-
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
ბიოგრაფია
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაში
მოგვითხო რობერტ ნიზბეტმა
სვაზილენდის მეფემ, სობჰუზა II-მ, მე და ჩემი ძმა, ჯორჯი, გულთბილად მიგვიღო თავის სამეფო რეზიდენციაში. ეს შორეულ 1936 წელს მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლად მახსოვს ჩვენი საუბარი, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. ამ საუბრის მიზეზი იყო ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელშიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდი. ამჟამად, 95 წლის ასაკში, დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ ჩემ მიერ შეტანილ წვლილს ამ საქმიანობაში, რომლის გამოც ხუთ კონტინენტზე მომიწია მსახურება.
-
-
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
ძმა რუტერფორდის მიერ წახალისებული
ძალინ დიდი სურვილი მქონდა, უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო ამ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რის გამოც 1931 წელს სრული დროით მსახურება გადავწყვიტე. ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ ლონდონში კონგრესზე დასწრების შემდეგ დაუყოვნებლივ დამეწყო პიონერული მსხურება. ერთ–ერთი შესვენების დროს ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხდველობდა, მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება სურდა. მან ამიხსნა, რომ პიონერების აფრიკაში გაგზავნა იგეგმებოდა. „ხომ არ ისურვებდი წასვლას“? — მკითხა მან. თუმცა ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, საკმაოდ მტკიცედ ვუთხარი: „დიახ, წავალ“.
იმ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანი ბიბლიური ლიტერატურის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გავრცელება იყო. ამისათვის კი გამუდმებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა მოითხოვებოდა. წამახალისეს, რომ დაუქორწინებელი დავრჩენილიყავი იმ ბევრი დაუქორწინებელი ძმის მსგავსად, რომლებსაც მაშინ ზედამხედველის მოვალეობები ჰქონდათ დაკისრებული. ჩემი ტერიტორია აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე კეიპტაუნიდან იწყებოდა და ამ კონტინენტის აღმოსავლეთ მხარის გაყოლებაზე იყო გადაჭიმული, რომელშიც ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე მდებარე კუნძულებიც შედიოდა. ჩემი ტერიტორიის დასავლეთ საზღვრამდე რომ მიმეღწია, კალაჰარის უდაბნოს ცხელქვიშიანი ტერიტორია უნდა გამევლო და უნდა ავსულიყავი ვიქტორიის ტბამდე, იმ ადგილამდე, საიდანაც მდინარე ნილოსი იღებს სათავეს. მე და ჩემი თანამშრომელი აფრიკის ამ ვრცელ ტერიტორიაზე ვქადაგებდით და ყოველ ექვს თვეში ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდით.
სულიერი სიმდიდრით სავსე ორასი ყუთი
როდესაც კეიპტაუნში ჩავედით, ლიტერატურით სავსე 200 ყუთი მაჩვენეს, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკისთვის იყო გათვალისწინებული. ეს ლიტერატურა ოთხ ევროპულ და ოთხ აზიურ ენაზე იყო დაბეჭდილი. ამ ყუთებში საერთოდ არ იყო რომელიმე აფრიკულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა. როდესაც ვიკითხე, თუ რატომ იყო ეს ლიტერატურა ჯერ კიდევ ჩემს ჩასვლამდე იქ, მითხრეს, რომ ეს ფრანკ და გრეი სმიტებისთვის გამოგზავნეს. ეს ორი პიონერი ღვიძლი ძმა ახალი წასულები იყვნენ კენიაში საქადაგებლად. ჩასვლისთანავე ორივე მალარიით დაავადდა და, სამწუხაროდ, ფრანკი გარდაიცვალა.
ამ ამბავმა სერიოზულად ჩამაფიქრა, მაგრამ არ შევშინებულვარ. მე და ჩემი თანამშრომელი, დეივიდ ნორმანი კეიპტაუნიდან გემით გავემგზავრეთ პირველი დანიშნულების ადგილზე — დაახლოებით 5 000 კილომეტრით დაშორებულ ტანზანიაში. მომბასას (კენია) ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი დაგვეხმარა ლიტერატურის გადაგზავნაში და ჩვენი თხოვნისამებრ, სადაც საჭირო იყო, ყველგან გაგზავნა ლიტერატურით სავსე ყუთები. თავდაპირველად ჩვენ თითოეული ქალაქის საქმიან ტერიტორიებზე — მაღაზიებსა და დაწესებულებებში ვქადაგებდით. ლიტერატურის მარაგში გვქონდა სხვადასხვა ფერის 9 წიგნისა და 11 ბროშურისგან შემდგარი კომპლექტები, რომლებიც ნაირფერობის გამო ცისარტყელის კომპლექტად გახდა ცნობილი.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ვწვეოდით ზანზიბარის კუნძულს, რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან 30 კილომეტრით არის დაშორებული. საუკუნეების მანძილზე ზანზიბარი მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო. ეს კუნძული განთქმული იყო მიხაკებითაც, რომლის სუნსაც მთელ ქალაქში ვგრძნობდით. ცოტა არ იყოს, გვაშინებდა ის, რომ გზას ვერ ვაგნებდით, რადგან ქალაქი სრულიად დაუგეგმავად იყო აშენებული. ყველგან მიხვეულ–მოხვეული და ლაბირინთისმაგვარი ქუჩები იყო, რის გამოც შეიძლებოდა ადვილად დავკარგულიყავით. ჩვენი სასტუმრო საკმაოდ კომფორტული იყო, მაგრამ მოქლონილი კარებითა და სქელი კედლებით ციხეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასტუმროს. ასე იყო თუ ისე, ჩვენს მსახურებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია: მოხარულები ვიყავით, რომ არაბებმა, ინდოელებმა და სხვებმა სიამოვნებით აიღეს ჩვენი ლიტერატურა.
მატარებლით, გემითა და მანქანით მგზავრობა
იმ პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკაში მგზავრობა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც მომბასადან კენიის მთიან რეგიონამდე მატარებლით მივდიოდით, კალიების შემოსევის გამო ჩვენი მატარებელი გაჩერდა. მთელი ეს ტერიტორია და ლიანდაგები მილიონობით კალიით იყო მოფენილი, რის გამოც თბომავალს უჭირდა მატარებლის დაძვრა. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ, სანამ მატარებელი გაივლიდა, თბომავლიდან გამოეშვათ ცხელი წყალი და გადაერეცხათ ლიანდაგები. ამგვარად, სანამ კალიებით მოფენილ ტერიტორიას არ გავცდით, ნელ–ნელა მივიწევდით წინ. შვება ვიგრძენით, როდესაც მატარებელი მაღალმთიანი რაიონის გზას აუყვა და მთის გრილმა ჰაერმა სიამოვნება მოგვგვარა!
თუმცა ზღვისპირა ქალაქებამდე იოლად შეიძლებოდა მატარებლითა და გემით მისვლა, სოფლებამდე მიღწევა ყველაზე მოსახერხებელი მაინც მანქანით იყო. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი ძმა ჯორჯი შემომიერთდა მსახურებაში და ერთობლივი ძალებით შევძელით ავტოფურგონის ყიდვა. ის იმდენად დიდი იყო, რომ შიგნით საწოლების დადგმაც შეიძლებოდა და სამზარეულოსა და სათავსის მოწყობაც. ფანჯრებზე კოღოებისგან დამცავი ბადე გავაკეთეთ, მანქანის სახურავზე კი ხმის გამაძლიერებლები დავაყენეთ; ასეთი მოწყობილობით აღჭურვილი ავტოფურგონით შეგვეძლო, მთელი დღის მანძილზე გვექადაგა კარდაკარ და საღამოობით ხალხი ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად მოგვეწვია. იმ დროს ხალხს ცნობილი ბიბლიური მოხსენების — „არსებობობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი?“ — ჩანაწერს ვასმენინებდით. ერთ–ერთი მგზავრობისას სამხრეთ აფრიკიდან კენიამდე, 3 000 კილომეტრი გავიარეთ ჩვენი „მოძრავი სახლით“. ამ მგზავრობით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან თან გვქონდა რამდენიმე ადგილობრივ ენაზე გამოცემული ბროშურები, რომლებიც ხალხმა დიდი სიხარულით გამოგვართვა.
მსგავსი მოგზაურობების დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით აფრიკის ცოცხალი ბუნების ხილვით. რასაკვირველია, უსაფრთხოების მიზნით შებინდებისას მანქანაში ვრჩებოდით ხოლმე. რწმენას გვიძლიერებდა იეჰოვას მიერ შექმნილი მრავალნაირი ცხოველების ხილვა თავიანთ ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში.
წინააღმდეგობა იწყება
დიახ, ჩვენ ვფრთხილობდით გარეული ცხოველებისგან თავდასაცავად; თუმცა ეს საშიშროება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რის გადატანაც მოგვიხდა მთავრობის წარმომადგენლებისა თუ აგრესიული რელიგიური წინამძღოლების მხრიდან, რომლებიც დაუფარავად ცდილობდნენ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას. ყველაზე დიდი სირთულე შეგვიქმნა ერთმა ფანატიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს „მუანა ლისას“ ანუ „ღვთის ძეს“ უწოდებდა. მისი ჯგუფი კი ცნობილი იყო, როგორც „კიტავალა“, რაც, სამწუხაროდ, „საგუშაგო კოშკს“ ნიშნავს. ჩვენს ჩასვლამდე ამ მამაკაცმა ბევრი აფრიკელი დაახრჩო წყალში და თან აცხადებდა, რომ ასეთი სახით ისინი მონათლა. საბოლოოდ, ის დაიჭირეს და ჩამოახრჩეს. მოგვიანებით მე შესაძლებლობა მომეცა, დავლაპარაკებოდი მამაკაცს, რომელმაც ეს ფანატიკოსი ჩამოახრჩო. მას ავუხსენი, რომ ამ ფანატიკოსს არანაირი შეხება არ ჰქონდა ჩვენს საზაგადოება „საგუშაგო კოშკთან“.
სირთულეებს წავაწყდით ბევრი ევროპელისგანაც, რომლებიც, ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო, უკმაყოფილო იყვნენ ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობით. ერთმა საწყობის გამგემ ასეთი სიტყვებით გამოხატა უკმაყოფილება: „თეთრკანიანები რომ დარჩნენ ამ ქვეყანაში, აფრიკელები ვერ უნდა მიხვდნენ, როგორ უწევენ მათ ექსპლუატაციას და იყენებენ იაფ მუშახელად“. ამავე მიზეზით ოქროს მომპოვებელი კომპანიის უფროსმა თავისი ოფისიდან გამომაგდო და გაბრაზებული ქუჩამდე მომსდევდა.
რასაკვირველია, უმთავრესად, ამ მოწინააღმდეგე რელიგიური წინამძღოლების და მეწარმეების გავლენით გვიბრძანა როდეზიის (ამჟამად ზიმბაბვე) მთავრობამ ქვეყნის დატოვება. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ქვეყანაში დარჩენის უფლება მოგვცეს იმ პირობით, თუ არ ვუქადაგებდით აფრიკელებს. ამის მიზეზი, როგორც მთავრობის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა აგვიხსნა, ის იყო, რომ ჩვენი ლიტერატურა „სრულიად ეწინააღმდეგებოდა აფრიკელთა აზროვნებას“. რაც შეეხება აფრიკის სხვა ქვეყნებს, იქ ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის დროს დაბრკოლებები არ შეგვხვედრია და სიხარულითაც კი გვეხმაურებოდნენ. ერთ–ერთი ასეთი ქვეყანა სვაზილენდი იყო.
გულთბილი მიღება სვაზილენდში
სვაზილენდი სამხრეთ აფრიკაში მდებარე პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის ფართობიც 17 364 კვადრატული კილომეტრია. სწორედ აქ შევხვდით სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ უაღრესად მჭევრმეტყველ მეფეს, საბჰუზა II–ს. მან კარგად იცოდა ინგლისური. ამ ენას მეფე ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაეუფლა. საშინაო ფორმაში გამოწყობილმა ბატონმა საბჰუზამ ძალიან თბილად მიგვიღო.
მასთან საუბრის დროს ყურადღება გავამახვილეთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებაზე, რომელსაც ღმერთი სწორად განწყობილ ადამიანებს აღუთქვამს. თუმცა სამოთხის შესახებ ცნობით დიდად არ დაინტერესებულა, აღნიშნა, რომ ცხოვრებისეული საკითხებით საკმაოდ იყო დაინტერესებული. მეფე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ღარიბი და გაუნათლებელი ხალხის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა. მას არ მოსწონდა ქრისტიანული სამყაროს ბევრი მისიონერის მოღვაწეობა, რადაგან ისინი უფრო მეტად თავიანთი ეკლესიის წევრების რაოდენობრივ ზრდაზე ზრუნავდნენ და არა ხალხის განათლებაზე. მეფე კარგად იყო გაცნობილი ჩვენს საქმიანობასთან და ამ ქვეყანაში მყოფი რამდენიმე პიონერი შეგვაქო კიდეც ბიბლიურ–საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის. მას ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით იმიტომ მოსწონდა, რომ ყოველგვარი გადასახადის ან სხვა მოთხოვნების გარეშე ვასრულებდით მას.
ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლა
1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ჩამოყალიბდა. ამ სკოლის ერთ–ერთი მიზანი იყო, რომ მხოლოდ ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებაზე არ გადატანილიყო მთავარი ყურადღება. მისიონერებს ასწავლიდნენ, რომ მეტი ყურადღება დაეთმოთ ყველასთვის, ვინც სასიხარულო ცნობით ინტერესდებოდა და უფრო გაეღვივებინათ მათი ინტერესი. 1950 წელს მე და ჯორჯი გალაადის მე–16 კლასში მიგვიწვიეს.
-