საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • მარიამი გაფართოებული თვალებით მაღლა იყურება

      თავი 17

      „იეჰოვას მხევალი ვარ!“

      1, 2. ა) ვინ ესტუმრა მარიამს და როგორ მიმართა? ბ) რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მარიამს და როგორ შეიცვლებოდა მთელი მისი ცხოვრება?

      მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქერის სახლში შესულ სტუმარს. ის მის მშობლებთან კი არა, პირადად მასთანაა მისული. მარიამს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს კაცი ნაზარეთელი არ არის. მის პატარა ქალაქში მაშინვე ცნობენ უცხოს, თუმცა ეს სტუმარი ნებისმიერ ქალაქში იქნებოდა თვალში მოსახვედრი. მან მარიამს უცნაურად მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (წაიკითხეთ ლუკას 1:26—28).

      2 ასე გვაცნობს ბიბლია მარიამს, ელის ქალიშვილს, გალილეის ნაზარეთიდან. ამ დროს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა; დანიშნული იყო დურგალ იოსებზე — ღარიბ, მაგრამ ღვთის ერთგულ კაცზე. ამგვარად, მარიამის მომავალი თითქოს უკვე განსაზღვრული იყო — ის იოსების შემწე იქნებოდა და ერთად აღზრდიდნენ შვილებს. მაგრამ მოულოდნელად მასთან ღვთის ცნობის გადასაცემად სტუმარი მივიდა; ეს ცნობა მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.

      3, 4. რაზე უნდა დავფიქრდეთ და რაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება, როდესაც მარიამის ცხოვრებას ვეცნობით?

      3 შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიბლია ბევრს არაფერს გვეუბნება მარიამის შესახებ. მასში ცოტა რამ არის ნათქვამი მის წარმოშობაზე, კიდევ უფრო ცოტა მის ხასიათზე და არაფერი — მის გარეგნობაზე. მაგრამ საყურადღებოა ის, რასაც ბიბლია გვეუბნება მის შესახებ.

      4 მარიამს რომ გავეცნოთ, საჭიროა არ შემოვიფარგლოთ იმ შეხედულებებით, რასაც მის შესახებ სხვადასხვა რელიგია ასწავლის. მოდი, ნურც მარიამის უამრავ სურათსა თუ გამოსახულებაზე ვისაუბრებთ და ნურც რთულ თეოლოგიურ სწავლებებსა და დოგმებზე, სადაც ეს თავმდაბალი ქალი „ღვთისმშობლად“ და „ზეცის დედოფლად“ არის მოხსენიებული. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება იმას მივაპყროთ, სინამდვილეში რას ამბობს ბიბლია მის შესახებ. ბიბლია გვიჩვენებს, როგორი რწმენა ჰქონდა მარიამს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.

      ანგელოზის სტუმრობა

      5. ა) რა რეაქცია ჰქონდა მარიამს, როცა ანგელოზი მეტად უჩვეულოდ მიესალმა? ბ) რატომ გვაძლევს ამ მხრივ მარიამი კარგ მაგალითს?

      5 ალბათ, იცით, რომ მარიამს ადამიანი არ სტუმრებია, მასთან ანგელოზი გაბრიელი მივიდა. როდესაც მან „მადლით მოსილი“ უწოდა, მარიამი „ამ სიტყვებმა შეაშფოთა“ და უჩვეულო მისალმებამ დააფიქრა (ლუკ. 1:29). ვისგან იყო მარიამი „მადლით მოსილი“? არა კაცთაგან. ანგელოზი იეჰოვა ღმერთისგან მინიჭებულ მადლზე საუბრობდა; ამას კი მარიამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა. თუ ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობთ, ამპარტავნულად არასდროს დავასკვნით, რომ უკვე მადლმოსილნი ვართ, არამედ ვისწავლით იმას, რაც მარიამს ბოლომდე ჰქონდა გათავისებული — ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მხარს უჭერს (იაკ. 4:6).

      მარიამს ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა

      6. ანგელოზის ცნობის თანახმად, რა პატივი ხვდა წილად მარიამს?

      6 მარიამი მართლაც თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, რადგან ანგელოზმა აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად და უთხრა, რომ შობდა ბავშვს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. გაბრიელმა ამცნო: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). მარიამმა იცოდა, რას შეჰპირდა ღმერთი დავითს ათასზე მეტი წლის წინათ — დავითის ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:12, 13). ასე რომ, მისი ძე იქნებოდა მესია, რომელსაც ღვთის ხალხი საუკუნეები ელოდა.

      ანგელოზი გაბრიელი ელაპარაკება მარიამს

      ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად

      7. ა) რა კითხვა დასვა მარიამმა და რა გამოჩნდა მისი სიტყვებიდან? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მარიამისგან?

      7 უფრო მეტიც, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მის ვაჟს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა. ადამიანს როგორ უნდა ეშვა ღვთის ძე? ან, საერთოდ, მარიამს როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი? მართალია, ის დანიშნული იყო, მაგრამ იოსები მისი ქმარი ჯერ კიდევ არ იყო. მარიამმა გულახდილად ჰკითხა ანგელოზს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკ. 1:34). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ მარიამს არც ერთი წუთით არ რცხვენოდა, რომ ქალწული იყო. პირიქით, მას ეამაყებოდა თავისი უბიწობა. დღეს მრავალ ახალგაზრდას სურს, რაც შეიძლება მალე დაკარგოს უბიწობა, და დასცინის კიდეც უმწიკვლოებს. ქვეყნიერება მართლაც შეიცვალა, მაგრამ იეჰოვა არ იცვლება (მალ. 3:6). როგორც მარიამის დროს, ისე დღესაც იგი აფასებს მათ, ვინც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4).

      8. როგორ გაუჩნდებოდა არასრულყოფილ მარიამს სრულყოფილი ძე?

      8 ღვთის ერთგულების მიუხედავად, მარიამი არასრულყოფილი იყო. მაშ, როგორ შეეძლო სრულყოფილი შვილის, ღვთის ძის, გაჩენა? გაბრიელმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკ. 1:35). „წმინდა“ ნიშნავს „სუფთას“. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიანთ შთამომავლებს უწმინდურებას, ცოდვას გადასცემენ; მაგრამ ამ შემთხვევაში იეჰოვა სასწაულს მოახდენდა. ის თავისი ძის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა და მარიამს „დაჩრდილავდა“ ღვთის მოქმედი ძალა, ანუ წმინდა სული, რის წყალობითაც ბავშვს დედისგან ცოდვა არ გადაეცემოდა. დაიჯერა მარიამმა ანგელოზის დანაპირები? როგორი იყო მისი რეაქცია?

      მარიამის მზადყოფნა

      9. ა) რაში ცდებიან სკეპტიკოსები? ბ) როგორ განუმტკიცა რწმენა გაბრიელმა მარიამს?

      9 სკეპტიკოსებს, მათ შორის ზოგ თეოლოგს, არ სწამთ, რომ შეიძლებოდა ქალწულს შვილი შესძენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვთ, უჭირთ უბრალო ჭეშმარიტების გაგება. გაბრიელის სიტყვების თანახმად, „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკ. 1:37). მარიამს გაბრიელის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ამ ახალგაზრდა ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და მისი რწმენა არ ყოფილა უსაფუძვლო. ნებისმიერი გონიერი ადამიანის მსგავსად, მარიამსაც სჭირდებოდა ფაქტები, რაზეც თავის რწმენას ააგებდა. ამიტომ, გაბრიელმა მარიამს მისთვის ნაცნობი ფაქტი მოუყვანა. ის ხანში შესულ ელისაბედზე ელაპარაკა, რომელზეც ყველამ იცოდა, რომ უშვილო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით დაორსულდა.

      10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარიამისთვის მიცემული დავალება ნამდვილად არ იყო ადვილი შესასრულებელი?

      10 როგორ მოიქცა მარიამი? მარიამს ღმერთმა მისცა დავალება და მან იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა გაბრიელის პირით ნათქვამს. ეს დავალება მარიამს შეაშინებდა კიდეც და არაერთ თავსატეხსაც გაუჩენდა. ის ხომ უკვე დანიშნული იყო იოსებზე. დაქორწინდებოდა იოსები მარიამზე, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო? გარდა ამისა, ამ ახალგაზრდა ქალს თვით დავალებაც საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ძვირფასი, ღვთის საყვარელი ძე უნდა ეტარებინა მუცლით. მასვე უნდა ეზრუნა უმწეო ჩვილზე და ბოროტი ქვეყნიერებისგან დაეცვა ის. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობა იყო!

      11, 12. ა) რატომ უჭირდათ ღვთის ერთგული და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი ღვთისგან მიღებული რთული დავალებების შესრულება? ბ) რა პასუხი გასცა მარიამმა გაბრიელს და რაზე მეტყველებს ეს?

      11 ბიბლია ცხადყოფს, რომ ერთგულ და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი უჭირდათ ღვთისგან დაკისრებული რთული დავალების შესრულება. მოსემ აღნიშნა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო და ფარაონს ღვთის სიტყვას ვერ გადასცემდა (გამ. 4:10). იერემიამ თქვა, რომ ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (იერ. 1:6). იონა დავალების შესრულებას გაექცა (იონ. 1:3). როგორ მოიქცა მარიამი?

      12 მისი სიტყვები თავმდაბლობასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მან გაბრიელს უთხრა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:38). მხევალი მსახურთა შორის ყველაზე მდაბიო იყო; მისი სიცოცხლე მთლიანად ბატონის ხელში იყო. ასეთ მსახურად გრძნობდა მარიამი თავს თავისი ბატონის, იეჰოვას, წინაშე. მან იცოდა, რომ იეჰოვასთან უსაფრთხოდ იყო, და რომ იეჰოვა თავის ერთგულთა ერთგულია; ისიც იცოდა, რომ ის აკურთხებდა მას, თუ დაკისრებული რთული დავალების შესრულებას მთელი გულით შეეცდებოდა (ფსალმ. 18:25).

      მარიამმა იცოდა, რომ თავის ერთგულ ღმერთთან, იეჰოვასთან უსაფრთხოდ იქნებოდა

      13. რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს, თუ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება გვიძნელდება?

      13 ზოგჯერ ღმერთი ისეთი რამეს გვავალებს, რისი შესრულებაც ძალიან გვიჭირს და შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. მაგრამ მისი სიტყვა იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ მარიამივით მივენდოთ მას (იგავ. 3:5, 6). თუ მივენდობით, ის გვაკურთხებს და უფრო მეტად განგვიმტკიცებს რწმენას.

      ელისაბედთან სტუმრობა

      14, 15. ა) როგორ გაამხნევა იეჰოვამ ელისაბედთან და ზაქარიასთან სტუმრად მისული მარიამი? ბ) რას ვიგებთ მარიამის სიტყვებიდან, რომლებიც ლუკას 1:46—55-შია ჩაწერილი?

      14 მარიამისთვის ბევრს ნიშნავდა ის, რაც გაბრიელმა ელისაბედზე უთხრა. ელისაბედს ყველაზე უკეთ შეეძლო მისი გაგება. მარიამი სასწრაფოდ გაუდგა მთიანი მხარისკენ, იუდეის ქალაქისკენ, მიმავალ გზას, სადამდე ჩასვლასაც 3—4 დღეს მოანდომებდა. როცა მარიამი მღვდელ ზაქარიასა და ელისაბედის სახლში შევიდა, იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი დანაპირების უტყუარობა, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა რწმენა. მარიამის მისალმებისთანავე ელისაბედმა იგრძნო, რომ მუცელში ყრმა შეუთამაშდა. ის წმინდა სულით აღივსო და მარიამს თავისი „უფლის დედა“ უწოდა. ღმერთმა ელისაბედს გაუმხილა, რომ მარიამის ვაჟი მისი უფალი და მესია გახდებოდა. შემდეგ ღვთის შთაგონებით მან შეაქო მარიამი ერთგულებისა და მორჩილებისთვის: „ბედნიერია ქალი, რომელმაც ირწმუნა“ (ლუკ. 1:39—45). იეჰოვა ყველაფერს შეასრულებდა, რასაც მარიამს დაჰპირდა!

      მარიამი სტუმრობს ელისაბედს

      რატომ შეიძლება ითქვას, რომ მარიამისა და ელისაბედის მეგობრობა ორივესთვის კურთხევა აღმოჩნდა?

      15 ის, თუ რა მიუგო მარიამმა ელისაბედს, ამის შესახებ სიტყვასიტყვით ჩაიწერა ბიბლიაში (წაიკითხეთ ლუკას 1:46—55). ბიბლიის არც ერთ სხვა მონაკვეთში ასე ვრცლად არსადაა ჩაწერილი მარიამის სიტყვები. ეს მონაკვეთი მარიამის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება. აქედან ჩანს, რომ ის მადლიერი იყო იეჰოვასი და განადიდებდა მას, რადგან იეჰოვამ აკურთხა და მისცა იმის შესაძლებლობა, მესიის დედა გამხდარიყო. გარდა ამისა, ისიც ჩანს, რამდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა მას, რადგან მისი სიტყვისამებრ, იეჰოვა ამდაბლებდა ამპარტავნებსა და ძლიერებს, და ეხმარებოდა მისთვის მსახურების მსურველ თავმდაბალ და ღარიბ ადამიანებს. ეს სიტყვები მის დიდ ცოდნაზეც მეტყველებს; ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მან 20-ზე მეტი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან.a

      16, 17. ა) რა თვისებას ავლენდნენ მარიამი და მისი ძე, და რატომ უნდა მივბაძოთ მათ? ბ) რას შეგვახსენებს მარიამისა და ელისაბედის მეგობრობა?

      16 ცხადია, მარიამი ფიქრობდა ღვთის სიტყვაზე. ის თავმდაბლობას ავლენდა და ერჩია საღვთო წერილს ელაპარაკა მასზე, ვიდრე თავად ესაუბრა საკუთარ თავზე. ერთ მშვენიერ დღეს მსგავს თვისებას გამოავლენდა ბავშვიც, რომლის ჩანასახიც მის მუცელში ვითარდებოდა. იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოან. 7:16). კარგია, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვებს: ვავლენ ღვთის სიტყვისადმი მსგავს მოწიწებასა და პატივისცემას? თუ უპირატესობას საკუთარ შეხედულებებს ვანიჭებ? ამ კითხვებზე მარიამის პასუხი დღესავით ნათელია.

      17 მარიამი ელისაბედთან დაახლოებით სამ თვეს დარჩა; ცხადია, ამ ხნის მანძილზე ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ (ლუკ. 1:56). ეს ქალები გვანახვებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა. თუ მეგობრებად მათ ვირჩევთ, ვისაც ჩვენი ღმერთი იეჰოვა უყვარს, აუცილებლად გავიზრდებით სულიერად და ღმერთს უფრო დავუახლოვდებით (იგავ. 13:20). ბოლოს, მარიამის შინ დაბრუნების დროც დადგა. რას იტყოდა იოსები, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო?

      მარიამი და იოსები

      18. რა გაუმხილა მარიამმა იოსებს, და როგორ იმოქმედა ამ ამბავმა მასზე?

      18 მარიამი არ დალოდებია იმ დროს, როდესაც მისი ორსულობა ისედაც ცხადი გახდებოდა. ეჭვგარეშეა, მას უნდა ელაპარაკა იოსებთან; დალაპარაკებამდე კი, ალბათ, განიცდიდა, როგორი იქნებოდა პატიოსანი, ღვთისმოშიში იოსების რეაქცია. მიუხედავად ამისა, ის მივიდა მასთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. იოსები ძალიან შეწუხდა. მას უნდოდა, დაეჯერებინა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ვერ უჯერებდა, რადგან მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა აზრებმა გაუელვა თავში იოსებს. მაგრამ მასში ნათქვამია, რომ იოსებმა მარიამთან გაყრა გადაწყვიტა, რადგან იმ დროს დანიშნულებს ისე უყურებდნენ, როგორც დაქორწინებულებს. მაგრამ მას მარიამის არც საქვეყნოდ შერცხვენა უნდოდა და არც დასჯა; ამიტომ არჩია, ფარულად გაყროდა (მათ. 1:18, 19). მარიამს, ალბათ, გული ატკინა იოსების ასეთმა დამოკიდებულებამ, მაგრამ გულში ბოღმა არ ჩაუდია.

      19. როგორ დაეხმარა იეჰოვა იოსებს, რომ სწორად მოქცეულიყო?

      19 იეჰოვამ იოსებს სწორი გზა უჩვენა და არ გააკეთებინა ის, რაც მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. სიზმარში ღვთის ანგელოზმა უთხრა, რომ მარიამი წმინდა სულის ძალით იყო ფეხმძიმედ. ეს იოსებს, ალბათ, შვებას მოჰგვრიდა! ამის შემდეგ იოსები ისე მოიქცა, როგორც თავდაპირველად მარიამი — ის მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას; ცოლად შეირთო მარიამი და განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად დაიწყო მზადება, რათა იეჰოვას ძეზე ეზრუნა (მათ. 1:20—24).

      20, 21. რის სწავლა შეუძლიათ იოსებისა და მარიამისგან დაქორწინებულებსა და მათ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს?

      20 კარგია, დაქორწინებულმა წყვილმა, და მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, მიჰბაძონ დაახლოებით 2 000 წლის წინათ მცხოვრებ ამ ახალგაზრდა წყვილს. როდესაც დაინახავდა, თუ როგორ ასრულებდა თავის მოვალეობას ახალგაზრდა ცოლი და როგორი მზრუნველი დედა იყო, ცხადია, იოსები მადლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ იეჰოვას ანგელოზმა უხელმძღვანელა; ის მიხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მიღებისას იეჰოვაზე მინდობა (ფსალმ. 37:5; იგავ. 18:13). ეჭვგარეშეა, ამის შემდეგ, როგორც ოჯახისთავი, გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის გაითვალისწინებდა სხვებს.

      21 რის სწავლა შეგვიძლია მარიამისგან, რომელიც მზად იყო, ცოლად გაჰყოლოდა იოსებს? მართალია, იოსებმა თავიდან ვერ გაუგო მარიამს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მოთმინებით ელოდა მის გადაწყვეტილებას და ენდობოდა მას, როგორც მომავალი ოჯახისთავს. მას კარგად ესმოდა, რომ მოთმინება უნდა გამოევლინა, რაც კარგი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანი ქალებისთვის. დაბოლოს, ამ შემთხვევამ იოსებსა და მარიამს, ალბათ, ასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან გულწრფელად და გულახდილად საუბარი (წაიკითხეთ იგავების 15:22).

      22. რა ედო საფუძვლად მარიამისა და იოსების ქორწინებას, და რა ელოდათ მათ მომავალში?

      22 მარიამმა და იოსებმა ოჯახი მყარ საძირკველზე ააშენეს. მათ, ორივეს, იეჰოვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდათ, მთელი გულით ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მზრუნველი მშობლები და ამგვარად ესიამოვნებინათ ღვთისთვის. ცხადია, მათ დიდი კურთხევები, მაგრამ ამასთანავე დიდი სირთულეებიც, ელოდათ — უნდა აღეზარდათ იესო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდებული ადამიანი გახდებოდა!

      a როგორც ჩანს, მარიამი ციტირებდა ღვთის სხვა ერთგული ქალის ხანას სიტყვებს, რომელსაც იეჰოვას კურთხევით შვილი შეეძინა (იხილეთ ჩარჩო „ორი შესანიშნავი ლოცვა“ მე-6 თავში).

  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • მარიამი

      თავი 18

      „გულში დასკვნებს აკეთებდა“

      1, 2. აღწერეთ, როგორ მიუყვებიან ბეთლემისკენ მიმავალ გზას მარიამი და იოსები და რატომ გაუჭირდებოდა მარიამს მგზავრობა?

      მძიმეტვირთაკიდებულ სახედარზე მარიამი მოუხერხებლად ზის; სახედარს წინ იოსები მიუძღვის; გრძელ და დამქანცველ გზაზე შეუსვენებლივ მიმავალთ გეზი ბეთლემისკენ აქვთ აღებული. მარიამი გრძნობს, როგორ მოძრაობს ბავშვი მის მუცელში.

      2 ბიბლია ამბობს, რომ მარიამი ორსულად იყო და ბავშვის დაბადებას დღე-დღეზე ელოდა (ლუკ. 2:5). სახედარზე მჯდომი ორსული ქალის შემხედვარე მინდვრებში სახნავად თუ სათესად გასული ხალხი, ალბათ, გაკვირვებული იტყოდა, ნეტავ, ისეთი რა გაუჭირდა ამ მდგომარეობაში ამხელა გზას რომ დაადგაო. მართლაც, რამ წაიყვანა მარიამი თავისი სახლიდან, ნაზარეთიდან, ასე შორს?

      3. რა დავალება მიიღო მარიამმა და რის გაკეთება მოუწია?

      3 ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თვეების წინ ამ ახალგაზრდა იუდეველმა ქალმა ისეთი დავალება მიიღო, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში არავის მიუღია. მას უნდა ეშვა ბავშვი, რომელიც მესია, ღვთის ძე იქნებოდა (ლუკ. 1:35). მშობიარობის დრო რომ ახლოვდებოდა, მოულოდნელად ვითარება შეიცვალა და საჭირო გახდა მარიამის ბეთლემში გამგზავრება. გზაში მისი რწმენა არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ იგი სულით არ დაცემულა. რა დაეხმარა მას?

      ნაზარეთიდან ბეთლემამდე

      4, 5. ა) რატომ გაემგზავრნენ იოსები და მარიამი ბეთლემში? ბ) რა ბრძანება გამოსცა კეისარმა და რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ამით?

      4 გამგზავრება მხოლოდ იოსებსა და მარიამს არ მოუწიათ. კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა აღსაწერად. როგორ მოიქცა იოსები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო“ (ლუკ. 2:1—4).

      5 შემთხვევითი არ იყო, რომ კეისარმა მაინცდამაინც ამ დროს გამოსცა ეს ბრძანება. შვიდი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. პატარა ქალაქი ბეთლემი ნაზარეთიდან 11 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია „ეფრათას ბეთლემში“ უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ მიქას 5:2). ამ პატარა ქალაქში რომ ჩასულიყო, მგზავრს ნაზარეთიდან, სამარიის გავლით, დაახლოებით 130 კილომეტრი უნდა გაევლო მთიან მხარეში. იოსები და მარიამი სწორედ ბეთლემში მიდიოდნენ, რადგან, როგორც მეფე დავითის შთამომავლები, წარმოშობით აქედან იყვნენ.

      6, 7. ა) რატომ იქნებოდა მგზავრობა მარიამისთვის დამქანცველი? ბ) როგორ იღებდა მარიამი გადაწყვეტილებებს მაშინ, როცა იოსების ცოლი გახდა? (იხილეთ სქოლიო)

      6 ადვილი იქნებოდა მარიამისთვის იოსებთან ერთად ბეთლემში გამგზავრება? ბოლოს და ბოლოს, მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ხომ არ იყო. შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა. გარდა ამისა, ბეთლემი ზღვის დონიდან 760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე დღე აღმართზე უნდა ევლოთ, რაც თავისთავად დამქანცველი იქნებოდა. ალბათ, ეს მგზავრობა უფრო დიდ დროს წაიღებდა, რადგან მარიამს ხშირად მოუწევდა დასვენება. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი მოინდომებდა მშობიარობამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დარჩენას, რომლებიც მშობიარობის ტკივილების დროს გვერდიდან არ მოსცილდებოდნენ. უეჭველია, მას დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა, ასეთ გზას რომ დასდგომოდა.

      მარიამი და იოსები ბეთლემში მიემგზავრებიან

      ბეთლემამდე მგზავრობა დამქანცველი იქნებოდა

      7 ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკ. 2:4, 5). რადგან ცოლი იყო, მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო, მხარს უჭერდა მის გადაწყვეტილებებს და ღირსეულად ასრულებდა თავის, როგორც ქმრის დამხმარის, როლს.a შეიძლება ითქვას, რომ მარიამმა მორჩილება და მტკიცე რწმენა გამოავლინა.

      8. ა) კიდევ რამ აღძრა მარიამი, რომ იოსებს ბეთლემში გაჰყოლოდა? ბ) რა მხრივ არის მარიამი მისაბაძი მაგალითი ღვთის ერთგული მსახურებისთვის?

      8 კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათ. 2:1—7; იოან. 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკ. 1:46—55). რაც უნდა ყოფილიყო მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი — ქმრისადმი მორჩილება, კეისრის ბრძანება, წინასწარმეტყველების ცოდნა თუ სამივე ერთად — მარიამმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა ძალიან აფასებს როგორც კაცის, ისე ქალის თავმდაბლობასა და მორჩილებას. დღეს, როცა ამ თვისებებს ბევრის თვალში ფასი აქვს დაკარგული, მარიამი მართლაც მისაბაძია ღვთის ყველა ერთგული მსახურისთვის.

      ქრისტეს დაბადება

      9, 10. ა) რაზე შეიძლება ფიქრობდნენ მარიამი და იოსები, როდესაც ბეთლემს უახლოვდებოდნენ? ბ) რატომ მოუწიათ ბოსელში გაჩერება მარიამსა და იოსებს?

      9 მარიამი შვებით ამოისუნთქავდა, როგორც კი ბეთლემს თვალს მოჰკრავდა. როცა ბეთლემისკენ მიმავალ მთაგორიან გზაზე უკან მოიტოვებდნენ ზეთისხილის კორომებს, რომლის ნაყოფსაც ყველაზე გვიან კრეფდნენ, მარიამსა და იოსებს, ალბათ, გაახსენდებოდათ ზოგი რამ, რაც ამ პატარა მხარეზე ჰქონდათ გაგონილი. ეფრათას ბეთლემი იმდენად უმნიშვნელო ქალაქი იყო, რომ იუდას ქალაქებს შორს არც კი მოიხსენიებოდა, და ეს წინასწარმეტყველმა მიქამაც აღნიშნა; თუმცა ათასზე მეტი წლის წინათ აქ დაიბადნენ ბოაზი, ნაომი და დავითი.

      10 როცა მარიამი და იოსები ბეთლემში ჩავიდნენ, ქალაქი ხალხით იყო სავსე. მათ ოთახი ვერსად იქირავეს, რადგან რეგისტრაციისთვის სხვები იქ მათზე ადრე ჩასულიყვნენ.b სხვა გზა არ ჰქონდათ, ღამე ბოსელში უნდა გაეთიათ. რთული წარმოსადგენი არაა, როგორ შეწუხდებოდა იოსები, როცა დაინახავდა, როგორ ტანჯავდა მის ცოლს მშობიარობის აუტანელი ტკივილები, რომლებიც სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა. მარიამს ბავშვის გაჩენა ასეთ ცუდ და მოუხერხებელ ადგილას მოუწია.

      11. ა) რატომ თანაუგრძნობს ნებისმიერი ქალი მარიამს? ბ) რა გაგებით იყო იესო „პირმშო“?

      11 ალბათ, ნებისმიერი ქალი თანაუგრძნობდა მარიამს. დაახლოებით 4 000 წლის წინათ იეჰოვამ თქვა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ვერც ერთი ქალი ვერ გააჩენდა შვილს ტკივილების გარეშე (დაბ. 3:16). ბიბლიაში არსად წერია, რომ მარიამი გამონაკლისი იყო. ლუკამ მოკრძალებულად აარიდა თავი მარიამის ტკივილებზე საუბარს. მან უბრალოდ თქვა: „შეეძინა ვაჟი, პირმშო“ (ლუკ. 2:7). ის მართლაც „პირმშო“ იყო — მარიამის პირველი შვილი; მას შემდეგ მარიამს, სულ მცირე, ექვსი შვილი შეეძინა (მარ. 6:3). ეს პირველი ყველასგან გამოირჩეოდა არა იმით, რომ პირველი შვილი იყო, არამედ იმით, რომ იეჰოვას „პირმშო [იყო] ყველა ქმნილებას შორის“, ღვთის მხოლოდშობილი ძე! (კოლ. 1:15)

      12. სად ჩააწვინა მარიამმა ჩვილი, და რამდენად შორსაა სინამდვილისგან საშობაო სცენებში, წარმოდგენებსა თუ ნახატებში ასახული ბიბლიის ეს ეპიზოდი?

      12 ლუკა შემდეგ ცნობილ დეტალს მოიხსენიებს: „[მარიამმა ბავშვი] სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა“ (ლუკ. 2:7). მთელ მსოფლიოში საშობაო სცენებში, წარმოდგენებსა თუ ნახატებში ეს დეტალი იმდენად ლამაზადაა წარმოდგენილი, რომ სინამდვილისგან ძალიან შორსაა. როგორი იყო სინამდვილე? ბაგა არის გრძელი, ვიწრო წნული ან ფიცრული, სადაც ცხოველებს საჭმელს უყრიან. ამგვარად, იოსების ოჯახი დაბინავდა ბოსელში, სადაც არც სუფთა ჰაერი იყო და არც სისუფთავე. არჩევანი თუ ექნებოდა, რომელი მშობელი ისურვებდა, მისი შვილი ასეთ ბინძურ ადგილას დაბადებულიყო? მშობელს შვილისთვის ხომ საუკეთესო სურს. მაშ, რამდენად უკეთესი გარემოს შექმნა ენდომებოდათ მარიამსა და იოსებს ღვთის ძისთვის!

      13. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იოსებმა და მარიამმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ძის კეთილდღეობისთვის? ბ) როგორ შეუძლიათ გონიერ მშობლებს მიჰბაძონ იოსებსა და მარიამს?

      13 მშობლები არ გაღიზიანებულან იმის გამო, რომ ახალდაბადებულ იესოს ვერ შეუქმნეს უკეთესი პირობები. მათ ყველაფერი გააკეთეს, თუკი რამ შეეძლოთ. მარიამი თავად ზრუნავდა ჩვილზე, სახვევებში ახვევდა, ფრთხილად აწვენდა ბაგაში და აძინებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ბავშვს არ სციოდა და საფრთხე არ ემუქრებოდა. მარიამი ზედმეტად არ წუხდა იმ არასასურველ პირობებზე, რომელშიც მოუწია მშობიარობა; იგი ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რომ საუკეთესოდ ეზრუნა თავის ვაჟზე. იოსებმა და მარიამმა იცოდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სულიერი აღზრდა იყო (წაიკითხეთ კანონის 6:6—8). დღესაც გონიერი მშობლები ყველაზე დიდ მნიშვნელობას იმას ანიჭებენ, რომ შვილებს სულიერი ფასეულობები ჩაუნერგონ, რაც უცხოა ქვეყნიერებისთვის.

      იესოს მწყემსები ინახულებენ

      14, 15. ა) რატომ ჰქონდათ მწყემსებს ერთი სული, ენახათ ჩვილი? ბ) როგორ მოიქცნენ მწყემსები ჩვილის ნახვის შემდეგ?

      14 მალე იოსები და მარიამი მოინახულეს მწყემსებმა, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, ენახათ ახალდაბადებული იესო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდათ. მათ სულმოუთქმელად ჩაირბინეს მთის ფერდობები, სადაც თავიანთ ფარებს მწყემსავდნენ.c მწყემსებმა მათი დანახვით განცვიფრებულ იოსებსა და მარიამს უამბეს, თუ რა საოცრება იხილეს: შუაღამისას ანგელოზი გამოეცხადათ, ირგვლივ იეჰოვას დიდება გაბრწყინდა. ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ ახლა ბეთლემში ქრისტე, მესია, დაიბადა; ჩვილს სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს იპოვიდნენ. შემდეგ კი უფრო დიდი საოცრება მოხდა — ზეცაში ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა! (ლუკ. 2:8—14).

      15 გასაკვირი არ არის, რომ ამ თავმდაბალმა კაცებმა არ დააყოვნეს ბეთლემში ჩასვლა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ანგელოზის სიტყვისამებრ, ჩვილი ბაგაში მწოლიარე ნახეს. მათ ვერ დამალეს ეს ამბავი და „ბავშვის . . . შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს. ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა“ (ლუკ. 2:17, 18). შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ მწყემსებს. იეჰოვა კი აფასებდა ამ თავმდაბალ და ღვთის ერთგულ მამაკაცებს. როგორ იმოქმედა მარიამზე მწყემსების სტუმრობამ?

      იეჰოვა ნამდვილად აფასებდა ამ თავმდაბალ მწყემსებს

      16. საიდან ჩანს, რომ მარიამი ბევრს ფიქრობდა და როგორ განუმტკიცა ამან რწმენა?

      16 უდავოა, ახალნამშობიარები მარიამი თავს ძალიან სუსტად იგრძნობდა, მაგრამ მწყემსების ყოველ სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენდა. უფრო მეტიც, „მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა“ (ლუკ. 2:19). ეს ახალგაზრდა ქალი ყველაფერს უფიქრდებოდა და ღრმად აანალიზებდა. მან იცოდა, რომ ანგელოზის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის ღმერთს, იეჰოვას სურდა, რომ მარიამს სცოდნოდა, ვინ იქნებოდა მისი ვაჟი და რა როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ მარიამი ყოველ ნათქვამ სიტყვას უკვირდებოდა. ის გულში იმარხავდა ყოველ სიტყვას და თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, ფიქრობდა მათზე. სწორედ ამიტომ იყო მარიამის რწმენა ასეთი ძლიერი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე (წაიკითხეთ ებრაელების 11:1).

      ბოსელში მარიამს ხელში პატარა იესო უჭირავს. მარიამი და იოსები უსმენენ მწყემსებს

      მარიამი გულისყურით უსმენდა მწყემსებს და ყველა სიტყვას გულში იმარხავდა

      17. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს?

      17 მიჰბაძავთ მარიამს? იეჰოვამ ბიბლიის ფურცლებზე ჩვენთვის ჭეშმარიტება დაწერა. თუმცა, დაწერილი თავისთავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ წავიკითხავთ. საჭიროა, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, მაგრამ არა ისე, როგორც მხატვრული ნაწარმოები, არამედ როგორც ღვთისგან შთაგონებული სიტყვა (2 ტიმ. 3:16). შემდეგ, მარიამის მსგავსად, წაკითხული გონებაში ჩავიბეჭდოთ და კარგად გავაანალიზოთ. როცა ვფიქრობთ წაკითხულზე, უკეთ ვხვდებით, როგორ გამოვიყენოთ იეჰოვას რჩევები. ასეთი სახით ჩვენს რწმენას ვასაზრდოებთ.

      სულიერი განძით გამდიდრებული

      18. ა) როგორ შეასრულეს მარიამმა და იოსებმა მოსეს კანონი? ბ) რაზე მეტყველებდა მარიამისა და იოსების მიერ ტაძარში მიტანილი შესაწირავი?

      18 მარიამმა და იოსებმა მოსეს კანონის თანახმად, ბავშვი რვა დღის შემდეგ წინადაცვითეს და, ანგელოზის სიტყვისამებრ, იესო დაარქვეს (ლუკ. 1:31). მე-40 დღეს კი, განწმენდის დღეების დასრულების შემდეგ, ბავშვი იერუსალიმში წაიყვანეს, რომელიც ბეთლემიდან დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული. მათ ტაძარში უნდა მიეტანათ ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, რასაც კანონი ღარიბებისთვის ითვალისწინებდა. მათ შეიძლება თავი უხერხულად ეგრძნოთ იმის გამო, რომ სხვა მშობლებივით ვერძს ვერ მიიტანდნენ შესაწირავად, მაგრამ ამაზე ბევრს არ წუხდნენ. მთავარი ის იყო, რომ ისინი ტაძარში სულიერად მხნევდებოდნენ (ლუკ. 2:21—24).

      19. ა) რა უთხრა მარიამს სიმონმა ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებოდა? ბ) როგორ მოიქცა ანა მას შემდეგ, რაც იესო ნახა?

      19 ტაძარში მყოფ მარიამს მოხუცებული სიმონი მიუახლოვდა და გულში ჩამწვდომი სიტყვები უთხრა. სიმონს ზეციდან ეუწყა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. მას იეჰოვას წმინდა სულმა გაუმჟღავნა, რომ პატარა იესო ნაწინასწარმეტყველები მხსნელი იქნებოდა. სიმონმა მარიამს ისიც უთხრა, რომ დადგებოდა დღე, როცა ისეთ ძლიერ ტკივილს იგრძნობდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო! (ლუკ. 2:25—35). მართალია, ეს არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს სიტყვები დაეხმარა მარიამს იმ საშინელი ტკივილის ატანაში, რომლის წინაშეც სამი ათეული წლის შემდეგ დადგა. ტაძარში ბავშვი წინასწარმეტყველმა ანამაც ნახა და მის შესახებ ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა (წაიკითხეთ ლუკას 2:36—38).

      მარიამი და იოსები ტაძარში არიან; სიმონს ხელში უჭირავს ჩვილი იესო; იქვე ახლოს დგას წინასწარმეტყველი ანა და მათ უყურებს

      იერუსალიმის ტაძარში მისული მარიამი და იოსები დიდად გამხნევდნენ

      20. რატომ მიიღეს იოსებმა და მარიამმა სწორი გადაწყვეტილება, როცა იესო იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს?

      20 იოსებმა და მარიამმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ბავშვი იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს. მათ ჩვილობიდანვე შეაყვარეს იესოს იეჰოვას ტაძარში სიარული. ტაძარში მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, რაც მათგან კანონის თანახმად მოითხოვებოდა და ის შესწირეს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. მათ იქ ყველაფერი ყურადღებით მოისმინეს და შინ გამხნევებულები დაბრუნდნენ. მარიამის რწმენა ახლა უფრო ძლიერი იყო, იგი სულიერი განძით გამდიდრდა, რაზეც დიდხანს იფიქრებდა და ისაუბრებდა სხვებთან.

      21. რა შემთხვევაში განგვიმტკიცდება რწმენა მარიამის მსგავსად?

      21 არაფერი ჯობს იმის ყურებას, როდესაც მშობლები იოსებსა და მარიამს ჰბაძავენ. იეჰოვას მოწმეებს თავიანთი შვილები რეგულარულად დაჰყავთ კრების შეხვედრებზე. დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ღმერთს საუკეთესოდ ემსახურონ და თანამორწმუნეებისთვის გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურონ. იეჰოვას მოწმეები კრების ყოველი შეხვედრიდან ბედნიერები და სულიერი განძით გამდიდრებულები ბრუნდებიან. და სხვებისთვის, მათ შორის თქვენთვისაც, ბევრი აქვთ გასაზიარებელი! თუ მოუსმენთ მათ, მარიამის მსგავსად, თქვენი რწმენაც განმტკიცდება!

      a ყურადღება მიაქციეთ ორ ბიბლიურ მონაკვეთს — როდესაც მარიამი იოსებთან ერთად გაემგზავრა და როცა მარიამი ელისაბედს ესტუმრა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა“ ელისაბედის სანახავად (ლუკ. 1:39). იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, მაგრამ ჯერ ცოლი არ ყოფილა; ამიტომ მას შეიძლება არც კი უკითხავს იოსებისთვის, წასულიყო თუ არა. მაგრამ ქორწინების შემდეგ უკვე იოსებმა გადაწყვიტა, რომ ბეთლემში უნდა წასულიყვნენ, და არა მარიამმა.

      b იმ დროს ისრაელში მიღებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მგზავრებისთვის ღამის გასათევი ადგილი მიეცათ.

      c ის ფაქტი, რომ წელიწადის ამ დროს მწყემსებს ცხვარი ღია ცის ქვეშ ჰყავდათ, ადასტურებს იმას, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა. რადგან ამ დროს ფარა მინდორში ვერ იქნებოდა. იესო, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დაიბადა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება