-
„ისწავლეთ ჩემგან“საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
-
-
სხვაობა იესოსა და ფარისევლებს შორის
10. რატომ არის სასარგებლო დაფიქრება იესოსა და ამ ქალის ამბავზე, რაც სიმონის სახლში მოხდა?
10 რას ვსწავლობთ ამ შთამბეჭდავი მონათხრობიდან? ეს ამბავი, უდავოდ, გულთან ახლოს მიგვაქვს. წარმოიდგინე შენი თავი სიმონის სახლში. თავს როგორ იგრძნობდი? იესოსავით მოიქცეოდით თუ ოდნავ — მისი ფარისეველი მასპინძელივით? იესო ღვთის ძეა და ამიტომ ვერ გვექნება ისეთივე გრძნობები და ქცევები, მას რომ ჰქონდა. მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმის სურვილი გვექნებოდა, ფარისეველ სიმონს დავმსგავსებოდით. ძალიან ცოტა ვინმე თუ იამაყებდა იმით, რომ ფარისეველს ჰგავს.
11. რატომ არ გვინდა, ფარისევლებივით რომ ვიყოთ?
11 ბიბლიური და არაბიბლიური მონაცემების განხილვისას ისეთი დასკვნა გამოგვაქვს, რომ ფარისევლებს დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე და თვლიდნენ, რომ ხელს უწყობდნენ ხალხის საყოველთაო კეთილდღეობას. მათ ხელს არ აძლევდა ის, რომ ღვთის რჯული რაც შეიძლება გასაგები და ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როცა ფიქრობდნენ, რომ რჯულში ესა თუ ის საკითხი საკმაოდ არ იყო დაკონკრეტებული, მოჩვენებითი ხარვეზების შევსებას ცდილობდნენ, რასაც მკაცრი წესების დადგენით ახერხებდნენ, რათა ადამიანებისთვის სინდისით ხელმძღვანელობის ყოველგვარი საშუალება მოესპოთ. ეს რელიგიური წინამძღოლები ცდილობდნენ, ლამის ყოველი ცხოვრებისეული შემთხვევისა და წვრილმანი საკითხების შესახებაც კი შეექმნათ კანონებიa.
12. როგორი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე ფარისევლებს?
12 ახ. წ. I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, შრომებიდან ჩანს, რომ ფარისევლები თავს გულკეთილ, სათნო, სამართლიან ადამიანებად მიიჩნევდნენ და, საერთოდ, თვლიდნენ, რომ სავსებით შეესაბამებოდნენ ხალხის მოძღვართა როლს. უეჭველად, ზოგი მათგანი საკმაოდ ახლოს იყო ასეთ იდეალთან. გავიხსენოთ ნიკოდემოსი (იოანე 3:1, 2; 7:50, 51). მომავალში ზოგი მათგანი ქრისტიანულ გზაზე დადგა (საქმეები 15:5). პავლე მოციქული წერდა ზოგიერთ იუდეველზე, რომლებიც ფარისევლებს ჰგავდნენ: «აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად [„არა ზუსტი შემეცნების თანახმად“, აქ]» (რომაელთა 10:2). მაგრამ სახარებებში ისინი ისეთები არიან, როგორებსაც მათ უბრალო ხალხი ხედავდა — ამაყები, გულზვიადები, მართლები საკუთარ თვალში, შარიანები, კრიტიკულები. მათ არც ხალხის დამცირება ეთაკილებოდათ.
იესოს თვალსაზრისი
13. რას ფიქრობდა იესო ფარისევლებზე?
13 იესო დაუნდობლად კიცხავდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს თვალთმაქცობის გამო. „კრავენ მძიმე ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითითაც არ სურთ დაძვრა“. დიახ, ტვირთი მძიმე იყო და ხალხზე დადგმულ უღელს ტანჯვის მეტი არაფერი მოჰქონდა. იესომ არც აცია, არც აცხელა და მწიგნობრებსა და ფარისევლებს ‘უგუნურები’ უწოდა. უგუნური საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთ. იესომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ‘ბრმა წინამძღოლნიც’ უწოდა და უთხრა: «დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა [„ერთგულება“, აქ]». განა ვინმეს ექნებოდა იმის სურვილი, რომ იესოს თვალში ფარისეველივით ყოფილიყო?! (მათე 23:1—4, 16, 17, 23, სსგ).
14, 15. ა) რას ვიგებთ ფარისევლების შესახებ, მას შემდეგ რაც განვიხილეთ, თუ როგორ ექცეოდა იესო მათე-ლევის? ბ) მნიშვნელოვანს რას ვსწავლობთ ამ მონათხრობიდან?
14 თითქმის ყველასთვის, ვინც სახარებებს კითხულობს, ნათელია, რომ ფარისეველთა უმეტესობა კრიტიკის სულით იყო განმსჭვალული. მას შემდეგ, რაც იესომ გადასახადების ამკრებ მათე-ლევის თავის მოწაფეობისკენ მოუწოდა, ლევიმ დიდი ნადიმი გაუმართა. სახარებაში ნათქვამია: „მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“. იესომ უპასუხა მათ: „მე მოვედი, რომ ცოდვილებს მოვუწოდო მოსანანიებლად, და არა მართალთ“ (ლუკა 5:27—32).
15 ლევი კიდევ ერთ ჭეშმარიტებას ჩასწვდა, რომელიც იესომ წარმოთქვა იმ საღამოს: „წადით დაისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი’“ (მათე 9:13). თუმცა ფარისევლები აცხადებდნენ, რომ სწამდათ ებრაელ წინასწარმეტყველთა წერილები, ისინი არაფრად აგდებდნენ იმას, რაც ოსიას 6:6-შია ჩაწერილი. თუ შეცდებოდნენ, თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ტრადიციისადმი ერთგულები რჩებოდნენ. თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ეკითხა საკუთარი თავისთვის: ხომ არ დავიმკვიდრე ისეთი წესების ქომაგის სახელი, რომლებიც ჩემს პირად აზრს ან ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას საყოველთაოდ მიღებულ მიდგომას ირეკლავს? ან, პირველ რიგში, მიცნობენ თუ არა გულმოწყალე და კეთილ ადამიანად?
16. რა იყო ფარისეველთა მთავარი წესი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ არ დავემსგავსოთ?
16 შარიანობა, შარიანობა და კვლავაც შარიანობა იყო ფარისეველთა მთავარი წესი. ისინი ჩხრეკდნენ ერთი ბეწო შეცდომებს — ნამდვილად დაშვებულსა თუ შეთხზულს. ხალხი ეკლებზე ისხდა და ყოველთვის მოელოდა მათი მხრიდან რაიმე შარსა და შეხსენებებს ამა თუ იმ ჩადენილ ცოდვაზე. ფარისევლები იმით ამაყობდნენ, რომ ისეთი ბალახეულის მეათედსაც კი იხდიდნენ, როგორიცაა პიტნა, კამა და კვლიავი. თავიანთი ჩაცმულობით თავი მოჰქონდათ მოჩვენებითი ღვთისმოსაობით და ცდილობდნენ, ხალხს გასძღოლოდნენ. თუ გვინდა, რომ ჩვენი საქმეები იესოს მაგალითს შევუსაბამოთ, რასაკვირველია, უნდა ვერიდოთ სხვებში ყოველთვის ნაკლის გამოჩხრეკისა და გამოაშკარავებისადმი მიდრეკილებას.
-
-
„ისწავლეთ ჩემგან“საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
-
-
a „სხვაობის არსი [იესოსა და ფარისევლებს შორის] გასაგები გახდება მხოლოდ მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ღვთის შესახებ ორი ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენა ჰქონდათ. ფარისევლებისთვის ღმერთი, პირველ რიგში, მოთხოვნების დამწესებელია, იესოსთვის კი ღმერთი მოწყალე და თანამგრძნობია. ფარისეველი, რა თქმა უნდა, არ უარყოფდა ღვთის სიკეთესა და სიყვარულს, მაგრამ მისი გაგებით ეს სიკეთეცა და სიყვარულიც მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ღმერთმა ხალხს უძღვნა თორა [რჯული] და მისი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა მისცა. [...] ფარისევლის აზრით, თორის შესრულება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ მიჰყვებოდნენ ზეპირ ტრადიციას და მისი წესებით ახსნიდნენ რჯულს. [...] იმის გამო, რომ იესომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მცნება (მათე 22:34—40) იმავე ავტორიტეტულობამდე აამაღლა, სადამდეც ფარისევლები ამაღლებდნენ რჯულს, და იმის გამოც, რომ უარყოფდა ზეპირ ტრადიციას... იგი ვერ ეგუებოდა ფარისევლებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებისამებრ განმარტავდნენ რჯულს“ („ახალი აღთქმის ახალი საერთაშორისო თეოლოგიური ლექსიკონი“).
-