საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი სიყვარული გააჩნდა
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 თებერვალი
    • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი სიყვარული გააჩნდა

      რა არის სიყვარული?

      ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ეს არის სხვების მიმართ ღრმა და თბილი გრძნობები. ვისაც უყვარს, ის თავის გრძნობებს სიტყვითა და საქმით გამოხატავს და მზად არის მსხვერპლზეც კი წავიდეს.

      [სურათი 6 გვედზე]

      რაში ვლინდებოდა მოსეს სიყვარული?

      მოსეს ძალიან უყვარდა ღმერთი. 1 იოანეს 5:3-ში წერია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. მოსე მთელი გულით იცავდა ღვთის მცნებებს და სწორედ ამით დაამტკიცა ღვთისადმი სიყვარული. ის მას ყველაფერში ემორჩილებოდა, იქნებოდა ეს რთული დავალების შესრულება, მაგალითად, როგორიც იყო ძლევამოსილი ფარაონის წინაშე წარდგომა, თუ ერთი შეხედვით მარტივი მითითების მიყოლა, როგორიც მაგალითად წითელ ზღვაზე ჯოხის გაწოდება იყო. მოსე ღვთის ყველა მითითებას ასრულებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რთული იქნებოდა ეს, თუ მარტივი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გამოსვლა 40:16).

      მოსეს თანამემამულეებიც უყვარდა. მათ ესმოდათ, რომ იეჰოვამ მოსე დანიშნა მათ ხელმძღვანელად და პრობლემების დროს რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხალხიც დილიდან საღამომდე იდგა მოსეს წინაშე“ (გამოსვლა 18:13—16). წარმოიდგინეთ, რა დამღლელი იქნებოდა მოსესთვის მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის საწუხარისა და სადარდებლის მოსმენა. მაგრამ ის ამას სიხარულით აკეთებდა, რადგან უყვარდა ხალხი.

      მოსე არა მარტო უსმენდა ხალხს, არამედ ლოცულობდა კიდეც მათთვის. ის მათთვისაც ლოცულობდა, ვინც მას ცუდად ექცეოდა. მაგალითად, ერთხელ, მირიამი, ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის, საკუთარი ძმის, მოსეს წინააღმდეგ წავიდა. იეჰოვამ მას კეთრი შეჰყარა. იმის ნაცვლად, რომ მირიამის დასჯით გახარებულიყო, მოსემ მისთვის ილოცა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“ (რიცხვები 12:13). სხვა რა უნდა ყოფილიყო მოსეს ასეთი ლოცვის მიზეზი, თუ არა სიყვარული?!

      გაკვეთილი ჩვენთვის.

      ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს და ღვთისადმი ღრმა სიყვარული განვივითაროთ. ასეთი სიყვარული დაგვეხმარება, „გულით დავემორჩილოთ“ მას (რომაელები 6:17). როცა მთელი გულით ვემორჩილებით იეჰოვას, მას დიდად ვუხარებთ გულს (იგავები 27:11). ამით ჩვენც დიდ კმაყოფილებას ვიღებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ღმერთს წრფელი სიყვარულით ვემსახურებით, მარტო რაც სწორია იმას კი არ ვაკეთებთ, არამედ სიამოვნებასაც ვიღებთ ღვთის ნების შესრულებით (ფსალმუნი 100:2).

      მოსეს კიდევ იმაში შეგვიძლია მივბაძოთ, რომ განვივითაროთ სხვებისადმი თავგანწირული სიყვარული. როცა მეგობრები ან ოჯახის წევრები ჩვენთან თავიანთ საწუხარზე სასაუბროდ მოდიან, სიყვარული აღგვძრავს 1) გულწრფელად მოვუსმინოთ 2) ვუთანაგრძნოთ, ანუ შევიდეთ მათ მდგომარეობაში და 3) ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე.

      მოსეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ზოგჯერ შესაძლოა ვწუხვართ იმის გამო, რომ ყოველთვის არ შეგვწევს ძალა, დავეხმაროთ მათ. შესაძლოა ნაღვლობთ კიდეც და ამბობთ: „მაპატიე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ვილოცო შენთვის“. მაგრამ გახსოვდეთ: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16). ჩვენმა ლოცვამ შეიძლება ღმერთი აღძრას, რაღაც გააკეთოს იმ პიროვნებისთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ, მაშინ, როცა შესაძლოა არაფრის გაკეთებას არ აპირებდა. მართლაც, იმაზე უკეთესი რა შეგვიძლია გავაკეთოთ სხვებისთვის თუ არა ის, რომ ვილოცოთ მათთვის?!a

      ნამდვილად ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მოსესგან! ამ ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა რწმენის, თავმდაბლობისა და სიყვარულის მართლაც არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა. რაც უფრო მეტად მივბაძავთ მას, მით უფრო მეტ სარგებლობას მივიღებთ, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ ირგვლივ მყოფები (რომაელები 15:4).

      a ღმერთმა რომ მოისმინოს ჩვენი ლოცვები, გულწრფელად უნდა მივყვეთ მის პრინციპებსა და ნორმებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი რწმენა გააჩნდა
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 თებერვალი
    • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი რწმენა გააჩნდა

      რა არის რწმენა?

      ბიბლიის თანახმად, რწმენა არის საფუძვლიან მტკიცებულებებზე აგებული მრწამსი. მას, ვისაც სწამს ღმერთი, მტკიცედ სჯერა, რომ ის ყველა თავის დანაპირებს შეასრულებს.

      რაში ვლინდებოდა მოსეს ღვთისადმი რწმენა?

      მოსემ თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ სწამდა ღვთის დიდებული დაპირებების (დაბადება 22:15—18). მას შეეძლო კომფორტულად და მდიდრულად ეცხოვრა ეგვიპტეში, მაგრამ უარი თქვა ამაზე და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“ (ებრაელები 11:25). დაუფიქრებლად ხომ არ მიიღო მოსემ ასეთი გადაწყვეტილება, რაც მოგვიანებით სანანებელი გაუხდებოდა? ნამდვილად არა, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მოსე „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:27). მას არასოდეს უნანია, რომ არჩევანი რწმენით გააკეთა.

      მოსე სხვების რწმენის გაძლიერებაზეც ფიქრობდა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ის შემთხვევა, როცა ისრაელები ფარაონის ჯარსა და წითელ ზღვას შუა მოექცნენ. გარდაუვალი უბედურებით შეშინებული ხალხი იეჰოვასა და მოსეს შეღაღადებდა. როგორ მოიქცა მოსე?

      მოსეს შესაძლოა აზრადაც არ მოსვლია, რომ ღმერთი ზღვას ორად გაყოფდა და ასეთი სახით იხსნიდა ისრაელებს, მაგრამ იმაში კი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთი რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებდა თავისი ხალხის დასაცავად. მოსეს ძალიან უნდოდა, რომ მის თანამემამულეებსაც ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონოდათ. ბიბლიაში წერია: «მიუგო მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ. მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას, რასაც ის დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის“» (გამოსვლა 14:13). შეძლო მოსემ ისრაელების რწმენის განმტკიცება? ნამდვილად, რადგან ბიბლია ამბობს, რომ „რწმენით მათ [და არა მარტო მოსემ] წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს“ (ებრაელები 11:29). მოსეს ძლიერმა რწმენამ მარტო მას კი არ მოუტანა კურთხევა, არამედ ყველას, ვინც ასეთი შემთხვევებიდან ღმერთზე მინდობას სწავლობდა.

      გაკვეთილი ჩვენთვის.

      ჩვენც მოსესავით ძლიერი რწმენა გვექნება, თუ თითოეული მიღებული გადაწყვეტილებით დავამტკიცებთ, რომ გვწამს ღვთის აღთქმების. მაგალითად, ღმერთი გვპირდება, რომ არ დაგვტოვებს საარსებო საშუალების გარეშე, თუ მის თაყვანისმცემლობას ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათე 6:33). დღევანდელ დღეს საკმაოდ რთულია, არ აჰყვე უმრავლესობის ხმას და არ განგივითარდეს მატერიალური ნივთების შეძენის ძლიერი სურვილი. მაგრამ შეგვიძლია ერთ რამეში ვიყოთ დარწმუნებული: თუ მაქსიმალურად ვეცდებით ცხოვრების გამარტივებას და მთავარი ყურადღების გადატანას ღვთის თაყვანისმცემლობაზე, იეჰოვა იზრუნებს ჩვენს აუცილებელ მოთხოვნილებებზე. ის გვპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5).

      ჩვენ სხვებსაც ვეხმარებით რწმენის გაძლიერებაში. მაგალითად, გონიერი მშობლები აცნობიერებენ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ შვილებში ღვთისადმი რწმენა ჩანერგონ. ბავშვებს საფუძვლიანი ცოდნა სჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი არსებობს და რომ ის გვასწავლის, რა არის სწორი და რა — არასწორი. გარდა ამისა, მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ შვილებს ესმით, რამდენად აუცილებელია იეჰოვას ნორმების დაცვა და რომ ეს უდავოდ ცხოვრების საუკეთესო გზაა (ესაია 48:17, 18). მართლაც, რა უნდა გაუკეთოს მშობელმა შვილს იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რომ ჩაუნერგოს ღვთისადმი რწმენა — ღვთისადმი, რომელიც „აჯილდოებს თავის გულმოდგინე მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

  • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი თავმდაბლობა გააჩნდა
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 თებერვალი
    • მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი თავმდაბლობა გააჩნდა

      რა არის თავმდაბლობა?

      თავმდაბლობა ქედმაღლობისა და სიამაყის საწინააღმდეგო თვისებაა. თავმდაბალი ადამიანი არავის მიიჩნევს თავისზე დაბლა მდგომად. თავმდაბალი ადამიანი არის უბრალო და უპრეტენზიო და აღიარებს, რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია.

      როგორ ავლენდა მოსე თავმდაბლობას?

      მოსე ძალაუფლებას არ გაუამაყებია. თავმდაბალია თუ არა ადამიანი, ხშირად მაშინ ჩნდება, როცა პატარა ძალაუფლებას იღებს. მე-19 საუკუნის მწერალი რობერტ ინგერსოლი ამ აზრს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ადამიანთა უმეტესობას შეუძლია გაჭირვების ატანა. მაგრამ თუ გინდა, გაიგო, ვინ არის ის სინამდვილეში, მიეცი ძალაუფლება“. ამ მხრივ მოსემ თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

      მოსემ უდიდესი ძალაუფლება მიიღო იეჰოვასგან. ის ღმერთმა ებრაელი ერის წინამძღოლად დანიშნა. თუმცა ამის გამო ის არასოდეს გამხდარა ამპარტავანი. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ის შემთხვევა, თუ როგორ მოაგვარა მოსემ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სადავო საკითხი (რიცხვები 27:1—11). ეს მართლაც სერიოზული საკითხი იყო, რადგან მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ შემთხვევაზე კი არა, მომავალში სხვა შემთხვევებზეც იქონიებდა გავლენას.

      როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში მოსე? გამოიყენებდა თავის ძალაუფლებას, როგორც ისრაელის წინამძღოლი და დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას? დაეყრდნობოდა საკუთარ შესაძლებლობებს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას?

      ალბათ, ამაყი ადამიანი ასე მოიქცეოდა; მაგრამ მოსე სხვაგვარად მოიქცა. ბიბლიაში წერია: „წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას“ (რიცხვები 27:5). უბრალოდ დაფიქრდით, ის უკვე 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ისრაელ ერს, მაგრამ მაინც არ დაყრდნობია საკუთარ თავს და რჩევა იეჰოვას ჰკითხა. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, რომ მოსე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო.

      მოსე შურიანი და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცი არ ყოფილა. მას უხაროდა, როცა იეჰოვა სხვებსაც აძლევდა საშუალებას, მის გვერდით ემსახურათ წინასწარმეტყველებად (რიცხვები 11:24—29). როცა სიმამრმა მას პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილება ურჩია, ის თავმდაბლურად დაჰყვა მის რჩევას (გამოსვლა 18:13—24). სიცოცხლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მან იეჰოვას სთხოვა, მისი საქმის გამგრძელებლად ვინმე აერჩია. როცა ამ საქმისთვის იეჰოვამ იესო ნავეს ძე დანიშნა, მოსე მთელი გულით უჭერდა მხარს ამ ახალგაზრდა კაცს და ხალხს მოუწოდებდა, მიჰყოლოდნენ მის ხელმძღვანელობას, რათა შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე (რიცხვები 27:15—18; კანონი 31:3—6; 34:7). აშკარაა, რომ მოსე დიდ პატივად თვლიდა ღვთის ხალხის წინამძღოლობას, მაგრამ მიღებულ ძალაუფლებას სხვების კეთილდღეობაზე მაღლა არ აყენებდა.

      გაკვეთილი ჩვენთვის.

      ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ ძალაუფლებამ, გარკვეულმა ნიჭმა თუ უნარმა გაგვაამაყოს. გახსოვდეთ: იეჰოვას საქმის საუკეთესოდ შესრულება დამოკიდებულია არა ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებზე, არამედ იმაზე, ვართ თუ არა თავმდაბლები (1 სამუელი 15:17). როცა ნამდვილ თავმდაბლობას ვავლენთ, ვცდილობთ, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5, 6).

      მოსეს მაგალითი გვასწავლის, რომ ჩვენს მდგომარეობასა და უპირატესობებზე დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ.

      რა შედეგები მოაქვს თავმდაბლობის გამოვლენას? როდესაც ჭეშმარიტი თავმდაბლობის განვითარებას ვცდილობთ, უფრო სასიამოვნო ადამიანები ვხდებით და სხვებს ვუადვილებთ ჩვენთან ურთიერთობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საყვარელი და მოსაწონი შვილები ვხდებით იეჰოვასთვის, რომელიც, თავის მხრივ, ბრწყინვალედ ავლენს ამ უნიკალურ თვისებას (ფსალმუნი 18:35). „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5). მართლაც სერიოზული მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ მივბაძოთ უთვინიერეს კაცს, მოსეს.

  • ვინ იყო მოსე?
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 თებერვალი
    • მთავარი თემა

      ვინ იყო მოსე?

      ვინ გახსენდებათ, როცა გესმით სახელი მოსე?

      • პატარა ბავშვი, რომელიც დედამ კალათაში ჩასვა და მდინარე ნილოსში გაუშვა?

      • ფარაონის ქალიშვილის მიერ ეგვიპტის კარზე ფუფუნებაში გაზრდილი ბიჭი, რომელსაც არასოდეს დავიწყებია, რომ ებრაელი იყო?

      • კაცი, რომელიც მიდიანში 40 წელი ცხვარს მწყემსავდა?

      • კაცი, რომელსაც იეჰოვაa პირისპირ ელაპარაკა ალმოდებული ბუჩქიდან?

      • კაცი, რომელიც ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა და გაბედულად მოსთხოვა ისრაელების ტყვეობიდან გათავისუფლება?

      • კაცი, რომელმაც ღვთის მითითებით 10 სასჯელი მოუვლინა ეგვიპტის ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს?

      • კაცი, რომელმაც დიდებული სახით გამოიყვანა ისრაელები ეგვიპტიდან?

      • კაცი, რომელმაც წითელი ზღვა შუაზე გაყო?

      • კაცი, რომელმაც ისრაელებს ღვთისგან მიღებული ათი მცნება გადასცა?

      ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა მოსეს ცხოვრებაში. გასაკვირი არაა, თუ რატომ სცემენ უდიდეს პატივს ამ ღვთის ერთგულ კაცს როგორც ებრაელები, ისე ქრისტიანები და მუსლიმანები.

      ჭეშმარიტად, მოსე იყო წინასწარმეტყველი, რომელმაც, როგორც ბიბლია ამბობს, „თავზარდამცემი საქმეები“ მოიმოქმედა (კანონი 34:10—12). ღმერთმა მისი ხელით არაერთი ძლევამოსილი საქმე გააკეთა; არადა მოსე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, რომელიც მოსესთან ერთად იესოს ხილვაში ეჩვენა დედამიწაზე მსახურების დროს, მოსეც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17; მათე 17:1—9). მოსე ბევრ ისეთ პრობლემას შეხვდა, რომელიც არც ჩვენთვის არის უცხო, მაგრამ ყველა მათგანს თავი წარმატებით გაართვა.

      გნებავთ გაიგოთ, როგორ შეძლო მან ეს ყველაფერი? გამოვყოთ მოსეს სამი თვისება და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან.

      a იეჰოვა ღვთის სახელია, როგორც ეს ბიბლიიდან ჩანს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება