-
დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მარტი
-
-
დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ
„შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).
1, 2. ა) რისი დანახვა გვამხნევებს ქრისტიანულ კრებაში? ბ) რა არის საჭირო ბედნიერი ქორწინებისთვის?
განა სასიხარულო არ არის, როდესაც კრებაში ამდენ დაქორწინებულ წყვილს ვხედავთ, რომლებიც 10, 20, 30 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში ერთგულებას ინარჩუნებენ? ისინი ჭირშიც და ლხინშიც ერთად არიან (დაბადება 2:24).
2 უმრავლესობა აღიარებს, რომ ქორწინებას თან ახლავს სირთულეები. ერთმა დამკვირვებელმა დაწერა: „ქორწინებაში სირთულეებს ბედნიერი წყვილიც ხვდება. მათ ცხოვრებაში დგება როგორც სასიხარულო, ისე არასასიამოვნო წუთები . . . მაგრამ ბედნიერი წყვილები დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთის ერთგულები რჩებიან“. ბედნიერი წყვილი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს გარდაუვალ ქარტეხილებს, რაც გამოწვეულია ყოველდღიური საზრუნავით. მშობლებს განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის დროს ექმნებათ სირთულეები. ასეთ წყვილებს გამოცდილება ასწავლის, რომ ნამდვილი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:8).
3. რა კითხვებს წამოჭრის ქორწინების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები?
3 ამის საპირისპიროდ, მილიონობით ქორწინება ტრაგიკული შედეგებით მთავრდება. ერთ ცნობაში ნათქვამია: „დღეს შეერთებულ შტატებში დაქორწინებულთა 50 პროცენტს განქორწინება ემუქრება. მოსალოდნელია, რომ მათგან ნახევარი დაქორწინებიდან 7–8 წელში გაეყრება ერთმანეთს . . . განქორწინებულებიდან 75 პროცენტი ხელმეორედ დაქორწინდება, რომელთაგანაც 60 პროცენტი კვლავ გაეყრება ერთმანეთს“. ბოლო დროს განქორწინების რიცხვი იმ ქვეყნებშიც კი საგრძნობლად გაიზარდა, სადაც ადრე განქორწინების დაბალი მაჩვენებელი იყო. მაგალითად, იაპონიაში განქორწინების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. რა განაპირობებს ამას? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანებიც კი ეყრებიან ერთმანეთს? როგორ არის შესაძლებელი ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ სატანა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ კავშირს?
როგორ დავიცვათ თავი მახეში გაბმისგან?
4. რამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქორწინებას?
4 ღვთის სიტყვა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რამ შეიძლება გამოუთხაროს ძირი ქორწინებას. მაგალითად განვიხილოთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ ბოლო დღეებთან დაკავშირებით: „ეს კი იცოდე, რომ ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა, რომლებიც გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:1—5).
5. რატომ უქმნიან საფრთხეს ქორწინებას „საკუთარი თავის მოყვარულები“ და რა ბიბლიური რჩევა გვეძლევა ამასთან დაკავშირებით?
5 როდესაც პავლეს სიტყვებს ვუკვირდებით, ვხედავთ, რომ ბევრი რამ განაპირობებს დაქორწინებულთა ურთიერთობის შერყევას. „საკუთარი თავის მოყვარულები“ ეგოისტები არიან და სხვებზე ნაკლებად ზრუნავენ. მეუღლეები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ. ისინი არასოდეს მიდიან დათმობაზე. ნუთუ შეიძლება ასეთი დამოკიდებულების შემდეგ წყვილი ბედნიერი იყოს? რასაკვირველია, არა. პავლე მოციქული გონივრულ რჩევას აძლევს ქრისტიანებს, მათ შორის დაქორწინებულ წყვილებს: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად ინტერესებზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების ინტერესებზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).
6. როგორ შეიძლება ფულის სიყვარულმა ცოლ–ქმარს შორის განხეთქილება ჩამოაგდოს?
6 ფულის სიყვარულმა ცოლ–ქმარს შორის შეიძლება განხეთქილება ჩამოაგდოს. პავლე გვაფრთხილებს: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). სამწუხაროდ, ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ბევრი წყვილის ცხოვრება ადასტურებს. სიმდიდრის ძიებაში ბევრი უგულებელყოფს მეუღლის მოთხოვნილებებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს — ემოციურ მხარდაჭერასა და თბილ ურთიერთობებს.
7. რა არის ზოგჯერ ცოლ–ქმარს შორის ღალატის მიზეზი?
7 პავლემ ისიც თქვა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები „ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“ იქნებოდნენ, რომლებთანაც ‘შეუძლებელი იქნებოდა მორიგება’. ქორწილის დღეს წყვილი ერთმანეთს ჰპირდება, რომ მათი კავშირი მუდმივი იქნება, ისინი არასოდეს უღალატებენ ერთმანეთს (მალაქია 2:14—16). მიუხედავად ამისა, ზოგი სხვებთან იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას. ოცდაათ წელს გადაცილებული ერთი ქალი, რომელიც ქმარმა მიატოვა, ამბობს, რომ გაყრამდე მისი მეუღლე დიდ ყურადღებასა და სითბოს ავლენდა სხვა ქალის მიმართ. ის ვერ ათვითცნობიერებდა, რომ დაქორწინებული მამაკაცისთვის მიუღებელი იყო ასეთი საქციელი. ამ ქალისთვის ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ქმარში ასეთ ცვლილებებს ხედავდა. ის ტაქტიანად აფრთხილებდა ქმარს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ქმარმა ყურად არ იღო მეუღლის რჩევა და იმრუშა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი სიყვარულით აფრთხილებდა, ქმარს არ სურდა მისი რჩევის გათვალისწინება. მან ამგვარად წინდაუხედაობა გამოავლინა და ხაფანგში გაება (იგავები 6:27—29).
8. რამ შეიძლება ადამიანი მრუშობამდე მიიყვანოს?
8 ბიბლია მრუშობასთან დაკავშირებით გასაგებ გაფრთხილებას გვაძლევს. „ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის“ (იგავები 6:32). ჩვეულებრივ, მრუშობას ადამიანი სპონტანურად, მოულოდნელად არ სჩადის. როგორც ბიბლიის ერთ–ერთი დამწერი, იაკობი, აღნიშნავს, მრუშობას მხოლოდ მას შემდეგ სჩადის ადამიანი, როდესაც დიდხანს ფიქრობს ამაზე (იაკობი 1:14, 15). აღთქმის დამრღვევი მეუღლე მეორე ნახევრის მიმართ, რომელსაც სიკვდილამდე ერთგულება შეჰპირდა, თანდათანობით ორგული ხდება. იესომ თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“. მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათე 5:27, 28).
9. რა გონივრული რჩევაა მოცემული იგავების 5:18—20–ში?
9 წიგნ „იგავებში“ ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრული და საიმედო რჩევაა მოცემული: „კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ–ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ! რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და უცხოელის მკერდზე მოხვევა?“ (იგავები 5:18—20).
ნუ იჩქარებთ დაქორწინებას
10. რატომ არის გონივრული დროის გამოყოფა მომავალი მეუღლის გასაცნობად?
10 პრობლემები შეიძლება მაშინაც წამოიჭრას, როდესაც წყვილი ნაჩქარევად ქორწინდება. შესაძლოა ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან ან საკმარისი დრო არ გამოყვეს ერთმანეთის გასაცნობად; მათ არ იციან ერთმანეთის მიზნებისა და წარმომავლობის შესახებ, წარმოდგენა არა აქვთ, რა უყვართ და რა — არა. ამიტომ გონივრულია, მოთმინება გამოვავლინოთ და მომავალი მეუღლის უკეთ გასაცნობად დრო გამოვყოთ. გავიხსენოთ იაკობის ვაჟი, ისააკი. მას შვიდი წელი მოუწია მომავალ სიმამრთან მუშაობა, სანამ რახელის ცოლად შერთვის უფლებას მიიღებდა. ის მზად იყო ამისთვის, რადგან მისი გრძნობები ნამდვილ სიყვარულზე იყო აგებული და არა ხორციელ ლტოლვაზე (დაბადება 29:20—30).
11. ა) როგორ განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს ქორწინება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ენის გონივრულად გამოყენება?
11 ქორწინება უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობას. ქორწინება აერთიანებს ორ სხვადასხვა ოჯახურ გარემოში აღზრდილ პიროვნებას, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ემოციური მდგომარეობითა და განათლების დონით. ზოგჯერ განსხვავებული კულტურისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ქორწინდებიან. გარდა ამისა, ცოლ–ქმარს სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს, რასაც ვერ გაექცევიან. ისინი შეიძლება ყოველთვის უკმაყოფილოები და კრიტიკულები იყვნენ, ან პირიქით, მუდამ სითბოს ავლენდნენ და დადებითად მოქმედებდნენ ერთმანეთზე. დიახ, ჩვენი სიტყვებით შეიძლება მეუღლეს ან გული გავუხაროთ ან ვატკინოთ. გაუკონტროლებელმა ენამ შეიძლება ბზარი გაუჩინოს ქორწინებას (იგავები 12:18; 15:1, 2; 16:24; 21:9; 31:26).
12, 13. რატომ უნდა ვუყურებდეთ ქორწინებას რეალურად?
12 მაშასადამე, გონივრულია დრო გამოვყოთ მომავალი მეუღლის კარგად გასაცნობად. ერთმა დიდი ხნის დაქორწინებულმა დამ თქვა: «როდესაც დაქორწინებას აპირებ, მომავალ მეუღლეში შენთვის სასურველი, სულ მცირე, ათი თვისება მაინც ეძებე. თუ ამ თვისებებიდან მხოლოდ შვიდს დაინახავ, ჰკითხე საკუთარ თავს: „მზად ვარ, თვალი დავხუჭო იმაზე, რომ ეს სამი თვისება მასში ვერ აღმოვაჩინე? შევძლებ ამ ნაკლოვანებების ყოველდღიურად ატანას?“. თუ ეჭვი გეპარებათ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით». ცხოვრებას რეალურად უნდა უყუროთ. თუ დაქორწინება გსურთ, იცოდეთ, რომ სრულყოფილ ადამიანს ვერასოდეს იპოვით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვერც თქვენი მომავალი მეუღლე იპოვის თქვენი სახით სრულყოფილ პიროვნებას (ლუკა 6:41).
13 ქორწინება მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. პავლემ ხაზი გაუსვა ამას: „მე კი მინდა, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს. ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ცოლს — და გაყოფილია. ასევე უქმრო ქალსა და ქალწულს უფლისა აფიქრებთ, რომ წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც. გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს“ (1 კორინთელები 7:32—34).
რატომ ინგრევა ზოგი ოჯახი?
14, 15. რამ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები?
14 ახლახან ერთმა ქრისტიანმა ქალმა საშინელი დარტყმა მიიღო, როდესაც დაქორწინებიდან 12 წლის შემდეგ ქმარმა მიატოვა და სხვასთან წავიდა. მანამ ეს მოხდებოდა, შეამჩნია მან მეუღლეში ცვლილებები? ქალი გვიყვება: „ის იქამდეც კი მივიდა, რომ აღარ ლოცულობდა. მას შეეძლო ყოველგვარი გაუმართლებელი მიზეზით გაეცდინა ქრისტიანული შეხვედრები და არ წასულიყო საქადაგებლად. ის მიმტკიცებდა, რომ იმდენად დაღლილი და დაკავებული იყო, რომ ჩემთვის დრო აღარ ჰქონდა. ჩვენ არ ვსაუბრობდით და არც სულიერ საკითხებზე ვმსჯელობდით. რა სამწუხაროა, რომ მეუღლე ასე შეიცვალა! ის უკვე აღარ იყო ის პიროვნება, ვისაც ცოლად გავყევი“.
15 სხვებმაც დაინახეს მსგავსი ცვლილებები მეუღლეში — მათ შეწყვიტეს ბიბლიის პირადი შესწავლა, ლოცვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრი, ვისაც თანდათანობით უნელდება მეუღლის მიმართ სიყვარული, საკუთარ თავს ნებას რთავს, იეჰოვასთან ურთიერთობა გაიფუჭოს. შედეგად, ისინი სულიერ ხედვას კარგავენ. იეჰოვა მეტად აღარ არის მათთვის ცოცხალი ღმერთი. მათ აღარ სჯერათ, რომ დამყარდება სამართლიანი ახალი ქვეყნიერება. ზოგჯერ სულიერი სისუსტე ჯერ კიდევ მანამ შეიმჩნევა, სანამ ორგული მეუღლე სხვასთან დაიწყებს რომანტიკულ ურთიერთობას (ებრაელები 10:38, 39;11:6; 2 პეტრე 3:13, 14).
16. რა აძლიერებს ოჯახურ კვანძებს?
16 ამის საპირისპიროდ, წყვილებს, რომლებიც სულიერს პირველ ადგილზე აყენებენ, ბედნიერი ოჯახები აქვთ. ისინი ერთად ლოცულობენ და ერთად სწავლობენ ბიბლიას. ერთი დაქორწინებული ქრისტიანი მამაკაცი ამბობს: „ჩვენ ერთად ვკითხულობთ ბიბლიას, ერთად დავდივართ მსახურებაში და გვსიამოვნებს ერთად საქმის კეთება“. გაკვეთილი დღესავით ნათელია: იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენაჩუნება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ოჯახური კვანძების გაძლიერებას.
მოვლენების რეალურად შეფასება და გულღია საუბარი
17. ა) კიდევ რა არის საჭირო ბედნიერი ქორწინებისთვის? ბ) როგორ აღწერს პავლე ქრისტიანულ სიყვარულს?
17 ბედნიერი ქორწინებისთვის აგრეთვე ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა და გულღია საუბარია საჭირო. როდესაც ცოლ–ქმარს ერთმანეთი უყვართ, ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ ერთმანეთის შეცდომებზე. წყვილი ქორწინებისგან შეიძლება არარეალურს ელოდებოდეს, ისე როგორც ეს ფილმებსა თუ რომანებში ხდება. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წყვილი რეალური სურათის წინაშე დგება. ამ დროს მეუღლის უმნიშვნელო შეცდომებმა და გამაღიზიანებელმა ჩვევებმა შეიძლება დიდი პრობლემები წარმოშვას. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანებმა სულის ნაყოფი — სიყვარული — უნდა გამოავლინონ (გალატელები 5:22, 23). სიყვარული — ქრისტიანული და არა რომანტიკული — მართლაც რომ ძლიერი გრძნობაა. პავლე ამგვარად აღწერს ასეთ სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილი . . . თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—7). აქედან ჩანს, რომ ნამდვილი სიყვარული ითმენს ადამიანურ სისუსტეებს. ის რეალურად უყურებს ყველაფერს და არ მოელის სრულყოფილებას (იგავები 10:12).
18. როგორ ამტკიცებს გულღია საუბარი ოჯახურ კვანძებს?
18 გულღია საუბრებიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი წლის დაქორწინებულია ცოლ–ქმარი, ისინი უნდა საუბრობდნენ და უსმენდნენ ერთმანეთს. ერთი დაქორწინებული მამაკაცი ამბობს: „ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ საკუთარ გრძნობებს და ამას სიყვარულით ვაკეთებთ“. გამოცდილება ცოლ–ქმარს ასწავლის, უთქმელად გაუგონ ერთმანეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წლების გასვლასთან ერთად ბედნიერი წყვილები უსიტყვოდ კითხულობენ ერთმანეთის ფიქრებსა და გრძნობებს. ზოგი ამბობს, რომ ქმარი არ უსმენს მას. ზოგი ქმარი კი ჩივის, რომ მის ცოლს ყველაზე არახელსაყრელ დროს უნდა მასთან საუბარი. გულღია საუბრის დროს ცოლ-ქმარმა უნდა თანაუგრძნონ და გაუგონ ერთმანეთს. ასეთი საუბრები სასარგებლოა როგორც ქმრისთვის, ისე ცოლისთვის (იაკობი 1:19).
19. ა) რატომ არის რთული ბოდიშის მოხდა? ბ) რამ უნდა აღგვძრას ბოდიშის მოსახდელად?
19 ზოგჯერ საჭიროა ბოდიშის მოხდა. ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის. შეცდომების აღიარებას თავმდაბლობა სჭირდება. მაგრამ ბოდიშის მოხდა ნამდვილად აძლიერებს ურთიერთობას. გულწრფელი მობოდიშება თავიდან აგარიდებთ მოსალოდნელ უთანხმოებებს, დაგეხმარებათ, ერთმანეთს მთელი გულით აპატიოთ და პრობლემებიდან გამოსავალი იპოვოთ. პავლემ აღნიშნა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს მთელი გულით. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14).
20. როგორ უნდა მოეპყროს ქრისტიანი ქმარი თავის მეუღლეს როგორც მარტო ყოფნისას, ისე სხვების თანდასწრებით?
20 ქორწინებისთვის აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა. ქრისტიანი ცოლ–ქმარი ერთმანეთს უნდა ენდობოდეს. მათ არ უნდა შელახონ ერთმანეთის ღირსება. ქრისტიანი წყვილები სიყვარულით აქებენ და მკაცრად არ აკრიტიკებენ ერთმანეთს (იგავები 31:28ბ). არც დაუფიქრებელი ხუმრობით ამცირებენ მეორე ნახევარს (კოლოსელები 4:6). თუ ყოველთვის გამოავლენთ სიყვარულს, უფრო მეტად ამოუდგებით მხარში ერთმანეთს. ალერსითა და სითბოთი უთხარით მეუღლეს: „მე ისევ მიყვარხარ. მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ“. ამ სტატიაში განხილული ფაქტორები ხელს უწყობს ცოლ–ქმარს შორის ურთიერთგაგებას და ბედნიერ ქორწინებას. არსებობს ამის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება დამატებითი ბიბლიური პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწინება ბედნიერიa.
[სქოლიოები]
a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
-
-
გონივრული ხელმძღვანელობა დაქორწინებული წყვილებისთვისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მარტი
-
-
გონივრული ხელმძღვანელობა დაქორწინებული წყვილებისთვის
„ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები“ (ეფესოელები 5:22, 25).
1. როგორია ქორწინებაზე სწორი თვალსაზრისი?
იესომ თქვა, რომ ქორწინება ღვთის მიერ არის დაფუძნებული და შეუღლებისას მამაკაცი და ქალი „ერთ ხორცად“ იქცევა (მათე 19:5, 6). ორი განსხვავებული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი სწავლობს, საერთო ინტერესები განივითაროს და ერთი და იმავე მიზნებისკენ ისწრაფვოს. ქორწინება მუდმივი კავშირია და არა დროებითი შეთანხმება, რომელიც შეიძლება ადვილად დაირღვეს. ბევრ ქვეყანაში რთული არ არის მეუღლესთან ოფიციალურად გაყრა, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ქორწინება წმინდა კავშირია. წყვილი მხოლოდ მაშინ ეყრება ერთმანეთს, როდესაც ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს (მათე 19:9).
2. ა) რა დამხმარე საშუალებები არსებობს დაქორწინებულთათვის? ბ) რატომ უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ ჩვენი ქორწინება ბედნიერი იყოს?
2 ერთი კონსულტანტი, რომელიც ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევებს იძლევა, ამბობს: „ბედნიერი ქორწინება ცვლილებების გაუთავებელ პროცესს მოიცავს, რადგან წყვილი ბევრ სიახლეს ხვდება და ცხოვრების თითოეულ ეტაპზე წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად ხელმისაწვდომ დამხმარე საშუალებებს მიმართავს“. ქრისტიანი მეუღლეებისთვის ასეთი დამხმარე საშუალებაა გონივრული რჩევების მიღება ბიბლიიდან, თანაქრისტიანების მხარდაჭერა და ლოცვის მეშვეობით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. ბედნიერი წყვილი იტანს სიძნელეებს, რასაც წლების განმავლობაში სიხარული და კმაყოფილება მოაქვს მათთვის. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს განადიდებს ქორწინების დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს (დაბადება 2:18, 21—24; 1 კორინთელები 10:31; ეფესოელები 3:15; 1 თესალონიკელები 5:17).
მიჰბაძეთ იესოს და მის კრებას
3. ა) რას ურჩევს პავლე ქრისტიან წყვილებს? ბ) რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ?
3 ორი ათასი წლის წინათ მოციქულმა პავლემ ქრისტიან წყვილებს გონივრული რჩევა მისცა: „როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:24, 25). რა კარგი შედარებაა! ქრისტიანი ცოლები, რომლებიც თავმდაბლურად ემორჩილებიან ქმრებს, ჰბაძავენ კრებას, რომელიც აღიარებს და მიჰყვება მეთაურობის პრინციპს. მორწმუნე ქმრები, რომლებიც ლხინსა თუ ჭირში სიყვარულს ავლენენ ცოლების მიმართ, ცხადყოფენ, რომ მიჰყვებიან ქრისტეს მაგალითს, რომელსაც უყვარს კრება და ზრუნავს მასზე.
4. როგორ შეუძლიათ ქმრებს მიჰყვნენ იესოს მაგალითს?
4 ცოლის თავი ქმარია, მაგრამ ქმარსაც ჰყავს თავი, იესო ქრისტე (1 კორინთელები 11:3). აქედან გამომდინარე, როგორც ქრისტე ზრუნავს კრებაზე, ასევე ქმრები სიყვარულით ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე; ამაში შედის მათი ფიზიკური, სულიერი და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მაშინაც კი, თუ ეს მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. ქმრები ოჯახის კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ. იესომ თქვა: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამ პრინციპის გამოყენება განსაკუთრებით ოჯახშია გონივრული. პავლემ ეს შემდეგი სიტყვებით დაგვანახვა: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები . . . არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:28, 29). ქმარმა ისევე უნდა იზრუნოს ცოლზე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნავს.
5. როგორ შეუძლიათ ცოლებს მიჰბაძონ ქრისტიანულ კრებას?
5 ღვთისმოშიში ცოლებისთვის ქრისტიანული კრება მისაბაძი მაგალითია. როდესაც იესო დედამიწაზე მსახურობდა, მისმა მიმდევრებმა სიხარულით მიატოვეს თავიანთი საქმეები და მას გაჰყვნენ. ისინი იესოს მისი სიკვდილის შემდეგაც ემორჩილებოდნენ. თითქმის 2000 წელზე მეტია, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება იესოს ემორჩილება და ნებისმიერ საკითხში მის ხელმძღვანელობას მიჰყვება. მსგავსადვე, ქრისტიანი ცოლები უპატივცემულოდ არ ეპყრობიან ქმრებს და საღვთო წერილში ქორწინებასთან დაკავშირებით მოცემულ მეთაურობის პრინციპს უმნიშვნელოდ არ მიიჩნევენ. ისინი ემორჩილებიან და მხარში უდგანან ქმრებს, თანამშრომლობენ მათთან და ასეთი სახით ამხნევებენ. თუ ორივე — ქმარიც და ცოლიც — ასე მოიქცევა და ამას სიყვარულით გააკეთებს, ისინი ბედნიერები იქნებიან და ერთმანეთთან ურთიერთობა სიხარულს მოუტანთ.
განაგრძეთ მათთან ცხოვრება
6. რა რჩევა მისცა პეტრემ ქმრებს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
6 პეტრე მოციქულმაც მისცა რჩევა დაქორწინებულებს. მისი სიტყვები განსაკუთრებით ქმრებისთვის არის საყურადღებო: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1 პეტრე 3:7). ამ მუხლიდან ჩანს, თუ რამდენად დასაფიქრებელია პეტრეს რჩევა. თუ ქმრები ცოლებს უპატივცემულოდ მოეპყრობიან, ეს იეჰოვასთან ურთიერთობაზე იმოქმედებს; მათი ლოცვები დაბრკოლდება.
7. როგორ უნდა სცენ ქმრებმა პატივი ცოლებს?
7 როგორ შეუძლიათ ქმრებს, სათანადო პატივი სცენ ცოლებს? ისინი სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოეპყრონ მათ. ცოლებისადმი ასეთი თავაზიანი მოპყრობა ბევრისთვის უცხოა. ერთი ბერძენი სწავლული ამბობს: „რომის იმპერიაში გამომავალი კანონის თანახმად, ქალის უფლებები შეზღუდული იყო. ის იმავე უფლებებით სარგებლობდა, რითაც ბავშვები. . . . ქალი მთლიანად ქმრის განკარგულებაში იყო და მას ისე ეპყრობოდა, როგორც მოისურვებდა“. როგორ ეწინააღმდეგება ეს ქრისტიანულ სწავლებებს! ქრისტიანი ქმრები პატივს სცემენ თავიანთ ცოლებს. ისინი ცოლებთან ურთიერთობისას ქრისტიანული პრინციპებით ხელმძღვანელობენ და არა პირადი ახირებით. უფრო მეტიც, ქმარი „შეძენილი ცოდნის თანახმად“ ითვალისწინებს იმას, რომ ცოლი „სუსტი ჭურჭელია“.
„სუსტი ჭურჭელი“ — რა მხრივ?
8, 9. რა მხრივ არიან ქალები მამაკაცების თანასწორნი?
8 როდესაც პეტრემ ქალები „სუსტ ჭურჭელს“ შეადარა, ის არ გულისხმობდა, რომ ქალები სულიერად ან ინტელექტუალურად მამაკაცებზე სუსტები არიან. კრებაში ქრისტიან მამაკაცებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები და ოჯახშიც მათ ემორჩილებიან ცოლები (1 კორინთელები 14:35; 1 ტიმოთე 2:12). თუმცა, როგორც მამაკაცებისგან, ისე ქალებისგან მოითხოვება რწმენისა და მოთმინების გამოვლენა და მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა. როგორც პეტრემ თქვა, ორივე — ქმარიც და ცოლიც — „სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ არიან. როდესაც საქმე გადარჩენას ეხება, ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ (გალატელები 3:28). პეტრემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ სულით ცხებულებს მისწერა, რომ ქრისტიან ქმრებსა და მათ ცოლებს, როგორც „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“, ერთნაირი ზეციერი იმედი ექნებოდათ (რომაელები 8:17). ღვთის სამეფოში როგორც მამაკაცები, ისე ქალები მღვდლებად და მეფეებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 5:10).
9 სულით ცხებულ ქრისტიან ცოლებს სულით ცხებულ ქმრებთან შედარებით დაბალი მდგომარეობა არ უკავიათ. იგივე შეიძლება ითქვას მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც. მამაკაცებიც და ქალებიც, რომლებიც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებიან, ირეცხავენ თავიანთ სამოსელს და ათეთრებენ კრავის სისხლით. ისინი „დღე და ღამ“ ხოტბას ასხამენ იეჰოვას მთელ მსოფლიოში (გამოცხადება 7:9, 10, 14, 15). მამაკაცებიც და ქალებიც სიხარულით ელიან „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, როცა გაიხარებენ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (რომაელები 8:21; 1 ტიმოთე 6:19). იმისგან დამოუკიდებლად, სულით ცხებულია თუ „სხვა ცხვარი“, ყველა ქრისტიანი იეჰოვას ემსახურება, როგორც „ერთი სამწყსო“, და მათ „ერთი მწყემსი“ ჰყავთ (იოანე 10:16). ეს ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზია ქრისტიანი ქმრებისა და ცოლებისთვის, რომ ერთმანეთს საკადრისი პატივი სცენ!
10. რა გაგებით არის ქალი „სუსტი ჭურჭელი“?
10 მაშ რა გაგებით არის ქალი „სუსტი ჭურჭელი“? როგორც ჩანს, პეტრეს იმის თქმა სურდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ფიზიკურად სუსტები არიან. გარდა ამისა, თუმცა ქალები ბავშვების გაჩენის დიდებული ძღვენით არიან დაჯილდოებულნი, არასრულყოფილების გამო მშობიარობა აუარესებს მათ ჯანმრთელობას. ორსულობის პერიოდში ქალები, ძირითადად, თავს შეუძლოდ გრძნობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებენ ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. როდესაც ქმარს ესმის, რომ ცოლი ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებს და პატივს სცემს მას, ეს ხელს უწყობს ოჯახის ბედნიერებას.
რელიგიურად დაყოფილი ოჯახები
11. რა მხრივ შეიძლება განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ცოლ-ქმარი ბედნიერი იყოს?
11 რისი თქმა შეიძლება, თუ წყვილს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები აქვს და ეს იმით არის განპირობებული, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დაქორწინების შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება? შესაძლებელია ასეთი ოჯახი ბედნიერი იყოს? ბევრი შემთხვევა ცხადყოფს, რომ შესაძლებელია. სხვადასხვა რელიგიური შეხედულებების მქონე წყვილსაც კი შეიძლება მტკიცე ოჯახი ჰქონდეს და ბედნიერები იყვნენ. ამასთანავე, მათი ქორწინება ძვირფასია იეჰოვას თვალში, რადგან ისინი „ერთი ხორცი“ არიან. ამგვარად, ქრისტიანებს ურჩევენ, დარჩნენ ურწმუნო მეუღლესთან, თუ ეს უკანასკნელი თანახმაა. თუ მათ შვილები ჰყავთ, ქრისტიანი მშობელი თავისი ერთგულებით კარგ მაგალითს აძლევს ბავშვებს (1 კორინთელები 7:12—14).
12, 13. პეტრეს რჩევის თანახმად, როგორ შეუძლიათ ქრისტიან ცოლებს ურწმუნო ქმრების დახმარება?
12 პეტრემ რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიან ქალებს კეთილი რჩევა მისცა. მისი სიტყვები შეიძლება სასარგებლო იყოს იმავე მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანი ქმრებისთვისაც. პეტრემ დაწერა: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2).
13 კარგია, თუ ცოლი ტაქტიანად უხსნის ქმარს თავისი მრწამსის შესახებ. მაგრამ, თუ ქმარს ამის გაგონებაც კი არ უნდა? ეს მისი გადასაწყვეტია. და მაინც, სიტუაცია უიმედო არ არის, რადგან ქრისტიანული საქციელი ძლიერი დამოწმებაა. ბევრი ქმარი, რომლებიც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს არ ავლენდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ცოლებს, მათი კარგი საქციელის შედეგად, ‘მარადიული სიცოცხლისთვის განეწყო’ (საქმეები 13:48). მაშინაც კი, თუ ქმარი არ იღებს ჭეშმარიტებას, ცოლის კარგმა საქციელმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს მასზე, რაც განამტკიცებს მათ ოჯახურ კვანძებს. ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც იეჰოვას მოწმეა, აღიარა, რომ ვერასდროს შეძლებდა ღვთის მაღალი მორალური ნორმების თანახმად ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავს „მომხიბვლელი ცოლის ბედნიერი ქმარი“ უწოდა და ერთ-ერთ საგაზეთო წერილში გულწრფელად შეაქო მეუღლე და მისი თანამორწმუნეები.
14. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ქმრებს ურწმუნო ცოლების შეძენა?
14 მსგავსადვე, ქრისტიანი ქმრები, რომლებიც პეტრეს რჩევას ითვალისწინებენ, თავიანთი კარგი საქციელით ცოლებს იძენენ. ურწმუნო ცოლები ხედავენ, რომ ქმრები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახს, აღარ ხარჯავენ ფულს სიგარეტში, სასმელსა თუ აზარტულ თამაშებში, და აღარც უწმაწურ სიტყვებს ხმარობენ. ზოგი ცოლი ქრისტიანული კრების წევრებსაც ეცნობა. მათზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მოსიყვარულე ქრისტიანული საძმო და მათი საქციელი. ეს კი ურწმუნო ცოლებს იეჰოვასკენ იზიდავს (იოანე 13:34, 35).
„შინაგანი ადამიანი“
15, 16. რომელი თვისებების გამოვლენით შეუძლია ქრისტიან ცოლს ურწმუნო ქმრის შეძენა?
15 როგორი საქციელით შეიძლება ქმრის შეძენა? ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელით. პეტრე ამბობს: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით. ღვთის მოიმედე წმინდა ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს, როცა ქმრებს ემორჩილებოდნენ, როგორც სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა. თუკი კარგს აკეთებთ და არ უშინდებით იმას, რაც საშიშია, თქვენც სარას შვილები ხართ“ (1 პეტრე 3:3—6).
16 პეტრე ქრისტიან ქალებს ურჩევს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ გარეგნობას. ნაცვლად ამისა, ქმარმა უნდა დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს ბიბლიური სწავლებები ცოლის შინაგან პიროვნებაზე. ცოლმა უნდა დაანახოს ქმარს, რომ ის ახალი პიროვნებით იმოსება. შესაძლოა ქმარმა დიდი განსხვავება დაინახოს, როგორი იყო ცოლი ჭეშმარიტებამდე და როგორია — ახლა (ეფესოელები 4:22—24). ის უეჭველად შეამჩნევს, რომ ცოლი „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ იმოსება, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის. ასეთი თვისებები არა მხოლოდ ქმრისთვის არის მოსაწონი, არამედ „ღვთის თვალშიც ძალიან ძვირფასია“ (კოლოსელები 3:12).
17. რა მხრივ არის სარა კარგი მაგალითი ქრისტიანი ცოლებისთვის?
17 სარა შესანიშნავი მაგალითია ქრისტიანი ცოლებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ურწმუნო ქმარი ჰყავს. უდავოა, სარა აბრაამს ოჯახის მეთაურად მიიჩნევდა. მან თავის გულშიც კი „ბატონი“ უწოდა აბრაამს (დაბადება 18:12). რასაკვირველია, ამით სარას ღირსება არ შელახულა. ის სულიერად ძლიერი იყო და იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა. სარა ‘მოწმეთა დიდ ღრუბელში’ შედის, რომლის რწმენაც აღგვძრავს, „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრაელები 11:11; 12:1). ქრისტიანი ცოლების ღირსება არ შეილახება, თუ სარას მიჰბაძავენ.
18. რა პრინციპი უნდა გამოიყენონ ქრისტიანებმა რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში?
18 რელიგიურად დაყოფილი ოჯახის მეთაურად მაინც ქმარი ითვლება. თუ ის ქრისტიანია, პატივისცემით ეკიდება ცოლის რწმენას, თუმცა კომპრომისზე არ მიდის თავის რწმენასთან დაკავშირებით. თუ ოჯახში ცოლია ქრისტიანი, არც ის მიდის დათმობაზე, როცა საქმე მის რწმენას ეხება (საქმეები 5:29); თუმცა, არ უგულებელყოფს ქმარს, როგორც ოჯახის თავს. ის პატივს სცემს ქმრის მდგომარეობას და რჩება „ქმრის კანონის“ ქვეშ (რომაელები 7:2).
ბიბლიური ხელმძღვანელობის მიყოლა გონივრულია
19. რამ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები და როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება?
19 დღეს ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები. ზოგი ქმარი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას. ზოგი ქალი კი არ ემორჩილება ქმარს, როგორც ოჯახის თავს. არის ისეთი ოჯახები, სადაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. რაც შეეხებათ ქრისტიანებს, არასრულყოფილების, ეკონიმიკური გაჭირვების, ქვეყნიერებაში გამეფებული აღვირახსნილობისა და ზნეობრივი ფასეულობების გაუფასურების გამო, მათი ერთგულება შეიძლება გამოიცადოს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ბიბლიურ პრინციპებს იცავენ, იეჰოვასგან კურთხევებს იღებენ. მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მეუღლე იცავს ბიბლიურ პრინციპებს, ოჯახში უკეთესი მდგომარეობაა. უფრო მეტიც, იეჰოვა იწონებს და მხარს უჭერს თავის მსახურებს, რომლებიც რთულ სიტუაციებშიც კი მეუღლეების ერთგულები რჩებიან. ის არ ივიწყებს მათ ერთგულებას (ფსალმუნები 17:26; ებრაელები 6:10; 1 პეტრე 3:12).
20. რა რჩევა მისცა მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს?
20 მას შემდეგ, რაც მოციქულმა პეტრემ რჩევა მისცა დაქორწინებულ წყვილებს, ასეთი გამამხნევებელი სიტყვები თქვა: „ბოლოს, ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს ბოროტით არ გადაუხადოთ და მლანძღველს ლანძღვით არ უპასუხოთ, არამედ აკურთხეთ ისინი, რადგან იმისთვის ხართ მოწოდებულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ“ (1 პეტრე 3:8, 9). ნამდვილად გონივრული რჩევაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი დაქორწინებულთათვის!
-