საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კურთხეული ვიყავი „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
    • დაგვიდგა რთული პერიოდი

      პოლიციელი კეტავს ფილიალის ჭიშკარს

      ქადაგება აიკრძალა და მთავრობამ ფილიალის კონფისკაცია მოახდინა

      1964 წელს იეჰოვას მოწმეები სერიოზული გამოცდის პირისპირ აღმოჩნდნენ, ვინაიდან ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურნი იყვნენ. დევნების დროს იეჰოვას მოწმეების 100-ზე მეტი სამეფო დარბაზი და 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მიმოსვლით მსახურებას, ვიდრე მალავის მთავრობამ 1967 წელს ჩვენი საქმიანობა საერთოდ არ აკრძალა. მთავრობამ ბლანტაირში მდებარე ფილიალის შენობის კონფისკაცია მოახდინა, მისიონერები ქვეყნიდან გააძევა და ბევრ ადგილობრივ და-ძმასთან ერთად მე და ლიდასიც დაგვაპატიმრა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ მიმოსვლითი მსახურება განვაგრძეთ.

      1972 წლის ოქტომბრის ერთ დღეს პოლიტიკური მოძრაობის ასამდე წარმომადგენელმა, რომლებიც მალავის „ახალგაზრდულ ლიგას“ მიეკუთვნებოდნენ, ჩვენი სახლისკენ აიღეს გეზი. საბედნიეროდ, მათ შორის ერთი ჯგუფს გამოეყო, სწრაფად მოირბინა ჩემთან და მითხრა, დავმალულიყავი, რადგან მოკვლას მიპირებდნენ. ცოლ-შვილს მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ იქვე ახლოს ბანანის პლანტაციაში დამალულიყვნენ. შემდეგ სწრაფად გავიქეცი და უშველებელ მანგოს ხეზე ავძვერი, საიდანაც საკუთარი თვალით ვხედავდი, თუ როგორ ანადგურებდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები ჩვენს სახლსა თუ ნივთებს.

      დამწვარი სახლის ნანგრევები

      ჩვენი ძმები პოლიტიკურად ნეიტრალურნი იყვნენ, ამიტომ მათ სახლები გადაუწვეს

      დევნის ტალღა აგორდა, რის გამოც ათასობით იეჰოვას მოწმეს ქვეყნის დატოვება მოუწია. ჩვენ მოზამბიკის დასავლეთ ნაწილში განლაგებულ დევნილთა ბანაკს შევაფარეთ თავი; იქ 1974 წლის ივნისამდე დავრჩით. იმ დროს მე და ლიდასს გვთხოვეს, რომ სპეციალურ პიონერებად გვემსახურა მოზამბიკის პატარა ქალაქ დომვეიში, რომელიც მალავის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა. ჩვენ იქ 1975 წლამდე ვიმსახურეთ, ანუ მანამ, სანამ მოზამბიკი პორტუგალიისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. შემდეგ მოზამბიკის მთავრობამ სხვა მოწმეებთან ერთად გვაიძულა, დავბრუნებულიყავით მალავიში, საიდანაც ერთ დროს გამოვიქეცით.

      მალავიში დაბრუნების შემდეგ დედაქალაქ ლილონგვეში არსებული კრებების მონახულება დამევალა. დევნისა და სირთულეების მიუხედავად, იმ რაიონებში, რომელთა მონახულების პატივიც წილად გვხვდა, კრებების რიცხვი იზრდებოდა.

      იეჰოვა გვერდში გვედგა

      ერთხელ იმ სოფელში, რომელსაც ვინახულებდით, მიტინგი ტარდებოდა. პოლიტიკური პარტიის ზოგი წარმომადგენელი მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. მათ „მალავის ახალგაზრდა პიონერების“ (ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა) გვერდით დაგვსხეს. ჩვენ მყისვე იეჰოვას მივმართეთ ლოცვით და ვთხოვეთ, ეხელმძღვანელა ამ დაძაბულ ვითარებაში. შეხვედრის დასასრულ, ისინი მოგვვარდნენ და ცემა დაგვიწყეს. მოულოდნელად ერთი ხანში შესული ქალბატონი ჩვენსკენ გამოიქცა და დაიყვირა: „თავი დაანებეთ. ეს კაცი ჩემი ძმისშვილია. გაუშვით!“. ამასობაში მან, ვინც ამ შეხვედრას უძღვებოდა, თქვა: „დაანებეთ თავი!“. საოცარია, რომ იმ ქალბატონს არც კი ვიცნობდით და დღემდე არ ვიცით, რატომ გამოგვექომაგა. ერთ რამეში კი ეჭვი არ გვეპარება: იეჰოვამ ჩვენი ლოცვა მოისმინა!

      პარტიული ბილეთი

      პარტიული ბილეთი

      1981 წელს კიდევ მოგვიწია „მალავის ახალგაზრდა პიონერებთან“ შეხვედრა. ამჯერად მათ წაგვართვეს ველოსიპედები, ბარგი, წიგნები და კრებების დოკუმენტაცია. მათ თავი ძლივს დავაღწიეთ და ერთი უხუცესის სახლისკენ გავიქეცით. მაშინაც დახმარებისთვის იეჰოვას მივმართეთ. ყველაზე მეტად ის გვაფიქრებდა, რომ „პიონერებს“ ხელში ჩაუვარდათ კონფიდენციალური დოკუმენტები. მაგრამ იცით, რა მოხდა? თურმე, როცა „ახალგაზრდა პიონერებმა“ დოკუმენტებს თვალი გადაავლეს, აღმოაჩინეს, რომ მალავის კრებებიდან გამოგზავნილი ყველა წერილის ადრესატი მე ვიყავი, რამაც ისინი ძალიან შეაშინა. მათ იფიქრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. ამიტომ ყველაფერი, რაც წაგვართვეს, უკლებლივ დაუბრუნეს ადგილობრივ უხუცესებს.

      ერთხელ ნავით უნდა გადაგვეცურა მდინარე. ნავის მეპატრონე ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენელი გახლდათ. ამიტომ მან მგზავრების შემოწმება გადაწყვიტა, აინტერესებდა, გვქონდა თუ არა პარტიული ბილეთები. როცა მოგვიახლოვდა, ქურდი შენიშნა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. ამან აურზაური გამოიწვია და პარტიული ბილეთების შესამოწმებლად აღარავის ცხელოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით იეჰოვას მზრუნველი ხელი.

      დაპატიმრება

      საგაზეთო სტატიის სათაური, რომელიც იუწყება მალავიში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვას

      1984 წლის თებერვალში ლილონგვესკენ მივდიოდი, რომ ზამბიის ფილიალში ანგარიში გამეგზავნა. მოულოდნელად პოლიციელმა გამაჩერა და ჩემი ჩანთის ჩხრეკა დაიწყო. როდესაც ჩანთაში ბიბლიური ლიტერატურა იპოვა, პოლიციაში წამიყვანა და მცემა. ხელები თოკით შემიკრა და იმ პატიმრების საკანში ჩამსვა, რომლებიც ქურდობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

      მომდევნო დღეს პოლიციის უფროსმა სხვა ოთახში გამიყვანა. მან აიღო კალამი და ფურცელზე დაწერა: „მე, ტროფიმ ნსომბა, უარს ვამბობ იეჰოვას მოწმედ ყოფნაზე. გამათავისუფლეთ!“. შემდეგ ფურცელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ხელი მომეწერა. მე მივუგე: „დაპატიმრების არ მეშინია, სიკვდილზეც კი არ დავიხევ უკან. მე ჩემს რწმენას არ დავთმობ!“. ამან პოლიციის უფროსი განარისხა და ისე დაჰკრა მუშტი მაგიდას, რომ გვერდზე ოთახში მყოფი პოლიციელი შეშინებული შემოვარდა. პოლიციის უფროსმა მას უთხრა: „ეს კაცი ხელს არ აწერს იმას, რომ აღარ სურს იეჰოვას მოწმედ ყოფნა. ამიტომ მოაწერინე ხელი იმაზე, რომ იეჰოვას მოწმეა და გავგზავნოთ ლილონგვეს პოლიციაში“. იმ დროს ჩემს საყვარელ მეუღლეს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მას ჩემი ამბავი ძმებმა 4 დღის შემდეგ აცნობეს.

      ლილონგვეს პოლიციაში თავაზიანად მომექცნენ. პოლიციის უფროსმა მითხრა: „შეგიძლია მიირთვა ბრინჯის ულუფა. ვინაიდან აქ ქურდები მოჰყავთ, შენ კი ღვთის სიტყვის გამო დაგიჭირეს“. შემდეგ მან კაჩერეს ციხეში გამგზავნა, სადაც 5 თვე დავყავი.

      ციხის უფროსს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. მას სურდა, ციხის პასტორად დავენიშნე. ამიტომაც მან თავისთან დაიბარა ის, ვინც ჩემამდე ასრულებდა პასტორის მოვალეობას და უთხრა: „არ მინდა, რომ ღვთის სიტყვა აქ ხალხს შენ ასწავლო; შენ ციხეში იმის გამო ხარ, რომ ეკლესიას ყვლეფდი“. ასე რომ, მე დამევალა პატიმრებისთვის ყოველკვირეულად დაგეგმილ შეხვედრებზე ბიბლიის სწავლება.

      მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა. ერთხელ ციხის მუშაკებმა დაკითხვაზე დამიბარეს. მათ აინტერესებდათ, თუ რამდენი მოწმე იყო მალავიში. როდესაც ამ კითხვაზე ჩემგან პასუხი ვერ მიიღეს, ცემა დამიწყეს, რის შედეგადაც გონება დავკარგე. სხვა დროს კიდევ დამიბარეს, ოღონდ ამჯერად ის აინტერესებდათ, თუ სად იმყოფებოდა ჩვენი მთავარი სამმართველო. მე ვუპასუხე: „ეგ ადვილია. ახლავე გეტყვით“. პოლიციელს ძალიან გაუხარდა და ჩამწერი მოწყობილობა მოიმარჯვა. მე მივუგე, რომ იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს შესახებ ბიბლია საუბრობდა. მათ გაუკვირდათ და მკითხეს: „და, სად წერია ეგ ბიბლიაში?“.

      მე ვუპასუხე: „ესაიას 43:12-ში“. მათ ბიბლია გადაშალეს და ეს ადგილი დაკვირვებით წაიკითხეს: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ“. ეს მონაკვეთი პოლიციელებმა 3-ჯერ წაიკითხეს და შემდეგ იკითხეს: „მოიცა, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველო ამერიკაში არ არის?! ბიბლიაში რა უნდა?!“. მე ვუპასუხე: „ამერიკაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც იმის დასტურად, თუ სად არის მათი სამმართველო, ამ ბიბლიურ მუხლს იშველიებენ“. ვინაიდან მათ სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, ლილონგვეს ჩრდილოეთით, ძალეკას ციხეში მიკრეს თავი.

      კურთხევები „ცუდ დროშიც“

      1984 წლის ივლისში ძალეკას ციხეში 81 იეჰოვას მოწმეს შევუერთდი. ციხე იმდენად გადაჭედილი იყო, რომ 300 პატიმარს იატაკზე გვერდიგვერდ ეძინა. იეჰოვას მოწმეებმა მოვახერხეთ, რომ ყოველდღიურად პატარ-პატარა ჯგუფებად შევკრებილიყავით და ერთი ბიბლიური მუხლი მაინც განგვეხილა. ამგვარი საუბრები მხნეობას გვმატებდა.

      მოგვიანებით ციხის ზედამხედველმა იეჰოვას მოწმეები სხვა პატიმრებისგან განგვაცალკევა. ციხის გუშაგმა კი საიდუმლოდ გვითხრა: «თქვენ მთავრობას არ სძულხართ. ციხეში ორი მიზეზის გამო სხედხართ: პირველი იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ სურს, „ახალგაზრდა პიონერებს“ ემსხვერპლოთ და მეორე — თქვენ ქადაგებთ მოსალოდნელი ომის შესახებ და მთავრობა შიშობს, რომ თუ ამ ამბავს ჯარისკაცები გაიგებენ, თავს აარიდებენ ომს».

      იეჰოვას მოწმეები განაჩენის გამოტანის შემდეგ სასამართლოდან გამოჰყავთ

      ძმები განაჩენის გამოტანის შემდეგ სასამართლოდან გამოჰყავთ

      1984 წლის ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარვდექით. ყველას 2-2 წელი მოგვისაჯეს. ამჯერადაც სხვა აღმსარებლობის ადამიანების გვერდით ჩაგვსვეს ციხეში. თუმცა ციხის ზედამხედველმა ყველას გასაგონად თქვა: „იეჰოვას მოწმეები სიგარეტს არ ეწევიან. ამიტომ გუშაგებო, ნუ მოსთხოვთ სიგარეტს და ნურც ნაკვერჩხალს მოატანინებთ, რომ სიგარეტს მოუკიდოთ. ისინი ღვთის ხალხი არიან. თითოეულ მათგანს დღეში ორჯერ მიეცით საკვები, ვინაიდან ისინი სასჯელს თავიანთი რწმენის გამო იხდიან და არა — ჩადენილი დანაშაულისთვის“.

      იეჰოვას მოწმეებს კარგი რეპუტაცია კიდევ ბევრ რამეში წაგვადგა. როცა წვიმდა ან ბნელოდა, პატიმრებს შენობიდან გასვლა ეკრძალებოდათ, ჩვენ კი ეს აკრძალვა არ გვეხებოდა — შეგვეძლო შენობა მაშინ დაგვეტოვებინა, როცა მოვისურვებდით. ციხის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ არსად გავიქცეოდით. ერთხელ, გუშაგი, რომელსაც მინდვრად სამუშაოდ ვყავდით გაყვანილი, ცუდად გახდა. ჩვენ ის ციხეში მივიყვანეთ, რათა მისთვის პირველი დახმარება აღმოეჩინათ. ციხის მუშაკებმა იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები სანდო ადამიანები ვიყავით. მართლაც, დიდი ბედნიერება იყო, როცა ჩვენი კარგი ყოფაქცევის წყალობით ციხის მცველები იეჰოვას სახელს საკუთარი ბაგეებით განადიდებდნენ (1 პეტ. 2:12).b

  • კურთხეული ვიყავი „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება