საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განადიდე მარადისობის მეფე!
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აპრილი
    • განადიდე მარადისობის მეფე!

      „უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 9:37).

      1. რა კითხვები წამოიჭრება მარადისობასთან დაკავშირებით?

      მარადისობა — რას იტყოდი შენ მის შესახებ? შენი აზრით, მარადიულად მიედინება თუ არა დრო? უეჭველია, რომ დრო წარსულში მარადიულად მიედინებოდა. რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ დრო მომავალშიც მარადიულად იდინებს? ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლ.) ამბობს, რომ ღმერთს განადიდებენ „დროის უსასრულობიდან დროის უსასრულობამდე“ (ფსალმუნი 41:13, აქ [40:14]). რას ნიშნავს ეს გამოთქმა? ამის ნათლად დანახვაში დახმარებას გაგვიწევს ამასთან დაკავშირებული საკითხი — სივრცე.

      2, 3. ა) სივრცესთან დაკავშირებული რომელი საკითხები გვეხმარება მარადისობის აღქმაში? ბ) რატომ უნდა გვსურდეს, რომ თაყვანი ვცეთ მარადისობის მეფეს?

      2 რა სიდიდისაა სივრცე? აქვს თუ არა მას საზღვარი? მე-16 საუკუნემდე ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ცენტრი იყო დედამიწა. როცა გალილეომ გამოიგონა უფრო გაუმჯობესებული ტელესკოპი, შესაძლებელი გახდა ზეცის უფრო გადიდებული ხედის დანახვა. ახლა გალილეოს შეეძლო უფრო მეტი ვარსკვლავები დაენახა და იმის უნარიც შესწევდა ეჩვენებინა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ. ირმის ნახტომი მეტად აღარ იყო ბუნდოვანი და უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. დამტკიცდა, რომ მან აღმოაჩინა გალაქტიკა და ამ გალაქტიკაში დაახლოებით ათასობით მილიონი ვარსკვლავია. მთელი სიცოცხლე რომ მოვანდომოთ, მაინც ჩვენს ძალებს აღემატება, დავითვალოთ ასე მრავალი ვარსკვლავი. მოგვიანებით ასტრონომები კვლავ ცდილობდნენ, რომ განესაზღვრათ მილიარდობით გალაქტიკა. მხოლოდ იმის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, რა შესაძლებლობებიც აქვს ყველაზე ძლიერ ტელესკოპს გალაქტიკები უსასრულოდ ბევრია სივრცეში. როგორც ჩანს, სივრცე უსაზღვროა. იგივე შეიძლება ითქვას მარადისობის შესახებაც — მარადისობა უსაზღვროა.

      3 მარადისობის აღქმა ადამიანთა გონების შეზღუდულ უნარს აღემატება. მაგრამ არსებობს პიროვნება, ვისაც სავსებით ესმის ეს. მას შეუძლია დათვალოს, დიახ, და მილიარდობით გალაქტიკებში არსებულ უსაზღვრო რაოდენობის კვადრილიონ ვარსკვლავებს თავიანთი სახელები უწოდოს! ეს პიროვნება ამბობს: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალმოსილს და ყოვლადძლიერს. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება“ (ესაია 40:26, 28). რა დიდებულია ღმერთი! ჭეშმარიტად, ის არის ღმერთი, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ!

      „ხელმწიფე უკუნისამდე“

      4. ა) როგორ გამოხატა დავითმა, რომ აფასებდა მარადისობის მეფეს? ბ) რა დაასკვნა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა დიდებულმა მეცნიერმა სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით?

      4 დავითი შემოქმედის, ღმერთის შესახებ მე-9 ფსალმუნის 37-ე მუხლში ამბობს: „უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე“. ამასთანავე, ფსალმუნის 28:10-ში ფსალმუნმომღერალი იმეორებს: „დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე“. დიახ, იეჰოვა არის მარადისობის მეფე! გარდა ამისა დავითი ადასტურებს, რომ დიდებული მეფე არის გამომგონებელი და შემოქმედი ყოველივე იმისა, რასაც ვხედავთ სივრცეში და რის შესახებაც საუბარია ფსალმუნის 18:2-ში: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“. დაახლოებით 2 700 წლის შემდეგ ცნობილმა მეცნიერმა სერ ისააკ ნიუტონმა დავითის სიტყვები დაადასტურა, როდესაც წერდა: „მზის, პლანეტებისა და კომეტების ეს საუკეთესო სისტემა შეიძლებოდა მხოლოდ განათლებული და ძლევამოსილი არსების მიზნისა და უზენაესობის ნაყოფი ყოფილიყო“.

      5. რას წერდნენ ესაია და პავლე სიბრძნის წყაროსთან დაკავშირებით?

      5 როგორი თავმდაბლობა უნდა გვასწავლოს იმ ფაქტმა, რომ უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელსაც თვით უსაზღვრო ‘ცანი და ცანი ცათანი ვერ იტევენ’, არსებობს მარადიულად! (მესამე მეფეთა 8:27). იეჰოვა, როგორც ესაიას 45:18-შია აღწერილი, არის „ცათა შემოქმედი. . . რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა“ და არის ისეთი უსაზღვრო სიბრძნის წყარო, რომელსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება. როგორც 1 კორინთელთა 1:19-ში გამახვილებულია ყურადღება, იეჰოვა ამბობს: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. ამას პავლე მოციქული მე-20 მუხლში უმატებს: „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?“ დიახ, როგორც პავლე მე-3 თავის მე-19 მუხლში აგრძელებს: „ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“.

      6. რა არის ნათქვამი ეკლესიასტეს 3:11-ში ‘დროის უსასრულობასთან’ დაკავშირებით?

      6 ციური სხეულები რომ შემოქმედების ნაწილია, ამას მეფე სოლომონიც იხსენიებს: „მან [ღმერთმა] ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის [დროის უსასრულობის, აქ] შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“ (ეკლესიასტე 3:11). ფაქტია, რომ ადამიანის გულში ჩაბეჭდილია, ჩასწვდეს „დროის უსასრულობას“, რაც არის მარადიულობა. მაგრამ აქვს თუ არა ადამიანს უნარი, ოდესმე ჩასწვდეს მსგავს შემეცნებას?

      სიცოცხლის დიდებული იმედი

      7, 8. ა) სიცოცხლის რომელი შესანიშნავი იმედია ადამიანთა წინაშე და როგორ შეიძლება ეს იმედი ხელმისაწვდომი იყოს? ბ) რატომ უნდა გვიხაროდეს, რომ ღვთიური სწავლება გაგრძელდება მარადიულად?

      7 ლოცვისას იესო ქრისტემ იეჰოვას უთხრა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როგორ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი შემეცნება? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია. მისი საშუალებით შევძლებთ მივიღოთ ზუსტი შემეცნება ღვთის დიდებული განზრახვების შესახებ, მათ შორის იმ ღონისძიების შესახებაც, რომელიც მან განახორციელა თავისი ძის მეშვეობით მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებით დედამიწაზე სამოთხეში. ეს იქნება ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’, რომელიც მოხსენიებულია 1 ტიმოთეს 6:19-ში. ეს იქნება იმასთან თანხმობაში, რაც აღწერილია ეფესელთა 3:11-ში, როგორც ‘საუკუნო განზრახვა, რომელიც განახორციელა [ღმერთმა] ჩვენს უფალ ქრისტე იესოში’.

      8 დიახ, ცოდვილ ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ მარადიული სიცოცხლე ღვთიური განათლების მეშვეობითა და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენით. რამდენ ხანს გაგრძელდება საგანმანათლებლო პროგრამა? ეს გაგრძელდება მარადიულად, ვინაიდან კაცობრიობა წინ წაიწევს ჩვენი შემოქმედის სიბრძნის შესწავლაში. იეჰოვას სიბრძნე უსაზღვროა. პავლე მოციქულს ესმოდა ეს და აღტაცებით წამოიძახა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!“ (რომაელთა 11:33). ნამდვილად, იეჰოვას შესაფერისად ეწოდება 1 ტიმოთეს 1:17-ში ‘საუკუნეთა მეფე’!

      იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნე

      9, 10. ა) რომელი დიდებული საქმეები შეასრულა იეჰოვამ, როდესაც ადამიანებს დედამიწა ძღვნად მოუმზადა? ბ) როგორ ჩანს ღვთის დიდებული სიბრძნე მისივე ქმნილებების მეშვეობით? (იხილე ჩარჩო).

      9 ახლა კი ვისაუბროთ იმ დიდებული მემკვიდრეობის შესახებ, რომლითაც მარადისობის მეფემ უზრუნველყო კაცობრიობა. ფსალმუნის 113:24-ში ნათქვამია: „ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ“. ნუთუ არ ფიქრობ, რომ ეს განსაცვიფრებელი ნდობაა? რა თქმა უნდა! რამდენად დიდად უნდა დავაფასოთ ჩვენი შემოქმედის დიდებული მზრუნველობა, რომელმაც დედამიწა სახლად მოგვიმზადა! (ფსალმუნი 106:8).

      10 როგორც „დაბადების“ პირველ თავშია აღწერილი განვითარების განსაცვიფრებელი პროცესი დედამიწაზე მიმდინარეობდა ექვსი შემოქმედებითი „დღის“ განმავლობაში, ხოლო თითოეული დღე ათასობით წლებს მოიცავს. საბოლოოდ, ღვთის ქმნილებებით უნდა ავსებულიყო დედამიწა, მთელ მიწას უნდა გადაფარებოდა მწვანე ბალახის ხალიჩა, შემკულიყო დიდებული ტყეებითა და მრავალფეროვანი ყვავილებით. წყალში უხვად უნდა ყოფილიყო ეგზოტიკური ზღვის ცხოველები, დედამიწაზე კი მშვენიერ ფრთოსანთა გუნდები და უამრავი რაოდენობის შინაური თუ გარეული ცხოველები, რომლებიც გამრავლდებოდნენ „თავ-თავისი გვარისდა მიხედვით“. როდესაც საუბარია მამაკაცისა და ქალის შექმნაზე, დაბადების 1:31-ში ნათქვამია: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“. რა მშვენიერ გარემოცვაში იქნებოდნენ პირველი ადამიანები! ნუთუ შევძლებთ აღვიქვათ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის შემოქმედებითი სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და მზრუნველობა? (ესაია 45:11, 12, 18).

      11. როგორ განადიდა სოლომონმა იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნე?

      11 სოლომონი აღტაცებული იყო მარადისობის მეფის სიბრძნით. მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება შემოქმედის სიბრძნეზე (იგავნი 1:1, 2; 2:1, 6; 3:13–18). სოლომონი გვარწმუნებს, რომ ‘დედამიწა დროის უსასრულობამდე იქნება’, (აქ). ის აფასებდა შემოქმედების მრავალ საოცრებას, მათ შორის წვიმის ღრუბლის როლს დედამიწის გამოსაცოცხლებლად. ის წერდა: „ზამთრის ნაკადები ზღვისკენ მიედინებიან, ზღვა კი მაინც არ აღივსება. საიდანაც ზამთრის ნაკადები მოედინებიან, კვლავ იმ ადგილს უბრუნდებიან, რომ კვლავ წამოვიდნენ“ (ეკლესიასტე 1:4, 7, აქ). სინამდვილეში ასეც ხდება, მას შემდეგ რაც წვიმა და მდინარეები გაახალისებენ მიწას, წყალი იწყებს წრებრუნვას ოკეანეებიდან და კვლავ ღრუბლები წარმოიქმნება. როგორი იქნებოდა დედამიწა და როგორი იქნებოდა ჩვენი პირობები, რომ არ იყოს გამწმენდი წყალი და წყლის განუწყვეტელი წრებრუნვა?

      12, 13. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება ღვთის შემოქმედების მიმართ?

      12 ჩვენი მადლიერება ბუნებაში არსებული ჰარმონიის გამო საქმით უნდა გამოვხატოთ, როგორც ეს აღნიშნა მეფე სოლომონმა „ეკლესიასტეს“ დასკვნით სიტყვებში: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:13, 14). ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ღვთის თვალში არ არის მოსაწონი. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ მას ღრმა, მოწიწებით აღსავსე შიშით.

      13 უეჭველია, ჩვენ უნდა გვსურდეს მარადისობის მეფის განდიდება მისი დიდებული შემოქმედებითი საქმიანობის გამო! ფსალმუნის 103:24-ში ნათქვამია: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“. დაე, სიხარულით შევუერთდეთ ამ ფსალმუნის ბოლო სიტყვებს, რომ საკუთარ თავსაც და აგრეთვე სხვებსაც ვუთხრათ: „აკურთხე იეჰოვა, ო სულო ჩემო. ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“ (აქ).

      მიწიერ ქმნილებათა გვირგვინი

      14. რა მხრივ არის ღვთის მიერ შექმნილი ადამიანი ცხოველებთან შედარებით გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომი?

      14 იეჰოვას ყოველი ქმნილება ჩინებულია. მაგრამ ყველაზე შესანიშნავი ქმნილება დედამიწაზე ვართ ჩვენ — ადამიანები. ადამი, ხოლო შემდეგ ევა, იეჰოვას მეექვსე შემოქმედებითი დღის აპოგეა იყო — ეს ქმნილებები გაცილებით მაღალ საფეხურზე იყვნენ თევზებთან, ფრინველებსა და ცხოველებთან შედარებით! ისინი მხოლოდ ინსტინქტურად არიან ბრძენნი, ადამიანები კი დაჯილდოვებული არიან მსჯელობის უნარით, გონიერებით, და შეუძლიათ განასხვაონ სიკეთე და ბოროტება, ადამიანს შესწევს უნარი, რომ მომავლისთვის შეადგინოს გეგმა და აგრეთვე აქვს თაყვანისმცემლობის თანდაყოლილი სურვილი. როგორ მოხდა ყოველივე ეს? იმის ნაცვლად, რომ გარეული მხეცებისგან განვითარებულიყვნენ, ადამიანი ღვთის მსგავსად იყო შექმნილი. მაშასადამე, მხოლოდ ადამიანს შეუძლია აირეკლოს ჩვენი შემოქმედის თვისებები, რომელმაც საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც „იეჰოვა, იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, რისხვაში ნელი და სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და ჭეშმარიტების უხვად მქონე“ (გამოსვლა 34:6, აქ).

      15. რატომ უნდა ვადიდოთ თავმდაბლურად იეჰოვა?

      15 დაე, ვაქოთ იეჰოვა და ვიყოთ მისი მადლიერი, რადგან მან არაჩვეულებრივად შექმნა ჩვენი სხეული. ჩვენს სხეულში სისხლის მიმოქცევა, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, ყოველ 60 წამში ხდება. როგორც მეორე რჯულის 12:23-შია ნათქვამი, „სისხლი სულია“ — ჩვენი სიცოცხლე — ღვთის თვალში ძვირფასი. მტკიცე ძვლები, მოქნილი კუნთები, მგრძნობიარე ნერვული სისტემა და ბოლოს ტვინი, რომელიც გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას ნებისმიერი ცხოველის ტვინთან შედარებით და რომელიც ცათამბჯენის ზომის, ნებისმიერი სიძლიერის კომპიუტერსაც კი შეუძლებელია ჰქონდეს. ნუთუ ყოველივე ამაზე ფიქრი არ აღვიძებს შენში თავმდაბლობის გრძნობას? ეს ასეც უნდა იყოს (იგავნი 22:4). ასევე დაუფიქრდი: ფილტვები, ხორხი, ენა, კბილები და პირი ურთიერთმოქმედებისას ადამიანს საუბრის უნარით უზრუნველყოფს ათასობით ენაზე. დავითმა შექმნა შესაფერისი სიმღერა იეჰოვასთვის: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:14). დაე, ჩვენც შევუერთდეთ დავითს, რომ მადლიერებით ვადიდოთ იეჰოვა, ჩვენი განსაცვიფრებელი კონსტრუქტორი და ღმერთი!

      16. რა მელოდია შექმნა ცნობილმა მუსიკოსმა იეჰოვას განსადიდებლად და რომელ მძლავრ მოწვევას უნდა გამოვეხმაუროთ?

      16 იოზეფ ჰაიდნის ლიბრეტო მე-18 საუკუნეში იეჰოვას სადიდებლად ამბობს: „მადლობდეთ მას ასეთი დიდებული საქმეების გამო! უგალობეთ მას სადიდებელი, იმღერეთ მისი დიდება, აკურთხეთ და განადიდეთ მისი სახელი! იეჰოვას დიდება იქნება სამარადისოდ, ამინ, ამინ!“ უფრო მშვენიერია ფსალმუნში ჩაწერილი ღვთის მიერ შთაგონებული გამოთქმა, რომელიც ხშირად მეორდება, მაგალითად 106-ე ფსალმუნში ოთხჯერ არის შემოთავაზებული ისეთი მოწვევა, როგორიცაა: „დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ“. ცდილობ თუ არა შენც განადიდო იეჰოვა? შენ ასეც უნდა მოიქცე, რადგან ყველაფერს, რაც ჭეშმარიტად კარგია, დასაბამი აქვს იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც არის მარადისობის მეფე.

      უფრო მძლავრი საქმეები

      17. როგორ განადიდებს ‘მოსესა და კარვის სიმღერა’ იეჰოვას?

      17 გასული ექვსი ათასი წლის განმავლობაში, მარადისობის მეფემ დაიწყო უფრო მძლავრი საქმეები. ბიბლიის უკანასკნელ წიგნში, გამოცხადების 15:3, 4-ში ვკითხულობთ იმ ზეციერი ქმნილებების შესახებ, რომლებმაც გაიმარჯვეს დემონებზე, თავიანთ მტრებზე: «გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო! წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო! ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩინდნენ შენი სამართალნი“». რატომ ეწოდება ამას ‘მოსესა და კრავის სიმღერა’? მოდი, ვნახოთ.

      18. რომელი მძლავრი საქმე შემოგვინახა გამოსვლის მე-15 თავში ჩაწერილმა სიმღერამ?

      18 დაახლოებით 3 500 წლის წინათ, როდესაც ფარაონის ძლევამოსილი არმია წითელ ზღვაში დაიღუპა, მადლიერებით აღსავსე ისრაელებმა სიმღერით განადიდეს იეჰოვა. გამოსვლის 15:1, 18-ში ვკითხულობთ: „მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!“ მარადისობის მეფის სამართლიანი ბრძანებები ნათელი გახდა მისი უზენაესობის უარმყოფელი მტრების განკითხვისა და განაჩენის შესრულებისას.

      19, 20. ა) რატომ ჩამოაყალიბა იეჰოვამ ისრაელი ერი? ბ) როგორ უპასუხეს კრავმა და აგრეთვე სხვებმა სატანის ცრუ ბრალდებას?

      19 რატომ გახდა ეს აუცილებელი? ეს მოხდა ედემის ბაღში, ცბიერმა გველმა პირველ წყვილს ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგა. ამან გამოიწვია ცოდვით აღსავსე არასრულყოფილი არსებობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მთელმა კაცობრიობამ. როგორც ჩანს, თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მარადისობის მეფემ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რომლის საშუალებითაც განიდევნებოდნენ დედამიწაზე გაბატონებული მტრები და აღდგებოდა სამოთხის პირობები. მარადისობის მეფემ ჩამოაყალიბა ისრაელი ერი და მისცა რჯული, რომელიც ასახიერებდა იმას, თუ როგორ შეასრულებდა თავის განზრახვას (დაბადება 3:24).

      20 დროთა განმავლობაში ისრაელი ორგულობაში ჩაიძირა და ამ სავალალო მდგომარეობამ აპოგეას მიაღწია მაშინ, როდესაც მათმა წინამძღოლებმა ღვთის მხოლოდშობილი ძე გადასცეს რომაელებს, რომ უსამართლოდ ეწამებინათ და მოეკლათ (საქმეები 10:39; ფილიპელთა 2:8). იესომ როგორც მსხვერპლად შესაწირავმა ‘ღვთის კრავმა’ თვით სიკვდილამდე შეინარჩუნა უმწიკვლოება და საჯაროდ უარყო ღვთის უძველესი მოწინააღმდეგის, სატანის წამოყენებული ცრუ ბრალდება, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დარჩეს ღვთის ერთგული და გაუძლოს სასტიკ გამოცდებს (იოანე 1:29, 36; იობი 1:9–12; 27:5). მიუხედავად იმისა, რომ ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება, ღვთის მოშიში მილიონობით ადამიანი მიყვება ქრისტეს კვალს, როდესაც ინარჩუნებს უმწიკვლოებას სატანური თავდასხმების დროს (1 პეტრე 1:18, 19; 2:19, 21).

      21. საქმეების 17:29–31 მუხლებთან დაკავშირებით, რა იქნება განხილული შემდეგში?

      21 ახლა დადგა დღე, რომ იეჰოვამ დააჯილდოოს ერთგულები და განსაჯოს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ყოველი მტერი (საქმეები 17:29–31). როგორ მოხდება ეს? ამაზე გვიპასუხებს შემდეგი სტატია.

  • განადიდე მარადისობის მეფე!
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აპრილი
    • იეჰოვას ყოვლისშემძლე სიბრძნე

      მარადისობის მეფის სიბრძნე ირეკლება დედამიწის უამრავ ქმნილებებში. ყურადღება მიაქციე აგურ იაკეს ძის სიტყვებს: „უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის“ (იგავნი 30:5). შემდეგ აგურმა მოიხსენია ღვთის შექმნილი მრავალი ცოცხალი არსება, როგორც დიდი, ასევე პატარა. მაგალითად, 24-ე და 28-ე მუხლებში ის ამბობს: „აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი [ინსტიქტურად ბრძენნი, აქ]“. ესენი არიან: ჭიანჭველა, კურდღელი, კალია და ხვლიკი.

      „ინსტიქტურად ბრძენნი“ — დიახ, ცხოველები ასე არიან შექმნილნი. ისინი ადამიანთა მსგავსად ვერ აზროვნებენ და მინდობილი არიან შინაგან სიბრძნეზე. გაოცებულხარ თუ არა ყოველივე ამით? რაოდენ ორგანიზებული არიან ეს ქმნილებები! მაგალითად, ჭიანჭველები ორგანიზებული არიან კოლონიებად, ჰყავთ მდედრი ჭიანჭველა, მუშები და მამრები. ზოგიერთ სახეობებში მუშა ჭიანჭველები მწყემსავენ მცენარის ბუგრებს ფერმაში, რომელსაც გალავანს თვითონვე უშენებენ. იქ ისინი წველიან ბუგრებს და ამავე დროს, დამცველი ჭიანჭველები იგერიებენ შემოსეულ მტერს. იგავნის 6:6-ში მოცემულია რჩევა: „მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე“. ნუთუ ასეთმა მაგალითებმა არ უნდა გვიბიძგოს ჩვენ, ადამიანებს, რომ ‘ვიუხვოთ უფლის საქმეში’? (1 კორინთელთა 15:58).

      ადამიანმა გააკეთა უზარმაზარი თვითმფრინავი. მაგრამ რამდენად განსხვავებული არიან მისგან ჩიტები, მაგალითად კალიბრი, რომელიც ოცდაათ გრამზე ნაკლებს იწონის! „ბოინგ 747“-ს მომარაგებული უნდა ჰქონდეს 180 000 ლიტრი საწვავი, უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული ეკიპაჟი და უნდა გამოიყენოს აერონავიგაციის სისტემების კომპლექსი, რომ შეასრულოს ტრანსოკეანური რეისი. მაგრამ პატარა კალიბრი დანდობილია დაახლოებით 1 გრამი ცხიმის საწვავზე, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან მექსიკის ყურის გავლით, ჩაფრინდეს სამხრეთ ამერიკაში. საწვავის არავითარი დიდი მარაგი, არც აერონავიგაციისთვის მომზადება, არც რთული რუკები და კომპიუტერები! ნუთუ მისი უნარი შემთხვევით, ევოლუციის პროცესით წარმოიშვა? არამც და არამც! ეს პაწია ჩიტი ინსტინქტურად არის ბრძენი, რომელიც ბიოლოგიურად დააპროგრამა მისმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა.

  • „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აპრილი
    • „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“

      „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი [იაჰ, აქ]“ (ფსალმუნი 150:6).

      1, 2. ა) რა მასშტაბით აყვავდა ჭეშმარიტი ქრისტიანობა პირველ საუკუნეში? ბ) რის შესახებ იძლეოდნენ გაფრთხილებას მოციქულები? გ) როგორ განვითარდა განდგომილება?

      იესომ მოწაფეები ჩამოაყალიბა ქრისტიანულ კრებად, რომელიც პირველ საუკუნეშივე აყვავდა. ძლიერი რელიგიური ოპოზიციის მიუხედავად, ‘სახარება [კეთილი ცნობა, აქ] ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში’ (კოლასელთა 1:23). მაგრამ იესო ქრისტეს მოწაფეების სიკვდილის შემდეგ სატანამ მზაკვრულად გააღვივა განდგომილება.

      2 მოწაფეები ამის შესახებ წინასწარ იძლეოდნენ გაფრთხილებას. მაგალითად, პავლემ ეფესელ უხუცესებს უთხრა: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:28–30; იხილე აგრეთვე 2 პეტრე 2:1–3; 1 იოანე 2:18, 19). ამგვარად, მეოთხე საუკუნეში განდგომილმა ქრისტიანობამ დაიწყო ძალების გაერთიანება რომის იმპერიასთან. საუკუნეების შემდეგ წმინდა რომის იმპერია რომის პაპის მმართველობით ხელმძღვანელობას უწევდა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს. დროთა განმავლობაში პროტესტანტული რეფორმაცია აღდგა კათოლიკური ეკლესიის ბოროტებით აღსავსე ექსცესის წინააღმდეგ, მაგრამ მან ვერ შეძლო ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღდგენა.

      3. ა) როდის და როგორ ექადაგა ყველა ქმნილებას კეთილი ცნობა? ბ) ბიბლიაზე დაფუძნებული რომელი მოლოდინი გახდა ნათელი 1914 წელს?

      3 მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ბიბლიის გულმოდგინე მკვლევართა ჯგუფმა კვლავ იწყო ქადაგება და ამცნობდა ‘სახარებას [კეთილ ცნობას, აქ] ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში’. ბიბლიის წინასწარმეტყველებათა გამოკვლევების საფუძველზე, ეს ჯგუფი 30 წელზე მეტი ხნით ადრე მიუთითებდა 1914 წელზე, როგორც ‘ხალხებისთვის განსაზღვრული დროის’ დასასრულზე, რომელიც მოიცავდა ‘შვიდ დროს’, ანუ 2 520 წელს, ამ წლის ათვლა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან, იერუსალიმის განადგურების დროიდან (ლუკა 21:24, აქ; დანიელი 4:16, აქ [4:13]). მათი მოლოდინი გამართლდა და მართლაც დამტკიცდა, რომ მსოფლიოს ხალხთა მოღვაწეობის გარდამტეხი წელი არის 1914 წელი. ისტორიული მოვლენები მოხდა ზეცაშიც. ეს იყო მაშინ, როდესაც მარადისობის მეფემ ზეციერ ტახტზე დასვა თავისი მოკავშირე მეფე, იესო ქრისტე, რომ დედამიწის პირისაგან აღგავოს ბოროტება და აღადგინოს სამოთხე (ფსალმუნი 2:6, 8, 9; 109:1, 2, 5).

      დაინახე მესია მეფე!

      4. როგორ შეასრულა იესომ თავისი სახელის „მიქაელის“ მნიშვნელობა?

      4 მესია მეფემ, იესო ქრისტემ, მოქმედება დაიწყო 1914 წლიდან. რადგანაც იესოს განზრახული აქვს იეჰოვას უზენაესობის გამართლება, ბიბლიაში მას მიქაელიც ეწოდება, რაც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“ გამოცხადების 12:7–12-ში იოანე მოციქული აღწერს იმ ხილვას, რომელიც შესრულდებოდა: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“. მართლაცდა ძლიერი ძალით იყო მათი დაცემა!

      5, 6. ა) რომელი სასიხარულო ცნობა გაცხადდა 1914 წლის შემდეგ ზეციდან? ბ) როგორ არის დაკავშირებული ყოველივე ამასთან მათეს 24:3–13?

      5 მქუხარე ხმამ ზეცაში განაცხადა: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს [ერთგულმა ქრისტიანებმა] მასზე კრავის [იესო ქრისტეს] სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი სული, თვით სიკვდილამდე“. ეს არის ხსნა უმწიკვლოების შემნარჩუნებლებისთვის, რომლებმაც გამოავლინეს რწმენა იესოს ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ (იგავნი 10:2; 2 პეტრე 2:9).

      6 ძლიერი ხმა ზეცაში ამბობდა: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“. წინასწარმეტყველება — „ვაი“ — დედამიწასთან დაკავშირებით შესრულდა, როდესაც ჩვენს საუკუნეში იფეთქა მსოფლიო ომებმა, შიმშილმა, ეპიდემიებმა, მიწისძვრებმა, უკანონობამ და წალეკა მთელი დედამიწა. როგორც მათეს 24:3–13 იუწყება, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს იქნებოდა ‘ამ სისტემის აღსასრულის ნიშნის შემადგენელი ნაწილი’, (აქ). ეს წინასწარმეტყველება ჭეშმარიტია, ვინაიდან 1914 წლიდან კაცობრიობამ ისეთი საშინელებები იწვნია, რომელიც კაცობრიობის ისტორიის არც ერთ ეპოქას არ შეედრება.

      7. რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები დაჟინებით?

      7 სატანური საშინელებების ეპოქაში შესაძლებელია თუ არა ადამიანმა მომავლისთვის ჰპოვოს რაიმე იმედი? დიახ, შესაძლებელია, რადგან მათეს 12:21-ში იესო ამბობს: „მის სახელს მიენდობიან ხალხები“! ადამიანთა ყოფნა საშინელ პირობებში არა მხოლოდ ‘წუთისოფლის აღსასრულის ნიშნის’ მაჩვენებელია, არამედ მესიანური სამეფოს ზეციერი მეფის, ‘იესოს თანდასწრების ნიშნისაც’. ამ სამეფოს შესახებ იესომ მოგვიანებით თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [სამეფოს შესახებ, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რომელი ხალხი ქადაგებს დღეს დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დიდებული იმედის შესახებ? იეჰოვას მოწმეები! ისინი დაჟინებით ქადაგებენ სახალხოდ და კარდაკარ იმის შესახებ, რომ სამართლიანობისა და მშვიდობის ღვთის სამეფო ძალიან მალე თავად უხელმძღვანელებს მსოფლიოს საქმეებს. მონაწილეობ თუ არა ამ მსახურებაში? ამაზე დიდი უპირატესობა არ არსებობს! (2 ტიმოთე 4:2, 5).

      როგორ დადგება ‘აღსასრული’?

      8, 9. ა) როგორ დაიწყო განკითხვა „ღვთის სახლიდან“? ბ) როგორ შეურაცხყო ქრისტიანულმა სამყარომ ღვთის სიტყვა?

      8 კაცობრიობამ შეაბიჯა განკითხვის ეპოქაში. როგორც 1 პეტრეს 4:17-შია ნათქვამი, განკითხვა „ღვთის სახლიდან“ დაიწყო — ეგრეთწოდებული ქრისტიანული ორგანიზაციების განკითხვა, რაც ცხადი გახდა ‘უკანასკნელი დღეებიდან’, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914–1918 წლებში, ხოცვა-ჟლეტით დაიწყო. როგორი მდგომარეობა უკავია ქრისტიანულ სამყაროს ამ განკითხვისას? განვიხილოთ ეკლესიების პოზიცია, რომლებიც 1914 წლიდან მხარს უჭერენ ომებს. არის თუ არა სამღვდელოება დასვრილი იმ ‘უდანაშაულო ბეჩავთა სისხლით’, რომლებსაც ისინი ბრძოლის ველზე მოძღვრავდნენ? (იერემია 2:34).

      9 მათეს 26:52-ის თანახმად, იესომ თქვა: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“. რა ჭეშმარიტია ეს სიტყვები ამ საუკუნის ომებთან დაკავშირებით! სამღვდელოება მოუწოდებს ახალგაზრდა მამაკაცებს ამოხოცონ სხვა ახალგაზრდები, თვით ისინიც, რომლებიც მათი საკუთარი რელიგიის წარმომადგენლები არიან — კათოლიკეები კლავენ კათოლიკეებს, და პროტესტანტები პროტესტანტებს. ნაციონალიზმი ღმერთსა და ქრისტეზე მეტად არის განდიდებული. ბოლო დროს აფრიკის ზოგიერთ ერებში ეთნიკური მდგომარეობა ბიბლიის პრინციპებზე მაღლა დააყენეს. რუანდაში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა, სულ მცირე, ნახევარი მილიონი იქნა მოკლული ეთნიკური ხოცვა-ჟლეტის დროს. რომის პაპმა ვატიკანის გაზეთში „ოსსერვატორე რომანო“ (L’Osservatore Romano) აღიარა, რომ „ეს არის სრული გენოციდი, რისთვისაც, სამწუხაროდ, თვით კათოლიკეებიც პასუხისმგებელნი არიან“ (შეადარე ესაია 59:2, 3; მიქა 4:3, 5).

      10. როგორ განაჩენს აღასრულებს იეჰოვა ცრუ რელიგიის წინააღმდეგ?

      10 რა თვალსაზრისი აქვს მარადისობის მეფეს იმ რელიგიებთან დაკავშირებით, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, ამოხოცონ ერთმანეთი ან არავითარ ზომებს ღებულობენ, თუ მათი სამწყსოს წევრები ერთმანეთს ხოცავენ? დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემის შესახებ გამოცხადების 18:21, 24-ში ნათქვამია: «ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება. მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“».

      11. რომელი საშინელებები ხდება ქრისტიანულ სამყაროში?

      11 სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქრისტიანულ სამყაროში (შეადარე იერემია 5:30, 31; 23:14). უმეტესად სამღვდელოების ყოველივეს ნების დამრთველი მოქმედებების გამო, სამწყსოც უზნეობაში გადაეშვა. შეერთებულ შტატებში, რომლის მოსახლეობაც ქრისტიანულად ითვლება, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. მოზარდთა ფეხმძიმობა და ჰომოსექსუალიზმი მძვინვარებს ეკლესიის წევრთა შორის. მღვდლები აუპატიურებენ პატარა ბავშვებს და ასეთი შემთხვევები იშვიათი არაა. ცნობილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთი შემთხვევების გამო შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიებს ყოველ დეკადაში მილიარდობით დოლარის გადახდა უწევთ. ქრისტიანულ სამყაროს მხედველობიდან გამორჩა პავლე მოციქულის გაფრთხილება, რომელსაც 1 კორინთელთა 6:9, 10-ში ვკითხულობთ: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“.

      12. ა) როგორ იმოქმედებს მარადისობის მეფე დიდი ბაბილონის წინააღმდეგ? ბ) ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, რა მიზნით მღერის ღვთის ხალხი გუნდურად ‘ალილუიას’?

      12 მალე, მარადისობის მეფე, იეჰოვა, იმოქმედებს თავისი ზეციერი მთავარსარდლის, იესო ქრისტეს მეშვეობით და დაუშვებს დიდ გასაჭირს. უპირველესად ქრისტიანული სამყარო და დიდი ბაბილონის სხვა ნაწილები დაისჯებიან იეჰოვას განაჩენით (გამოცხადება 17:16, 17). მათ ცხადყვეს, რომ არ არიან გადარჩენის ღირსი, რომელიც იეჰოვამ შესთავაზა მათ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით. მათ აბუჩად აიგდეს ღვთის წმინდა სახელი (შეადარე ეზეკიელი 39:7). რამდენად სასაცილოა, რომ ისინი გალობენ ‘ალილუიას’ თავიანთ მდიდრულ რელიგიურ ნაგებობებში! მათ ამოიღეს იეჰოვას ძვირფასი სახელი ბიბლიის თავიათნი თარგმანებიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაავიწყდათ ის ფაქტი, რომ „ალილუია“ ნიშნავს „ადიდეთ იაჰ“ — „იაჰ“ არის სახელი „იეჰოვას“ შემოკლებული ფორმა. გამოცხადების 19:1–6 შესაფერისად აღწერს, რომ მალე მრავალი გუნდი იმღერებს ‘ალილუიას’ დიდ ბაბილონზე ღვთის განაჩენის შესრულების დღესასწაულისას.

      13, 14. ა) რომელი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება შემდეგ? ბ) რომელ ბედნიერებას მიაღწევენ ღვთის მოშიში ადამიანები?

      13 შემდეგ იქნება იესოს ‘მოსვლა’, რომ განაცხადოს და განახორციელოს ერებსა და ხალხებზე განაჩენი. მან თავად იწინასწარმეტყველა: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი’ “ (მათე 25:31–34). შემდეგ 46-ე მუხლში თხების შესახებ ნათქვამია, რომ „წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“.

      14 ბიბლიურ წიგნში „გამოცხადება“ აღწერილია, თუ „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“, ჩვენი ზეციერი უფალი, იესო ქრისტე არმაგედონის ბრძოლაში როგორ იქნება ცხენზე ამხედრებული, რომ გაანადგუროს სატანის სისტემის პოლიტიკური და კომერციული ელემენტები. ამგვარად გადმოაფრქვევს ქრისტე ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარებას’ სატანის მთელ მიწიერ სამფლობელოზე. როდესაც ‘წინანდელნი გარდახდებიან’, ღვთისმოშიში ადამიანები იქნებიან დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან“ (გამოცხადება 19:11–16; 21:3–5).

      დრო, ვადიდოთ იაჰ

      15, 16. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვის დაცვა? ბ) რა მითითებებს იძლეოდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვაკეთოთ რომ გადავრჩეთ და რას ნიშნავს ეს დღეს მრავალი ადამიანისთვის?

      15 განაჩენის სისრულეში მოყვანის დღე ახლოსაა! ჩვენ კარგს ვაკეთებთ, თუ ყურადღებას ვამახვილებთ მარადისობის მეფის წინასწარმეტყველურ სიტყვაზე. მათ, რომლებიც ჯერ კიდევ ჩაბმული არიან ცრუ რელიგიის სწავლებებსა და ადათ-წესებში, ზეციერი ხმა მოუწოდებს: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან“. მაგრამ სად უნდა წავიდნენ გამოსულები? არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, ასევე მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს (გამოცხადება 18:4; იოანე 8:31, 32; 14:6; 17:3). მარადიული სიცოცხლის მიღწევა დამოკიდებულია ამ რელიგიის პოვნასა და ამ რელიგიის ღვთისადმი მორჩილებაზე. ფსალმუნის 83:18-ში („მეფე იაკობის თარგმანი“ [King James Version]) [82:19] ბიბლია ყურადღებას გვამახვილებინებს მასზე, ‘რომლის, ერთადერთის, სახელიც არის იეჰოვა — უზენაესი მთელ დედამიწაზე’.

      16 როგორც ჩანს, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო და არა მხოლოდ მარადისობის მეფის სახელის ცოდნა. აუცილებელია ვისწავლოთ ბიბლია და ვიცოდეთ მისი დიდებული თვისებები და განზრახვები. ასევე აუცილებელია ყოველთვის შევასრულოთ მისი ნება, ისე, როგორც ნაჩვენებია რომაელთა 10:9–13-ში. პავლე მოციქულმა მოიყვანა ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველებიდან ციტატა და დაასკვნა: „ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (იოველი 3:5; სოფონია 3:9). გადარჩება? დიახ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს რწმენას ავლენენ იეჰოვას ძვირფასი მზრუნველობის მიმართ, რაც ქრისტეს მეშვეობით გაღებული გამოსასყიდით განახორციელა, გადარჩებიან მომავალი დიდი გასაჭირის დროს, როდესაც აღსრულდება სატანის გახრწნილ ქვეყნიერებაზე გამოტანილი განაჩენი (გამოცხადება 7:9, 10, 14).

      17. რომელმა დიდებულმა იმედმა უნდა წაგვახალისოს, რომ ახლავე შევუერთდეთ სხვებს მოსესა და კრავის სიმღერის გალობაში?

      17 რა უნდა აკეთონ ღვთის ნებასთან შეთანხმებულად მათ, რომლებიც დაიმედებული არიან, რომ გადარჩებიან? ჩვენ ახლავე უნდა შევუერთდეთ მოსესა და კრავის სიმღერას, მარადისობის მეფის განმადიდებელ სიმღერას მისი დიდებული გამარჯვების მოლოდინით. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმით, რომ სხვებს ვეუბნებით მისი დიდებული განზრახვების შესახებ. როდესაც ბიბლიის შესწავლაში წინ მივიწევთ, ჩვენს სიცოცხლეს ვუძღვნით მარადისობის მეფეს. ეს კი წაგვიძღვება მარადიული სიცოცხლისკენ, ისეთი ღონისძიებების მეშვეობით, რასაც ეს ყოვლისშემძლე მეფე აღწერს და რის შესახებაც ლაპარაკია ესაიას 65:17, 18-ში: „აჰა, შევქმნი ახალ ცას [ქრისტეს მესიანურ სამეფოს] და ახალ მიწას [ადამიანთა სამართლიან საზოგადოებას], აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“.

      18, 19. ა) როგორი მოქმედებისკენ უნდა წაგვახალისოს დავითის 144-ე ფსალმუნში ჩაწერილმა სიტყვებმა? ბ) რას უნდა მოველოდეთ მტკიცედ იეჰოვას ხელიდან?

      18 ფსალმუნმომღერალი დავითი მარადისობის მეფეს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია“ (ფსალმუნი 144:3). მისი სიდიადე ისევე შეუცნობელია, როგორც უსაზღვრო სივრცე და მარადიულობა! (რომაელთა 11:33). თუ ჩვენ კვლავაც ვიძენთ შემეცნებას ჩვენი შემოქმედისა და მისი მზრუნველობის შესახებ, რაც მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გაღებული მსხვერპლით გამოვლინდა, გვექნება სურვილი, რომ უფრო მეტად და მეტად ვადიდოთ მარადისობის მეფე. ჩვენ გვსურს ისე მოვიქცეთ, როგორც ფსალმუნის 144:11–13-შია ნათქვამი: „შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში“.

      19 ჩვენ შეგვიძლია მტკიცედ ველოდოთ, რომ ჩვენი ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმას: „აღაპრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“. მარადისობის მეფე მზრუნველობით წაგვიძღვება ამ სისტემის ბოლო დღეების გადასალახავად, რადგან დავითი გვარწმუნებს: „იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:16, 20).

      20. როგორ ეხმაურები მარადისობის მეფის იმ მოწვევას, რომელიც ბოლო ხუთ ფსალმუნშია?

      20 ბიბლიაში ბოლო ხუთი ფსალმუნი იწყება და მთავრდება სიტყვით „ალილუია“. ამგვარად, 145-ე ფსალმუნი მოგვიწოდებს: „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო! ადიდე იეჰოვა, ო, სულო ჩემო. ვადიდებ იეჰოვას მთელი სიცოცხლე. ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ“ (აქ). გამოეხმაურები თუ არა ამ მოწოდებას? უეჭველია, შენ გაქვს სურვილი ადიდო ღმერთი! დაე, შენც იყავი მათ შორის, რომლებიც აღწერილი არიან ფსალმუნის 148:12, 13-ში: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში“. დაე, მთელი გულით გამოვეხმაუროთ მოწვევას: „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“ დაე, გაერთიანებულად ვადიდოთ მარადისობის მეფე!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება