საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იოსები გაურბის ფოტიფარის ცოლს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 14

      მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა

      როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იოსები იაკობის ვაჟი იყო. უფროსი ძმები ხედავდნენ, რომ იოსები მამას განსაკუთრებულად უყვარდა. შენი აზრით, მოსწონდათ ეს იოსების ძმებს? სულაც არა, მათ შურდათ მისი. იოსებმა რამდენიმე უცნაური სიზმარი ნახა და ძმებს მოუყვა. მონაყოლიდან ძმებმა დაასკვნეს, რომ ერთ დღესაც ისინი იოსების მსახურები გახდებოდნენ; ამის გამო უფრო მეტად შეიძულეს თავიანთი ძმა.

      იოსებს ძმები ჭაში აგდებენ.

      ერთხელ იოსების ძმები ცხვრებს მწყემსავდნენ ქალაქ შექემთან ახლოს. მამამ იოსები მათი ამბის გასაგებად გაგზავნა. როგორც კი ძმებმა თვალი მოჰკრეს იოსებს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ნახეთ, სიზმარა მოდის. მოდი, მოვკლათ! ძმებმა ხელი სტაცეს იოსებს და ღრმა ჭაში ჩააგდეს. მაგრამ ერთ-ერთმა ძმამ, იუდამ, დანარჩენებს უთხრა: ნუ მოვკლავთ, მონად გავყიდოთ! ისინი ასეც მოიქცნენ და იოსები 20 ვერცხლად მიჰყიდეს მიდიანელ ვაჭრებს, რომლებიც ეგვიპტეში მიდიოდნენ.

      შემდეგ ძმებმა იოსების ტანსაცმელი თხის სისხლში ამოსვარეს, მამას გაუგზავნეს და შეუთვალეს: ეს ტანსაცმელი შენი ვაჟისა არ არის? როცა იაკობმა სისხლიანი ტანსაცმელი ნახა, იფიქრა, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო და ძალიან დამწუხრდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა მასზე, რომ ვერავინ შეძლო მისი დამშვიდება.

      იოსები ციხეში

      ეგვიპტეში ჩასულმა ვაჭრებმა იოსები მონად მიჰყიდეს ფოტიფარს, რომელიც დიდი კაცი იყო სამეფო კარზე. ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას იოსები არ დავიწყებია. ფოტიფარმა შენიშნა, რომ იოსები კარგად ასრულებდა თავის საქმეს და სანდო ადამიანი იყო. მალე ფოტიფარმა ყველაფერი მას ჩააბარა.

      იოსები ძლიერი და კარგი შესახედაობის ახალგაზრდა იყო. ფოტიფარის ცოლს მოეწონა ის და ყოველდღე სთხოვდა, დაწოლილიყო მასთან. დაითანხმა მან იოსები? არა, მან უარი უთხრა ფოტიფარის ცოლს: არა, ამას ვერ გავაკეთებ, ეს არასწორია! ჩემმა ბატონმა ყველაფერი მე ჩამაბარა. შენ მისი ცოლი ხარ. ღმერთს ვერ ვაწყენინებ.

      ერთ დღესაც ფოტიფარის ცოლი შეეცადა, ძალით დაწოლილიყო იოსებთან. მან ხელი სტაცა ტანსაცმელზე, მაგრამ იოსები გაექცა მას. როცა ფოტიფარი სახლში დაბრუნდა, ცოლმა მოატყუა, რომ იოსები მასთან დაწოლას ცდილობდა. ამაზე ფოტიფარი ძალიან გაბრაზდა და იოსები ციხეში ჩასვა. იეჰოვას არც იქ მიუტოვებია იოსები.

      „დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე, რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1 პეტრე 5:6).

      კითხვები: როგორ მოექცნენ ძმები იოსებს? რატომ აღმოჩნდა იოსები ციხეში?

      დაბადება 37:1–36; 39:1–23; საქმეები 7:9

  • იეჰოვას არასოდეს დავიწყებია იოსები
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იოსები ფარაონს სიზმრებს უხსნის.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 15

      იეჰოვას არასოდეს დავიწყებია იოსები

      იოსების ციხეში ყოფნის დროს ფარაონმა, ეგვიპტის მეფემ, სიზმრები ნახა, რომელთა ახსნაც ვერავინ შეძლო. ერთმა მსახურმა უთხრა ფარაონს, რომ მისი სიზმრების ახსნა იოსებს შეეძლო. ფარაონმაც მაშინვე გაგზავნა მსახურები მის მოსაყვანად.

      მან ჰკითხა იოსებს: შეგიძლია ჩემი სიზმრების ახსნა? იოსებმა აუხსნა ფარაონს სიზმრები და უთხრა: შვიდი წლის მანძილზე ეგვიპტეში უხვი მოსავალი მოვა, მომდევნო შვიდი წელი კი შიმშილობა იქნება. მოძებნე ბრძენი კაცი, რომ შეაგროვოს საკვები და ხალხმა არ იშიმშილოს. ამაზე ფარაონმა მიუგო: ამ საქმეს შენ გაბარებ! მთელ ეგვიპტეში მეორე კაცი იქნები. როგორ შეძლო იოსებმა ფარაონის სიზმრების ახსნა? მას იეჰოვა დაეხმარა.

      იოსები მითითებებს აძლევს მამაკაცებს, რომლებიც საკვებს ინახავენ.

      მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში იოსები საკვებს აგროვებდა. ამის შემდეგ მთელ დედამიწაზე შიმშილობა დაიწყო, როგორც იოსებს ჰქონდა ნათქვამი. ხალხი დედამიწის ყველა კუთხიდან მიდიოდა მასთან საკვების საყიდლად. იოსების მამამ იაკობმაც შეიტყო, რომ ეგვიპტეში ბევრი საკვები იყო, ამიტომ იქ თავისი ათი ვაჟი გაგზავნა.

      იაკობის ვაჟები საკვების საყიდლად იოსებთან მივიდნენ. მათ არ იცოდნენ, ვის წინაშე იდგნენ; იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი. ძმებმა მას მდაბლად თაყვანი სცეს, როგორც ეს ბავშვობაში ჰქონდა სიზმარში ნანახი იოსებს. მას აინტერესებდა, კვლავ შურიანები იყვნენ თუ არა მისი ძმები. ამიტომ უთხრა მათ: თქვენ მზვერავები ხართ! ამ მიწის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით! მათ მიუგეს: არა ბატონო, ქანაანში ვცხოვრობთ. თორმეტი ძმა ვიყავით; ერთი ძმა მკვდარი გვყავს, უმცროსი კი მამასთან დარჩა. ამაზე იოსებმა მიუგო: წადით, თქვენი უმცროსი ძმა ჩამომიყვანეთ და დაგიჯერებთ! ისინიც უკან გაბრუნდნენ.

      საკვების მარაგი ისევ რომ გამოელიათ, იაკობმა კვლავ გაგზავნა შვილები ეგვიპტეში. ამჯერად თავიანთი უმცროსი ძმა, ბენიამინიც, წაიყვანეს თან. იოსებმა გადაწყვიტა, ძმები გამოეცადა. მან ბენიამინის ტომარაში ჩუმად ჩადო თავისი ვერცხლის სასმისი და მას მისი მოპარვა დააბრალა. როცა იოსების მსახურებმა ბენიამინის ჩანთაში სასმისი იპოვეს, ძმები ძალიან გაოცდნენ. მათ ხვეწნა დაუწყეს იოსებს, რომ ბენიამინის მაგივრად ისინი დაესაჯა.

      იოსები მიხვდა, რომ მისი ძმები შეცვლილიყვნენ. მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. მე იოსები ვარ, თქვენი ძმა, – უთხრა მან ძმებს, – ცოცხალია მამაჩემი? ძმები გაოგნდნენ. იოსებმა დაამშვიდა ისინი: არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ადრე გამიკეთეთ. ღმერთმა გამომგზავნა აქ თქვენ გადასარჩენად. სასწრაფოდ წადით და მამაჩემი ჩამომიყვანეთ.

      ისინიც წავიდნენ და სასიხარულო ამბავი ჩაუტანეს მამას. მრავალი წლის შემდეგ იოსები და მამამისი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

      იოსები და მამამისი ერთმანეთს ეგებებიან.

      „თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს, არც თქვენ გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა“ (მათე 6:15).

      კითხვები: როგორ დაეხმარა იეჰოვა იოსებს? საიდან ჩანს, რომ იოსებმა აპატია ძმებს დანაშაული?

      დაბადება 40:1–45:28; 46:1–7, 26–34; ფსალმუნი 105:17–19; საქმეები 7:9–15

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება