საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვის უწოდა იესომ ბედნიერი?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 თებერვალი
    • ვის უწოდა იესომ ბედნიერი?

      „[იესო] მთაზე ავიდა . . . მოწაფეები მივიდნენ მასთან . . . [და] ასწავლიდა მათ“ (მათ. 5:1, 2).

      1, 2. ა) როდის და სად წარმოთქვა იესომ თავისი ცნობილი მთაზე ქადაგება? ბ) რით დაიწყო იესომ ქადაგება?

      იდგა ახ. წ. 31 წელი. იესომ დროებით შეწყვიტა გალილეაში ქადაგება და იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად ჩავიდა (იოან. 5:1). გალილეაში დაბრუნების შემდეგ კი მთელი ღამე ლოცვაში გაატარა — ის ღმერთს 12 მოციქულის ასარჩევად დახმარებას სთხოვდა. მომდევნო დღეს მის გარშემო დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. იესომ განკურნა ავადმყოფები, შემდეგ მოწაფეებთან და სხვებთან ერთად მთის ფერდობზე დაჯდა და ქადაგება დაიწყო (მათ. 4:23—5:2; ლუკ. 6:12—19).

      2 იესომ თავისი ცნობილი მთაზე ქადაგება იმით დაიწყო, რომ ბედნიერების საწინდარი ღმერთთან კარგი ურთიერთობაა (წაიკითხეთ მათეს 5:1—12). ბედნიერება „დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდაა“. იესოს მიერ მოხსენიებული ბედნიერების ცხრა პირობა, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რატომ არიან ქრისტიანები ბედნიერები, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 2000 წლის წინათ. ახლა ყურადღებით განვიხილოთ იესოს თითოეული გამონათქვამი.

      „სულიერს მოწყურებულნი“

      3. რას ნიშნავს, ვიყოთ „სულიერს მოწყურებულნი“?

      3 „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). „სულიერს მოწყურებულნი“ აცნობიერებენ, რომ ღვთის ხელმძღვანელობისა და მოწყალების გარეშე ვერ იარსებებენ.

      4, 5. ა) რატომ არიან სულიერს მოწყურებულნი ბედნიერნი? ბ) როგორ მოვიკლავთ სულიერ წყურვილს?

      4 სულიერს მოწყურებულნი ბედნიერნი არიან, „რადგან მათია ზეციერი სამეფო“. როცა იესო მოწაფეებმა მესიად აღიარეს, ღვთის ზეციერ სამეფოში მასთან ერთად მეფობის შესაძლებლობა მიეცათ (ლუკ. 22:28—30). ქრისტესთან ერთად ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე სამოთხეში, ბედნიერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ ნამდვილად გვექნება სულიერის მოთხოვნილება და ბოლომდე გავაცნობიერებთ, რომ ღვთის გარეშე უსუსურები ვართ.

      5 სამწუხაროდ, ყველა არ არის სულიერს მოწყურებული; ბევრს არა აქვს რწმენა და ბევრიც „არ აფასებს წმინდას“ (2 თეს. 3:1, 2; ებრ. 12:16). სულიერ წყურვილს იმ შემთხვევაში მოვიკლავთ, თუ გულდასმით გამოვიკვლევთ ბიბლიას, მთელი გულით ვიქადაგებთ, მოვამზადებთ მოწაფეებს და რეგულარულად დავესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს (მათ. 28:19, 20; ებრ. 10:23—25).

      „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი“

      6. ვინ არიან „მგლოვიარენი“ და რატომ არიან ისინი ბედნიერნი?

      6 „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ“ (მათ. 5:4). „მგლოვიარენიც“ სულიერს არიან მოწყურებულნი. ისინი იმიტომ კი არ გლოვობენ, რომ თავიანთ ხვედრს უჩივიან, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილები არიან და მათივე მსგავსი არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ გარემოში უწევთ ცხოვრება. რატომ არიან „მგლოვიარენი“ ბედნიერნი? ისინი რწმენას ავლენენ ღვთისა და იესო ქრისტეს მიმართ და ნუგეშცემულნი არიან იეჰოვასთან კარგი ურთიერთობით (იოან. 3:36).

      7. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სატანის ქვეყნიერების მიმართ?

      7 ვგლოვობთ პირადად ჩვენ სატანის ქვეყნიერებაში არსებული უსამართლობის გამო? მისაღებია ჩვენთვის ის, რასაც ეს ქვეყნიერება გვთავაზობს? იოანე მოციქულმა დაწერა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოან. 2:16). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს სულიერობაზე გავლენას ახდენს „ამ ქვეყნიერების სული“, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანთა საზოგადოებაშია გაბატონებული? ჩვენ მხურვალედ უნდა ვილოცოთ, ღვთის სიტყვა უნდა ვიკითხოთ და დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ. რა გასაჭირშიც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვასთან დაახლოებით ‘ნუგეშს ვპოვებთ’ (1 კორ. 2:12; ფსალმ. 119:52; იაკ. 5:14, 15).

      „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი“

      8, 9. ვინ არიან რბილი ხასიათისანი და რატომ არიან ისინი ბედნიერნი?

      8 „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). „რბილი ხასიათი“ ანუ თვინიერება სისუსტის ან მოჩვენებითი თავაზიანობის მაჩვენებელი არ არის (1 ტიმ. 6:11). თუ რბილი ხასიათი გვაქვს, იეჰოვას ნებას შევასრულებთ და მის მითითებებს მივყვებით. რბილი ხასიათი თანამორწმუნეებთან და სხვებთან ურთიერთობაშიც გამოჩნდება. თუ ადამიანი თვინიერია, პავლე მოციქულის რჩევის თანახმად მოქმედებს (წაიკითხეთ რომაელების 12:17—19).

      9 რატომ არიან ბედნიერნი „რბილი ხასიათისანი“? „ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“, — თქვა იესომ, რომელსაც თავად ჰქონდა რბილი ხასიათი. იესო მთავარი მემკვიდრეა, რადგან მას ეკუთვნის დედამიწა (ფსალმ. 2:8; მათ. 11:29; ებრ. 2:8, 9). მაგრამ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ის ადამიანებიც გახდებიან, რომელთაც მასავით რბილი ხასიათი აქვთ (რომ. 8:16, 17). იესოს მმართველობის დროს დედამიწაზეც ბევრი თვინიერი ადამიანი იცხოვრებს მარადიულად (ფსალმ. 37:10, 11).

