საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში
    გამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
    • ჯონ კაჩოპო და უილიამ პატრიკი თავიანთ წიგნში, „მარტოობა — ადამიანის ბუნება და ურთიერთობის მოთხოვნილება“, დაწვრილებით განიხილავენ მარტოობის თემას. ისინი მოიხსენიებენ ერთ ნაშრომს, სადაც ნათქვამია: „ინტერნეტის ხშირი მოხმარების შედეგად, როცა ადამიანებთან უშუალო კონტაქტს ინტერნეტით ურთიერთობა ცვლის, იზრდება მარტოობითა და დეპრესიით გატანჯულთა რიცხვი“.

      ცხოვრების აჩქარებული ტემპი, რაც თანამედროვე საზოგადოებამ მოიტანა, ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობის დამყარებაში. ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით შეუძლებელია თბილი ღიმილისა და იმ სიყვარულის დანახვა, რაც ადამიანის თვალებიდან გამოსჭვივის.

      ეს პრობლემა სამუშაო ადგილებზე, უფრო ხშირად კი ოჯახებში შეინიშნება. ოჯახის წევრები ისე გადიან სახლიდან და ისე ბრუნდებიან, რომ ვერც ერთმანეთთან სალაპარაკოდ იცლიან და ვერც ერთად საჭმელად. მოზარდები, რომლებსაც საკუთარი კომპიუტერები აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი ოჯახის წევრებისგან იზოლირებით ცხოვრობენ. უცნაურია, რომ უამრავი საკომუნიკაციო საშუალების მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა თავს მარტოდ გრძნობს.

      მარტოობით დღეს დაქორწინებულებიც იტანჯებიან. ურთიერთობის ნაკლებობამ ცოლ-ქმარი შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მათი გზები გაიყოს და ორივემ თავ-თავისი ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება. მარტოობა განსაკუთრებით დაქორწინებული ადამიანისთვის არის საშინელი ასატანი.

      ამ გრძნობას მარტოხელა მშობლებიც ებრძვიან. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ხშირად მშობელსა და შვილს შორის დგება. გარდა ამისა, ბევრ დაუქორწინებელს სურს გვერდში მეუღლის სახით მეგობრის ყოლა და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

  • რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
    • რატომ ეუფლებათ ადამიანებს მარტოობის გრძნობა?

      ● მარტოობა დიდ ქალაქებში

      დიდ ქალაქებში ათასობით თუ მილიონობით ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ ცხოვრობს. მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ეს ხშირად მარტოობის მიზეზი ხდება. ქალაქის გაცხოველებული რიტმი ბევრს მეზობლების გაცნობაში ხელს უშლის. ასე რომ, ქალაქელები მთელი ცხოვრება უცხო ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობენ. უცნობი ადამიანებისადმი საყოველთაოდ გავრცელებული უნდობლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სურვილიც დიდ როლს თამაშობს ამ ნეგატიური გრძნობის წარმოქმნაში.

      ● არაადამიანური მუშაობის მეთოდები

      ბევრ კომერციულ კომპანიასა თუ საწარმოს მართვის ისეთი სისტემა აქვს, რომ თანამშრომლებს, განურჩევლად რანგისა, არასრულფასოვნებისა და მარტოობის გრძნობა ეუფლებათ. მრავალი დასაქმებული პირი მუდმივ დაძაბულობასა და სტრესს განიცდის.

      გარდა ამისა, დიდ კომპანიებში სამუშაო ადგილების სისტემატური ცვლა თანამშრომლებს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და განცალკევებისა და მარტოობისკენ უბიძგებს. ზოგ ფრანგულ კორპორაციაში პერსონალის გახშირებული თვითმკვლელობის შესახებ, გაზეთმა „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მუდმივ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება [ფრანგი თანამშრომლების] შესაძლებლობების ზღვარს ცდება“.

      ● ცივი ურთიერთობები

      იაპონიაში მოღვაწე პროფესორი ტეტსურო საიტო ამბობს: „ადამიანები ურთიერთობის უნარს კარგავენ, რადგან მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები ჩადგა“. ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“, იუწყებოდა: „ტექნიკამ . . . ადამიანები საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტა. პირისპირ საუბარი ელექტრონულმა ფოსტამ და SMS-მა შეცვალა“.

      საფრანგეთში მცხოვრები 21 წლის რეიჩელი გვიზიარებს, რატომ გრძნობს თავს მარტოდ: „ადამიანები არ ცდილობენ შენთან პირისპირ ლაპარაკს, რადგან ტექსტური შეტყობინებებით, ჩეთ-რუმებში საუბრებითა და ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილებით კმაყოფილდებიან. ასეთი ურთიერთობა კი მარტოობის გრძნობას უფრო მიმძაფრებს“.

      ● საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

      მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ხალხის მასიური გადაადგილება გამოიწვია. სამსახურის შენარჩუნებისა თუ ახალი სამუშაოს ძიებაში ბევრი იძულებულია, ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებლის შეცვლა კი გარდაუვალს ხდის მეზობლებთან, მეგობრებთან, კლასელებთან და ზოგჯერ ოჯახის წევრებთან განშორებას. ხშირად მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილი კაცი უცხო გარემოში ისეა, როგორც უფესვოდ გადანერგილი მცენარე.

      ფრანსისს კარგად ახსოვს ის დღე, როცა განიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ყვება: „ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“.

      ინგლისში ჩასული იმიგრანტი, ბეჯატი, გვიზიარებს: „ძალიან გამიჭირდა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება. მყავდა ნაცნობები, მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისაც გულიანად დაველაპარაკებოდი და ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი, გვერდში არ მყავდა“.

      ● საყვარელი ადამიანის დაკარგვა

      მეუღლის სიკვდილი დიდი დანაკარგია. ეს განსაკუთრებით რთული ასატანი მისთვის არის, ვინც დიდი ხნის მანძილზე უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს. ხშირად ამ დროს ადამიანის სულში მარტოობის გრძნობა ისადგურებს.

      ფერნანდი, პარიზში მცხოვრები ქვრივი, თავის ტკივილს გვიზიარებს: „მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, და რა რთულია, რომ მას გულისნადებს ვეღარ ვუზიარებ“. ანისაც უმძიმს გარდაცვლილ მეუღლესთან განშორება. ის ამბობს: „უიმისობას განსაკუთრებით მაშინ განვიცდი, როცა ჯანმრთელობასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები“.

      ● განქორწინება, ცალ-ცალკე ცხოვრება და დაუქორწინებლობა

      განქორწინება ან მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრება ხშირად მარტოობისა და იმედგაცრუების გრძნობას ბადებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ განქორწინების შედეგად ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მათი აზრით, განქორწინებული მშობლების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ ზრდასრულ ასაკში მარტოობის გრძნობა განუვითარდეთ.

      მარტოობის განცდა პერიოდულად ისეთებსაც ეუფლებათ, ვინც თავის შესაფერ ცხოვრების მეგზურს ვერ პოულობს. მარტოობის გრძნობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როცა დაუქორწინებლები უტაქტო რეპლიკებს ისმენენ, მაგალითად, რატომ არ ქმნი ოჯახს, არ გინდა ბედნიერი იყო?

      მარტოობის გრძნობა მარტოხელა მშობლებისთვისაც არ არის უცხო. მშობლობა დიდი სიხარულია, თუმცა თან სირთულეებიც ახლავს, რომელთა გადალახვა მარტოხელა მშობელს მარტო უწევს.

      ● ხანდაზმულობა და ახალგაზრდული გამოუცდელობა

      მოხუცები ხშირად გრძნობენ თავს მარტოდ, მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრებისგან ყურადღება არ აკლიათ. დროდადრო მათ შეიძლება ნათესავები ან მეგობრები აკითხავენ, მაგრამ ხანდახან დღეები ან კვირები ისე გადის, რომ მათ სანახავად არავინ მიდის.

      მარტოობა ახალგაზრდებსაც ტანჯავთ. ბევრი მარტო ერთობა — უყურებს ტელევიზორს, თამაშობს ვიდეოთამაშებს და კომპიუტერის წინ უამრავ საათს მარტო ატარებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება