საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • მოდი, ორი-სამი წლით უკან გადავინაცვლოთ და ტიმოთეს მშობლიურ ქალაქს, ლისტრას, ვეწვიოთ. ლისტრა განცალკევებით მდგარი, წყალუხვ მიწაზე გაშენებული დაბა-ქალაქი იყო. ლისტრელებს, სავარაუდოდ, ესმოდათ ბერძნული, მაგრამ ადგილობრივ, ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთ დღესაც ამ წყნარ ქალაქში დიდი აურზაური ატყდა. ორი ქრისტიანი მისიონერი, მოციქული პავლე და ბარნაბა, აქ მეზობელი ქალაქიდან, იკონიონიდან, ჩამოვიდნენ, რომელიც ლისტრასთან შედარებით დიდი ქალაქი იყო. საჯაროდ ქადაგების დროს პავლემ შენიშნა წელს ქვემოთ მოწყვეტილი მამაკაცი, რომელმაც ნამდვილი რწმენა გამოავლინა და ის სასწაულებრივად განკურნა (საქმეები 14:5—10).

      ბევრ ლისტრელს სჯეროდა ხალხში გავრცელებული ლეგენდების, რომ ღმერთები ადამიანის სახეს იღებდნენ და მიწაზე ჩამოდიოდნენ. ამიტომ ხალხმა არასწორად დაასკვნა, რომ პავლე ჰერმესი იყო, ბარნაბა კი — ზევსი. მაგრამ ამ ორმა თავმდაბალმა ქრისტიანმა ძლივს შეაკავა ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ (საქმეები 14:11—18).

      ლისტრაში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეს სასწაული არანაირი მითებისა და წარმართული ღვთაებებისთვის არ დაუკავშირებიათ. ისინი ხედავდნენ, რომ ნამდვილად რაღაც საოცრება ხდებოდა. მაგალითად, პავლესა და ბარნაბას გაფაციცებით უსმენდნენ ებრაელი ქალები — ევნიკე, რომელსაც ბერძენი,a ურწმუნო ქმარი ჰყავდა, და დედამისი ლოისი. მათ, როგორც იქნა, მოისმინეს ცნობა, რომელსაც ყველა ერთგული იუდეველი ელოდა; ცნობა იმის შესახებ, რომ მესია მოვიდა და მასზე შესრულდა წმინდა წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.

      წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა პავლეს სიტყვები ტიმოთეზე, რომელსაც ჩვილობიდან შეაყვარეს წმინდა წერილები (2 ტიმოთე 3:15). დედისა და ბებიის მსგავსად, ტიმოთეც დარწმუნდა, რომ პავლე და ბარნაბა მესიის შესახებ ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ. ის, ალბათ, განკურნებულ მამაკაცზეც ფიქრობდა, რომელიც შესაძლოა არაერთხელ უნახავს ლისტრის ქუჩებში. ახლა კი ხედავდა, როგორ გაიარა ფეხზე წელს ქვემოთ მოწყვეტილმა კაცმა ცხოვრებაში პირველად. უდავოა, რომ ტიმოთე მიჰბაძავდა დედას და ბებიას და მათსავით ისიც ქრისტიანი გახდებოდა. დღევანდელ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ლოისმა და ევნიკემ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს. ცდილობთ, კარგი გავლენა მოახდინოთ ახალგაზრდებზე?

      „მრავალი გასაჭირის გადატანა“

      იმ ლისტრელებს, რომლებიც გაქრისტიანდნენ, გულს სიხარულით აუვსებდა იმედი, რომელიც ქრისტეს მიმდევრებს ჰქონდათ. თუმცა მათ ისიც ესმოდათ, რომ ქრისტიანული გზა არ იქნებოდა ია-ვარდებით მოფენილი. ფანატიკოსი იუდეველი მოწინააღმდეგეები იკონიონიდან და ანტიოქიიდან ლისტრაში ჩავიდნენ და მერყევი ხალხი პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ წააქეზეს. ცოტა ხანში გახელებულმა და მოძალადე ბრბომ მოციქული პავლე ჯერ ქვებით ჩაქოლა, შემდეგ კი ცოცხალმკვდარი ქალაქგარეთ გაათრია, რათა იქ მომკვდარიყო (საქმეები 14:19).

      ლისტრელი მოწაფეები პავლეს საშველად გაემართნენ. ძირს დაგდებული რომ დაინახეს, გარს შემოეხვივნენ. წარმოიდგინეთ, რა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც უგონო მდგომარეობაში მყოფი პავლე გაინძრა, ფეხზე წამოდგა და უშიშრად ისევ ლისტრაში დაბრუნდა! მეორე დღეს ბარნაბასთან ერთად პავლე საქადაგებლად დერბეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც იქ ახალი მოწაფეები შეემატათ, საფრთხის მიუხედავად, ისინი კვლავ ლისტრაში დაბრუნდნენ. რა მიზნით? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ისინი იქ „მოწაფეებს განამტკიცებდნენ“ და „რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ“. წარმოიდგინეთ, რა გაფართოებული თვალებით უსმენდა ყმაწვილი ტიმოთე პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ქრისტიანებს არწმუნებდნენ, რომ ნამდვილად ღირდა განსაცდელების ატანა იმ დიდებული იმედისთვის, რომელიც მათ გააჩნდათ. „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“, — ამბობდნენ ისინი (საქმეები 14:20—22).

      ტიმოთე, დედამისი ევნიკე და ბებიამისი ლოისი პავლე მოციქულს უსმენენ

      ტიმოთეს გულთან ახლოს მიჰქონდა პავლე მოციქულის რჩევები

  • „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • პავლე დერბედან ლისტრაში, სავარაუდოდ, ორი-სამი წლის შემდეგ დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, რა სიხარულს მოჰგვრიდა ტიმოთესა და მის ოჯახს პავლეს ხილვა, რომელსაც თან ამჯერად სილა ახლდა. ალბათ, პავლესთვისაც არანაკლებ სასიხარულო იქნებოდა მათთან შეხვედრა. ახლა მას საკუთარი თვალით შეეძლო ენახა, როგორი ნაყოფი გამოიღო ლისტრაში ჩათესილმა ჭეშმარიტების თესლმა. ლოისი და მისი ქალიშვილი ევნიკე ახლა უკვე ერთგული ქრისტიანები იყვნენ, რომელთა „უთვალთმაქცო რწმენაც“ პავლეს ძალიან ხიბლავდა (2 ტიმოთე 1:5). რის თქმა შეიძლებოდა ახალგაზრდა ტიმოთეზე?

      პავლემ შეიტყო, რომ მის არყოფნაში ეს ახალგაზრდა კაცი სულიერად საგრძნობლად გაზრდილიყო და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებულიყო. ტიმოთეს „დადებითად ახასიათებდნენ“ არა მხოლოდ ლისტრელი ძმები, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 32 კილომეტრში მცხოვრები იკონიონელებიც (საქმეები 16:2). როგორ შეიქმნა ტიმოთემ ასეთი კარგი რეპუტაცია?

      „წმინდა წერილებში“, რომლებიც ტიმოთემ დედისგან და ბებიისგან ჩვილობიდან ისწავლა, ახალგაზრდებისთვის მეტად საჭირო და ძვირფასი რჩევებია თავმოყრილი (2 ტიმოთე 3:15). ერთ-ერთი ასეთი ძვირფასი რჩევა ასე ჟღერს: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1). ამ სიტყვებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ტიმოთესთვის გაქრისტიანების შემდეგ შეიძინა. ის მიხვდა, რომ დიდებული შემოქმედი იმ შემთხვევაში ემახსოვრებოდა, თუ სასიხარულო ცნობას ღვთის ძის, იესო ქრისტეს, შესახებ სხვებსაც გაუზიარებდა. ტიმოთემ თანდათან დასძლია სიმორცხვე და გაბედულად დაიწყო იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება.

      კრების ხელმძღვანელ მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ტიმოთეს წინსვლა. მათ ძალიან გაახარებდა იმის ხილვა, თუ როგორ ამხნევებდა და აძლიერებდა ეს ახალგაზრდა კაცი გვერდით მყოფთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ტიმოთეს საქმეები არც იეჰოვას დარჩენია ყურადღების მიღმა. ღვთის შთაგონებით მასზე რამდენიმე წინასწარმეტყველებაც წარმოითქვა, რომლებიც შესაძლოა კრებებში მის მსახურებას უკავშირდებოდა. ლისტრაში ჩასულმა პავლემ დაინახა, რომ ტიმოთე კარგ პარტნიორობას გაუწევდა მისიონერულ მსახურებაში. ამაში მას იქაური ძმებიც დაეთანხმნენ. მათ ხელები დაადეს ახალგაზრდა ტიმოთეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას განსაკუთრებული დავალების შესრულება მიენდო (1 ტიმოთე 1:18; 4:14).

      ამხელა ნდობა და პასუხისმგებლობა უთუოდ მოწიწების გრძნობას გაუჩენდა ტიმოთეს. ის მზად იყო, გაჰყოლოდა პავლეს.b როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ტიმოთეს ურწმუნო მამა? ალბათ, მას შვილის მომავალი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. დედასა და ბებიაზე რაღას ვიტყვით? ბუნებრივია, რომ ისინი ამაყები და ბედნიერები იქნებოდნენ, თუმცა, ამავდროულად, როგორც მშობლები, იდარდებდნენ მის უსაფრთხოებაზე, მაგრამ შეეცდებოდნენ, ტიმოთესთვის არაფერი ეგრძნობინებინათ.

      როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია: ტიმოთე სისხამ დილით პავლესთან ერთად მისიონერული მსახურებისკენ მიმავალ გზას დაადგა, როგორც ეს სტატიის დასაწყისში აღვწერეთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება