საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ პირობა დაარღვიეს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ისრაელები მღერიან და ცეკვავენ ოქროს ხბოს გარშემო.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 24

      მათ პირობა დაარღვიეს

      იეჰოვამ მოსეს უთხრა: ამოდი ჩემთან მთაზე. ქვის ფილებზე კანონებს დავწერ და მოგცემ. მოსეც ავიდა იქ და 40 დღე დარჩა. მისი იქ ყოფნის დროს იეჰოვამ დაწერა ათი მცნება ქვის ორ ფილაზე და მოსეს გადასცა.

      მოსე მიწაზე აგდებს ქვის ფილებს.

      რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელებმა იფიქრეს, რომ მოსემ მიატოვა ისინი, ამიტომ აარონთან მივიდნენ და უთხრეს: ჩვენ ხელმძღვანელი გვჭირდება. გაგვიკეთე ღმერთი! აარონმა მიუგო: მომიტანეთ თქვენი ოქროულობა. მან გადაადნო ოქრო და ხბო გააკეთა. ამის დანახვაზე ხალხმა თქვა: აი ჩვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა! ისრაელებმა ხბოს დაუწყეს თაყვანისცემა და დიდი ზეიმი გამართეს. როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცნენ ისრაელები? ნამდვილად არა! მათ ხომ პირობა დადეს, რომ მხოლოდ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს?! ხედავ, რა მალე დაარღვიეს თავიანთი პირობა?!

      იეჰოვამ დაინახა, რაც ხდებოდა და მოსეს უთხრა: ჩადი ხალხთან. ისინი არ მემორჩილებიან და ცრუ ღმერთს სცემენ თაყვანს. მოსე სწრაფად დაეშვა მთიდან. მას ხელში ქვის ორი ფილა ეჭირა.

      ბანაკს რომ მიუახლოვდა, მოსეს სიმღერის ხმა შემოესმა. ახლოს რომ მივიდა, დაინახა, როგორ ცეკვავდნენ ისრაელები და როგორ ემხობოდნენ ხბოს წინაშე. გაბრაზებულმა ფილები ძირს დაყარა და ისინიც მაშინვე დაიმსხვრა. მივარდა მოსე ოქროს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. შემდეგ გაოგნებულმა აარონს ჰკითხა: როგორ გაგაკეთებინა ეს საშინელება ამ ხალხმა?! აარონმა უპასუხა: ნუ გაბრაზდები. შენ კარგად იცნობ ამ ხალხს. მითხრეს, ღმერთი გაგვიკეთეო და მეც ჩავყარე ოქროს სამკაულები ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა. რა თქმა უნდა, აარონი ასე არ უნდა მოქცეულიყო. ამის შემდეგ მოსე კვლავ მთაზე ავიდა და იეჰოვას შეევედრა, ეპატიებინა ხალხისთვის დანაშაული.

      იეჰოვამ მხოლოდ მათ აპატია, ვინც მზად იყო, დამორჩილებოდა მას. ხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისრაელებისთვის, დაეჯერებინათ თავიანთი წინამძღოლისთვის, მოსესთვის?!

      „როცა ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას, რადგან ღმერთი სულელ კაცს არ იწონებს. შეასრულე აღთქმული“ (ეკლესიასტე 5:4).

      კითხვები: რა გააკეთეს ისრაელებმა, სანამ მოსე მთაზე იყო? როგორ მოიქცა მოსე, როცა მთიდან დაბრუნდა?

      გამოსვლა 24:12–18; 32:1–30

  • თაყვანისმცემლობის კარავი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • კარავი და მისი შიდა ეზო

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 25

      თაყვანისმცემლობის კარავი

      სინას მთაზე ღმერთმა მოსეს დაავალა, აეგო განსაკუთრებული კარავი, სადაც ისრაელები იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. კარავი ადვილი სატარებელი უნდა ყოფილიყო, რომ ყველგან თან ეტარებინათ, სადაც წავიდოდნენ.

      იეჰოვამ მოსეს უთხრა: დაავალე ხალხს, კარვის ასაგებად მოიტანონ ყველაფერი, რის მოტანაც შეუძლიათ. ისრაელებმაც მიიტანეს ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ძვირფასი ქვები და სამკაულები. აგრეთვე, შალისა და სელის ქსოვილები, ცხოველის ტყავები და სხვა ბევრი რამ. ხალხმა იმდენი რამ მიიტანა, რომ მოსემ სთხოვა მათ: საკმარისია, მეტი აღარ მოიტანოთ.

      ისრაელებს მიაქვთ ძღვენი კარვის ასაგებად.

      ბევრმა კაცმა და ქალმა მიიღო მონაწილეობა კარვის აგებაში. იეჰოვამ მათ საჭირო სიბრძნე მისცა. ზოგი ძაფს ართავდა, ზოგი ქსოვდა, ზოგი ქარგავდა, ზოგი კი ოქროზე, ხის ნაკეთობებზე და ქვების ჩასმაზე მუშაობდა.

      ხალხმა ზუსტად ისე ააგო კარავი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი. ლამაზი ფარდით კარავი ორ ნაწილად გაყვეს. ერთ ნაწილს ერქვა წმინდა, მეორეს – წმინდათაწმინდა. წმინდათაწმინდაში ინახებოდა შეთანხმების კიდობანი, რომელიც დამზადებული იყო აკაციის ხისგან და ოქროსგან. წმინდაში იდგა ოქროს სალამპრე, მაგიდა და სამსხვერპლო საკმევლის დასაწვავად. ეზოში იყო სპილენძის აუზი და დიდი სამსხვერპლო. შეთანხმების კიდობანი ისრაელებს შეახსენებდა, რომ იეჰოვას უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც დაჰპირდნენ კიდეც. იცი, რა არის შეთანხმება? ეს არის განსაკუთრებული პირობის დადება.

      იეჰოვამ აარონი და მისი ვაჟები აირჩია, რომ კარავში მღვდლებად ემსახურათ. მათ უნდა ეზრუნათ კარავზე და იეჰოვასთვის შესაწირავი შეეწირათ. წმინდათაწმინდაში შესვლა მხოლოდ აარონს შეეძლო, რომელიც მღვდელმთავარი იყო. ის იქ წელიწადში ერთხელ შედიოდა, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი ცოდვებისთვის, თავისი ოჯახის ცოდვებისთვის და მთელი ისრაელის ცოდვებისთვის.

      ისრაელებმა კარვის აგება ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ერთ წელიწადში დაასრულეს. ახლა მათ უკვე ჰქონდათ ადგილი, სადაც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს.

      ღმერთმა კარავი თავისი დიდებით აავსო და მასზე ღრუბელი დაავანა. თუ ღრუბელი კარვის თავზე იდგა, ისრაელები ადგილზე რჩებოდნენ, მაგრამ თუ ღრუბელი კარვიდან ზემოთ აიწეოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ უნდა აეშალათ იეჰოვას კარავი და ღრუბელს გაჰყოლოდნენ.

      „გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა! ღმერთი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თავად ღმერთი იქნება მათთან“ (გამოცხადება 21:3).

      კითხვები: რის აგება დაავალა იეჰოვამ მოსეს? რა პასუხისმგებლობა მიანდო იეჰოვამ აარონსა და მის ვაჟებს?

      გამოსვლა 25:1–9; 31:1–11; 40:33–38; ებრაელები 9:1–7

  • თორმეტი მზვერავი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ისრაელები ზვერავენ ქანაანს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 26

      თორმეტი მზვერავი

      ისრაელებმა სინას მთა უკან მოიტოვეს და ფარანის უდაბნოს გავლით მიადგნენ ადგილს, რომელსაც კადეში ერქვა. იქ იეჰოვამ მოსეს უთხრა: ამოარჩიე 12 კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან, რომ წავიდნენ და დაზვერონ ქანაანის მიწა, რომელიც ისრაელებს უნდა მივცე. მოსემაც ამოარჩია 12 კაცი და დაავალა: წადით ქანაანში და ნახეთ, ნაყოფიერია თუ არა იქაური მიწა, ხალხი ძლიერია თუ სუსტი, კარვებში ცხოვრობენ თუ ქალაქებში. 12 მზვერავი მაშინვე ქანაანისკენ გაემართა. მათ შორის იყვნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე.

      შეშინებული ისრაელები წუწუნებენ.

      მზვერავები 40 დღის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და თან ჩამოიტანეს იქაური ხილი: ლეღვი, ბროწეული და ყურძენი. აი, რა უთხრეს მათ ხალხს: მიწა ძალიან კარგია, მაგრამ იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობს. ქალაქებს მაღალი კედლები აქვს შემოვლებული. ქალებ იეფუნეს ძემ კი ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს: ახლავე წავიდეთ და შევებრძოლოთ! აუცილებლად დავამარცხებთ! იცი, რატომ თქვა მან ეს? იმიტომ რომ ის და იესო ნავეს ძე იეჰოვაზე იყვნენ მინდობილები. მაგრამ დანარჩენი 10 მზვერავი სხვა რამეს ამბობდა: იქ ვეებერთელა ხალხი ცხოვრობს, გოლიათებს ჰგვანან. მათთან შედარებით ჩვენი თავი კალიები გვეგონა!

      მთელი ხალხი შიშმა მოიცვა; წუწუნებდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მოდი სხვა წინამძღოლი ავირჩიოთ და დავბრუნდეთ ეგვიპტეში. რა გვინდა იმ ქვეყანაში, თუ ყველანი დავიხოცებით?! იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე კი ეუბნებოდნენ მათ: ხალხო, ნუ ეურჩებით იეჰოვას! ნუ გეშინიათ, ღმერთი აუცილებლად დაგვიცავს! მაგრამ ისრაელებმა არ მოუსმინეს ამ ორ მზვერავს და მათი მოკვლაც კი დააპირეს.

      როგორ მოიქცა იეჰოვა? მან მოსეს უთხრა: რამდენი რამ გავუკეთე ამ ხალხს, მაგრამ მაინც არ მემორჩილებიან. ამის გამო 40 წელი დარჩებიან უდაბნოში და უდაბნოშივე დაიხოცებიან. მხოლოდ მათი შვილები, იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე შევლენ აღთქმულ მიწაზე.

      „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?!“ (მათე 8:26).

      კითხვები: რა მოხდა, როცა 12 მზვერავი ქანაანიდან დაბრუნდა? როგორ გამოავლინეს იეჰოვასადმი ნდობა იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ?

      რიცხვები 13:1–14:38; კანონი 1:22–33; ფსალმუნი 78:22; ებრაელები 3:17–19

  • ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • კორახი და მისი მომხრეები დგანან მოსესა და აარონის წინ.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 27

      ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ

      უდაბნოში ყოფნის დროს კორახი, დათანი, აბირამი და კიდევ 250 კაცი მოსეს დაუპირისპირდნენ. ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს: როდემდე უნდა ვითმინოთ?! შენ რატომ უნდა იყო ჩვენი წინამძღოლი და აარონი – ჩვენი მღვდელმთავარი? იეჰოვა მარტო შენთან და აარონთან კი არა, ჩვენთანაც არის. არ მოეწონა იეჰოვას მათი საქციელი. მან ჩათვალა, რომ ისინი პირადად მას დაუპირისპირდნენ და არა მოსესა და აარონს.

      მოსემ უთხრა კორახსა და მის მომხრეებს: ხვალ კარავთან მოდით, თან თქვენი საცეცხლურები მოიტანეთ და ზედ საკმეველი მოაყარეთ. იქ გაგვაგებინებს იეჰოვა, თუ ვინ აირჩია.

      მეორე დღეს კორახი და 250 კაცი კარავთან მივიდნენ მოსესთან შესახვედრად. მათ საკმეველი ააბოლეს, არადა ამის გაკეთების უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ. იეჰოვამ უთხრა მოსესა და აარონს: მოშორდით კორახსა და მის კაცებს!

      ამ დროს დათანი, აბირამი და მათი ოჯახები არ იყვნენ შეხვედრის კარავთან, რადგან უარი თქვეს მოსესთან მისვლაზე. იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, მოშორებოდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. ისინიც მაშინვე მოშორდნენ იქაურობას. დათანი და აბირამი ოჯახებთან ერთად თავიანთ კარვებთან იდგნენ. უეცრად მიწა გაიხსნა და ყველანი შიგ ჩაცვივდნენ. შეხვედრის კარავთან კი ცეცხლი გადმოვიდა იეჰოვასგან და დაწვა კორახი და მისი 250 კაცი.

      მიწამ პირი დააღო და დათანი და აბირამი ოჯახებიანად ჩაყლაპა.

      ამის შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს: გამოართვი ყველა საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი და ზედ დააწერე მათი სახელები. ლევის საგვარეულოს კვერთხს აარონის სახელი დააწერე. დააწყვე ისინი შეხვედრის კარავში. ვისაც მე ავირჩევ, მისი კვერთხი აყვავდება.

      მეორე დღეს მოსემ გამოიტანა ყველა კვერთხი კარვიდან და აჩვენა თავკაცებს. აარონის კვერთხი აყვავებულიყო და ნუში გამოება. აი, ასე დაამტკიცა იეჰოვამ, რომ აარონი ჰყავდა არჩეული მღვდელმთავრად.

      „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, და დაემორჩილეთ“ (ებრაელები 13:17).

      კითხვები: რატომ დაუპირისპირდნენ კორახი და მისი მომხრეები მოსეს? საიდან ვიცით, რომ იეჰოვამ აარონი აირჩია მღვდელმთავრად?

      რიცხვები 16:1–17:13; 26:9–11; ფსალმუნი 106:16–18

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება