-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ქადაგება მთიან მხარეში
იმავე თვეს ტომ და როვენა კიტოები პორტ-მორზბიდან რამდენიმე კვირით გაემგზავრნენ. მოგზაურობა საკმაოდ დამქანცველი აღმოჩნდა. მათ სასიხარულო ცნობა იქადაგეს ახალი გვინეის მთაგორიან მხარეში, სადაც ჯერ არავის ექადაგა.
30 წლით ადრე ამ მთიან მხარეს ავსტრალიელი ოქროსმაძიებლები ესტუმრნენ, სადაც გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილი თითქმის ერთმილიონიანი მოსახლეობა აღმოაჩინეს. იქაურ თავზარდაცემულ მაცხოვრებლებს ეს თეთრკანიანი მამაკაცები საიქიოდან დაბრუნებული წინაპართა სულები ეგონათ.
ოქროსმაძიებელთა კვალდაკვალ იქ ქრისტიანული სამყაროს მისიონერებიც ჩავიდნენ. „შეიტყვეს თუ არა ამ მისიონერებმა ჩვენი ჩასვლის ამბავი, სოფლის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, არ მოესმინათ ჩვენთვის, — იხსენებს როვენა. — მაგრამ მათ ამით კარგი რეკლამა გაგვიწიეს. იქაურები, რომლებიც ძალიან ცნობისმოყვარენი იყვნენ, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩასვლას“.
ტომმა და როვენამ პატარა მაღაზია გახსნეს ვაბაგში, ქალაქ მაუნტ-ჰაგენიდან ჩრდილო-დასავლეთით 80 კილომეტრში. „მღვდლებმა თავიანთ მრევლს აუკრძალეს ჩვენთან ლაპარაკი, ჩვენგან რაიმეს ყიდვა ან ჩვენთვის რაიმეს მოყიდვა და ისიც კი მოითხოვეს, რომ ჩვენთვის გაეუქმებინათ იჯარის ხელშეკრულება, — ამბობს ტომი. — მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით სხვა თეთრკანიანებისგან. მათთვის ყველაზე უფრო შესამჩნევი ის იყო, რომ კარგად ვექცეოდით. ჩვენი კარგი საქციელის დამნახველთ, ხშირად თვალზე ცრემლიც კი ადგებოდათ ხოლმე და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდოდათ ჩვენი არსად გაშვება“.
მოთმინებას კარგი ნაყოფი მოაქვს
1963 წლიდან მოყოლებული არ წყდებოდა სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იეჰოვას მოწმეთა ნაკადი, რომლებიც ამ მთიან მხარეში სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად ჩადიოდნენ. ეს და-ძმები ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილიდან ნელ-ნელა მიიწევდნენ დასავლეთით და ადგილ-ადგილ კრებებსა და ჯგუფებს აყალიბებდნენ. მალე მათ მთელ მთიან რეგიონში იქადაგეს.
აღმოსავლეთ მთიანეთის პროვინციაში მდებარე გოროკას პატარა კრება თავდაპირველად ერთ-ერთ საკუთარ სახლში ტარდებოდა. მოგვიანებით შეხვედრების ჩასატარებლად ამ კრების წევრებმა ადგილობრივი მასალით ააგეს უბრალო შენობა; 1967 წელს კი კოხტა, 40-კაციანი სამეფო დარბაზი ააშენეს. „ვხუმრობდი ხოლმე, რომ დიდი მიღწევა იქნებოდა, თუ არმაგედონამდე მთელ დარბაზს გავავსებდით, — გვიყვება ჯორჯ კოკსენი, რომელმაც ამ მთიან მხარეში ათი წელი იმსახურა. — ო, როგორ ვცდებოდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში იმდენმა დაიწყო კრების შეხვედრაზე დასწრება, რომ მეორე კრების ჩამოყალიბება გახდა საჭირო“.
გოროკას აღმოსავლეთით, ქალაქ კაინანტუსთან ახლოს ნორმ შარინი 50-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას თავის ქოხში. შესწავლებს ის ყოველდღე ატარებდა. მოგვიანებით, ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში, ამ ჯგუფზე პიონერები ბერნტ და ერნა ანდერსონები ზრუნავდნენ. „ეს ხალხი იშვიათად იბანდა და თითქმის შიშველ-ტიტველი დადიოდა, მათ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ და დემონიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მოთმინებითა და სიყვარულით გაწეულმა მზრუნველობამ თავისი ნაყოფი გამოიღო — ზოგმა საკმაოდ მალე შეძლო 150 მუხლის ზეპირად დამახსოვრება და მათი ახსნა-განმარტება“, — იხსენებს ერნა.
ბერნტსა და ერნას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ შემსწავლელებთან. „როდესაც დანიშნულება მივიღეთ და კავინგში უნდა გადავსულიყავით, ქალები შემომეხვივნენ და ტიროდნენ. რიგრიგობით მისვამდნენ მკლავებზე და სახეზე ხელებს და ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები, — ამბობს ერნა. — დროდადრო შევდიოდი ქოხში, რომ მეტირა; ამ დროს ბერნტი მათ დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბოლოს, როდესაც ჩვენი ავტომობილი ადგილიდან დაიძრა და დაღმართზე დაეშვა, უამრავი ხალხი გამოგვედევნა; ქალები ხმამაღლა ტიროდნენ. დღესაც თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ვიხსენებ იმას, რაც იმ დღეს განვიცადე. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ახალი ქვეყნიერება, რომ ეს ძვირფასი ხალხი კვლავ ვნახოთ!“ ბერნტისა და ერნას მიერ დაწყებული საქმე სხვა პიონერებმა გააგრძელეს და კაინანტუში შესანიშნავი კრება ჩამოაყალიბეს.
სამეფოს თესლის თესვას ნაყოფი გამოაქვს
70-იანი წლების დასაწყისში მოწმეთა პატარა ჯგუფი უკვე აქტიურად ქადაგებდა გოროკადან დასავლეთით 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ მაუნტ-ჰაგენში. ამ ქალაქში ყოველკვირა იმართებოდა დიდი ბაზრობა და შორეული სოფლებიდან ათასობით ადამიანი ჩადიოდა. „ასობით პუბლიკაციას ვავრცელებდით ამ ბაზრობაზე“, — იხსენებს უშიშარი პიონერი და დოროთი რაიტი. როდესაც ხალხი თავ-თავის სოფლებში ბრუნდებოდა, სამეფოს ცნობაც თან მიჰქონდა. ამგვარად სასიხარულო ცნობამ ისეთ დაშორებულ ადგილებამდეც კი მიაღწია, სადაც მაუწყებლები ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ ჩასვლას.
მოგვიანებით დოროთის ვაჟი, ჯიმ რაიტი, სხვა პიონერთან, კერი კეი-სმითთან ერთად მაუნტ-ჰაგენის აღმოსავლეთით ჩაისა და ყავის პლანტაციებით მდიდარ ვაგის თვალწარმტაც ველზე მდებარე ქალაქ ბანზში გააგზავნეს. აქ ისინი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისგან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ; სასულიერო პირები ბავშვებს აქეზებდნენ, მათთვის ქვები დაეშინათ და სოფლიდან გაეძევებინათ. როდესაც კერიმ ახალი დანიშნულება მიიღო, ჯიმი ბანზში დარჩა და მარტო განაგრძო პიონერული მსახურება. ის იხსენებს: «ღამღამობით, როცა ჩემს ქოხში დასაძინებლად ვწვებოდი, ვლოცულობდი და ღმერთს ვეკითხებოდი: „იეჰოვა, რატომ ვარ აქ?“ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივიღე.
2007 წელს ავსტრალიიდან ბანზში ჩავედი, საოლქო კონგრესს რომ დავსწრებოდი. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ერთ დროს ჩემი პატარა ქოხი იყო, ახალი, შესანიშნავი სამეფო დარბაზი იდგა. შესაძლებელი იყო ამ დარბაზის დროებით 1 000-კაციან საკონგრესო დარბაზად გადაკეთებაც. მივედი თუ არა იქ, ერთმა ძმამ მოირბინა ჩემთან, გადამეხვია და აქვითინდა. ბოლოს, როცა დამშვიდდა, ამ ძმამ, პოლ ტაიმ, მითხრა, რომ 36 წლის წინ თურმე მამამისს ვასწავლიდი ბიბლიას. პოლს მოგვიანებით მამამისის წიგნები წაეკითხა, ჭეშმარიტება მიეღო და ახლა კრებაში უკვე უხუცესად მსახურობდა.
ამ კონგრესზე ჩემგან ინტერვიუ აიღეს და მომაყოლეს, თუ როგორ გვდევნიდნენ პირველ ხანებში ბანზში ჩასულებს, — ამბობს ჯიმი. — ამან თითქმის მთელი დარბაზი აატირა. პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ძმა მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და თვალცრემლიანებმა ბოდიში მომიხადეს. თურმე ეს ის ბავშვები ყოფილან, რომლებიც ქვებს მესროდნენ, მლანძღავდნენ და სოფლიდან მაგდებდნენ. მათ შორის იყო ლუთერანული ეკლესიის ყოფილი მსახური, მანგი სამგარიც; სწორედ ის აქეზებდა ამ ბავშვებს. ახლა კი ის უკვე უხუცესი იყო. ამ კონგრესზე მართლაც ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა!»
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 112 გვერდზე]
მოგპარეს მათ გული?
აიკოვანი
დაიბადა: 1940 წ.
მოინათლა: 1975 წ.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ის იყო ენგას ტომიდან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო.
◼ მაშინ, როცა ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში (ენგას პროვინცია) ჩამოვიდნენ, ადგილობრივმა ეკლესიებმა მათზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტომი და როვენა საფლავებს თხრიდნენ და მიცვალებულებს ჭამდნენ. ამ ამბებმა ძალიან შემაშინა.
ერთ დღეს ტომს მამაჩემისთვის უკითხავს, ხომ არ იცოდა ვინმე ახალგაზრდა ქალი, რომელიც მის ცოლს სახლის საქმეებში მიეხმარებოდა. მამაჩემს ეთქვა, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა მაიძულა, უარი არ მეთქვა ამ სამუშაოზე.
მოგვიანებით ტომმა და როვენამ მკითხეს: „როგორ ფიქრობ, რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“
— კარგი ადამიანები ზეცაში მიდიან, — ვუპასუხე მე.
— ბიბლიაში წაიკითხე ეს? — მკითხეს მათ.
— სკოლაში არ მივლია და წერა-კითხვა არ ვიცი, — ვუპასუხე.
მ ათ დამაწყებინეს წერა-კითხვის სწავლა და ნელ-ნელა დავიწყე ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება. როდესაც კათოლიკურ ეკლესიაში სიარული შევწყვიტე, ეკლესიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მკითხა: „რატომ აღარ დადიხარ ეკლესიაში? იმ თეთრკანიანმა ცოლ-ქმარმა მოგპარა გული?“
— დიახ, — ვუპასუხე მე. — ჩემი გული ახლა მათთან არის, რადგან ვიცი, რომ ისინი ჭეშმარიტებას მასწავლიან.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 109 გვერდზე]
მთიანი მხარე
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 110 გვერდზე]
ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში თავიანთი მაღაზიისა და სახლის წინ
-