საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ სახელს იმკვიდრებთ?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • როგორ სახელს იმკვიდრებთ?

      წაგიკითხავთ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებები გარდაცვლილთა შესახებ ან ვრცელი სტატია მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე? დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, თუ რას იტყოდა ხალხი თქვენზე? რამდენი ადამიანი დაფიქრებულა ცხოვრებაში იმის შესახებ, თუ როგორ გაიხსენებენ მათ სიკვდილის შემდეგ? გულახდილად ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას იტყოდნენ ადამიანები დღეს ჩემზე, გუშინ რომ დამესრულებინა სიცოცხლე? როგორ სახელს ვიმკვიდრებ? როგორი მინდა, რომ დავამახსოვრდე ნაცნობებსა და ღმერთს?

      ბიბლიის წიგნის, „ეკლესიასტეს“, ბრძენმა დამწერმა თქვა: „კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე — შობის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1). რატომ უნდა სჯობდეს სიკვდილის დღე გაჩენის დღეს? მიზეზი ის არის, რომ ახალდაბადებულ ადამიანს არანაირი რეპუტაცია არა აქვს. მისი ცხოვრების ფურცლები ცარიელია, განვლილი ცხოვრებით კი ის ან კარგ სახელს დაიმკვიდრებს, ან — ცუდს. ამიტომ, მათთვის, ვინც წლების მანძილზე კარგი სახელი დაიმკვიდრეს, სიკვდილის დღე გაჩენის დღეზე მართლაც რომ უკეთესია.

      ასე რომ, ჩვენ არჩევნის წინაშე ვდგავართ. ყოველდღიურად ბევრ რამეში გვიწევს არჩევნის გაკეთება, რაც იმოქმედებს იმაზე, თუ როგორი რეპუტაცია გვექნება სიკვდილის შემდეგ და, განსაკუთრებით, როგორები დავრჩებით ღვთის მეხსიერებაში. იმავე ბრძენმა ებრაელმა მამაკაცმა სწორედ ამიტომ დაწერა: „მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, უკეთურთა სახელი კი დალპება“ (იგავები 10:7). ღვთის მეხსიერებაში კარგ ადამიანად დარჩენა ნამდვილად დიდი პატივია!

      თუ გონიერები ვართ, ჩვენი მიზანი იქნება ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად ცხოვრება და ამით მისი გულის გახარება. ეს ნიშნავს, მივყვეთ ქრისტეს მიერ მოცემულ ძირითად პრინციპებს: «„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი» (მათე 22:37—40).

      ზოგიერთს იხსენებენ ქველმოქმედად, კაცთმოყვარედ, მოქალაქეთა უფლებების დამცველად ან ბიზნესის, მედიცინის თუ მეცნიერების სხვა რომელიმე სფეროში მოწინავე ადამიანად. პირადად თქვენ როგორ ადამიანად გინდათ დაამახსოვრდეთ სხვებს?

      შოტლანდიელ პოეტს, რობერტ ბერნსს (1759—1796 წწ.) დიდი სურვილი ჰქონდა, რაიმე ძალას ჩვენთვის იმის უნარი ებოძებინა, რომ საკუთარი თავისთვის სხვების თვალით შეგვეხედა. შეგიძლიათ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი და თქვათ, რომ ღვთისა და ადამიანთა თვალში კარგი რეპუტაცია გაქვთ? საბოლოო ჯამში, სხვებთან ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტსა თუ ბიზნესში მიღწეული ნებისმიერი დროებითი წარმატება. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „როგორ მოქმედებს სხვებზე ჩვენი საუბარი, ქცევა, ჟესტიკულაცია თუ მიმიკა? უადვილდებათ სხვებს ჩვენთან მოსვლა თუ მათგან შორს გვიჭირავს თავი? თავაზიანები ვართ თუ უხეშები? ადვილად ვეგუებით სიახლეებსა და განსხვავებულ აზრს თუ ძნელად ვიცვლით შეხედულებებს და მომთხოვნები ვართ? თანამგრძნობები და ჰუმანურები ვართ თუ გულგრილები და ცივები? გამანადგურებელი კრიტიკის მოყვარულები ვართ თუ კეთილი მრჩეველები? მოდი განვიხილოთ წარსულისა და თანამედროვე დროის მაგალითები, რათა დავინახოთ, როგორ შეგვიძლია კარგი სახელის დამკვიდრება.

      [სურათი 3 გვერდზე]

      რობერტ ბერნსს დიდი სურვილი ჰქონდა, რაიმე ძალას ჩვენთვის იმის უნარი ებოძებინა, რომ საკუთარი თავისთვის სხვების თვალით შეგვეხედა.

      [საავტორო უფლება]

      From the book A History of England

  • როგორი სახელი დაიმკვიდრა ზოგიერთმა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • როგორი სახელი დაიმკვიდრა ზოგიერთმა

      დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ დავითი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ისრაელის მეფე საულს გაურბოდა. სწორედ იმ პერიოდში დავითმა ნაბალს, რომელიც საკმაოდ შეძლებული ადამიანი და უამრავი ცხვრისა და თხის პატრონი იყო, მსახურები გაუგზავნა საჭმელ-სასმელის სათხოვნელად. ნაბალი დიდად იყო დავალებული დავითისა და მისი მომხრეებისგან, რადგან ისინი მის ფარას იცავდნენ. მიუხედავად ამისა, ნაბალმა უარი თქვა სტუმართმოყვარეობის გამოვლენაზე. ის უკმეხადაც კი მოექცა დავითის მიერ გაგზავნილ მსახურებს. ნაბალი ცეცხლს ეთამაშებოდა, რადგან დავითი უპასუხოდ არ დატოვებდა ასეთ უპატივცემულო მოპყრობას (1 მეფეთა 25:5, 8, 10, 11, 14).

      ნაბალმა არაფრად ჩააგდო ახლო აღმოსავლეთში სტუმრებისა და უცხოებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენასთან დაკავშირებული ტრადიცია. როგორი სახელი დაიმკვიდრა ნაბალმა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „უკმეხი და ავისმქნელი“, „უგვანი კაცი“ იყო. მისი სახელი ნიშნავს „უგუნურს“ და ის ამართლებდა კიდეც თავისი სახელის მნიშვნელობას (1 მეფეთა 25:3, 17, 25). ისურვებდით, რომ ასეთი რეპუტაცია გქონოდათ? მკაცრი და შეუბრალებელი ხომ არა ხართ სხვებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამჩნევთ, რომ ისინი არასახარბიელო მდგომარეობაში არიან? თუ კეთილი, სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი ხართ?

      აბიგაილი — კეთილგონიერი ქალი

      თავისი უკმეხობის გამო ნაბალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დავითმა და მასთან მყოფმა 400-მა კაცმა ხმლები მოიმარჯვეს და ნაბალისთვის ჭკუის სასწავლებლად გაემართნენ. როდესაც აბიგაილმა, ნაბალის ცოლმა, მომხდარის შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა. რა ზომებს მიმართა მან? სასწრაფოდ უხვად მოუყარა თავი საჭმელ-სასმელს და დავითისა და მისი მომხრეებისკენ გაემართა. მათთან შეხვედრისას ის შეევედრა დავითს, რომ უმიზეზოდ არ დაეღვარა უბრალო სისხლი. დავითს გული მოულბა, შეისმინა ქალის ვედრება და დამშვიდდა. ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში ნაბალი მოკვდა. დავითმა, რომელმაც დაინახა აბიგაილის შესანიშნავი თვისებები, დაქვრივების შემდეგ, ის ცოლად შეირთო (1 მეფეთა 25:14—42).

      რა სახელი დაიმკვიდრა აბიგაილმა? ის „კეთილგონიერი“ იყო, როგორც ამას ებრაული ორიგინალი გადმოსცემს. აბიგაილი მართლაც რომ კეთილგონიერი და გამჭრიახი ადამიანი იყო და იცოდა, როგორ და როდის ემოქმედა. მან ერთგულება გამოავლინა, რათა თავისი ოჯახი და უგუნური მეუღლე უბედურებისგან დაეცვა. ის მოკვდა, მაგრამ როგორც კეთილგონიერმა ქალმა, კარგი სახელი დაიმკვიდრა (1 მეფეთა 25:3).

      რას გვამცნობს ბიბლია პეტრეს შესახებ?

      მოდი გადავინაცვლოთ ახ. წ. I საუკუნეში და დავფიქრდეთ იესოს 12 მოციქულზე. უდავოა, რომ მათ შორის ყველაზე ემოციური და იმპულსური იყო პეტრე ანუ კეფა, ყოფილი გალილეველი მეთევზე. როგორც ჩანს, ის სიცოცხლით სავსე, ენერგიული პიროვნება იყო და არ ეშინოდა თავისი გრძნობების გამოხატვის. მაგალითად, ეს გამოვლინდა მაშინ, როდესაც იესომ ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს, როცა მისი ჯერი დადგა?

      პეტრემ ჰკითხა იესოს: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“ პასუხად იესომ მიუგო: „რასაც ვაკეთებ ახლა, არ იცი, მერე კი გაიგებ“. პეტრემ უთხრა: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს“. ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტრე მტკიცე ხასიათის პიროვნება იყო, მაგრამ ამავდროულად მასში ემოციები მძლავრობდა. რა რეაგირება მოახდინა ამაზე იესომ?

      «იესომ უპასუხა: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“. უთხრა სიმონ-პეტრემ: „უფალო, მარტო ფეხს კი არა, ხელსაც და თავსაც». ახლა პეტრე მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, გარშემო მყოფებისთვის პეტრე არასდროს ყოფილა ამოუცნობი პიროვნება. ის არც ცბიერი იყო და არც — თვალთმაქცი (იოანე 13:6—9).

      პეტრემ თავისი ადამიანური სისუსტეებითაც დაამახსოვრა ხალხს თავი. მაგალითად, მან სამჯერ უარყო ქრისტე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ბრალი დასდეს მას იესო ნაზარეველის მიმდევრობაში. როდესაც პეტრე მიხვდა თავის შეცდომას, მწარედ ატირდა. მას არ შეშინებია თავისი მწუხარებისა და სინანულის გამოხატვის. აღსანიშნავია ისიც, რომ პეტრეს მიერ იესოს უარყოფის შემთხვევა სახარებების დამწერებმა აღწერეს და დიდია იმის ალბათობა, რომ ამის გაკეთება მათ თავად პეტრეს მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით შეძლეს. ის იმდენად თავმდაბალი იყო, რომ აღიარა თავისი შეცდომები. ხართ თქვენც იმდენად თავმდაბალი, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება შეძლოთ? (მათე 26:69—75; მარკოზი 14:66—72; ლუკა 22:54—62; იოანე 18:15—18, 25—27).

      იესოს უარყოფიდან რამდენიმე კვირაში სულიწმიდით აღვსილმა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაბედულად იქადაგა უამრავი იუდეველის წინაშე. ეს აშკარად ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აღდგენილი იესო ენდობოდა მას (საქმეები 2:14—21).

      სხვა შემთხვევისას პეტრე განსხვავებულ მახეში გაება. როგორც პავლე მოციქული მოგვითხრობს, სანამ ანტიოქიაში იუდეველი ძმები ჩავიდოდნენ, პეტრეს თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა არაიუდეველ მორწმუნეებთან. შემდეგ კი, იერუსალიმიდან ჩამოსულ „წინადაცვეთილთა რიდით“, მათგან განზე განდგა. პავლემ ამხილა პეტრეს არაგულწრფელობა (გალატელთა 2:11—14).

      და მაინც, რომელმა მოწაფემ გამოთქვა გაბედულად თავისი თვალსაზრისი კრიტიკულ მომენტში, როდესაც იესოს ბევრი მიმდევარი მზად იყო მის მისატოვებლად? ეს მოხდა მაშინ, როცა იესომ ახალი რამ აუხსნა თავის მიმდევრებს მისი ხორცის ჭამისა და სისხლის დალევის მნიშვნელობის თაობაზე. მან თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში“. იესოს მიმდევრების უმეტესობა დაბრკოლდა ამის გაგონებაზე. მათ თქვეს: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?“. რა მოხდა შემდეგ? „მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას“ (იოანე 6:50—66).

      ამ გადამწყვეტ მომენტში იესო მიუბრუნდა 12 მოციქულს და პირდაპირ ჰკითხა: «„თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა“» (იოანე 6:67—69).

      რა სახელი დაიმკვიდრა პეტრემ? ის, ვინც პეტრეს შესახებ ბიბლიურ ცნობას წაიკითხავს, შეუძლებელია გულგრილი დარჩეს მისი პატიოსნებით, გულახდილობით, ერთგულებითა და საკუთარი სისუსტეების აღიარების მზადყოფნით. ნამდვილად შესანიშნავი სახელი დაიმკვიდრა პეტრემ!

      როგორ იხსენებენ იესოს?

      იესოს მიწიერმა მსახურებამ მხოლოდ სამწელიწად-ნახევარი გასტანა. ასეთი მოკლე დროის მიუხედავად, როგორ იხსენებდნენ მას მისი მიმდევრები? სრულყოფილებისა და უცოდველობის გამო შორს ეჭირა იესოს თავი და ერიდებოდა ხალხთან ურთიერთობას? მოჰქონდა მას თავი იმით, რომ ღვთის ძე იყო? ემუქრებოდა ის თავის მიმდევრებს და აიძულებდა მორჩილებას? იმდენად მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნდა საკუთარი თავი, რომ ამის გამო იუმორის გრძნობა არ ჰქონდა? იყო იმდენად დაკავებული, რომ დრო არ რჩებოდა უძლურებისთვის, ავადმყოფებისთვის ან ბავშვებისთვის? ზემოდან დაჰყურებდა ის სხვა წარმოშობის ადამიანებს და ქალებს, როგორც ამას იმ პერიოდში მცხოვრები მამაკაცები აკეთებდნენ? რას ვიგებთ მის შესახებ წერილობითი ცნობიდან?

      იესო ადამიანებისადმი ინტერესს ავლენდა. მისი მსახურების გამოკვლევიდან ჩანს, რომ მან არაერთხელ განკურნა კოჭლები და სნეულები. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა გაჭირვებულთა დასახმარებლად; ის ბავშვებსაც არ ტოვებდა უყურადღებოდ. მან თავის მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“. შემდეგ იესო „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“. უთმობთ დროს ბავშვებს თუ იმდენად დაკავებულები ხართ, რომ ვერც კი ამჩნევთ მათ? (მარკოზი 10:13—16; მათე 19:13—15).

      იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს იუდეველები დამძიმებულნი იყვნენ რელიგიური წესებითა და რიტუალებით, რომლებიც რჯულით არ მოითხოვებოდა. რელიგიური წინამძღოლები მძიმე ტვირთს ჰკიდებდნენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურდათ მისი დაძვრა (მათე 23:4; ლუკა 11:46). რამდენად განსხვავდებოდა იესო მათგან! მან თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11:28—30).

      ხალხი გამოცოცხლებას გრძნობდა იესოსთან ურთიერთობით. ის არ აშინებდა თავის მოწაფეებს და ამიტომ მათაც არ ეშინოდათ თავიანთი გრძნობების გამოხატვის. პირიქით, იესო კითხვებს უსვამდა მათ, რათა გული გადაეშალათ მისთვის (მარკოზი 8:27—29). ქრისტიანმა ზედამხედველებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: ასეთივე დადებით ზემოქმედებას ვახდენ თანამორწმუნეებზე? თავისუფლად გამოთქვამენ ჩემთან სხვა უხუცესები საკუთარ თვალსაზრისს თუ არა? რა გამომაცოცხლებელია, როცა ზედამხედველებთან მისვლა ადვილია, როცა ისინი ყურადღებით უსმენენ სხვებს და რბილი ხასიათი აქვთ! არაკეთილგონიერება ადამიანს უკარგავს იმის ხალისს, რომ გულახდილად და თავისუფლად ისაუბროს.

      თუმცა იესო ღვთის ძე იყო, არასდროს იყენებდა ბოროტად საკუთარ ძალაუფლებასა თუ ავტორიტეტს. ის მსჯელობდა თავის მსმენელებთან. ამგვარად მოიქცა იგი, როცა ფარისევლები მის გამოჭერას შეეცადნენ ეშმაკური კითხვით: „უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ იესომ უთხრა მათ, რომ ეჩვენებინათ მონეტა და ჰკითხა: «„ვისია ეს სახე და წარწერა?“ მათ თქვეს: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“» (მათე 22:15—21). ლოგიკური მსჯელობა საკმარისი აღმოჩნდა პასუხის გასაცემად.

      ჰქონდა იესოს იუმორის გრძნობა? სახარებების ზოგმა მკითხველმა შეიძლება იგრძნოს იუმორი იმ მონაკვეთის წაკითხვისას, როდესაც იესო ამბობს, რომ აქლემისთვის უფრო ადვილია ნემსის ყუნწში გაძრომა, ვიდრე მდიდრისთვის ღვთის სამეფოში შესვლა (მათე 19:23, 24). აქლემის ნემსის ყუნწში გაძრომა წარმოუდგენელია და მეტისმეტი გაზვიადების მიზნით არის ნათქვამი. იესომ მსგავსი ჰიპერბოლა გამოიყენა, როცა თქვა, რომ ადამიანები ძმის თვალში ბეწვს ხედავენ, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც არ ამჩნევენ (ლუკა 6:41, 42). აქედან ჩანს, რომ იესო სიტყვაძვირი ტირანი კი არა, არამედ თბილი და მეგობრული იყო. ქრისტიანებსაც ესაჭიროებათ დღეს იუმორის გრძნობა, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება.

      იესოს მიერ ქალებისადმი გამოვლენილი თანაგრძნობა

      როგორ გრძნობდნენ თავს ქალები იესოსთან? მას ბევრი ერთგული მიმდევარი ქალი ჰყავდა, რომელთა შორის დედამისი, მარიამიც იყო (ლუკა 8:1—3; 23:55, 56; 24:9, 10). ქალები იესოსთან იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ ერთხელ ერთმა „ცოდვილმა დედაკაცმა“ ცრემლებით დაუსველა მას ფეხები და ნელსაცხებელი სცხო (ლუკა 7:37, 38). სხვა ქალმა, რომელიც წლების მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, გზა გაიკვლია იესოსკენ ხალხის ბრბოში და განკურნების მიზნით მის სამოსელს შეეხო. იესომ შეაქო ის თავისი რწმენისთვის (მათე 9:20—22). დიახ, ქალებს არ უჭირდათ იესოსთან მისვლა.

      ერთხელ იესო სამარიელ ქალს დაელაპარაკა ჭასთან. ქალს ეს იმდენად გაუკვირდა, რომ უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო?“ იმ დროს იუდეველებს არ ჰქონდათ ურთიერთობა სამარიელებთან. მიუხედავად ამისა, იესო ქალს სასწაულებრივი ჭეშმარიტების შესახებ ესაუბრა — ეს ჭეშმარიტება ეხებოდა ‘წყალს, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებდა’. იესო თავისუფლად ესაუბრებოდა ქალებს და არ ფიქრობდა, რომ ამით სხვების თვალში ცუდ შუქში გამოჩნდებოდა (იოანე 4:7—15).