      10. რას ვერ მივიღებთ კრებაში, თუ არ გვექნება რბილი ხასიათი, და როგორ იმოქმედებს ეს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე?

      10 იესოს მსგავსად ჩვენც რბილი ხასიათი უნდა გვქონდეს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ კონფლიქტურები ვართ? თუ აგრესიულები და სხვების მიმართ მტრულად განწყობილები ვართ, ყველა შორს დაიჭერს ჩვენგან თავს. თუ ქრისტიანი კონფლიქტურია, კრებაში ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ მიიღებს (1 ტიმ. 3:1, 3). პავლეს მითითებით, ტიტეს კრეტელი ქრისტიანებისთვის უნდა შეეხსენებინა, რომ ‘ჩხუბის ამტეხნი კი არ ყოფილიყვნენ, არამედ გონიერნი, და ყველასთან რბილი ხასიათი გამოევლინათ’ (ტიტ. 3:1, 2). მართლაც ბედნიერებაა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც რბილი ხასიათი აქვთ!

      „სიმართლეს მოშიებულნი“

      11—13. ა) რას ნიშნავს, იყო სიმართლეს მოშიებული და მოწყურებული? ბ) როგორ ‘გაძღებიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი’?

      11 „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათ. 5:6). ვისაც სიმართლე სწყურია, ღვთის ნებისა და მისი მცნებების თანახმად მოქმედებს; სწორედ ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში. ფსალმუნმომღერალი წერდა, რომ ‘სული დაექანცა ღვთის სამართლის’ მოლოდინში (ფსალმ. 119:20). ჩვენც ‘მოშიებულნი და მოწყურებულნი ვართ სიმართლეს’?

      12 როგორც იესომ თქვა, სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი ბედნიერნი იქნებოდნენ, რადგან „გაძღებოდნენ“ ანუ სრულად დაკმაყოფილდებოდნენ. ეს შესაძლებელი გახდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ, როცა იეჰოვამ წმინდა სულით ‘დამაჯერებელი მტკიცება წარუდგინა ქვეყნიერებას სიმართლის შესახებ’ (იოან. 16:8). ღვთის წმინდა სულით აღძრულმა მამაკაცებმა დაწერეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომლებიც სასარგებლოა „სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). ღვთის წმინდა სულის დახმარებით აგრეთვე შესაძლებელია ‘ახალი პიროვნებით შემოსვა, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლით’ (ეფეს. 4:24). ვისაც სწამს, რომ იესოს მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს და გულწრფელად ინანიებს თავის ცოდვებს, ღმერთი მართლად აღიარებს. ამის ცოდნა მართლაც მანუგეშებელია (წაიკითხეთ რომაელების 3:23, 24 ).

      13 ბევრი ჩვენგანი წყურვილსა და შიმშილს სრულად მაშინ დაიკმაყოფილებს, როცა მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე, სადაც სამართალი იზეიმებს. მანამდე კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვიცხოვროთ იეჰოვას ნორმების შესაბამისად. იესომ თქვა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33). თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ, ვიუხვებთ უფლის საქმეში, ეს კი ჩვენს გულს სიხარულით აავსებს და ნამდვილ ბედნიერებას შეგვაგრძნობინებს (1 კორ. 15:58).

      რატომ არიან „გულმოწყალენი“ ბედნიერნი?

      14, 15. როგორ ვავლენთ გულმოწყალებას, და რატომ არიან გულმოწყალენი ბედნიერნი?

      14 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათ. 5:7). „გულმოწყალე“ ადამიანი თანაუგრძნობს სხვებს და მათ სატკივარს იზიარებს. იესომ უამრავი ხალხი განკურნა, რადგან გული დაეწვა მათ გამო (მათ. 14:14). გულმოწყალება აღძრავს ქრისტიანს, აპატიოს სხვას მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა ისე, როგორც იეჰოვა პატიობს მომნანიებელს (გამ. 34:6, 7; ფსალმ. 103:10). გარდა ამისა, ქრისტიანმა გულმოწყალება შეიძლება გამოავლინოს გაჭირვებულთა მიმართ, იქნება ეს კეთილი სიტყვით თუ საქმით; ეს მათ შვებას მოუტანს. გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებაა. ხალხისადმი სიბრალულით აღძრული იესო „ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:34).

      15 ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, დავეთანხმოთ იესოს: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“. თუ სხვების მიმართ გულმოწყალებას ვავლენთ, ისინიც ასევე მოგვექცევიან. გულმოწყალება იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს გასამართლებაზე, თუ სხვების მიმართ ვიქნებით გულმოწყალენი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი გულმოწყალების გარეშე გაგვასამართლებს (იაკ. 2:13). მხოლოდ გულმოწყალე ადამიანებს ეპატიებათ ცოდვები და მხოლოდ ისინი იცხოვრებენ მარადიულად (მათ. 6:15).

      რატომ არიან „სუფთა გულისანი“ ბედნიერნი?

      16. ვინ არიან „სუფთა გულისანი“ და როგორ ‘იხილავენ ისინი ღმერთს’?

      16 „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5:8). თუ „სუფთა გულისანი“ ვართ, ეს გამოჩნდება ჩვენს სურვილებსა და მოტივებში, და სხვებთან ჩვენს ურთიერთობებში. „სიყვარულს სუფთა გულით“ უნდა ვავლენდეთ (1 ტიმ. 1:5). სუფთა გული თუ გვექნება, ‘ღმერთს ვიხილავთ’. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას პირდაპირი გაგებით დავინახავთ, რადგან „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“ (გამ. 33:20). იესომ სრულყოფილად აირეკლა ღვთის პიროვნება, ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:7—9). ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები, იმ გაგებით ‘ვხედავთ ღმერთს’, რომ შეუმჩნეველი არ გვრჩება, როგორ მოქმედებს ის ჩვენ სასიკეთოდ (იობ. 42:5). ცხებული ქრისტიანები კი პირდაპირი გაგებით იხილავენ თავიანთ ზეციერ მამას, როცა ზეცაში საცხოვრებლად აღდგებიან (1 იოან. 3:2).

      17. რა ცხადყოფს, რომ „სუფთა გული“ გვაქვს?

      17 სუფთა გულის ადამიანი ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს ინარჩუნებს, ამიტომ ის ყოველთვის თავს იკავებს იმისგან, რაც იეჰოვას თვალში უწმინდურებაა (1 მატ. 28:9; ეს. 52:11). თუ სუფთა გულისანი ვართ, ეს ჩვენს სიტყვებსა და საქმეში აირეკლება, და ჩვენი მსახურებაც უთვალთმაქცო იქნება.

      „მშვიდობისმყოფელთ“ ღვთის შვილები დაერქმევათ

      18, 19. როგორ იქცევიან „მშვიდობისმყოფელნი“?

      18 „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათ. 5:9). არის თუ არა ადამიანი მშვიდობისმყოფელი, ეს მისი საქმეებიდან გამოჩნდება. თუ იესოს ნათქვამის თანახმად მშვიდობისმყოფელნი ვართ, ‘არავის გადავუხდით სამაგიეროს’. პირიქით, ‘ვისწრაფებთ, რომ კარგი გავუკეთოთ სხვებს’ (1 თეს. 5:15).

      19 მათეს 5:9-ში „მშვიდობისმყოფელად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მშვიდობიანს“. თუ გვინდა, რომ მშვიდობისმყოფელ ადამიანად გვიცნობდნენ, მშვიდობას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. მშვიდობისმყოფელი არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ‘ახლობლებს დააშორებს’ (იგავ. 16:28). როგორც მშვიდობისმოყვარულებმა, თავად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ‘ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს’ (ებრ. 12:14).

      20. ვინ არიან ამჟამად „ღვთის შვილები“ და, საბოლოოდ, კიდევ ვინ გახდება ღვთის შვილი?

      20 მშვიდობისმყოფელები ბედნიერები არიან, რადგან „ღვთის შვილები დაერქმევათ“. ერთგული ცხებული ქრისტიანები იეჰოვამ საკუთარ შვილებად მიიღო, ამიტომ ისინი „ღვთის შვილებად“ იწოდებიან. მათ, როგორც ღვთის შვილებს, უკვე ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან, რადგან რწმენას ავლენენ იესოს მიმართ და მთელი გულით სცემენ თაყვანს „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთს“ (2 კორ. 13:11; იოან. 1:12). რაც შეეხება იესოს მშვიდობისმყოფელ „სხვა ცხვარს“, ათასწლიანი მეფობის დროს იესო მათი „მარადიული მამა“ იქნება, მაგრამ ბოლოს, როცა თავად ყველაფერს მამას გადასცემს, ისინი ღვთის შვილები გახდებიან (იოან. 10:16; ეს. 9:6; რომ. 8:21; 1 კორ. 15:27, 28).

      21. როგორ მოვიქცევით, თუ „სულით ვცოცხლობთ“?

      21 თუ „სულით ვცოცხლობთ“, მშვიდობისმყოფელობა ჩვენი ერთ-ერთი თვისება იქნება, რასაც სხვებიც ადვილად შეამჩნევენ. ჩვენ არ შევეჯიბრებით ერთმანეთს, ანუ ‘არ ვიქნებით ერთმანეთის გამაღიზიანებლები’ (გალ. 5:22—26, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). პირიქით, ‘რამდენადაც ჩვენი მხრივ შესაძლებელი იქნება, მშვიდობიანად ვიქნებით ყველასთან’ (რომ. 12:18).

      ბედნიერნი არიან დევნილნი

      22—24. ა) რატომ არიან ბედნიერები ისინი, ვისაც „სიმართლისთვის“ დევნიან? ბ) რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო ორ სტატიაში?

      22 „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:10). იესომ კიდევ უფრო განავრცო ეს აზრი და დასძინა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12).

      23 ღვთის ძველი წინასწარმეტყველების მსგავსად ქრისტიანებმა ვიცით, რომ „სიმართლისთვის“ შეგვავიწროებენ, შეურაცხგვყოფენ და ცილს დაგვწამებენ. მაგრამ, თუ ერთგულად გადავიტანთ მსგავს განსაცდელებს, უსაზღვრო სიხარულს მოგვანიჭებს იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვას ვასიამოვნეთ (1 პეტ. 2:19—21). განსაცდელები ვერ წაგვართმევს სიხარულს იეჰოვას მსახურებაში ვერც ახლა და ვერც მომავალში. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მაინც ბედნიერები ვიქნებით იმის მოლოდინში, რომ ან ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამმართველები გავხდებით, ან როგორც ამ სამეფოს ქვეშევრდომები, მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე. ეს კურთხევები ღვთის წყალობის, კეთილმოსურნეობისა და დიდსულოვნების მაჩვენებელია.

      24 იესოს ცნობილი ქადაგებიდან გაცილებით ბევრის სწავლა შეგვიძლია. მომდევნო ორ სტატიაში კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ. შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოვიქცეთ იესოს ამ გამონათქვამების თანახმად.

  • მოიქეცი იესოს სიტყვების თანახმად
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 თებერვალი
    • მოიქეცი იესოს სიტყვების თანახმად

      „ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს“ (იოან. 3:34).

      1, 2. რას შეიძლება შევადაროთ მთაზე ქადაგების დროს იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები და რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესო ‘ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა’?

      დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტი 530-კარატიანია, რომელსაც „აფრიკის ვარსკვლავს“ უწოდებენ. ის მართლაც ძალიან ძვირფასია. მაგრამ გაცილებით ძვირფასი იესოს ის გამონათქვამებია, რომლებიც მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ამ სიტყვების წარმოსათქმელად იესო იეჰოვამ აღძრა. ეს ნათლად ჩანს მისივე სიტყვებიდან: „ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს“ (იოან. 3:34—36).

      2 თუმცა იესოს მთაზე ქადაგების წარმოსათქმელად ნახევარი საათიც კი არ დასჭირდა, ებრაული წერილებიდან, კერძოდ, რვა წიგნიდან 21 ციტატა მოიყვანა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ იესო მართლაც ‘ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა’. ახლა ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში ცნობილი სამთო ქადაგების დროს ღვთის საყვარელი ძის მიერ წარმოთქმული ეს ძვირფასი სიტყვები.

      „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“

      3. რა რჩევა მისცა იესომ მოწაფეებს მას შემდეგ, რაც გააფრთხილა, რომ გულში სიძულვილი არ ჰქონოდათ?

      3 ჩვენ, ქრისტიანები ბედნიერი და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ, რადგან ღვთის წმინდა სული გვაქვს. ღვთის სული კი სიხარულსა და მშვიდობას წარმოშობს (გალ. 5:22, 23). იესოს სურდა, რომ მის მოწაფეებს ყოველთვის ჰქონოდათ მშვიდობა და სიხარული. ამიტომ აფრთხილებდა, რომ მათ გულში თუ სიძულვილი გაიდგამდა ფესვს, სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა (წაიკითხეთ მათეს 5:21, 22). შემდეგ იესომ ურჩია მოწაფეებს: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24).

      4, 5. ა) რას გულისხმობდა იესო „ძღვენში“, რომელიც მათეს 5:23, 24-შია მოხსენიებული? ბ) რატომ არის აუცილებელი ძმასთან შერიგება?

      4 „ძღვენი“, რომელზეც იესო საუბრობდა, იერუსალიმის ტაძარში მისატან ნებისმიერ აღსავლენ მსხვერპლს გულისხმობდა. მაგალითად, ცხოველური შესაწირავის სამსხვერპლოზე მიტანა იეჰოვას თაყვანისცემის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა. მაგრამ იესომ უფრო მნიშვნელოვანს გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ, სანამ ღმერთს მსხვერპლს შესწირავდნენ, განაწყენებულ ძმას უნდა შერიგებოდნენ.

      5 რისი სწავლა შეგვიძლია იესოს ამ სიტყვებიდან? აშკარაა, რომ ძმებთან ჩვენი ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე (1 იოან. 4:20). ძველად ღვთისთვის აღვლენილი შესაწირავი ყოველგვარ ფასს კარგავდა, თუ შემწირველი თანამოძმეებს ცუდად ეპყრობოდა (წაიკითხეთ მიქას 6:6—8).

      გამოავლინე თავმდაბლობა

      6, 7. რატომაა საჭირო თავმდაბლობა განაწყენებულ ძმასთან მშვიდობის აღსადგენად?

      6 თუ განაწყენებულ ძმას ვურიგდებით, ეს თავმდაბლობის მაჩვენებელია. თავმდაბალი ქრისტიანი არ ეცდება, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ეს არასასიამოვნო ვითარებას შექმნიდა, როგორც ეს ერთ დროს კორინთელ ქრისტიანებს შორის მოხდა. მათ პავლე მოციქულმა შემდეგი დამაფიქრებელი რჩევა მისცა: „ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?“ (1 კორ. 6:7)

      7 იესოს არ უთქვამს, რომ ძმასთან იმ მიზნით მივსულიყავით, რომ გაგვემტყუნებინა, ჩვენი თავი კი გაგვემართლებინა. მთავარი მიზანი მასთან მშვიდობის აღდგენა უნდა ყოფილიყო. თუ გვინდა, რომ ძმას შევურიგდეთ, გულახდილად უნდა ვუთხრათ, რას ვგრძნობთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გული ვატკინეთ. თუ შეცდომა დავუშვით, რასაკვირველია, თავმდაბლად უნდა მოვიხადოთ ბოდიში.

      „თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს“

      8. რას გაუსვა იესომ ხაზი ზემოთ მოყვანილი სიტყვებით?

      8 მთაზე ქადაგების დროს იესო ზნეობის საკითხსაც შეეხო. მან იცოდა, რომ არასრულყოფილ სხეულს შეეძლო ადამიანის დაღუპვა. ამიტომ თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში“ (მათ. 5:29, 30).

      9. როგორ შეიძლება „თვალმა“ ან „ხელმა“ დაგვაბრკოლოს?

      9 „თვალს“ ფოკუსირების უნარი აქვს, ხოლო „ხელით“ ამა თუ იმ საქმეს ვაკეთებთ. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, სხეულის ეს ნაწილები შეიძლება დაბრკოლებად გვექცეს, და „ღმერთთან ერთად“ სიარული შევწყვიტოთ (დაბ. 5:22; 6:9). როცა იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იცდება, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ თუ საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, ამოვითხაროთ თვალი ან მოვიკვეთოთ ხელი.

      10, 11. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თვალი ავარიდოთ უზნეობას?

      10 როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თვალი ავარიდოთ უზნეობას? „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს, — ამბობდა ღვთისმოშიში იობი. — და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობ. 31:1). იობი დაქორწინებული იყო, მას კარგად ესმოდა, რომ არ უნდა დაერღვია ღვთის ზნეობრივი ნორმები. იმის მიუხედავად, დაქორწინებულები ვართ თუ არა, ამ საკითხზე ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. უზნეობას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ ღვთის წმინდა სულით ვიხელმძღვანელებთ, წმინდა სული კი ღვთის მოყვარულებს თავშეკავების უნარს გამოამუშავებინებს (გალ. 5:22—25).

      11 კარგი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: „ხომ არ იზიდავს ჩემს თვალს ისეთი წიგნები, სატელევიზიო გადაცემები ან ინტერნეტ-საიტები, რომლებიც ჩემში უხამს სურვილებს გააღვიძებს?“ არ უნდა დაგვავიწყდეს მოწაფე იაკობის სიტყვები: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:14, 15). თუ ქრისტიანი ვნებიანად „უყურებს“ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, მან, ასე ვთქვათ, თვალი უნდა ამოითხაროს და გადააგდოს (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28 ).

      12. პავლეს რომელი რჩევა დაგვეხმარება უზნეო, ხორციელი სურვილების წინააღმდეგ ბრძოლაში?

      12 თუ „ხელებს ვაფათურებთ“, შეიძლება იეჰოვას ზნეობრივი ნორმები დავარღვიოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ პავლეს რჩევა: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლ. 3:5). სიტყვა „ჩაკალით“ ნიშნავს, რომ მთელი ძალით შევეწინააღმდეგოთ უზნეო, ხორციელ სურვილებს.

      13, 14. რატომ უნდა მოვერიდოთ უზნეო ფიქრებსა და საქციელს?

      13 ადამიანი შეიძლება რომელიმე კიდურის ამპუტაციაზეც კი დათანხმდეს, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ იმ გაგებით უნდა „გადავაგდოთ“ თვალი თუ ხელი, რომ არ ვიფიქროთ უზნეობაზე და, შესაბამისად, მოვერიდოთ ასეთ საქციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იეჰოვას კეთილგანწყობას დავკარგავთ. გეენის სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაღწევთ თავს, თუ გონებრივად, ზნეობრივად და სულიერად სუფთები დავრჩებით.

      14 რადგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მივიღეთ, ადვილი არ არის ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი“, — თქვა პავლემ (1 კორ. 9:27). ყოველთვის გავითვალისწინოთ ზნეობის საკითხთან დაკავშირებული იესოს რჩევა და არასდროს მოვიქცეთ ისე, რომ მისი გამოსასყიდისადმი უპატივცემულობა გამოვავლინოთ (მათ. 20:28; ებრ. 6:4—6).

      „გაეცით“

      15, 16. ა) გაცემის რა მაგალითი მოგვცა იესომ? ბ) რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომლებსაც ლუკას 6:38-ში ვკითხულობთ?

      15 იესოს გამონათქვამები და მისი უბადლო მაგალითი გვეხმარება, რომ ჩვენც გვქონდეს გაცემის სული. მან ენით აუწერელი ხელგაშლილობა გამოავლინა, როცა დედამიწაზე მოვიდა არასრულყოფილი ადამიანების სახსნელად (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:9). იესომ თავისი ნებით დატოვა ზეციერი დიდება, რათა ადამიანის მსგავსი გამხდარიყო და თავი გაეწირა ცოდვილი ხალხისთვის, რომელთაგანაც ზოგი მოგვიანებით მისი თანამმართველი გახდებოდა ზეცაში (რომ. 8:16, 17). იესო, რასაკვირველია, სხვებსაც მოუწოდებდა ხელგაშლილობისკენ:

      16 „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38). „უბეში ჩაყრა“ ძველი ჩვეულება იყო. მაგალითად, ზოგი გამყიდველი მყიდველს უბეში უყრიდა პროდუქტს. თუ გაჭირვებულს დახმარების ხელს გავუწვდით, როცა ჩვენც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, შეიძლება უკან დაგვიბრუნდეს „კარგი საწყაო“ (ეკლ. 11:2).

      17. როგორ მოგვცა იეჰოვამ გაცემის საუკეთესო მაგალითი და რის გაცემას მოაქვს ჩვენთვის სიხარული?

      17 იეჰოვას უყვარს სიხარულით გამცემნი და აკურთხებს მათ. ამის საუკეთესო მაგალითი მან თავად მოგვცა, როცა თავისი „მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). პავლემ დაწერა: „ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:6, 7). როცა ჩვენს დროს, ენერგიას და სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად არ ვზოგავთ, ამას სიხარული და კურთხევები მოაქვს (წაიკითხეთ იგავების 19:17; ლუკას 16:9).

      „ნუ გაახმაურებ“

      18. რა შემთხვევაში ‘ვერ მივიღებთ საზღაურს’ ჩვენი ზეციერი მამისგან?

      18 „ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად, თორემ თქვენი ზეციერი მამისგან საზღაურს ვერ მიიღებთ“ (მათ. 6:1). „სიმართლეში“ იესო ღვთის ნების თანახმად მოქმედებას გულისხმობდა. მას ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ ღვთისმოსაწონი საქმეები სხვების დასანახავად არ გაგვეკეთებინა, რადგან მოწაფეებს უთხრა, რომ ‘მათ სინათლეს ენათებინა ადამიანთა წინაშე’ (მათ. 5:14—16). მაგრამ ჩვენი ზეციერი მამისგან ‘ვერ მივიღებთ საზღაურს’, თუ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვებმა დაგვინახონ და შეგვაქონ, როგორც ამას მსახიობი აკეთებს სცენაზე. თუ ასეთი მოტივები გვაქვს, ვერც იეჰოვასთან გვექნება კარგი ურთიერთობა და ვერც კურთხევებს მივიღებთ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს.

      19, 20. ა) რას ნიშნავს, არ გავახმაუროთ, თუ მოწყალებას გავცემთ? ბ) რას ნიშნავს, არ იცოდეს ჩვენმა მარცხენამ, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა?

      19 თუ სწორი მოტივები გვაქვს, არ გაგვიჭირდება იესოს შემდეგი მითითების გათვალისწინება: „მაშ, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ, როგორც თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ (მათ. 6:2). „მოწყალების“ გაღება ნიშნავს გაჭირვებულისთვის ფულადი თუ სხვა სახის დახმარების აღმოჩენას (წაიკითხეთ ესაიას 58:6, 7). იესოს და მის მოციქულებს ჰქონდათ სპეციალური ყულაბა, რომელშიც ღარიბების დასახმარებლად ფულს აგროვებდნენ (იოან. 12:5—8; 13:29). თუ რამეს გავცემთ, ეს იუდეველი ფარისევლების მსგავსად არ უნდა გავახმაუროთ. იესომ მათ თვალთმაქცები უწოდა, რადგან ისინი სხვების დასანახავად გასცემდნენ „სინაგოგებსა და ქუჩებში“. ასეთი თვალთმაქცები ‘უკვე სრულად იღებდნენ თავიანთ საზღაურს’. მათი ჯილდო მხოლოდ ხალხისგან აღიარება და, შესაძლოა, სინაგოგებში გამოჩენილი რაბინების გვერდით წინა ადგილებზე ჯდომა იყო, იეჰოვასგან კი ვერაფერს მიიღებდნენ (მათ. 23:6). როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მოწაფეები? ის, რაც იესომ მათ უთხრა, ჩვენც გვეხება:

      20 „შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული იყოს, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:3, 4). როცა რამეს ვაკეთებთ, ჩვეულებრივ, ამას ორივე ხელს ვახმართ. თუმცა, იესოს სიტყვები, რომ ჩვენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა, იმას ნიშნავს, რომ არ გავახმაუროთ, თუ ვინმეს დახმარების ხელი გავუწოდეთ, მათთანაც კი, ვინც ისევე ახლოა ჩვენთან, როგორც მარჯვენა ხელი მარცხენასთან.

      21. რას ნიშნავს, რომ იეჰოვა ‘ხედავს დაფარულს და მოგვიზღავს’?

      21 თუ არ ვიტრაბახებთ, რომ ვინმეს სიკეთე გავუკეთეთ, ჩვენ მიერ გაღებული ‘მოწყალება’ დაფარული იქნება, ჩვენი ზეციერი მამა კი, ‘რომელიც ხედავს დაფარულს, მოგვიზღავს’. ჩვენი ზეციერი მამა ზეცაშია და ადამიანთათვის უხილავია, ამ გაგებით არის ის ჩვენთვის ‘დაფარული’ (იოან. 1:18). თუ ‘ჩვენი მოწყალება დაფარული’ იქნება, იეჰოვა იმ გაგებით მოგვიზღავს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვექნება, გვაპატიებს ცოდვებს და, საბოლოოდ, მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს (იგავ. 3:32; იოან. 17:3; ეფეს. 1:7). რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადამიანებისგან დიდების მიღება.

      დააფასე იესოს გამონათქვამები

      22, 23. რატომ უნდა დავაფასოთ იესოს გამონათქვამები?

      22 როგორც დავინახეთ, მთაზე ქადაგება სავსეა უამრავი „ძვირფასეულობით“. უდავოა, რომ იესოს მიერ წარმოთქმულ ძვირფას აზრებს ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაშიც კი მოაქვს ჩვენთვის სიხარული. ბედნიერები ვიქნებით, თუ დავაფასებთ იესოს ამ გამონათქვამებს და მათ თანახმად შევიცვლით აზროვნებასა და ცხოვრების წესს.

      23 ყველას, ‘ვინც ისმენს და ასრულებს’ იესოს სიტყვებს, კურთხევები არ მოაკლდება (წაიკითხეთ მათეს 7:24, 25 ). ამიტომ, ყურად ვიღოთ იესოს რჩევები. იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ სხვა გამონათქვამებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

  • ლოცულობ ისე, როგორც იესომ გასწავლა?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 თებერვალი
    • ლოცულობ ისე, როგორც იესომ გასწავლა?

      „როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათ. 7:28).

      1, 2. რატომ განაცვიფრა ხალხი იმან, თუ როგორ ასწავლიდა იესო?

      ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს სიტყვები და ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მისი სწავლების მეთოდი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების სწავლების მეთოდებისგან. ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა იესო მთაზე ქადაგებისას (წაიკითხეთ მათეს 7:28, 29).

      2 იეჰოვას ძე არ ასწავლიდა მწიგნობრების მსგავსად, რომლებიც თავიანთ სწავლებას არასრულყოფილი ადამიანების მოძღვრებაზე აფუძნებდნენ. იესო ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე“, რადგან ის ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა (იოან. 12:50). ახლა ვნახოთ კიდევ რა თქვა იესომ მთაზე ქადაგების დროს და როგორ უნდა იმოქმედოს მისმა გამონათქვამებმა ჩვენს ლოცვებზე.

      არასოდეს ილოცო ფარისევლების მსგავსად

      3. რა თქვა იესომ ლოცვის შესახებ?

      3 ლოცვა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ რეგულარულად უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით. თუმცა ლოცვის დროს უნდა გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები, რომლებიც მან მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა: „როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ (მათ. 6:5).

      4—6. ა) რატომ უყვარდათ ფარისევლებს ‘სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში ლოცვა’? ბ) როგორ მიიღეს მათ „სრულად . . . თავიანთი საზღაური“?

      4 ლოცვის დროს იესოს მოწაფეებს არ უნდა მიებაძათ ისეთი „თვალთმაქცებისთვის“, როგორებიც თავდაჯერებული ფარისევლები იყვნენ, რომლებიც ხალხს ღვთისმოსავებად აჩვენებდნენ თავს (მათ. 23:13—32). ამ თვალთმაქცებს ‘უყვარდათ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში ლოცვა’, რასაც „სხვების დასანახავად“ აკეთებდნენ. პირველ საუკუნეში იუდეველები, ჩვეულებისამებრ, დასაწვავი შესაწირავის აღვლენის დროს მთელი კრებულის სახელით ლოცულობდნენ ტაძარში (ეს ხდებოდა დაახლოებით დილის ცხრა საათზე და ნაშუადღევს სამ საათზე). იერუსალიმის მცხოვრებნი ერთად იკრიბებოდნენ ტაძრის ეზოებში და ლოცულობდნენ. ისინი კი, ვინც იერუსალიმში არ ცხოვრობდნენ, ხშირ შემთხვევაში დღეში ორჯერ სინაგოგებში ლოცულობდნენ (შეადარეთ ლუკას 18:11, 13).

      5 რადგან იუდეველთა უმეტესობა ისეთ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც არც ტაძარი იყო და არც სინაგოგა, იქ ლოცულობდნენ, სადაც მოუხერხდებოდათ. ზოგი ცდილობდა, რომ ლოცვის დროს ‘მთავარი ქუჩების კუთხეებში დამდგარიყვნენ’, რათა გამვლელებს დაენახათ. ეს თვალთმაქცები ‘მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობდნენ’, სხვების თვალში რომ ამაღლებულიყვნენ (ლუკ. 20:47). ჩვენ არ უნდა მივბაძოთ ასეთ თვალთმაქცებს.

      6 იესომ პირდაპირ თქვა, რომ მათ „სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“. ისინი ადამიანთაგან ეძებდნენ დიდებას და ეს ერთადერთი საზღაური იყო, რაც მიიღეს, რადგან იეჰოვა არ პასუხობდა მათ თვალთმაქცურ ლოცვებს. მათგან განსხვავებით, იეჰოვა იესოს მიმდევრების ლოცვებს პასუხობდა, როგორც ეს იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს.

      7. რა იგულისხმა იესომ, როცა მოწაფეებს უთხრა, რომ თავიანთ ოთახში ელოცათ?

      7 „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:6). როცა იესო თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, ჩაკეტილ კარს მიღმა ელოცათ, არ გულისხმობდა, რომ მათ არ უნდა ელოცათ კრების სახელით. თუმცა იმ მიზნით არ უნდა წარმოეთქვათ ლოცვა, რომ სხვებისგან დიდება მიეღოთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს, როცა ღვთის ხალხის სახელით ვლოცულობთ. ახლა, ყურადღება მივაქციოთ იესოს კიდევ ერთ გაფრთხილებას.

      8. მათეს 6:7-ის თანახმად, რას უნდა მოვერიდოთ ლოცვის დროს?

      8 „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათ. 6:7). ამით იესომ მოწაფეებს დაანახვა, კიდევ როგორი ლოცვა არ მოეწონებოდა ღმერთს. თუმცა ამ სიტყვებში იესოს არ უგულისხმია, რომ ლოცვის დროს არ შეიძლებოდა მოწაფეებს დაჟინებით ეთხოვათ რაღაც ან არაერთხელ გამოეთქვათ მადლიერების სიტყვები. სიკვდილის წინა ღამეს იესო გეთსემანეს ბაღში ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა ლოცვისას (მარ. 14:32—39).

      9, 10. რატომ არ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე ლოცვაში?

      9 არასწორი იქნებოდა, თუ „უცხოტომელებივით“ ლოცვისას ერთსა და იმავეს გავიმეორებდით. ისინი გაზეპირებულ ფრაზებს გაუთავებლად იმეორებდნენ და ბევრ არასაჭირო სიტყვასაც იყენებდნენ. ბაალის თაყვანისმცემლებიც ასეთი გაზეპირებული ლოცვებით ამაოდ მოუხმობდნენ თავიანთ ცრუ ღმერთს. ისინი «დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“» (1 მეფ. 18:26). დღეს მილიონობით ადამიანი ფიქრობს, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო „შესმენილ იქნებიან“. თუმცა იესო გვეუბნება, რომ ლოცვის დროს მრავალსიტყვაობა და გაუთავებლად ერთი და იმავეს გამეორება იეჰოვასთვის არაფრის მთქმელია.

      10 შემდეგ იესო ამბობს: „ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათ. 6:8). ბევრი იუდეველი რელიგიური წინამძღოლი ლოცვის დროს უცხოტომელებივით მრავალსიტყვაობდა. თუ ქრისტიანი გულწრფელია, ლოცვისას განადიდებს ღმერთს, მადლიერებას გამოხატავს მის მიმართ და თხოვნით მიმართავს, რაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია (ფილ. 4:6). არასწორი იქნებოდა, თუ ლოცვაში ყოველთვის ერთსა და იმავეს გავიმეორებდით, თითქოს ღმერთს ავიწყდებოდეს ის, რასაც ვთხოვთ. ლოცვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ პიროვნებას მივმართავთ, რომელმაც ‘მანამდე იცის, რა გვჭირდება, სანამ ვთხოვთ’.

      11. რა უნდა გვახსოვდეს, თუ ლოცვის სახალხოდ წარმოთქმის პატივი გვხვდა წილად?

      11 როგორც იესოს სიტყვებიდან დავინახეთ, ღმერთზე შთაბეჭდილებას არ ახდენს მაღალფარდოვანი და არაფრის მთქმელი სიტყვები. ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სახალხოდ იმ მიზნით არ უნდა წარმოვთქვათ ლოცვები, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთ მსმენელებზე და ჩვენი ლოცვა არც ისეთი გრძელი უნდა იყოს, რომ მოსმენის ნაცვლად მსმენელი დაიქანცოს „ამინ“-ის თქმის მოლოდინში. ლოცვის დროს მსმენელისთვის რჩევის მიცემა ან განცხადების გაკეთება იმ სიტყვების საპირისპირო იქნებოდა, რაც იესომ მთაზე ქადაგების დროს თავის მიმდევრებს ასწავლა.

      იესო გვასწავლის, როგორ ვილოცოთ

      12. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ღმერთს, ‘განწმინდოს თავისი სახელი’?

      12 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, როგორ ელოცათ (წაიკითხეთ მათეს 6:9—13). მაგრამ მისი სიტყვები არ უნდა დავიზეპიროთ და ვიმეოროთ. ეს არის ლოცვის ნიმუში, რომლის მიხედვითაც უნდა ვილოცოთ. იესო თავდაპირველად ღმერთს მიმართავს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). იეჰოვას ისე უნდა მივმართოთ, როგორც ‘ჩვენს მამას’, რადგან ის არის ჩვენი შემოქმედი, რომელიც მკვიდრობს ზეცაში (კან. 32:6; 2 მატ. 6:21; საქ. 17:24, 28). რადგან იესომ მრავლობითი რიცხვი გამოიყენა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთთან ჩვენს თანამორწმუნეებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ. როცა ღმერთს ვთხოვთ, ‘განწმინდოს თავისი სახელი’, ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ შეურაცხყოფისგან განწმინდოს თავისი სახელი. ამ ლოცვის საპასუხოდ იეჰოვა მოსპობს ბოროტებას დედამიწაზე და ამგვარად განწმენდს თავის სახელს (ეზეკ. 36:23).

      13. ა) როგორ შესრულდება თხოვნა „მოვიდეს შენი სამეფო“? ბ) როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე?

      13 „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:10). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სამეფოთი“ წარმოდგენილია მესიანური ხელისუფლება. ხელისუფალნი კი არიან ქრისტე და „უზენაესის წმინდები“, მკვდრეთით აღმდგარი ცხებული ქრისტიანები (დან. 7:13, 14, 18; ეს. 9:6, 7). როცა ვლოცულობთ, რომ „მოვიდეს“ ღვთის სამეფო, ღმერთს ვთხოვთ, რომ ყველა თავისი მოწინააღმდეგე გაანადგუროს დედამიწაზე. ეს მართლაც მოხდება მალე, როცა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და მასზე სიმართლე, მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს (ფსალმ. 72:1—15; დან. 2:44; 2 პეტ. 3:13). იეჰოვას ნება ზეცაში უკვე შესრულდა, ამიტომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მისი განზრახვა დედამიწაზეც შესრულდეს და გაანადგუროს ყველა თავისი მოწინააღმდეგე, როგორც ეს წარსულში გააკეთა (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:1, 2, 13—18).

      14. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“?

      14 „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათ. 6:11; ლუკ. 11:3). ამ სიტყვებით ღმერთს ვთხოვთ, რომ თითოეული დღისთვის სამყოფი პური მოგვცეს. ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. ამით ჩვენ ზედმეტს კი არა, აუცილებელს ვითხოვთ. იესოს ეს სიტყვები გვახსენებს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ მითითებას, რომ დღის განმავლობაში ‘თითოეულს თავისი სამყოფი პური [მანანა] შეეგროვებინა’ (გამ. 16:4).

      15. ახსენი, რა ნიშნავს „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“.

      15 შემდეგ იესო ყურადღებას ამახვილებს ისეთ რამეზე, რაც აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ღმერთს: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათ. 6:12). ლუკას სახარებიდან ჩანს, რომ „ვალებში“ იგულისხმება „ცოდვები“ (ლუკ. 11:4). იეჰოვასგან პატიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ჩვენც ვაპატიებთ სხვებს (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15). როცა სხვებს ვპატიობთ, ეს მთელი გულით უნდა გავაკეთოთ (ეფეს. 4:32; კოლ. 3:13).

      16. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“?

      16 „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). რა კავშირია ამ ორ თხოვნას შორის? ერთი რამ ცხადია: იეჰოვას არასდროს ‘შევყავართ ცდუნებაში’ (წაიკითხეთ იაკობის 1:13). სინამდვილეში „მაცდური“ სატანაა, „ბოროტი“ არსება (მათ. 4:3). თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი უშვებს იმას, რომ „ბოროტმა“ გამოგვცადოს (რუთ. 1:20, 21; ეკლ. 11:5). ამიტომ, როცა ვთხოვთ ღმერთს, ‘არ შეგვიყვანოს ცდუნებაში’, იეჰოვა ყოველმხრივ გვეხმარება, რომ მისი ერთგულები დავრჩეთ; ხოლო, როცა ვთხოვთ, ‘გვიხსნას ბოროტისგან’, იეჰოვა არ აძლევს სატანას იმის უფლებას, რომ გვძლიოს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ‘არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება’ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13 ).

      ‘ითხოვეთ, ეძებეთ, აკაკუნეთ’

      17, 18. რას ნიშნავს ‘ითხოვეთ, ეძებეთ და აკაკუნეთ’?

      17 პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „გამუდმებით ილოცეთ“ (რომ. 12:12). იესომაც იგივე მითითება მისცა მოწაფეებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათ. 7:7, 8). გონივრულია, თუ იმას ‘ვითხოვთ’, რაც ღვთის ნებას შეესაბამება. იესოს სიტყვებზე დაყრდნობით მოციქული იოანე წერდა: „დარწმუნებული ვართ მასში [ღმერთში], რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14).

      18 იესო გვირჩევს, რომ ‘ვითხოვოთ და ვეძებოთ’, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჟინებით ვილოცოთ და არ შევწყვიტოთ ლოცვა. აგრეთვე აუცილებელია, რომ ‘ვაკაკუნოთ’, რათა მოგვეცეს ღვთის სამეფოში შესვლის უფლება და გავიხაროთ იმ კურთხევებით, რომელსაც ეს სამეფო მოგვიტანს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვებს? ეს ასე იქნება, თუ იეჰოვას ერთგულები ვიქნებით, რადგან იესო ამბობს: „ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“. იეჰოვას არაერთი მსახურის შემთხვევა აჩვენებს, რომ ღმერთი ნამდვილად ‘ლოცვების მომსმენია’ (ფსალმ. 65:2).

      19, 20. მათეს 7:9—11-ის თანახმად, რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა?

      19 იესომ ღმერთი მოსიყვარულე მამას შეადარა, რომელიც ყოველმხრივ ზრუნავს თავის შვილებზე. წარმოიდგინე, რომ შენც მათ შორის ხარ, ვინც იესოს უსმენს მთაზე ქადაგების დროს და გესმის, რას ამბობს იგი: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათ. 7:9—11).

      20 იესომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო მამებს „ბოროტები“ უწოდა, თუმცა მათ უყვართ თავიანთი შვილები. ისინი შვილებს კი არ ატყუებენ, არამედ ცდილობენ, მისცენ ის, „რაც კარგია“. ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა გვაძლევს „იმას, რაც კარგია“, წმინდა სულს (ლუკ. 11:13). ღვთის წმინდა სული გვაძლევს ძალებს, რომ ისე ვიმსახუროთ, როგორც იეჰოვას, „ყოველი კარგი ძღვენისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვრის“ მბოძებელს, მოეწონება (იაკ. 1:17).

      ყოველთვის გახსოვდეს იესოს გამონათქვამები

      21, 22. რატომ არის შეუდარებელი მთაზე ქადაგება, და რას ფიქრობ იესოს ამ გამონათქვამებზე?

      21 მთაზე ქადაგება მართლაც შეუდარებელია, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს ქადაგება იმით გამოირჩევა, რომ გვაცნობს ღმერთს და მის სიწმინდეს. როგორც ამ სტატიათა სერიიდან დავინახეთ, დიდ კურთხევებს მივიღებთ, თუ ყურად ვიღებთ იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ რჩევებს. ამის წყალობით დღესვე შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და ბედნიერი მომავლის იმედი გვექნება.

      22 ამ სტატიებში იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმული მხოლოდ რამდენიმე ძვირფასი გამონათქვამი განვიხილეთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველა, ვინც იესოს სიტყვები მოისმინა, „განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ იგი (მათ. 7:28). ჩვენზეც უეჭველად იმოქმედებს დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს ეს და კიდევ სხვა ძვირფასი გამონათქვამები, თუ ღრმად გავაანალიზებთ და გავითავისებთ მათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება