დაე, იბრწყინოს შენმა სინათლემ!
როგორც იქნა დადგა სანატრელი დღე მოხუცისთვის, რომ ენახა აღთქმული მესია! სიმონმა ღვთიური გამოცხადებიდან იცოდა, რომ „არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე“ (ლუკა 2:26). როგორი აღფრთოვანებული იქნებოდა სიმონი, როდესაც ტაძარში შესვლისას მარიამმა და იოსებმა მკლავებში ჩაუწვინეს პატარა იესო! მან განადიდა ღმერთი, როდესაც თქვა: „აწ განუტევებ, მეუფეო, შენს მონას, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა. . . ნათელი წარმართთა გასაბრწყინებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“ (ლუკა 2:27–32; შეადარე ესაია 42:1–6).
იესო, ნათლობის შემდეგ 30 წლის ასაკიდან, თვით სიკვდილამდე, ყველაფრით ამტკიცებდა, რომ იყო წუთისოფლის „სინათლე“. როგორ აკეთებდა ამას? იესო ასხივებდა სულიერ სინათლეს, როცა ქადაგებდა ღვთის სამეფოსა და განზრახვების შესახებ. მან აგრეთვე გამოააშკარავა ცრუ რელიგიის სწავლებები და სავსებით აშკარად ამხილა სიბნელის საქმეები (მათე 15:3–9; გალატელთა 5:19–21). მაშასადამე, იესოს სამართლიანად შეეძლო ეთქვა: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 8:12).
ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იესო მოკვდა. შეწყდა თუ არა სინათლის ნათება? არამც და არამც! იესომ ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას, თავის მოწაფეებს უთხრა: „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“ (მათე 5:16). ამგვარად, იესოს სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეინარჩუნეს სინათლის ნათება.
დღეს ქრისტიანები ბაძავენ იესოს და იეჰოვას სინათლეს ირეკლავენ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით. ისინი ‘დადიან როგორც ნათლის შვილებს შეშვენით’, და ამტკიცებენ, რომ სინათლის მოციმციმე ნიმუშები არიან ქრისტიანულ ცხოვრებაში (ეფესელთა 5:8).