-
რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ოქტომბერი
-
-
ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ შთამომავალი მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. სწორედ აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ერი“ (დაბადება 22:18). აბრაამის შვილიშვილი იაკობი მოგვიანებით ეგვიპტეში გადასახლდა, სადაც მისი ოჯახისგან ისრაელი ერი წარმოიშვა.
დროთა განმავლობაში ეგვიპტის ტირანმა ფარაონმა ისრაელები მონებად აქცია, მაგრამ ღმერთმა მათ მხსნელად წინასწარმეტყველი მოსე მოუვლინა, რომელმაც ისრაელი ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა. მათ სახსნელად ღმერთმა სასწაულებრივად გაყო წითელი ზღვა. ამის შემდეგ მან ისრაელ ერს მისცა კანონები, მათ შორის, ათი მცნება, რათა მათთვის ეხელმძღვანელა და დაეცვა. ეს კანონები ითვალისწინებდა შესაწირავებს ცოდვების მისატევებლად. ღვთის შთაგონებით მოსემ უთხრა ხალხს, რომ ღმერთი გამოუგზავნიდა მათ სხვა წინასწარმეტყველს. ის იქნებოდა აღთქმული შთამომავალი.
დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ ღმერთმა მეფე დავითს აღუთქვა, რომ შთამომავალი, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველება პირველად ედემის ბაღში წარმოითქვა, იქნებოდა იმ სამეფოს მმართველი, რომელიც მარადიულად იარსებებდა. შთამომავალი იქნებოდა მესია, ღვთის მიერ დანიშნული მხსნელი, რომელიც იხსნიდა კაცობრიობას და აღადგენდა სამოთხეს დედამიწაზე.
დავითისა და სხვა წინასწარმეტყველების მეშვეობით ღმერთი უფრო და უფრო მეტს ამჟღავნებდა მესიის შესახებ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მესია იქნებოდა თავმდაბალი და კეთილი. მისი მმართველობის დროს აღარ იქნებოდა შიმშილი, უსამართლობა და ომები; ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებდნენ ერთმანეთთან და ცხოველებთანაც კი; ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი, რომელიც არასდროს არ შედიოდა ღვთის განზრახვაში, სამუდამოდ გაქრებოდა; გარდაცვლილი ადამიანები კი სიცოცხლეს დაუბრუნდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ.
ღმერთმა წინასწარმეტყველ მიქას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, ხოლო დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიას მოკლავდნენ, მაგრამ ღმერთი აღადგენდა მას და ზეცაში გაამეფებდა. დანიელმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ მესიანური სამეფო სამუდამოდ ჩაანაცვლებდა ყველა ადამიანურ ხელისუფლებას.
-
-
„მესია ვიპოვეთ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ოქტომბერი
-
-
ებრაული წერილების ბოლო წიგნის დასრულებიდან დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ შესრულდა მიქას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ — იესო დაიბადა ბეთლემში. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, ახ. წ. 29 წელს, შესრულდა მესიის მოსვლასთან დაკავშირებით დანიელის წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი — იესო მოინათლა და ღმერთმა ის სცხო წმინდა სულით. მესია, შთამომავალი, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ, ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა.
იესო დაუყოვნებლივ შეუდგა მსახურებას. ის ადამიანებს „სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო მართლაც თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო და ყველას მიმართ ავლენდა გულწრფელ ინტერესს. მისი სწავლებები პრაქტიკული და სიყვარულზე დაფუძნებული იყო. ის ადამიანებს „ნებისმიერი უძლურებისგან“ კურნავდა, რითაც აჩვენებდა, რომ ღმერთი მასთან იყო (მათე 4:23). იესოს მიმდევარი ყველა ასაკის ადამიანი ხდებოდა. შესაძლოა მისი ერთ-ერთი მოწაფის მსგავსად ისინიც ამბობდნენ: „მესია ვიპოვეთ“ (იოანე 1:41).
-