      იესოს იხსენებენ ბევრი ადამიანური თვისებისა და, მათ შორის, თავგანწირვის სულისკვეთების მქონე პიროვნებად. ის ღვთის სიყვარულის განსახიერება იყო. იესომ მაგალითი დაუტოვა ყველას, ვისაც მის მიმდევრად ყოფნის სურვილი აქვს. რამდენად ცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერში მიჰბაძოთ მას? (1 კორინთელთა 13:4—8; 1 პეტრე 2:21).

      როგორ იხსენებენ თანამედროვე ქრისტიანებს?

      თანამედროვე დროში ათასობით ერთგული ქრისტიანი დაიღუპა. ბევრი ხანდაზმულობის ასაკში გარდაიცვალა, სხვები კი — შედარებით ადრეულ ასაკში. მათ დადებითი რეპუტაცია შეიქმნეს. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად კრისტელს, რომელიც მოხუცებულობაში გარდაიცვალა, მოსიყვარულე და გულღია ადამიანად იხსენებენ. სხვა ქრისტიანები კი, დაახლოებით 40 წლის ასაკში გარდაცვლილი დიკის მსგავსად, ნაცნობების მეხსიერებაში დარჩნენ მხიარული ბუნების მქონე ადამიანებად, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნის სულისკვეთებას ავლენდნენ.

      საყურადღებოა ესპანელი ხოსეს შემთხვევაც. 60-იან წლებში, როცა ესპანეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო, ხოსე დაქორწინდა და მოგვიანებით სამი ქალიშვილი ეყოლა. მას სტაბილური სამსახური ჰქონდა ბარსელონაში, მაგრამ იმ პერიოდში სამხრეთ ესპანეთში ძალიან სჭირდებოდათ მოწიფული ქრისტიანი უხუცესები. ხოსემ დატოვა თავისი სამსახური და ოჯახთან ერთად მალაგაში გადავიდა. მათ დიდ გაჭირვებაში მოუწიათ ცხოვრება, რადგან ხშირად არანაირი სამუშაო არ ჰქონდათ.

      ხოსეს იცნობდნენ ერთგულ, მსახურებისთვის თავგანწირულ პიროვნებად; ადამიანად, რომელმაც თავის მეუღლესთან, კარმელასთან, ერთად სამაგალითოდ აღზარდა ქალიშვილები. როდესაც მათ რეგიონში საჭირო იყო, ვინმეს ორგანიზება გაეწია ქრისტიანული კონგრესებისთვის, ხოსე ყოველთვის მზადყოფნის სულს ავლენდა. სამწუხაროდ, დაახლოებით 50 წლის ასაკში ის სერიოზულად დაავადდა და გარდაიცვალა. მან თავგამოდებული, შრომისმოყვარე უხუცესის, მოსიყვარულე ქმრისა და მამის სახელი დატოვა.

      ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით, როგორი სახელის დამკვიდრებას ისურვებდით? გუშინ რომ დაგესრულებინათ სიცოცხლე, რას იტყოდნენ დღეს თქვენზე სხვები? ამ კითხვამ შესაძლოა თითოეული ჩვენს საქციელზე დაგვაფიქროს.

      როგორ დავიმკვიდრებთ კარგ სახელს? ყოველთვის შეგვიძლია გავუმჯობესდეთ სულის ნაყოფების — სიყვარულის, სულგრძელობის, სიკეთის, რბილი ხასიათის, თავშეკავების — გამოვლენაში (გალატელთა 5:22, 23, აქ). დიახ, მართლაც რომ „კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე — შობის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1; მათე 7:12).

      [სურათი 5 გვერდზე]

      აბიგაილმა კეთილგონიერი ქალის სახელი დაიმკვიდრა.

      [სურათი 7 გვერდზე]

      პეტრე ემოციურ, მაგრამ ამავდროულად გულწრფელ ადამიანად ახსოვთ.

      [სურათი 8 გვერდზე]

      იესო დროს უთმობდა ბავშვებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება