-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
9. ვინ იგულისხმება გველის შთამომავლობაში?
9 პირველ შთამომავლობაში გველის შთამომავლობა იგულისხმება, ანუ ის სულიერი ქმნილებები, რომლებიც სატანას შეუერთდნენ ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში და ბოლოს სატანასთან ერთად დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:9). სატანა ანუ ბელზებელი „დემონების მმართველია“, რითაც ჩანს, რომ ისინი უხილავ ორგანიზაციას მიეკუთვნებიან (მარკოზი 3:22; ეფესოელები 6:12).
10. როგორ გვიმჟღავნებს ბიბლია სატანის სხვა შთამომავლების ვინაობას?
10 იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს მიმართა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“ (იოანე 8:44). სატანის შთამომავლობაში ეს რელიგიური წინამძღოლებიც იგულისხმებოდნენ, რადგან ისინი ღვთის ძეს, იესოს ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი, როგორც სატანის შთამომავლები, თავიანთი „მამის“ მსახურები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი ადამიანი ასრულებდა სატანის ნებას, როცა ეწინააღმდეგებოდა და დევნიდა იესოს მოწაფეებს. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ეს ადამიანები სატანის ხილულ ორგანიზაციას წარმოადგენენ დედამიწაზე (იხილეთ იოანეს 15:20; 16:33; 17:15).
-
-
ბიბლიის მთავარი თემაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
15. ა) აღწერეთ, როგორ მრავლდებოდა სატანის შთამომავლობა როგორც ადამიანებს, ისე ანგელოზებს შორის. ბ) რა დაემართა სატანის შთამომავლობას წარღვნის დროს?
15 ადამიანებით წარმოდგენილმა სატანის შთამომავლობამ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე „გამოიჩინა თავი“. მაგალითად, კაენი, დაბადებულთაგან პირველი, „ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა თავისი ძმა“ აბელი (1 იოანე 3:12). მოგვიანებით ენოქი ამბობდა, რომ იეჰოვა მოვიდოდა ‘თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღესრულებინა სამართალი ყველას მიმართ და ემხილებინა ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ემხილებინა უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში’ (იუდა 14, 15). გარდა ამისა, ურჩმა ანგელოზებმა, რომლებმაც სატანის მხარე დაიკავეს და მისი შთამომავლები გახდნენ, „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, ხორცი შეისხეს და ქალებზე დაქორწინდნენ. მათ სასტიკი, ზეადამიანური, ჰიბრიდული შთამომავლობა შეეძინათ. იმდროინდელი ქვეყნიერება ძალადობითა და ბოროტებით აივსო და ამიტომაც გაანადგურა ღმერთმა წარღვნით, რომელსაც მხოლოდ ერთგული ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა. დაუმორჩილებელი ანგელოზები, ახლა უკვე სატანის მორჩილი დემონები, იძულებულები გახდნენ, მიეტოვებინათ სასიკვდილოდ განწირული ცოლები და ჰიბრიდული შთამომავლები. მათ კვლავ სულიერი სხეული შეისხეს და სულიერ სამყაროს დაუბრუნდნენ, თუმცა განადგურება ელით, რადგან ღმერთი მალე აღასრულებს სატანისა და მისი შთამომავლობისთვის გამოტანილ განაჩენს (იუდა 6; დაბადება 6:4—12; 7:21—23; 2 პეტრე 2:4, 5).
16. ა) რომელი სასტიკი კაცი გამოჩნდა წარღვნის შემდეგ და საიდან ჩანს, რომ ის სატანის შთამომავალი იყო? ბ) როგორ ჩაუფუშა ღმერთმა გეგმა ბაბილონის კოშკის მშენებლებს?
16 წარღვნის შემდეგ მალევე გამოჩნდა ერთი სასტიკი კაცი, რომელსაც ნიმროდი ერქვა. ბიბლია აღწერს მას როგორც „იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერ მონადირეს“. ის აშკარად „გველის“ შთამომავალი იყო. სატანის მსგავსად ნიმროდიც ურჩობის სულით გამოირჩეოდა. იეჰოვას ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც ხალხს მთელი დედამიწა უნდა აევსო, მან ქალაქ ბაბელის, იგივე ბაბილონის, მშენებლობა წამოიწყო. ბაბილონის ცენტრში ნიმროდი უზარმაზარი კოშკის აგებას აპირებდა, რომელიც ცას მისწვდებოდა. მაგრამ ღმერთმა გეგმა ჩაუფუშა მშენებლებს, ენა აურია და „გაფანტა. . . ისინი მთელი დედამიწის ზურგზე“, თუმცა ბაბილონისთვის ხელი არ უხლია (დაბადება 9:1; 10:8—12; 11:1—9).
სცენაზე პოლიტიკური ძალები გამოდიან
17. რა მიმართულებით განვითარდა საზოგადოება ადამიანების რიცხობრივ ზრდასთან ერთად, და შედეგად რომელი უზარმაზარი იმპერიები შეიქმნა?
17 ბაბილონში საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა და აშკარად იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება პოლიტიკური სისტემა იყო. ადამიანების გამრავლებასთან ერთად იზრდებოდა ნიმროდის მსგავსი ამბიციური ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ. კაცი კაცზე მძლავრობდა მისდა საზიანოდ (ეკლესიასტე 8:9). მაგალითად, აბრაამის დროს სოდომს, გომორასა და მათ მეზობელ ქალაქებს შინარისა და სხვა შორეული ქვეყნების მეფეები დაეპატრონნენ (დაბადება 14:1—4). დროთა განმავლობაში ნიჭიერმა სარდლებმა და ორგანიზატორებმა სიმდიდრისა და დიდების მოსახვეჭად უზარმაზარი იმპერიები შექმნეს. ბიბლია რამდენიმე იმპერიას მოიხსენიებს, მაგალითად, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს.
18. ა) რა დამოკიდებულება აქვს ღვთის ხალხს პოლიტიკური მმართველების მიმართ? ბ) ზოგჯერ როგორ უწყობდნენ ხელს ღვთის განზრახვების შესრულებას პოლიტიკური მმართველები? გ) როგორ ადასტურებდნენ პოლიტიკური მმართველები, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ?
18 იეჰოვამ დაუშვა ამ პოლიტიკური ძალების არსებობა. ღვთის ხალხიც მათი ქვეშევრდომი იყო და ემორჩილებოდა მათ (რომაელები 13:1, 2). ზოგჯერ პოლიტიკური მმართველები ღვთის განზრახვების განხორციელებასაც უწყობდნენ ხელს და ღვთის ხალხსაც იცავდნენ (ეზრა 1:1—4; 7:12—26; საქმეები 25:11, 12; გამოცხადება 12:15, 16). მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკური მმართველები მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ამით ადასტურებდნენ, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ (1 იოანე 5:19).
19. როგორაა წარმოდგენილი წიგნ „გამოცხადებაში“ მსოფლიო პოლიტიკური ძალები?
19 საბოლოოდ, ადამიანთა მმართველობამ ვერ მოუტანა ბედნიერება ხალხს და ვერც პრობლემები გადაუჭრა. იეჰოვამ ნება დართო ადამიანებს, მმართველობის სხვადასხვა ფორმა გამოეცადათ, თუმცა არასოდეს მოუწონებია კორუფცია და მართვის მიუღებელი ფორმები (იგავები 22:22, 23). „გამოცხადება“ მსოფლიო დესპოტურ პოლიტიკურ ძალებს მედიდურ და საზარელ მხეცს ადარებს (გამოცხადება 13:1, 2).
გაუმაძღარი ვაჭრები
20, 21. „ათასისთავთა“ და „ძლიერთა“ გარდა კიდევ რომელი სისტემა იგულისხმება სატანის ბოროტ შთამომავლობაში, და რატომ?
20 პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად სცენაზე გამოჩნდნენ უსინდისო ვაჭრები. ძველი ბაბილონის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი წარწერებიდან ჩანს, რომ იმ დროს ვაჭრები ხშირად სხვების უბედურების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ვაჭრები დღემდე არავის უწევენ ანგარიშს და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, ძალიან დიდ სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობა იხვეჭს მაშინ, როცა უმრავლესობას თავი ძლივს გააქვს. დღეს ინდუსტრიის განვითარების ხანაში ვაჭრები და ქარხნების მეპატრონეები კარგად ითბობენ ხელს. ისინი სახელმწიფოებს დიდძალი გამანადგურებელი იარაღით ამარაგებენ, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღით, რაც შიშის ზარს სცემს კაცობრიობას. „ათასისთავებთან“ და „ძლიერებთან“ ერთად ეს გაუმაძღარი მაგნატები და მათნაირი ადამიანები შეგვიძლია სატანის ბოროტ შთამომავლობას მივაკუთვნოთ. ისინი იმ მიწიერი ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც ღმერთმა და ქრისტემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (გამოცხადება 19:18).
21 კორუმპირებული პოლიტიკისა და ხარბი კომერციის გარდა ადამიანთა საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი სისტემა, რომელიც ღვთის სასჯელს იმსახურებს. რაზეა საუბარი? შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც „გამოცხადება“ გვიმხელს ამ კარგად ცნობილი სისტემის შესახებ.
დიდი ბაბილონი
22. როგორმა რელიგიამ მოიკიდა ფეხი ძველ ბაბილონში?
22 ძველი ბაბილონის მშენებლობას მხოლოდ პოლიტიკური მიზანი როდი ჰქონდა. ეს ქალაქი იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა, ასე რომ, საქმეში რელიგიის ხელიც ერია. მართლაც, ძველ ბაბილონში ჩაეყარა საფუძველი კერპთაყვანისმცემლობას. მღვდლები ღვთის შეურაცხმყოფელ მოძღვრებებს ასწავლიდნენ, მაგალითად, სულის უკვდავებას, თითქოს ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული ცოცხალი რჩებოდეს, და არსებობდეს სიკვდილის შემდეგ მარადიული ტანჯვისა და საშინელებების ადგილი, სადაც დემონები მმართველობენ. ისინი ხელს უწყობდნენ კერპთაყვანისმცემლობას — გამოსახულებების, ღმერთებისა თუ ქალღმერთების მსახურებას. ათასგვარ მითს თხზავდნენ დედამიწისა და ადამიანის წარმოშობის ასახსნელად. ასრულებდნენ ამაზრზენ რიტუალებს და მსხვერპლშეწირვას, რაც მათი აზრით, ზრდიდა შობადობასა და მოსავლიანობას, და ომში ამარჯვებინებდათ.
23. ა) რა გაიყოლა თან ბაბილონიდან წამოსულმა ხალხმა და რა მოჰყვა ამას? ბ) რა სახელით მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიურ სამყაროს? გ) რის წინააღმდეგ არ წყვეტდა ბრძოლას ცრუ რელიგია?
23 მას შემდეგ, რაც ენებარეული ხალხი ბაბილონიდან მთელ დედამიწაზე გაიფანტა, მათი რელიგიური ადათ-წესებიც გავრცელდა. ასე დამკვიდრდა ძველი ბაბილონური წეს-ჩვეულებები და რელიგიური მოძღვრებები ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, შორეული აღმოსავლეთისა და ოკეანიის პირველ მოსახლეთა შორის, და ამ მოძღვრებებიდან მრავალი დღემდეა შემორჩენილი. ამიტომაც მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემას დიდ ბაბილონად წოდებულ ქალაქად (გამოცხადება 17-ე და 18-ე თავები). სადაც კი ცრუ რელიგიამ გაიდგა ფესვი, ყველგან აღმოაცენა მჩაგვრელი სამღვდელოება, ცრურწმენა, უმეცრება და უზნეობა. ცრუ რელიგია მძლავრ იარაღად იქცა სატანის ხელში. დიდი ბაბილონი ყოველთვის დაუნდობლად იბრძოდა უზენაესი უფლის, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ.
24. ა) როგორ დაუგესლა „გველმა“ ქუსლი „ქალის“ შთამომავალს? ბ) რატომ არის საუბარი მხოლოდ ქუსლის დაგესვლაზე?
24 პირველი საუკუნის იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც „გველის“ შთამომავლები, ყველაზე მეტად იმსახურებდნენ სასჯელს, რადგან ჯერ დევნიდნენ, ბოლოს კი მოკლეს „ქალის“ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი. ასე შეძლო „გველმა“, შთამომავლისთვის ‘ქუსლი დაეგესლა’ (დაბადება 3:15; იოანე 8:39—44; საქმეები 3:12, 15).
-