საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
    • მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება

      ოუენი, ორ წლინახევრის ბიჭი, სახლში, სააბაზანოში თამაშობდა. მან შეძლო ჩამოეღო წამლების ყუთი, რომელიც მისმა მშობლებმა ისეთ ადგილას დადეს, რომ ბავშვი ვერ უნდა მისწვდომოდა. ყუთში ბიჭს ერთი ბოთლი მოეწონა. გახსნა იგი და მასში ჩასხმული სითხე დალია. საშინელი უბედურება დატრიალდა.

      ბოთლში ძლიერი მჟავა იყო ჩასხმული და, სამწუხაროდ, პატარა ოუენი გარდაიცვალა. მისი მშობლები განადგურებულები იყვნენ. ბიჭის მამა, პერსი, ნუგეშს ეკლესიაში ეძებდა. „რატომ მოხდა ეს?“ — იკითხა მან. მღვდელმა უპასუხა: „ღმერთს ზეცაში კიდევ ერთი პატარა ანგელოზი სჭირდებოდა“. გულმოკლული, დამწუხრებული მშობელი ფიქრობდა, რომ ეს უსამართლობა იყო. მართლა ღმერთმა განსაზღვრა, რომ ასეთი უბედურება მომხდარიყო? გულგატეხილმა პერსიმ გადაწყვიტა, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ეკლესიასთან.

      პერსის, როდესაც მომხდარზე ფიქრობდა, თავში სულ შემდეგი კითხვები უტრიალებდა: „ახლაც ტკივილს განიცდის ჩემი პატარა ბიჭუნა? ვნახავ მას ისევ ოდესმე?

      შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, რა ხდება სიკვდილის დროს და შესაძლებელი იქნება თუ არა გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებთან მომავალში კვლავ შეხვედრა? ღვთის სიტყვა, ბიბლია, ნათელს ჰფენს ამ საკითხებს. მასში მოცემულია ნათელი და მანუგეშებელი პასუხები ყველასთვის, ვისაც მსგავსი ტრაგედია შეემთხვა. უფრო მეტიც, ის გვეუბნება ღვთის დიდებული დანაპირების — მკვდრეთით აღდგომის — შესახებ.

      გთხოვთ, წაიკითხეთ მომდევნო სტატია, რათა მეტი გაიგოთ ამ საუცხოო იმედის შესახებ.

  • მკვდრეთით აღდგომა დიდებული მომავალი
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
    • მკვდრეთით აღდგომა დიდებული მომავალი

      რწმენა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული. ყურანი, მუსლიმანთა წმინდა წიგნი, მთელ თავს უთმობს მკვდრეთით აღდგომას. ყურანის 75-ე თავში ნათქვამია: „არ დავიფიცო დღე აღდგომისა . . . ადამიანს ნეტა თუ ჰგონია, მისი ძვლები არ შევკრიბოთ? . . ჰკითხულობს [ადამიანი]: როდის-ღა იქმნეს აღდგომის დღეო? . . ნუთუ არაა ღმერთი იგი საკმაოდ შემძლებელ, მკვდრები გააცოცხლოს?“ (თავი 75:1—6, 40).

      ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს: „ზოროასტრიზმის მრწამსის თანახმად, ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება, მოხდება მკვდრეთით აღდგომა, იქნება განკითხვის დღე, წუთისოფელი განიწმინდება და მასში სამართლიანობა გაბატონდება“.

      „იუდაური ენციკლოპედია“ მკვდრეთით აღდგენას ასე განმარტავს: „რწმენა იმის შესახებ, რომ მკვდრები ფიზიკური სხეულით აღდგებიან და კვლავ იცხოვრებენ დედამიწაზე“. იმავე ნაშრომში აგრეთვე აღნიშნულია, რომ იუდაიზმის მიერ სულის უკვდავების შესახებ მრწამსის გადაღება დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. მასში პირდაპირ არის ნათქვამი: „არსებითად მკვდრეთით აღდგომისა და სულის უკვდავების შესახებ იდეები ურთიერთგამომრიცხავია“.

      ინდუიზმი ასწავლის, რომ ადამიანი გადის ხელახლა დაბადების ციკლებს ანუ გარდაისახება. ეს რომ მართალი იყოს, ადამიანს უნდა ჰქონდეს უკვდავი სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს. ინდუსების წმინდა წიგნში „ბჰაგავად-გიტა“ ნათქვამია: „მოსპობას არ ექვემდებარება ის, რაც მთელი სხეულის ყოველ ნაწილს ავსებს. ვერავინ შეძლებს უკვდავი სულის განადგურებას“.

      ბუდიზმი ინდუიზმისგან იმით განსხვავდება, რომ ის უარყოფს სულის უკვდავებას. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოსავლეთში მცხოვრებ მრავალ ბუდისტს სწამს უკვდავი სულის გადასახლებისa.

      ურთიერთსაპირისპირო აზრები მკვდრეთით აღდგომის სწავლებაზე

      ქრისტიანულ სამყაროში დაკრძალვის ცერემონიებზე ხშირად ლაპარაკობენ როგორც იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს ცხოვრებას, ისე მკვდრეთით აღდგომაზე. მაგალითად, ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, ჩვეულებრივ, ასეთ ცერემონიებზე ამბობს: „გულმოწყალე ყოვლისშემძლე ღმერთმა ინება, რომ თავისთან წაეყვანა ჩვენი ძვირფასი ძმის სული; ამიტომ მის ნეშტს ვაბარებთ მიწას. მიწა კვლავ უბრუნდება მიწას და მტვერი მტვერს იმ მტკიცე იმედით, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით მკვდრეთით აღდგება ის, რათა საუკუნოდ იცოცხლოს“ (The Book of Common Prayer).

      ამ სიტყვებმა შეიძლება ადამიანი დააბნიოს და აფიქრებინოს: „რას ასწავლის ბიბლია, მკვდრეთით აღდგომას თუ სულის უკვდავებას?“ ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თქვა ფრანგმა პროტესტანტმა პროფესორმა ოსკარ კულმენმა. ის თავის წიგნში „სულის უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა?“ წერს: „რადიკალური სხვაობა არსებობს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანულ მრწამსსა და სულის უკვდავების შესახებ ბერძნების რწმენას შორის . . . თუმცა მოგვიანებით ქრისტიანობამ ერთმანეთთან დააკავშირა ეს ორი მრწამსი და დღეს ჩვეულებრივი ქრისტიანი ორივე მათგანს აღიარებს, ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ დავმალო, თუ რას მივიჩნევთ მე და სხვა სწავლულთა უმრავლესობა ჭეშმარიტებად . . . მკვდრეთით აღდგომის შესახებ მრწამსი მთელი „ახალი აღთქმის“ არსია . . . პიროვნება, რომელიც მკვდარია, ღვთის შემოქმედებითი ძალის წყალობით კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდება“.

      ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, საერთო ჯამში, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ადამიანები დაბნეულობაში არიან. ამ საკითხში კარგად რომ გავერკვეთ, საჭიროა ჩავიხედოთ ბიბლიაში, რომელშიც ჩაწერილია ადამიანთა შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, მიერ გამხელილი ჭეშმარიტება. ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის რამდენიმე შემთხვევაა მოხსენიებული. განვიხილოთ ოთხი მათგანი და ვნახოთ, თუ რას გვეუბნება ისინი მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

      „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“

      ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მორწმუნე ქალებს „მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“ (ებრაელები 11:35). ამ ქალთაგან ერთ–ერთი ცარფათში (სარეფთა), ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სიდონის მახლობლად მდებარე ქალაქში, ცხოვრობდა. ის იყო ქვრივი, რომელმაც ღვთის წინასწარმეტყველ ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა და დიდი შიმშილობის დროსაც კი მისთვის საჭმელი არ დაიშურა. სამწუხაროდ, მისი ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. ელიამ ბავშვი მაშინვე ზემოთა ოთახში აიყვანა და იეჰოვას სთხოვდა, გაეცოცხლებინა ბიჭი. მოხდა სასწაული და ბავშვი გაცოცხლდა. ელიამ ბიჭი დედას მიუყვანა და უთხრა: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი“. როგორი იყო დედის რეაქცია? ბედნიერმა ქალმა თქვა: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა“ (3 მეფეთა 17:22—24).

      სარეფთადან სამხრეთით 100 კილომეტრში ცხოვრობდა ერთი გულუხვი ცოლ–ქმარი, რომლებიც ელიას საქმის გამგრძელებელზე, ელისეზე, ზრუნავდნენ. ცოლი ცნობილი ქალი იყო მშობლიურ ქალაქ შუნემში. მან და მისმა ქმარმა ელისეს თავიანთი სახლის ზემოთა ოთახი დაუთმეს. ამ უშვილო წყვილის მწუხარება სიხარულად იქცა, როდესაც შვილი შეეძინათ. როცა ბიჭი წამოიზარდა, მომკელებთან ერთად ხშირად დადიოდა მამასთან ყანაში. ერთხელაც მოხდა უბედურება. ბიჭმა დაიყვირა, რომ თავი სტკიოდა. მსახურმა ის სასწრაფოდ დედას მიუყვანა სახლში; დედამ მუხლებზე დაისვა შვილი, მაგრამ ბავშვი ცოტა ხანში მოკვდა. გამწარებულმა დედამ გადაწყვიტა, დახმარება ელისესთვის ეთხოვა. ის მსახურთან ერთად გაემართა ჩრდილო–დასავლეთისკენ, ქარმელის მთისკენ, სადაც ელისე იყო.

      წინასწარმეტყველმა ჯერ გეხაზი გაუშვა და მან ნახა, რომ ბიჭი მართლაც მკვდარი იყო. გეხაზის თან ელისე და ქალი მიჰყვნენ, მაგრამ რა მოხდა მათი შუნემში ჩასვლის შემდეგ? 4 მეფეთა 4:32—37 გვამცნობს: «შევიდა სახლში ელისე და აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. და შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. და ზემოდან დააწვა ბავშვს. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. ერთი გაიარ–გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი. და დაუძახა გეხაზის და უთხრა: „დაუძახე იმ შუნემელს“. და დაუძახა. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი“. და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა. და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა».

      სარეფთელი ქვრივის მსგავსად, ამ შუნემელმა ქალმაც იცოდა, რომ ეს ღვთის ძალით მოხდა. ორივე დედა ძალიან გაახარა ღვთის მიერ თავიანთი საყვარელი შვილების გაცოცხლებამ.

      მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები იესოს მსახურებისას

      დაახლოებით 900 წლის შემდეგ შუნემის ჩრდილოეთით, ქალაქიდან არც ისე შორ მანძილზე, ნაინის შესასვლელთანაც მოხდა მკვდრეთით აღდგომა. კაპერნაუმიდან წამოსული იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ნაინის კარიბჭესთან შეხვდნენ დამკრძალავ პროცესიას. იესომ დაინახა ქვრივი, რომლის ერთადერთი ვაჟი იყო გარდაცვლილი. მან ქალს უთხრა, რომ შეეწყვიტა მოთქმა. ექიმი ლუკა მოგვითხრობს, თუ რა მოხდა შემდეგ: «მივიდა [იესო] და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. იესომ ის დედამისს ჩააბარა» (ლუკა 7:14, 15). ამ სასწაულის თვითმხილველებმა ღმერთი განადიდეს. მკვდრეთით აღდგომის შესახებ ახალმა ამბავმა სამხრეთ იუდეამდე და მის ირგვლივ მყოფ რეგიონებამდე მიაღწია. საინტერესოა, რომ, როდესაც იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა ამის შესახებ გაიგეს, იოანესაც ამცნეს ეს ახალი ამბავი. მან კი ისინი იესოს მოსაძებნად გაგზავნა, რათა ეკითხათ, ის იყო თუ არა მესია, რომელსაც ელოდნენ. იესომ იოანეს მოწაფეებს უთხრა: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (ლუკა 7:22).

      მკვდრეთით აღდგენის სასწაულებიდან ყველაზე მეტად იესოს მიერ თავისი ახლო მეგობრის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგენაა ცნობილი. ამ შემთხვევაში იესო ლაზარეს სახლში მისი სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიდა. ბეთანიაში იესოს ჩასვლის პერიოდისთვის ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესომ სამარხზე აფარებული ლოდის გადაგორება რომ ითხოვა, მართამ თქვა: „უფალო, უკვე აყროლდებოდა“ (იოანე 11:39). მაგრამ ლაზარეს სხეულის გახრწნამ მის მკვდრეთით აღდგენას ხელი ვერ შეუშალა. იესოს ბრძანებაზე „კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული“. იესოს მტრების შემდგომი მოქმედებები ადასტურებს, რომ სამარხიდან გამოსული ცოცხალი კაცი ნამდვილად ლაზარე იყო (იოანე 11:43, 44; 12:1, 9—11).

      რა დასკვნამდე მივდივართ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ამ ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ? თითოეული მკვდრეთით აღდგენილი ადამიანი იგივე პიროვნება იყო. ყველა იცნო უახლოესმა ნათესავებმაც კი. მკვდრეთით აღდგენილთაგან არავის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სანამ მკვდრები იყვნენ. არავის უთქვამს, რომ სხვა სამყაროში იმოგზაურა. როგორც ჩანს, თითოეულს აღდგენის შემდეგ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა. მათ თითქოს ცოტა ხნით დაიძინეს და შემდეგ გამოიღვიძეს, სწორედ ისე, როგორც ამის შესახებ იესომ აღნიშნა (იოანე 11:11). მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი კვლავ გარდაიცვალნენ.

      საყვარელი ადამიანების დაბრუნება — დიდებული მომავალი

      სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ოუენის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ბიჭის მამა მეზობლის სახლში მივიდა. მაგიდაზე მან დაინახა მოსაწვევი საჯარო მოხსენებაზე, რომელსაც იეჰოვას მოწმეები უწევდნენ ორგანიზებას. ის მიიზიდა მოხსენების სათაურმა: „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ ეს სწორედ ის კითხვა იყო, რომელიც მას თავში უტრიალებდა. ოუენის მამა მივიდა ამ მოხსენების მოსასმენად და ბიბლიიდან ნამდვილი ნუგეში ჰპოვა. მან გაიგო, რომ მკვდრები არ იტანჯებიან; აგრეთვე ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლში კი არ იწვიან ან ზეცაში ანგელოზებად კი არ არიან წაყვანილნი, არამედ მკვდრები, ოუენის ჩათვლით, სამარეში არიან მანამ, სანამ მკვდრეთით აღდგენის შედეგად კვლავ გაცოცხლდებიან (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4).

      უბედურება დაატყდა თავს თქვენს ოჯახს? ოუენის მამის მსგავსად, გაინტერესებთ სად იმყოფებიან თქვენთვის საყვარელი გარდაცვლილები და გსურთ იცოდეთ, გაქვთ თუ არა მათი კვლავ ნახვის შესაძლებლობა? თუ დიახ, გირჩევთ ნახოთ, კიდევ რას გვასწავლის ბიბლია მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. შეიძლება გაინტერესებთ: „როდის მოხდება მკვდრეთით აღდგომა? და ვინ იქნება აღდგენილი?“ გთხოვთ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები, სადაც განხილულია ეს და სხვა საკითხები.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, გვერდები 150—154 (ინგლ.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზე
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
    • აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზე

      „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

      1. როგორ იქცა მკვდრეთით აღდგომა საკამათო საკითხად სინედრიონში?

      მოციქული პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის ბოლო პერიოდში, ახ. წ. 56 წელს, იერუსალიმში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც რომაელებმა დააპატიმრეს, მას ნება დართეს, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე წარმდგარიყო (საქმეები 22:29, 30). პავლემ შენიშნა, რომ სინედრიონის წევრებს შორის სადუკეველებიც იყვნენ და ფარისევლებიც. ამ ორ რელიგიურ მიმდინარეობას განსხვავებული შეხედულება ჰქონდა; ფარისევლებს სწამდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, სადუკეველებს კი — არა. ამ საკითხთან დაკავშირებით პავლემ თავისი რწმენა მტკიცედ გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“. პავლეს ნათქვამმა სინედრიონში უთანხმოება გამოიწვია (საქმეები 23:6—9).

      2. რატომ იყო პავლე მზად, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი?

      2 წლებით ადრე დამასკოსკენ მიმავალ პავლეს ხილვაში იესოს ხმა მოესმა. მოციქულმა მას ჰკითხა: „როგორ მოვიქცე, უფალო?“. იესომ უპასუხა: „ადექი, წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი, რის გაკეთებაც გევალება“. როდესაც დამასკოში ჩავიდა, ის ქრისტიანმა მოწაფემ ანანიამ იპოვა და მას დახმარება აღმოუჩინა. შემდეგ კი უთხრა: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აგირჩია, რომ მისი ნება-სურვილი შეგეცნო და დაგენახა ის [მკვდრეთით აღმდგარი იესო], ვინც მართალია, და მისი პირიდან მოგესმინა ხმა“ (საქმეები 22:6—16). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პავლე მზად იყო, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი (1 პეტრე 3:15).

      აღდგომის იმედის შესახებ საჯაროდ გაცხადება

      3, 4. როგორ დაიცვა პავლემ აღდგომასთან დაკავშირებული თავისი რწმენა და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?

      3 მოგვიანებით პავლე გამგებელ ფელიქსის წინაშე წარსდგა. „ორატორმა“ ტერტულუსმა, რომელიც ესწრებოდა პავლეს წინააღმდეგ ებრაელების საჩივრის განხილვას, მას სექტის წინამძღოლობაში და ხალხის ამბოხებისკენ წაქეზებაში დასდო ბრალი. პავლემ მტკიცედ განაცხადა: «ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას „სექტას“ უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას». შემდეგ ძირითად საკამათო საკითხს შეეხო და თქვა: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 23:23, 24; 24:1—8, 14, 15).

      4 დაახლოებით ორი წლის შემდეგ პორციუს ფესტუსმა, რომელმაც ფელიქსი შეცვალა, მეფე ჰეროდე აგრიპა პავლეს დაკითხვაზე მიიწვია. ფესტუსმა განმარტა, რომ ბრალმდებლები არ იზიარებდნენ პავლეს მტკიცებას, ‘მკვდარი იესო ცოცხალიაო’. თავის დაცვის მიზნით პავლემ მათ ჰკითხა: „რატომ არ გჯერათ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?“. შემდეგ კი თქვა: „ღვთის შეწევნით, დღემდე ვუმოწმებ დიდსა თუ პატარას და არაფერს ვლაპარაკობ იმაზე მეტს, რაც წინასწარმეტყველებმა და მოსემ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო: რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა, პირველი უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით და სინათლე ეუწყებინა როგორც ამ ხალხისთვის, ისე უცხოტომელებისთვის“ (საქმეები 24:27; 25:13—22; 26:8, 22, 23). მართლაც, რა ერთგულად იცავდა პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას! პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ, რა რეაქციას უნდა ველოდეთ? შესაძლოა ისეთივეს, როგორსაც პავლე შეხვდა.

      5, 6. ა) როგორ რეაქციას ხვდებოდნენ მოციქულები, როდესაც აღდგომის შესახებ სწავლებას იცავდნენ? ბ) რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც აღდგომის იმედს სხვებს ვუზიარებთ?

      5 განვიხილოთ, რა მოხდა უფრო ადრე, დაახლოებით ახ. წ. 49—52  წლებში, ათენში პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს. მათ, რომლებიც ბევრ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, პავლე არწმუნებდა და მოუწოდებდა, ყურადღება გადაეტანათ ღვთის განზრახვაზე, რომლის თანახმადაც ის სიმართლით გაასამართლებდა მსოფლიოს დანიშნული კაცის მეშვეობით. ვინ იქნებოდა ეს კაცი, თუ არა იესო! პავლეს განმარტებით, ღმერთი ამის გარანტიას იმით იძლევა, რომ მან იესო მკვდრეთით აღადგინა. როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს? ჩვენ ვკითხულობთ: «როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო, ზოგი კი ამბობდა: „ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთ“» (საქმეები 17:29—32).

      6 ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ პეტრე და იოანეც მსგავს რეაქციას წააწყდნენ. ამჯერადაც სადუკეველებმა წამოიწყეს კამათი მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. საქმეების 4:1—4 მოგვითხრობს, თუ რა მოხდა: „როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ უფროსი მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველები, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმის გამო, რომ მოციქულები ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას“. თუმცა იქ მყოფთაგან ბევრი დადებითად გამოეხმაურა ამ სწავლებას. „მათგან კი, ვინც სიტყვა მოისმინა, მრავალმა ირწმუნა და მათი რიცხვი ხუთი ათასამდე გაიზარდა“. როგორც ვხედავთ, აღდგომის იმედზე საუბრისას შეიძლება სხვადასხვა რეაქციას ველოდოთ. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გავიძლიეროთ ამ სწავლების შესახებ რწმენა.

      რწმენა და აღდგომა

      7, 8. ა) რა შემთხვევაში შეიძლება რწმენა ამაოება იყოს, როგორც ეს კორინთის კრებისადმი მიწერილ წერილშია ნაჩვენები? ბ)  როგორ განასხვავებს აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან?

      7 ახ. წ. I საუკუნეში ვინც ქრისტიანი გახდა, ყველამ ადვილად ვერ მიიღო აღდგომის შესახებ სწავლება. მაგალითად, ზოგს კორინთის კრებაში გაუჭირდა ამ სწავლების დაჯერება. მათ პავლემ მისწერა: „უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად, და დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად“. ამ სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად პავლემ აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას“; მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (1 კორინთელები 15:3—8). შემდეგ მოციქულმა განაგრძო: „თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“ (1 კორინთელები 15:12—14).

      8 მართლაცდა, მკვდრეთით აღდგომა ძირითადი სწავლებაა და ამ იმედის გარეშე ქრისტიანული რწმენა ამაოებაა. სინამდვილეში, აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან განასხვავებს (დაბადება 3:4; ეზეკიელი 18:4). ამგვარად, პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას ქრისტიანობის „სწავლების საწყისად“ მოიხსენიებდა. მოდი მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“. „ამას გავაკეთებთ, — მოგვიწოდებს პავლე, — თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს“ (ებრაელები 6:1—3).

      აღდგომის იმედი

      9, 10. რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც აღდგომის შესახებ ამახვილებს ყურადღებას?

      9 იმისათვის, რომ გავიძლიეროთ მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა, განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც მკვდრეთით აღდგომაზე ამახვილებს ყურადღებას? როგორ ვლინდება ამ სწავლებით კაცობრიობისადმი იეჰოვას სიყვარული? ამ კითხვებზე პასუხი ღმერთთან უფრო დაგვაახლოვებს და დაგვეხმარება, სხვებსაც ვაუწყოთ ამ იმედის შესახებ (2 ტიმოთე 2:2; იაკობი 4:8).

      10 ბერძნულიდან ნათარგმნი სიტყვა „აღდგომა“ სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. რას გულისხმობს ეს გამოთქმა? ბიბლიის თანახმად, აღდგომის იმედი იმაში დარწმუნებაა, რომ მკვდარი ადამიანი კვლავ იცოცხლებს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ მკვდარი აღდგება ხორციელი ან სულიერი სხეულით. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს მას თუ ზეცაში. ჩვენ აღტაცებაში მოვყავართ იეჰოვას სიყვარულს, სიბრძნესა და ძალას, რაც აღდგომასთან დაკავშირებულ ამ საუცხოო იმედში ვლინდება.

      11. რა ელოდებათ აღდგომის შემდეგ ღვთის ცხებულ მსახურებს?

      11 აღდგომის შემდეგ იესომ სულიერი სხეული მიიღო; ასე ხდება სულით ცხებული ძმების შემთხვევაშიც, რაც მათ ზეცაში მსახურების შესაძლებლობას აძლევს (1 კორინთელები 15:35—38, 42—53). ისინი იესოსთან ერთად მესიანური სამეფოს მმართველებად იმსახურებენ და დედამიწაზე სამოთხისთვის აუცილებელ პირობებს შექმნიან. მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით ცხებულები ღვთის სამეფოში მღვდლებადაც იმსახურებენ. ისინი იზრუნებენ, რომ ადამიანებმა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ისარგებლონ იმ კურთხევებით, რომლებიც ღვთის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში იარსებებს (ებრაელები 7:25, 26; 9:24; 1 პეტრე 2:9; გამოცხადება 22:1, 2). ის ცხებულები კი, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ მიწიერი სიცოცხლე, ყველანაირად ცდილობენ, ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგომის საშუალებით „საზღაურს“ — ზეცაში სულიერ სიცოცხლეს — მიიღებენ (2 კორინთელები 5:1—3, 6—8, 10; 1 კორინთელები 15:51, 52; გამოცხადება 14:13). „თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით, — წერს პავლე, — მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით“ (რომაელები 6:5). მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მათზე, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან? როგორ შეუძლია აღდგომის იმედს უფრო დაახლოვოს ისინი ღმერთთან? აბრაამის მაგალითიდან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია.

      აღდგომა და იეჰოვასთან მეგობრობა

      12, 13. რა საფუძველი ჰქონდა აბრაამს, რომ ერწმუნა აღდგომა?

      12 აბრაამს, რომელსაც „იეჰოვას მეგობარი“ ეწოდა, ძლიერი რწმენა ჰქონდა (იაკობი 2:23). როდესაც პავლემ „ებრაელების“ მე-11 თავში ერთგული მამაკაცები და ქალები მოიხსენია, აბრაამის რწმენაზე სამჯერ გაამახვილა ყურადღება (ებრაელები 11:8, 9, 17). მესამედ ის შემთხვევა მოიხსენია, როდესაც აბრაამი მორჩილად სწირავდა თავის ძეს, ისაკს, მსხვერპლად. აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ ისაკის მეშვეობით იეჰოვა აუცილებლად შეასრულებდა შთამომავლობასთან დაკავშირებულ აღთქმას. ისაკი რომც მომკვდარიყო, აბრაამს „მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი“.

      13 როდესაც იეჰოვამ აბრაამის ძლიერი რწმენა დაინახა, ისაკის ნაცვლად, ცხოველი შეაწირვინა მსხვერპლად. და მაინც, ისაკის შემთხვევა აღდგომის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან პავლემ განმარტა: „დაიბრუნა კიდეც [აბრაამმა] სიკვდილიდან [ისაკი] და ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“ (ებრაელები 11:19). გარდა ამისა, აბრაამს მანამდე ჰქონდა იმის საფუძველი, რომ ერწმუნა აღდგომა. განა იეჰოვამ არ აღუდგინა აბრაამს განაყოფიერების უნარი, რომ ხანდაზმულობის ასაკში მას და სარას შვილი გასჩენოდათ? (დაბადება 18:10—14; 21:1—3; რომაელები 4:19—21).

      14. ა) ებრაელების 11:9, 10-ის თანახმად, რას ელოდა აბრაამი? ბ) როგორ მიიღებს აბრაამი კურთხევებს ახალ ქვეყნიერებაში? გ) ჩვენ როგორ მივიღებთ სამეფოს კურთხევებს?

      14 პავლე აბრაამს მოიხსენიებს, როგორც უცხოელს და კარავში მცხოვრებს, რომელიც „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრაელები 11:9, 10). პირდაპირი მნიშვნელობით ეს იერუსალიმის მსგავსი ქალაქი არ იყო, სადაც ღვთის ტაძარი მდებარეობდა. ეს იყო სიმბოლური ქალაქი — იესო ქრისტესა და მისი თანამმართველებისგან შემდგარი ზეციერი სამეფო. ცხებულებს აგრეთვე ეწოდებათ „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი“ და ქრისტეს „პატარძალი“ (გამოცხადება 21:2). 1914 წელს იეჰოვამ იესო მესიანური სამეფოს ტახტზე აიყვანა და უბრძანა, ებატონა თავის მტრებს შორის (ფსალმუნები 109:1, 2; გამოცხადება 11:15). სამეფოს კურთხევების მისაღებად „იეჰოვას მეგობარი“ აბრაამი მკვდრეთით უნდა აღდგეს. ჩვენც მივიღებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში სამეფოს მეშვეობით კურთხევებს — იმისგან დამოუკიდებლად, უამრავ ხალხთან ერთად გადავიტანთ არმაგედონს, თუ მათ შორის ვიქნებით, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან (გამოცხადება 7:9, 14). და მაინც, რა საფუძველი არსებობს აღდგომის იმედისთვის?

      ღვთის სიყვარული აღდგომის იმედის საფუძველია

      15, 16. ა) აღდგომის იმედის როგორ საფუძველს გვაძლევს ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება? ბ) როგორ გვაახლოებს აღდგომის იმედი იეჰოვასთან?

      15 ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა, ისეთივე ძლიერი რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა და ღვთის მცნებებისადმი მორჩილება, იეჰოვას საშუალებას აძლევს — მართლებად გვაღიაროს და თავისი მეგობრები გვიწოდოს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, სამეფოს კურთხევებით ვისარგებლოთ. მართლაცდა, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება აღდგომის იმედისა და ღმერთთან მეგობრობის საფუძველს გვაძლევს. ის არა მარტო სატანის თავის გაჭეჭყვაზე წინასწარმეტყველებდა, არამედ იმაზეც, რომ „დედაკაცის თესლი“ ქუსლში დაიჭრებოდა. იესოს ბოძზე სიკვდილი ქუსლზე ჭრილობის მიყენებას ნიშნავდა. მკვდრეთით აღდგომის შედეგად იესო ამ ჭრილობისგან განიკურნა და შესაძლებლობა მიეცა, გადამწყვეტი ზომები მიეღო მის წინააღმდეგ, „ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკის“ წინააღმდეგ (ებრაელები 2:14).

      16 პავლე შეგვახსენებს: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). ჩვენ მადლიერები ვართ ღვთის წყალობისთვის, რაც უფრო გვაახლოებს იესოსთან და საყვარელ ზეციერ მამასთან (2 კორინთელები 5:14, 15).

      17. ა) რისი იმედი ჰქონდა იობს? ბ) რას ვიგებთ იობის 14:15-ში იეჰოვას შესახებ და შენ რა გრძნობა გეუფლება, როცა ამ სიტყვებს კითხულობ?

      17 იობსაც, ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურსაც, ჰქონდა აღდგომის იმედი. ის ძალიან იტანჯებოდა იმ გამოცდების გამო, რომლებიც სატანამ მოუწყო. იობი, თავისი თვალთმაქცი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებსაც არასოდეს მოუხსენიებიათ აღდგომა, ამ იმედით ინუგეშებდა თავს. მან კითხვა დასვა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“. და თავადვე უპასუხა: «ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე [„სანამ შვება მოვიდოდეს“, აქ]». შემდეგ მან იეჰოვას მიმართა და თქვა: „დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი“. ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის გრძნობების შესახებ იობმა აღნიშნა: „შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15, სსგ). დიახ, იეჰოვა მოუთმენლად ელის დროს, როცა მისი ერთგული მსახურები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს. რამდენად გვაახლოვებს შემოქმედთან იმაზე დაფიქრება, რომ ის ჩვენდამი —არასრულყოფილი ადამიანებისადმი — სიყვარულსა და წყალობას ავლენს (რომაელები 5:21; იაკობი 4:8).

      18, 19. ა) რა ელოდა დანიელს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში.

      18 ღვთის ანგელოზმა წინასწარმეტყველ დანიელს „სასურველი კაცი“ უწოდა, რომელიც ღმერთს დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა (დანიელი 10:11, 19). დანიელმა მაშინაც კი შეინარჩუნა ერთგულება, როდესაც ძვ. წ. 617 წელს ბაბილონში გადაასახლეს და ის სიკვდილამდე ემსახურებოდა ღმერთს. მან ძვ. წ. 536 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის მესამე წელს ხილვა მიიღო (დანიელი 1:1; 10:1). დაახლოებით ამავე პერიოდში დანიელმა იხილა, თუ როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს მსოფლიო მპყრობელები, რაც მოახლოებულ დიდ გასაჭირში დასრულდებოდა (დანიელი 11:1—12:13). ვინაიდან დანიელმა ვერ გაიგო ამ ხილვის მნიშვნელობა, ანგელოზს ჰკითხა: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?“. ანგელოზმა მას ყურადღება გაუმახვილა „ბოლო ჟამზე“, როდესაც ამ ყოველივეს ‘გონიერნი მიხვდებოდნენ’ (სსგ). რა ელოდა თავად დანიელს? ანგელოზმა შეატყობინა: „განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა აღსასრულისას“ (დანიელი 12:8—10, 13). დანიელი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, „მართალთა აღდგომისას“ აღდგება (ლუკა 14:14).

      19 ჩვენ ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისთან დღეს უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ჭეშმარიტება გავიგეთ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვიქნებით ახალ ქვეყნიერებაში, სადაც შევხვდებით აბრაამს, იობს, დანიელს და ღვთის სხვა ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?“ ჩვენ ვიქნებით იქ, თუ შევინარჩუნებთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას და დავიცავთ მის მცნებებს. შემდეგ სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ აღდგომის იმედს და გავიგებთ, თუ ვინ აღდგება.

  • ვინ აღდგება?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
    • ვინ აღდგება?

      „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

      1. რა მნიშვნელოვანი სიტყვები მოისმინა მოსემ ცეცხლმოდებული ბუჩქიდან და ვინ გაიმეორა ისინი მოგვიანებით?

      სამი ათას ხუთას წელზე მეტი ხნის წინათ ძალიან უჩვეულო რამ მოხდა. როდესაც მოსე პატრიარქ ითროს ცხვარს მწყემსავდა, ხორების მთასთან, ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში, იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა. მან დაინახა: „მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის“. შემდეგ ბუჩქიდან მოსეს ხმა შემოესმა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა“ (გამოსვლა 3:1—6). ახ. წ. I საუკუნეში ეს სიტყვები ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, გაიმეორა.

      2, 3. ა) როგორი მომავალი ელით აბრაამს, ისაკსა და იაკობს? ბ) რა კითხვები წამოიჭრება?

      2 როდესაც იესო ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, განაცხადა: «მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის შესახებ დაწერა — მან იეჰოვას „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ უწოდა. ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან» (ლუკა 20:27, 37, 38). ამით იესომ დაადასტურა, რომ დიდი ხნის მკვდარი აბრაამი, ისაკი და იაკობი ღვთის მეხსიერებაში ცოცხლები იყვნენ. იობის მსგავსად, ისინი „მაშვრალობის დღეების“ დასრულებას ანუ აღდგომას ელოდნენ (იობი 14:14, სსგ). ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგებიან.

      3 რა შეიძლება ითქვას კაცობრიობის არსებობის მანძილზე დაღუპულ მილიარდობით ადამიანზე, ისინიც აღდგებიან? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები. ამაში ღვთის სიტყვა დაგვეხმარება.

      სად იმყოფებიან მკვდრები?

      4. ა) სად იმყოფებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ? ბ) რა არის შეოლი?

      4 ბიბლია ამბობს, რომ „მკვდრებმა არაფერი არ იციან“. სიკვდილის შემდეგ ადამიანი არც ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯება და არც განსაწმენდელში. ის უბრალოდ მტვერს უბრუნდება. ამიტომ ღვთის სიტყვა ადამიანებს ურჩევს: „ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე, რადგან არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში, სადაც შენ მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10; დაბადება 3:19). შავეთი ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან „შეოლი“, რომლის წარმოშობაც უცნობია. ბევრი რელიგია ასწავლის, რომ მკვდრები სადღაც განაგრძობენ სიცოცხლეს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ბიბლია კი ამბობს, რომ შეოლში მკვდრები არიან და ისინი ვერაფერს გრძნობენ. შეოლი საერთო საკაცობრიო სამარეა.

      5, 6. სად წავიდა იაკობი სიკვდილის შემდეგ და ვის შეუერთდა?

      5 ბიბლიაში სიტყვა „შეოლი“ პირველად დაბადების 37:35-ში გვხვდება. როდესაც პატრიარქმა იაკობმა თავისი საყვარელი ვაჟის, იოსების, დაღუპვის ამბავი შეიტყო, არ სურდა ნუგეშისცემა და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში [შეოლში]!“. რადგან იაკობს თავისი ძე მკვდარი ეგონა, შეოლში მოხვედრა ანუ სიკვდილი ინატრა. მოგვიანებით, შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ იაკობის ცხრა ვაჟს სურდა, უმცროსი ძმა, ბენიამინი, ეგვიპტეში წაეყვანა. იაკობი არ თანხმდებოდა: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში [შეოლში]“ (დაბადება 42:36, 38). ბიბლიის ამ ორივე მონაკვეთში საუბარია სიკვდილზე და არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე.

      6 ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვგებულობთ, რომ ეგვიპტეში იოსები საკვების განაწილებას ზედამხედველობდა. მრავალი წლის შემდეგ იაკობმა შეძლო ეგვიპტეში ჩასვლა და იოსების ნახვა. იაკობი სიკვდილამდე ეგვიპტეში დარჩა საცხოვრებლად. ის 147 წლის ასაკში, ღრმად მოხუცებული, გარდაიცვალა. მისმა ვაჟებმა იაკობი, მისივე სურვილისამებრ, ქანაანის მიწაზე, მაქფელას მღვიმეში დამარხეს (დაბადება 47:28; 49:29—31; 50:12, 13). ასეთი სახით, იაკობი თავის მამას ისაკს და პაპას აბრაამს შეუერთდა.

      წინაპრებს შეუერთდნენ

      7, 8. ა) სად წავიდა აბრაამი სიკვდილის შემდეგ? ახსენით. ბ) საიდან ვიცით, რომ სიკვდილის შემდეგ სხვებიც შეოლში წავიდნენ?

      7 როდესაც იეჰოვამ აბრაამთან შეთანხმება დადო და აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობა ურიცხვი გახდებოდა, ისიც უთხრა, თავად მას რა ელოდა. „შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები“ (დაბადება 15:15). ეს ასეც მოხდა. დაბადების 25:8-ში (სსგ) ვკითხულობთ: „მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს“. ვინ იყო მისი ხალხი? დაბადების 11:10—26-ში მოხსენიებულია ნოეს ვაჟის, სემიდან, დაწყებული აბრაამის წინაპრები. ასე რომ, სიკვდილისას აბრაამი შეერთო ანუ შეუერთდა თავის წინაპრებს, რომლებიც შეოლში იყვნენ.

      8 გამოთქმა „შეერთო თავის ხალხს“ ებრაულ წერილებში ხშირად გვხვდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ აბრაამის ვაჟი ისმაელი და მოსეს ძმა აარონი სიკვდილის შემდეგ შეოლში წავიდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (დაბადება 25:17; რიცხვნი 20:23—29). მოსეც შეოლში წავიდა, თუმცა არავინ იცოდა, სად იყო მისი საფლავი (რიცხვნი 27:13; მეორე რჯული 34:5, 6). მსგავსადვე, იესო ნავეს ძე, რომელიც მოსეს შემდეგ ისრაელის წინამძღოლი გახდა, და მთელი მისი თაობა სიკვდილის შემდეგ შეოლში წავიდნენ (მსაჯულთა 2:8—10).

      9. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ ებრაული სიტყვა „შეოლი“ და ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ ერთსა და იმავე ადგილს ნიშნავს? ბ) რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებიც შეოლში ანუ ჰადესში იმყოფებიან?

      9 ამ ამბიდან საუკუნეების შემდეგ დავითი ისრაელის 12 ტომის მეფე გახდა. მოკვდა დავითი და ‘განისვენა თავის მამებთან’ (3 მეფეთა 2:10). დავითიც შეოლში წავიდა. საინტერესოა, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პავლემ დავითის სიკვდილი ახსენა და ფსალმუნების 15:10-დან მოიყვანა ციტატა: „შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს [შეოლს]“. მას შემდეგ, რაც პეტრემ აღნიშნა, რომ დავითი ჯერაც სამარხში იყო, ეს წინასწარმეტყველება იესოს დაუკავშირა. პეტრემ განმარტა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც ჰადესში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი ხორცი გაიხრწნებოდა. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ყველა ვართ“ (საქმეები 2:29—32). პეტრემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ჰადესი“, რომელსაც ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ებრაულ სიტყვა „შეოლს“. ამგვარად, ჰადესსა და შეოლში მყოფნი ერთნაირ მდგომარეობაში არიან. მათ სიკვდილის ძილით სძინავთ, მაგრამ აღდგებიან.

      უმართლოებიც შეოლში არიან?

      10, 11. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმართლოები სიკვდილისას შეოლში ანუ ჰადესში მიდიან?

      10 მას შემდეგ, რაც მოსემ ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ზოგი მათგანი აუჯანყდა მას უდაბნოში. მოსემ მთელ ერს უთხრა, რომ ვინც ამბოხების წამომწყებთა — კორახის, დათანისა და აბირამის — მხარეს იყო, ცალკე დამდგარიყო. მათ საშინელი სიკვდილი ელოდათ. მოსემ განაცხადა: „თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში [შეოლში], მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი“ (რიცხვნი 16:29, 30). ასე რომ, იმისგან დამოუკიდებლად, მიწამ შთანთქა მეამბოხეები თუ ცეცხლმა, კორახი და მისი თანამოაზრე 50 ლევიანი შეოლში ანუ ჰადესში მოხვდნენ (რიცხვნი 26:10).

      11 შიმყი, რომელიც მეფე დავითს წყევლიდა, სოლომონმა დასაჯა. დავითმა სოლომონს უთხრა: „ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში [შეოლში]“. სოლომონმა ბენაიას უბრძანა, რომ შიმყისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანა (3 მეფეთა 2:8, 9, 44—46). კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც ბენაიამ სიცოცხლეს გამოასალმა, ისრაელის ლაშქრის ყოფილი სარდალი, იოაბი, იყო. მისი ჭაღარა ‘მშვიდობით არ ჩასულა შეოლში’ (3 მეფეთა 2:5, 6, 28—34). ეს ორი შემთხვევა ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტებას: „დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს [შეოლს], ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი“ (ფსალმუნები 9:18).

      12. ვინ იყო ახითოფელი და სად წავიდა სიკვდილის შემდეგ?

      12 ახითოფელი დავითის პირადი მრჩეველი იყო. დავითი მის რჩევებს ისე ღებულობდა, თითქოს იეჰოვა აძლევდა (2 მეფეთა 16:23). სამწუხაროდ, ეს სანდო მსახური მოღალატე გახდა და დავითის ძეს, აბესალომს, შეუერთდა ამბოხებაში. როგორც ჩანს, დავითი ამ ღალატს გულისხმობდა, როცა ამბობდა: „ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის — იმას ავიტანდი —; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე — მას დავემალებოდი“. შემდეგ დავითი აგრძელებს: „დაატყდეთ მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში [შეოლში], რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში“ (ფსალმუნები 54:13—16). ახითოფელი და მისი თანამზრახველები შეოლში წავიდნენ.

      ვინ იმყოფება გეენაში?

      13. რატომ ეწოდა იუდას „დაღუპვის ძე“?

      13 ახლა დავითის შემთხვევა შევადაროთ დიდი დავითის — იესოს — შემთხვევას. თორმეტი მოციქულიდან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა, ისევე უღალატა იესოს, როგორც ახითოფელმა დავითს. მაგრამ იუდას ვერაგული საქციელი გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე ახითოფელის. იუდამ ღვთის მხოლოდშობილი ძე გასცა. მიწიერი სიცოცხლის დასასრულს ღვთის ძემ ლოცვაში თავისი მიმდევრები მოიხსენია: „როცა მათთან ვიყავი, ვზრუნავდი მათზე შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის გარდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი“ (იოანე 17:12). აქ იესო იუდას „დაღუპვის ძეს“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს, რომ მისთვის აღდგომის იმედი არ არსებობს. ის აღარ ცოცხლობს ღვთის მეხსიერებაში. ის შეოლში არ წასულა. იუდა გეენაში წავიდა. რა არის გეენა?

      14. რას ნიშნავს გეენა?

      14 იესომ ამხილა თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები, რადგან მათ თავიანთი მოწაფეები „გეენის კერძად“ აქციეს (მათე 23:15). იმდროინდელი ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი ჰიმონის ველი, ნაგავსაყრელი, სადაც სიკვდილმისჯილ დამნაშავეთა გვამებს ყრიდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ისინი ნორმალური დამარხვის ღირსნი არ იყვნენ. მანამდე, მთაზე ქადაგებისას იესომ თავად მოიხსენია გეენა (მათე 5:29, 30). გეენის სიმბოლური მნიშვნელობა კარგად ესმოდათ მის მსმენელებს. გეენა სამუდამო განადგურებას ნიშნავს აღდგომის იმედის გარეშე. იუდა ისკარიოტელის გარდა კიდევ ვინმე წავიდა სიკვდილის შემდეგ გეენაში?

      15, 16. ვინ წავიდა სიკვდილის შემდეგ გეენაში და რატომ?

      15 პირველი ადამიანები, ადამი და ევა, სრულყოფილები იყვნენ. მათ განზრახ შესცოდეს. ისინი არჩევნის წინაშე იდგნენ: მარადიული სიცოცხლე ან სიკვდილი. ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და სატანის მხარე დაიკავეს. ადამი და ევა ვერ მიიღებენ სარგებლობას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან. ისინი გეენაში წავიდნენ.

      16 ადამის პირველმა შვილმა, კაენმა, თავისი ძმა, აბელი, მოკლა, რის შემდეგაც განდევნილივით ცხოვრობდა. მოციქულმა იოანემ თქვა, რომ კაენი „ბოროტისგან იყო“ (1 იოანე 3:12). გონივრულია დავასკვნათ, რომ მშობლების მსგავსად, კაენიც გეენაში მოხვდა (მათე 23:33, 35). ამის საპირისპიროდ, აბელის მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. „რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო — ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენზე“. შემდეგ პავლე ამატებს: „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს რწმენის მეშვეობით“ (ებრაელები 11:4). დიახ, აბელი შეოლშია და აღდგება.

      „პირველი“ და „უკეთესი“ აღდგომა

      17. ა) ვინ ხვდება შეოლში უკანასკნელ დღეებში? ბ) რა იმედი არსებობს შეოლში მყოფთათვის და რა იმედი — გეენაში მყოფთათვის?

      17 ბევრს დააინტერესებს, რა ელით მათ, რომლებიც უკანასკნელ დღეებში იხოცებიან (დანიელი 8:19). გამოცხადების მე-6 თავი აღწერს ოთხ მხედარს. საინტერესოა, რომ მეოთხე მხედარს სიკვდილი ჰქვია და მას ჰადესი მოჰყვება. ამგვარად, ბევრი, რომლებიც ამ მხედრების მოქმედების შედეგად იხოცებიან, ჰადესში ხვდებიან. ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგებიან (გამოცხადების 6:8). მაშ, რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებიც შეოლში ანუ ჰადესში არიან და რა იმედი — გეენაში მყოფთათვის? მოკლედ რომ ვთქვათ, შეოლში (ჰადესში) მყოფთათვის — აღდგომა, ხოლო გეენაში მყოფთათვის — მარადიული განადგურება ანუ არარსებობა.

      18. რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებსაც „პირველი აღდგომა“ შეეხებათ?

      18 მოციქულმა იოანემ დაწერა: „ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“. ისინი, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმეფებენ, პირველნი იქნებიან აღმდგართა შორის. მაგრამ რა იმედი არსებობს დანარჩენი ადამიანებისთვის? (გამოცხადება 20:6).

      19. ვინ ისარგებლებს „უკეთესი აღდგომით“?

      19 ღვთის მსახურების, ელიასა და ელისეს, დღეებიდან მოყოლებული სასწაულებრივი აღდგომის მეშვეობით ადამიანებს სიცოცხლე უბრუნდებოდათ. „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ, — გვიყვება პავლე. — ზოგს აწამებდნენ, რადგან უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“. დიახ, ეს ერთგული, უმწიკვლო ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ ისეთ აღდგომას, რომელიც მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანდა და არა დროებითს. ეს, მართლაც, „უკეთესი აღდგომა“ იქნება! (ებრაელთა 11:35).

      20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      20 თუ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე დავიხოცებით და ღვთისადმი ერთგულებას ბოლომდე შევინარჩუნებთ, „უკეთესი აღდგომის“ მტკიცე იმედი გვექნება. ეს აღდგომა უკეთესი იმ გაგებით არის, რომ მის შედეგად მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ. იესომ აღგვითქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ რა მიზნით აღდგებიან მკვდრები. მასში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ გვეხმარება აღდგომის იმედი უმწიკვლობის შენარჩუნებასა და თავგანწირვის სულისკვეთების განვითარებაში.

  • აღდგომის იმედი — რას ნიშნავს ის შენთვის?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
    • აღდგომის იმედი — რას ნიშნავს ის შენთვის?

      «აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს [„ყოველი ცოცხალი არსების სურვილს,“ აქ]» (ფსალმუნები 144:16).

      1—3. რა იმედი აქვს ზოგს მომავალთან დაკავშირებით? მოიყვანეთ მაგალითი.

      ერთხელ ცხრა წლის ქრისტოფერი და მისი უფროსი ძმა დეიდასთან, ბიძასთან და ორ დეიდაშვილთან ერთად კარდაკარ ქადაგებდნენ მანჩესტერთან (დიდი ბრიტანეთი) ახლოს. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ში მოთხრობილია, თუ რა მოხდა შემდგომ: «ნაშუადღევს ისინი ერთად გაემგზავრნენ საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად ახლომდებარე ზღვისპირა კურორტზე, ბლეკპულში. მოულოდნელად 12 ადამიანი, მათ შორის ზემოთ მოხსენიებული ექვსივე ქრისტიანი, ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა. ამ შემზარავ მოვლენას პოლიციამ „აბსოლუტური ჰოლოკოსტი“ უწოდა».

      2 წინა საღამოს, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ქრისტოფერის ოჯახი წიგნის შესწავლას დაესწრო, რომელზეც სიკვდილთან დაკავშირებული თემა განიხილებოდა. «ქრისტოფერი ჭკვიანი ბავშვი იყო, — ჰყვება მამამისი. — იმ საღამოს ის საკმაოდ დამაჯერებლად ლაპარაკობდა ახალ ქვეყნიერებასა და მომავლის იმედზე. განხილვის დროს ქრისტოფერმა მოულოდნელად თქვა: „მართალია, სიკვდილს ტკივილი მოაქვს, მაგრამ დიდი ნუგეშია, იყო იეჰოვას მოწმე, რადგან ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს დედამიწაზე“. იქ დამსწრეთაგან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ეს სიტყვები ღრმად ჩაგვებეჭდებოდა გონებაში»a.

      3 1940 წელს, ავსტრიელ მოწმეს, ფრენცს, სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, რადგან უარი არ თქვა იეჰოვას მსახურებაზე. გამოტანილი განაჩენის თანახმად, ფრენცისთვის თავი უნდა მოეკვეთათ. მან ბერლინის ციხიდან დედას წერილი მისწერა: „თუ ფიცს დავდებდი და სამხედრო სამსახურზე უარს არ ვიტყოდი, ბიბლიური ცოდნის თანახმად, სასიკვდილო ცოდვას ჩავიდენდი. ეს კი ღალატში ჩამეთვლებოდა და არასდროს აღვდგებოდი . . . დღეს, ჩემო საყვარელო დედა, და–ძმებო, განაჩენი გამომიტანეს — სიკვდილი. ძალიან არ იდარდოთ! განაჩენს ხვალ დილით მოიყვანენ სისრულეში. ვგრძნობ, რომ ამ წუთებში იეჰოვა ისე მაძლიერებს, როგორც წარსულში ჭეშმარიტ ქრისტიანებს აძლიერებდა . . . თუ თქვენც სიკვდილამდე სიმტკიცეს შეინარჩუნებთ, აღდგომისას კვლავ შევხვდებით ერთმანეთს . . . მომავალ შეხვედრამდე“b.

      4. როგორ იმოქმედა ამ ორმა შემთხვევამ შენზე და რა საკითხებს განვიხილავთ?

      4 აღდგომის იმედს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტოფერისა და ფრენცისთვის. ეს იმედი მათთვის რეალური იყო. უეჭველია, ეს ორი შემთხვევა ღრმად შეეხო ჩვენს გულს! იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა რომ გაგვიღრმავდეს და აღდგომის იმედი ჩვენთვის უფრო რეალური გახდეს, განვიხილოთ, რატომ უნდა აღდგნენ მკვდრები და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ პირადად ჩვენზე.

      ხილვა დედამიწაზე აღდგომის შესახებ

      5, 6. რას გვიმჟღავნებს გამოცხადების 20:12, 13–ში იოანე მოციქულის მიერ ჩაწერილი ხილვა?

      5 იოანე მოციქულმა იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდის შესახებ ხილვაში მკვდრეთით აღდგომა იხილა. „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, — გვაუწყებს ის. — ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:12, 13). ისინი, ვინც ჰადესში (შეოლში) ანუ საერთო საკაცობრიო სამარეში იმყოფებიან, იმისდა მიუხედავად, თუ რა მდგომარეობა ეკავათ სიცოცხლეში — „დიდები“ იყვნენ თუ „პატარები“ — აღდგებიან. იმ დროს ზღვაში დაღუპულებიც აღდგებიან. ეს სასწაულებრივი მოვლენაც იეჰოვას განზრახვაა.

      6 ათასწლიანი მეფობა დაიწყება იმით, რომ ქრისტე სატანას შებოჭავს და უფსკრულში ჩააგდებს. იესოს მეფობის დროს სატანა ვერავის შეაცდენს, ვერც აღდგენილებს და ვერც მათ, ვინც დიდ გასაჭირს გადაურჩება, რადგან უმოქმედო მდგომარეობაში იქნება (გამოცხადება 20:1—3). ათასი წელი შეიძლება ხანგრძლივ პერიოდად მოგეჩვენოთ, მაგრამ იეჰოვასთვის ის „ერთი დღეა“ (2 პეტრე 3:8).

      7. რის საფუძველზე გასამართლდებიან ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობისას?

      7 ამ ხილვის თანახმად, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მოეწყობა სასამართლო. იოანე მოციქულმა დაწერა: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ . . . და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12, 13). ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამიანები არ გასამართლდებიან იმ ცოდვების საფუძველზე, რომლებიც სიკვდილამდე ჩაიდინეს (რომაელები 6:7). ნაცვლად ამისა, „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია „გრაგნილები“, რომლებიც მომავალში გაიშლება. ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ გაკეთებული საქმეების საფუძველზე გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა მათი სახელები „სიცოცხლის გრაგნილში“.

      „სიცოცხლის აღდგომისთვის“ ან „სასამართლოს აღდგომისთვის“

      8. რა ელით მკვდრეთით აღდგენილებს?

      8 იოანესთვის მიცემულ ხილვაში იესოზე ნათქვამია, რომ მას აქვს „სიკვდილისა და ჰადესის გასაღებები“ (გამოცხადება 1:18). იესოს, იეჰოვას დანიშნულ „სიცოცხლის მეთაურს“, მიცემული აქვს ძალაუფლება, გაასამართლოს „ცოცხლები და მკვდრები“ (საქმეები 3:15; 2 ტიმოთე 4:1). როგორ გააკეთებს ის ამას? იესო აღადგენს სიკვდილის ძილით მიძინებულებს. „ნუ გაიკვირვებთ ამას, — მიმართა იესომ ხალხს. — რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28—30). მაშ როგორი მომავალი ელით ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?

      9. ა) რას მოეფინება ნათელი მკვდრეთით ადღდგენილებისთვის? ბ) რა უდიდესი საგანმანათლებლო საქმიანობა განხორციელდება იმ პერიოდში?

      9 როდესაც ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანები აღდგებიან, მიხვდებიან, რომ მათი იმედი რეალობად იქცა. რა საინტერესო იქნება მათთვის დაბადების 3:15–ში მოხსენიებული „დედაკაცის თესლის“ ვინაობის გაგება! რა ბედნიერები იქნებიან ისინი, როდესაც გაიგებენ, რომ ეს აღთქმული მესია, იესო, სიკვდილამდე ერთგული დარჩა და საკუთარი სიცოცხლე გაიღო გამომსყიდველურ მსხვერპლად! (მათე 20:28). ისინი, ვინც მკვდრეთით აღდგენილებს შეხვდებიან, დიდი სიხარულით დაეხმარებიან მათ იმის გაგებაში, რომ გამომსყიდველური მსხვერპლი იეჰოვას წყალობისა და გულმოწყალების მაჩვენებელია. როდესაც მკვდრეთით აღდგენილებისთვის ნათელი მოეფინება, თუ როგორ სრულდება სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ნება დედამიწაზე, უდავოა, მათი გულები ღვთისადმი მადლიერებით აივსება. მათ უამრავი შესაძლებლობა ექნებათ, დაუმტკიცონ თავიანთ მოსიყვარულე ზეციერ მამასა და მის ძეს ერთგულება. ყველა იქ მცხოვრები მონაწილეობას მიიღებს უდიდეს საგანმანათლებლო საქმიანობაში; ეს იმისათვის იქნება საჭირო, რომ მკდრეთით აღმდგარმა მილიარდობით ადამიანმა საჭირო ცოდნა მიიღოს და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა გამოავლინოს.

      10, 11. ა) რა გახდება ყველასთვის შესაძლებელი ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?

      10 აღდგენილი აბრაამი უდიდეს სიხარულს იგრძნობს, როდესაც თავად იცხოვრებს იმ „ქალაქის“ მმართველობის ქვეშ, რომლის ხილვაც ასე სწყუროდა (ებრაელები 11:10). რა სასიხარულო იქნება ერთგული იობისთვის იმის გაგება, რომ მისმა ისტორიამ იეჰოვას ბევრი ისეთი მსახური გაამხნევა, რომელთა უმწიკვლობაც გამოიცადა! და რამდენად ძლიერი სურვილი ექნება დანიელს, გაიგოს, თუ როგორ შესრულდა ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა!

      11 სინამდვილეში, ყველანი, რომლებიც სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ — არმაგედონს გადაიტანენ თუ მკვდრეთით აღდგებიან — ბევრს გაიგებენ დედამიწასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვის შესახებ. უსასრულოდ ცხოვრება, რაც იეჰოვას მარადიულად განდიდების შესაძლებლობას მოგვცემს, ნამდვილად სასიამოვნოს გახდის ათასწლიან საგანმანათლებლო პროგრამას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, ვიცხოვრებთ თუ არა გრაგნილებში ჩაწერილის თანახმად. გამოვიყენებთ ცხოვრებაში ნასწავლს? ვიფიქრებთ და გულთან ახლოს მივიტანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ძალებს მოგვცემს, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის საბოლოო მცდელობას, ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტებას?

      12. რა დაეხმარება ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებთ, სრული მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო საქმიანობაში და დედამიწა სამოთხედ გადააქციონ?

      12 ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის შესანიშნავი კურთხევები, რომლებსაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მივიღებთ. მკვდრეთით აღდგენილები ყველანაირი უძლურებისა თუ ავადმყოფობისგან გათავისუფლდებიან (ესაია 33:24). ჯანსაღი სხეული და სრულყოფილი ჯანმრთელობის მოლოდინი ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებთ საშუალებას მისცემს, სრული მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამაში და მილიარდობით აღდგენილს დაეხმარონ აუცილებელი ცოდნის შეძენაში. იქ მცხოვრებნი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე გრანდიოზულ საქმიანობაში — მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ და, ამგვარად იეჰოვას განადიდებენ.

      13, 14. რა მიზნით გათავისუფლდება სატანა კაცობრიობის საბოლოო გამოცდისას და რის შესაძლებლობას მოგვცემს ეს პირადად ჩვენ?

      13 სატანა გათავისუფლდება და კიდევ ერთხელ შეეცდება კაცობრიობის შეცდენას საბოლოო გამოცდის დროს. გამოცხადების 20:7—9–ის თანახმად, ‘შეცდომაში შეყვანილი ხალხები’, რომლებიც სატანის საზიანო გავლენის ქვეშ მოექცევიან, განადგურებას დაიმსახურებენ — ‘ციდან ცეცხლი ჩამოვა და შთანთქავს მათ’. ათასწლიან პერიოდში აღდგენილთათვის ამ განადგურების გამო მათი აღდგომა „სასამართლოს აღდგომად“ ჩაითვლება. ამის საპირისპიროდ, უმწიკვლობის დამცველი მკვდრეთით აღდგენილები მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიიღებენ. მათი აღდგომა „სიცოცხლის აღდგომა“ იქნება (იოანე 5:29).

      14 როგორ გვანუგეშებს დღესვე აღდგომის იმედი? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგომის საფუძველზე ჩვენც მივიღოთ სარგებლობა?

      დღესვე შეგვიძლია სარგებლობის მიღება

      15. როგორ დაგეხმარებათ დღესვე აღდგომის იმედი?

      15 შესაძლოა ახლახან საყვარელი ადამიანი დაკარგე და ძალიან გიჭირს მძიმე დანაკლისთან შეგუება. აღდგომის იმედი ძალებს მოგცემს და ისეთ შინაგან სიმშვიდეს მოგგვრის, რასაც ვერ პოულობენ ისინი, რომლებმაც არ იციან ჭეშმარიტება. „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ, — ანუგეშებდა პავლე თესალონიკელებს. — რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელები 4:13). ხედავ საკუთარ თავს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც მკვდართა აღდგომის თვითმხილველნი გავხდებით? დღესვე დაგამშვიდებს იმაზე ფიქრი, რომ კვლავ შეხვდები საყვარელ ადამიანებს.

      16. როგორი გრძნობები დაგეუფლებათ აღდგომის დროს?

      16 შესაძლოა ამჟამად ადამის ურჩობის შედეგებს იმკი და ძალიან ცუდი ჯანმრთელობა გაქვს. არ დაუშვა, რომ გასაჭირმა დაგავიწყოს აღდგომასთან დაკავშირებული სასიხარულო იმედი; ახლა რომც მოგვიწიოს სიკვდილის ძილით დაძინება, ახალ ქვეყნიერებაში კვლავ დავუბრუნდებით სიცოცხლეს და სრულიად ჯანმრთელები და ენერგიულები ვიქნებით. როდესაც თვალს გავახელთ და დავინახავთ მათ ბედნიერ სახეებს, რომლებიც მთელი გულით იზიარებენ აღდგომით გამოწვეულ ჩვენს სიხარულს, მადლობას აღვუვლენთ ღმერთს მისი სიკეთისთვის.

      17, 18. რა ორი მნიშვნელოვანი აზრი უნდა გვახსოვდეს?

      17 ამასობაში კი დავფიქრდეთ ორ მნიშვნელოვან აზრზე, რომლებიც ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში. პირველი ის არის, რომ ახლავე უნდა ვემსახუროთ იეჰოვას მთელი გულითა და სულით. ჩვენ ვბაძავთ იესო ქრისტეს და თავგანწირვის სულისკვეთებას ვავლენთ, რითაც ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი. თუ წინააღმდეგობის ან დევნის გამო დავკარგავთ არსებობისთვის საჭირო სარჩო–საბადებელს ან თავისუფლებას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი ასეთი განსაცდელის მიუხედავად, სიმტკიცე შევინარჩუნოთ. მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგეები სიკვდილით გვემუქრებიან, აღდგომის იმედი გვანუგეშებს და გვაძლიერებს, რომ იეჰოვასა და მისი სამეფოს ერთგულნი დავრჩეთ. დიახ, თუ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში გულმოდგინებას ვავლენთ, იეჰოვასგან მივიღებთ მარადიულ კურთხევებს, რომლებიც მართალთათვისაა განკუთვნილი.

      18 მეორე მნიშვნელოვანი აზრი კი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვუმკლავდებით არასრულყოფილებით გამოწვეულ ცდუნებებს. აღდგომის იმედი და იეჰოვას წყალობისადმი მადლიერების გრძნობა უფრო მეტად აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მტკიცენი დავრჩეთ რწმენაში. „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. — გვაფრთხილებს იოანე მოციქული. — ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ვინაიდან ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17). ქვეყნიური სიმდიდრე ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, როცა მას „ჭეშმარიტ სიცოცხლესთან“ ვადარებთ (1 ტიმოთე 6:17—19). თუ ქვეყნიერება უზნეობის ჩადენისკენ გვიბიძგებს, მტკიცედ შევეწინააღმდეგებით მას. ჩვენ გვესმის, რომ ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრების წესს თუ მივყვებით და არმაგედონამდე დავიღუპებით, შესაძლოა არ აღვდგეთ.

      19. რა პატივი გვერგო წილად და რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ყოველთვის?

      19 რაც ყველაზე მთავარია, დიდ პატივად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ შეგვიძლია გული გავუხაროთ იეჰოვას ახლა და მარადიულად (იგავები 27:11). თუ სიკვდილის ბოლომდე ან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე ერთგულებას შევინარჩუნებთ, დავამტკიცებთ, რომ იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში ღვთის მხარე გვიკავია. მართლაც, რა სასიხარულო იქნება სამოთხეში ცხოვრება — იმისგან დამოუკიდებლად, დიდ გასაჭირს გადავიტანთ თუ სასწაულებრივად აღვდგებით!

      ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება

      20, 21. რა დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში მაშინაც კი, თუ აღდგომასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება? ახსენით.

      20 აღდგომასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ზოგი კითხვა უპასუხოდ რჩება. რას მოიმოქმედებს იეჰოვა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დაღუპვამდე დაქორწინებულები იყვნენ? (ლუკა 20:34, 35). იმ ადგილას აღდგება ადამიანი, სადაც დაიღუპა? ოჯახის წევრების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს აღდგებიან მიცვალებულები? აღდგომასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი სხვა კითხვა რჩება უპასუხოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში იერემიას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას“ (იერემიას გოდება 3:25, 26). იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ყველა კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს მივიღებთ. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ამაში?

      21 დაფიქრდით ღვთის შთაგონებით დაწერილ ფსალმუნმომღერლის სიტყვებზე: «აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს [„ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“, აქ]» (ფსალმუნები 144:16). ასაკში შესვლასთან ერთად ჩვენი სურვილებიც იცვლება. ის, რაც ბავშვობაში გვსურდა, ახლა აღარ გვსურს. ცხოვრებაზე შეხედულებას ის გვიყალიბებს, თუ რა გარემოში ვცხოვრობთ და რისი იმედი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა უეჭველად დაგვიკმაყოფილებს ყოველ სურვილს, რომელიც მის ნებასთან იქნება შეთანხმებული.

      22. რატომ გვაქვს იეჰოვას განდიდების საფუძვლიანი მიზეზი?

      22 ამჟამად თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი ერთგულების შენარჩუნებაა. „მმართველებისგან კი ერთგულება მოითხოვება“ (1 კორინთელები 4:2). ჩვენ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული სასიხარულო ცნობა გვაქვს მონდობილი. თუ ამ სასიხარულო ცნობას სხვებს გულმოდგინედ ვუზიარებთ, არ გადავუხვევთ სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან. ნუ დაივიწყებთ, რომ „ჟამი და შემთხვევა“ თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს (ეკლესიასტე 9:11). მტკიცედ ჩაეჭიდეთ აღდგომის დიდებულ იმედს, რათა ხვალინდელ დღეზე ფიქრით გამოწვეულმა ზედმეტმა საზრუნავმა ნაკლებად დაგამძიმოთ. დარწმუნებულები იყავით, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დაწყებამდე რომც ვერ იცოცხლოთ, უსათუოდ დადგება შვების მომტანი დრო. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს იობის სიტყვების გამეორების შესაძლებლობა მოგეცემათ: „დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი“. ყველა განადიდებს იეჰოვას, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს თავის მეხსიერებაში მყოფთ! (იობი 14:15).

      [სქოლიოები]

      a იხილეთ 1990 წლის 8 აგვისტოს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ (რუს.) (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

      b იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდი 662, (ინგლ.) (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება