საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პორნოგრაფია ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • პორნოგრაფია ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები

      „ის უკუღმართ სურვილებს ბადებს ადამიანში, ის აღვივებს ავხორცულ ვნებას, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია“ (ტონი პარსონზი, მიმომხილველი).

      ჯონი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე „ინტერნეტ-სექსი“ გაიტაცებდაa. მსგავსად სხვა მრავალი ადამიანისა, რომლებიც შემთხვევით აწყდებიან პორნოგრაფიულ ვებ-საიტებსა და ინტიმურ ვებ-ჩეთებს, ჯონიც სულ სხვა ინფორმაციას ეძებდა ინტერნეტში და მოულოდნელად წააწყდა საიტს, რომელიც ინტიმურ საუბრებს სთავაზობდა. მალე ის მთელი არსებით გაიტაცა ვირტუალურმა ინტიმურმა ურთიერთობებმა. „როგორც კი ცოლი სამსახურში წავიდოდა, მაშინვე წამოვხტებოდი ხოლმე ლოგინიდან და კომპიუტერთან საათობით ვიჯექი“, — იხსენებს ის. ამ ხანგრძლივი სეანსების დროს ჭამა-სმა არც კი ახსენდებოდა. „შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი“, — ამბობს იგი. ჯონი ატყუებდა ცოლს და ფარულ ურთიერთობებს უმალავდა. იგი გულს ვეღარ უდებდა სამუშაოს და უნდობლობა და შიში დასჩემდა. მათ ცოლ-ქმრობას ბზარი გაუჩნდა, ხოლო როცა ჯონმა, ერთხელაც, შეხვედრა დაუთქვა ინტერნეტით გაცნობილ პარტნიორს, ცოლი ყველაფერს მიუხვდა. დღეს ჯონი მკურნალობის კურსს გადის, ამ ავადმყოფური დამოკიდებულებისგან რომ გათავისუფლდეს.

      პორნოგრაფიის მოწინააღმდეგეებს მსგავსი შემთხვევები იმის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავთ, რომ პორნოგრაფია ხალხის დეგრადაციას იწვევს. მათი თქმით, ის ანგრევს ურთიერთობებს, ლახავს ქალთა ღირსებას, ხელს უწყობს ბავშვებზე ძალადობას და საზოგადოებას ინტიმურ ურთიერთობაზე დამახინჯებულ და საზიანო შეხედულებას უნერგავს. პორნოგრაფიის მომხრეების აზრით კი, პორნოგრაფია ნების თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა და მისი მოწინააღმდეგეები ზნეობრიობის მეტისმეტად მკაცრი დამცველები არიან. აი, რას წერს ერთ-ერთი მხარდამჭერი: „ადამიანებს არ უნდა რცხვენოდეთ თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ მიდრეკილებების. პორნოგრაფიული მასალა შესანიშნავი საშუალებაა ინტიმურ თემებზე გულახდილი საუბრის დასაწყებად“. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ პორნოგრაფიის დაუბრკოლებელი გავრცელება თავისუფალი და ჯანსაღი საზოგადოების განმასხვავებელი ნიშანია. „საზოგადოება, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ აუღელვებლად ხვდება ორ სრულწლოვანი ადამიანის (მათივე თანხმობით) ინტიმური ურთიერთობის დაუფარავად ასახვას, უფრო შემწყნარებლურად მოეკიდება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს და უფრო ადვილად აღიარებს ქალების თანასწორუფლებიანობასაც“, — ამბობს პუბლიცისტი ბრაიენ მაკნეარი.

      ნიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების არსებობა იმას, რომ პორნოგრაფია მისაღებია? რატომაა ის ასე ფართოდ გავრცელებული? ნამდვილად სახიფათოა პორნოგრაფიით გატაცება? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

      [სქოლიო]

      a სახელები შეცვლილია.

  • რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?

      სექსუალური აღგზნების გამოწვევის მიზნით ავხორცული სცენების გამოსახვა საუკუნეების წინათ დაიწყეს. მაგრამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება რთული იყო და მასზე, ძირითადად, მდიდრებსა და მმართველ კლასს მიუწვდებოდა ხელი. მასობრივი ბეჭდვის, აგრეთვე ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის განვითარებამ კი ყველაფერი ძირეულად შეცვალა. პორნოგრაფიული პროდუქცია საზოგადოების ნაკლებად შეძლებული ფენისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

      ვიდეომაგნიტოფონების გამოჩენამ უფრო დააჩქარა პორნოგრაფიის გავრცელება. კინოფირებისა და ძველი დროის ფოტოსურათებისგან განსხვავებით, ვიდეოკასეტების შენახვა, რეპროდუქცია და გავრცელება გაცილებით ადვილი იყო. გარდა ამისა, მათი ყურება სახლშიც შეიძლებოდა. ბოლო წლებში ძალიან გაფართოვდა საკაბელო ტელევიზიისა და ინტერნეტის ქსელი, რის გამოც პორნოგრაფიული მასალის ნახვა კიდევ უფრო გაადვილდა. თუ ვინმეს ეშინია, პორნოგრაფიული ფილმის შეძენისას ნაცნობმა არ დაინახოს, ახლა მას შეუძლია „სახლიდან გაუსვლელად, საკაბელო თუ სატელიტური ტელევიზიით, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ნახოს სასურველი პროგრამა“, — ამბობს მასმედიის ანალიტიკოსი დენის მაკალპენი. მისი აზრით, ასეთი პროგრამების ადვილად ნახვის შესაძლებლობა ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც განაპირობა ის, რომ პორნოგრაფიას „დღეს გაცილებით მეტი ადამიანი მიიჩნევს დასაშვებ და ნორმალურ მოვლენად“.

      პორნოგრაფია საყოველთაოდ მიღებული ხდება

      რადგან პორნოგრაფია დღეს საზოგადოების ფართო მასებშია მიღებული, ბევრში ის დაბნეულობასა და ორჭოფობას იწვევს. „დღეს ის გაცილებით დიდ გავლენას ახდენს კულტურაზე, ვიდრე ოპერა, ბალეტი, თეატრი, მუსიკა და სახვითი ხელოვნება ერთად აღებული“, — ამბობს პუბლიცისტი ჯერმეინ გრირი. პორნოგრაფიისადმი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებას კარგად ირეკლავს დღეს არსებული ტენდენცია: მეძავებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით ბევრი პოპულარული ვარსკვლავი იწონებს თავს, მუსიკალურ კლიპებში სულ უფრო ხშირდება სექსუალური შინაარსის კადრები, ხოლო სარეკლამო რგოლებში სისტემატურად ჩნდება ეროტიკული სცენები. მაკალპენი ასკვნის: „საზოგადოება იმას ისისხლხორცებს, რითაც მის გონებას კვებავენ . . . დროთა განმავლობაში ხალხს უყალიბდება წარმოდგენა, რომ პორნოგრაფია მისაღებია“. რა არის შედეგი? ის, რომ „ადამიანებს აღარ აშფოთებთ უხამსობა, — სინანულით შენიშნავს პუბლიცისტი ანდრეა დოურკენი. — ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათთვის ყველაფერი სულერთია“.

      რა დგას პორნოგრაფიის უკან

      მსგავს აზრს გამოთქვამს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი როჯერ იანგიც. როგორც ის ამბობს, ბევრი „ვერ ჭვრეტს იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც უხამსობას მოაქვს“. ზოგი შეცდომაში შეჰყავს პორნოგრაფიის მომხრეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პორნოგრაფია ადამიანებზე საერთოდ არ ახდენს უარყოფით გავლენას. „პორნოგრაფია ხომ ფანტაზიაა და მეტი არაფერი, — ამბობს ფერელ კრისტენსენი. — აი, რა რჩებათ მხედველობიდან მის მოწინააღმდეგეებს“. მაგრამ თუ ფანტაზია გავლენას არ ახდენს ადამიანთა გონებაზე, მაშ რაზეა მთელი სარეკლამო ინდუსტრია დაფუძნებული? განა დახარჯავდნენ კომპანიები მილიონობით დოლარს ტელე-რადიო, საგაზეთო და სხვა სახის რეკლამაზე, ღრმა კვალს რომ არ ტოვებდეს ხალხის ცნობიერებაზე?

      მოხერხებულად შედგენილი სხვა ნებისმიერი რეკლამის მსგავსად, პორნოგრაფიის მთავარი მიზანიც ადამიანში მანამდე არარსებული სურვილის გაღვიძებაა. „პორნოგრაფია მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი, — წერენ მკვლევარები სტივენ ჰილი და ნინა სილვა. — მის ქაოსურ ბაზარზე ყველაფერი იყიდება, უმთავრესად კი ქალის სხეული და ინტიმური ურთიერთობები“. ჯერმეინ გრირი პორნოგრაფიას ადარებს ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელ, სწრაფი კვების პროდუქტებს, რომლებიც მადის გამაძლიერებელ ქიმიურ დანამატებს შეიცავს და ამბობს: «„სწრაფი სექსი“, რომელსაც მასმედია სთავაზობს ხალხს, მხოლოდ ილუზიაა . . . საკვების რეკლამა ყალბ საკვებს უწევს პროპაგანდას, სექსის რეკლამა კი — ყალბ სქესობრივ ურთიერთობებს“.

      ზოგიერთი ექიმის აზრით, პორნოგრაფიამ ადამიანი შეიძლება იმდენად გაიტაცოს, რომ მისგან განკურნება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე — ნარკომანიისგან. ნარკომანის მკურნალობას, ჩვეულებრივ, დეტოქსიკაციით იწყებენ, რაც მისი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას გულისხმობს. მაგრამ პორნოგრაფიით გატაცება, როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დრ. მერი-ენ ლეიდენი განმარტავს, „იწვევს ცოცხალი აზრობრივი სურათების წარმოქმნას, რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება ადამიანის გონებაში და ტვინის ბიოქიმიური სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი ხდება“. აი რატომაა, რომ ზოგს წლების შემდეგაც კი შეუძლია მსგავსი კადრების გონებაში ნათლად აღდგენა. დრ. ლეიდენი ასკვნის: „[პორნოგრაფია] არის ერთადერთი ნარკოტიკი, რომლის ორგანიზმიდან გამოყვანაც შეუძლებელია“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეუძლებელია პორნოგრაფიის გავლენისგან გათავისუფლება? რა ზიანი მოაქვს მას?

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      პორნოგრაფია ინტერნეტში

      ◼ ინტერნეტში არსებული პორნოგრაფიის თითქმის 75 პროცენტი შეერთებულ შტატებში მზადდება, დაახლოებით 15 პროცენტი კი — ევროპაში.

      ◼ გამოკვლევის თანახმად, პორნოგრაფიულ ვებსაიტებს კვირაში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ნახულობს. მათგან 20 მილიონი კანადასა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

      ◼ ახლახან ჩატარებულმა ერთთვიანმა გამოკვლევამ ნათელყო, რომ ევროპაში პორნოგრაფიული საიტებით მოსარგებლეთა ყველაზე დიდი რიცხვი გერმანიაში ცხოვრობს. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი იყო. შემდეგ მოდიოდა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

      ◼ გერმანიაში პორნოგრაფიით გატაცებულები თვეში, საშუალოდ, 70 წუთს უთმობენ პორნოგრაფიული საიტების ყურებას.

      ◼ ინტერნეტ-პორნოგრაფიით გატაცებულ ევროპელებს შორის, უხამსი ვებ-საიტების ყურებას ყველაზე მეტ დროს 50-ს გადაცილებულნი უთმობენ.

      ◼ ერთი გამოცემის თანახმად, პორნოგრაფიული საიტების მონახულების 70 პროცენტი დღის საათებზე მოდის.

      ◼ ზოგიერთი შეფასების თანახმად, ინტერნეტში არსებული 100 000 ვებ-საიტი შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას.

      ◼ ინტერნეტში მოგების მიზნით განთავსებული ბავშვთა პორნოგრაფიის დაახლოებით 80 პროცენტი იაპონიაში მზადდება.

      [სურათები 4 გვერდზე]

      პორნოგრაფია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.

  • რა ზიანი მოაქვს პორნოგრაფიას?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • რა ზიანი მოაქვს პორნოგრაფიას?

      სექსუალური შინაარსის ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია ტელევიზიის, კინოფილმების, მუსიკალური ვიდეოკლიპებისა და ინტერნეტის მეშვეობით. ნამდვილად უვნებელია თუ არა პორნოგრაფიული და სექსუალური ინფორმაციის ეს უწყვეტი ნაკადი, როგორც ბევრს სურს, რომ დაგვარწმუნოს?a

      როგორ მოქმედებს უფროსებზე

      პორნოგრაფია — იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობენ მისი მხარდამჭერები — უზომოდ ამახინჯებს ხალხის შეხედულებას ინტიმურ ურთიერთობებზე. ოჯახური კვლევისა და განათლების ეროვნული ფონდის მკვლევარები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „ისინი, რომლებიც პორნოგრაფიას უყურებენ, სქესობრივი გაუკუღმართების დიდი საფრთხის წინაშე დგანან“. მკვლევარების თქმით, „პორნოგრაფიით გატაცებულ მამაკაცებს შორის ფართოდაა გავრცელებული მითი გაუპატიურების შესახებ (რომლის თანახმადაც, ქალები თავად უბიძგებენ მამაკაცებს ძალადობისკენ — თითქოს ეს მათ სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო მოძალადეები სავსებით ნორმალური ადამიანები არიან)“.

      ზოგი მკვლევარის აზრით, პორნოგრაფიის ხშირმა ყურებამ ადამიანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ მას სიამოვნებას აღარ ანიჭებდეს ნორმალური ცოლქმრული ინტიმური ურთიერთობები. დრ. ვიქტორ კლაინმა, პროფესიით სექსოპათოლოგმა, შენიშნა, რომ პორნოგრაფიის ყურება თანდათანობით გადადის ჩვევაში. ყველაფერი პორნოგრაფიული მასალის ეპიზოდური ყურებით იწყება და თუ ადამიანი თავს ვერ მოთოკავს, საბოლოოდ შეიძლება უკიდურესად ვულგარული მასალის ყურება დაიწყოს. კლაინის თქმით, ამან შესაძლოა სქესობრივ გაუკუღმართებამდე მიიყვანოს იგი. ამავე აზრს იზიარებენ მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ქცევას სწავლობენ. კლაინი ამბობს, რომ „ასეთნაირად, ადამიანს სქესობრივი გაუკუღმართების ნებისმიერი ფორმა შეიძლება განუვითარდეს . . . და თუნდაც ძალიან ქენჯნიდეს სინდისი, თავს ვეღარ დააღწევს მას“. ის შეიძლება პორნოგრაფიით შთაგონებული უზნეო ფანტაზიების რეალობად ქცევას შეეცადოს, რასაც, ხშირად, დამღუპველი შედეგები მოსდევს.

      კლაინის აზრით, ასეთი გაუკუღმართება შეიძლება თანდათანობით და შეუმჩნევლად მოხდეს. იგი ამბობს: „ის ავთვისებიანი სიმსივნესავით იზრდება და ვრცელდება. თავისით ძალიან იშვიათად იკურნება, ხოლო მისი მკურნალობა ძალიან ძნელია. მამაკაცები, როგორც წესი, უარყოფენ, რომ პრობლემა აქვთ და უარს ამბობენ მასთან ბრძოლაზე. ამას კი, თითქმის ყოველთვის მოსდევს ცოლთან უთანხმოება — ზოგჯერ გაყრაც — და ხანდახან სხვა ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭება“.

      რა ზიანი მოაქვს ახალგაზრდებისთვის

      სტატისტიკის თანახმად, პორნოგრაფიით უმთავრესად 12—17 წლის ბიჭები არიან გატაცებული. ბევრისთვის სწორედ ის არის სქესობრივი განათლების ძირითადი წყარო. შედეგები კი მეტად სავალალოა. ერთ გამოცემაში ნათქვამია: „პორნოგრაფიაში გაკვრითაც არ არის მინიშნებული მოზარდთა დაფეხმძიმების რისკისა და სქესობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებების საფრთხის შესახებ, როგორიცაა შიდს-ი. ის ილუზიას უქმნის ადამიანს, თითქოსდა პორნოგრაფიაში ასახულ საქციელს ცუდი არაფერი მოაქვს“.

      ზოგი სპეციალისტის აზრით, პორნოგრაფიის ყურებამ შეიძლება ბავშვის ტვინის ბუნებრივ განვითარებაზეც კი მოახდინოს უარყოფითი გავლენა. მასმედიური განათლების ინსტიტუტის რექტორი, დრ. ჯუდით რაისმანი ასკვნის: „სამედიცინო დაკვირვებებმა — რომელთა მიზანიც პორნოგრაფიულ სცენებსა და ხმებზე თავის ტვინის საპასუხო რეაქციის შესწავლა იყო — აჩვენა, რომ პორნოგრაფიის ყურება ბიოქიმიურ ცვლილებებს იწვევს ტვინში, რაც ადამიანს უკარგავს გააზრებულად, შეგნებულად მოქმედების უნარს. ეს კი დიდ ზიანს აყენებს ბავშვების ფორმირებად ტვინს: შეიძლება რეალობის აღქმის უნარი დაუკარგოს მას და, აქედან გამომდინარე, საფრთხე შეუქმნას ბავშვების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობასა და ბედნიერებას“.

      რა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე

      პორნოგრაფია დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა შეხედულებების ჩამოყალიბებაზე და მათ ქცევაზე. მისი მიმზიდველობის საიდუმლო, უმთავრესად, იმით აიხსნება, რომ ის ადამიანებს აბრუებს ფანტაზიებით, რომლებიც ცხოვრებისეულ სინამდვილეზე გაცილებით ამაღელვებელი და წარმტაცი ჩანს (იხილეთ ჩარჩო „თქვენ რას აირჩევთ?“). ერთი წყაროს თანახმად „პორნოგრაფიით გატაცებულებს აუხდენელი სურვილები იპყრობს, რასაც საბოლოოდ სხვებთან ურთიერთობის გაფუჭება მოსდევს“.

      პორნოგრაფია ძირს უთხრის ნდობასა და გულწრფელობას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ბედნიერი ცოლ–ქმრობა. ადამიანი, როგორც წესი, სხვებისგან მალულად უყურებს პორნოგრაფიას და, ხშირად, იძულებულია მოიტყუოს. მის მეუღლეს ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ უღალატეს; ვერ გაუგია, რატომ აღარ მოსწონს ის ცხოვრების თანამგზავრს.

      სულიერი ზიანი

      პორნოგრაფიის ყურება სერიოზულად აზიანებს ადამიანის სულიერობას. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებაშიb. ავხორცულ ვნებას ბიბლია სიხარბესა და კერპთაყვანისმცემლობასთან აკავშირებს (კოლასელთა 3:5). ხარბმა ადამიანმა შეიძლება ისე ძალიან მოისურვოს რამე, რომ ის მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი გახდეს, სხვა ყველაფერი კი — მეორეხარისხოვანი. პორნოგრაფიით გატაცებულები ხორციელ ვნებას, ფაქტობრივად, ღმერთზე წინ აყენებენ, რითაც საკუთარ ვნებას კერპად იხდიან. იეჰოვა ღმერთის მცნება კი ამბობს: „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვლა 20:3).

      პორნოგრაფია ძირს უთხრის სიყვარულს. მოციქულმა პეტრემ, თავად ცოლიანმა მამაკაცმა, ქრისტიან ქმრებს მოუწოდა, პატივი ეცათ ცოლებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლოცვა დაუბრკოლდებოდათ (1 პეტრე 3:7). თუ ქმარი მალულად უყურებს ქალების უხამს გამოსახულებებს, ნუთუ ამით პატივს მიაგებს მეუღლეს? რა გრძნობები დაეუფლებოდა მის ცოლს, ამის შესახებ რომ გაეგო? და რას ფიქრობს ამაზე ღმერთი, რომელიც „ყველა საქმეს . . . მიიტანს სამსჯავროზე“ და რომელიც „სწონის სულებს“ (ეკლესიასტე 12:14; იგავები 16:2). ნუთუ მას, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, აქვს რაიმე საფუძველი იფიქროს, რომ ღმერთი მის ლოცვას შეისმენს?

      შეუძლებელია ადამიანი პორნოგრაფიას უყურებდეს და ეგოისტური სურვილების ნებისმიერ ფასად დაკმაყოფილებას არ ცდილობდეს. ამიტომ, ვინც მას უყურებს, მისგან შორს არის სიყვარული. თუ ქრისტიანი პორნოგრაფიას უყურებს, იგი ვერ შეძლებს ღვთის წინაშე უბიწოებისა და ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად ბრძოლას. პავლე მოციქულმა დაწერა: „ღვთის ნებაა . . . განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით . . . რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ“ (1 თესალონიკელთა 4:3—7).

      პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადებისას, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს უწევენ ექსპლუატაციას. ასეთი მოპყრობა ამცირებს მათ, ართმევს ღირსების გრძნობას და ლახავს მათ უფლებებს. ის, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, თავადაც მონაწილეობს ამ ექსპლუატაციაში და მხარს უჭერს მას. მკვლევარები სტივენ ჰილი და ნინა სილვერი ამბობენ: „რამდენად კეთილსინდისიერ პიროვნებადაც უნდა მიიჩნევდეს მამაკაცი თავს, პორნოგრაფიის ყურება, სულ მცირე, [გულგრილს] ხდის, უარეს შემთხვევაში კი — უნდობლობასა და სიძულვილს უნერგავს ცოლისადმი, იმ პიროვნებისადმი, რომელსაც მან მზრუნველობა აღუთქვა“.

      როგორ შეიძლება პორნოგრაფიის ტყვეობიდან გათავისუფლება

      თუ გატაცებული ხართ პორნოგრაფიით, შესაძლებელია თუ არა მისგან გათავისუფლება? ბიბლია გვაიმედებს, რომ ეს შესაძლებელია! პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანი, ვიდრე იესო ქრისტეს შესახებ გაიგებდა, მეძავი, მრუში და ხარბი იყო. „მაგრამ განიბანეთ“, — თქვა მათზე მოციქულმა პავლემ. საინტერესოა, როგორ? პავლე დასძენს: „წმიდა გახდით . . . ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9—11).

      გახსოვდეთ, რომ ღვთის სულიწმიდას დიდი ძალა აქვს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ“. იგი აუცილებლად მოგვცემს გამოსავალს (1 კორინთელთა 10:13). ილოცეთ მხურვალედ და ღმერთს განუწყვეტლივ ესაუბრეთ თქვენი პრობლემის შესახებ. ნახავთ, რომ ეს კარგ ნაყოფს გამოიღებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23).

      ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ლოცვების თანახმად მოიქცეთ. კარგად აწონ-დაწონვის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ყოველგვარ კავშირს გაწყვეტთ პორნოგრაფიასთან. ახლო მეგობარი ან ოჯახის რომელიმე წევრი შეიძლება მხარდაჭერისა და გამხნევების წყარო აღმოჩნდეს — ეს ფასდაუდებელი დახმარება იქნება თქვენთვის, რათა ბოლომდე უერთგულოთ საკუთარ გადაწყვეტილებას (იხილეთ ჩარჩო „აუცილებელია მხარში ამოდგომა“). გახსოვდეთ: ღმერთს გულს უხარებს თქვენ მიერ გადადგმული სასიკეთო ნაბიჯები. ამაზე ფიქრი ძალებს შეგმატებთ, რათა არ შეწყვიტოთ ბრძოლა (იგავები 27:11). თუ იმაზეც იფიქრებთ, რომ პორნოგრაფიის ყურება ღვთის გულისწყრომას იწვევს, ეს დამატებით სტიმულს მოგცემთ მასზე უარის სათქმელად (დაბადება 6:5, 6). ამ მავნე ჩვევასთან ბრძოლა ადვილი არ არის, მაგრამ მასზე გამარჯვება შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ მისი დამარცხება!

      ნათელია, რომ პორნოგრაფიის ყურება მართლაც დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ის საზიანო და დამღუპველია. იგი რყვნის როგორც მის დამამზადებლებს, ისე მომხმარებლებს. ის შეურაცხმყოფელია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის და საფრთხეს უქმნის ბავშვებს. ეს არის ჩვევა, რომელიც ყველამ მტკიცედ უნდა უარყოს.

      [სქოლიოები]

      a დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით არის სახიფათო ინტერნეტში არსებული პორნოგრაფია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ჟურნალის 2000 წლის 8 ივნისის ნომერში, გვ. 3—10, სტატიათა სერიაში „პორნოგრაფია ინტერნეტში — რით არის საზიანო?“ (რუს.).

      b პორნოგრაფიაზე ბიბლიის თვალსაზრისის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ „გამოიღვიძეთ!“–ის 2002 წლის 8 ივლისის ნომერში, გვერდები 19—21.

      [ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

      აუცილებელია მხარში ამოდგომა

      არ უნდა ვიფიქროთ, რომ პორნოგრაფიისგან გათავისუფლება ძალიან ადვილია; ამისთვის დიდი შემართებაა საჭირო. დრ. ვიქტორ კლაინი, რომელმაც სექსით პათოლოგიურად გატაცებულ არაერთ ადამიანს უმკურნალა, ამბობს: „დაპირებები დაპირებებად რჩება. კეთილი განზრახვები არაფერს ცვლის. [სექსით გატაცებული ადამიანი] თავისით ვერაფერს გახდება“. კლაინის აზრით, თუ პიროვნება დაქორწინებულია, წარმატებული მკურნალობის აუცილებელი წინაპირობა მეუღლის მხრიდან დახმარებაა. „მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, როდესაც მასში ორივე მეუღლე მონაწილეობს, — ამბობს იგი. — ემოციურად ორივე ტრავმირებულია და დახმარებაც ორივეს ესაჭიროება“.

      მათთვის, ვინც დაუქორწინებელია, მხარდაჭერისა და გამხნევების წყარო შეიძლება ახლო მეგობარი ან ოჯახის რომელიმე წევრი იყოს. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის ჩართული მკურნალობის პროცესში, კლაინი დარწმუნებულია, რომ შემდეგი პრინციპი უცვლელი უნდა იყოს: გულახდილად ილაპარაკეთ თქვენი პრობლემისა და მომხდარი „ჩავარდნების“ შესახებ. „მიჩქმალვას დამღუპველი შედეგები მოსდევს, — ამბობს იგი. — ეს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას იწვევს“.

      [ცხრილი 9 გვერდზე]

      თქვენ რას აირჩევთ?

      აზროვნება, რომელსაც ბიბლიის თვალსაზრისი

      პორნოგრაფია აყალიბებს

      ◼ ინტიმური ურთიერთობა ◼ „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს

      ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერ პატიოსანი და სარეცელი —

      დროს, ნებისმიერ ვითარებაში და შეუბილწავი. მეძავებსა და

      ნებისმიერი ფორმით მოსაწონია მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“

      და ცუდი არაფერი მოაქვს. (ებრაელთა 13:4).

      „მეძავი საკუთარი სხეულის

      წინააღმდეგ სცოდავს“

      (1 კორინთელთა 6:18; იხილეთ

      აგრეთვე რომაელთა 1:26, 27).

      ◼ ქორწინებას არ მოაქვს ◼ „გაიხარე შენი სიყრმის

      სქესობრივი კმაყოფილება. ცოლით . . . მისი სიყვარული

      გიტაცებდეს მუდამ!“ (იგავები 5:18, 19;

      იხილეთ აგრეთვე დაბადება 1:28;

      2:24; 1 კორინთელთა 7:3).

      ◼ ქალების ერთადერთი ◼ „გავუჩენ [მე, იეჰოვა ღმერთი]

      დანიშნულება მამაკაცების შემწეს, მის შესაფერს“

      სქესობრივი მოთხოვნილების (დაბადება 2:18, სსგ; იხილეთ

      დაკმაყოფილებაა. აგრეთვე ეფესელთა 5:28).

      ◼ მამაკაცები და ქალები ◼ „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი

      სქესობრივი ლტოლვის მიწიერი ასოები: სიძვა,

      მონები არიან. უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა

      და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“

      (კოლასელთა 3:5).

      „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს

      თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით

      და პატივით“ (1 თესალონიკელთა 4:4).

      მოექეცით «დედაბრებს [„უფროსი ასაკის

      ქალებს“, აქ] — როგორც დედებს,

      ყმაწვილქალებს — როგორც დებს,

      მთელი სიწმიდით» (1 ტიმოთე 5:1, 2;

      იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელთა 9:27).

      [სურათი 7 გვერდზე]

      ზოგი სპეციალისტის აზრით, პორნოგრაფიულმა მასალამ შეიძლება ბავშვის ტვინის ბუნებრივ განვითარებაზეც კი მოახდინოს გავლენა.

      [სურათი 8 გვერდზე]

      პორნოგრაფია ძირს უთხრის ნდობასა და გულწრფელობას ცოლსა და ქმარს შორის.

      [სურათი 10 გვერდზე]

      მხურვალე ლოცვა კარგ ნაყოფს გამოიღებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება