-
უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაშისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 სექტემბერი
-
-
უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაში
ნიკარაგუა პატარა ქვეყანაა, თუმცა ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი ტბით იკვეხნის. ამ ტბას ნიკარაგუა ჰქვია. საინტერესოა, რომ მხოლოდ ამ მტკნარწყლიან ტბაში ნახავთ ოკეანის ბინადარ ზვიგენს, შიმშერსა და ტარპონს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ დროს ამ ადგილას ყურე იყო, რომელიც წყნარ ოკეანეს ერთვოდა, მაგრამ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ოკეანეს გამოეყო. როცა წყალმა სიმლაშე დაკარგა, თევზს ახალ გარემოსთან მოუწია შეგუება.
ტბა ნიკარაგუა ზღვის დონიდან დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 160 კილომეტრია, ხოლო ყველაზე განიერი ნაწილი 70 კილომეტრს აღწევს. ამ ტბაში 400-ზე მეტი კუნძულია, რომელთაგან 300 ასესეს ნახევარკუნძულის გარშემოა თავმოყრილი ქალაქ გრანადასთან ახლოს, ტბის ჩრდილოეთ ნაწილში. მათ გრანადის პატარა კუნძულები ეწოდება.
უდიდესი კუნძული ტბის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მას ომეტეპე ჰქვია. მისი სიგრძე 25 კმ-ია, ხოლო სიგანე — 13 კმ. იგი ორი ვულკანური მთისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ყელით უკავშირდება. ამათგან მომაღლოს, კონსეფსიონს, სიმეტრიული კონუსი აქვს და 1 610 მეტრზეა აზიდული. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს აქტიური ვულკანი შეუმჩნეველი არავის დარჩება. მეორე ვულკანს, რომლის სიმაღლე 1 394 მეტრია, მადერა ჰქვია. ის მიძინებული ვულკანია და ხშირი ტყეებით არის დაფარული, ხოლო მის კრატერზე ლაგუნაა, რომელსაც ნისლი ფარავს.
ტურისტებს ხიბლავს ტბა ნიკარაგუა. ისინი ულამაზესი ბუნებისა და ძველი ცივილიზაციების ნაშთების სანახავად ჩადიან. მაგრამ ტბა ნიკარაგუას სხვა საგანძურიც აქვს, რომლის აღმოჩენაც ნამდვილად ღირს!
დასახლება წყალზე
გრანადის პატარა კუნძულები მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ხშირ ტყეებში, რომლითაც დაფარულია ვულკანური კუნძულების უმეტესი ნაწილი, ეგზოტიკური მცენარეები იზრდება. სანაპიროზე თვალს მოჰკრავთ წყლის ისეთ ფრინველებს, როგორიცაა ლურჯი ყანჩა, დიდი თეთრი ყანჩა, შაკი, ანჰინგა და ჩვამა. უღრან ტყეში ვეებერთელა ხეებზე წაბლისფრად შეფერილი ჩიტების (Psarocolius montezuma) გადმოკიდებულ ბუდეებსაც შეამჩნევთ, რომელთაც ტბიდან წამოსული ნიავი არხევს.
გრანადის ზოგი კუნძული დასახლებულია. აქ ადგილობრივი მეთევზეების სახლები და მდიდრების კოტეჯებია, აგრეთვე სკოლები, რესტორნები, ბარები და სასაფლაო. არქიპელაგი წყალზე გაშენებულ სოფელს ჰგავს.
ყოველ დილით სკოლაში ბავშვები ლურჯი და თეთრი ნავებით ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაჰყავთ. აქ მოტივტივე მაღაზიაც არის, რომელიც კუნძულ-კუნძულ ხილსა და ბოსტნეულს „დაატარებს“. ხალხი ყოველდღიური საქმეების კეთებით არის გართული — კაცები ტბაში ბადეებს ისვრიან, ქალები კი ტანსაცმელს რეცხავენ.
-
-
უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაშისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 სექტემბერი
-
-
კუნძული ომეტეპე
კუნძული ომეტეპე გრანადიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარეობს. ის საოცრად ლამაზი, ნაყოფიერი და საცხოვრებლად კარგი ადგილია. ნიკარაგუაში მიწათმოქმედების ადრეული ნიშნები სწორედ აქ იყო აღმოჩენილი. დღეს ომეტეპეზე 42 000 ადამიანი სახლობს. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და მიწათმოქმედებაა. აქ მოჰყავთ ბანანი, ყავა და მარცვლეული კულტურები. ცხოველთა სამყაროც არანაკლებ თვალწარმტაცია. კუნძულზე თუთიყუშთა არაერთი გუნდია. ერთ-ერთი სახეობაა (Calocitta formosa), რომელიც ხიდან ხეზე დაფრინავს და ლურჯ-თეთრი ბუმბულით თავს იწონებს. აქვე ბინადრობენ ყველასათვის საყვარელი თეთრსახიანი ციდამკაველი მაიმუნები.
-
-
უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაშისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 სექტემბერი
-
-
დაცული იქნება ეს საგანძური?
ტბა ნიკარაგუა თავისი სიდიდის გამო ყოველთვის აუღებელი ციხე-კოშკივით იყო, მაგრამ დღეს ის დაცვას საჭიროებს. წყალი ბინძურდება სოფლის მეურნეობისა და წარმოების ნარჩენებით, აგრეთვე, ტყის გაჩეხვის შედეგად წარმოქმნილი დანალექით.
-