-
შეხედე ურყევად ერთგულებს!საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აპრილი
-
-
შეხედე ურყევად ერთგულებს!
„ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა [ურყევად ერთგული, აქ]“ (გამოცხადება 15:4).
1. რა მტკიცების შესახებ ისაუბრა ჯ. ფ. რუტერფორდმა თავისი წინამორბედის, ჩ. ტ. რასელის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?
ჯოზეფ ფ. რუტერფორდმა, რომელიც ჩ. ტ. რასელის შემდეგ, 1917 წელს, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტი გახდა, რასელის დაკრძალვის მომსახურებისას აზრის გამოთქმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩარლზ ტეის რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ. ის იყო ურყევად ერთგული ყოველ წვრილმანში — დიახ, ის ურყევად ერთგული იყო თვით სიკვდილამდე“. ეს სიტყვები ნამდვილად გამოხატავდა იეჰოვას ერთგული მსახურის მიმართ ჯეროვან პატივისცემას. ჯეროვან პატივს მივაგებთ პიროვნებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ მან ურყევი ერთგულებით გადაიტანა განსაცდელი, რომ იყო ურყევად ერთგული პიროვნება — ურყევად ერთგული ყოველ წვრილმანში.
2, 3. ა) რატომ არის ურყევი ერთგულების შენარჩუნება ძნელი? ბ) ვინ არიან ჯარივით დარაზმულები იმ ქრისტიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ურყევად ერთგულები?
2 საკმაოდ ძნელია, იყო ურყევად ერთგული. რატომ? ურყევი ერთგულება უპირისპირდება პირად ინტერესს. მათ შორის, ვინც ურყევ ერთგულებას არ ავლენს ღვთის მიმართ, უმთავრესად, არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ურყევი ერთგულების ნაკლებობა არასდროს ყოფილა ისე გავრცელებული დაქორწინებულთა შორის, როგორც დღეს. მრუშობა ბანალობაა. ბიზნესის სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული ორგულობა. ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მრავალ მენეჯერსა და პროფესიონალს. . . სჯერა, რომ დღეს კომპანიებში მხოლოდ სულელები და გულუბრყვილოები არიან ურყევად ერთგულები“. ადამიანებს, რომლებიც „გადაჭარბებულად ავლენენ ურყევ ერთგულებას“ ზემოდან დაჰყურებენ. „პირველობის გრძნობა და ურყევი ერთგულება საკუთარი თავის მიმართ უნდა გქონდეს“ — ასე ამბობს კონსულტაციის მართვა-გამგეობის პრეზიდენტი და ადმინისტრაციულ რჩევათა მიმცემი ფირმა. თუ ასე ვიმსჯელებთ ურყევ ერთგულებაზე, ეს ნიშნავს სიტყვის მნიშვნელობის დამახინჯებას. ეს შეგვახსენებს მიქას 7:2-ში ნათქვამ სიტყვებს: „ურყევად ერთგული გადაშენდა დედამიწიდან“ (მიქა 7:2, აქ).
3 გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბით სატანა და მისი დემონები ჩვენს წინააღმდეგ არიან ჯარივით დარაზმულები იმ განზრახვით, რომ გვაიძულონ ვერ შევძლოთ ღვთის მიმართ ურყევი ერთგულება. ამიტომაც ეუბნება ქრისტიანებს ეფესელთა 6:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“. დიახ, აუცილებელია, ყურადღებით მოვეპყროთ რჩევას: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
4. რომელი მიდრეკილებები ხდის საკმაოდ ძნელს ურყევი ერთგულების შენარჩუნებას?
4 ურყევი ერთგულება აგრეთვე ძნელია ეგოისტური მიდრეკილებების გამოც, რაც ჩვენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რის შესახებაც ლაპარაკია დაბადების 8:21-ში, რომ „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა“ და ადამიანი ეგოისტია „მისი სიყრმიდანვე“. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ის პრობლემები, რომელსაც პავლე აღიარებდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომაელთა 7:19).
ურყევი ერთგულება არის რაღაც განსაკუთრებული
5, 6. რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ რა არის ურყევი ერთგულება და როგორია მისი განსაზღვრება?
5 „ურყევი ერთგულება ძალიან განსაკუთრებული სიტყვაა. Insight on the Scriptures აღნიშნავს: „ვერც ერთი ინგლისური სიტყვა აბსოლუტური სიზუსტით ვერ გამოხატავს ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ სიტყვა ‘ურყევად ერთგული’, რომელიც აგრეთვე შეიცავს ისეთ აზრს, როგორიცაა თავდადება და ერთგულება, როდესაც გამოიყენება ღმერთსა და მის მსახურებასთან დაკავშირებით, გადმოსცემს დაახლოებით მნიშვნელობას“a. ერთხელ „საგუშაგო კოშკი“ „ურყევი ერთგულების“ შესახებ ამბობდა: „ერთგულება, ვალდებულება, მოვალეობა, სიყვარული, თავდადება. რა აქვთ ამ სიტყვებს საერთო? ეს სიტყვები ურყევი ერთგულების სხვადასხვა ასპექტებია“. დიახ, მრავალი ღირსება, რომლებიც „ურყევი ერთგულების“ სხვადასხვა წახნაგებია. მართლაც აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ საღვთო წერილში რამდენად ხშირად უკავშირდება ერთმანეთს სიტყვები ურყევი ერთგულება და უმწიკვლოება.
6 დამხმარეა აგრეთვე შემდეგი განსაზღვრება: „ურყევი ერთგულება მიუთითებს დიდი ხნის მანძილზე მტკიცე ერთგულებასა და თავდადებაზე, რომელიც საიმედოა მერყეობის ან ცდუნებების დროს“. „ურყევი ერთგულება შეესაბამება ისეთ ერთგულებას, როდესაც ვინმეს რამე აღუთქვი ან ხანგრძლივად ხარ თავდადებული რაღაც დადგენილებისა თუ ნორმებისთვის, რომელთა მიმართაც მორალურ ვალდებულებას გრძნობ; ამ ტერმინში იგულისხმება არა მხოლოდ მტკიცე თავდადება, არამედ ისიც, რომ შეეწინააღმდეგო ცდუნებას და არ უარყო ეს თავდადება“. ამგვარად, ადამიანები, რომლებიც განსაცდელების, წინააღმდეგობისა და დევნების მიუხედავად ერთგულები რჩებიან, იმსახურებენ „ურყევად ერთგული“ პიროვნების სახელს.
7. რა სხვაობა შეიძლება გაკეთდეს ურყევ ერთგულებასა და ერთგულებას შორის?
7 ამასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა ნათლად გვეჩვენებინა სხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს ურყევ ერთგულებასა და ერთგულებას შორის. შეერთებულ შტატებში, დასავლეთით, არის გეიზერი, რომლის ამოფრქვევა თითქმის ყოველ საათში ხდება. ეს ამოფრქვევები იმდენად რეგულარულია, რომ გეიზერს „ოდითგანვე ერთგული“ უწოდეს. ბიბლია საუბრობს ისეთ უსულო საგნებზე, როგორიცაა მთვარე, რომელიც ერთგულია, ანუ საიმედო. ფსალმუნის 88:38-ში მთვარის შესახებ ნათქვამია: ‘ჭეშმარიტი [ერთგული, აქ] მოწმეა ზეცაში.’ ღვთის სიტყვებსაც ეწოდება ერთგული. გამოცხადების 21:5-ში ნათქვამია: «თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო [ერთგული, აქ] და ჭეშმარიტია“». აქ გამოყენებულია სიტყვები ერთგული, საიმედო, მაგრამ ისინი ვერ გამოხატავენ ისეთ სიყვარულსა და მორალურ თვისებებს, როგორსაც შეიცავს „ურყევი ერთგულება“.
იეჰოვა ცნობილია, როგორც ურყევად ერთგული
8. რომელი ბიბლიური მტკიცება გვთავაზობს ურყევი ერთგულების შესანიშნავ მაგალითს?
8 არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება, რომ იეჰოვა ღმერთი ურყევი ერთგულების უდიდესი მაგალითია. იეჰოვა ურყევად ერთგულია ადამიანთა მოდგმის მიმართ და მან საკუთარი ძეც კი გამოგზავნა, რომ ადამიანებმა მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16). იერემიას 3:12-ში ვკითხულობთ: „მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე [ურყევად ერთგული, აქ] ვარ“. იეჰოვას ურყევი ერთგულების შემდეგი მაგალითი ჩაწერილია გამოცხადების 16:5-ში: „მართალი [ურყევად ერთგული, აქ] ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო“. შემდეგ ფსალმუნის 144:17-ში ნათქვამია: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალე [ურყევად ერთგული, აქ] ყველა თავის საქმეში“. ფაქტია, რომ იეჰოვა ურყევი ერთგულებით ყველაზე გამოჩენილია და გამოცხადების 15:4-შიც ეს არის აღნიშნული: „ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა [ურყევად ერთგული, აქ]“. იეჰოვა ღმერთი აღმატებულად ავლენს ურყევ ერთგულებას.
9, 10. როგორ გაითქვა სახელი იეჰოვამ ისრაელისადმი გამოვლენილი ურყევი ერთგულებით?
9 განსაკუთრებით ისრაელის ისტორიაში ჩანს იეჰოვას ურყევი ერთგულების უამრავი მტკიცება ისრაელი ხალხისადმი. მსაჯულების დროს, ისრაელმა არაერთხელ გადაუხვია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, მაგრამ იეჰოვამ მრავალჯერ შეიბრალა ისინი და იხსნა (მეორე რჯული 2:15–22). ხუთი საუკუნის განმავლობაში, როდესაც ისრაელს ჰყავდა მეფეები, იეჰოვა ურყევ ერთგულებას ავლენდა ისრაელის მიმართ.
10 იეჰოვა ურყევი ერთგულების გამო მომთმენი იყო თავის ხალხთან, როგორც მეორე ნეშტთას 36:15, 16-შია აღნიშნული: „უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“.
11. რა რწმენასა და ნუგეშს გვაძლევს ის, რომ იეჰოვა არის ურყევად ერთგული?
11 რადგანაც იეჰოვას მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულება ყველაზე აღმატებულია, პავლე მოციქული რომაელთა 8:38, 39-ში წერდა: „მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“. დიახ, იეჰოვა გვარწმუნებს: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5). ნამდვილად სანუგეშოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის ურყევად ერთგულია!
იესო ქრისტე, ურყევად ერთგული ძე
12, 13. რა მტკიცება გვაქვს ღვთის ძის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?
12 ურყევი ერთგულების გამოცდის წინაშე ყოფნის დროს იესო ქრისტე სრულყოფილად ბაძავდა და ბაძავს იეჰოვას. პეტრე მოციქულმა მართებულად მოიყვანა ციტატა ფსალმუნის 15:10-დან და ქრისტესთან დაკავშირებით გამოიყენა საქმეების 2:27-ში: „ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას [ურყევად ერთგულს, აქ] იხილოს ხრწნილება“. იესო ქრისტეს დამსახურებულად ეწოდა „ურყევად ერთგული“. ის ნებისმიერ საკითხში ურყევად ერთგულია თავისი მამისა და მამის აღთქმული სამეფოს მიმართ. პირველად სატანამ სცადა გაეტეხა მისი უმწიკვლოება მრავალი ცდუნებით, ცდილობდა ეგოისტური სურვილები აღეძრა მასში. რადგან სატანამ ამ ხერხით წარმატებას ვერ მიაღწია, სხვა საშუალებებს მიმართა, დაიწყო მისი დევნა, ბოლოს კი მისი მცდელობით, იესო წამების ძელზე სიკვდილით იქნა დასჯილი. ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის მიმართ ურყევი ერთგულებისთვის იესოს არასოდეს უქცევია ზურგი (მათე 4:1–11).
13 იესო ქრისტე ურყევად ერთგული იყო თავისი მიმდევრების მიმართაც, რადგან შეასრულა დანაპირები, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:20-ში: „აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“. ამ დანაპირების შესასრულებლად, იესო ურყევი ერთგულებით ხელმძღვანელობს თავის კრებას ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დღევანდლამდე.
ურყევად ერთგული არასრულყოფილი ადამიანები
14. რა მაგალითი დაგვიტოვა იობმა ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?
14 რა შეიძლება ითქვას არასრულყოფილი ადამიანების შესახებ? შეუძლიათ თუ არა მათ ურყევად ერთგულები იყვნენ ღვთის მიმართ? ჩვენ შესანიშნავი მაგალითი იობის ცხოვრებიდან გვაქვს. სატანამ აშკარად გამოთქვა ეჭვი იობთან დაკავშირებით. იყო თუ არა იობი ურყევად ერთგული იეჰოვას მიმართ, თუ მხოლოდ ანგარების მიზნით ემსახურებოდა? სატანა იკვეხნიდა, რომ ისეთ უბედურებებს დაატეხდა იობს, რომ იობი ზურგს შეაქცევდა იეჰოვას. როდესაც იობმა დაკარგა მთელი ქონება, ყველა შვილი და თვითონაც დაავადდა, საკუთარმა ცოლმა უთხრა: „ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ მაგრამ იობმა შეინარჩუნა ურყევი ერთგულება და პასუხად მიუგო: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:9, 10). იობმა ვითომდა ნუგეშისმცემლებს უთხრა: „კიდეც რომ მომკლას [ღმერთმა], მასზე ვარ დანდობილი“ (იობი 13:15). არ არის გასაკვირი, თუ რატომ დაიმსახურა იობმა იეჰოვას მოწონება! ამიტომ უთხრა იეჰოვამ ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“ (იობი 42:7, 10–16; იაკობი 5:11).
15. რა ბიბლიური მტკიცებები გვაქვს იეჰოვა ღმერთის ერთგული მსახურების ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?
15 ებრაელთა მეთერთმეტე თავში აღწერილ მორწმუნე მამაკაცებსა და ქალებზე შეიძლება ითქვას, რომ ურყევად ერთგულები იყვნენ. ისინი არა მხოლოდ ერთგულები იყვნენ, არამედ ურყევად ერთგულები მძიმე განსაცდელების დროს. მათ შესახებ ვკითხულობთ: „რომლებიც რწმენით. . . პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს. . . ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი“ (ებრაელთა 11:33–37).
16. ურყევი ერთგულების რომელი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?
16 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოცემულია პავლე მოციქულის გასაოცარი მაგალითი. მან თავისი მსახურების შესახებ თესალონიკელ ქრისტიანებს სათანადოდ მისწერა: „თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად [ურყევი ერთგულებით, აქ], სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო“ (1 თესალონიკელთა 2:10). პავლეს მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულების შემდეგი მტკიცება შეგვიძლია დავინახოთ მის სიტყვებში, რომელიც ჩაწერილია 2 კორინთელთა 6:4, 5-ში: „ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში [საკვების ნაკლებობაში, აქ]“. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მოციქულ პავლეს ჰქონდა პირადი ღირსება, რადგან პავლე ურყევად ერთგული იყო.
ურყევად ერთგულები ჩვენს ეპოქაში
17. ჯ. ფ. რუტერფორდის რომელი სიტყვები ცხადყოფს, რომ მისი გადაწყვეტილება იყო, ყოფილიყო ურყევად ერთგული?
17 ჩვენს ეპოქაში შესანიშნავი ნიმუშები გვაქვს, მაგალითად, ისინი, რომლებიც უკვე მოვიხსენიეთ სტატიის დასაწყისში. ყურადღება მიაქციე იმას, თუ რა არის აღნიშნული წიგნში, «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ მმართველობით» (ინგლ.), 146-ე გვერდზე ქვესათაურით „ურყევი ერთგულება ციხეში ყოფნის დროს“. სტატიაში ნათქვამია: «იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ ურყევი ერთგულება გამოავლინა ციხეში ყოფნის დროს საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ფ. რუტერფორდმა, როდესაც 1918 წლის 25 დეკემბერს წერილში დაწერა: „რადგან კომპრომისზე არ წავედი ბაბილონთან და ვცდილობდი ერთგულად მემსახურა უფლისთვის, აღმოვჩნდი ციხეში, რისთვისაც მადლობელი ვარ. . . მე უფრო უფლის მოწონება, მისი ღიმილი და ციხეში ჯდომა მირჩევნია, ვიდრე ის, რომ დავეთანხმო ან დავნებდე მხეცს და ამით მივაღწიო ციხიდან გათავისუფლებას, თუნდაც მთელი წუთისოფელი ტაშს მიკრავდეს“»b.
18, 19. ახლანდელი ეპოქის რომელი სრულფასოვანი მაგალითებია მოცემული ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?
18 ჩვენ შესანიშნავი მაგალითები გვაქვს მრავალი დევნილი ქრისტიანის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით. ასეთ ერთგულთა შორის არიან ნაცისტური რეჟიმის დროს გერმანიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, ყოველივე ეს ასახულია ვიდეოფილმში „იისფერი სამკუთხედები“, რომელიც გავრცელდა ინგლისურ ენაზე. აგრეთვე აღსანიშნავია აფრიკაში მცხოვრები მრავალი ურყევად ერთგული მოწმე, მაგალითად მალავის მკვიდრნი. იქ ციხის ერთ-ერთმა მცველმა იეჰოვას მოწმეების ურყევი ერთგულების შესახებ თქვა: „ისინი არასოდეს მიდიან კომპრომისზე. მათი რიცხვი უფრო იზრდება“.
19 ადამიანი ისე ვერ წაიკითხავს გასული წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულს“ (ინგლ.), რომ არ აღფრთოვანდეს ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულებით, მაგალითად, საბერძნეთში, მოზამბიკსა და პოლონეთში მცხოვრები მოწმეების ერთგულებით. მრავალი მათგანი საშინლად, არაადამიანურად აწამეს; და მრავალიც მოკლეს. ეთიოპელი 9 ქრისტიანი მამაკაცის სურათი მოცემულია 1992 წლის „წელიწდეულის“ 177-ე გვერდზე, რომელთა ურყევი ერთგულება თვით სიკვდილამდე გამოიცადა. როგორც იეჰოვას მოწმეები, ნუთუ მოხარულები არა ვართ ასეთი შესანიშნავი მაგალითებით, რომ წახალისებულები ვიყოთ მტკიცედ გადავიტანოთ ურყევი ერთგულების გამოცდა?
20. რა მოჰყვება იმას შედეგად, თუ ურყევად ერთგულები დავრჩებით?
20 ურყევი ერთგულებით განსაცდელებისა და სხვადასხვა ზემოქმედების გადატანისას ვამტკიცებთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას. ვის მხარეს გვსურს რომ ვიყოთ იმ საკამათო საკითხში, რომელიც ურყევ ერთგულებას შეეხება? თუ უმწიკვლოდ გადავიტანთ ურყევი ერთგულების გამოცდას, იეჰოვა ღმერთის მხარეს დავიკავებთ საკამათო საკითხში და დავამტკიცებთ, რომ სატანა ეშმაკი არის ბილწი, ვერაგი მატყუარა, რასაც მართლაც წარმოადგენს! ასეთი მოქმედებით დავიმსახურებთ ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მოწონებასა და ჯილდოს — მარადიულ, ბედნიერ სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:29; 143:15ბ). ის, თუ რა არის საჭირო, ურყევი ერთგულების გამოცდის წარმატებით გადასალახავად განხილული იქნება შემდეგ.
-
-
ურყევი ერთგულების გამოცდასაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აპრილი
-
-
ურყევი ერთგულების გამოცდა
‘შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით [ურყევი ერთგულებით, აქ]’ (ეფესელთა 4:24).
1. რატომ ვართ ვალდებული, რომ იეჰოვას მიმართ ვიყოთ ურყევად ერთგულები?
ურყევი ერთგულება შეიძლება მრავალმხრივ გამოიცადოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წარმატებით გადალახო ის გამოცდა, რასაც იეჰოვას მიმართ ურყევი ერთგულების შენარჩუნების გამოცდა ჰქვია. ნამდვილად, როდესაც გვახსოვს, თუ ვინ არის იეჰოვა და რა მოიმოქმედა მან ჩვენთვის და თუ გვახსოვს ისიც, რომ მას მივუძღვენით საკუთარი თავი, ვალდებული ვართ, რომ ურყევად ერთგული ადამიანები ვიყოთ მის მიმართ. როგორ ვავლენთ იეჰოვას მიმართ ურყევ ერთგულებას? უმთავრესად იეჰოვას სამართლიანი ნორმების მიმართ ურყევი ერთგულებით.
2, 3. რა კავშირი არსებობს ურყევ ერთგულებასა და სამართლიანობას შორის?
2 წარმატებით რომ გავუმკლავდეთ გამოცდას, უნდა შევიმოსოთ 1 პეტრეს 1:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვები: «იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“». იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება აღგვძრავს ყოველთვის დავემორჩილოთ მას და ჩვენი ფიქრები, სიტყვები და მოქმედებები შევუთანხმოთ მის წმინდა ნებას. ეს ნიშნავს შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი, როგორც ამას გვიბრძანებს 1 ტიმოთეს 1:3–5-ში ჩაწერილი სიტყვები: „მცნების მიზანია [არა ის, რომ ასწავლოთ სხვადასხვა სწავლებები და ყურადღება მიაქციოთ ცრუ ამბებს, არამედ] წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული“. ფაქტია, არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ გავაკეთოთ ყველაზე საუკეთესო, ასე არ არის?
3 იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება დაგვიცავს, რომ ეგოისტობის გამო არ დავთმოთ სამართლიანი პრინციპები. ნამდვილად, ურყევი ერთგულება დაგვეხმარება, რომ არ ვიყოთ მლიქვნელები. ურყევი ერთგულებაა ის, რასაც ფსალმუნმომღერალი თავის სიმღერაში გულისხმობდა, როდესაც მღეროდა: „დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“ (ფსალმუნი 85:11). ურყევი ერთგულება მოიცავს იმას, რაც შესანიშნავადაა აღწერილი შემდეგი სიტყვებით: „მორჩილება კანონებისა და ნორმებისადმი, რომლებიც ადამიანთა სანქციებით არ არის უზრუნველყოფილი“.
4, 5. როგორ გვეხმარება ურყევი ერთგულება, რომ ვიყოთ ფრთხილები და არ ჩავიდინოთ არასწორი საქციელი?
4 იეჰოვას მიმართ ურყევი ერთგულება აგრეთვე დაგვიცავს იმისგან, რომ არ შევარცხვინოთ მისი სახელი და სამეფო. მაგალითად, ორ ქრისტიანს ერთხელ ისეთი პრობლემები ჰქონდა ერთმანეთთან, რომ მათ შეუფერებლად მიმართეს ქვეყნიურ სასამართლოს. მოსამართლემ ჰკითხა მათ: „ხართ თუ არა იეჰოვას მოწმეები?“ როგორც ჩანს, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ იყო ეს ორი პიროვნება სასამართლოში. რა დიდი სირცხვილი იყო ეს! ის ორი ძმა იეჰოვას მიმართ ურყევ ერთგულებას უნდა აღეძრა, რომ შეესმინათ პავლე მოციქულის სიტყვები: „ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?“ (1 კორინთელთა 6:7). რასაკვირველია, იეჰოვასადმი ურყევი ერთგულების გზა არის ის, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი სირცხვილის დატეხვის ნაცვლად განვიცადოთ პირადი დანაკლისი.
5 იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ არ გვეშინოდეს ადამიანების. „ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება“ (იგავნი 29:25). ამგვარად, როდესაც გვდევნიან, კომპრომისზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა მივბაძოთ იეჰოვას მოწმეთა მაგალითს, რომლებიც ცხოვრობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მალავიში, ეთიოპიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში.
6. ვისთან ურთიერთობისგან გვიცავს ურყევი ერთგულება?
6 თუ ჩვენ იეჰოვა ღმერთის ურყევად ერთგულები ვართ, მოვერიდებით ისეთ ადამიანებთან მეგობრობას, რომლებიც იეჰოვას მტრები არიან. აი, რატომ წერდა მოციქული იაკობი: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). ჩვენ გვსურს გვქონდეს ისეთი ურყევი ერთგულება, როგორსაც დავით მეფე ავლენს თავის ნათქვამში: „ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედავო? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე“ (ფსალმუნი 139:21, 22). ჩვენ არ გვსურს კავშირი გვქონდეს განზრახ შემცოდველებთან, რადგან არაფერი გვაქვს საერთო მათთან. ნუთუ იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება არ გვიცავს იეჰოვას მტრებთან როგორც პირდაპირი, ასევე სატელევიზიო გადაცემებით კავშირისგან?
იეჰოვას დაცვა
7. იეჰოვასთან დაკავშირებით, რის გაკეთებაში დაგვეხმარება ურყევი ერთგულება და როგორ გააკეთა ეს ელიჰუმ?
7 ურყევი ერთგულება აღგვძრავს, დავიცვათ იეჰოვა ღმერთი. რა დიდებული მაგალითი მოგვცა ელიჰუმ! იობის 32:2, 3-ში ვკითხულობთ: „განრისხდა ელიჰუ. . . იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი. თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი“. იობის 32-ე თავიდან 37-ე თავის ჩათვლით, ელიჰუ იცავს იეჰოვას. მაგალითად, ის ამბობს: „ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად. . . შემქმნელს მივაგებ სიმართლეს. . . [ღმერთი] მართალს თვალს არ არიდებს“ (იობი 36:2–7).
8. რატომ უნდა დავიცვათ იეჰოვა?
8 რატომ არის საჭირო დავიცვათ იეჰოვა? დღეს ჩვენი ღმერთი იეჰოვა მრავალნაირად არის დაგმობილი. მრავალი ირწმუნება, რომ ის არ არსებობს ან კიდევ ირწმუნება, რომ ის არის სამების ნაწილი, რომ მარადიულად აწამებს ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში, რომ ის თითქმის არავითარ ზომებს ღებულობს წუთისოფლის შესაცვლელად, რომ არ ზრუნავს კაცობრიობაზე და მრავალი სხვა. ჩვენ ურყევ ერთგულებას ვავლენთ იეჰოვას მიმართ, თუ ვიცავთ მას და ვამტკიცებთ, რომ იეჰოვა არსებობს; რომ იეჰოვა არის ბრძენი, სამართლიანი, ყოვლისშემძლე და მოსიყვარულე ღმერთი; მას ყველაფრისთვის გამოყოფილი აქვს დრო; და როდესაც მოვა მის მიერ დანიშნული დრო, ის გაანადგურებს ყოველგვარ ბოროტებას, ხოლო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ეკლესიასტე 3:1). ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, დავამოწმოთ იეჰოვას სახელისა და სამეფოს შესახებ.
ურყევი ერთგულება იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ
9. რა საკითხებთან დაკავშირებით გამოავლინეს ზოგიერთებმა ურყევი ერთგულების ნაკლებობა?
9 ახლა ჩვენ მივედით იმ საკითხთან, რომ აუცილებელია ურყევი ერთგულები ვიყოთ იეჰოვას ხილული ორგანიზაციის მიმართაც. რასაკვირველია, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ურყევი ერთგულება გამოვავლინოთ არა მარტო ორგანიზაციის, არამედ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიმართაც, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული კრება სულიერად დაპურებულია (მათე 24:45–47). დავუშვათ, რომ საგუშაგო კოშკის პუბლიკაციებში ისეთი რამ დაიწერა, რაც არ გვესმის და ამჟამად ვერც ვეთანხმებით. რას გავაკეთებთ? დავიკავებთ აგრესიულ პოზიციას და დავტოვებთ ორგანიზაციას? ასე მოიქცნენ ზოგიერთები, როდესაც მრავალი წლის წინ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია ახალი კავშირის შესახებ, რომელიც ქრისტეს ათასწლიან მეფობას შეეხებოდა. სხვები ნაწყენი დარჩნენ, იმასთან დაკავშირებით, რაც ნათქვამი იყო „საგუშაგო კოშკში“ ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით. ისინი, რომლებიც წაბორძიკდნენ ასეთ საკითხებზე, ორგანიზაციისა და თავიანთი ძმების მიმართ ურყევი ერთგულები რომ ყოფილიყვნენ, დაელოდებოდნენ, თუ როდის მოჰფენდა ნათელს იეჰოვა ამ საკითხებს, რაც ამისთვის დადგენილ დროს გააკეთა. ამგვარად, ურყევი ერთგულება აგრეთვე ნიშნავს, მოთმინებით დაელოდო იმ დროს, როცა ერთგული და გონიერი მონა გამოაქვეყნებს შემდგომ ნათელ ახსნას.
10. რა საკითხების მიმართ ცნობისმოყვარეობისგან დაგვიცავს ურყევი ერთგულება?
10 იეჰოვას ხილული ორგანიზაციის მიმართ ურყევი ერთგულება აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ არაფერი საერთო გვქონდეს განდგომილებთან. ურყევი ერთგულების მქონე ქრისტიანი არ ავლენს ცნობისმოყვარეობას განდგომილების სათქმელის მიმართ. ფაქტია, რომ ისინი, რომლებსაც იეჰოვა დედამიწაზე თავისი საქმიანობის ხელმძღვანელობისთვის იყენებს, არ არიან სრულყოფილები. მაგრამ რას გვირჩევს ღვთის სიტყვა? დავტოვოთ ღვთის ორგანიზაცია? არა. ძმური სიყვარული აღგვძრავს, რომ ვიყოთ ურყევად ერთგულები და კვლავაც ‘სუფთა გულით გვიყვარდეს ერთმანეთი’ (1 პეტრე 1:22).
ურყევი ერთგულება ურყევად ერთგული უხუცესების მიმართ
11. როგორი უარყოფითი აზროვნებისგან დაგვიცავს ურყევი ერთგულება?
11 როდესაც კრებაში ითქმება ან კეთდება ისეთი რამ, რისი გაგებაც გვიჭირს, ურყევი ერთგულება დაგვიცავს, რომ არ განვსაჯოთ და დავიკავოთ ისეთი პოზიცია, რომ შესაძლოა ეს უკვე მსჯელობის საკითხია. ნუთუ უკეთესი არ არის, ყურადღება გავამახვილოთ უხუცესებად დანიშნული პიროვნებებისა და სხვა თანამორწმუნეების კარგ თვისებებზე და არა მათ შეცდომებზე? დიახ, ჩვენ გვესაჭიროება თავი დავიცვათ ასეთი უარყოფითი ფიქრებისგან, სხვაგვარად ვერ ვიქნებით ურყევად ერთგულები! ურყევი ერთგულება აგრეთვე დაგვეხმარება, დავემორჩილოთ პავლეს მითითებას: ‘არავინ დაძრახოთ’ (ტიტე 3:1, 2).
12, 13. რა თავისებური გამოცდები აქვთ უხუცესებს?
12 ურყევი ერთგულება გამოცდის წინაშე აყენებს უხუცესებს. ერთ-ერთი ამ გამოცდათაგანი არის საიდუმლოს შენახვის საკითხი. კრების წევრი ენდობა უხუცესს. ურყევი ერთგულება ეხმარება უხუცესს, რომ არ დაარღვიოს საიდუმლოს შენახვის პრინციპი. მას უნდა ახსოვდეს იგავნის 25:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „არ გასცე სხვისი საიდუმლო“. ეს ნიშნავს იმას, რომ მეუღლესაც არ უნდა გაუმხილო!
13 უხუცესებს აგრეთვე სხვა გამოცდაც აქვთ ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით. ადამიანის სიამოვნებაზე იფიქრებენ, თუ გაბედულად და თავაზიანად დაეხმარებიან მათ, რომლებსაც რაღაც საკითხში გამოსწორება ესაჭიროებათ, მიუხედავად იმისა, ხორცით ნათესავი იქნება თუ ახლო მეგობარი? იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ ურყევი ერთგულება აღძრავს უხუცესებს, რომ დაეხმარონ მათ, რომლებსაც სულიერი მხარდაჭერა ესაჭიროებათ (გალატელთა 6:1, 2). მიუხედავად იმისა, რომ ვიქნებით თავაზიანები ურყევი ერთგულება აღგვძრავს გულწრფელობა გამოვავლინოთ თანაუხუცესებთან, ისევე როგორც პავლე მოციქულმა გულწრფელად გამოთქვა აზრი პეტრესთან (გალატელთა 2:11–14). მეორე მხრივ ზედამხედველები უნდა იყვნენ წინდახედულები და ფრთხილები, რომ არ იმოქმედონ უგუნურად, არ გამოავლინონ მიკერძოება და ბოროტად არ გამოიყენონ თავიანთი უფლებები, რითაც სიძნელეებს შეუქმნიდნენ მათ, რომლებიც ცდილობენ ურყევი ერთგულება შეინარჩუნონ ღვთის ორგანიზაციის მიმართ (ფილიპელთა 4:5).
14, 15. რა ფაქტორები გამოსცდის კრების წევრების ურყევ ერთგულებას?
14 არსებობს კიდევ სხვა მხარეები როგორც კრების, აგრეთვე კრების უხუცესების ურყევი ერთგულების გამოცდასთან დაკავშირებით. როდესაც რაღაც პრობლემა წამოიჭრება კრებაში, ურყევი ერთგულების გამოვლენის საშუალება გვეძლევა როგორც იეჰოვას მიმართ, აგრეთვე იეჰოვას წარმომადგენლების მიმართაც (იხილე 1987 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 15–17 [რუს.]). როდესაც კრების რომელიმე წევრი გაირიცხება, ურყევი ერთგულება მოითხოვს, რომ მხარი დავუჭიროთ უხუცესებს და არ ვეცადოთ გამოვიტანოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ თუ არა უხუცესებს საკმარისი საფუძველი ასეთი მოქმედებისთვის.
15 კრების მიმართ ურყევი ერთგულება აგრეთვე მოითხოვს ჩვენგან, რომ მხარი დავუჭიროთ ყოველკვირეულ ხუთ შეხვედრას მდგომარეობისა და შესაძლებლობის მიხედვით. ურყევი ერთგულება მოითხოვს, რომ მხოლოდ რეგულარულად კი არ ვესწრებოდეთ მათ, არამედ მოვემზადოთ კიდეც მათთვის და შესაძლებლობის მიხედვით მივცეთ გამამხნევებელი კომენტარები (ებრაელთა 10:24, 25).
ურყევი ერთგულება ქორწინებაში
16, 17. ურყევი ერთგულების როგორი გამოცდის წინაშე დგანან დაქორწინებული ქრისტიანები?
16 კიდევ ვის აღვუთქვით ურყევი ერთგულება? თუ დაქორწინებული ვართ, ქორწინების აღთქმიდან გამომდინარე მოგვიწევს გადავიტანოთ განსაცდელი მეუღლის მიმართ ურყევი ერთგულების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მეუღლის მიმართ ურყევი ერთგულება დაგვიცავს, რომ სხვა მამაკაცის ან ქალისთვის უფრო მეტად არ ვიყოთ მომხიბლავი, ვიდრე საკუთარი მეუღლისთვის. ურყევი ერთგულება მეუღლის მიმართ მოითხოვს, რომ საჯაროდ არ ვაკრიტიკოთ მეუღლის სისუსტეები და შეცდომები. საკმაოდ იოლია სხვებთან უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ უფრო ძნელია გულღია ურთიერთობა გქონდეს მეუღლესთან, რაც ოქროს წესთან შეთანხმებულად უნდა გავაკეთოთ (მათე 7:12). ფაქტიურად, დაქორწინებულთა მდგომარეობა ნამდვილი გამოცდის წინაშე აყენებს ურყევ ქრისტიანულ ერთგულებას.
17 ურყევი ერთგულების გამოცდის გადასალახავად, ჩვენ მხოლოდ იმას კი არ ვცდილობთ, რომ თავი ავარიდოთ უხამს ურთიერთობებს, არამედ იმასაც ვცდილობთ, რომ დავიცვათ საკუთარი აზროვნება და გრძნობები (ფსალმუნი 18:14). მაგალითად, თუ ჩვენი მაცდური გული გაუმაძღარია სიამოვნებებსა და ვნებებში, ძალიან ადვილად შეიძლება, რომ ეგოისტობის გამო უბრალო მზერით ტკბობიდან დაუოკებელ სურვილამდე მიხვიდე. მეფე სოლომონი ხატოვანი სიტყვებით მოგვიწოდებს ცოლ-ქმრული ერთგულებისკენ და ქმრებს ურჩევს: „სვი წყალი შენი აუზიდან“ (იგავნი 5:15). იესომ თქვა: „მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). ქმრები, რომლებიც თავს ნებას რთავენ ყურადღება გაამახვილონ პორნოგრაფიაზე, მრუშობის ჩადენის საშიშროების წინაშე არიან და შესაძლებელია მოატყუონ თავიანთი ცოლები და ვერ შეინარჩუნონ ურყევი ერთგულება მათ მიმართ. იმავე მიზეზით ცოლებიც, რომლებიც გატაცებით უყურებენ მელოდრამებსა და ტელესერიალებს, სადაც არის მრუშობის ეპიზოდები, შეიძლება აღმოჩნდნენ ცდუნების წინაშე და უღალატონ მეუღლეებს. მეუღლის მიმართ ურყევი ერთგულების ჭეშმარიტად გამოვლენით, ვაძლიერებთ საქორწინო კავშირს და ვეხმარებით ერთმანეთს, რომ ვასიამოვნოთ იეჰოვა ღმერთს.
დახმარება ურყევი ერთგულების შესანარჩუნებლად
18. რის მიმართ მადლიერების გრძნობა დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ურყევი ერთგულები?
18 რა დაგვეხმარება, რომ წარმატებულად გადავლახოთ ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებული გამოცდები ოთხ საკითხში: იეჰოვას მიმართ, მისი ორგანიზაციის მიმართ, კრებისა და მეუღლის მიმართ ურყევ ერთგულებაში? ერთ-ერთი დახმარება არის მადლიერების გრძნობა, რომ წარმატებით გადავლახოთ ურყევი ერთგულების გამოცდა, რაც მტკიცედ არის დაკავშირებული იეჰოვას უზენაესობის გამართლების საკითხთან. დიახ, ურყევი ერთგულებით, ცხადვყოფთ, რომ ჩვენ სამყაროს უზენაეს მმართველად ვაღიარებთ იეჰოვას. ამით ჩვენ გვექნება პირადი ღირსების გრძნობაც და იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების იმედიც. ჩვენ თავად შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს, რომ შევინარჩუნოთ ურყევი ერთგულება იმით, თუ ვიფიქრებთ და ვიმსჯელებთ ურყევი ერთგულების მაგალითებზე, იეჰოვას მაგალითიდან დაწყებული იმათი მაგალითების ჩათვლით, რომლებიც მოხსენიებული არიან ბიბლიაში და საგუშაგო კოშკის პუბლიკაციებში, აგრეთვე „წელიწდეულში“ (ინგლ.) მოცემულ ცნობებშიც.
19. რა როლს თამაშობს რწმენა ურყევი ერთგულების საკითხში?
19 იეჰოვას მიმართ ძლიერი რწმენა და შიში, ვაითუ ვერ ვასიამოვნო მას, დაგვეხმარება, რომ მტკიცედ გადავიტანოთ ურყევი ერთგულების გამოცდა. ჩვენ ვაძლიერებთ რწმენასა და შიშს იეჰოვას მიმართ, როდესაც გულმოდგინედ ვსწავლობთ ღვთის სიტყვას და ვმონაწილეობთ ქრისტიანულ მსახურებაში. ეს დაგვეხმარება, რომ ვიმოქმედოთ პავლე მოციქულის რჩევის თანახმად, რომელიც ჩაწერილია ეფესელთა 4:23, 24-ში (აქ): „უნდა განახლდეთ თქვენი გონების ძალით, და შეიმოსოთ ახალ პიროვნებად, რომელიც შექმნილია ღვთის ნებისამებრ ჭეშმარიტი სამართლიანობითა და ურყევი ერთგულებით“.
20. ყველაზე მეტად რომელი თვისება დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ურყევი ერთგულები იეჰოვას მიმართ და მათ მიმართაც, ვისაც აღვუთქვით ურყევი ერთგულება?
20 იეჰოვას თვისებების მიმართ მადლიერების გრძნობა დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ურყევი ერთგულები. ყველაზე მეტად კი, უანგარო სიყვარული ზეციერი მამის მიმართ და მადლიერების გრძნობა ყოველივე იმის მიმართ, რაც მან გააკეთა ჩვენთვის, მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით სიყვარული დაგვეხმარება ურყევი ერთგულების შენარჩუნებაში. აგრეთვე, ის სიყვარული, რომლის შესახებაც იესომ თქვა, რომ სხვებისგან განმასხვავებელი გვექნებოდა, დაგვეხმარება, ურყევად ერთგულები ვიყოთ ყველა ქრისტიანის მიმართ კრებაში და ოჯახშიც. სხვა სიტყვებით, ეს შეეხება ეგოისტობისა და არაეგოისტობის საკითხს. ეგოისტია პიროვნება, რომელსაც არა აქვს ურყევი ერთგულება. ურყევი ერთგულება ნიშნავს, რომ არაფერში არ ვავლენთ ეგოისტობას (მარკოზი 12:30, 31; იოანე 13:34, 35).
21. როგორ შეიძლება შეჯამდეს ურყევი ერთგულების გამოცდის საკითხი?
21 საერთო ჯამში: ურყევი ერთგულება არის მთავარი თვისება, რომელსაც ავლენს თავად იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და იეჰოვას ყველა ჭეშმარიტი მსახური. იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა რომ გვქონდეს, ურყევი ერთგულების გამოცდა უნდა გადავიტანოთ მისი სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად, არაფერი საერთო არ უნდა გვქონდეს იეჰოვას მტრებთან და იეჰოვას უნდა ვიცავდეთ, როგორც ოფიციალური, ასევე არაფორმალური დამოწმებით. აგრეთვე წარმატებით უნდა გავუძლოთ ისეთ გამოცდებს, რომლებიც დაკავშირებულია იეჰოვას ხილული ორგანიზაციის მიმართ ურყევ ერთგულებასთან. ჩვენ ურყევად ერთგულები უნდა ვიყოთ კრებებშიც და ურყევი ერთგულება უნდა გამოვავლინოთ მეუღლის მიმართაც. ურყევი ერთგულების გამოცდის წარმატებით გადატანით ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ იეჰოვას უზენაესობის გამართლებაში და საკამათო საკითხში მის მხარეს დავდგებით. ამგვარად, ჩვენ დავიმსახურებთ მის კეთილგანწყობას და მივიღებთ ჯილდოს — მარადიულ სიცოცხლეს. რაც პავლე მოციქულმა თქვა ღვთისმოსაობის შესახებ იმავეს თქმა შეიძლება ურყევი ერთგულების გამოცდასთან დაკავშირებითაც. ეს სასარგებლოა როგორც ჩვენი დღევანდელი სიცოცხლისთვის, ასევე მომავლისთვისაც (ფსალმუნი 18:25, აქ [17:25]; 1 ტიმოთე 4:8).
-