საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დიდებული მექოთნე და მისი ნახელავი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 თებერვალი
    • დიდებული მექოთნე და მისი ნახელავი

      „[გახდით] პატივდებული ჭურჭელი. . . გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის“ (2 ტიმოთე 2:21).

      1, 2. ა) რა მხრივ იყვნენ ღვთის მიერ შექმნილი კაცი და ქალი შესანიშნავი ნახელავი? ბ) რისთვის შექმნა დიდებულმა მექოთნემ ადამი და ევა?

      იეჰოვა დიდებული მექოთნეა. მის ქმნილებებს შორის ყველაზე სანიმუშო ნახელავი ჩვენი პირველი წინაპარი ადამი იყო. ბიბლია გვეუბნება: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“, ანუ „მსუნთქავ ქმნილებად [აქ, სქოლიო]“ (დაბადება 2:7). პირველი ადამიანი სრულყოფილი, ღვთის ხატად შექმნილი იყო. მასში ირეკლებოდა ღვთიური სიბრძნე და ნამდვილი სიმართლისა და სამართლიანობის სიყვარული.

      2 ადამის ნეკნიდან აღებული მასალის გამოყენებით ღმერთმა მამაკაცს შემავსებელი და დამხმარე — ქალი — გამოუძერწა. ევას წუნდაუდებელი სილამაზე ბევრად აღემატებოდა დღევანდელი ყველაზე სანდომიანი ქალის სილამაზეს (დაბადება 2:21–23). გარდა ამისა, პირველ წყვილს ისე სრულყოფილად შექმნილი სხეულები და უნარი ჰქონდა, რომ შეეძლოთ შეესრულებინათ მათთვის დაკისრებული დავალება და დედამიწა სამოთხედ ექციათ. მათ იმის უნარიც შესწევდათ, რომ შეესრულებინათ ღვთის მითითება, რომელიც დაბადების 1:28-შია მოცემული: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“. ბოლოს ამ ბაღში, მთელ დედამიწაზე, უნდა ეცხოვრა სიხარულით აღსავსე მილიარდობით ადამიანს, რომლებიც ერთმანეთთან სიყვარულით, ‘სრულქმნილების კავშირით’, იქნებოდნენ დაკავშირებული (კოლასელთა 3:14).

      3. როგორ გახდნენ ჩვენი პირველი მშობლები უპატიო ჭურჭლები და რა შედეგი მოჰყვა ამას?

      3 სამწუხაროდ, ჩვენმა პირველმა მშობლებმა თავიანთი უზენაესი შემოქმედის, დიდებული მექოთნის, ძალაუფლების წინააღმდეგ წასვლა არჩიეს. ისინი ისე მოქმედებდნენ, როგორც ესაიას 29:15, 16-შია აღწერილი: „ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი? . . თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, არ შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო?“ მათ თვითნებობას უბედურება, მარადიული სიკვდილის განაჩენი, მოჰყვა. გარდა ამისა, მთელმა კაცობრიობამ მათგან მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღო (რომაელთა 5:12, 18). დიდებული მექოთნის ქმნილების მშვენიერება ძალიან დამახინჯდა.

      4. რა საპატიო მიზანს შეგვიძლია მოვემსახუროთ?

      4 მაგრამ მშობლების არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენ, ცოდვილი ადამის შთამომავლებს, შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა ფსალმუნის 138:14-ის სიტყვებით: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“. და მაინც, რა სამწუხაროა, რომ დიდებული მექოთნის პირველი ნახელავი ასე საშინლად გაფუჭდა!

      მექოთნე აფართოებს თავის საქმიანობას

      5. როგორ გამოვლინდა დიდებული მექოთნის ხელოვნება?

      5 საბედნიეროდ, ჩვენი შემოქმედის მეთუნეობის ხელოვნება მხოლოდ კაცობრიობის პირველი წარმომადგენლების გამოძერწვით არ ამოწურულა; ის საკმაოდ გასცდა ამ ფარგლებს. მოციქული პავლე გვეუბნება: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე? ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?“ (რომაელთა 9:20, 21).

      6, 7. ა) როგორ ირჩევს დღეს მრავალი, რომ „უპატიო“ ჭურჭლებად გამოიძერწონ? ბ) როგორ იძერწებიან მართლები „საპატიო“ ჭურჭლებად?

      6 დიახ, დიდებული მექოთნის ნახელავთაგან ზოგი საპატიო მიზნისთვის გამოიძერწება და ზოგიც — უპატიოსთვის. ისინი, რომლებიც ამ წუთისოფლის ფეხდაფეხ სიარულს არჩევენ, რომელიც უფრო და უფრო ეფლობა უღვთოებაში, ისეთნაირად იძერწებიან, რომ გასანადგურებელი ჭურჭლის ფორმას იღებენ. როდესაც დიდებული მეფე ქრისტე იესო მოვა განსასჯელად, ასეთი უპატიო ჭურჭლები ის ჯიუტი თხისმაგვარი ადამიანები იქნებიან, რომლებიც, მათეს 25:46-ის თანახმად, „წავლენ. . . საუკუნო სატანჯველში“. მაგრამ ცხვრისმაგვრები, „მართალნი“, რომლებიც „საპატიო“ ჭურჭლებად გამოიძერწნენ, ‘საუკუნო სიცოცხლეს’ დაიმკვიდრებენ.

      7 ამ მართლებმა თავმდაბლად წარუდგინეს ღმერთს საკუთარი თავი გამოსაძერწად. ისინი ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზას დაადგნენ და იღებენ რჩევას, რომელიც 1 ტიმოთეს 6:17–19-შია მოცემული: „არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“. აგრეთვე „იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“. ისინი ღვთის ჭეშმარიტებით არიან გამოძერწილი და მტკიცე რწმენას ავლენენ იეჰოვას ღონისძიებებისადმი ქრისტე იესოს მეშვეობით, რომელმაც „თავი გასწირა“, რათა აღედგინა ყოველივე, რაც ადამის შეცოდების გამო დაიკარგა (1 ტიმოთე 2:6). მაშ, მთელი გულით არ უნდა მივიღოთ პავლეს რჩევა: ‘შევიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც განახლებულია [გამოძერწილია] შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ’? (კოლასელთა 3:10).

      როგორი ჭურჭელი იქნებით თქვენ?

      8. ა) რა არის იმის განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ როგორი ჭურჭელი გახდება ვინმე? ბ) რა ორი ფაქტორი ახდენს ადამიანის გამოძერწვაზე გავლენას?

      8 რა განსაზღვრავს, თუ როგორი ჭურჭელი გახდება ვინმე? მისი აზროვნება და საქციელი. ესენი კი, პირველ რიგში, გულის წადილითა და მისწრაფებებით ფორმირდება. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს“ (იგავნი 16:9). მეორე, წადილისა და მისწრაფებების ფორმირებაზე გავლენას ახდენს ის, თუ რას ისმენს ადამიანი და რას უყურებს, ვისთან მეგობრობს და რას აკეთებს. ამიტომ, მართლაც, დიდი მნიშვნელობა აქვს, ყურად ვიღოთ რჩევა: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20). როგორც 2 პეტრეს 1:16 გვაფრთხილებს, არ უნდა ავყვეთ ‘ბრძნულ იგავებს’, ანუ, ნოქსის რომაულ-კათოლიკური თარგმანის თანახმად, „ადამიანთა მიერ შეთხზულ იგავ-არაკებს“. ამაში შედის განდგომილი ქრისტიანული სამყაროს მრავალი მოძღვრება და დღესასწაული.

      9. როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვეხმაუროთ დიდებული მექოთნის მიერ გამოძერწვას?

      9 ღმერთი ჩვენი გამოხმაურების მიხედვით გვძერწავს. შეგვიძლია იეჰოვას წინაშე თავმდაბლად გავიმეოროთ დავითის ლოცვა: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე“ (ფსალმუნი 138:23, 24). იეჰოვა ხელმძღვანელობს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას. ჩვენი გული მადლიერებით გამოეხმაურა კეთილ ცნობასა და ღვთის შემდგომ ხელმძღვანელობას. თავისი ორგანიზაციის საშუალებით ღმერთი კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით გარკვეულ დავალებებს გვაძლევს; ამიტომ დავაფასოთ ეს დავალებები და გავუფრთხილდეთ მათ (ფილიპელთა 1:9–11).

      10. როგორ უნდა ვიხმაროთ ყოველი ღონე, რათა მივყვეთ სულიერ პროგრამას?

      10 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ ღვთის სიტყვას, დავიცვათ ბიბლიის ყოველდღიური კითხვის პროგრამა და საღვთო წერილსა და იეჰოვასადმი მსახურებაზე საუბარი ოჯახში და მეგობრებს შორის ჩვენი საუბრის ძირითად თემად ვაქციოთ. დილის თაყვანისცემის პროგრამაში, რომელიც იეჰოვას მოწმეების თითოეულ ბეთელის ოჯახსა და მისიონერთა სახლში საუზმის წინ ტარდება, ჩვეულებრივ, შედის მონაცვლეობით ბიბლიისა და მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ გარკვეული მონაკვეთის კითხვა. შესაძლებელია თუ არა თქვენს ოჯახშიც მსგავსი ღონისძიების ჩატარება? ამავე დროს, რა დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ქრისტიანულ კრებაში ურთიერთობასა და ერთად შეკრებას, განსაკუთრებით კი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე ყოველკვირეულად მონაწილეობას!

      განსაცდელებთან გასამკლავებლად გამოძერწილები

      11, 12. ა) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იაკობის რჩევა ყოველდღიური ცხოვრების განსაცდელებთან დაკავშირებით? ბ) როგორ გვეხმარება იობის შემთხვევა უმწიკვლოების შენარჩუნებაში?

      11 ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთი უშვებს გარკვეულ სიტუაციებს, რომელთაგან ზოგი შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით? იაკობის 4:8 გვირჩევს, რომ არასოდეს გავმწარდეთ, არამედ მივუახლოვდეთ ღმერთს, მთელი გულით მივენდოთ მას და გვჯეროდეს, რომ, თუ ჩვენ ‘მივუახლოვდებით მას, ისიც მოგვიახლოვდება’. მართალია, მოგვიწევს გაჭირვებისა და განსაცდელების ატანა, მაგრამ ღმერთი უშვებს მათ, რათა ამან ხელი შეუწყოს ჩვენს გამოძერწვას, რაც, საბოლოოდ, ბედნიერებას მოგვიტანს. იაკობის 1:2, 3 გვარწმუნებს: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“.

      12 იაკობი შემდეგ სიტყვებსაც ამბობს: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:13, 14). განსაცდელი შეიძლება იყოს მრავალი და სხვადასხვაგვარი, მაგრამ, როგორც იობის შემთხვევაში იყო, თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს გამოძერწვაში. და რა მტკიცე დაჯერებულობას გვინერგავს საღვთო წერილი, კერძოდ კი იაკობის 5:11: „აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყალებელია უფალი“. როგორც ჭურჭლებმა, რომლებიც დიდებული მექოთნის ხელშია, დაე ყოველთვის შევინარჩუნოთ უმწიკვლოება და იობივით დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება (იობი 2:3, 9, 10; 27:5; 31:1–6; 42:12–15).

      შვილების გამოძერწვა

      13, 14. ა) როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა შვილების გამოძერწვა და რა მიზანი უნდა ჰქონდეთ ამ დროს დასახული? ბ) რა სასიხარულო შედეგებს მოიყვანდით?

      13 მშობლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შვილების გამოძერწვაში და ეს მათი ჩვილობის ასაკიდანვე უნდა დაიწყონ; ისინი კი უმწიკვლოების რა ჩინებული დამცველები შეიძლება გამოვიდნენ! (2 ტიმოთე 3:14, 15). ეს მართლდება მაშინაც კი, როდესაც განსაცდელები ძალიან მძიმეა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში სასტიკი დევნა იყო, ერთი სანდო ოჯახის უკანა ეზოში მდებარე ფარდულში საიდუმლოდ იბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკი“. ერთხელ ჯარისკაცები დაუყვნენ ქუჩას და ყველა სახლში ეძებდნენ ახალგაზრდებს, რათა ჯარში წაეყვანათ. ამ ოჯახის ორ ბიჭს ჰქონდა იმის დრო, რომ დამალულიყვნენ, მაგრამ ჯარისკაცები ძებნას დაიწყებდნენ, ამ დროს კი თავისუფლად აღმოაჩენდნენ საბეჭდ დანადგარს. ამას მთელი ოჯახის წამება ან სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყოლოდა. რა უნდა ექნათ ბიჭებს? მათ მოილაპარაკეს და ვაჟკაცურად მოიყვანეს იოანეს 15:13-ის სიტყვები: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“. ისინი ოთახიდან არ გავიდნენ. ჯარისკაცები ნახავდნენ მათ და, ეჭვგარეშეა, სასტიკადაც აწამებდნენ ან დახოცავდნენ კიდეც, როდესაც გაიგებდნენ, რომ ისინი ჯარში არ მიდიოდნენ. მაგრამ ისინი ძებნას აღარ განაგრძობდნენ. საბეჭდი დანადგარი და ოჯახის სხვა წევრები გადარჩებოდნენ. მაგრამ საოცარი რამ მოხდა. ჯარისკაცებმა გვერდი აუარეს ამ სახლს და სხვებში განაგრძეს ახალგაზრდების ძებნა! ის ადამიანები, რომლებიც საპატიო ჭურჭლებად იყვნენ გამოძერწილი, გადარჩნენ; გადარჩა საბეჭდი დანადგარიც, რათა დროულად გამოცემულიყო სულიერი საზრდო. ამ ორი ძმიდან ერთი დასთან ერთად ახლა ბეთელში მსახურობს და ჯერაც იმ ძველ საბეჭდ დანადგარზე მუშაობს.

      14 პატარებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ ილოცონ, რადგან ღმერთი პასუხობს მათ ლოცვებზე. ეს ნათლად გამოჩნდა რუანდაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის დროს. როდესაც ექვსი წლის გოგონა და მისი მშობლები მეამბოხეებს უნდა დაეხოცათ, გოგონამ ხმამაღლა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა და იეჰოვას სთხოვდა, რომ მიეცა მათთვის მისადმი მსახურების გაგრძელების საშუალება. მათზე, ვისაც ეს ოჯახი უნდა დაეხოცა, იმოქმედა გოგონას სიტყვებმა, ცოცხლები დატოვეს ისინი და უთხრეს: „ამ პატარა გოგონას უმადლოდეთ გადარჩენას“ (1 პეტრე 3:12).

      15. რომელი გამხრწნელი გავლენის შესახებ გვაფრთხილებდა პავლე?

      15 ახალგაზრდების უმეტესობას არ უწევს ისეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება, როგორიც ზემოთ იყო აღწერილი, მაგრამ არსებობს მრავალი განსაცდელი, რომლებსაც მოზარდები სკოლაში და დღევანდელ გახრწნილ საზოგადოებაში ხვდებიან. ესენია: ბილწსიტყვაობა, პორნოგრაფია, გამხრწნელი გართობები და ცუდ საქმეებში ახალგაზრდების ჩათრევის მცდელობა, რაც მრავალ ადგილას ფართოდ არის გავრცელებული. მოციქული პავლე არაერთხელ გვაფრთხილებდა ამასთან დაკავშირებით (1 კორინთელთა 5:6; 15:33, 34; ეფესელთა 5:3–7).

      16. როგორ შეუძლია ვინმეს, გახდეს საპატიო ჭურჭელი?

      16 მას შემდეგ, რაც პავლე მოიხსენიებს, რომ ჭურჭლებიდან ‘ზოგი საპატიოდაა და ზოგი — არასაპატიოდ’, აღნიშნავს: „ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის“. ამიტომ მოდი შვილებს მოვუწოდოთ, სიფხიზლე გამოავლინონ მეგობრების არჩევაში. დაე გაექცნენ ისინი ‘ყმაწვილკაცურ გულისთქმებს. მისდიონ სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს’ (2 ტიმოთე 2:20–22). ‘ერთმანეთის აღშენებისთვის’ გამიზნული ოჯახური შესწავლის პროგრამა ფასდაუდებელია ჩვენი შვილების გამოსაძერწად (1 თესალონიკელთა 5:11; იგავნი 22:6). ამაში შესანიშნავ დამხმარე საშუალებას ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და საზოგადოების პუბლიკაციების გამოყენება წარმოადგენს.

      ჩვენი და ყველას გამოძერწვა

      17. როგორ გვძერწავს წვრთნა და რა კარგი შედეგი მოაქვს მას?

      17 იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით გვაძლევს რჩევებს, რომლებიც ჩვენს გამოძერწვას ემსახურება. არასოდეს უგულებელყოთ ღვთისგან მომდინარე ასეთი რჩევები! ბრძნულად გამოეხმაურეთ მათ და მიეცით საშუალება, იეჰოვასთვის საპატიო ჭურჭლად გამოგძერწოთ. იგავნის 3:11, 12 გვირჩევს: „უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს“. შემდგომი მამობრივი რჩევა მოცემულია ებრაელთა 12:6–11-ში: „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. . . ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“. ასეთი წვრთნის ძირითად არხს ღვთის მიერ შთაგონებული მისი სიტყვა წარმოადგენს (2 ტიმოთე 3:16, 17).

      18. რას ვსწავლობთ ლუკას მე-15 თავიდან მონანიებასთან დაკავშირებით?

      18 იეჰოვა მწყალობელიცაა (გამოსვლა 34:6). მაშინაც კი, როდესაც სერიოზული ცოდვაა ჩადენილი, მაგრამ შემცოდველი მთელი გულით ინანიებს, ღმერთი მას პატიობს. თანამედროვე „უძღებ შვილებსაც“ შეუძლიათ საპატიო ჭურჭლებად გამოიძერწონ (ლუკა 15:22–24, 32). ჩვენი ცოდვები შეიძლება იმდენად სერიოზული არ იყოს, როგორიც უძღები შვილის იყო, მაგრამ ბიბლიურ რჩევებზე თავმდაბლად გამოხმაურება ყოველთვის საპატიო ჭურჭლად გამოძერწვამდე მიგვიყვანს.

      19. როგორ შეგვიძლია განვაგრძოთ იეჰოვას ხელში საპატიო ჭურჭლებად მსახურება?

      19 როდესაც პირველად გავიგეთ ჭეშმარიტება, მზად ვიყავით, რომ იეჰოვას გამოვეძერწეთ. შევწყვიტეთ წუთისოფლის გზებით სიარული, დავიწყეთ ახალ კაცად შემოსვა, თავი მივუძღვენით იეჰოვას და მონათლული ქრისტიანები გავხდით. დავემორჩილეთ რჩევას, რომელიც ეფესელთა 4:20–24-შია მოცემული: ‘მიატოვეთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და შეიმოსეთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’. მოდით თითოეული ჩვენგანი ყოველთვის რბილი თიხა ვიყოთ დიდებული მექოთნის, იეჰოვას, ხელში და ყოველთვის ღვთის საპატიო ჭურჭლებად ვიმსახუროთ!

  • ჩვენი განძი თიხის ჭურჭლებში
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 თებერვალი
    • ჩვენი განძი თიხის ჭურჭლებში

      „მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7).

      1. როგორ უნდა გაგვამხნევოს იესოს მაგალითმა?

      იესომ დედამიწაზე ყოფნისას, როდესაც იეჰოვა ძერწავდა მას, თავად ნახა ადამიანებისთვის დამახასიათებელი სისუსტეები. რამდენად გამამხნევებელი უნდა იყოს ჩვენთვის მის მიერ უმწიკვლოების შენარჩუნების მაგალითი! მოციქული პეტრე გვეუბნება: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). გამოძერწვაზე მორჩილების გამოვლენის შედეგად, იესომ სძლია წუთისოფელს. ის მოციქულებსაც უნერგავდა ბრძოლაში გამარჯვების სულს (საქმეები 4:13, 31; 9:27, 28; 14:3; 19:8). რა გამამხნევებელი სიტყვები უთხრა ქრისტემ მოციქულებს მათთან უკანასკნელი საუბრის დასასრულს: „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“! (იოანე 16:33).

      2. წუთისოფლის ‘სიბრმავისგან’ განსხვავებით რა ‘ნათელი’ გვინათებს ჩვენ?

      2 პავლე მოციქულმაც, მას შემდეგ, რაც ‘ამ წუთისოფლის ღვთის’ მიერ გამოწვეული სიბრმავე ‘სახარებისეული ნათლის ბრწყინვალებას’ დაუპირისპირა, ჩვენი ძვირფასი მსახურების შესახებ თქვა: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“ (2 კორინთელთა 4:4, 7–9). მიუხედავად იმისა, რომ მყიფე ‘თიხის ჭურჭლები’ ვართ, ღმერთი თავისი სულიწმიდით ისე გვძერწავს, რომ სატანის წუთისოფელთან ბრძოლაში სრული გამარჯვება შეგვიძლია მოვიპოვოთ (რომაელთა 8:35–39; 1 კორინთელთა 15:57).

      ძველი ისრაელის გამოძერწვა

      3. როგორ აღწერა ესაიამ იუდეველთა გამოძერწვა?

      3 იეჰოვა ძერწავს არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ერსაც. მაგალითად, ძველი ისრაელი ყვაოდა, როდესაც იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევდა. მაგრამ ბოლოს დაუმორჩილებლობის გამო მან საკუთარი თავი მყარ მასალად იქცია. ამის შედეგად ისრაელს გამომსახველმა უბედურება დაატეხა თავს (ესაია 45:9). ძვ. წ. VIII საუკუნეში ისრაელების ცოდვებში ჩაფლობის შესახებ ესაია იეჰოვას ეუბნებოდა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი. . . ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა“ (ესაია 64:7–10). ისრაელი გამოიძერწა ისეთ ჭურჭლად, რომელიც მხოლოდ გასანადგურებლად გამოდგებოდა.

      4. რა აჩვენა იერემიამ თვალსაჩინოდ?

      4 ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც განკითხვის ჟამი ახლოვდებოდა, იეჰოვამ იერემიას უთხრა, რომ აეღო თიხის დოქი, იერუსალიმის რამდენიმე უხუცესის თანხლებით წასულიყო ჰინომის ველზე და შემდეგნაირად მოქცეულიყო: „გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ. უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება“ (იერემია 19:10, 11).

      5. რა მასშტაბის იყო იეჰოვას მიერ ისრაელზე გამოტანილი განაჩენი?

      5 ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორმა მიწასთან გაასწორა იერუსალიმი და მისი ტაძარი, ხოლო გადარჩენილი იუდეველები ტყვედ წაასხა ბაბილონში. 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ მონანიე იუდეველებმა შეძლეს იერუსალიმში დაბრუნება და ქალაქისა და მისი ტაძრის აღდგენა (იერემია 25:11). მაგრამ ახ. წ. I საუკუნისთვის ერმა კვლავ მიატოვა თავისი დიდებული მექოთნე და, საბოლოოდ, ისე დაეცა, რომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა — მოკლა ღვთის ძე. ახ. წ. 70 წელს ღმერთმა მსოფლიო მპყრობელი, რომი, გამოიყენა იუდეველთა სისტემის გასანადგურებლად და იერუსალიმისა და მისი ტაძრის გასაცამტვერებლად. იეჰოვა აღარასოდეს გამოძერწავდა ისრაელს როგორც ‘წმიდასა და დიდებულს’a.

      სულიერი ერის გამოძერწვა

      6, 7. ა) როგორ აღწერს პავლე სულიერი ისრაელის გამოძერწვას? ბ) რამდენია ‘წყალობის ჭურჭელთა’ სრული რაოდენობა და როგორ ივსებოდა ეს რიცხვი?

      6 იუდეველები, რომლებმაც იესო მიიღეს, ახალი ერის, „ღვთის“ სულიერი ‘ისრაელის’, საძირკვლის წევრებად გამოიძერწნენ (გალატელთა 6:16). მართლაც რომ, მართებულია პავლეს სიტყვები: „ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? . . ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად“ (რომაელთა 9:21–23).

      7 მოგვიანებით მკვდრეთით აღდგენილმა იესომ ცხადყო, რომ ამ ‘წყალობის ჭურჭელთა’ რაოდენობა 144 000 იქნებოდა (გამოცხადება 7:4; 14:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990). რადგან ხორციელმა ისრაელმა ვერ შეავსო ეს რიცხვი, იეჰოვამ თავისი გულმოწყალება სხვა ხალხებზეც განავრცო (რომაელთა 11:25, 26). ახალფეხადგმული ქრისტიანული კრება სწრაფად იზრდებოდა. 30 წელიწადში კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). ამიტომ მრავალ მიმოფანტულ კრებას სათანადო ზედამხედველობა სჭირდებოდა.

      8. ვინ შედიოდა პირველი ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობაში და როგორ გაიზარდა ამ საბჭოს წევრთა რაოდენობა?

      8 იესომ 12 მოციქული მოამზადა, რომლებიც პირველი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები გახდნენ; გარდა ამისა, მან მსახურებისთვის სხვებიც განსწავლა (ლუკა 8:1; 9:1, 2; 10:1, 2). ახ. წ. 33 წელს დაფუძნდა ქრისტიანული კრება, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა და მასში ‘მოციქულები და უხუცესებიც’ შევიდნენ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იესოს ნახევარძმა იაკობი, მიუხედავად იმისა, რომ მოციქული არ იყო, როგორც ჩანს, ამ საბჭოს თავმჯდომარეობდა (საქმეები 12:17; 15:2, 6, 13; 21:18). ისტორიკოს ევსების თანახმად, მოციქულები დევნის განსაკუთრებული სამიზნე გახდნენ, რის გამოც აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. შესაბამისად იცვლებოდა ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობაც.

      9. რა სამწუხარო მოვლენის განვითარება იწინასწარმეტყველა იესომ?

      9 პირველი საუკუნის მიწურულისთვის ‘მტერმა, ეშმაკმა’, ‘ცათა სასუფევლის’ ხორბლისმაგვარ მემკვიდრეთა შორის ‘ღვარძლის’ ჩათესვა იწყო. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს სამწუხარო მოვლენა მკის დრომდე, ‘წუთისოფლის აღსასრულამდე’, გაგრძელდებოდა. შემდეგ კი ‘მართალნი მზესავით გაბრწყინდებოდნენ თავიანთი მამის სასუფეველში’ (მათე 13:24, 25, 37–43). როდის მოხდებოდა ეს?

      ღვთის ისრაელის გამოძერწვა დღეს

      10, 11. ა) როგორ დაიწყო ღვთის ისრაელის გამოძერწვა ჩვენს დღეებში? ბ) რა ურთიერთსაპირისპირო სწავლებები აღმოაჩნდათ ქრისტიანულ სამყაროსა და ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს?

      10 ჩარლზ ტეიზ რასელმა 1870 წელს პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა. 1879 წელს მან დღეს „საგუშაგო კოშკად“ ცნობილი ჟურნალის ყოველთვიურად გამოშვება დაიწყო. ბიბლიის ამ მკვლევარებმა (როგორც მათ უწოდებდნენ) მალე დაინახეს, რომ ქრისტიანულ სამყაროს გადმოღებული ჰქონდა ისეთი წარმართული სწავლებები, როგორიცაა: სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, განსაწმენდელი, სამპიროვნული ღმერთი და ჩვილების მონათვლა.

      11 მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიბლიური ჭეშმარიტების ამ მოყვარულებმა აღადგინეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები, ისეთები როგორიცაა: იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ხსნა, მკვდრეთით აღდგომა და შემდეგ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მშვიდობიან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრება. ყველაზე მეტად კი ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ მოახლოებული იყო იეჰოვა ღმერთის, როგორც სამყაროს უზენაესი უფლის, გამართლება. ბიბლიის მკვლევარებს სწამდათ, რომ მალე პასუხი გაეცემოდა იესოს ლოცვას: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). ისინი ღვთის სულიწმიდის საშუალებით მშვიდობისმოყვარე მსოფლიო ქრისტიანულ საძმოდ იძერწებოდნენ.

      12. როგორ გაიგეს ბიბლიის მკვლევარებმა მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ?

      12 წიგნ „დანიელის“ მეოთხე თავისა და სხვა წინასწარმეტყველებების ძირფესვიანი შესწავლის საფუძველზე ბიბლიის მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ მესიანურ მეფედ იესოს თანდასწრება სულ მალე დაიწყებოდა. გაიგეს, რომ 1914 წელს „წარმართთა ჟამი“ ამოიწურებოდა (ლუკა 21:24; ეზეკიელი 21:31, 32). ბიბლიის მკვლევართა საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ; მათ მთელ შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბეს ბიბლიური კლასები (რომლებსაც მოგვიანებით კრებები ეწოდა). ახალი საუკუნის დასაწყისისთვის მათ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა ევროპასა და ავსტრალაზიაშიც დაიწყეს. აუცილებელი გახდა კარგი ორგანიზება.

      13. რა კანონიერი სტატუსი მოიპოვეს ბიბლიის მკვლევარებმა და როგორ გრანდიოზულ მსახურებას ეწეოდა საზოგადოების პირველი პრეზიდენტი?

      13 კანონიერი სტატუსის მიღების მიზნით 1884 წელს შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ იქნა ბიბლიის მკვლევარების „სიონის საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება და პიტსბურგის (პენსილვანია) მთავარი სამმართველო. ამ საზოგადოების დირექტორები ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდნენ და მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას უწევდნენ ზედამხედველობას. საზოგადოების პირველმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტ. რასელმა დაწერა ექვსტომიანი „საღვთო წერილის გამოკვლევა“ და ქადაგების მიზნით მრავალ ადგილს ეწვია. მან აგრეთვე სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას შესწირა მთელი ქონება, რაც კი ბიბლიის კვლევის დაწყებამდე შეიძინა. 1916 წელს, როდესაც ევროპაში მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ღონემიხდილი ძმა რასელი სამქადაგებლო მოგზაურობის დროს გარდაიცვალა. მან ყველაფერი ღვთის სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებას შესწირა.

      14. როგორ ‘იბრძოდა კეთილი ბრძოლით’ ჯ. ფ. რუტერფორდი? (2 ტიმოთე 4:7).

      14 საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა ჯოზეფ ფ. რუტერფორდი, რომელიც მანამდე გარკვეული პერიოდით მისურის მოსამართლე იყო. მის მიერ ბიბლიური ჭეშმარიტების უშიშრად დაცვის გამო ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, რათა ‘უსამართლობა ჩაედინათ’. 1918 წლის 21 ივნისს ძმა რუტერფორდი და ბიბლიის სხვა შვიდი მკვლევარი ხელმძღვანელი ძმა დააპატიმრეს. სასამართლომ მათ მრავალი ბრალდება წაუყენა და ზოგს 10, ხოლო ზოგს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბიბლიის მკვლევარებმა სცადეს თავის დაცვა (ფსალმუნი 93:20; ფილიპელთა 1:7). აპელაციის საფუძველზე 1919 წლის 26 მარტს ისინი გაათავისუფლეს, ხოლო მოგვიანებით სრულიად მოუხსნეს აჯანყებისკენ წაქეზების ცრუ ბრალდებაb. ამ შემთხვევამ ბიბლიის მკვლევარები ჭეშმარიტების გაბედულ დამცველებად გამოძერწა. იეჰოვას დახმარებით, ქვას ხეთქავდნენ და სულიერ ომში იმარჯვებდნენ, რათა, დიდი ბაბილონის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქვეყნოდ ემცნოთ კეთილი ცნობა. ეს ბრძოლა დღემდე, 1999 წლამდე, გრძელდება (შეადარეთ მათეს 23-ე თავს; იოანე 8:38–47).

      15. რატომ იყო 1931 წელი ისტორიული მნიშვნელობის წელი?

      15 ოცი—ოცდაათიანი წლების განმავლობაში დიდებული მექოთნე განაგრძობდა ღვთის ცხებული ისრაელის გამოძერწვას. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს შუქი ეფინებოდა, რაც პატივს მიაგებდა იეჰოვას და ყურადღებას ამახვილებდა იესოს მესიანურ სამეფოზე. 1931 წელს ბიბლიის მკვლევარები მოხარული იყვნენ იმით, რომ მიიღეს ახალი სახელწოდება: „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12, აქ; მათე 6:9, 10; 24:14).

      16 და ჩარჩო მე-19 გვერდზე. როდის შეივსო რიცხვი 144 000 და ამის რა მტკიცება არსებობს?

      16 ოცდაათიან წლებში ‘მოწოდებულთა, რჩეულთა და სარწმუნოთა’ რიცხვი, 144 000, შეივსო (გამოცხადება 17:14; იხილეთ ჩარჩო მე-19 გვერდზე). ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენს მიაღწია ამ რიცხვმა პირველ საუკუნესა და ქრისტიანული სამყაროს დიდი განდგომილების შავბნელ პერიოდში, როდესაც ხორბალს ‘ღვარძლს’ შორის უწევდა ზრდა. მაგრამ 1935 წელს მთელ მსოფლიოში მაუწყებელთა საერთო რაოდენობიდან, 56 153-დან, გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღო 52 465-მა და ამით აჩვენა, რომ ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდა. რა მოუვიდოდათ მათ, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა შეგროვილიყვნენ?

      „აჰა, უამრავი ხალხი“

      17. რა ისტორიული მოვლენა მოხდა 1935 წელს?

      17 კონგრესზე, რომელიც 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი, აშშ) ჩატარდა, ძმა რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება, სათაურით: „უამრავი ხალხი“, რაც იქ დამსწრეთათვის სრულიად ახალი იყო. ეს ხალხი, „რომლის დათვლა არავის შეეძლო“, გამოჩნდებოდა მაშინ, როდესაც 144 000 სულიერი ისრაელის დაბეჭდვა დასასრულს მიუახლოვდებოდა. ისინიც გამოავლენდნენ რწმენას იესოს, ანუ ‘კრავის სისხლის’ გამომსყიდველური ძალისადმი და შეასრულებდნენ წმინდა მსახურებას იეჰოვას ტაძარში იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას მიიღებდნენ. ისინი ‘დიდ გასაჭირს’ გადაიტანდნენ და დედამიწაზე სამოთხეს დაიმკვიდრებდნენ — სამოთხეს, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“. 1935 წლის კონგრესამდე რამდენიმე წლით ადრე ამ ჯგუფის შესახებ ლაპარაკობდნენ როგორც იონადაბზე (გამოცხადება 7:9–17; 21:4; იერემია 35:10).

      18. რა მხრივ იყო 1938 წელი მნიშვნელოვანი?

      18 ათას ცხრაას ოცდათვრამეტ წელს აშკარად გამოიკვეთა ეს ორი კლასი. იმავე წლის 15 მარტისა და 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო ორი ნაწილისგან შემდგარი სასწავლო სტატიები „მისი ფარა“, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ცხებულთა დარჩენილი ნაწილისა და მათი თანამშრომლების, უამრავი ხალხის, დამოკიდებულება. შემდეგ, 1 ივნისისა და 15 ივნისის ნომრებში, მოცემული იყო სასწავლო სტატიები, სათაურით „ორგანიზაცია“, რომელიც ესაიას 60:17-ზე იყო დაფუძნებული. ყველა კრებას მოუწოდეს, რომ ხელმძღვანელი საბჭოსთვის ეთხოვათ ადგილობრივი მსახურების დანიშვნა, რითაც ღვთის მიერ დაფუძნებული თეოკრატიული ღონისძიებები გაუმჯობესდებოდა. კრებები სწორედ ასე მოიქცნენ.

      19 და სქოლიო. რა ფაქტები გვარწმუნებს, რომ ‘სხვა ცხვრების’ საყოველთაო მოწოდება ახლა უკვე 60 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს?

      19 „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ (1939 წელი) აღნიშნული იყო: „ახლა დედამიწაზე ქრისტე იესოს ცხებულ მიმდევართა რაოდენობა მცირეა და ეს რიცხვი არასოდეს გაიზრდება. ისინი საღვთო წერილში სიონის, ღვთის ორგანიზაციის, შთამომავალთაგან ‘დარჩენილ ნაწილად’ არიან მოხსენიებული (გამოცხ. 12:17). ახლა უფალი კრებს ‘სხვა ცხვრებს’, რომლებიც ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენლები იქნებიან (იოანე 10:16). ხალხი, რომელიც ახლა იკრიბება, ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად მსახურობს. დღეიდან ‘სხვა ცხვრების’ რაოდენობა გაიზრდება და ‘უამრავ ხალხად’ იქცევა“. ცხებულთა დარჩენილი ნაწილი უკვე გამოძერწილი იყო იმისათვის, რომ ეზრუნა უამრავი ხალხის შეკრებაზე. ახლა კი ეს ხალხიც უნდა გამოიძერწოსc.

      20. რა ორგანიზაციული ცვლილებები მოხდა 1942 წლის შემდეგ?

      20 ჯოზეფ რუტერფორდი გარდაიცვალა 1942 წლის იანვარში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ის შეცვალა ნეიტან ნორმა. საზოგადოების მესამე პრეზიდენტს სიყვარულით იხსენებენ, როგორც კრებებში თეოკრატიული სკოლისა და მისიონერების მოსამზადებლად სკოლა „გალაადის“ დამფუძნებელს. 1944 წელს საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაისინჯა წესდება და გადაწყდა, რომ საზოგადოების წევრობა მატერიალურ შემოწირულობაზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ სულიერობაზე. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში მქადაგებელთა რიცხვი 156 299-დან 2 179 256-მდე გაიზარდა. 1971—1975 წლებში საჭირო იყო შემდგომი ორგანიზაციული ცვლილებები. მხოლოდ პრეზიდენტი უკვე ვერ გასწევდა მსოფლიოში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობას. ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა, რომლის თავმჯდომარეები იცვლებოდნენ, 18-მდე გაიზარდა. მათგან თითქმის ნახევარმა დაასრულა დედამიწაზე ცხოვრება.

      21. რამ გამოძერწა მცირე სამწყსოს წევრები სამეფოსთვის?

      21 მცირე სამწყსოს დარჩენილი ნაწილის წევრები განსაცდელებით სავსე მრავალი ათწლეულის განმავლობაში იძერწებოდნენ. ისინი გამხნევებული არიან იმით, რომ აშკარად ღებულობენ ‘სულის დამოწმებას’. იესო მათ ეუბნება: „თქვენ. . . ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემ სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (რომაელთა 8:16, 17; ლუკა 12:32; 22:28–30).

      22, 23. როგორ იძერწებიან მცირე სამწყსოსა და სხვა ცხვრების წარმომადგენლები?

      22 დედამიწაზე დარჩენილ სულით ცხებულთა რიცხვი კლებულობს, რის გამოც მსოფლიოში თითქმის ყველა კრებას უამრავი ხალხიდან სულიერად მომწიფებული ძმები უწევენ ზედამხედველობას. და როდესაც უკანასკნელი მოხუცი ცხებული გაივლის დედამიწაზე ცხოვრების გზას, სხვა ცხვრების წარმომადგენელი მთავრის (ებრ. სარიმი) კლასი კარგად იქნება მომზადებული დედამიწაზე ხელმძღვანელის როლის შესასრულებლად (ეზეკიელი 44:3; ესაია 32:1).

      23 ახლა კი მცირე სამწყსოსა და სხვა ცხვრების წარმომადგენლები ერთნაირად იძერწებიან საპატიო ჭურჭლებად (იოანე 10:14–16). ‘ახალი ცის’ წევრობის იმედი გვაქვს თუ ‘ახალი მიწის’, მთელი გულით გამოვეხმაუროთ იეჰოვას მოწვევას: ‘იხარეთ და იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად’ (ესაია 65:17, 18). დაე ამ სუსტმა ადამიანებმა ყოველთვის თავმდაბლად ვიმსახუროთ! დაე გამოგვძერწოს ‘აღმატებულმა ძლიერებამ’, ანუ ღვთის სულიწმიდამ! (2 კორინთელთა 4:7; იოანე 16:13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება