-
მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩიაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 17
მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია
როგორც უკვე გავიგეთ, იაკობის ოჯახი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ისინი ისრაელების სახელით გახდნენ ცნობილი. იაკობისა და იოსების სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში სხვა ფარაონმა დაიწყო მმართველობა. მას ეშინოდა, რომ ისრაელები ეგვიპტელებზე მეტად არ გაძლიერებულიყვნენ და ამიტომ ისინი მონებად აქცია. ფარაონი მათ აიძულებდა, აგურები დაემზადებინათ და ძალიან ბევრი ემუშავათ. მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ ეგვიპტელები ისრაელებს, მით უფრო მრავლდებოდნენ ისინი. ეს ამბავი ფარაონს ძალიან არ მოსწონდა. ამიტომ ბრძანა, ყველა ახალდაბადებული ისრაელი ბიჭი მოეკლათ. წარმოგიდგენია, როგორ შეეშინდებოდათ ისრაელებს, როცა ამ ბრძანების შესახებ გაიგებდნენ?!
იმ პერიოდში ერთ ისრაელ ქალს, სახელად იოქებედს, მშვენიერი პატარა ბიჭი შეეძინა. ჩვილი რომ არ მოეკლათ, დედამ ის კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში დამალა. ბავშვის უფროსი და მირიამი კი იქვე ახლოს დარჩა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა თავის ძმას.
ცოტა ხანში მდინარეზე ფარაონის ქალიშვილი მივიდა საბანაოდ. უცებ მან მდინარეში კალათა შენიშნა, რომელშიც ბავშვი იწვა და ტიროდა. ქალს ბავშვი ძალიან შეებრალა. ამ დროს მასთან მირიამმა მიირბინა და ჰკითხა: გინდათ, წავიდე და ბავშვისთვის მომვლელი მოგიყვანოთ? კარგი, წადი და მომიყვანე, – მიუგო ფარაონის ასულმა. მირიამიც გაიქცა და დედამისი მიუყვანა. ფარაონის ქალიშვილმა ბავშვის დედას, იოქებედს, უთხრა, წაიყვანე ჩვილი, მოუარე და გასამრჯელოს გადაგიხდიო.
ბავშვი რომ წამოიზარდა, იოქებედმა ის ფარაონის ასულს მიუყვანა. მან იშვილა იგი და მოსე დაარქვა. მოსე უფლისწულივით იზრდებოდა და ყველაფერი შეეძლო ჰქონოდა, რასაც კი მოისურვებდა. მაგრამ მას ახსოვდა, რომ სინამდვილეში ებრაელი იყო და არა ეგვიპტელი. მას არასდროს დავიწყებია იეჰოვა. საბოლოოდ, მოსემ იეჰოვას მსახურება არჩია.
ორმოცი წლის ასაკში მოსემ გადაწყვიტა, თავის ხალხს დახმარებოდა. ერთხელ დაინახა, რომ ეგვიპტელი ისრაელ მონას სცემდა. მან ვეღარ მოითმინა, მივიდა და ეგვიპტელს ისეთი ძალით დაარტყა, რომ იქვე მოკლა. შემდეგ კი ქვიშაში ჩამალა. ამის შესახებ ფარაონმა შეიტყო და მოსეს მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოსე გაიქცა ეგვიპტიდან და მიდიანის ქვეყანას შეაფარა თავი. იქ იეჰოვა ყველაფერში ეხმარებოდა მას.
„რწმენით მოსემ, . . . უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და წარმავალ ხორციელ სიამეს ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა არჩია“ (ებრაელები 11:24, 25).
-
-
ცეცხლმოკიდებული ბუჩქიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 18
ცეცხლმოკიდებული ბუჩქი
მოსე 40 წელი ცხოვრობდა მიდიანში. იქ დაქორწინდა და შვილები შეეძინა. ერთხელ, როცა სინას მთასთან ახლოს ცხვარს მწყემსავდა, უცნაური რამ შენიშნა: ეკლიან ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა! მიუახლოვდა, რომ გაეგო, რა ხდებოდა. ბუჩქიდან ხმა შემოესმა: მოსე, ახლოს არ მოხვიდე! გაიხადე სანდლები, შენ წმინდა მიწაზე დგახარ! მოსეს იეჰოვა ელაპარაკებოდა ანგელოზის მეშვეობით.
მოსეს ისე შეეშინდა, რომ სახე დაიფარა. ბუჩქიდან კვლავ შემოესმა ხმა: ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა ეგვიპტეში. გავათავისუფლებ მათ და კარგ ადგილას წავიყვან. შენ გამოიყვან ჩემს ხალხს ეგვიპტიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაოცდებოდა მოსე ამის მოსმენაზე?!
მოსემ ჰკითხა ღმერთს: როცა მკითხავენ, ვინ გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა მიუგო: უთხარი, იეჰოვამ, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო. შემდეგ მოსემ ჰკითხა: როგორ მოვიქცე, თუ არ დამიჯერებენ? იეჰოვამ უთხრა მოსეს, თავისი ჯოხი მიწაზე დაეგდო. როგორც კი მან ჯოხი ძირს დააგდო, ის მაშინვე გველად გადაიქცა. შემდეგ მოსემ გველს კუდზე მოჰკიდა ხელი და ის ისევ ჯოხად იქცა. ღმერთმა უთხრა მას: როცა მათ თვალწინ ამას გააკეთებ, მიხვდებიან რომ ჩემი გაგზავნილი ხარ. ასე დაარწმუნა იეჰოვამ მოსე, რომ მის გვერდით იქნებოდა.
ბოლოს მოსემ უთხრა ღმერთს: კარგად ვერ ვლაპარაკობ, მეტყველება მიჭირს. ამაზე იეჰოვამ მიუგო: მე გეტყვი, რაც უნდა ილაპარაკო და თან შენს ძმას, აარონს, გამოგაყოლებ, რომ დაგეხმაროს. მოსე დარწმუნდა, რომ იეჰოვა იქნებოდა მასთან, ამიტომ მოჰკიდა თავის ცოლ-შვილს ხელი და ეგვიპტეში დაბრუნდა.
„როცა გადაგცემენ, ნუ იწუხებთ იმაზე, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ გაგიმჟღავნდებათ, რაც უნდა თქვათ“ (მათე 10:19).
-
-
პირველი სამი სასჯელიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 19
პირველი სამი სასჯელი
ეგვიპტეში ისრაელებს მონებად ამუშავებდნენ. იეჰოვამ მოსე და აარონი გაგზავნა ფარაონთან, რომ მისთვის ეთქვათ: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, რომ წავიდნენ და თაყვანი მცენ უდაბნოში! ფარაონმა ამაყად უპასუხა მათ: არ მაინტერესებს, რას ამბობს იეჰოვა და არც ისრაელებს გავათავისუფლებ! ამის შემდეგ ფარაონმა უფრო გაურთულა სამუშაო ისრაელებს. დადგა დრო, იეჰოვას ჭკუა ესწავლებინა ჯიუტი ფარაონისთვის. იცი, რა გააკეთა მან? ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა. იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა მოსეს: ფარაონი ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებს. ხვალ დილით ის ნილოსის ნაპირზე გამოვა. მიდი და უთხარი, ჩემი ხალხი რომ არ გაათავისუფლე, მდინარე ნილოსი მთლიანად სისხლად გადაიქცევა. მოსე ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა უთხრა. ფარაონმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაჰკრა აარონმა თავისი ჯოხი ნილოსს და როგორ გადაიქცა მდინარე სისხლად. მთელი ნილოსი აყროლდა, თევზები დაიხოცნენ, ნილოსიდან წყალს ვეღარავინ სვამდა. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ისრაელები მონობიდან.
შვიდი დღის შემდეგ იეჰოვამ ისევ გაგზავნა მოსე ფარაონთან და შეუთვალა: თუ არ გაათავისუფლებ ისრაელებს, მთელი ეგვიპტე ბაყაყებით აივსება. ფარაონი კვლავ გაჯიუტდა. აარონმა ჯოხი მაღლა აღმართა და დაიწყო ბაყაყების შემოსევა. ბაყაყები იყო ყველგან – სახლებში, ლოგინებში, ჭურჭელში. ფარაონი შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას, მოგვაშოროს ბაყაყები და გავუშვებ ისრაელებს. იეჰოვამ შეაჩერა მათი შემოსევა. ეგვიპტელებმა მკვდარი ბაყაყები გროვებად დაახვავეს. მთელი ქვეყანა აყროლდა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ისრაელები.
იეჰოვამ მოსეს უთხრა: დაჰკრას აარონმა მიწას ჯოხი და მტვერი ქინქლად, პატარა მკბენარა მწერებად გადაიქცევა. მაშინვე მთელ არემარეს ქინქლა მოედო. ამის დანახვაზე ფარაონს თავისმა მსახურებმა უთხრეს: ეს სასჯელი ნამდვილად ღვთისგან არის. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუშვა ისრაელები.
„ვუჩვენებ ჩემს ძალასა და ძლევამოსილებას, და აღიარებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“ (იერემია 16:21).
-
-
შემდეგი ექვსი სასჯელიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 20
შემდეგი ექვსი სასჯელი
მოსე და აარონი მივიდნენ ფარაონთან და ღვთის სიტყვა გადასცეს: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, თორემ მთელ შენს ქვეყანას ბუზანკალს დავასევ. მთელ ეგვიპტეს ბუზანკალი მოედო. ბუზანკალი იყო ყველგან – მდიდრის სახლშიც და ღარიბის სახლშიც. მაგრამ გოშენის მხარეში, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ, ერთი ბუზანკალიც კი არ დაფრინავდა. ამ მეოთხე სასჯელიდან დაწყებული დანარჩენი სასჯელები მხოლოდ ეგვიპტელებს დაატყდათ თავს. ფარაონმა სთხოვა მოსეს: შეევედრე იეჰოვას, მოგვაშოროს ბუზანკალი და გავუშვებ შენს ხალხს. მაგრამ, როცა იეჰოვამ ეგვიპტეში ბუზანკალი მოსპო, ფარაონმა აზრი შეიცვალა. ისწავლიდა ფარაონი ოდესმე ჭკუას?
იეჰოვამ თქვა: თუ ფარაონი არ გაუშვებს ჩემს ხალხს, მთელ ეგვიპტეში ცხოველებს ჭირი შეეყრება და დაიხოცებიან. მართლაც, მეორე დღიდანვე ეგვიპტელებს ცხოველები ეხოცებოდათ, მაგრამ ებრაელების ცხოველებს არაფერი დამართნიათ. ფარაონი ისევ გაჯიუტდა და უარი თქვა ებრაელი მონების გათავისუფლებაზე.
შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს, დაბრუნებულიყო ფარაონთან და მის თვალწინ ნაცარი ჰაერში აეფრქვია. ნაცარი მტვრად გადაიქცა და მთელ ეგვიპტეს მოეფინა. ამის გამო ეგვიპტელებსა და მათ ცხოველებს სხეულზე მტკივნეული გამონაყარი გამოუვიდათ. ამ ყველაფრის შემდეგაც კი არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.
კვლავ გაგზავნა იეჰოვამ მოსე ფარაონთან, რომ ეთქვა: კიდევ არ უშვებ ჩემს ხალხს? ხვალ სეტყვა წამოვა ეგვიპტეში. მეორე დღეს მართლა სეტყვა, ძლიერი ჭექა-ქუხილი და ცეცხლი დაატეხა ღმერთმა ეგვიპტეს. ასეთი საშინელი სეტყვა მანამდე იქ არასდროს ყოფილა. განადგურდა მთელი მოსავალი და ყველანაირი მცენარე. მაგრამ გოშენის მიწაზე სეტყვის ერთი მარცვალიც კი არ ჩამოვარდნილა. ფარაონმა უთხრა მოსეს: შეეხვეწე იეჰოვას, შეწყვიტოს სეტყვა, მერე კი გაგიშვებთ. მაგრამ შეწყდა თუ არა სეტყვა, ფარაონმა ისევ შეიცვალა აზრი.
მოსემ უთხრა ფარაონს: კალიები შემოგესევათ და გადაჭამენ ყველა მცენარეს, რაც სეტყვას გადაურჩა. მილიონობით კალია მოედო ეგვიპტის მიწას და გადაჭამა ყველაფერი, რაც კი დარჩენილი იყო მინდვრებსა თუ ხეებზე. ფარაონი კიდევ ერთხელ შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას, მოგვაშოროს კალიები. იეჰოვამ მოაშორა კალიები, მაგრამ ფარაონმა მაინც არ შეასრულა თავისი სიტყვა.
იეჰოვამ კვლავ უთხრა მოსეს: ასწიე ხელი ცისკენ. მაშინვე სრული სიბნელე ჩამოწვა ეგვიპტეში. სამი დღე ეგვიპტელები ვერაფერს ხედავდნენ. ისრაელებს ეს სასჯელიც არ შეხებიათ.
ფარაონმა უთხრა მოსეს: შენ და შენს ხალხს გაგიშვებთ, ოღონდ ცხვარ-ძროხა აქ დატოვეთ. მოსემ მიუგო: ცხვარ-ძროხაც უნდა წავიყვანოთ, რადგან შესაწირავი მათგან უნდა ამოვარჩიოთ ჩვენი ღვთისთვის. გაბრაზებულმა ფარაონმა მოსეს დაუყვირა: გაეთრიე აქედან! იცოდე, ერთხელ კიდევ რომ გნახო, მოგკლავ!
„კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალაქია 3:18).
-
-
მეათე სასჯელიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 21
მეათე სასჯელი
მოსემ უთხრა ფარაონს, რომ აღარასოდეს ნახავდა მას, მაგრამ წასვლის წინ გააფრთხილა: შუაღამისას მოკვდება ყველა პირმშო ეგვიპტეში – ფარაონის ვაჟით დაწყებული, მსახურის ვაჟით დამთავრებული.
იეჰოვამ ისრაელებს განსაკუთრებული კერძის მომზადება დაავალა. ღმერთმა მათ უთხრა: დაკალით ერთი წლის მამალი ცხვარი ან თხა და მისი სისხლი თქვენი სახლების კარისთავებს წაუსვით. შეწვით ხორცი და ჭამეთ უფუარ პურთან ერთად. ჩაიცვით სანდლები და მზად იყავით წასასვლელად. ამაღამ გაგათავისუფლებთ მონობიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაუხარდებოდათ ისრაელებს ამის მოსმენა?!
იმ ღამით იეჰოვას ანგელოზმა ჩამოუარა ყველა ეგვიპტელის სახლს და მოკვდა პირმშო ყველა იმ სახლში, რომლის კარისთავსაც სისხლი არ ჰქონდა წასმული. ანგელოზმა გვერდი აუარა იმ სახლებს, რომელთა კარებსაც სისხლი ესვა. მოკვდა ეგვიპტელთა ყველა პირმშო, მდიდრისაც და ღარიბისაც, მაგრამ ისრაელების შვილებს არაფერი დაშავებიათ.
ფარაონსაც მოუკვდა ვაჟი, რამაც ის საბოლოოდ გატეხა. მან დაუყოვნებლივ მოუხმო მოსესა და აარონს და უთხრა: წადით, მოშორდით აქედან! ემსახურეთ თქვენს ღმერთს, წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხა და გაეცალეთ აქაურობას!
იმ ღამით სავსე მთვარე იყო. დაიძრნენ ისრაელები ეგვიპტიდან და გამოვიდნენ თავიანთი ოჯახებისა და საგვარეულოების მიხედვით. მხოლოდ კაცების რიცხვი ექვსასი ათასი იყო; ქალები და ბავშვებიც ძალიან ბევრნი იყვნენ. მათ თან გაჰყვა მრავალი უცხო ხალხიც, იეჰოვასთვის რომ ეცათ თაყვანი. როგორც იქნა, ისრაელები მონობიდან გათავისუფლდნენ!
ისრაელებს რომ არ დავიწყებოდათ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ ისინი, ყოველ წელს უნდა მოემზადებინათ ეს განსაკუთრებული ვახშამი, რომელსაც პასექი ეწოდა.
„იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (რომაელები 9:17).
-
-
სასწაული წითელ ზღვასთანიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 22
სასწაული წითელ ზღვასთან
მას შემდეგ, რაც ფარაონმა გაიგო, რომ ისრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, ინანა, რომ გაუშვა ისინი და გადაწყვიტა, უკან დასდევნებოდა; უბრძანა თავის ჯარისკაცებს: მოამზადეთ ყველა საბრძოლო ეტლი! არსად არ უნდა გავუშვათ ისინი! ფარაონი და მისი ჯარი ებრაელებს უკან დაედევნენ.
იეჰოვა თავის ხალხს მიუძღოდა დღისით ღრუბლით და ღამით – ცეცხლით. მან ისინი წითელ ზღვასთან მიიყვანა და უთხრა, კარვები გაეშალათ.
ცოტა ხანში ისრაელებმა შორს ფარაონი და მისი ჯარი დაინახეს. ისინი წითელ ზღვასა და ეგვიპტის ჯარს შორის მოექცნენ. ხალხმა მოსეს შესჩივლა: ყველანი დავიხოცებით! რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? მოსემ დაამშვიდა ისინი და უთხრა: ნუ გეშინიათ! დაელოდეთ და ნახავთ, როგორ გვიხსნის იეჰოვა! ხედავ, როგორ ენდობოდა მოსე ღმერთს?!
ამის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, აეშალათ კარვები. იმ ღამით ღმერთმა ღრუბელი ჩააყენა ისრაელებსა და ეგვიპტელებს შორის. ეგვიპტელთა მხარეს ბნელოდა, ისრაელთა მხარე კი განათებული იყო.
იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ზღვისკენ ხელი! მოსემაც გაიწოდა ხელი, ამოვარდა ძლიერი ქარი და მთელი ღამე ქროდა. ზღვა შუაზე გაიყო და გასასვლელი გამოჩნდა. წყალი კედელივით აღიმართა აქეთ-იქით. მილიონობით ებრაელმა ზღვის ფსკერზე მშრალად გაიარა და ასე გადავიდნენ მეორე მხარეს.
ფარაონის ჯარი შეჰყვა ისრაელებს ზღვაში. იეჰოვამ თავგზა აუბნია ჯარისკაცებს. მათ ეტლებს ბორბლები დააძრო. შეშინებულმა მეომრებმა ყვირილი მორთეს: გავიქცეთ აქედან! იეჰოვა გვებრძვის ისრაელების გამო.
იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ხელი ზღვისკენ! როგორც კი გაიწოდა მოსემ ხელი, მაშინვე ჩამოიქცა წყალი და ეგვიპტელები ქვეშ მოიყოლა. ფარაონი და მისი ჯარი ზღვაში დაიხოცნენ. არცერთი მათგანი არ გადარჩენილა.
ზღვის მეორე მხარეს კი მილიონობით გადარჩენილი ებრაელი იდგა და იეჰოვას ასე უმღეროდა: „ვუმღერებ იეჰოვას, დიდად განდიდებულს. მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“. ყველა მღეროდა; ქალები ცეკვავდნენ და დაირებზე უკრავდნენ. ხალხი ძალიან გახარებული იყო. ახლა უკვე ნამდვილად თავისუფლები იყვნენ!
„ამიტომ გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრაელები 13:6).
-