-
თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 47
თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება
რატომ უნდა გამოიყენო სწავლებისას თვალსაჩინოება? მისი გამოყენებით უფრო ეფექტურად ასწავლი სხვებს. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე იყენებდნენ თვალსაჩინოებას. ჩვენც შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ. როდესაც სიტყვებს თან ერთვის თვალსაჩინო საშუალებები, მსმენელი ინფორმაციას ერთდროულად გრძნობის ორი ორგანოთი აღიქვამს. ამის დახმარებით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენ მსმენელზე და მეტი ინტერესით მოგისმენს. როგორ უნდა გამოიყენო თვალსაჩინოება სასიხარულო ცნობაზე საუბრისას? როგორ უნდა გაიგო, ეფექტურად იყენებ თუ არა მას?
როგორ იყენებდნენ თვალსაჩინოებას დიდებული მასწავლებლები. ადვილი დასამახსოვრებელი თვალსაჩინო საშუალებების მეშვეობით იეჰოვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებდა ადამიანთა ყურადღებას. ერთ ღამეს მან აბრაამი გარეთ გაიყვანა და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას . . . ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“ (დაბ. 15:5). თუმცა ამ დანაპირების შესრულება ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანდა, აბრაამზე ძლიერ იმოქმედა ამან და ერწმუნა იგი იეჰოვას სიტყვას. ერთხელ იეჰოვამ იერემია „მეთუნის სახლში“ გაგზავნა, რათა ეჩვენებინა მისთვის, როგორ აძლევდა მეთუნე თიხას ფორმას თავის სახელოსნოში. ადამიანებზე შემოქმედის ძალაუფლების მაჩვენებელი რა დაუვიწყარი გაკვეთილია! (იერ. 18:1—6). ან იონას რა დაავიწყებდა, როგორ ასწავლა მას იეჰოვამ გულმოწყალება აყიროს საშუალებით? (იონ. 4:6—11). რამდენიმე შემთხვევაში იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველებს ისიც კი უთხრა, რომ გარკვეული ნივთების გამოყენებით სცენა გაეთამაშებინათ და წინასწარმეტყველური ცნობები ასე გადაეცათ (1 მეფ. 11:29—32; იერ. 27:1—8; ეზეკ. 4:1—17). კარვისა და ტაძრის სხვადასხვა ნაწილი იმის გაგებაში გვეხმარება, რაც ზეცაში ხდება (ებრ. 9:9, 23, 24). ღმერთს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არაერთხელ გადაუცია ადამიანებისთვის ხილვების მეშვეობით (ეზეკ. 1:4—28; 8:2—18; საქ. 10:9—16; 16:9, 10; გამოცხ. 1:1).
როგორ იყენებდა თვალსაჩინოებას იესო? როდესაც ფარისევლები და ჰეროდეს მომხრეები სიტყვაში მის გამოჭერას ცდილობდნენ, იესომ დინარი ითხოვა და მასზე აღბეჭდილ კეისრის გამოსახულებაზე მიაქცევინა მათ ყურადღება. შემდეგ კი აუხსნა, რომ კეისრისა კეისრისთვის უნდა მიეცათ, ღვთისა კი — ღვთისთვის (მათ. 22:19—21). თავისი მიმდევრებისთვის რომ ესწავლებინა, პატივი მიეგოთ ღვთისათვის ყველაფრით, რაც გააჩნდათ, იესომ ყურადღება გაამახვილა ღარიბ ქვრივზე. ქალმა ტაძარში შესაწირავად ორი პატარა მონეტა — მთელი ქონება — გაიღო (ლუკ. 21:1—4). ერთ შემთხვევაში იესომ ბავშვს დაუძახა, რათა მოწაფეებისთვის ბავშვების მაგალითზე ესწავლებინა, ყოფილიყვნენ თავმდაბალნი და მორიდებოდნენ პატივმოყვარეობას (მათ. 18:2—6). ერთხელ კი მან ფეხები დაბანა მოწაფეებს და ამით თვალსაჩინოდ აჩვენა, რას ნიშნავდა სინამდვილეში თავმდაბლობის გამოვლენა (იოან. 13:14).
-
-
თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
თვალსაჩინოების გამოყენება მსმენელთა ჯგუფთან საუბრისას. კარგად მომზადებული და ოსტატურად ნაჩვენები თვალსაჩინო საშუალებები ეფექტურია დიდი ჯგუფის სასწავლებლადაც. ასეთ საშუალებებს „ერთგული და გონიერი მონა“ სხვადასხვა სახით გვაწვდის.
„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებში, ჩვეულებრივ, თვალსაჩინოების მიზნით ილუსტრაციებია გამოყენებული. მათი მეშვეობით შესწავლის ჩამტარებელს შეუძლია ხაზი გაუსვას მნიშვნელოვან მომენტებს. იმავეს თქმა შეიძლება იმ პუბლიკაციებზეც, რომლებსაც წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ.
ზოგიერთი საჯარო მოხსენების მთავარი აზრების გამოსაკვეთად შეიძლება საჭიროდ ჩათვალო თვალსაჩინო საშუალებების გამოყენება. და მაინც, უკეთესი შედეგი მაშინ მიიღწევა, როცა მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაზე, რომელიც მსმენელთა უმეტესობას ხელში უჭირავს. თუ მოხსენებაში მთავარ აზრთან დაკავშირებით ილუსტრაციის ან მთავარი აზრების მოკლე სიის გამოყენება გინდა, წინასწარ შეამოწმე, დაინახავენ თუ არა ბოლო რიგებში მსხდომები ამ საშუალებებს. მაგრამ მსგავსი თვალსაჩინო საშუალებები ხშირად არ უნდა იყოს გამოყენებული.
საუბრისას ან სხვების სწავლებისას თვალსაჩინოებას მსმენელის გართობის მიზნით არ ვიყენებთ. შესაფერისმა თვალსაჩინო საშუალებებმა უნდა გააძლიეროს აზრები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ისინი კარგ მიზანს ემსახურება მაშინ, როდესაც ნათელს ჰფენს ნათქვამს, უფრო ადვილად გასაგებს ხდის მას ან ნათლად მოწმობს მის საფუძვლიანობაზე. შესაფერისი თვალსაჩინო საშუალება იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე, რომ ეს საშუალებაცა და აზრიც, რომლისთვისაც ის იყო მოყვანილი, წლების განმავლობაში რჩება მსმენელის მეხსიერებაში.
სწავლაში დიდ როლს თამაშობს როგორც სმენა, ისე მხედველობა. გახსოვდეს, როგორ იყენებდნენ ადამიანის ამ ორ გრძნობას ყველაზე დიდებული მასწავლებლები და ეცადე, მიჰბაძო მათ სწავლებისას.
-