-
„ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
როგორ შეგიძლია განამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?
20. რა ემართება ზოგ ქორწინებას? მოიყვანე შედარება.
20 გარდა იმისა, რომ ერიდები ქორწინების შემბღალავ საქციელს, კიდევ რის გაკეთება შეგიძლია, რომ კვლავ პატივისცემით მოეპყრო მეუღლეს? შევადაროთ ქორწინება სახლს, ხოლო სასიამოვნო სიტყვები, კეთილი საქმეები და მეუღლისადმი პატივისცემის გამომხატველი სხვა მოქმედებები — დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც სახლს ალამაზებს. თუ მეუღლესთან თბილი ურთიერთობა გაქვს, თქვენი ქორწინება ჰგავს დეკორატიული ნივთებით გალამაზებულ მყუდრო სახლს. მაგრამ, თუ თქვენ შორის სიყვარული ნელდება, ლამაზი ნივთებიც თანდათან ქრება, და ქორწინება ემსგავსება ცივ, გამოცარიელებულ სახლს. რამდენადაც გსურს, ღვთის მითითების თანახმად მოიქცე და შენი ქორწინება „იყოს ღირსეული“, შეეცდები მდგომარეობის გამოსწორებას. ეს მართლაც ღირს ძალისხმევად! მაგრამ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი. ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით“ (იგავები 24:3, 4). ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ მუხლების გათვალისწინება.
21. როგორ შეგვიძლია მეუღლესთან ურთიერთობის განმტკიცება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „როგორ განვამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?“.)
21 ნამდვილი სიყვარული, ღვთისმოშიშება და მტკიცე რწმენა, ასე ვთქვათ, ის ძვირფასი ნივთებია, რომლებიც ბედნიერ ოჯახს ალამაზებს (იგავები 15:16, 17; 1 პეტრე 1:7). ზემოთ ჩამოთვლილი მართლაც განამტკიცებს მეუღლეებს შორის ურთიერთობას. მიაქციე ყურადღება, როგორ აივსო ზემოხსენებულ იგავში ოთახები ძვირფასი ნივთებით? „ცოდნის“ მეშვეობით. ბიბლიურ ცოდნას შეუძლია შეუცვალოს ადამიანებს აზროვნება და კვლავ გაუღვიძოს მათ ერთმანეთისადმი სიყვარული (რომაელები 12:2; ფილიპელები 1:9). ასე რომ, როცა მეუღლესთან ერთად საუბრობ და განიხილავ ბიბლიურ მუხლს, მაგალითად, ყოველდღიურ მუხლს, აგრეთვე ერთად კითხულობთ სტატიას ქორწინების შესახებ „საგუშაგო კოშკში“ ან „გამოიღვიძეთ!“-ში, თქვენ ფაქტობრივად ათვალიერებთ დეკორატიულ ნივთებს, რომლებსაც თქვენი სახლის გალამაზება შეუძლია. როცა იეჰოვას სიყვარული აღგძრავთ, გაითვალისწინოთ განხილული რჩევები, თქვენ ეს ლამაზი ნივთები „შიდა ოთახებში“ შეგაქვთ. შედეგად, იმ თბილმა ატმოსფერომ და სიმყუდროვემ, რომლითაც ადრე ტკბებოდით, შეიძლება კვლავ დაისადგუროს თქვენს ოჯახში.
22. რა გრძნობა დაგვეუფლება, თუ ყველაფერს გავაკეთებთ მეუღლესთან ურთიერთობის განსამტკიცებლად?
22 ცხადია, დრო და ძალისხმევაა საჭირო, რომ ყველა „დეკორატიული ნივთი“ თავის ადგილას დააბრუნო. მაგრამ თუ შენი მხრიდან ყველაფერს გააკეთებ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლება, რადგან ემორჩილები ბიბლიის მითითებას: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10; ფსალმუნი 147:11). და რაც მთავარია, თუ მთელი გულით შეეცდები, რომ შენი ქორწინება ღირსეული იყოს, ეს დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში.
-