-
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იესო მიდის, რომ მოწაფეებს ადგილი მოუმზადოს
ის თავის მიმდევრებს ჰპირდება, რომ დამხმარეს გაუგზავნის
„მამა ჩემზე დიდია“
იესო თავის მოციქულებთან ერთად ჯერ კიდევ ზემოთა ოთახშია, სადაც გახსენების საღამო დააწესა. ახლა იგი მოუწოდებს მათ: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“ (იოანე 13:36; 14:1).
იესო თავის ერთგულ მოციქულებს არწმუნებს, რომ მისი წასვლის გამო ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“. მოციქულები ვერ ხვდებიან, რომ ის ზეცაში წასვლაზე საუბრობს. თომა ეუბნება: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორ გვეცოდინება?!“ (იოანე 14:2—5).
იესო პასუხობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მისი ზეციერი მამის სახლში მხოლოდ ის დაიმკვიდრებს ადგილს, ვინც აღიარებს მას, ეთანხმება მის სწავლებებს და ჰბაძავს. იესო დასძენს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).
ფილიპე, რომელიც ყურადღებით უსმენს იესოს, ამბობს: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“. როგორც ჩანს, ფილიპეს სურს, რომ ღმერთი მასაც გამოეცხადოს, როგორც ეს მოსეს, ელიასა და ესაიას შემთხვევაში მოხდა. მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ხილვაზე გაცილებით მეტს ხედავენ. იესო ხაზს უსვამს ამას შემდეგი სიტყვებით: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. იესო სრულყოფილად ჰბაძავს მამას; ამიტომ მოწაფეები, რომლებიც დღედაღამ იესოს გვერდით არიან და აკვირდებიან მას, შეიძლება ითქვას, რომ მის მამას ხედავენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესოზე დიდია, რადგან ის თავად ამბობს: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოანე 14:8—10). მოციქულები ხედავენ, რომ იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებს.
მათ საკუთარი თვალით იხილეს, რა გასაოცარ საქმეებს იქმოდა იესო და როგორ აცხადებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ახლა იგი ამბობს: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). იესოს იმის თქმა არ სურს, რომ მოწაფეები მასზე დიდ სასწაულებს მოახდენენ. ამით იგი ხაზს უსვამს, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, უფრო ფართო მასშტაბით იმსახურებენ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინებენ სასიხარულო ცნობას.
მართალია, იესო ზეცაში წავა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწაფეები მიტოვებულები იქნებიან. იესო ჰპირდება მათ: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. მეტიც, ის დასძენს: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს“ (იოანე 14:14, 16, 17). ის არწმუნებს, რომ სხვა დამხმარეს, წმინდა სულს მიიღებენ. ეს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდება.
იესო ამბობს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ“ (იოანე 14:19). იესო მათ მხოლოდ აღდგომის შემდეგ კი არ გამოეცხადება, არამედ დადგება დრო, როცა ზეცაში სულიერ ქმნილებებად აღადგენს.
ახლა იესო მარტივ ჭეშმარიტებას აცხადებს: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“. ამაზე მოციქული იუდა, რომელსაც თადეოზსაც ეძახიან, ეკითხება: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“. იესო პასუხობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას . . . ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს“ (იოანე 14:21—24). მისი მიმდევრებისგან განსხვავებით, ქვეყნიერება არ აღიარებს, რომ იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
როგორ შეძლებენ მოწაფეები იესოს წასვლის შემდეგ იმ ყველაფრის გახსენებას, რასაც იგი ასწავლიდა? იესო უხსნის: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“. მოციქულებმა უკვე დაინახეს, თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის წმინდა სულს, ამიტომ მათთვის იესოს სიტყვები ნამდვილად მანუგეშებელია. იესო დასძენს: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ . . . გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ“ (იოანე 14:26, 27). მოწაფეებს ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი, რადგან იესოს მამა მათ ყოველმხრივ უხელმძღვანელებს და დაიცავს.
ეს ძალიან მალე გახდება ცხადი. იესო ამბობს: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30). როგორც ვიცით, ეშმაკი იუდაში შევიდა და თავის გავლენაში მოაქცია. მაგრამ სატანა იესოს ვერასდროს აუმხედრებს ღმერთს, რადგან მას არანაირი სისუსტე არა აქვს, რითაც ეშმაკი ისარგებლებდა. ის ვერც იმას შეძლებს, რომ ღვთის ძე მარადიულად ამყოფოს სიკვდილის ტყვეობაში. იესო დარწმუნებით ამბობს: „რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება, რომ მამა გაათავისუფლებს სიკვდილის მარწუხებისგან და მკვდრეთით აღადგენს (იოანე 14:31).
-
-
ჭეშმარიტი ვაზი და ლერწებიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 120
ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები
როგორ უნდა გამოიღონ ლერწებმა ნაყოფი?
როგორ არის შესაძლებელი იესოს სიყვარულში დარჩენა?
იესოსა და მის მოციქულებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა; იგი ყველანაირად ცდილობდა, გაემხნევებინა ისინი. როგორც ჩანს, ახლა უკვე გვიანია. შუაღამე გადასულია.
იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). ეს მაგალითი იმას მოგვაგონებს, რაც საუკუნეების წინ ისრაელი ერის შესახებ ითქვა, რომელსაც იეჰოვას ვაზი ეწოდა (იერემია 2:21; ოსია 10:1, 2). მაგრამ იეჰოვა მალე საბოლოოდ უარყოფს ამ ერს (მათე 23:37, 38). აქედან გამომდინარე, ფაქტია, იესო სხვა, ახალ აზრს ავითარებს. იგი იმაზე საუბრობს, რომ თავად არის ვაზი, რომელსაც მისი ზეციერი მამა ახ. წ. 29 წლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც წმინდა სულით სცხო, უვლის და ზრდის. თუმცა იესო იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს ვაზი მხოლოდ მას არ ასიმბოლოებს:
„ის [მამა] მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს . . . როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“ (იოანე 15:2—5).
იესო დაჰპირდა თავის ერთგულ მოწაფეებს, რომ წასვლის შემდეგ გამოუგზავნიდა დამხმარეს, წმინდა სულს. 51 დღის შემდეგ, როცა მოციქულებმა და სხვებმა წმინდა სული მიიღეს, ისინი, ასე ვთქვათ, ვაზის ლერწები გახდნენ. ყველა ეს „ლერწი“ იესოსთან უნდა დარჩეს ერთობაში. რა მიზანს მოემსახურება მათი ერთობა?
იესო ხსნის: „ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“. ეს „ლერწები“ ანუ იესოს ერთგული მიმდევრები ბევრ ნაყოფს გამოიღებენ — მის მსგავს თვისებებს გამოავლენენ, თავდაუზოგავად იქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ და რაც შეიძლება მეტს მოიმოწაფებენ. რა მოხდება, თუ რომელიმე მოწაფე არ დარჩება იესოსთან ერთობაში და არ გამოიღებს ნაყოფს? იესო ამბობს: „თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას . . . აგდებენ“. იესო შემდეგსაც აღნიშნავს: „თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ“ (იოანე 15:5—7).
ახლა იესო კვლავ იმ საკითხს უბრუნდება, რაც უკვე ორჯერ მოიხსენია; იგი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მცნებების დაცვა (იოანე 14:15, 21). იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ შეძლებენ მოწაფეები იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილად მისი სიტყვებისამებრ იქცევიან: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“. მაგრამ მათგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე მხოლოდ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის სიყვარული. იესო დასძენს: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:10—14).
სულ რაღაც რამდენიმე საათში იესო თავის სიყვარულს დაუმტკიცებს ყველას, ვინც მის მიმართ რწმენას ავლენს, როცა საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს მათთვის. მისმა მაგალითმა მოწაფეები უნდა აღძრას, ასეთივე თავგანწირვის სულისკვეთება ჰქონდეთ და მასავით ძლიერ უყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცოტა ხნის წინ იესომ აღნიშნა, სწორედ ასეთი სიყვარული იქნება მათი ამოსაცნობი ნიშანი: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).
მოციქულები კარგად უნდა დაუფიქრდნენ იესოს ნათქვამს — მან ხომ მათ თავისი მეგობრები უწოდა! იესო უხსნის, თუ რატომ თვლის მათ მეგობრებად: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“. მართლაც დიდი პატივია, იწოდებოდე იესოს ახლო მეგობრად და ყველაფერი იცოდე, რაც მას მამისგან მოუსმენია! თუმცა მოციქულებს არც ის უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ კვლავაც გამოიღებენ ნაყოფს. ამ შემთხვევაში, იესოს სიტყვების თანახმად, რასაც კი სთხოვენ მამას მისი სახელით, მიეცემათ (იოანე 15:15, 16).
თუ მოწაფეებს, რომელთაც იესო ლერწებს ადარებს, ერთმანეთის სიყვარული ექნებათ, ეს ყველაფერს აატანინებთ, რაც წინ ელით. იესო აფრთხილებს მათ, რომ ქვეყნიერება შეიძულებთ, თუმცა მანუგეშებელ სიტყვებსაც არ იშურებს: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:18, 19).
იესო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ მოიძულებს მათ ქვეყნიერება: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. იესო ამბობს, რომ მისი დიდებული საქმეები, ასე ვთქვათ, მსჯავრს სდებს მის მოძულეთ: „მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. იესოს მოწინააღმდეგეებს სძულთ იგი, რითაც დიდი ხნის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება (იოანე 15:21, 24, 25; ფსალმუნი 35:19; 69:4).
შემდეგ იესო კვლავ აძლევს მათ დაპირებას, რომ გამოუგზავნის დამხმარეს, წმინდა სულს. ამ უძლიერეს ძალას ყველა მისი მიმდევარი მიიღებს, რაც დაეხმარებათ, გამოიღონ ნაყოფი ანუ დაამოწმონ (იოანე 15:27).
-
-
„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 121
„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“
მალე მოციქულები ვეღარ იხილავენ იესოს
მოციქულების მწუხარება სიხარულით შეიცვლება
იესო თავის მოციქულებთან ერთად სადაცაა დატოვებს ზემოთა ოთახს, სადაც პასექი აღნიშნეს. მან მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა მათ, ახლა კი ეუბნება: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ“. რატომ არის ეს გაფრთხილება მეტად დროული? ის ამბობს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:1, 2).
ამ სიტყვების მოსმენა, როგორც ჩანს, ანაღვლიანებს მოციქულებს. მართალია, იესომ უკვე უთხრა, რომ ქვეყნიერება შეიძულებდათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ არ უთქვამს, რომ მოწინააღმდეგეები მოკლავდნენ. რატომ დუმდა იესო ამ დრომდე? ის უხსნის: „თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი“ (იოანე 16:4). ახლა კი, სანამ დატოვებს, აფრთხილებს მათ. ეს შესაძლოა მოგვიანებით დაეხმაროთ, არ დაბრკოლდნენ.
იესო განაგრძობს: „ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ, მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო“. ამ საღამოს მათ უკვე ჰკითხეს, სად აპირებდა წასვლას (იოანე 13:36; 14:5; 16:5). მაგრამ ახლა, როცა ისმენენ, რა განსაცდელები ელით წინ, გულს ნაღველი აწვებათ და აღარაფერს ეკითხებიან იესოს იმის თაობაზე, თუ როგორ განდიდდება მომავალში და რა მნიშვნელობა ექნება ამას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის. იგი შენიშნავს: „ეს რომ გითხარით, მწუხარებით აგევსოთ გულები“ (იოანე 16:6).
შემდეგ იესო განუმარტავს: „თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას“ (იოანე 16:7). იესოს მოწაფეები მხოლოდ მისი სიკვდილისა და ზეცაში წასვლის შემთხვევაში მიიღებენ წმინდა სულს, რომელსაც იგი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნის დამხმარედ ღვთის მსახურებს.
წმინდა სული „დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ“ (იოანე 16:8). დიახ, მალე გამოაშკარავდება, რომ ქვეყნიერებას არ სწამს ღვთის ძის; იესოს ზეცად ამაღლება მისი სიმართლის დამაჯერებელი მტკიცებულება იქნება; ეს აგრეთვე ფარდას ახდის იმას, თუ რატომ იმსახურებს სატანა, „ქვეყნიერების მმართველი“ მკაცრ სასჯელს (იოანე 16:11).
„კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, — განაგრძობს იესო. — მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“. მას შემდეგ, რაც იესო წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, ეს სული წარუძღვება მათ „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ და ისინი შეძლებენ მის თანახმად ცხოვრებას (იოანე 16:12, 13).
იესოს შემდეგი განაცხადი დაბნეულობაში აგდებს მოციქულებს: „ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ“. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რას გულისხმობს იესო. იგი ხვდება, რის კითხვა სურთ და უხსნის: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ“ (იოანე 16:16, 20). მომდევნო დღეს, ნაშუადღევს, როცა იესოს მოკლავენ, უფროსი მღვდლები და სხვები გაიხარებენ, მაგრამ მოწაფეები დამწუხრდებიან. თუმცა თავიანთი მოძღვრის აღდგომის შემდეგ მათ მწუხარებას სიხარული შეცვლის. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება; იესო ღვთის წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, რაც არანაკლებ სასიხარულო იქნება.
იესო მოციქულების მდგომარეობას მშობიარე ქალის მდგომარეობას ადარებს: „ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე“. იგი ამხნევებს თავის მოციქულებს: „ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ“ (იოანე 16:21, 22).
ამ დრომდე იესოს მოციქულებს არასდროს უთხოვიათ ღვთისთვის რაიმე მისი ძის სახელით. ახლა კი ის ეუბნება მათ: „იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ“. რატომ უნდა მოიქცნენ ასე? არა იმიტომ, რომ მამა უხალისოდ ისმენს მათ თხოვნას. იესო უხსნის: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“ (იოანე 16:26, 27).
მოციქულების შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ნათქვამმა ძალები შეჰმატათ: „ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“. მალე მათ საქმით მოუწევთ იმის დამტკიცება, ნამდვილად სჯერათ თუ არა ამის. იესო ეუბნება, რა ელოდებათ წინ: „მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ“. თუმცა აქვე ამხნევებს კიდეც: „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:30—33). იესო ნამდვილად არ აპირებს მოციქულების მიტოვებას. მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ, მის მსგავსად, ისინიც სძლევენ ქვეყნიერებას — სატანისა და მისი ქვეყნიერების ყველა მცდელობის მიუხედავად, შეარყიონ მათი ერთგულება, ისინი მაინც უერთგულებენ ღმერთს და შეასრულებენ მის ნებას.
-