საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
    • დაუახლოვდით ღმერთს

      „ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“

      იყო დრო, როცა იეჰოვას ემსახურებოდი? ხომ არ ფიქრობ, რომ თუ კვლავ მოინდომებ, მას ემსახურო, აღარ მიგიღებს? ყურადღებით წაიკითხე ეს და მომდევნო სტატია. ისინი უშუალოდ შენთვის მომზადდა.

      „ლოცვაში ვთხოვდი იეჰოვას, რომ ხელი არ ეკრა ჩემთვის და ეპატიებინა, ტკივილი რომ მივაყენე“. ასეთი სიტყვები თქვა ერთმა ქალმა, რომელიც ბავშვობიდანვე ბიბლიური ნორმებით აღიზარდა, მაგრამ უარი თქვა ღვთის მსახურებაზე და ქრისტიანისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესი არჩია. გებრალებათ ის? ალბათ, გაინტერესებთ, რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვინც ერთ დროს ემსახურებოდა მას? ახსოვს ღმერთს ისინი? სურს, რომ დაუბრუნდნენ? ამ კითხვებზე პასუხი რომ გავიგოთ, დავფიქრდეთ იერემიას სიტყვებზე. შეუძლებელია, გული არ გაგითბოთ იმან, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ (წაიკითხეთ იერემიას 31:18—20).

      დაფიქრდით, რა ვითარებაში დაწერა იერემიამ ზემოთ მოყვანილი სიტყვები. ათობით წლით ადრე, სანამ იერემია წინასწარმეტყველებას დაიწყებდა, ძვ. წ. 740 წელს იეჰოვამ დაუშვა, რომ ისრაელის ათტომიანი სამეფო ასურელთა ტყვეობაში ჩავარდნილიყო.a ღმერთმა ისრაელი დასაჯა, რადგან ისინი სერიოზულად სცოდავდნენ და მის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს არაფრად აგდებდნენ (2 მეფეები 17:5—18). მოინანია ტყვეობაში მყოფმა ხალხმა, რომლებიც ასე შორს იყვნენ თავიანთი ღმერთისა და სამშობლოსგან? აპატია იეჰოვამ ყველა ის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს? მისცემდა ის მათ ოდესმე უფლებას, რომ კვლავ დაბრუნებოდნენ?

      „მოვინანიე“

      ტყვეობაში მყოფი ისრაელები მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს და მოინანიეს. იეჰოვას ეს მხედველობიდან არ გამორჩენია. ნახეთ, როგორ აღწერს იეჰოვა ეფრემის ანუ ტყვეობაში მყოფი ისრაელების გრძნობებსა და განწყობას:

      „მესმის, როგორ გლოვობს თავის თავს ეფრემი“ (მუხლი 18). იეჰოვას ესმოდა, როგორ მოთქვამდნენ ისრაელები და როგორ წუხდნენ იმის გამო, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. გამოთქმა „გლოვობს თავის თავს“ ნიშნავს „კანკალს ან ცახცახს“, — ამბობს ერთი თეოლოგი. ისრაელები ჰგავდნენ გზასაცდენილ შვილს, რომელიც სინანულისგან თავს აქნევდა; ის ნანობდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდო თავი და მისტიროდა იმ დროს, როცა მშობლიურ სახლში ცხოვრობდა (ლუკა 15:11—17). რას ამბობდნენ ისრაელები?

      „შენ გამომასწორე, როგორც გაუწვრთნელი ხბო“ (მუხლი 18). ხალხმა აღიარა, რომ სასჯელს იმსახურებდა. ისინი ჰგავდნენ გაუწვრთნელ ხბოს. ამ ფრაზაში შესაძლოა იგულისხმებოდეს მოზვერი, „რომლისთვისაც სახრე მანამდე არასდროს დაურტყამთ, სანამ უღელში შებმული არ გაჯიუტდა“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში.

      „დამაბრუნე და მეც დავბრუნდები, რადგან შენა ხარ იეჰოვა, ჩემი ღმერთი“ (მუხლი 18). მათ გული მოიდრიკეს და მოუხმეს ღმერთს. ისინი ცოდვაში ჩაეფლნენ, მაგრამ ამჯერად ემუდარებოდნენ იეჰოვას, წამოეყენებინა და ისევ თავის ფრთებქვეშ მიეღო. ბიბლიის ერთ თარგმანში მომნანიე ისრაელთა სიტყვები ასეა გადმოტანილი: „შენ ჩვენი ღმერთი ხარ. გთხოვ, სახლში დაბრუნების უფლება მოგვეცი“ (Contemporary English Version)

      „მოვინანიე . . . შემრცხვა და დამცირებულად ვიგრძენი თავი“ (მუხლი 19). ხალხი ძალიან ნანობდა ჩადენილ დანაშაულს. ისინი აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. ისრაელები მკერდში მჯიღს იცემდნენ, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ძალიან რცხვენოდათ საკუთარი საქციელის და განადგურებულად გრძნობდნენ თავს (ლუკა 15:18, 19, 21).

      ისრაელებმა მოინანიეს. მათ მწუხარებით აევსოთ გული, აღიარეს თავიანთი ცოდვები ღვთის წინაშე და მიატოვეს უღვთო საქმეების კეთება. ნუთუ არ მოულბებოდა ღმერთს გული მათ შემხედვარეს და არ მისცემდა უკან დაბრუნების უფლებას?

      „უეჭველად შევიბრალებ მას“

      იეჰოვას ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მან თქვა: „ისრაელისთვის მამა ვარ, ეფრემი კი პირმშოა ჩემი“ (იერემია 31:9). განა მოსიყვარულე მამა ხელს ჰკრავს შვილს, რომელიც მოდრეკილი გულით პატიებას სთხოვს? ნახეთ, რა მამობრივ მზრუნველობას ავლენს იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ და როგორი სითბოთი მიმართავს:

      „განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი?! რამდენადაც მის წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, იმდენად კარგად გავიხსენებ“ (მუხლი 20). რა სათუთი გრძნობებია გამოხატული ამ სიტყვებით! მოსიყვარულე, მაგრამ პრინციპული მამის მსგავსად, იეჰოვამ ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ თავისი შვილების „წინააღმდეგ ელაპარაკა“, რაც იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით აფრთხილებდა მათ, მიეტოვებინათ ცოდვილი გზებით სიარული. როცა ისრაელები გაჯიუტდნენ და ყური არ ათხოვეს ღმერთს, მან დაუშვა, რომ თავისი ერი მშობლიურ კერას მოეწყვიტათ და ტყვეობაში წაეყვანათ. მართალია, ღმერთმა დასაჯა ისინი, მაგრამ სამუდამოდ არ დავიწყებია. იეჰოვას არ შეეძლო ამის გაკეთება. მოსიყვარულე მამა არასდროს ივიწყებს თავის შვილებს. რას გრძნობდა იეჰოვა, როცა თავისი შვილების მოდრეკილ გულს ხედავდა?

      „შიგნეული შემეძრა მის გამო.b უეჭველად შევიბრალებ მას“ (მუხლი 20). იეჰოვას ძალიან ენატრებოდა თავისი შვილები. როდესაც დაინახა, რაოდენ გულწრფელად ინანიებდნენ ისრაელები, მათი უკან მიღების ძლიერი სურვილი გაუჩნდა. იესოს იგავში მოყვანილი გზასაცდენილი შვილის მამის მსგავსად, იეჰოვასაც „გული დაეწვა“ მათ გამო და ხელგაშლილმა მიიღო (ლუკა 15:20).

      „იეჰოვა, ნება მომეცი, დაგიბრუნდე!“

      იერემიას 31:18—20-ში ჩაწერილი სიტყვებიდან კარგად ვხედავთ, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და როგორი გულმოწყალეა. ღმერთი არ ივიწყებს მათ, ვინც ერთ დროს მას ემსახურებოდა. როგორ ეპყრობა ღმერთი მათ, ვისაც მასთან დაბრუნების სურვილი აქვს? ის მზადაა, აპატიოს მათ (ფსალმუნი 86:5). იგი არასდროს შეაქცევს ზურგს მათ, ვინც მთელი გულით ინანიებს (ფსალმუნი 51:17). პირიქით, ის სიხარულით ღებულობს მათ (ლუკა 15:22—24).

      სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ქალმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდა ღმერთს და იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას დასწრებოდა. თავდაპირველად უარყოფით გრძნობებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა. იგი იხსენებს: „უღირსად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კრების უხუცესებმა თანამიგრძნეს და სულიერი ძალების აღდგენაში დამეხმარნენ“. ის უდიდესი მადლიერებით ამბობს: „რა ბედნიერებაა, რომ იეჰოვამ თავისთან დაბრუნების უფლება მომცა!“

      თუ ერთ დროს იეჰოვას ემსახურებოდი და კვლავ გაქვს მასთან დაბრუნების სურვილი, დაესწარი იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს. გახსოვდეს, რომ იეჰოვა თანაგრძნობასა და გულმოწყალებას ავლენს მათ მიმართ, ვინც ასეთი სიტყვებით ევედრება: „ნება მომეცი, დაგიბრუნდე!“

      აპრილში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

      ◼ იერემია 17 — 31

      [სქოლიოები]

      a საუკუნეებით ადრე, ძვ. წ. 997 წელს, ისრაელი ორ სამეფოდ გაიყო. ერთი იყო სამხრეთით მდებარე ორტომიანი სამეფო, მეორე კი — ჩრდილოეთით მდებარე ათტომიანი სამეფო, რომელსაც ეფრემიც ეწოდებოდა. ამ ათტომიან სამეფოს ეფრემის სახელით იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ ის ტომებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო.

      b ბიბლიის მთარგმნელებისთვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში ახსნილია, რა დატვირთვა აქვს ამ მხატვრული ენით ნათქვამ ფრაზას: «ისრაელები სიტყვა „შიგნეულში“ გულისხმობდნენ მძაფრ ემოციებს».

  • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
    • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

      რამ აღძრა ერთი მამაკაცი, ღმერთს დაბრუნებოდა? როგორ იპოვა ერთმა ახალგაზრდამ მამობრივი სითბო, რომელიც მთელი ცხოვრება ენატრებოდა? აი, რას გვიყვებიან ისინი.

      „მივხვდი, რომ იეჰოვასთან უნდა დავბრუნებულიყავი“ — ილი ხალილი

      დაბადების წელი: 1976

      ქვეყანა: კვიპროსი

      წარსულში: გზასაცდენილი შვილი

      მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე კვიპროსში, მაგრამ ავსტრალიაში გავიზარდე. ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ იეჰოვასა და მისი სიტყვის, ბიბლიის, სიყვარული ჩემთვის ჩაენერგათ. ათი წლის ვიყავი, როცა მშობლებს აღარ ვემორჩილებოდი. ღამღამობით სახლიდან ვიპარებოდი და თანატოლებს ვხვდებოდი; ვიპარავდით მანქანებს და ათასგვარ სისაძაგლეს ჩავდიოდით.

      თავიდან ამ ყველაფერს ფარულად ვაკეთებდი, რომ მშობლებს არ გაეგოთ. მაგრამ თანდათანობით მშობლების აზრი ჩემთვის სულერთი გახდა. დავუმეგობრდი ჩემზე გაცილებით უფროსებს, რომლებსაც იეჰოვა არ უყვარდათ. ისინი ძალიან ცუდ გავლენას ახდენდნენ. ბოლოს მშობლებს განვუცხადე, რომ აღარ მინდოდა მათ რწმენასთან რაიმე საერთო მქონოდა. დედ-მამა დიდ მოთმინებას ავლენდა და ცდილობდა დამხმარებოდა, მე კი ყველაფერზე უარს ვამბობდი. მშობლები ძალიან გულდაწყვეტილი იყვნენ.

      სახლიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა სახის ნარკოტიკების მიღება დავიწყე. მომყავდა დიდი რაოდენობით მარიხუანა და ვყიდდი. ვეწეოდი უზნეო ცხოვრებას და დროის უმეტეს ნაწილს ღამის კლუბებში ვატარებდი. გარდა ამისა, ძალიან ფიცხი გავხდი. თუ ვინმე ისეთ რამეს იტყოდა ან გააკეთებდა, რაც არ მომწონდა, მწყობრიდან გამოვდიოდი, ხშირად ვუყვიროდი მათ და ვცემდი კიდეც. ყველაფერს იმის საპირისპიროს ვაკეთებდი, რასაც ქრისტიანი მშობლები მასწავლიდნენ.

      ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ძალიან დავუახლოვდი ერთ ნარკომანს, რომელსაც მამა ბავშვობაში გარდაეცვალა. ჩვენ ხშირად გვიანობამდე ვსაუბრობდით ხოლმე. ერთ ღამეს მან გული გადამიშალა და მითხრა, როგორ ენატრებოდა მამა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მიცვალებულები აღდგებოდნენ; ჩემდაუნებურად დავიწყე იესოზე საუბარი. ვუთხარი, რომ ის მკვდრებს აცოცხლებდა და დაგვპირდა, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებდა (იოანე 5:28, 29). „წარმოიდგინე, მამაშენს კვლავ ნახავ, — ვუთხარი მას. — თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სამოთხეში ვიცხოვროთ დედამიწაზე“. ჩემმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა.

      ერთხელ ჩემმა მეგობარმა ბოლო დღეებსა და სამების მოძღვრებაზე ჩამოაგდო საუბარი. ავიღე მისი ბიბლია და ის მუხლები წავაკითხე, სადაც იეჰოვა ღმერთზე, იესოსა და ბოლო დღეებზე ჭეშმარიტება ეწერა (იოანე 14:28; 2 ტიმოთე 3:1—5). რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ჩემს მეგობართან იეჰოვაზე, მით უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე.

      ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი, რომელიც მშობლებმა ჩათესეს ჩემს გულში, ნელ-ნელა გაღივდა და აღმოცენება დაიწყო. ზოგჯერ, როცა მეგობრებთან ერთად ნარკოტიკებს ვიღებდი, იეჰოვა მახსენდებოდა და მასზე ვიწყებდი ფიქრს. ბევრი ჩემი მეგობარი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი უყვარდა, საქმეებით კი საპირისპიროს ამტკიცებდა. არ მინდოდა, რომ მათნაირი ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა — უნდა დავბრუნებოდი იეჰოვას.

      ერთია, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ მეორეა, შეძლო ამის გაკეთება. ჩემთვის ზოგიერთი რამის შეცვლა ადვილი იყო. ნარკოტიკებისთვის თავის დანებება ძალიან არ გამჭირვებია. ძველ მეგობრებსაც ჩამოვშორდი. ბიბლიას ერთი ქრისტიანი უხუცესი მასწავლიდა.

      ჩემთვის სხვა ცვლილებების მოხდენა გაცილებით რთული აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ფიცხი ვიყავი და ამიტომ მიჭირდა თავის ხელში აყვანა. მთლიანობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებდი და მწყობრიდან გამოვდიოდი. ყოველთვის, როცა თავს ვერ ვაკონტროლებდი, სინდისი მქენჯნიდა. გულგატეხილი იმ უხუცესს მივმართავდი დახმარებისთვის, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა. იგი ყოველთვის მოთმინებას ავლენდა, კარგად მექცეოდა და მამხნევებდა. ერთხელ „საგუშაგო კოშკიდან“ წამაკითხა სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული.a ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როცა გავბრაზდებოდი. თანდათანობით შევძელი გამეთვალისწინებინა ამ სტატიაში მოცემული რჩევები და ლოცვის დახმარებით თავი ხელში ამეყვანა. ბოლოს, 2000 წლის აპრილში მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ჩემი მშობლები სიხარულით ცას ეწივნენ.

      კურთხევები: ახლა შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ და სუფთა სინდისი მაქვს, რადგან აღარ ვიღებ ნარკოტიკებს და აღარც უზნეო ცხოვრებას ვეწევი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, იქნება ეს ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება თუ დასვენება, გაცილებით ბედნიერად ვგრძნობ თავს. მიხარია, რომ დღეს ყველაფერს დადებითად ვუყურებ.

      მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს, რომლებმაც არასდროს მიმატოვეს. აგრეთვე ვფიქრობ იესოს სიტყვებზე, რომლებიც იოანეს 6:44-შია ჩაწერილი: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“. ძალიან მიხარია, რომ შევძელი იეჰოვასთან დაბრუნება, რომელმაც მთელი გულით მიმიღო.

      „მენატრებოდა მამა“ — მარკო ანტონიო ალვარეს სოტო

      დაბადების წელი: 1977

      ქვეყანა: ჩილე

      წარსულში: ჰევი-მეტალის ჯგუფის წევრი

      მოკლე ბიოგრაფია: დედამ მარტომ გამზარდა პუნტა-არენასში. ეს არის ლამაზი ქალაქი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მაგელანის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს. ხუთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, რის გამოც გარიყულად ვგრძნობდი თავს. მამა ძალიან მენატრებოდა.

      დედაჩემი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას და სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დავყავდი. მეზიზღებოდა ეს შეხვედრები და ხშირად გზაში ისტერიკაში ვვარდებოდი. როდესაც 13 წლის გავხდი, იქ სიარულზე კატეგორიული უარი განვაცხადე.

      იმ დროს მუსიკამ გამიტაცა; თანაც მუსიკალური ნიჭიც აღმომაჩნდა. 15 წლის ვიყავი, როცა დღესასწაულებზე, ბარებში თუ წვეულებებზე ჰევი-მეტალს ვასრულებდი. ურთიერთობა მქონდა ნიჭიერ მუსიკოსებთან, რომლებმაც კლასიკური მუსიკა შემაყვარეს. მალე კონსერვატორიაში ჩავაბარე. 20 წლის რომ გავხდი, დედაქალაქში, სანტიაგოში, გადავედი და იქ გავაგრძელე სწავლა. ამავე დროს, ჰევი-მეტალის ჯგუფებთან ერთად ვუკრავდი.

      მთელი ამ ხნის მანძილზე შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი. ტკივილი რომ გამეყუჩებინა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრებად ვთვლიდი, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მივეძალე. ჩხუბისთავი ვიყავი, რაზეც ჩემი გარეგნობაც მეტყველებდა. შავი ფერის ტანსაცმლით დავდიოდი, მოვუშვი წვერი და თმა წელამდე გავიზარდე.

      შარიანი ვიყავი და ყოველთვის ვჩხუბობდი, რის გამოც ხშირად პოლიციასთან მქონდა საქმე. ერთხელ, მთვრალმა ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან ვიჩხუბე, რომლებმაც მე და ჩემს მეგობრებს თავი მოგვაბეზრეს. ისე მაგრად მცემეს, რომ ყბა გამიტეხეს.

      სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ტკივილი უახლოესმა ადამიანმა მომაყენა. ერთ დღეს გავიგე, რომ ჩემი შეყვარებული წლების მანძილზე ჩემს ძმაკაცთან მღალატობდა. ამის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ მიმალავდნენ. ამან ემოციურად გამანადგურა.

      პუნტა-არენასში დავბრუნდი, სადაც მუსიკას ვასწავლიდი და ვიოლონჩელოზე ვუკრავდი. აგრეთვე ჰევი-მეტალის ჯგუფებთან ერთად ვუკრავდი და მათთან ერთად ჩანაწერებს ვაკეთებდი. იმ დროს გავიცანი მომხიბვლელი სუსანა და ჩვენ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ცოტა ხანში სუსანამ გაიგო, რომ დედამისს სწამდა სამების მოძღვრება, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მან მკითხა: „აბა, რა არის სიმართლე?“. ვუთხარი, რომ სამების მოძღვრება არასწორი იყო, მაგრამ არ შემეძლო ბიბლიიდან მომეყვანა ამის დამამტკიცებელი მუხლები. ვიცოდი, ვის შეეძლო ამის გაკეთება. სუსანას ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმეებს შეეძლოთ მისთვის ბიბლიიდან ეჩვენებინათ სიმართლე. შემდეგ ისეთი რამ გავაკეთე, რაც წლების მანძილზე არ გამიკეთებია — ღმერთს მივმართე ლოცვით და დახმარება ვთხოვე.

      რამდენიმე დღეში თვალი მოვკარი ერთ კაცს, რომელიც მეცნო. მივედი მასთან და ვკითხე, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. ცოტა არ იყოს, შეაშინა ჩემმა გარეგნობამ, მაგრამ მაინც თავაზიანად ამიხსნა, თუ როდის ტარდებოდა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრები. მივხვდი, რომ მასთან შეხვედრა ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო. სამეფო დარბაზში მივედი და უკანა რიგში დავჯექი, რათა არავის შევემჩნიე. მაგრამ ბევრმა მიცნო. მათ გაახსენდათ, რომ ბავშვობაში ვესწრებოდი შეხვედრებს. ისინი თბილად შემხვდნენ და გულში ჩამიკრეს. საოცარი სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ სახლში ვიყავი. იქ შევხვდი ძმას, რომელიც ბავშვობაში ბიბლიას მასწავლიდა. ვთხოვე, რომ კვლავ ესწავლებინა ჩემთვის ბიბლია.

      ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთ დღესაც წავიკითხე იგავების 27:11, რომელშიც ეწერა: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე“. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ აზრმა, რომ უბრალო მოკვდავს შეუძლია სამყაროს შემოქმედს გული გაუხაროს. მივხვდი, რომ სწორედ იეჰოვა ავლენს მამობრივ სითბოს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიყავი მონატრებული.

      სურვილი გამიჩნდა, მესიამოვნებინა ჩემი ზეციერი მამისთვის და შემესრულებინა მისი ნება, მაგრამ წლების მანძილზე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მონა ვიყავი. საბოლოოდ ჩავწვდი იესოს სიტყვების მნიშვნელობას, რომელიც მათეს 6:24-შია ჩაწერილი: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“. ცვლილებების მოხდენაში ძალიან დამეხმარა 1 კორინთელების 15:33-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“. მივხვდი, რომ თუ ისევ ძველ მეგობრებთან მექნებოდა ურთიერთობა, მავნე ჩვევებს ვერ მოვიშორებდი. ბიბლია პირდაპირ მეუბნებოდა, რომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიმეღო — თავიდან უნდა მომეშორებინა ყველაფერი, რაც მაბრკოლებდა (მათე 5:30).

      ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე მაშინ დავდექი, როცა უარი უნდა მეთქვა ჰევი-მეტალზე, მაგრამ თანაქრისტიანების დახმარებით მე ეს შევძელი. თავი დავანებე სმას და ნარკოტიკებს. აგრეთვე შევიჭერი თმა, გავიპარსე წვერი და შავის გარდა, სხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმაც დავიწყე. როცა სუსანას ვუთხარი, რომ თმის შეჭრას ვაპირებდი, ძალიან დაინტერესდა, ისეთი რა ხდებოდა სამეფო დარბაზში, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მან მითხრა: „შენთან ერთად წამოვალ სამეფო დარბაზში. მინდა გავიგო, რა ხდება იქ“. მას ძალიან მოეწონა იქაური ატმოსფერო და მალე თავადაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ბოლოს, მე და სუსანა დავქორწინდით, 2008 წელს კი იეჰოვას მივუძღვენით თავი და მოვინათლეთ. გვიხარია, რომ დღეს დედასთან ერთად იეჰოვას ვემსახურებით.

      კურთხევები: თავი დავაღწიე ორგულ საზოგადოებას და ქვეყნიერებას, რომელიც მოჩვენებით ბედნიერებას გთავაზობს. დღემდე მიყვარს მუსიკა, მაგრამ განურჩევლად ყველაფერს აღარ ვუსმენ. ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ოჯახის წევრებსა და სხვებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. მსურს, დავანახვო, რომ ის, რასაც ქვეყნიერება სთავაზობს მათ, მიმზიდველი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში „დიდი ნაგავია“ (ფილიპელები 3:8).

      დღეს ერთგული მეგობრები მყავს ქრისტიანულ კრებაში, სადაც სიყვარული და მშვიდობა სუფევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იეჰოვას სახით მოსიყვარულე მამა ვიპოვე.

      [სქოლიო]

      a სტატია „წარმატება შეუპოვრობის შედეგია“ იხილეთ 2000 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 4—6.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება