-
რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
სავაჭრო გზები ალექსანდრიისა და რომისკენ
რომი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მთავარ ბაზრად იქცა, როდესაც ის ქვეყნები დაიპყრო, რომლებიც ერთ დროს საბერძნეთის იმპერიას ეკუთვნოდა. რომში აფრიკიდან სპილოს ძვალი შეჰქონდათ, არაბეთიდან — საკმეველი და სმირნა, ინდოეთიდან — სანელებლები და ძვირფასი ქვები, ხოლო ჩინეთიდან — აბრეშუმი. გემებს ეს საქონელი წითელი ზღვით ეგვიპტის ორ პორტში შეჰქონდათ — ბერენისესა და მიოს ორმოსში. ამ ორი ქალაქიდან საქონელი ქარავანს მიჰქონდა კოპტოსში, რომელიც მდინარე ნილოსთან მდებარეობდა.
კოპტოსიდან საქონელი მდინარე ნილოსით ალექსანდრიაში გადაჰქონდათ, სადაც მას იტალიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ გემებზე ტვირთავდნენ. ალექსანდრიასთან დაკავშირება შეიძლებოდა არხითაც, რომელიც წითელი ზღვის ზემოთა ნაწილსა და ნილოსს შორის გადიოდა (დღევანდელ სუეცთან ახლოს). ეგვიპტე და მისი საპორტო ქალაქები საკმაოდ ახლოს იყო იმ ადგილებთან, სადაც იესო ქადაგებდა და საიდანაც ადვილად შეიძლებოდა ამ ქალაქებში ჩასვლა.
პირველი საუკუნის ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის სიტყვების თანახმად, იმ დროს ვაჭრობის მიზნით ყოველ წელს 120 ალექსანდრიული ხომალდი მიცურავდა მიოს ორმოსიდან ინდოეთისკენ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა სახელმძღვანელომ, რომელიც პირველ საუკუნეში იმ ტერიტორიებზე სანავიგაციოდ გამოიყენებოდა. ეს სახელმძღვანელო, როგორც ჩანს, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ეგვიპტელმა ვაჭარმა დაწერა, რათა სხვა ვაჭრებისთვის სვლა გაეადვილებინა. რას ვიგებთ ამ უძველესი წიგნიდან?
ეს სახელმძღვანელო, რომელიც ხშირად მოიხსენიება ლათინური სახელწოდებით Periplus Maris Erythraei („მოგზაურობა წითელ ზღვაში“), აღწერს ათასობითკილომეტრიან საზღვაო გზებს ეგვიპტიდან სამხრეთით, მათ შორის შორეული ზანზიბარის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორს ჩამოთვლილი აქვს მანძილები, ღუზის ჩასაშვები ადგილები, სავაჭრო ბაზრები და საქონელი, ასევე დასახლებული პუნქტები არაბეთის სამხრეთ სანაპიროდან ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ შრი-ლანკამდე, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან მდინარე განგის შესართავამდე. წიგნში ინფორმაცია ისე ზუსტად და ცოცხლად არის გადმოცემული, რომ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება — ავტორი თავად იყო აღნიშნულ ადგილებში.
დასავლეთელი ვაჭრები ინდოეთში
ინდოელები დასავლეთიდან ჩასულ ვაჭრებს „იავანებს“ უწოდებდნენ. ზემოთ მოხსენიებული სახელმძღვანელოს თანახმად, ახ. წ. პირველ საუკუნეში მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი იყო მუზირისიa, რომელიც ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ტამილური პოემები, რომლებიც ახ. წ. პირველ ასწლეულებში იწერებოდა, ხშირად მოიხსენიებს ამ ვაჭრებს. ერთ-ერთ პოემაში ნათქვამია: «„იავანების“ ლამაზი გემები ოქროთი დატვირთულები ჩამოვიდნენ და უკან წიწაკით დატვირთულები გაბრუნდნენ; მუზირისი ხალხის ხმაურმა მოიცვა». სხვა პოემაში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ ინდოეთის მმართველს შესთავაზეს, დაელია „იავანების“ მოტანილი არომატული ღვინო. დასავლურ საქონელს შორის იყო შუშის ჭურჭელი, ლითონი, მარჯანი და ქსოვილი, რომლებიც კარგად იყიდებოდა ინდოეთში.
არქეოლოგებმა იმის მრავალი მტკიცება აღმოაჩინეს, რომ დასავლეთიდან საქონელი ინდოეთში შეჰქონდათ გასაყიდად. მაგალითად, არიკამედუში, ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ ნასოფლარში, იპოვეს რომაული დოქებისა და სხვა ჭურჭლის ნამსხვრევები, რომლებზეც არეცოელი (ცენტრალური იტალია) მექოთნეების ნიშანი იყო დადებული. ერთი მწერალი ამბობს: „არქეოლოგებს უფრო მეტი წარმოდგენა ექმნებათ, როცა ისინი ბენგალის ყურის სილაში პოულობენ თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, რომლებზეც დაწერილია არეცოს გარეუბნებში მომუშავე მეთუნეთა სახელები“. ხმელთაშუა ზღვისპირეთის მცხოვრებთა და ინდოელთა სავაჭრო საქმიანობას აგრეთვე ადასტურებს ინდოეთის სამხრეთ ნაწილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. ამ მონეტების უმეტესობა თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნით და მათზე გამოსახულია რომის იმპერატორები: ავგუსტუსი, ტიბერიუსი და ნერონი.
იმის ალბათობას, რომ სამხრეთ ინდოეთში რომაელებმა დააარსეს მუდმივი სავაჭრო ახალშენები, ამყარებს უძველესი რუკა, რომლის შუასაუკუნოვანი ასლი დღესაც არსებობს. ეს რუკა პოიტინგერის ტაბულის სახელით არის ცნობილი. როგორც ამბობენ, ამ რუკაზე ახ. წ. პირველი საუკუნის რომის იმპერიაა ასახული. მასზე ნაჩვენებია მუზირისში აგებული ავგუსტუსის ტაძარი. ერთ წიგნში ნათქვამია: „ასეთი შენობა მხოლოდ მათ მიერ უნდა იყოს აგებული, ვინც რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში ცხოვრობდა. დიდი ალბათობაა, რომ ისინი მუზირისში ცხოვრობდნენ ან დროის დიდ ნაწილს იქ ატარებდნენ“ (Rome’s Eastern Trade: International Commerce and Imperial Policy, 31 BC-AD 305).
რომაულ ჩანაწერებში მოიხსენიება ინდოელი ელჩების სულ მცირე სამი ოფიციალური ვიზიტი რომში ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში (ძვ. წ. 27 — ახ. წ. 14). „ამ ელჩებს სერიოზული დიპლომატიური მიზანი ჰქონდათ“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, რომელიც ამ საკითხის შესწავლას ეძღვნება. ისინი უნდა შეთანხმებულიყვნენ, სად ეწარმოებინათ სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებული საქმიანი ურთიერთობები, რა დაებეგრათ, სად ეცხოვრათ უცხოელებს და ა. შ.
-
-
რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
ჩინეთში ხანის გვიანდელი დინასტიის მატიანე (ახ. წ. 23—220) ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის ზუსტ თარიღს მოიხსენიებს. ახ. წ. 166 წელს დაჩინის მეფის, ანტუნის დავალებით ჩინეთის იმპერატორ ხუანძის ძღვენი მიართვეს. რომის იმპერიას ჩინურად დაჩინი ეწოდებოდა, ანტუნი კი, როგორც ჩანს, ანტონინუს ნიშნავს, რაც რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის გვარი იყო. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ოფიციალური სტუმრობა არ იყო, არამედ დასავლეთელი ვაჭრების მცდელობა აბრეშუმი პირდაპირ ჩინეთში შეეძინათ, ნაცვლად იმისა, რომ ის მეორე ხელიდან ეყიდათ.
-
-
რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
იმპერატორის ჩივილი
ახ. წ. 22 წელს რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიჩივლა, რომ მისი თანამემამულენი მეტისმეტად გაუმაძღრები იყვნენ. იმის გამო, რომ ფუფუნებისადმი დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ, ხოლო დიდგვაროვანი ქალბატონები სამკაულებით ვერ კმაყოფილდებოდნენ, მთელი იმპერიის სიმდიდრე „უცხო და მტრულად განწყობილ ერებში“ გაიფანტა. რომაელი ისტორიკოსი პლინიუს უმცროსიც (ახ. წ. 23—79 წწ.) მსგავს შეშფოთებას გამოთქვამდა. ის წერდა: „ყოველწლიურად ინდოეთში, აბრეშუმის მხარესა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩვენი იმპერიიდან სულ მცირე ასი მილიონი სესტერციუსი [რომაული მონეტა] გააქვთ. ასე რომ, ძალიან ბევრს ვიხდით ფუფუნებასა და ქალბატონების სიამოვნებაში“.b
[სქოლიო]
b ანალიტიკოსების გამოთვლით 100 მილიონი სესტერციუსი რომის იმპერიის მთლიანი ქონების დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენდა.
[საავტორო უფლება]
Museo della Civiltà Romana, Roma; Todd Bolen/Bible Places.com
-