-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
წინსვლა ამერიკის სამოაში
სანამ 1954 წელს რონისა და დოლის ვიზებს ვადა გაუვიდოდა, რონმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში დაბრუნების ნაცვლად ამერიკის სამოაში ცხოვრების უფლება მიეღო. «„როცა ამერიკის სამოას იუსტიციის მინისტრს შევხვდი, მითხრა, რომ იცოდა, რატომაც არ გაგვიგრძელეს ვიზა სამოაში. მან დამამშვიდა, „ბატონო სელარს, ამერიკის სამოაში რელიგიის თავისუფლებაა, ამიტომ გარწმუნებთ, ვიზას მიიღებთო“».
რონი და დოლი 1954 წლის 5 იანვარს ჩავიდნენ პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა). იუსტიციის მინისტრმა რონის სთხოვა, დროდადრო მისულიყო მასთან, რათა იეჰოვას მოწმეებს უკეთ გასცნობოდა. რამდენჯერმე მათ შორის ბიბლიურ თემებზე კარგი საუბარი გაიმართა.
იანვრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა რონი და დოლი სახლში სადილზე მიიპატიჟა. სადილზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი კათოლიკე მღვდელიც და ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორიც, ამიტომ მათ შორის საინტერესო მსჯელობა გაიმართა. რონი იხსენებს: «წამოსვლისას მინისტრმა ყველას მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა: „ვფიქრობ, დღევანდელ საუბარში მისტერ და მისის სელარსებმა იმარჯვეს“. ამის შემდეგ, მალე იქ დამკვიდრების უფლება მივიღეთ. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა მაცნობა, რომ მთავრობა სიამოვნებით მიიღებდა სხვა იეჰოვას მოწმე მისიონერებსაც, რის შესახებაც დაუყოვნებლივ შევატყობინე ავსტრალიის ფილიალს».
ამერიკის სამოაში პირველი, ვინც იეჰოვას თავი მიუძღვნა, 19 წლის ტოკელაუელი უალეს პედრო იყო. მისმა ნათესავმა, ლიდიამ, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა ფიჯიზე, 1952 წელს უალესის უფროს ძმას დაუტოვა წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. უალესმა ეს წიგნი თავისი ძმის სახლში ნახა და ყურადღებით წაიკითხა.
1954 წელს რონიმ და დოლიმ პედროების ოჯახი გაიცნეს და უალესის უფროს და-ძმასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. უალესს სწამდა იეჰოვა ღმერთი, თუმცა რელიგიას ეჭვის თვალით უყურებდა, რის გამოც შესწავლის დაწყებისგან თავს იკავებდა. დროთა განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეებთან იყო და ფაგატოგოში რეგულარულად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და 1955 წლის 30 აპრილს პაგო-პაგოს ნავსადგურში მოინათლა.
1955 წლის იანვარში, რონისა და დოლის ჩასვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში, ქალაქ ფაგატოგოს ერთ მოკრძალებულ სახლში შვიდი კაცი ესწრებოდა შეხვედრებს. ამ სახლში ავეჯი თითქმის არ იდგა და ყველა იატაკზე იჯდა. მალე რონის და დოლის სამი ახალი დაინტერესებული შეუერთდა სამქადაგებლო მსახურებაში. ეს „მცირე წამოწყების დღე“ იყო, რასაც საოცარი ზრდა უნდა მოჰყოლოდა.
„გალაადის“ კურსდამთავრებულები
1955 წლის 4 თებერვალს ამერიკის სამოაში შეერთებული შტატებიდან ორი წყვილი ჩავიდა, პოლ და ფრანსის ევანსები და გორდონ და პატრიცია სკოტები. ისინი ფაგატოგოს მისიონერთა სახლში, მხიარული მეზობლების გვერდით დასახლდნენ. სარაიონო ზედამხედველი, ლეონარდ (ლენი) ჰელბერგი, რომელიც იმ წელს ჩავიდა პაგო-პაგოში, ყვება:
„მისიონერთა დიდი ბინა ძველი მაღაზიის თავზე იყო; მის ერთ მხარეს პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებდა. იქვე ბარი იყო, სადაც საღამოობით მეზღვაურები ერთობოდნენ. როცა ბარიდან ჩხუბის ხმა გამოვიდოდა, პოლიციის უფროსი უმალ იქ ჩნდებოდა ხოლმე. ტანდაბალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი კაცი, ბრბოში შევარდებოდა და პირში სიგარაგაჩრილი მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა; აი ასე აშოშმინებდა ის აყალმაყალის ამტეხთ. მისიონერთა სახლის ეზოს უკან, ეკლესიიდან ისმოდა მღვდლის ქადაგება, როგორ აშინებდა ხალხს ჯოჯოხეთის ცეცხლით. სახლის წინა აივნიდან კარგად მოჩანდა ბანკი, სადაც თვეში ერთხელ ხელფასის ასაღებად მოსული ხალხი ჩოჩქოლებდა ხოლმე. ხალხში ირეოდნენ ეკლესიის მსახურები, რომლებიც იმის შიშით, რომ მრევლს აღებული ფული არ დაეხარჯა, დიდი მონდომებით აგროვებდნენ მეათედს“.
სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ავლენდა ხალხი ბიბლიისადმი ინტერესს. ლენი განაგრძობს: „ერთი მისიონერი მისიონერთა სახლის წინ საპარიკმახეროში დილის ექვს საათზე ატარებდა ბიბლიის შესწავლას პარიკმახერთან სამუშაოს დაწყებამდე. შემდეგ კი, როცა პურის საყიდლად მიდიოდა, პურის მცხობელთან ატარებდა შესწავლას. მოგვიანებით ეს ძმა ქალაქის მოედანზე პატიმრებს ასწავლიდა ბიბლიას“. წლის ბოლოს მისიონერებს დაახლოებით 60 ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ 200-ზე მეტ ადამიანთან.
„ამ საღამოს ფილმია — უფასოდ“
იეჰოვას მოწმეების გადაღებულმა ფილმმა „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“e კიდევ უფრო გააძლიერა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი. იგი მოგვითხრობდა მთელ მსოფლიოში ქადაგების, ლიტერატურის ბეჭდვისა და იეჰოვას მოწმეების ორგანიზებულობის შესახებ (ორგანიზაციის გადაღებული პირველი ფილმი იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც მანამდე 40 წლით ადრე გამოვიდა). ძმა ლენი ამერიკის სამოაში 4 კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან 15-ჯერ აჩვენა ეს ფილმი სულ 3 227 კაცს. ფილმს დღეში საშუალოდ 215 ადამიანი ნახულობდა.
«ფილმის ჩვენებამდე სოფელ-სოფელ დავდიოდით, ყველა გამვლელს სარეკლამო ფურცელს ვთავაზობდით და ვიძახდით: „ამ საღამოს ფილმია — უფასოდ“, თან იმ სოფლის სახელს ვამბობდით, სადაც ფილმი უნდა გვეჩვენებინა».
ფილმმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობისა და მათი სწავლების შესახებ მათ უფრო მეტის გაგება უნდოდათ. ბევრი ისე დაინტერესდა, რომ სანამ მოწმეები მიაკითხავდნენ, თავად მიდიოდნენ მისიონერთა სახლში. მისიონერები სხვადასხვა ოთახში ერთდროულად რამდენიმე შესწავლას ატარებდნენ. როგორც კი ერთი ჯგუფი დაამთავრებდა შესწავლას, მეორე ჯგუფი მოდიოდა. „ფილმის ტყვეობაში მყოფი ხალხი იეჰოვას მოწმეებთან წლების შემდეგაც განაგრძობდა ურთიერთობას“, — იხსენებს რონ სელარსი.
ქადაგება გულს სწვდება
ლეონარდ ჰელბერგის ჩასვლიდან ორი თვის შემდეგ, ამერიკის სამოაში ქალაქ ფაგატოგოში იეჰოვას მოწმეების პირველი კრება ჩამოყალიბდა. ერთ წელიწადში კრებაში მაუწყებლების რიცხვი 14-დან 22-მდე გაიზარდა. იმ დროისთვის კრების დასახმარებლად ავსტრალიიდან კიდევ ორი სპეციალური პიონერი ჩავიდა, ფრედი და შირლი უეგენერები. დღეს ფრედი სამოას ფილიალის კომიტეტის წევრია.
კრების მაუწყებლები, პიონერები და მისიონერები, ‘სულით იყვნენ ანთებულნი’ (რომ. 12:11). ლენი ამბობს: „მათი გულმოდგინე მსახურებისა და მოსახლეობის გულწრფელი ინტერესის შედეგად, 60-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ფაგატოგოში თითქმის ყველა ოჯახში ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა. გარდა ამისა, თვეში ერთხელ მოწმეები ყველა სახლში ხელახლა მიდიოდნენ“.
შეუპოვრად ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიბლიამ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ყველამ იცოდა, რომ დედამიწაზე იქნებოდა მარადიული სიცოცხლე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებობდა, და რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობდნენ. ეს ყველაფერი ხალხმა ეკლესიაში კი არ ისწავლა, იეჰოვას მოწმეებისგან გაიგო; და ეს იმის შედეგად, რომ თითოეულს პირადად ვესაუბრებოდით, მათი ბიბლიები გვქონდა გადაშლილი და ერთად ვმსჯელობდით“, — აღნიშნა ლენმა.
და მაინც, ზოგს სასულიერო პირები და ოჯახის წევრები უშლიდნენ ხელს, რომ ნასწავლის თანახმად ეცხოვრა. სხვებმა მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას აღვირახსნილი ცხოვრება არჩიეს, რაზეც მათი ეკლესია თვალს ხუჭავდა. მიუხედავად ამისა, იყვნენ გულწრფელებიც, რომლებიც იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრის მსგავსად, ჭეშმარიტებას ძვირფას მარგალიტად მიიჩნევდნენ და არაფერში ცვლიდნენ. ბევრმა მათგანმა მტკიცედ დაიკავა ჭეშმარიტების მხარე (მათ. 13:45, 46).
ქადაგება სამოურ ყაიდაზე
„იმ წლებში ქადაგება განსაკუთრებით დიდ სიხარულს გვანიჭებდა, — იხსენებს კაროლაინი, კანადელი პიონერი, რომელიც 1960 წელს უალეს პედროს გაჰყვა ცოლად. — თითქმის ყველა სახლში მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, ვისაც ბიბლია აინტერესებდა. ბიბლიის შესწავლის დაწყება ძალიან ადვილი იყო, ხშირად შესწავლას მთელი ოჯახი ესწრებოდა.
განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მოშორებულ სოფლებში ქადაგება. სოფლის ბავშვები ერთი კარიდან მეორემდე მოგვყვებოდნენ და ჩვენს შეთავაზებებს ყურადღებით ისმენდნენ. შემდეგ წინ გარბოდნენ და მობინადრეს ჩვენი მისვლის ამბავსა და ჩვენი საუბრის თემას ატყობინებდნენ, ისინი იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომელ მუხლს წავუკითხავდით. ამიტომ რამდენიმე შეთავაზება გვქონდა ხოლმე მზად“.
ძმები ცდილობდნენ მსახურებისას თავიანთი მანერებით კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ და ადგილობრივი წესები დაეცვათ (1 კორ. 9:20—23). ყოფილი მისიონერი ჩარლზ პრიჩარდი, რომელიც დღეს ახალ ზელანდიაში ფილიალის კომიტეტის წევრად მსახურობს, წერს: „ცხელი ტროპიკული ჰავის გამო სოფლის სახლებს (ფალე) კედლები არ ჰქონდა, ამიტომ რთული არ იყო იმის გაგება, იყო თუ არა ვინმე სახლში. დიდ უზრდელობად ითვლებოდა, შინ შეპატიჟებამდე მასპინძელთან ფეხზე მდგარს რომ დაგეწყო საუბარი. ამიტომ თითოეულ სახლთან მოთმინებით ვიცდიდით, სანამ არ შეგვამჩნევდნენ. შემდეგ მასპინძელი იატაკზე სუფთა ჭილოფს ფენდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ფეხზე უნდა გაგვეხადა, შევსულიყავით და ჭილოფზე ფეხმორთხმით დავმსხდარიყავით“. ბევრი მისიონერისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო დიდხანს ასე ჯდომა. საბედნიეროდ, ადგილობრივი ტრადიციით მისაღები იყო ფეხების გაშლა და ზემოდან ჭილოფის გადაფარება. დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა, თუ სტუმარი შიშველ ტერფებს მასპინძლისკენ მიმართავდა.
„მობინადრეები ოფიციალურად გვესალმებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის დიდი პატივი იყო ბიბლიური ცნობის გადასაცემად მათ ქოხში ჩვენი სტუმრობა, — ამბობს ჯონ როდესი, რომელმაც სამოასა და ამერიკის სამოაში მისიონერად 20 წელი იმსახურა. — შემდეგ გვეკითხებოდნენ, საიდან ვიყავით, გვყავდა თუ არა შვილები და სად ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახის წევრები“.
ჯონის მეუღლე, ჰელენი განაგრძობს: „მობინადრეებს პატივისცემისა და მოწიწების გამომხატველი სიტყვებით მივმართავდით, რომლებსაც ისინი, ჩვეულებრივ, ოფიციალურ საუბარში იყენებენ. ასეთი სახით, მასპინძელსაც პატივს ვცემდით და ცნობასაც, რომელსაც გადავცემდით“.
კაროლაინ პედრო ამბობს: „ერთმანეთს კარგად ვეცნობოდით, რაც იმაში გვეხმარებოდა, რომ უკეთ დაგვეკმაყოფილებინა მათი სულიერი მოთხოვნილებები“.
გაცნობის შემდეგ მობინადრისთვის მაუწყებელს სამეფოს შესახებ ცნობა უნდა შეეთავაზებინა. „ტრადიციულად მასპინძელი მანამდე გვისმენდა, სანამ საუბარს არ დავასრულებდით, მერე კი ჩვენივე ნათქვამს იმეორებდა, იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენი ცნობა უმნიშვნელოდ არ ჩაუთვლია“, — იხსენებს ყოფილი მისიონერი, რობერტ ბოიესი.
იქაურები კარგად ერკვეოდნენ ბიბლიაში, ამიტომ ამ თემაზე ხანგრძლივი საუბრები ჩვეულებრივი რამ იყო. „ასეთი განხილვების წყალობით ბევრ ბიბლიურ საკითხს უფრო ღრმად ჩავწვდი, — ამბობს კაროლაინი. —უმრავლესობა სიხარულით გვართმევდა ბიბლიურ ლიტერატურას. დროთა განმავლობაში მაუწყებლებმა შეძლეს იმის გარჩევა, სინამდვილეში, ვის აინტერესებდა სულიერი საკითხები და ვის — არა“.
ბევრ დაინტერესებულს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ, დიდი სურვილი ჰქონდა, სამქადაგებლო საქმეში მიეღო მონაწილეობა. „სამოელები განსაკუთრებული ორატორული ნიჭით გამოირჩევიან. ბევრს ყოველგვარი მომზადების გარეშე შეეძლო, თავისი მრწამსის შესახებ დამაჯერებლად ესაუბრა. მიუხედავად ამისა, ვურჩევდით, რომ დაბეჭდილი შეთავაზებები გამოეყენებინათ, ბიბლიით ესარგებლათ, და მხოლოდ თავიანთ მჭევრმეტყველებაზე არ ყოფილიყვნენ დაიმედებულნი“, — ამბობს ჯონ როდესი. ამგვარი რჩევების გათვალისწინების შედეგად ბევრი მათგანი კიდევ უფრო ეფექტური მქადაგებელი გახდა.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 87 გვერდზე]
„ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის“
რონალდ სელარსი
დაიბადა: 1922 წელს
მოინათლა: 1940 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რონალდი და მისი მეუღლე, ოლივი (დოლი) 1953 წელს სამოაში სპეციალურ პიონერებად ჩავიდნენ. რონიმ 1961 წელს დაამთავრა სკოლა „გალაადი“. ის დღემდე სპეციალურ პიონერად მსახურობს ამერიკის სამოაში.
როდესაც სამოაში ვიზის გაგრძელებაზე უარი გვითხრეს, მე და დოლი ამერიკის სამოაში გადავედით. გემმა პაგო-პაგოს მიყრუებულ ნავსადგურში დილის 3 საათზე მიგვიყვანა. პაგო-პაგოში ერთადერთი მაუწყებლები ჩვენ ვიყავით; ჯიბეში მხოლოდ 12 დოლარი გვედო. იმავე დღეს ერთმა კაცმა, რომლის შვილიც ადრე ბიბლიას სწავლობდა, თავშესაფარი მოგვცა. ყველას ერთ ოთახში გვეძინა, სადაც ფარდაც კი არ იყო. ძალიან გვინდოდა, სხვა სახლში გადავსულიყავით, მაგრამ საცხოვრებლის ძიების ნაცვლად, მეორე დღესვე მეზობელთან ქადაგება დავიწყეთ.
რამდენიმე კვირის შემდეგ სოფელ ფაგატოგოს მაღაზიის თავზე ერთი დიდი ბინა ვიქირავეთ. იქიდან პაგო-პაგოს დაუსახლებელი სანაპიროსკენ შესანიშნავი ხედი იშლებოდა. ძმა ნორმა ერთხელ გვითხრა: „წყნარი ოკეანის კუნძულებზე კომფორტს არ ელოდოთ. შეიძლება საწოლის მაგივრად იატაკზე გაშლილ ლიტერატურის დაკეცილ ყუთებზე მოგიწიოთ ძილი“. მისი სიტყვები სიტყვასიტყვით აგვიხდა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევძელით ნორმალური საწოლის, მაგიდისა და სკამების შეძენა. ძალიან გვიხაროდა, რომ გვქონდა კუთხე, რომელსაც სახლს ვუწოდებდით.
მეუღლე 1985 წელს გარდამეცვალა. დღემდე უმეტეს დროს ქადაგებას ვუთმობ. 50 წელზე მეტია, რაც სრული დროით ვმსახურობ. ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის.
[ჩარჩო⁄სურათი 88 გვერდზე]
„მათ იეჰოვა შემაყვარეს“
უალეს პედრო
დაიბადა: 1935 წელს
მოინათლა: 1955 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უალესი პირველი იყო, ვინც ამერიკის სამოაში მოინათლა. შვილების დაბადებამდე ის და მისი მეუღლე კაროლაინი პიონერები იყვნენ. დღეს ისინი სიეტლში (ვაშინგტონი, აშშ) მსახურობენ.
სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა ბიბლია შევისწავლე და ქადაგება დავიწყე, მშობლებმა ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა გამაგდეს სახლიდან. ის ღამე სანაპიროზე გავათენე. ვლოცულობდი და იეჰოვას ძალას ვთხოვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამეგრძელებინა მსახურება.
მეორე დღეს, სკოლის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ძმა პოლ ევანსი შემოვიდა. მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მითხრა: „წამოდი მისიონერთა სახლში და იქ ვილაპარაკოთ“. მისიონერებმა თბილად მიმიღეს და საცხოვრებელიც შემომთავაზეს. წლის ბოლოს მოვინათლე.
სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებთან ერთად პიონერად ვმსახურობდი. მერე ერთგულ კანადელ პიონერ დაზე, კაროლაინ ჰინშიზე დავქორწინდი, რომელიც ფიჯიზე მსახურობდა, და ამერიკის სამოაში დავიწყეთ სპეციალურ პიონერებად მსახურება.
ჩემმა მშობლებმა ნელ-ნელა აზრი შეიცვალეს. მამამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიბლიის შესწავლა დაიწყო, დედა 72 წლის ასაკში მოინათლა. მადლიერი ვარ მისიონერების მათი კარგი მაგალითისთვის. მათ იეჰოვა შემაყვარეს! ამ სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ!
-