩასწვდა, რა იყო მისი პრობლემის მიზეზი (ფსალმ. 73:17). მსგავსადვე, ჩვენც უნდა მივმართოთ სულიერი კვების ღვთიურ წყაროს. ამგვარად, ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, დავაფასებთ ღვთის მსახურების პატივს და იეჰოვა იქნება ჩვენი წილი.

      14, 15. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ბიბლიურ სწავლებებს მეტი ნათელი ეფინება და რატომ?

      14 როგორ რეაგირებთ, როდესაც იეჰოვა, სულიერი განათლების წყარო, მეტ ნათელს ჰფენს ბიბლიაში მოცემულ „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორ. 2:10—13). ამ მხრივ ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია მოციქულ პეტრეს რეაქცია იესოს სიტყვებზე: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ბევრმა მოწაფემ ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით მიიღო და თქვა: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა? . . . [და] ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდნენ“. მათგან განსხვავებით, პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:53, 60, 66, 68).

      15 პეტრეს ბოლომდე არ ესმოდა, რას გულისხმობდა იესო თავისი ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაში. მაგრამ სულიერი სინათლის მიღებას მოციქული ღვთისგან ელოდა. როცა ამა თუ იმ სულიერ საკითხს მეტი ნათელი ეფინება, ცდილობთ ჩაწვდეთ იმ ბიბლიურ მიზეზებს, რის გამოც ეს ცვლილება მოხდა? (იგავ. 4:18). პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ბერეელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:11). თუ მათ მაგალითს მიჰბაძავთ, მეტად დააფასებთ ღვთის მსახურებას და იმას, რომ იეჰოვაა თქვენი წილი.

      დაქორწინდით მხოლოდ უფალში

      16. როგორ იქნება იეჰოვა დაუქორწინებელი ქრისტიანის წილი, როდესაც საქმე 1 კორინთელების 7:39-ს ეხება?

      16 კიდევ ერთი მხარე, რაშიც ქრისტიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ღვთის განზრახვები, არის ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, დაქორწინდეს მხოლოდ უფალში (1 კორ. 7:39). ბევრმა ამ რჩევის უგულებელყოფას დაუქორწინებლად დარჩენა არჩია. ასეთ და-ძმებს იეჰოვა ძალიან აფასებს. რას აკეთებდა დავითი, როდესაც თავს მარტოდ და უმწეოდ გრძნობდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღვთის] წინაშე ვღვრიდი ჩემს საწუხარს, მას ვუყვებოდი ჩემს გასაჭირს, როცა სული დამიუძლურდა“ (ფსალმ. 142:1—3). შესაძლოა, წინასწარმეტყველი იერემიაც მსგავსად გრძნობდა თავს. ის ათეულობით წლის განმავლობაში დაუქორწინებელი იყო და ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. იერემიას, როგორც დაუქორწინებელი მსახურის, მაგალითი კარგად არის განხილული წიგნის „ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით“ მე-8 თავში.

      17. როგორ უმკლავდება ერთი დაუქორწინებელი და მარტოობის გრძნობას?

      17 შეერთებული შტატებში მცხოვრებმა ერთმა დამ თქვა: „არასდროს მქონია გადაწყვეტილი დაუქორწინებლად დარჩენა. შესაფერისი ძმა თუ ვნახე, ოჯახის შექმნაზე უარს არ ვიტყვი. დედაჩემი, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებს, სულ იმას მიჩიჩინებდა, რომ პირველივე შემხვედრს გავყოლოდი ცოლად. მე კი ვეკითხებოდი, მზად იყო თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, თუ უბედური ოჯახური ცხოვრება მექნებოდა. დროთა განმავლობაში მან დაინახა, რომ მქონდა სტაბილური სამუშაო, უზრუნველვყოფდი საკუთარ თავს და ვიყავი ბედნიერი. ახლა უკვე აღარ მთხოვს, რომ გავთხოვდე“. ეს და დროდადრო თავს მარტოდ გრძნობს. მაგრამ ის დასძენს: „ვცდილობ, იმედი იეჰოვაზე დავამყარო. მას არასდროს მივუტოვებივარ“. რა დაეხმარა მას, რომ იეჰოვაზე ყოფილიყო მინდობილი? ის ამბობს: „ლოცვა მეხმარება, რომ იეჰოვა ჩემთვის რეალური იყოს და რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნო. როგორ შეიძლება თავი უღირსად ან უბედურად ვიგრძნო, მაშინ როცა სამყაროს უზენაესი მისმენს?!“ ეს და დარწმუნებულია, რომ გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას. ის ამბობს: „ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო სხვებისთვის, და სამაგიეროს არავისგან ველი. როცა ვფიქრობ, რით დავეხმარო სხვებს, გული სიხარულით მევსება“ (საქ. 20:35). იეჰოვა მართლაც არის ამ დის წილი და ის ბედნიერია, რომ ღმერთს ემსახურება.

      18. როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს თქვენი წილი?

      18 მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ღვთის ბედნიერ ხალხს შორის და ასეთი სახით ღმერთი თქვენი წილი იქნება (2 კორ. 6:16, 17). იეჰოვა ისევე იქნება თქვენი წილი, როგორც წარსულში მცხოვრები სხვა ერთგული მსახურების (წაიკითხეს კანონის 32:9, 10). როგორც ისრაელი გამოარჩია იეჰოვამ სხვა ერებს შორის და გახადა თავისი წილი, ასევე შეიძლება გამოგარჩიოთ თქვენც და სიყვარულით იზრუნოს თქვენზე (ფსალმ. 17:8).

      [სქოლიო]

      a იხილეთ 2009 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—14.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება