საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • 1. ბედნიერი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ესაუბრება; 2. იმავე წყვილს უწევს ყოველდღიურ პრობლემებთან ჭიდილი — იქნება ეს სამუშაო, ბავშვის აღზრდა, ფინანსური თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

      თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!

      „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმ. 127:1ა).

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • რა სირთულეებს ხვდებიან წყვილები?

      • რა უნდა გააკეთოს წყვილმა იმისათვის, რომ იეჰოვას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს?

      • როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ იხელმძღვანელონ „ოქროს წესით“?

      1—3. რა სირთულეებს ხვდებიან წყვილები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      „თუ გულით გსურთ, რომ ბედნიერი ქორწინება გქონდეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ, იეჰოვა გაკურთხებთ, — თავის აზრს გვიზიარებს ერთი მამაკაცი, რომელიც უკვე 38 წელია, დაოჯახებულია და ტკბება ოჯახური იდილიით. ნამდვილად, ყველა წყვილს შეუძლია, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ და ერთმანეთს ჭირ-ვარამში გვერდით დაუდგნენ (იგავ. 18:22).

      2 თუმცა ბუნებრივია, რომ დაქორწინებულები ზოგჯერ „ხორციელ გასაჭირს“ ხვდებიან (1 კორ. 7:28). ამის მიზეზი შეიძლება ყოველდღიური საზრუნავი იყოს. გაუგებრობამ, წყენამ და შედეგად, კომუნიკაციის ნაკლებობამ შესაძლოა ყველაზე შეხმატკბილებულ ოჯახსაც კი შეუყენოს წყალი (იაკ. 3:2, 5, 8). ზოგ ოჯახში პრობლემების მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ზოგი ცოლ-ქმარი ოჯახის სარჩენად ბევრს შრომობდეს და ამასთანავე, ბავშვების აღზრდაც უწევდეს. დამქანცველი და სტრესული დღის შემდეგ ბევრ წყვილს ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩება. შესაძლოა ცოლ-ქმარს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლენა ფინანსური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა სახის პრობლემების გამოც გაუძნელდეს. ერთი შეხედვით, მტკიცე ქორწინებასაც კი შეიძლება ძირი გამოუთხაროს „ხორცის საქმეებმა“: სიძვამ, თავაშვებულობამ, მტრობამ, დავამ, ეჭვიანობამ, განრისხებამ და შუღლმა (გალ. 5:19—21).

      3 ოჯახებში შექმნილ სურათს ისიც ამძიმებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ და წინასწარმეტყველების თანახმად, ადამიანები ღვთისგან გაუცხოებულები და ეგოისტები არიან (2 ტიმ. 3:1—4). ამასთანავე, წყვილებმა დაუძინებელი მტრის თავდასხმებიც უნდა მოიგერიონ, რომლის თვითმიზანია, გაანადგუროს ქორწინების ინსტიტუტი. მოციქული პეტრე სწორედ ამ მტრის შესახებ საუბრობდა, როცა გაგვაფრთხილა: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:12).

      4. რა დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახი?

      4 იაპონიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული მამაკაცი გვიზიარებს: „ფინანსური პრობლემების გამო დაძაბული ვიყავი და ამ საკითხზე ცოლთან საუბარს გავურბოდი, რამაც ჩემი მეუღლეც დათრგუნა. ამას ისიც დაერთო, რომ მას ჯანმრთელობა შეერყა. ეს ყველაფერი ხშირად ხდებოდა ჩვენ შორის უთანხმოებების მიზეზი“. უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები ქორწინებაში გარდაუვალია, მაგრამ არა — მოუგვარებელი. იეჰოვას დახმარებით წყვილებს შეუძლიათ, ჰქონდეთ მყარი და ბედნიერი ოჯახები (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:1). ახლა განვიხილავთ ხუთ რჩევას, რაც დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრება. სტატიის დასასრულს იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რამხელა წვლილი შეაქვს სიყვარულს ოჯახის ბედნიერებაში.

      ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს

      5, 6. რა უნდა გააკეთონ წყვილებმა, რომ იეჰოვას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს?

      5 წარმატებული ქორწინების საწინდარი ქორწინების დამფუძნებლის მიმართ ერთგულება და მორჩილებაა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12). როცა ცოლ-ქმარი მოსიყვარულე ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება, მათ ქორწინებაში იეჰოვა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ მოუწოდა ღმერთმა ძველ დროში მცხოვრებ თავის მსახურებს: «თუ მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალ, შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“» (ეს. 30:20, 21). დღესაც, თუ წყვილები ერთად წაიკითხავენ ღვთის სიტყვას, ამგვარად მოუსმენენ იეჰოვას „ხმას“ (ფსალმ. 1:1—3). ისინი თავიანთ ქორწინებას იმითაც განამტკიცებენ, თუ ოჯახში ყოველთვის ჩაატარებენ თაყვანისცემის საღამოს, რაც სასიამოვნოც იქნება და სულიერად გამომაცოცხლებელიც. ამას გარდა, ერთობლივი, ყოველდღიური ლოცვები მათ ოჯახს კიდევ უფრო განამტკიცებს და ისინი შეძლებენ სატანის ქვეყნიერების თავდასხმების მოგერიებას.

      მარი ოჯახური თაყვანისცემის დაწყებამდე ცოლთან ერთად ლოცულობს

      როდესაც წყვილები სულიერ საქმეებს ერთად უთმობენ დროს, ამით ღმერთსაც უახლოვდებიან და ერთურთსაც (იხილეთ მე-5 და მე-6 აბზაცები)

      6 „როცა სირთულეები და გაუგებრობები სიხარულს გვიკარგავს, ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები გვეხმარება, გამოვავლინოთ მოთმინება და ვიყოთ მიმტევებლები. შეიძლება ითქვას, ეს თვისებები ბედნიერი ოჯახის წარმატების გასაღებია“, — გვიზიარებს გერმანიაში მცხოვრები ძმა, გერჰარდი. როდესაც წყვილები სულიერ საქმეებს ერთობლივად აკეთებენ, ამით ცხადყოფენ, რომ იეჰოვას მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია; ისინი უფრო უახლოვდებიან ღმერთსაც და ერთმანეთსაც და მათ ოჯახში სიხარული და ბედნიერება ისადგურებს.

      ქმრებო, სიყვარულით უხელმძღვანელეთ ოჯახებს

      7. როგორ უნდა უხელმძღვანელონ ქმრებმა თავიანთ ოჯახებს?

      7 ოჯახის ბედნიერება და სიმტკიცე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობს ქმარი ოჯახს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3). ამ მუხლის კონტექსტში საუბარია იმაზე, რომ ოჯახისთავებმა თავიანთ ოჯახებს სწორედ ისე უნდა უხელმძღვანელონ, როგორც ქრისტე ხელმძღვანელობდა თავის მიმდევრებს. იესო არასდროს ყოფილა დესპოტი და უხეში, პირიქით, ის ყოველთვის მოსიყვარულე, კეთილი, გამჭრიახი, რბილი და გულით თავმდაბალი პიროვნება იყო (მათ. 11:28—30).

      8. როგორ დაიმსახურებს ქმარი ცოლისგან პატივისცემასა და სიყვარულს?

      8 ქრისტიან ქმრებს გამუდმებით არ უნდა სჭირდებოდეთ თავიანთი ცოლებისთვის იმის შეხსენება, რომ პატივი სცენ მათ. ქმრები უნდა მიჰყვნენ ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას და „შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძონ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგონ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტ. 3:7). როდესაც ქმრები, შინ თუ გარეთ, პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს არ იშურებენ ცოლებისთვის და მათ თანაგრძნობით ეპყრობიან, ამით ცხადყოფენ, რომ ისინი მათთვის ძვირფასნი არიან (იგავ. 31:28). ასეთი ქმარი ნამდვილად დაიმსახურებს ცოლისგან პატივისცემასა და სიყვარულს და მათ ოჯახს იეჰოვა კურთხევებს არ მოაკლებს.

      ცოლებო, იყავით თავმდაბალნი და მორჩილნი

      9. როგორ შეუძლია ცოლს, თავმდაბლობა გამოავლინოს და დაემორჩილოს ქმარს?

      9 იეჰოვასადმი უანგარო და პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული გვეხმარება, დავიმდაბლოთ თავი მის ძლევამოსილ ხელქვეშ (1 პეტ. 5:6). როცა ცოლი ქმართან თანამშრომლობს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს, ამით საუკეთესოდ აჩვენებს, რომ მორჩილი ცოლია და პატივს სცემს იეჰოვას ძალაუფლებას. ბიბლია ცოლებს მოუწოდებს: „ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი“ (კოლ. 3:18). ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შესაძლოა ცოლისთვის ქმრის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არ იყოს მისაღები. თუმცა, თუ ქმრის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ღვთის პრინციპებს, მორჩილი ცოლი მიჰყვება მის ხელმძღვანელობას (1 პეტ. 3:1).

      10. რატომ უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს?

      10 ცოლს ოჯახში ღირსეული ადგილი უკავია; მას ბიბლია ქმრის მეგობარს უწოდებს (მალ. 2:14). მორჩილი ცოლი ისე გამოხატავს თავის გრძნობებს და ისე გამოთქვამს საკუთარ აზრს, რომ ღირსებას არ ულახავს ქმარს, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში. გონიერი ქმარი კი გულისყურით უსმენს თავის მეუღლეს და ითვალისწინებს მის აზრს (იგავ. 31:10—31). თუ ცოლი მორჩილია, ოჯახში სიხარული, მშვიდობა და ჰარმონია ისადგურებს. იმავდროულად, ცოლსაც და ქმარსაც კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, რადგან იციან, რომ მათ საქციელს ღმერთი იწონებს (ეფეს. 5:22).

      ყოველთვის მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

      11. რატომ არის პატიება აუცილებელი?

      11 თქვენი ქორწინება წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მიმტევებლები იყოთ. თუ ცოლ-ქმარი მოთმინებას ავლენს და მთელი გულით პატიობს ერთურთს, ეს კიდევ უფრო ამყარებს მათ ქორწინებას (კოლ. 3:13). მაგრამ წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, როცა ცოლი ან ქმარი იმახსოვრებს მეუღლის შეცდომას და პრობლემების დროს წამოაძახებს ამას. როგორც ბზარები უკარგავს სიმტკიცეს შენობას, ისე გულში დაგროვილი წყენა და ბრაზი აძნელებს პატიებას. იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ისევე პატიობს ერთმანეთს, როგორც მათ — იეჰოვა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ ოჯახურ კვანძებს (მიქ. 7:18, 19).

      12. რა გაგებით ფარავს სიყვარული „უამრავ ცოდვას“?

      12 ნამდვილი სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“. როგორც ბიბლია გვაუწყებს: „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 კორ. 13:4, 5; წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ნამდვილად გვიყვარს ადამიანი, მას უსასრულოდ ვპატიობთ. ერთხელ, როცა მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა თავისი ძმისთვის, იესომ მიუგო: „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათ. 18:21, 22). ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ არ არსებობს ცოდვების პატიების ზღვრული ნორმა (იგავ. 10:12).a

      13. რა დაგვეხმარება, ვიყოთ მიმტევებლები?

      13 „თუ წყვილი ერთმანეთს არ პატიობს, — ამბობს ანეტი, — წყენას წყენა ემატება და ცოლ-ქმარი უფრო და უფრო კარგავს ერთმანეთისადმი ნდობას; ეს კი, თავის მხრივ, ძირს უთხრის ქორწინებას. მაგრამ, როცა წყვილი ერთმანეთს თავისუფლად პატიობს, ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც უფრო მტკიცდება“. თუ გიჭირთ პატიება, ეცადეთ, იყოთ მადლიერნი. ყოველთვის გულწრფელად შეაქეთ თქვენი მეუღლე (კოლ. 3:15). თუ მიმტევებლები ვიქნებით, მოვიპოვებთ სულის სიმშვიდეს, ერთობასა და ღვთის კურთხევებს (რომ. 14:19).

      იხელმძღვანელეთ ოქროს წესით

      14, 15. რა არის „ოქროს წესი“ და რატომ უნდა იხელმძღვანელონ მისით წყვილებმა ოჯახში?

      14 ცხადია, ყველას გვსიამოვნებს, როცა ღირსეულად და პატივისცემით გვეპყრობიან — ითვალისწინებენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებს. ალბათ, გსმენიათ ფრაზა: „მაგას ვაჩვენებ სეირს“. შესაძლოა თქვენც მოგინდეთ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუ იტყვი: რაც იმან გამიკეთა, მეც იმავეს გავუკეთებ“ (იგავ. 24:29). იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს მეტად მნიშვნელოვანი მითითება მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაერთმიათ თავი რთული სიტუაციებისთვის. ეს მითითება დღეს ყველასთვის კარგად ცნობილია და მას „ოქროს წესს“ უწოდებენ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31). ამ სიტყვებში იესომ ის იგულისხმა, რომ ჩვენ ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც თავად გვსურს, რომ მოგვექცნენ და ბოროტს ბოროტი არ მივუზღათ. „ოქროს წესის“ გამოყენება ოჯახშიც პრაქტიკულია; წყვილებმა ერთმანეთისთვის ის უნდა გასცენ, რის მიღებასაც თავად ისურვებდნენ.

      15 ოჯახური კვანძები მტკიცდება, როცა მეუღლეები ერთმანეთის გრძნობებს ითვალისწინებენ. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ერთი ოჯახისთავი ამბობს: «გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრებაში „ოქროს წესით“ გვეხელმძღვანელა. ხანდახან ერთმანეთზე გული მოგვდის ხოლმე, მაგრამ ასეთ დროს ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ და ღირსეულად მოვეპყროთ, სწორედ ისე, როგორც თავად ვისურვებდით».

      16. როგორ არ უნდა მოეპყრონ მეუღლეები ერთმანეთს?

      16 მეუღლის ნაკლოვანებებსა და ცუდ ზნე-ჩვეულებებზე არც კი იხუმროთ. ერთი რამ კარგად დაიხსომეთ: ქორწინება არაა შეჯიბრი იმის გამოსავლენად, თუ ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის ან ვის უფრო მწარე ენა აქვს. ფაქტია, ჩვენ ყველას რაღაც ნაკლოვანება გვაქვს, რითაც ვაღიზიანებთ სხვებს. თუმცა არც ცოლსა და არც ქმარს არა აქვთ უფლება, რომ ერთმანეთს სარკასტული და დამამცირებელი სიტყვებით მიმართონ; ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (წაიკითხეთ იგავების 17:27; 31:26).

      17. როგორ უნდა იხელმძღვანელონ ქმრებმა „ოქროს წესით“?

      17 ზოგ კულტურაში, ვაჟკაცობად ითვლება, როცა მამაკაცი ცოლს აშინებს და მასზე ხელს სწევს. თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგავ. 16:32). ადამიანს ძალიან დიდი შინაგანი ძალა სჭირდება საიმისოდ, რომ მიჰბაძოს ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს, იესო ქრისტეს, და გამოავლინოს თავშეკავება. კაცი, რომელიც თავის ცოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ძალიან სუსტი ადამიანია; ასეთი კაცი იეჰოვასთან ურთიერთობასაც იფუჭებს. დავითმა, რომელიც ძლიერი და გაბედული მამაკაცი იყო, დაწერა: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“ (ფსალმ. 4:4).

      „შეიმოსეთ სიყვარულით“

      18. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული ყოველთვის?

      18 წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—7. სიყვარული ქორწინებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ბიბლია მოგვიწოდებს: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12, 14). ქრისტეს მსგავსი, თავგანწირული სიყვარული ის „დუღაბია“, რომელიც კრავს ოჯახს. ასეთ სიყვარულზე დაფუძნებულ ოჯახს ვერაფერს დააკლებს პიროვნული ნაკლოვანებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, ფინანსური პრობლემები თუ მეუღლის ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი უთანხმოებები.

      19, 20. ა) რა დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      19 სიყვარული, ერთგულება და ძალისხმევა წარმატებული ქორწინების საწინდარია. როდესაც ოჯახში პრობლემები წამოიჭრება, მეუღლეებმა განქორწინებაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ ოჯახის განმტკიცებაზე. ქრისტიან წყვილებს, რომელთაც იეჰოვა ღმერთიც უყვართ და ერთმანეთიც, პრობლემების მოსაგვარებლად სწორედ სიყვარული აღძრავთ, ვინაიდან „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორ. 13:8; მათ. 19:5, 6; ებრ. 13:4).

      20 უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, ამ მძიმე დროს, ადვილი არ არის, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახები (2 ტიმ. 3:1). თუმცა იეჰოვას დახმარებით ეს ნამდვილად შესაძლებელია. ქრისტიანმა წყვილებმა ამ წამხდარ ქვეყნიერებაში გაბატონებულ სულსაც უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. სწორედ ამიტომ, მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გააკეთონ ცოლებმა და ქმრებმა იმისათვის, რომ უზნეობამ წყალი არ შეუყენოს მათ ქორწინებას.

      a ღალატის შემთხვევაში ბიბლია ერთგულ მეუღლეს უტოვებს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, აპატიებს, თუ გაეყრება მოღალატე მეუღლეს. თუმცა შესაძლოა, წყვილმა გადაწყვიტოს, მაინც ერთად განაგრძონ ცხოვრება და გადალახონ სირთულეები (მათ. 19:9). იხილეთ 1997 წლის აპრილ-ივნისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — მრუშობა მისატევებელია თუ არა?“.

  • დაე, იეჰოვამ დაიცვას და განამტკიცოს თქვენი ქორწინება!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
    • ბედნიერი წყვილი იცინის; 2. იმავე წყვილს უწევს სამსახურში ცდუნებასთან გამკლავება და არასამუშაო დროს ურთიერთობებზე უარის თქმა

      დაე, იეჰოვამ დაიცვას და განამტკიცოს თქვენი ქორწინება!

      „თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს, ტყუილად ფხიზლობს გუშაგი“ (ფსალმ. 127:1ბ).

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • რატომ გვმართებს გულის დაცვა?

      • რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, რომ უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ღმერთს?

      • როგორი ურთიერთობა განამტკიცებს ოჯახს?

      1, 2. ა) რატომ დაკარგა 24 000-მა ისრაელმა კურთხევები? ბ) რატომ არის ეს შემთხვევა ჩვენთვის გამაფრთხილებელი გაკვეთილი?

      ღვთის ერი აღთქმული მიწის ზღურბლთან იდგა, როდესაც ათობით ათასმა მამაკაცმა მოაბელ ქალებთან გარყვნილება ჩაიდინა. შედეგად, იეჰოვამ 24 000 ისრაელი შემუსრა. წარმოიდგინეთ, ეს მოხდა მაშინ, როცა ისრაელები ასე ახლოს იყვნენ ნანატრ მიზანთან — მათ მალე უნდა დაემკვიდრებინათ აღთქმული მიწა! თუმცა ღვთის ხალხი წინ ვერ აღუდგა ცდუნებას და დაკარგა კურთხევები (რიცხ. 25:1—5, 9).

      2 ბიბლიაში ეს შემაძრწუნებელი შემთხვევა „ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:6—11). დღეს, ბოლო დღეების მიწურულს, ჩვენც, ღვთის მსახურები, სამართლიანი ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ (2 ტიმ. 3:1; 2 პეტ. 3:13). სამწუხაროა, რომ იეჰოვას ზოგმა თაყვანისმცემელმა სულიერი სიფხიზლე ვერ შეინარჩუნა, უზნეობის მახეში გაება და მწარე შედეგებიც მოიმკა. რეალურად, ასეთი ადამიანები სასწორზე დებენ თავიანთ მარადიულ კურთხევებს.

      3. რატომ სჭირდებათ წყვილებს იეჰოვას ხელმძღვანელობა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      3 ვინაიდან დღევანდელი მსოფლიო უზნეობის ჭაობშია ჩაფლული, წყვილებს მართებთ, იეჰოვას სთხოვონ ხელმძღვანელობა, რათა დაიცვან თავიანთი ოჯახები (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:1). ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ როგორ უნდა დაიცვან წყვილებმა გული, როგორ უნდა დაუახლოვდნენ იეჰოვას, როგორ უნდა შეიმოსონ ახალი პიროვნებით, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან და როგორ უნდა შეასრულონ ქორწინებაში თავიანთი მოვალეობა, რათა მათ ქორწინებას ბზარი არ გაუჩნდეს.

      დაიცავით გული

      4. რამ მიიყვანა ზოგი ქრისტიანი უზნეო საქციელის ჩადენამდე?

      4 შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რას მიჰყავს ქრისტიანი უზნეო საქციელის ჩადენამდე? ხშირად ყველაფერი თვალიდან იწყება. როგორც იესომ თქვა, „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:27, 28; 2 პეტ. 2:14). ზოგი ქრისტიანი ასეთ საქციელამდე იმან მიიყვანა, რომ დაუშვა, ეყურებინა პორნოგრაფიისთვის, წაეკითხა ეროტიკული შინაარსის ლიტერატურა ან ენახა ინტერნეტში განთავსებული უხამსი ვიდეომასალა. ზოგმა თავს უფლება მისცა, ეყურებინა სექსუალური უზნეობის ამსახველი ფილმებისთვის, სასცენო წარმოდგენებისა თუ სატელევიზიო პროგრამებისთვის. ზოგი კი სტუმრობდა ღამის კლუბებს, სტრიპტიზ-ბარებსა და მასაჟის ცენტრებს ეროტიკული მასაჟისთვის.

      5. რატომ უნდა დავიცვათ გული?

      5 ზოგი დაქორწინებული ცდუნებას იმიტომ აჰყვა, რომ სხვისადმი განივითარა რომანტიკული გრძნობა. ქვეყნიერებაში ხალხი თავაშვებულად ცხოვრობს და მათთვის ყოველგვარი უზნეობა მისაღებია. შესაბამისად, ძალიან ადვილია, რომ დაოჯახებულ ქრისტიანს გულში, რომელიც მაცდური და უმართავია, სხვის მიმართ გაუჩნდეს გრძნობები (წაიკითხეთ იერემიას 17:9, 10). სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა“ (მათ. 15:19).

      6, 7. ა) სადამდე მიჰყავს ადამიანი მაცდურ გულს? ბ) როგორ ავირიდოთ თავიდან სავალალო შედეგები?

      6 როცა ორი არასრულყოფილი ადამიანის ვერაგ გულში არასწორი სურვილები იდგამს ფესვს, მათ შესაძლოა ერთმანეთთან ისეთ თემებზე საუბარი დაიწყონ, რაზეც მხოლოდ მეუღლეებთან უნდა საუბრობდნენ. ცოტა ხანში ისინი ერთად ყოფნის შესაძლებლობებს ეძებენ და ერთი შეხედვით უწყინარი და, ვითომდა, შემთხვევითი შეხვედრები სისტემატურ ხასიათს იძენს. რაც უფრო ემოციურად დამოკიდებულნი ხდებიან ეს ადამიანები ერთმანეთზე, მით უფრო უძნელდებათ ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი უფრო და უფრო ეჯაჭვებიან ერთმანეთს და უფრო რთულდება თავშეკავება; თუმცა მათ მშვენივრად უწყიან, რომ არასწორად იქცევიან (იგავ. 7:21, 22).

      7 ქრისტიანული ფასეულობები თვალსა და ხელს შუა ქრება, როცა ისინი გაუთავებლად საუბრობენ და გასაქანს აძლევენ არასწორ სურვილებს, რასაც მოჰყვება ხელის ხელზე დადება, ამბორი, ალერსი, ვნებიანი ხვევნა-კოცნა და სხვა სახის სექსუალურად აღმგზნები ჟესტები, რაც მხოლოდ ქორწინებაში მყოფ წყვილთათვისაა დასაშვები. მათზე მართლდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „საკუთარი სურვილი . . . აიყოლიებს და აცდუნებს [მათ] . . . სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. ეს ცოდვა, ამ შემთხვევაში, სიძვაა (იაკ. 1:14, 15). შემცოდველები ასეთ სავალალო შედეგს თავიდან აირიდებდნენ, თუ გაიზიარებდნენ იეჰოვას თვალსაზრისს ქორწინების სიწმინდესთან დაკავშირებით. მოდი, ქვემოთ ვნახოთ, თუ რა დაეხმარებოდა მათ ამაში?

      დაუახლოვდით იეჰოვას

      8. რა მხრივ გვეხმარება იეჰოვასთან მეგობრობა ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებაში?

      8 წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10. ზნეობრივი სისუფთავე რომ შევინარჩუნოთ, უმნიშვნელოვანესია, ვიმეგობროთ იეჰოვასთან. თუ ღვთის უძვირფასეს თვისებებს ვეცნობით და ვცდილობთ, მივბაძოთ მას, „როგორც საყვარელმა შვილებმა და ვიაროთ სიყვარულში“, შევძლებთ, უკუვაგდოთ სიძვა და ყოველგვარი უწმინდურება (ეფეს. 5:1—4). დაქორწინებული წყვილები, რომელთაც კარგად ესმით, რომ „მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“, ყველანაირად ცდილობენ, რომ მათი ქორწინება „იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრ. 13:4).

      9. ა) რა დაეხმარა იოსებს, რომ უზნეობა არ ჩაედინა? ბ) რას ვსწავლობთ იოსების მაგალითზე?

      9 ღვთის ზოგმა ერთგულმა მსახურმა საფრთხე შეუქმნა ქორწინებას იმით, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც აგრძელებდა ურთიერთობას თანამშრომლებთან, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. თუმცა ქრისტიანი ცდუნებისგან არც სამუშაო საათებშია დაზღვეული. ასეთ შემთხვევას ბიბლიაშიც ვხვდებით. მაგალითად, ახალგაზრდა და წარმოსადეგი ყმაწვილი იოსები სწორედ სამუშაოზე აღმოჩნდა ცდუნების პირისპირ. იოსებს ბატონის ცოლმა დაადგა თვალი და ყოველ ცისმარე დღეს მის ცდუნებას ლამობდა. ერთ დღესაც, «სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“». მაგრამ იოსები მას გაექცა. ჩნდება კითხვა: რა დაეხმარა იოსებს, ეერთგულა თავისი ფასეულობებისთვის და შეწინააღმდეგებოდა ცდუნებას? მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გაფრთხილებოდა იეჰოვასთან ურთიერთობას და შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ერთგულება. მართალია, ღვთის პრინციპების ერთგულების გამო მან სამსახურიც დაკარგა და უსამართლოდაც დააპატიმრეს, მაგრამ იგი იეჰოვამ აკურთხა (დაბ. 39:1—12; 41:38—43). ქრისტიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, იქნება ეს სამსახურში თუ სხვაგან, უნდა მოერიდონ სიტუაციებს, სადაც ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან.

      შეიმოსეთ ახალი პიროვნებით

      10. რა მხრივ გვიცავს ახალ პიროვნებად შემოსვა?

      10 თუ ქრისტიანი წყვილები ახალი პიროვნებით შეიმოსებიან, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“, შეძლებენ, რომ უზნეობას თავი დააღწიონ (ეფეს. 4:24). ვინც ახალ პიროვნებად იმოსება, „კლავს“ თავის სხეულის ნაწილებს: „სიძვას, უწმინდურებას, ვნებას, მავნებელ სურვილებსა და სიხარბეს“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:5, 6). ბიბლიის ამ მონაკვეთში გამოყენებული სიტყვა „ჩაკალით“ იმაზე მიუთითებს, რომ ვებრძოლოთ უზნეო ხორციელ სურვილებს. წყვილები უნდა მოერიდონ ყველაფერს, რამაც შესაძლოა მათ სხვა პიროვნების მიმართ სექსუალური სურვილები აღუძრათ (იობ. 31:1). ამრიგად, თუ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვრებთ, შევიზიზღებთ ბოროტებას და მივეკვრებით სიკეთეს (რომ. 12:2, 9).

      11. რა მხრივ განამტკიცებს ქორწინებას ის, რომ წყვილები ახალ პიროვნებად იმოსებიან?

      11 ის, ვინც ახალი პიროვნებით იმოსება, ემსგავსება თავად შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს (კოლ. 3:10). მართლაც, რამხელა კურთხევაა, როდესაც ცოლ-ქმარი იმოსება „სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ და ამგვარად განამტკიცებს ქორწინებას (კოლ. 3:12). როცა წყვილების „გულებში ქრისტეს მშვიდობა ბატონობს“, მათ ოჯახში სრული ჰარმონია ისადგურებს (კოლ. 3:15). როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები ამოძრავებს, ისინი მზად არიან პატივისცემაში ერთმანეთს დაასწრონ, რაც ორივეს სიხარულს ჰგვრის (რომ. 12:10).

      12. პირადად თქვენ, როგორ ფიქრობთ, რომელი თვისებებია აუცილებელი ბედნიერი ქორწინებისთვის?

      12 როდესაც ერთ ძმას, სახელად სიდს, ჰკითხეს, თუ რომელი თვისებები უწყობს ხელს მის ბედნიერ ქორწინებას, მან თქვა: „სიყვარული. ეს არის თვისება, რომლის გამოვლენასაც ყოველთვის ვცდილობთ. რბილი ხასიათიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“. სიდს მისი მეუღლე სონიაც ეთანხმება და დასძენს: „სიკეთის გამოვლენაც აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თავმდაბლობაც გამოვავლინოთ, თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის“.

      შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა

      13. რა არის აუცილებელი მტკიცე ქორწინებისთვის და რატომ?

      13 თავაზიანი საუბარი ნამდვილად აუცილებელია მტკიცე ქორწინებისთვის. რა სამწუხაროა, თუ ცოლი ან ქმარი უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობა სრულიად უცხო ადამიანებსა და შინაურ ცხოველებსაც კი, ვიდრე საკუთარ მეუღლეს. წყვილები, რომლებსაც ახასიათებთ „გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“, საკუთარი ხელით უთხრიან ძირს ქორწინებას (ეფეს. 4:31). უმჯობესი იქნება, თუ ცოლ-ქმარი გამუდმებული სარკაზმისა და კრიტიკისგან თავს შეიკავებს და ურთიერთობის განსამტკიცებლად ერთმანეთს კეთილად, სათუთად და თანაგრძნობით მოექცევა (ეფეს. 4:32).

      14. რას უნდა ვერიდოთ, თუ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენა გვწადია?

      14 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არის „დუმილის დრო“ (ეკლ. 3:7). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად დავდუმდეთ და ჩვენსა და მეუღლეს შორის ერთგვარი ზღუდე აღვმართოთ, რაც ნამდვილად ხელს შეუშლის ურთიერთობის აღდგენას. გერმანიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული და თავის აზრს გვიზიარებს: „ასეთ დროს ჩვენი დუმილით შესაძლოა გული ვატკინოთ მეუღლეს“. თუმცა იგი დასძენს: „მართალია, სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება არც ისე იოლია, მაგრამ არც ცხელ გულზე ბრაზის ნთხევაა საუკეთესო გამოსავალი. ასეთი მოქმედებით შესაძლოა უფრო მეტად ვატკინოთ გული მეუღლეს და კიდევ უფრო დაგვეძაბოს ურთიერთობა“. მეუღლეებს შორის უთანხმოება ყვირილითა და გაბუტვით არ გვარდება. წყვილები თავიანთ ქორწინებას იმ შემთხვევაში განამტკიცებენ, თუ გაუგებრობას დროულად მოაგვარებენ და არ დაუშვებენ, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ბზარი გაუჩინოს მათ ქორწინებას.

      15. როგორ განამტკიცებს ქორწინებას ახლო ურთიერთობა?

      15 ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაღრმავდება, თუ ისინი დროს გამოყოფენ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ნააზრევი და განცდილი. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვამბობთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვამბობთ. ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი, შეეცადეთ, თქვენი სიტყვა-პასუხი მადლიანი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად შეარჩიოთ ხმის ტონი და სიტყვები. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მეუღლეს მოსასმენად განაწყობთ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6). ცოლ-ქმარი ქორწინებას განამტკიცებს, თუ მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ექნებათ და ბიბლიური პრინციპის თანახმად, მათი პირიდან მხოლოდ კარგი გამოვა აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამით მადლი მიანიჭონ ერთმანეთს (ეფეს. 4:29).

      ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დროს გამოყოფს

      ცოლ-ქმარი ქორწინებას განამტკიცებს, თუ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ექნებათ (იხილეთ მე-15 აბზაცი)

      ღირსეულად შეასრულეთ თქვენი, როგორც მეუღლის, მოვალეობა

      16, 17. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცოლმაც და ქმარმაც იზრუნონ ერთმანეთის სქესობრივ და ემოციურ მოთხოვნილებებზე?

      16 ცოლ-ქმარი ურთიერთობის განმტკიცებას იმითაც შეძლებს, თუ ერთმანეთის სურვილებსა და ინტერესებს საკუთარზე წინ დააყენებს (ფილ. 2:3, 4). ქმრებიც და ცოლებიც ყურადღებიანები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სათანადოდ იზრუნონ თავიანთი მეუღლეების ემოციურ და სქესობრივ მოთხოვნილებებზე (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:3, 4).

      17 საწყენია, რომ ზოგი დაქორწინებული გაურბის მეუღლისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოვლენას და თავის მოვალეობას არ ასრულებს მასთან. ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ მეუღლესთან სინაზის გამოვლენა მეტად არამამაკაცურია. ბიბლია კი ქმრებს მოუწოდებს: „თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს“ (1 პეტ. 3:7, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ქმრებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი მოვალეობის შესრულებაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სქესობრივი კავშირის დამყარება მეუღლესთან. ცოლისთვის ქმართან ფიზიკური სიახლოვე უფრო სასიამოვნო იქნება, თუ იგი მისადმი სიყვარულსა და სითბოს გამოავლენს არა მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს, არამედ ყოველთვის. თუ ცოლიცა და ქმარიც სიყვარულსა და ყურადღებას იჩენენ ერთმანეთის მიმართ, ისინი უკეთ შეძლებენ ერთმანეთის ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

      18. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ ქორწინების სიმტკიცეს შეუწყონ ხელი?

      18 მართალია, ქორწინებაში ღალატს გამართლება არ აქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: როცა ცოლი ან ქმარი სითბოსა და სიყვარულს მეუღლისგან ვერ იღებს, ის დანაკლისის სხვასთან შევსებას ცდილობს (იგავ. 5:18; ეკლ. 9:9). სწორედ ამიტომ მოუწოდებს ბიბლია წყვილებს: „ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით . . . რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავდაუჭერლობის გამო“ (1 კორ. 7:5). მართლაც, რა სამწუხაროა, თუ წყვილი სატანას საშუალებას მისცემს, ბოროტად ისარგებლოს მათი თავდაუჭერლობით, აცდუნოს ისინი და სიძვა ჩაადენინოს. ამის საპირისპიროდ, როცა თითოეული მეუღლე იმას კი არ ეძებს, „რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ . . . [იმას], რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ და მეუღლის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებს სიყვარულით და არა — მოვალეობის მოხდის მიზნით, ეს მათი ცოლ-ქმრული კავშირის სიმტკიცეს უწყობს ხელს (1 კორ. 10:24).

      გაუფრთხილდით ქორწინებას

      19. რა უნდა დავისახოთ მიზნად და რატომ?

      19 ჩვენ ღვთის ახალი, სამართლიანი ქვეყნიერების ზღურბლთან ვიმყოფებით. თუ მოაბის ველზე დაცემული 24 000 ისრაელის მსგავსად, საკუთარ გულისთქმებს ავყვებით, ეს ჩვენც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. მას შემდეგ, რაც პავლემ ეს შემზარავი და სამარცხვინო შემთხვევა შეახსენა კორინთელებს, დასძინა: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:12). აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ვუერთგულოთ ჩვენს ზეციერ მამას და ჩვენს მეუღლეს, რითაც ერთიორად განვამტკიცებთ ჩვენს ქორწინებას (მათ. 19:5, 6). დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ „[ღვთის] წინაშე წარვდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:13, 14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება