-
‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 თებერვალი
-
-
‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’
„ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მათე 11:12).
1, 2. ა) რა იშვიათ სულისკვეთებაზე მიუთითებდა იესო სამეფოს შესახებ თავის ერთ იგავში? ბ) რა თქვა იესომ ძალიან ძვირფასი მარგალიტის შესახებ ამ იგავში?
აფასებთ რამეს ისე ძალიან, რომ მის დასაუფლებლად მზად ხართ, ყველაფერი გაიღოთ, რაც კი გაბადიათ? ხალხი მთელ ცხოვრებას უძღვნის ზოგიერთი მიზნის განხორციელებას, მაგალითად ფულის, სახელის, ძალაუფლების მოხვეჭას ან საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის მიღწევას, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვინმე პოულობს იმდენად სასურველ რამეს, რომ მზად არის, მის შესაძენად ყველაფერი გაიღოს. სამეფოს შესახებ თავისი მრავალი დამაფიქრებელი იგავიდან ერთ-ერთში იესო ქრისტე ამ იშვიათ, მაგრამ სასურველ სულისკვეთებაზე მიუთითებდა.
2 ეს არის, ძალიან ძვირფასი მარგალიტის შესახებ იგავი, ანუ თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს განმარტოებით უთხრა. აი, რა თქვა იესომ: „ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:36, 45, 46). რის სწავლება უნდოდა იესოს თავისი მსმენელებისთვის ამ თვალსაჩინო მაგალითით? და როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ იესოს სიტყვები?
მარგალიტები ძალიან ფასობდა
3. რატომ ფასობდა ასე ძალიან ძველ დროში კარგი მარგალიტები?
3 ძველი დროიდან მარგალიტებს ძალიან აფასებდნენ და მათ დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ. ერთ წყაროში აღნიშნულია, რომ რომაელი სწავლულის პლინიუს უფროსის სიტყვების თანახმად, მარგალიტები „ძვირფასეულობათაგან ყველაზე მეტად ფასობდა“. ოქროს, ვერცხლისა თუ სხვა მრავალი ძვირფასი ქვისგან განსხვავებით, მარგალიტებს ცოცხალი არსებები ქმნიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარკვეული ტიპის მოლუსკები გამღიზიანებლებს — მაგალითად ქვის ნამცეცებს — გარშემო ფენებად ახვევენ სეკრეტს, რომელიც სადაფის სახელით არის ცნობილი, და ამგვარად წარმოქმნიან მარგალიტებს. ძველ დროში საუკეთესო მარგალიტი, ძირითადად, ისრაელისგან დაშორებულ ტერიტორიებზე — წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში — მოიპოვებოდა. როგორც ჩანს, ამიტომ ლაპარაკობდა იესო დიდვაჭარზე, „რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს“. ნამდვილად, ძვირფასი მარგალიტის პოვნას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
4. უმთავრესად რას ვსწავლობთ დიდვაჭრის შესახებ იესოს იგავიდან?
4 კარგი მარგალიტი ძველი დროიდანვე ძვირად ფასობდა, მაგრამ, ცხადია, იესოს იგავში უმთავრესი მარგალიტის ღირებულება არ იყო. ამ იგავში იესოს ღვთის სამეფო, უბრალოდ, ძვირფას მარგალიტთან არ შეუდარებია; მან ყურადღება გაამახვილა ‘დიდვაჭარზე, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებდა’, და მის შემდგომ მოქმედებაზე. მარგალიტებით ჩვეულებრივი მოვაჭრისგან განსხვავებით, დიდვაჭარი დახელოვნებული იყო ვაჭრობაში; მას მახვილი თვალი ჰქონდა, რაც ეხმარებოდა, შეეფასებინა მარგალიტის ესთეტიკური ღირებულება თუ სხვა ნიუანსები, რითაც კონკრეტული მარგალიტი სხვებისგან გამოირჩეოდა. მას ეცოდინებოდა ნამდვილი მარგალიტის ამოცნობა და ვერ შეატყუებდნენ უფრო დაბალი ხარისხის ან ყალბ საქონელს.
5, 6. ა) რა არის განსაკუთრებით აღსანიშნავი ვაჭრის შესახებ იესოს იგავში? ბ) რას გვიმხელს მინდორში დამალული განძის შესახებს იგავი დიდვაჭარზე?
5 ამ ვაჭართან დაკავშირებით კიდევ რაღაც არის აღსანიშნავი. ჩვეულებრივი ვაჭარი უპირველესად გამოიანგარიშებდა, თუ რა ღირდა მარგალიტი ბაზარში, რათა წინასწარ განესაზღვრა, რამდენი უნდა გადაეხადა, რომ მოგება ენახა. ის იმასაც გაარკვევდა, იყო თუ არა სადმე ახლომახლო მარგალიტების ბაზარი, რათა შეძლებოდა სწრაფად გაეყიდა საქონელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დაინტერესებული იქნებოდა იმით, რაც შეიძლება სწრაფად ენახა მოგება და არა იმით, რომ ეს მარგალიტი ჰქონოდა. მაგრამ იესოს იგავში მოხსენიებული ვაჭარი განსხვავებული იყო. მას ფული და მოგება არ აინტერესებდა. პირიქით, ის მზად იყო, გაეღო, „რაც კი რამ ებადა ყველაფერი“ — შესაძლებელია ამაში შედიოდა მთელი ქონება — რათა შეეძინა ის, რასაც ასე ეძებდა.
6 იესოს იგავში მოხსენიებული კაცი, მრავალი ვაჭრის თვალში შესაძლოა უგუნური გამოჩენილიყო. გამჭრიახი ბიზნესმენი ასეთ სარისკო საქმეს არ წამოიწყებდა. მაგრამ იესოს იგავში მოხსენიებულ ვაჭარს განსხვავებული ფასეულობები ჰქონდა. ის საზღაურად იღებდა არა მატერიალურ მოგებას, არამედ სიხარულსა და კმაყოფილებას, რაც რაღაც განსაკუთრებული ფასეულობის ფლობით იყო გამოწვეული. ეს აზრი ნათლად ჩანს იესოს მიერ მოყვანილ ანალოგიურ თვალსაჩინო მაგალითში. მან თქვა: „ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“ (მათე 13:44). დიახ, სიხარული რომელიც განძის აღმოჩენასა და მის დაუფლებას მოაქვს, საკმარისი იყო იმისათვის, რომ იმ კაცს გაეღო ყველაფერი, რაც კი რამ ებადა. არიან დღესაც ასეთი ადამიანები? არის რაიმე ძვირფასი, რაც ასეთი მსხვერპლის გაღებად ღირს?
მათ ესმოდათ, რამდენად ძვირფასია სამეფო
7. როგორ ცხადყო იესომ, რომ ძალიან კარგად ესმოდა, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო?
7 იესო ამ იგავში „ზეციერი სამეფოს“ შესახებ ლაპარაკობდა. მას თავად ნამდვილად კარგად ესმოდა, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო. სახარებები საფუძვლიანად ადასტურებს ამ ფაქტს. ახ. წ. 29 წელს, ნათლობის შემდეგ, იესომ «ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან ზეციერი სამეფო მოახლოვდა“». სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან მრავალს ასწავლა სამეფოს შესახებ. იესომ შემოიარა მთელი ქვეყანა, „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (მათე 4:17; ლუკა 8:1).
8. იესოს რომელმა საქმეებმა ცხადყო, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
8 დედამიწაზე მრავალი სასწაულის მოხდენით — ავადმყოფების განკურნებით, მშივრების დაპურებით, ბუნების ძალთა დამორჩილებითა და მკვდრების აღდგენითაც კი — იესომ აგრეთვე ცხადყო, თუ რას გააკეთებს ღმერთის სამეფო (მათე 14:14—21; მარკოზი 4:37—39; ლუკა 7:11—17). ბოლოს მან ღმერთისა და სამეფოს მიმართ ერთგულება იმით დაამტკიცა, რომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად — წამების ბოძზე მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდა. როგორც დიდვაჭარი იყო მზად, ყველაფერი გაეღო „ძვირფასი მარგალიტისთვის“, ისე იესო ცხოვრობდა და მოკვდა სამეფოსთვის (იოანე 18:37).
9. რა იშვიათი სულისკვეთება შეინიშნებოდა იესოს პირველ მოწაფეებში?
9 იესომ არა მარტო თავის ცხოვრებაში დააყენა ღვთის სამეფო პირველ ადგილზე, არამედ შეკრიბა თავის მიმდევართა პატარა ჯგუფიც, რომლებსაც ასევე კარგად ესმოდათ, თუ რამდენად ძვირფასია სამეფო. მათ შორის იყო ანდრია, რომელიც თავიდან იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იოანეს ქადაგებამ, რომ იესო „ღვთის კრავი“ იყო, მაშინვე მიიზიდა იესოსკენ ანდრია და იოანეს კიდევ ერთი მოწაფე — ყველაზე მეტად დასაშვებია, რომ ეს იყო ზებედეს ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც აგრეთვე იოანე ერქვა — და ისინი მისი მორწმუნეები გახდნენ. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ანდრია დაუყოვნებლივ წავიდა თავის ძმასთან, სიმონთან, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“. ამის შემდეგ, მალევე, სიმონმა (რომელიც ცნობილი გახდა კეფად და პეტრედ), ასევე ფილიპემ და მისმა მეგობარმა ნათანაელმა, მაშინვე ცნეს იესო მესიად. ნათანაელმა იესოს უთხრა: „შენ ღვთის ძე ხარ, შენ ისრაელის მეფე ხარ“ (იოანე 1:35—49).
მოქმედებისკენ აღძრულნი
10. როგორ გამოეხმაურნენ მოწაფეები იესოს მოხმობას პირველი შეხვედრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ?
10 ანდრიას, პეტრეს, იოანესა და სხვა დანარჩენების აღფრთოვანება, რომელიც მესიის პოვნამ გამოიწვია, შეიძლება შევადაროთ დიდვაჭრის აღფრთოვანებას, რომელიც მან ძვირფასი მარგალიტის პოვნისას განიცადა. რა უნდა გაეკეთებინათ ახლა მათ? სახარებები ბევრს არაფერს გვეუბნება იმის თაობაზე, თუ რა გააკეთეს მათ იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ მაშინვე. ალბათ, უმეტესობა მათგანი ადრინდელ ცხოვრებას დაუბრუნდა. მაგრამ, დაახლოებით ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ, იესო კიდევ ერთხელ მივიდა ანდრიასთან, პეტრესთან, იოანესა და მის ძმასთან, იაკობთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით — გალილეის ზღვაში თევზჭერით — იყვნენ დაკავებულნიa. დაინახა თუ არა ისინი, იესომ უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. როგორი იყო მათი რეაქცია? პეტრესა და ანდრიას შესახებ მათეს სახარება ამბობს: „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“. იაკობისა და იოანეს შესახებაც ვკითხულობთ: „მათ მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ“. ლუკას ჩანაწერი დასძენს, რომ მათ „ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“ (მათე 4:18—22; ლუკა 5:1—11).
11. რამ აღძრა მოწაფეები, მაშინვე გამოხმაურებოდნენ იესოს მიწვევას?
11 იყო მოწაფეების სწრაფი გამოხმაურება ნაჩქარევი გადაწყვეტილება? არა! მიუხედავად იმისა, რომ იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ ისინი თევზაობას დაუბრუნდნენ, ეჭვგარეშეა, ნანახმა და მოსმენილმა მათ გულსა და გონებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. გასული, დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ბევრი ეფიქრათ ამაზე. ახლა დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო. იქნებოდნენ ისინი იმ დიდვაჭრის მსგავსნი, რომლის გულიც ისე აღძრა უძვირფასესი მარგალიტის აღმოჩენამ, რომ, როგორც იესომ თქვა, ის მაშინვე წავიდა, რათა გაეკეთებინა ყველაფერი იმ მარგალიტის საყიდლად? რა თქმა უნდა. ნანახი და მოსმენილი მათ გულებს შეეხო. ისინი მიხვდნენ, რომ დადგა მოქმედების დრო. ამგვარად, როგორც ჩანაწერები გვაუწყებს, მათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიატოვეს ყველაფერი და იესოს მიმდევრები გახდნენ.
12, 13. ა) როგორ გამოეხმაურა მრავალი მსმენელი იესოს სიტყვებს? ბ) რა თქვა იესომ თავისი ერთგული მოწაფეების შესახებ და რას გულისხმობს მისი სიტყვები?
12 ეს ერთგული მსახურები მართლაც რომ ძალიან განსხვავდებოდნენ სახარებებში მოგვიანებით მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანისგან! მრავალი, მას შემდეგ, რაც იესომ განკურნა ან დააპურა, ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდა (ლუკა 17:17, 18; იოანე 6:26). ზოგიერთმა გაშვებაც კი სთხოვა, როცა იესომ მიიწვია, რომ მისი მიმდევრები გამხდარიყვნენ (ლუკა 9:59—62). მათგან განსხვავებით, იესომ მოგვიანებით ერთგულთა შესახებ თქვა: „იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მათე 11:12).
13 რას ნიშნავს გამოთქმა „მთელი ძალით სწრაფვა“? ბერძნულ ზმნასთან დაკავშირებით, საიდანაც ეს გამოთქმაა აღებული, „ძველი და ახალი აღთქმის ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ ამბობს: „ეს ზმნა მიუთითებს მთელი ძალით მცდელობაზე“. ამავე გამოთქმის შესახებ, ბიბლეისტი ჰაინრიხ მაიერი ამბობს: „ამგვარად აღწერილია მომავალი მესიანური სამეფოსადმი ძლიერი ლტოლვა და მთელი ძალით სწრაფვა; აგრეთვე მისთვის დაუცხრომელი ბრძოლა . . . ამდენად ინტენსიური და ძლიერია სამეფოსადმი ინტერესი (ის უკვე აღარ არის მდორე და მოლოდინით გაჟღენთილი)“. დიდვაჭრის მსგავსად, ეს რამდენიმე პიროვნება სწრაფადვე მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილად ძვირფასი, და მაშინვე ყველაფერი დათმეს სამეფოსთვის, რაც კი რამ ებადათ (მათე 19:27, 28; ფილიპელები 3:8).
სხვებმაც დაიწყეს ძიება
14. როგორ მოამზადა იესომ მოციქულები სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისთვის და როგორი იყო შედეგი?
14 იესო მსახურებისას ასწავლიდა და ეხმარებოდა სხვებს, ეძიათ სამეფო. მან თავდაპირველად თავის მოწაფეებიდან ამოირჩია თორმეტი, რომლებიც მოციქულებად დანიშნა ანუ გარკვეული დავალების შესასრულებლად გაგზავნა. იესომ მათ დეტალურად აუხსნა, თუ როგორ ემსახურათ და იმ სირთულეების შესახებაც გააფრთხილა, რომლებსაც შეხვდებოდნენ (მათე 10:1—42; ლუკა 6:12—16). დაახლოებით მომავალი ორი წლის განმავლობაში ისინი იესოს დაჰყვებოდნენ მსახურებაში, და ამ ხნის მანძილზე მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ისმენდნენ მის სიტყვებს და ხედავნენ მის ძლევამოსილ საქმეებსა და პირად მაგალითს (მათე 13:16, 17). ეჭვგარეშეა, ყოველივე ამან იმდენად იმოქმედა მათზე, რომ დიდვაჭრის მსგავსად, ენთუზიაზმითა და მთელი გულით იღწვოდნენ სამეფოსთვის.
15. რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს ისეთი, რაც მათ სიხარულის მიზეზს აძლევდა?
15 იესომ თორმეტი მოციქულის შეკრების შემდეგ, „სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ–ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას“. მან აგრეთვე ისინი გააფრთხილა განსაცდელებისა და სირთულეების შესახებ და ასწავლა, რომ ხალხისთვის ეთქვათ: „ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ–თქო“ (ლუკა 10:1—12). როდესაც სამოცდაათი დაბრუნდა, სიხარულით აღვსილებმა იესოს უთხრეს: „უფალო, შენს სახელს რომ ვახსენებთ, დემონებიც კი გვემორჩილებიან“. მაგრამ, შესაძლოა, მათდა გასაკვირად, იესომ მიუგო, რომ კიდევ უფრო დიდი სიხარული ელოდათ იმ ენთუზიაზმისთვის, რომელიც სამეფოს გულისთვის გამოავლინეს. იესომ უთხრა მათ: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:17, 20).
16, 17. ა) რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს მათთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს? ბ) რა სიხარულსა და გულდაჯერებულობას მოუტანდა იესოს სიტყვები მოციქულებს?
16 ბოლოს, როდესაც ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, უკანასკნელ საღამოს იესო თავის მოციქულებთან ერთად იყო, მან დააფუძნა საღამო, რომელიც ცნობილია როგორც უფლის გახსენების საღამო, და მათ დაავალა, რომ ეს მოვლენა აღენიშნათ. საღამოს მსვლელობისას იესომ დარჩენილ თერთმეტს მიმართა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკა 22:19, 20, 28—30).
17 როგორი სიხარულითა და კმაყოფილებით უნდა ავსებოდათ გულები მოციქულებს, როდესაც იესოს ეს სიტყვები მოისმინეს! ის სთავაზობდა მათ უდიდეს პატივსა და უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიც კი შეიძლებოდა, რომ ადამიანებს ჰქონოდათ (მათე 7:13, 14; 1 პეტრე 2:9). დიდვაჭრის მსგავსად, მათაც ბევრი რამ გაიღეს, რათა იესოს მიყოლოდნენ და ცხოვრება სამეფოს ინტერესების ძიებისთვის მიეძღვნათ. ახლა კი ისინი იესომ იმაში დაარწმუნა, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ამაო არ იყო.
18. მოციქულების გარდა, ვინ მიიღებდა კიდევ საბოლოოდ სარგებლობას სამეფოსგან?
18 სამეფოს მხოლოდ იმ მოციქულებისთვის არ მოუტანია სარგებლობა, რომლებიც უკანასკნელ საღამოს იესოსთან ერთად იყვნენ. იეჰოვას ნება იყო, რომ სამეფო შეთანხმება დადებულიყო მთლიანობაში 144 000-თან, რომლებიც დიდებულ ზეციერ სამეფოში იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ. გარდა ამისა, მოციქულმა იოანემ ხილვაში დაინახა «უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო . . . იდგნენ ტახტისა და კრავის წინ . . . [და] ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს — ტახტზე მჯდომს — და კრავს ვუმადლით“». ესენი სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები არიანb (გამოცხადება 7:9, 10; 14:1, 4).
19, 20. ა) რა შესაძლებლობა აქვს ყველა ერის ხალხს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 იესომ ზეცად ამაღლების წინ, თავის ერთგულ მიმდევრებს დაავალა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ამგვარად, იესოს მოწაფეები ყველა ერიდან მოსული ხალხი იქნებოდა. ესენიც — ზეციერი თუ მიწიერი იმედის მქონეები — ისევე დაუწყებდნენ სამეფოს მთელი გულით ძიებას, როგორც დიდვაჭარი ეძებდა კარგ მარგალიტებს.
20 იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მოწაფეებად მომზადების საქმიანობა ამ „სისტემის აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. ამგვარად, არიან დღეს ჯერ კიდევ დიდვაჭრის მსგავსი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გაიღონ სამეფოსთვის? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში?
[სქოლიოები]
a ზებედეს ვაჟი იოანე, შესაძლოა, გაჰყვა იესოს და იმ ზოგიერთი საქმის მოწმე გახდა, რაც მათთან პირველი შეხვედრის შემდეგ გააკეთა იესომ. ასე რომ, იოანეს საშუალება ჰქონდა, ეს ყველაფერი ნათლად აღეწერა თავის სახარებაში (იოანე 2—5 თავები). მიუხედავად ამისა, იოანე დაუბრუნდა თავისი ოჯახის საქმიანობას და იესოს მიერ მოხმობამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თევზჭერით იყო დაკავებული.
b დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი მე-10. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-
-
„ძვირფასი მარგალიტის“ ძიება დღესსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 თებერვალი
-
-
„ძვირფასი მარგალიტის“ ძიება დღეს
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში . . . დასამოწმებლად“ (მათე 24:14).
1, 2. ა) რას ფიქრობდნენ იესოს დღეებში მცხოვრები იუდეველები ღმერთის სამეფოს შესახებ? ბ) რა გააკეთა იესომ, რათა სათანადოდ აეხსნა სამეფოს მნიშვნელობა და როგორი იყო შედეგი?
დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს, ღვთის სამეფო უდიდეს ინტერესს იწვევდა იუდეველებში (მათე 3:1, 2; 4:23—25; იოანე 1:49). მაგრამ, თავიდან უმეტესობას ბოლომდე არ ესმოდა ამ სამეფოს მასშტაბები — თუ რას მოიცავდა ის და რამხელა ძალაუფლება ექნებოდა. არც ის ესმოდათ, რომ ეს ზეციერი მთავრობა უნდა ყოფილიყო (იოანე 3:1—5). ზოგიერთ მათგანსაც კი, რომლებიც იესოს მიმდევრები გახდნენ, ბოლომდე ვერ გაეგოთ, რა იყო ღმერთის სამეფო ან რა უნდა გაეკეთებინათ, რათა მიეღოთ კურთხევები — გამხდარიყვნენ ქრისტეს თანამმართველები (მათე 20:20—22; ლუკა 19:11; საქმეები 1:6).
2 გავიდა დრო. იესომ მოთმინებით მრავალი რამ ასწავლა თავის მოწაფეებს. ამ სწავლების დროს მოყვა ძვირფასი მარგალიტის შესახებ იგავიც, რომელიც წინა სტატიაში განვიხილეთ, და რომლითაც მათ დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზეციერი სამეფოს ძიება (მათე 6:33; 13:45, 46; ლუკა 13:23, 24). ნასწავლმა, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მათ გულებზე, რადგან სულ მალე ისინი — როგორც ამას საქმეების წიგნი ადასტურებს — დედამიწის კიდით კიდემდე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის დაუცხრომელი და გაბედული მქადაგებლები გახდნენ (საქმეები 1:8; კოლოსელები 1:23).
3. რა თქვა იესომ სამეფოს შესახებ იმ დროს, როდესაც ჩვენს დღეებზე ლაპარაკობდა?
3 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დღეებზე? მილიონებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სამეფოს ქვეშევრდომობით სამოთხედქცეულ დედამიწაზე კურთხევებით. იესომ „ამ სისტემის აღსასრულის“ შესახებ თავისი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების წარმოთქმისას კონკრეტულად თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:3, 14; მარკოზი 13:10). მან აგრეთვე განმარტა, რომ დიდი დაბრკოლებების, სირთულეების ან დევნის მიუხედავად, ეს გრანდიოზული დავალება უნდა შესრულებულიყო. მაგრამ იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა, რომ „ბოლომდე მომთმენი . . . გადარჩება“ (მათე 24:9—13). ყოველივე ამას ისეთივე თავგანწირვის სულისკვეთება და თავდადება სჭირდება, როგორიც იესოს იგავში მოხსენიებულმა დიდვაჭარმა გამოავლინა. არიან დღესაც ადამიანები, რომლებიც ასეთ რწმენასა და გულმოდგინებას ავლენენ სამეფოს ძიებისას?
ჭეშმარიტების პოვნით გამოწვეული სიხარული
4. რა გავლენას ახდენს ხალხზე სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება დღეს?
4 იესოს იგავში მოხსენიებულ ვაჭარს ძალიან გაუხარდა, როდესაც „ძვირფასი მარგალიტი“ იპოვა. სწორედ ამ სიხარულმა აღძრა ის, რომ არაფერი დაეშურებინა მის შესაძენად (ებრაელები 12:1). დღესაც, ღმერთისა და მისი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მსგავსადვე იზიდავს და აღძრავს ადამიანებს. ეს გვახსენებს ძმა ა. მაკმილანის სიტყვებს, რომელმაც დაწერა, თუ როგორ ეძებდა ღმერთს და ცდილობდა გაეგო, რა იყო მისი განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მან თქვა: „რაც მე ვიპოვე, იმას, ყოველწლიურად ჯერაც ათასობით ადამიანი პოულობს. და ისინიც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც მე და თქვენ. ისინი სხვადასხვა ასაკისანი არიან, ყველა ერიდან, რასიდან და საზოგადოებრივი ფენიდან. ჭეშმარიტება განურჩევლად ყველასთვისაა. ის იზიდავს ყველანაირ ადამიანს“ (Faith on the March).
5. რა ბრწყინვალე შედეგები შეინიშნება 2004 სამსახურებრივი წლის ანგარიშში?
5 ამ სიტყვების ჭეშმარიტება ყოველწლიურად დასტურდება. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ასობით ათას გულწრფელ ადამიანს აღძრავს, რომ საკუთარი თავი მიუძღვნას იეჰოვას და მისი ნება შეასრულოს. ამ მხრივ არც 2004 სამსახურებრივი წელი ყოფილა გამონაკლისი, რომელიც 2003 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2004 წლის აგვისტოთი დამთავრდა. აღნიშნული თორმეტი თვის განმავლობაში 262 416 ადამიანი იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად საჯაროდ წყალში მოინათლა. ეს მოხდა იმ 235 ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეები, ყოველკვირეულად 6 085 387 ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ, რათა დაეხმარონ ხალხს, განურჩევლად საზოგადოებრივი ფენისა, ერისა, ტომისა და ენისა, რომ გაიგონ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან (გამოცხადება 7:9).
6. რის დახმარებით მიმდინარეობს ზრდა ყოველწლიურად?
6 რამ გახადა ყოველივე ეს შესაძლებელი? ეჭვგარეშეა, იეჰოვა იზიდავს მისდამი სწორად განწყობილ ადამიანებს (იოანე 6:65; საქმეები 13:48). თუმცა, არც მათ უნდა დავუკარგოთ ამაგი, რომლებმაც არაეგოისტური სულისკვეთება და დაუღალავი მცდელობა გამოავლინეს ღმერთის სამეფოს ძიებისთვის. 79 წლის ასაკში ძმა მაკმილანმა დაწერა: „მას შემდეგ, რაც პირველად გავიგე საცოდავ მდგომარეობაში მყოფი და მომაკვდავი კაცობრიობის მიმართ ღვთის დანაპირები, ჩემი იმედი იმისადმი, რაც ბიბლიიდან გავიგე, არ შესუსტებულა. მაშინვე გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო ბიბლიური სწავლებების შესახებ, რათა დავხმარებოდი სხვებს, ჩემნაირებს, რომლებიც ეძებდნენ ყოვლისშემძლე ღმერთის შესახებ შემეცნებას და კაცობრიობის მიმართ მისი შესანიშნავი განზრახვების გაგების სურვილი ჰქონდათ“.
7. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების პოვნა ხალხს სიხარულითა და ენთუზიაზმით ავსებს?
7 ასეთი სულისკვეთება იეჰოვას მსახურებს შორის დღესაც შეინიშნება. მოვიყვანოთ ვენაში (ავსტრია) მცხოვრები დანიელას შემთხვევა. მან თქვა: „ბავშობიდანვე, ღმერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მე ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა მისი სახელი, რადგან სიტყვა ‘ღმერთის’ უკან პიროვნებას ვერ ვხედავდი. მაგრამ 17 წლამდე მომიწია მოცდა, სანამ იეჰოვას მოწმეები ჩემს კარზე დააკაკუნებდნენ. მათ ამიხსნეს ყველაფერი, რაც მაინტერესებდა ღმერთის შესახებ. როგორც იქნა ვიპოვე ჭეშმარიტება და ეს შესანიშნავი იყო! ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ყველასთან ვქადაგებდი“. მალე თანაკლასელებმა მის ენთუზიაზმს დაცინვა დაუწყეს. „ეს ჩემთვის ბიბლიური წინასწარმეტყველების ჩემ თვალწინ შესრულება იყო, — განაგრძო დანიელამ, — რადგან ნასწავლი მქონდა იესოს სიტყვები, რომ მისი მიმდევრები შეძულებულნი და დევნილნი იქნებოდნენ მისი სახელის გამო. გაოცებული ვიყავი და, ამავე დროს, ძალიან ბედნიერი“. მალევე დანიელამ იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოინათლა. მან მიზნად დაისახა მისიონერული მსახურება. გათხოვების შემდეგ დანიელამ და მისმა ქმარმა, ჰელმუტმა, ვენაში მცხოვრებ აფრიკელ, ჩინელ, ფილიპინელ და ინდოელ მოსახლეობასთან დაიწყეს ქადაგება. ისინი ახლა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მისიონერებად მსახურობენ.
ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან
8. კურთხევების მომტანი რომელი ერთ-ერთი საშუალებით ავლენს მრავალი ღვთისადმი სიყვარულს და სამეფოსადმი ერთგულებას?
8 ნამდვილად, მისიონერული მსახურება ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც დღეს იეჰოვას ხალხი ღვთისადმი სიყვარულსა და სამეფოსადმი ერთგულებას ავლენს. იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრის მსგავსად, ისინიც, რომლებიც მისიონერულ მსახურებას იწყებენ, მზად არიან, შორეულ ქვეყნებშიც კი წავიდნენ სამეფოს გულისთვის. რა თქმა უნდა, ეს მისიონერები იმიტომ კი არ მოგზაურობენ, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იპოვონ, არამედ დედამიწის დაშორებულ ადგილებში მცხოვრებ ხალხს ასწავლონ და დაეხმარონ, გახდნენ იესო ქრისტეს მოწაფეები (მათე 28:19, 20). მრავალ ქვეყანაში მათ უჩვეულო გასაჭირის ატანა უწევთ. მაგრამ მათი ამტანობა უხვად ჯილდოვდება.
9, 10. რა საინტერესო შემთხვევები აქვთ მისიონერებს შორეულ ქვეყნებში, მაგალითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში?
9 მოვიყვანოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მაგალითი. გასულ წელს იქ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 16 184 ადამიანი დაესწრო, დაახლოებით შვიდჯერ მეტი, ვიდრე სამეფოს მაუწყებელთა საერთო რაოდენობაა ამ ქვეყანაში. რადგანაც ამ ქვეყნის მრავალ ნაწილში ელექტროენერგია არ არის, ხალხი, ჩვეულებრივ, თავიანთ ყოველდღიურ საქმეებს გარეთ, ხის ჩრდილში აკეთებს. ასე რომ, ბუნებრივია მისიონერებიც თავიანთ სამქადაგებლო საქმიანობას — ბიბლიის შესწავლებს — გარეთ, ხის ჩრდილში ატარებენ. ასე მოქმედება არა მარტო სინათლისა და ხასხასა ფერებით ტკბობის გამოა კარგი, არამედ მას სხვა უპირატესობაც აქვს. ხალხს ნამდვილად უყვარს ბიბლია და რელიგიურ თემებზე მსჯელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სხვა ქვეყნებში სპორტისა და ამინდის შესახებ საუბარი. ხშირად გამვლელები ინტერესდებიან იმით, თუ რა ხდება და შემდეგ თავადაც უერთდებიან მათ შესწავლაში.
10 ასე რომ, როცა ერთხელ მისიონერი გარეთ ბიბლიის შესწავლას ატარებდა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და უთხრა, რომ მასთან არვინ მისულა. ამიტომ მოსთხოვა, რომ მისიონერს მასთანაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა. რა თქმა უნდა, მისიონერმა სიხარულით შეუსრულა თხოვნა და ახალგაზრდა მამაკაცმა სულიერად სწრაფად წაიწია წინ. ამ ქვეყანაში პოლიცია მოწმეებს ხშირად აჩერებს არა იმიტომ, რომ განყოფილებაში დაიბაროს ან დააჯარიმოს, არამედ „საგუშაგო კოშკის“ ან „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები სთხოვოს, ან მადლობა გადაუხადოს იმ სტატიისთვის, რომელიც განსაკუთრებით მოეწონა.
11. რას ფიქრობენ გამოცდილი მისიონერები თავიანთ მსახურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სირთულეებთან უწევთ გამკლავება?
11 მრავალი მათგანი, რომლებმაც 40—50 წლის წინ დაიწყეს მისიონერობა, ჯერ კიდევ ერთგულად განაგრძობენ მსახურებას. რწმენისა და დაუცხრომელი მსახურების რა კარგ მაგალითს გვაძლევენ ისინი! 42 წლის განმავლობაში ერთმა წვილმა მისიონერად სამ ქვეყანაში იმსახურა. ქმარი ამბობს: „სირთულეები გვქონდა. მაგალითად, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში მალარიასთან გვიწევდა ბრძოლა. მაგრამ არასოდეს გვინანია, მისიონერებად მსახურება რომ გადავწყვიტეთ“. მისი მეუღლე კი დასძენს: „ყოველთვის გვაქვს მადლიერების მრავალი მიზეზი. სამქადაგებლო მსახურება უდიდეს სიხარულს გვანიჭებს. ბიბლიის შესწავლებს ადვილად ვიწყებთ. როდესაც ხედავ, რომ შემსწავლელები კრების შეხვედრებს ესწრებიან და ერთმანეთს ეცნობიან, ეს გაგონებს ოჯახს, რომელიც რეგულარულად ერთად იკრიბება.
ისინი ‘ყველაფერს წაგებად მიიჩნევენ’
12. როგორ ცხადყოფს პიროვნება, რომ ნამდვილად აფასებს სამეფოს?
12 დიდვაჭარი ძვირფასი მარგალიტის პოვნისთანავე „მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:46). მზადყოფნა, გასცენ ის, რაც ძვირფასია, დღეს დამახასიათებელია მათთვის, ვინც ნამდვილად აფასებს სამეფოს. პავლე, რომელიც ქრისტესთან ერთად გაიზიარებდა სამეფო დიდებას, წერდა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილიპელები 3:8).
13. როგორ გამოხატა ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ერთმა პიროვნებამ სამეფოსადმი თავისი სიყვარული?
13 დღეს მრავალი ავლენს მსგავს მზადყოფნას და სამეფოს კურთხევების მისაღებად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი სკოლის 60 წლის დირექტორს, 2003 წლის ოქტომბერში, ხელში ჩაუვარდა ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მისი წაკითხვის შემდეგ ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავის მხარეში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რათა ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და მალევე დაიწყო კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება. მაგრამ რა მოუვიდა მის გეგმებს მაღალი თანამდებობის დაკავებასა და სენატორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით? მან სხვა სარბიელი არჩია — გადაწყვიტა სამეფოს მაუწყებელი გამხდარიყო და სიცოცხლისათვის რბოლაში მიეღო მონაწილეობა. ამ კაცმა თქვა: „ჩემს მოსწავლეებს შორის ძალიან ბევრი ბიბლიური ლიტერატურა გავავრცელე“. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და 2004 წლის ივლისში კონგრესზე მოინათლა.
14. ა) რისკენ აღძრავს მილიონებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა? ბ) რა გამომაფხიზლებელი კითხვები უნდა დავუსვათ თითოეულმა საკუთარ თავს?
14 მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მსგავსადვე გამოეხმაურა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ისინი ბოროტი წუთისოფლიდან გამოვიდნენ. მათ მოიშორეს ძველი პიროვნება, გაწყვიტეს ძველი ურთიერთობები და უარყვეს ქვეყნიური მისწრაფებები (იოანე 15:19; ეფესოელები 4:22—24; იაკობი 4:4; 1 იოანე 2:15—17). რატომ აკეთებენ ისინი ყოველივე ამას? იმიტომ რომ, ისინი ყველაზე მეტად — რაც კი შეიძლება ამ ქვეყნიერებამ შესთავაზოს — ღმერთის სამეფოს კურთხევებს აფასებენ. თქვენც ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მიმართ? ხართ აღძრული იმისათვის, რომ მოახდინოთ საჭირო ცვლილებები თქვენი ცხოვრების წესში, შეიცვალოთ ფასეულობები და მისწრაფებები, რათა იეჰოვას მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ? ასე მოქმედება უხვ კურთხევებს მოგიტანთ ახლაც და მომავალშიც.
მკა კულმინაციას აღწევს
15. წინასწარმეტყველების თანახმად, რას გააკეთებდა იეჰოვას ხალხი უკანასკნელ დღეებში?
15 ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს“. ამ ხალხს შორის არიან „ახალგაზრდების ჯგუფი“, რომლებიც ნამთან არიან შედარებულნი, და „დიდი გუნდი მახარობელ ქალთა“ (ფსალმუნები 67:12; 110:3, აქ [109:3]). რა იქნებოდა ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ხალხის — კაცებისა თუ ქალების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების — მიერ გამოვლენილი გულმოდგინებისა და თავგანწირვის სულისკვეთების შედეგი?
16. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ღვთის მსახურები, რომ სხვებს სამეფოს შესახებ ასწავლონ?
16 ინდოეთში მცხოვრები პიონერი, სამეფოს სრული დროით მქადაგებელი, ძალიან ბევრს ფიქრობდა იმის თაობაზე, თუ როგორ დახმარებოდა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ორ მილიონ ყრუ-მუნჯ ადამიანს სამეფოს ცნობის გაგებაში (ესაია 35:5). მან გადაწყვიტა, ჟესტების ენის შემსწავლელ კურსებზე ევლო, რამაც საშუალება მისცა, სამეფოს იმედი მრავალი ყრუ-მუნჯისთვის გაეზიარებინა. შედეგად, ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები ჩამოყალიბდა. რამდენიმე კვირაში მრავალმა დაიწყო სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება. მოგვიანებით, ეს პიონერი ქორწილში შეხვდა ახალგაზრდა ყრუ-მუნჯ მამაკაცს კალკუტადან, რომელსაც მრავალი კითხვა და, ამავე დროს, დიდი ინტერესი ჰქონდა, უფრო მეტი გაეგო იეჰოვას შესახებ. მაგრამ ერთმა სირთულემ იჩინა თავი. ეს ახალგაზრდა მამაკაცი დაბრუნდა 1 600 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კალკუტაში, რათა უნივერსიტეტში შესულიყო, მაგრამ იქ ჟესტების ენის მცოდნე იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ. მან ძლივს დაითანხმა მამა, ნება დაერთო, რომ სასწავლებლად ბანგალორში გადასულიყო, რათა ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა. ამ ახალგაზრდამ სულიერად წინ წაიწია და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ თავი მიუძღვნა იეჰოვას. მან მრავალ ყრუ-მუნჯთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მათ შორის თავის ბავშვობის მეგობართან. ახლა ინდოეთის ფილიალი ორგანიზებას უწევს, რომ პიონერები ჟესტების ენას დაეუფლონ, რათა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარონ.
17. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად 19—22 გვერდებზე მოცემულ 2004 სამსახურებრივი წლის ანგარიშში?
17 ამ ჟურნალის 19—22 გვერდებზე შეგიძლიათ ნახოთ იეჰოვას მოწმეების 2004 სამსახურებრივი წლის სამქადაგებლო მსახურების მსოფლიო ანგარიში. გამოყავით მცირეოდენი დრო, რათა საკუთარი თვალით იხილოთ, რომ იეჰოვას ხალხი დღესაც უდიდეს ყურადღებას უთმობს მთელ მსოფლიოში „ძვირფასი მარგალიტის“ ძიებას!
განაგრძეთ ‘უპირველესად სამეფოს ძიება’
18. რა ინფორმაციას არ შეიცავს დიდვაჭრის შესახებ იესოს იგავი და რატომ?
18 ერთხელ კიდევ თუ გავიხსენებთ იესოს იგავს დიდვაჭრის შესახებ, დავინახავთ, რომ იესოს არაფერი უთქვამს, თუ როგორ ირჩენდა თავს დიდვაჭარი ყველაფრის გაყიდვის შემდეგ. ბუნებრივია, ზოგს შეიძლება დაებადოს კითხვა: როგორღა შეძლებდა დიდვაჭარი საჭმლის, ტანსაცმლისა და თავშესაფრის შოვნას ახლა, როცა უკვე აღარაფერი დარჩა? რა სარგებლობას მოუტანდა ის ძვირფასი მარგალიტი მას? ასეთი კითხვები ხორციელი თვალსაზრისით გონივრული ჩანს. მაგრამ, განა იესომ თვითონ არ მოუწოდა თავის მოწაფეებს: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“? (მათე 6:31—33). ამ იგავის მთავარი არსი ის არის, რომ საჭიროა ღვთისადმი უდიდესი სიყვარულისა და სამეფოსადმი მთელი გულმოდგინების გამოვლენა. ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
19. რის სწავლა შეგვიძლია უმთავრესად ძვირფასი მარგალიტის შესახებ იესოს იგავიდან?
19 მხოლოდ ახლა ვსწავლობთ მშვენიერი სასიხარულო ცნობის შესახებ, თუ უკვე ათეული წლებია, რაც ვაგრძელებთ სამეფოს ძიებასა და მისი კურთხევების შესახებ სხვებთან საუბარს, ყოველთვის საჭიროა კვლავაც მთელი ყურადღება სამეფოზე გვქონდეს მიპყრობილი. მართალია, ჩვენ რთულ დროში ცხოვრობთ, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ის რისკენაც ვილტვით, ისევე რეალური და შეუდარებელია, როგორც დიდვაჭრის მიერ ნაპოვნი მარგალიტი. მსოფლიო მოვლენები და შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვაძლევს იმის დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ჩვენ „ამ სისტემის აღსასრულის პერიოდში“ ვცხოვრობთ (მათე 24:3). ამიტომ, მოდი დიდვაჭრის მსგავსად, მთელი გულით, ენთუზიაზმით ვეძიოთ ღვთის სამეფო და სიხარულით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა (ფსალმუნები 9:2, 3).
-