საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კაცობრიობა ყოველთვის ისწრაფვოდა, ესიამოვნებინა ღვთისთვის
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
    • კაცობრიობა ყოველთვის ისწრაფვოდა, ესიამოვნებინა ღვთისთვის

      არასოდეს უარსებია ისეთ საზოგადოებას, რომლის ცხოვრებაშიც ღმერთს არ უთამაშია გარკვეული როლი — როგორც წესი, ყოვლისმპყრობლისა და შემოქმედის როლი. ეს ასეა იმ საზოგადოებებშიც კი, რომლებმაც გამიზნულად აირჩიეს, სეკულარიზაციის გზას დასდგომოდნენ“, — ამბობს ჯონ ბოუკერი თავის წიგნში „ღმერთი — მოკლე ისტორია“. სწრაფვა იმისკენ, რომ ამა თუ იმ სახით ეპოვათ ღმერთი და მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, ყოველთვის იყო ადამიანთა ქმედების განუყოფელი ნაწილი. დედამიწის ზურგზე მრავალს აქვს გულწრფელი სურვილი, ღმერთს ასიამოვნოს. ცხადია, ისინი ამის გაკეთებას, თავიანთი მრწამსის მიხედვით ცდილობენ.

      ზოგს სწამს, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საკმარისია პატიოსნად ცხოვრება. სხვების მრწამსით კი ღვთის მოწონების დამსახურება ქველმოქმედებით შეიძლება. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანისთვის რელიგიური ცერემონიალები და რიტუალებია არსებითი.

      მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებსაც სწამთ, რომ ღმერთი მიუწვდომელია — მეტისმეტად შორს არის ადამიანებისგან ან არ სცალია უბრალო ხალხისთვის. როგორც ამბობენ, ძველი დროის ბერძენ ფილოსოფოსს ეპიკურეს სწამდა, რომ ‘ღმერთები მეტისმეტად შორს არიან ადამიანებისგან საიმისოდ, რომ რაიმე ცუდი ან კარგი გაუკეთონ მათ’. მიუხედავად ამისა, მრავალს, ვინც მსგავს აზრებს იზიარებს, მაინც აქვს გარკვეული რწმენა. ზოგი მსხვერპლსაც კი აღავლენს და რიტუალებში იღებს მონაწილეობას იმ იმედით, რომ გარდაცვლილ წინაპართა სულებს გულს მოულბობს.

      თქვენ რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? აქცევს ღმერთი ყურადღებას მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად გამიზნულ ჩვენს მცდელობას? შეგვიძლია ღვთის გულს შევეხოთ და ვასიამოვნოთ მას?

  • თქვენ შეგიძლიათ გული გაუხაროთ ღმერთს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
    • თქვენ შეგიძლიათ გული გაუხაროთ ღმერთს

      სინამდვილეში შეგვიძლია ღმერთში ესა თუ ის გრძნობა აღვძრათ? აქვს ღმერთს სიხარულის განცდის უნარი? ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ღმერთი არის „უზენაესი ან ყოვლისშემძლე და ყოვლისმპყრობელი“. თუ ეს უზენაესი და ყოვლისშემძლე მხოლოდ უსასრულო ძალაა? გონივრულია მოველოდეთ, რომ უპიროვნო ძალას სიხარულის განცდა შეუძლია? ცხადია, რომ არა. მაგრამ განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის შესახებ.

      „ღმერთი არის სული“, — თქვა იესო ქრისტემ (იოანე 4:24). სული სიცოცხლის ისეთი ფორმაა, რომელიც განსხვავდება ადამიანური სიცოცხლისგან. სული ადამიანის თვალისთვის უხილავია, მაგრამ მას აქვს სხეული — „სულიერი სხეული“ (1 კორინთელთა 15:44; იოანე 1:18). ბიბლია იყენებს სტილისტიკურ ხერხს, რომელიც ნათქვამს განსაკუთრებულ გამომსახველობას აძლევს და ღმერთზე ამბობს, რომ მას აქვს თვალები, ყურები, ხელები და ასე შემდეგa. ღმერთს სახელიც აქვს — იეჰოვა (ფსალმუნები 82:19, აქ [83:18]). ასე რომ, ბიბლიური ღმერთი სულიერი არსებაა (ებრაელთა 9:24). „ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე“ (იერემია 10:10).

      როგორც რეალურ პიროვნებას, იეჰოვას შეუძლია იფიქროს და იმოქმედოს. ის ავლენს თვისებებს და გამოხატავს გრძნობებს; ცხადყოფს, რა მოსწონს და რა — არა. ბიბლიაში მრავალი ფრაზაა, საიდანაც ჩანს, რა სიამოვნებს ღმერთს და რა — არა. მაშინ როდესაც ადამიანების მიერ შექმნილ ღმერთებსა და კერპებს მხოლოდ ის თვისებები აქვთ, რომლებსაც მათ მათივე გამკეთებლები მიაწერენ, ყოვლისშემძლე ღმერთმა, იეჰოვამ, თავად შექმნა და ჩადო ადამიანებში ემოციები (დაბადება 1:27; ესაია 44:7—11).

      იეჰოვა, რა თქმა უნდა, „ბედნიერი ღმერთია“ (1 ტიმოთე 1:11, აქ). ის არა მარტო ხარობს შემოქმედებით, არამედ სიამოვნებას პოულობს თავისი განზრახვის შესრულებაში. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვა ამბობს: „ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ . . . მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც“ (ესაია 46:9—11). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იხარებდეს უფალი თავის ქმნილებაზე!“ (ფსალმუნები 103:31). მაგრამ ღმერთს სხვა რამეც ახარებს. ის ამბობს: „დაბრძენდი, შვილო, და გაახარე ჩემი გული“ (იგავები 27:11). დაფიქრდით, ამ სიტყვების მნიშვნელობაზე — ჩვენ შეგვიძლია გული გავუხაროთ ღმერთს!

      როგორ შეგვიძლია გული გავუხაროთ ღმერთს? 

      განვიხილოთ, როგორ გაუხარა იეჰოვას გული პატრიარქმა ნოემ. მან „ჰპოვა მადლი უფლის თვალში“, რადგან „უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში“. მაშინ მცხოვრებ ბოროტ ადამიანთაგან სრულიად განსხვავებული ნოეს რწმენა და მორჩილება იმდენად სიამოვნებდა ღმერთს, რომ ამ კაცზე მას შეეძლო ეთქვა: „ღმერთის გზით დადიოდა იგი“ (დაბადება 6:6, 8, 9, 22). „რწმენით იყო, რომ [ნოემ] ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7). იეჰოვას სიამოვნებას ანიჭებდა ნოეს მოქმედება. მან აკურთხა ეს ერთგული კაცი და მისი ოჯახი — ისინი ადამიანთა ისტორიის მშფოთვარე პერიოდს გადაურჩნენ.

      პატრიარქ აბრაამსაც კარგად ესმოდა იეჰოვას გრძნობები. როდესაც იეჰოვამ მას გახრწნილი ქალაქების, სოდომისა და გომორის, განადგურების შესახებ ამცნო, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ერთგული კაცი კარგად იყო გაცნობილი იეჰოვას აზროვნებას. აბრაამი კარგად იცნობდა ღმერთს და შეეძლო დაესკვნა, რომ შეუძლებელი იყო, მას მართლები ბოროტებთან ერთად გაენადგურებინა (დაბადება 18:17—33). წლების შემდეგ, ღვთის მითითებისამებრ, „მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი“, რადგან მიაჩნდა, „რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს“ (ებრაელთა 11:17—19; დაბადება 22:1—18). აბრაამი იმდენად კარგად სწვდებოდა ღვთის გრძნობებს და ისე დიდ რწმენასა და მორჩილებას ავლენდა, რომ მას „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (იაკობი 2:23).

      სხვა მამაკაცი, რომელიც ღვთის გულის გახარებას ცდილობდა, ძველი ისრაელის მეფე დავითი იყო. მის შესახებ იეჰოვამ თქვა: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს“ (საქმეები 13:22). გოლიათთან შებრძოლებამდე დავითი მთლიანად ღმერთს მიენდო და ისრაელის მეფე საულს უთხრა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან“. იეჰოვამ აკურთხა დავითი ასეთი მინდობისთვის და გოლიათი დაამარცხებინა (1 მეფეთა 17:37, 45—54). დავითს სურდა, რომ მისი მხრიდან არა მარტო საქმეები ‘ყოფილიყო ღვთისთვის სასურველი’, არამედ ‘სიტყვებიცა და გულის ზრახვებიც’ (ფსალმუნები 18:15).

      რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? როგორ შეგვიძლია იეჰოვას ვასიამოვნოთ? რაც უფრო გულისხმიერები ვიქნებით ღვთის გრძნობების მიმართ, მით უფრო გვეცოდინება, თუ რით შეგვეძლება ღვთის გულის გახარება. ამიტომ, ბიბლიის კითხვისას მნიშვნელოვანია, ვეცადოთ, ჩავწვდეთ ღვთის გრძნობებს, რომ ‘აღვივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოვიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ვაამოთ მას’ (კოლასელთა 1:9, 10). ცოდნის შეძენა, თავის მხრივ, რწმენის აღშენებაში გვეხმარება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრაელთა 11:6). დიახ, იეჰოვას გულს გავუხარებთ, თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მტკიცე რწმენის განსავითარებლად და ცხოვრებას იეჰოვას ნებას შევუსაბამებთ. ამავე დროს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა იეჰოვას გული არ ვატკინოთ.

      ღმერთს გული არ ვატკინოთ

      იეჰოვას გულისტკენის მაგალითი მოცემულია ნოეს დღეების შესახებ ბიბლიურ ცნობაში. იმ დროს „გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო“. რას გრძნობდა ღმერთი, როდესაც გახრწნილებასა და ძალადობას ხედავდა? „ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე, — ნათქვამია ბიბლიაში — და დამწუხრდა თავის გულში“ (დაბადება 6:5, 6, 11, 12). ღმერთს დაენანა, რომ ადამიანები ძალიან ბოროტები გახდნენ და ამის გამო წარღვნის წინა პერიოდში მცხოვრები მოდგმის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოუწევდა: ღმერთი, რომელიც ადრე ადამიანებს ექცეოდა როგორც შემოქმედი, ახლა მათი გახრწნილების გამო განადგურებას უპირებდა.

      იეჰოვას გულს სტკენდა იმის დანახვაც, რომ თავისი ხალხი, ძველი ისრაელი, გამუდმებით უგულებელყოფდა მის გრძნობებს და სიყვარულით მიცემულ მითითებებს. ფსალმუნმომღერალი გოდებდა: „რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას. და ცდიდნენ უფალს ისევ და ისევ, და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს“. მაგრამ ღმერთი ‘გულმოწყალე იყო, უნდობდა ცოდვას და არ სპობდა. მრავალჯერ უკუაგდებდა თავის რისხვას და არ აღაგზნებდა მთელ თავის გულისწყრომას’ (ფსალმუნები 77:38—41). მიუხედავად იმისა, რომ ურჩი ისრაელები სამართლიანად იმკიდნენ თავიანთი ცოდვილი ქმედებების შედეგებს, ბიბლია გვეუბნება: „მის ყველა სატანჯველში თვითონაც [ღმერთი] იტანჯებოდა“ (ესაია 63:9).

      იეჰოვას მზრუნველობის მიუხედავად, ისრაელები „აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (2 ნეშტთა 36:16). საბოლოოდ, გამუდმებული სიჯიუტისა და დაუმორჩილებლობის გამოვლენით მათ „დაამწუხრეს მისი წმიდა სული“ იმდენად, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგეს (ესაია 63:10). რა მოიმკეს შედეგად? ღმერთი უკვე აღარ იცავდა მათ და უბედურება დაატყდათ თავს — ბაბილონელებმა იუდა დაიპყრეს და იერუსალიმი გაანადგურეს (2 ნეშტთა 36:17—21). რა სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ცხოვრების ისეთ კურსს ადგებიან, რომელიც შემოქმედს ანაწყენებს და გულს სტკენს!

      ბიბლია აშკარად გვიჩვენებს, რომ ღმერთს დიდ ტკივილს აყენებს უმართლოთა ქმედება (ფსალმუნები 77:41, აქ [78:41]). ღვთისთვის გულსატკენ და საძაგელ თვისებათა თუ საქმეთა შორისაა: სიამაყე, სიცრუე, მკვლელობა, მაგია, მკითხაობა, წინაპრების თაყვანისცემა, უზნეობა, ჰომოსექსუალიზმი, ცოლ-ქმრული ღალატი, სისხლის აღრევა და ღარიბთა ჩაგვრა (ლევიანები 18:9—29; 19:29; მეორე რჯული 18:9—12; იგავები 6:16—19; იერემია 7:5—7; მალაქია 2:14—16).

      როგორ უყურებს იეჰოვა კერპთაყვანისმცემლობას? გამოსვლის 20:4, 5-ში ნათქვამია: „არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო“. რატომ? „რადგან ეს სისაძაგლეა უფლისათვის“ (მეორე რჯული 7:25, 26). მოციქული იოანე იძლეოდა გაფრთხილებას: „შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან“ (1 იოანე 5:21). მოციქული პავლეც წერდა: „ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14).

      ეძიეთ ღვთის მოწონება

      ღმერთი „მართლებთან . . . ახლოს არის“. ‘სწორი გზით მავალნი მისთვის სასურველნი’ არიან (იგავები 3:32, აქ; 11:20). ისინი კი, რომლებიც ჯიუტად უგულებელყოფენ ღვთის სამართლიან გრძნობებს და ამით ანაწყენებენ, მალე მის უკმაყოფილებას დაიტეხენ თავს (2 თესალონიკელთა 1:6—10). დიახ, მალე ღმერთი გაანადგურებს ყოველგვარ ბოროტებას, რაც დღეს ყველგან არის გაბატონებული (ფსალმუნები 36:9—11; სოფონია 2:2, 3).

      ბიბლია თვალნათლივ იმასაც გვიჩვენებს, რომ იეჰოვას „არ სურს . . . ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). თბილი გრძნობებისგან განსხვავებით, რომლებსაც მისი მოყვარული, სამართლიანი ადამიანებისადმი ავლენს, ღმერთს სულაც არ სიამოვნებს უარყოფითი გრძნობების გამოვლენა მათ მიმართ, ვინც არ სწორდება. იეჰოვას სიამოვნებს ‘არა ბოროტმოქმედთა სიკვდილი, არამედ ბოროტი გზიდან მათი მოქცევა, რათა იცოცხლონ’ (ეზეკიელი 33:11).

      ამგვარად, არავინ არის წინასწარ განწირული იმისათვის, იეჰოვას რისხვის ობიექტი გახდეს. „მრავალმოწყალე და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11). შეგიძლიათ აბსოლუტურად იყოთ დარწმუნებულნი ღვთის თბილ გრძნობებში და ‘ყველა საზრუნავი მას მიანდოთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე’ (1 პეტრე 5:7). დარწმუნებულნი იყავით, რომ ღვთის გულის გამხარებლები მისი მოწონებით სარგებლობენ და მასთან მეგობრობის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ. ამიტომ დაუყოვნებლივ მოქმედება ახლა უფრო გვჭირდება, ვიდრე ოდესმე, რათა ‘გამოვცადოთ, რა არის უფლის მოსაწონი’ (ეფესელთა 5:10).

      რა დიდებულია, რომ ღმერთი მოწყალეა და თავის ბრწყინვალე თვისებებსა და გრძნობებს ავლენს! თქვენც შეგიძლიათ მისი გულის გახარება. თუ ამის სურვილი გაქვთ, დაუკავშირდით თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. ისინი სიამოვნებით დაგანახვებენ, თავად რა პრაქტიკული გზები გამონახეს იმისათვის, რომ ღვთისთვის ესიამოვნებინათ.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ ჩარჩო „რატომ იყენებს ბიბლია ღვთის დასახასიათებლად ისეთ სიტყვებს, რომლებიც ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება?“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება